სქიზმა - განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ეკლესიაში. ამ ტერმინით უმთვარესად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილება აღინიშნება. მაგალითად, სქიზმა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ან განხეთქილებები კათოლიკურ ეკლესიაში, რამაც ანტიპაპიზმი წარმოშვა. განხეთქილებაში მყოფ ქრისტიან თანამორწმუნეთა ჯგუფს სქიზმატებს უწოდებენ. კათოლიკეები ასეთებად მიიჩნევენ მართლმადიდებლებს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, კათოლიკეები ერეტიკოსებად უნდა ჩათვალონ თუ სქიზმაში მყოფებად.
სქიზმა კათოლიკე ეკლესიაში. სხვადასხვა დროს პაპის სავარძელი შეიძლებოდა ერთდროულად რამდენიმე პაპს დაეკავებინა, რომლებსაც სხვადასხვა წარჩინებულები უჭერდნენ მხარს სასულიერო თუ საერო ფენებიდან. ასეთ მდგომარეობასაც სქიზმას უწოდებდნენ, ოღონდ უფრო ვიწრო, კათოლიკე ეკლესიასთან დაკავშირებული, მნიშვნელობით.
1378 წელს დაიწყო დასავლეთის დიდი სქიზმა. არჩეულ იქნა ორი პაპი - იტალიელი ურბან მეექვსე, რომელიც რომში დამკვიდრდა და კლიმენტ მეშვიდე, რომელიც თავიდან ნეაპოლში გაიხიზნა, შემდეგ კი ავინიონში დაბრუნდა. 1529 წელს პაპმა კლიმენტ მეშვიდემ უკანონოდ გამოაცხადა ჰენრი მერვეს ქორწინება ეკატერინე არაგონელთან. ამის გამო ჰენრი მერვემ გაწყვიტა კავშირი პაპთან. შეიქმნა ახალი დამოუკიდებელი ანგლიკანური ეკლესია. 1870 წელს ძველკათოლიკეებმა არ მიიღეს ვატიკანის პირველი კრების გადაწყვეტილებები, 1962-65 წლებში ტრადიციონალისტ-კათოლიკეთა ნაწილმა (პიუს მეათის წმინდა საძმო) არ მიიღო ვატიკანის მეორე კრების გადაწყვეტილებები.
სქიზმა მართლმადიდებელ ეკლესიაში. ე.წ. მართლმადიდებელი ქვეყნების ეკლესიები, ჩვეულებრივ, ავტოკეფალურია, მაგრამ იმათაც, ვინც არაა ავტოკეფალური და დამოუკიდებლობა სურს, ამის შესაძლებლობა, საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად, მოეპოვება. თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური თუ რელიგიური მიზეზის გამო ავტოკეფალიის აღიარება უკიდურესად გართულებულია ხოლმე. მაგალითად, უკრაინის თვითაღიარებული საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია წლებია, მოსკოვის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის მიღებას ითხოვს, რასაც მხარს უჭერს კონსტანინოპოლი და ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო (ასეთია აგრეთვე ბელორუსის, ჩერნოგორიისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიები). ამგვარი ვითარება, ჩვეულებრივ, ეკლესიების დაპირისპირების მიზეზი ხდება და მათ შორის ევქარისტიული კავშირი წყდება. ადგილობრივი უღიარებელი ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ ქვეყნის საპატრიარქოსთან თანაზიარების შეწყვეტას, როგორც წესი, დანარჩენ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაც მოჰყვება.
აზრთა და პრინციპთა სხვადასხვაობას ადგილი აქვს საღვთისმსახურო პრაქტიკასა და სახელმწიფოსთან, თუ განსხვავებულ კონფესიებთან ურთიერთობის საკითხშიც. 1051 წლის შემდეგ ამ მოტივების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში პირველი სერიოზული განხეთქილება 1652-1666 წლებში მოხდა. პატრიარქ ნიკონის ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი ჩაასწორეს, რაც მორწმუნეთა ნაწილმა ერესად გამოაცხადა და კავშირი გაწყვიტა მოსკოვის ეკლესიასთან. განხეთქილების შედეგად წარმოიშვა სტაროობრიადცების ეკლესია, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე ნიკონის ეკლესიას უწოდებს. სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებშიც მოხდა სქიზმები. მსოფლიოში დღეს ათეულობით დამოუკიდებელი მართლმადიდებლური სინოდია. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზის გამო დაუპირისპირდნენ ამა თუ იმ ეკლესიას სქიზმატური ეკლესიები შექმნეს. ამგვარი სქიზმა ზოგჯერ კალენდარული ცვლილებების, ზოგჯერ ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობის, ზოგჯერ კი კომუნისტურ რეჟიმთან ეკლესიის ლოიალური დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ განხორციელდა. ავტოკეფალურ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას ბუნებრივად მოსდევს ხოლმე თხუთმეტივე მართლმადიდებლური ავტოკეფალიისგან გამიჯვნაც. ბოლო პერიოდში საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან განდგომილი რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია ჩამოყალიბდა.
ძველმართლმადიდებლები
ანტირეფორმატორული მიმდინარეობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეთნოგრაფიული ჯგუფი რუს ხალხში წარმოიშვა XVII საუკუნის შუა წლებში; დამაარსებლები: სპირიდონ პოტიომკინი, პროტოპოპი ამბაკუმი, ეპ. პავლე კოლომნელი, ბერი აბრაამი, დიაკონი ფიოდორი და სხვანი; საფუძველი - ძველი წეს-ჩვეულებებისა და რჯულმოძღვრებისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა. ცნობილია სხვა სახელითაც: „სტაროვერები“ (ძველმორწმუნეები), „სტაროობრიადცები“ (ძველმოწესეები), „რასკოლნიკები“ (სქიზმატები).
ახასიათებს მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინი, მეტწილად - კონკრეტულ თარიღზე მინიშნებით. დაგმო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ როგორც „რასკოლი“ (სქიზმა). მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს, შესაბამისად, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებსაც, მასთან ევქარისტიული კავშირი დღემდე გაწყვეტილი აქვთ და მისი იერარქიის მადლმოსილებას არ აღიარებენ.
ძირითადად რუსეთში სახლობენ, მაგრამ მათი მცირერიცხოვანი ეკლესიები თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება, არიან საქართველოშიც.
ძველმართლმადიდებლების საერთო რიცხვი 2 მილიონს აღემატება.
ისტორია
XVI-XVII საუკუნეების რუსულ საზოგადოებაში მესიანისტური იდეები გამოიკვეთა. ფართო ასპარეზი მიეცა რწმენას, რომ რუსეთის სამეფო მსოფლიო მართლმადიდებლობის ბურჯია. მიაჩნდათ, რომ მართლმადიდებლობა ყველაზე წმინდად და შეუცვლელად რუსეთის მიწაზეა დაცული. საბერძნეთში, უკრაინაბელორუსსა და სხვაგან, ყველგან კათოლიკეებისა და პროტესტანტების გავლენის გამო იგი შეირყვნა. ამიტომ გვმართებს, რომ თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ მოსკოვის საეკლესიო წესებს, მის წიგნებს და წესგანგებათა კოდექსს, დავიცვათ არამართლმადიდებლური გავლენისაგან, მაგრამ იზოლაციისაკენ ასეთი მისწრაფება წინააღმდეგობაში აღმოჩნდა სახელმწიფოსა და ეკლესიის უმაღლესი იერარქიის პოლიტიკასთან, კერძოდ, მეფე ალექსეი მიხეილის ძისა და პატრიარქ ნიკონის პოზიციებთან. ისინი თავს ბიზანტიისა და კონსტანტინოპოლის მემკვიდრეებად მოიაზრებდნენ, მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი ყოველი მართლმადიდებლის მფარველი და პატრონია. შესაბამისი პროგრამა, მათ შორის კონსტანტინოპოლის გათავისუფლების გეგმა, ამ ქვეყნის საერო და საეკლესიო ხელისუფლებს აიძულებდა, რომ რუსეთის ეკლესიის პრაქტიკა სხვა მართლმადიდებელი ხალხებისა და ეკლესიების რელიგიურ პრაქტიკასთან შეთანხმებაში.
აღნიშნულ ნიადაგზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება (სქიზმა, რასკოლი) 1653 წლიდან დაიწყო. ამ დროს პატრიარქმა ნიკონმა (1652-1666) შემდეგი ოფიციალური განცხადება გააკეთა: ბიბლიის, წმ. მამების თხზულებებისა და ლიტურგიკული წიგნების თარგმანები, შესრულებული ძველ საეკლესიო სლავურზე XXII საუკუნეებში, ჟამთა ვითარების გამო ბერძნულ ორიგინალებს იმდენად დაშორდა, რომ, ზოგ შემთხვევაში, აზრიც დამახინჯდა. იმისათვის, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საღვთისმსახურო წიგნებისა და წესების უნიფიკაცია მოხდეს, საჭიროა დავიწყოთ ხსენებული ლიტერატურის მეცნიერული კორექტირება და მოვახდინოთ ზოგიერთი საეკლესიო წესის რევიზია დახვეწისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. პატრიარქმა არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ამ ტექსტებმა საუკუნეთა მანძილზე თვითკმარი სიწმინდის (ანუ იმისი, რასაც ებრაულად „კოდეში“ ჰქვია) მნიშვნელობა შეიძინეს. ეს იყო მიზეზი, რომ მორწმუნეთა ნაწილმა, პროტოპოპ (იგივე დეკანოზ) ამბაკუმ პეტროვისა და კოლომნის ეპისკოპოს პავლეს ინიციატივით, „ღვთისმოსაობის დამცველთა საზოგადოება“ შექმნეს. მისი აქტიური წევრები იყვნენ, მღვდლები დანიელი, ლაზარე და ლონგინი, დიაკონი ფეოდორ ივანოვი, თავადი ივან ვოროტინსკი და ბევრი სხვა. ნიკონის რეფორმები სიწმინდეთა ხელყოფად (მკრეხელობად) მონათლეს, უწოდეს მას „რწმენის წახდენა“ და ერესი. მეტიც, ეს რეფორმები გააიგივეს აპოკალიფსურ სისაძაგლესთან, რომელიც უკანასკნელი ჟამის მომასწავებელია. ამის მიუხედავად, აღნიშნული რეფორმები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ 1666-1667 წლებში მოიწონა, თუმცა მათი ინიციატორი ნიკონი ამავე კრებამ სხვა, პოლიტიკური, მოტივით (სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნის სურვილის გამოვლენის გამო) გაასამართლეს და დასაჯეს. ეკლესიის მართვის სადავეები რეალურად მეფე ალექსი მიხეილის ძის ხელში აღმოჩნდა. ამდენად, „ღვთისმოსაობის დამცველები“ დაუპირისპირდნენ როგორც სამეფო კარს, ისე ოფიციალურ ეკლესიას. ცნობილია მოსკოველი, სოლოვეცელი, დონელი „ძველმორწმუნეების“ აჯანყებები.
ზემოხსენებულ კრებაზე პოლემიკამ უმძაფრესი ხასიათი მიიღო. ანტირეფორმატორები საკმარის წიგნიერებას, არგუმენტებში სიმყარეს და რწმენაში სიმტკიცეს იჩენდნენ. ამბაკუმი ღრმად განათლებული პიროვნება და მხატვრული სიტყვის ჯადოქარი იყო. იგი რუსული ენის ერთ-ერთ რეფორმატორადაა აღიარებული. მან მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელშიც გამორჩეული ადგილი ავტობიოგრაფიულ მოთხრობას უჭირავს, მიმართულს „ნიკონური ერესის“ წინააღმდეგ (თარგმნილია ქართულად - „ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა“: თბ., 1987). 1) Житие протопопа Аввакума, им самим написанное 2) Житие протопопа Аввакума (Анализ текста)
კონსერვატორ-ფუნდამენტალისტები, ქარიზმატულ და საკუთარ რწმენაში მყარად მდგომ ლიდერებთან ერთად, მეორედ მოსვლას ელოდნენ. ისინი ამბობდნენ: „რამაც ჩვენამდე მოაღწია, უკუნითი უკუნისამდე უცვლელად უნდა დარჩეს. ესაა მართლმადიდებლობა და მის გარეშე მე სიცოცხლე არ მსურს!“ თვითგანადგურება გადარჩენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად გამოცხადდა, რის გამოც ზოგი თავს იმარხავდა, ზოგი თავს იწვავდა, ზოგიც შორეული ციმბირის უღრან და მიუვალ ტყეებში, კეჟერნსა და ბრიანში, გარბოდა, იქ სახლდებოდა და გარესამყაროსთან, „ანტიქრისტეს სამეფოსთან“, ყოველგვარ კავშირს წყვეტდა.
დაიწყო სტაროვერების სასტიკი და ულმობელი დევნა: გადასახლება, დაპატიმრება, ენის ამოგლეჯა, ხელის მოკვეთა, სხვადასხვა ფორმით დასახიჩრება, ჩამოხრჩობა და დაწვა. აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ არა მარტო „ერესიარქებს“, არამედ ყველას, ვინც სამი თითით არ გადაიწერდა პირჯვარს. ამბაკუმი, მაგალითად, ჯერ გააციმბირეს, მერე დააბრუნეს და შემორიგება მოინდომეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. 1667 წლის 17 მაისს მან და პატრიარქმა ნიკონმა ერთმანეთს ანათემა გამოუცხადეს, რის შემდეგ იგი კვლავ დააპატიმრეს და 1682 წლის 14 აპრილს ძველმოწესეობის სხვა მგზნებარე დამცველებთან (ლაზარესთან, ეპიფანესა და ფიოდორთან) ერთად დაწვეს, მაგრამ უკვე აზვირთებული ტალღის ამ გზით დაცხრომა ვერ მოხერხდა. მოხდა „რასკოლი“ (განხეთქილება). წარმოიშვა „სტაროვერების“ (იგივე სტაროობრიადცების) ეკლესია, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე ნიკონის ეკლესიას უწოდებს და მადლაყრილად მიიჩნევს, იქ შესრულებულ საეკლესიო წესებს, მაგალითად, ნათლობის საიდუმლოს - ძალადაკარგულად.
სტაროობრიადცებმა კანონიკური და ორგანიზაციული ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს. ისინი მალე დაიქსაქსნენ „ბეზპოპოვცებად“ და „პოპოვცებად“ ანუ უმღვდლო და მღვდლიან ეკლესიებად. სტაროვერების მხარეზე, საბოლოოდ, არც ერთი ეპისკოპოსი არ აღმოჩნდა (პავლე კოლომნელი 1654 წ. ნოვგოროდში დაწვეს), რის გამოც მღვდლად კურთხევა აღარ ხდებოდა. ძველი მღვდლები გარდაიცვალნენ. სტაროვერების ნაწილმა ეკლესიური ცხოვრების მღვდლის გარეშე წარმართვა შესაძლებლად მიიჩნია. ასე შეიქმნა ბეზპოპოვცების ეკლესია, რომელიც თავის მხრივ, ორ ძირითად დასად (ტოლკად) დაიყო. უთანხმოების საფუძველი ქორწინების საიდუმლოს აღსრულების საკითხი გახდა. ვინაიდან მღვდელთა ხელდასხმა, ეპისკოპოსთა არარსებობის გამო, აღარ ხდებოდა, აღნიშნულ საიდუმლოსაც ვერავინ ასრულებდა. სტაროვერებმა, რომლებიც განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდნენ და ქვეყნის დასასრულს დღე დღეზე ელოდნენ, ქორწინებაზე უარი თქვეს. ესენი არიან „ფილიპოვცები“, რომლებიც, ცხადია, არ მრავლდებოდნენ. მათი რიგების შევსება პროზელიტიზმის ხარჯზე ხდებოდა. ამის გამო ამ დასმა საბჭოთა ეპოქამდე თითქმის ვერ მოაღწია. სხვა დასი („ფედოსევცები“) სამოქალაქო ქორწინებასაც დასაშვებად მიიჩნევდა და ამ წესს „ქორწინების საიდუმლოს სადარ“ აქტად რაცხდა.
სტაროვერების ნაწილი უმღვდლოდ ყოფნას ვერ შეეგუა და ოფიციალური ეკლესიის მღვდლების მოქრთამვა და გადაბირება დაიწყო. 1848 წელს ავსტრიელმა პოპოვცებმა ერთ-ერთი ეპისკოპოსის მიმხრობა შეძლეს და ამ გზით სასულიერო იერარქია აღადგინეს; ჩამოყალიბდა პოპოვცების ეკლესია.
სტაროვერებს (რასკოლნიკებს) სდევნიდა როგორც ოფიციალური ეკლესია, ისე საერო ხელისუფლება. იმ მონასტრებს, რომელთა ბერები ახალი წიგნებისა და წესების მიღებაზე უარს ამბობდნენ, ჯარი ალყაში აქცევდა და პოზიციების დათმობას ამ გზით აიძულებდა. ვინც შეხედულებას არ შეიცვლიდა, მისთვის ხშირად სასჯელის უმაღლესი ზომა (კოცონი და სახრჩობელა) გამოიყენებოდა. ეს დევნა პეტრე Iის ცნობილი რეფორმების პირველ ეტაპზე შენელდა, მაგრამ დისკრიმინაცია ძალაში დარჩა. 1705 წლის დადგენილებით, სტაროვერებს შეეძლოთ ეტარებინათ მოუვლელი წვერი (მათი ერთ-ერთი კონფესიური ნიშანი), თუკი ამისათვის ბაჟს გადაიხდიდნენ, დაწესდა ბეგარა ეკლესიების აშენებისა და ქადაგების უფლების მოპოვებისათვის და ა.შ. სტაროვერების დევნამ პეტრე პირველის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა და იგი მეტნაკლები სიმწვავით 1885 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სტაროვერებს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება მიეცათ და მათი დისკრიმინაცია კანონით აიკრძალა.
რუსეთის სამოქალაქო ომის დროს (1917-1922) სტაროვერების დიდმა ნაწილმა თეთრგვარდიელების მხარე დაიჭირა. დენიკინისა და კოლჩაკის არმიებში მათ საგანგებო პოლკები ჩამოაყალიბეს. ამის გამო მოსალოდნელი იყო, რომ საბჭოთა მთავრობა მათ მიმართ სადამსჯელო ოპერაციებს დაიწყებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ლენინმა, ამასთან ერთად, სტაროვერების მიმხრობის კურსი აიღო. გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ისინი, ძირითადად, ვაჭრები იყვნენ და დიდ ეკონომიკურ ბერკეტებს ფლობდნენ. 1921 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა მოწოდება „სტაროვერებისა და სექტანტებისადმი“, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭოთა ქვეყანაში „არავინ არასდროს დევნილი არ იქნება“. სტაროვერები და „სექტანტები“ ამ აქტს კმაყოფილებით შეხვდნენ, მაგრამ ვითარება მალე რადიკალურად შეიცვალა. სტაროვერობა საბჭოთა ხელისუფლების თვალში კულაკობასთან გაიგივდა და კოლექტივიზაციის დროს სტაროვერების, ისე როგორც ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის, მიმართ რეპრესიების ტალღა დაიძრა. ბევრი სტაროვერი ემიგრაციაში წავიდა, მეტი წილი - რუმინეთსა და ჩინეთში. საბჭოთა კავშირში მათი ეკლესიები და მონასტრები დაიკეტა. მოხდა მათი ქონების კონფისკაცია. ამ დროს ბევრი ძველი ხელნაწერი და ხატი დაიკარგა. მღვდლები და ეპისკოპოსები დაიჭირეს და გაასამართლეს. ისინი, რომლებიც დახვრეტას და ციმბირის ყინვებს გადაურჩნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს გამოუშვეს, რადგან ანტიფაშისტურ კოალიციაში გაერთიანების სურვილი გამოთქვეს. ამდენად, ამ ეკლესიამ რეგისტრაციის უფლება მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვა.
„ბეზპოპოვცები“ თავიდანვე განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. მეფის მთავრობა მათ აციმბირებდა, ანდა ქვეყნის სხვა მიუვალ და დაუსახლებელ ადგილებში აძევებდა. ბევრი თავისი ნებით გარბოდა. ასე აღმოჩნდნენ სტაროვერები, მეტწილად ბეზპოპოვცები, დასავლეთ ევროპაში, ჩინეთში, ამერიკასა და ავსტრალიაშიც ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ თავიანთი ცხოვრება და რელიგიური პრაქტიკა სექტის ყაიდაზე მოეწყოთ ანუ ნახევრად კონსპირაციულად ეცხოვრათ; ჩაკეტილი გეტოები შეექმნათ.
„ბეზპოპოვცების“ რიცხვი დღეს ძალზე მცირეა. სტაროვერების ძირითად ნაწილს „პოპოვცები“ შეადგენენ. ისინი, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფიან: სამიტროპოლიტო და საარქიეპისკოპოსო ეკლესიებად. სამიტროპოლიტო ეკლესიის წევრები კომპაქტურად რუსეთში, უკრაინასა და მოლდავეთში ცხოვრობენ. მათ 150 ეკლესია (სამრევლო) და 3 მონასტერი აქვთ. საარქიეპისკოპოსო ეკლესიის სამრევლოები, ძირითადად, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. მათი რიცხვი 30მდეა.
1897 წლის სტატისტიკით, რუსეთის იმპერიაში 2 240 556 სტაროვერი ცხოვრობდა. ეს რიცხვი დღეისათვის შემცირებულია. ბოლო მონაცემებით, რუსეთში 1 682 264 სტაროვერი ცხოვრობს (ძირითადად პერმის, დონის, სარატოვის, მოსკოვის, ტომსკის, სამარისა და სხვა ოლქებში, განსაკუთრებით, ამურის მხარეში). სტაროვერთა კომპაქტური დასახლებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვხვდება. ყველა სამრევლო რეგისტრირებული არაა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ამ რწმენის აღმსარებელთა რაოდენობა 2 მილიონზე მეტია.
მოძღვრება და პრაქტიკა
ტერმინი „სტაროობრიადცი“ კარგად გამოხატავს ამ მიმდინარეობის ბუნებას - წესებისათვის იმ მნიშვნელობის მინიჭებას, რა მნიშვნელობაც დოგმატს შეჰფერის. სტაროვერობის სპეციფიკური ნიშნებია: ნათლობა წყალში სამგზის შთაფლვით (და არა სხურებით), ბავშვების მონათვლა დაბადებიდან მე7 დღეს; პირჯვრის ორი თითით გადაწერა, ნათლობისას მზის მიმართულებით (და არა მზის საწინააღმდეგოდ) სვლა, ორჯერ „ალილუია“, ფორმის „იისუს“ არმიღება და ძველი ფორმის „ისუს“ დატოვება, რვაბოლოიანი ჯვარი (ოთხბოლოიანის ნაცვლად), თავის მიწამდე დახრით თაყვანისცემა და სხვა. ძველმოწესობის პრინციპი წარმოჩენილია იმ სიტყვაშიც, რომელიც ამბაკუმმა გასამართლების დროს წარმოთქვა: „მაშ ასე, მორწმუნენო, წარმოთქვით ქრისტეს სახელი, დადექით მოსკოვის შუაგულში, ხუთი თითით (!) დაიწერეთ პირჯვარი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ნიშისამებრ, ვითარ გადმოგვეცა წმიდა მამათაგან... ეწამეთ თითების სწორად დაჭერისათვის... რა გამოვა, თუკი შვილები მამისაგან განდგომას მოისურვებენ?“
ძველმართლმადიდებელთა ღვთისმსახურება, ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებების გარდა, დანარჩენი მართლმადიდებლების მსახურებისაგან არ განსხვავდება. ყველა ძველმართლმადიდებელი დღესასწაულებს ძველი სტილით, იულიუსის კალენდრით, აღნიშნავს.
სტაროვერი მამაკაცები წვერს უშვებენ და ულვაშს იყენებენ. აცვიათ (მეტწილად) თეთრი სამოსი. ისეთ ქამრებს ატარებენ, რომელმაც ჭიპი უნდა დაფაროს. ქალები თმას არ იკვეცენ, ატარებენ მანდილს, იცვამენ გრძელ კაბას. ამ რწმენის ხალხი მკაცრად იცავს ზნეობრივ ნორმებს და იმ ადათ-წესებს, რაც, მათი რწმენით, ძველ ეკლესიას ახასიათებდა. ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით - რუსეთის სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში ძველმოწესეები თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ.
ძველმართლმადიდებლები საქართველოში
დევნილობის გამო სტაროვერების ნაწილი კავკასიის სხვადასხვა რეგიონში ნებით გადმოსახლდა, ნაწილი - გადმოასახლეს. 1898 წლის სტატისტიკის მიხედვით, ამიერკავკასიაში სულ 65 123 სტაროვერი ცხოვრობდა. ისინი მოსახლეობის 1,32 პროცენტს შეადგენდნენ.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, რადგან რუსეთში სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება გამოცხადდა, რელიგიის საფუძველზე ემოგრაციაში მყოფმა რუსებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყიტეს და ბევრი კიდეც დაბრუნდა. ასეთი გადაწყვეტილება თურქეთის სტაროვერთა დიასპორამაც მიიღო, მაგრამ, ჩანს, ბოლშევიკურ რუსეთში შესვლა ყველამ ვერ გაბედა და ამ დიასპორის ერთი ჯგუფი, რუსეთისაკენ მიმავალი, 1918 წელს საქართველოში დარჩა. ისინი ოზურგეთისა და ფოთის სოფლებში: შეკვეთილში, გრიგოლეთსა და მალთაყვაში დასახლდნენ.
სტაროვერები საქართველოშიც ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტში, სავაჭრო ურთიერთობის გარდა, არ შედიოდნენ, თუმცა სტუმართმოყვარენი იყვნენ. როდესაც უცხო მათ კარს მიადგებოდა და თავშესაფარს ითხოვდა, მასპინძლები ბინას მიუჩენდნენ და მისი კარგად ყოფნისათვის ლოცვებს აღავლენდნენ. მათი დღესასწაულები გამოირჩეოდა არა ქეიფით, არამედ ოჯახებში საღვთო წერილის კითხვით და მოწყალების გაცემით.
XX საუკუნის 80ანი წლების დასაწყისიდან სტაროვერული იდეების ქადაგებას მწერალი მურთაზ ჩახავა შეუდგა (ამ კონფესიის პრინციპით იგი, ოჯახთან ერთად, 1975 წელს მოინათლა). 1989 წელს „საქართველოს ძველმართლმადიდებელთა საღვთო კავშირი“ შეიქმნა, თბილისსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში მცირერიცხოვანი ეკლესიები ჩამოყალიბდა, თბილისის ზღვის მიდამოებში გუმბათოვანი ტაძარიც აიგო (აკურთხეს 1995 წლის 5 აგვისტოს ელია წინასწარმეტყველის სახელზე).
ამდენად, ქართველ ძველმართლმადიდებელთა ეკლესია 1989 წელს შეიქმნა. იგი თავიდან რუსეთის არქიეპისკოპოსს ექვემდებარებოდა, მაგრამ 1991 წელს მ. ჩახავა პერმის ეპისკოპოსმა ლეონტიმ თბილისისა და სრულიად იბერიის ეპისკოპოსად აკურთხა; მას იონა დაარქვეს. ეპ. იონას იურისდიქციაში მალე ფოთის სტაროვერთა ეკლესიების ნაწილიც მოექცა (ნაწილი კვლავ პერმის ეპისკოპოსის დაქვემდებარებაშია).
1989 წელს გამოქვეყნდა მ. ჩახავას წიგნი „ერი, ღმერთი და კანონი“ და გამოიცა გაზეთი „ღვთიური გზა“, რომელშიც ამ აღმსარებლობის პრინციპებია ჩამოყალიბებული და გატარებულია აზრი, რომ ღმერთი კანონია და კანონი სიყვარულზე მაღლა დგას („ღმერთი უპირველესად კანონია, შემდეგ კი სიყვარული“), მეტიც - კანონი სამშობლოზე მაღლა დგას! განსაკუთრებით ამ უკანასკნელი დებულების გამო ძველმართლმადიდებლები ანტიქართველობასა და უცხო ქვეყნის აგენტობაში დაადანაშაულეს, რადგან მათი მრწამსი და ტრადიცია რუსულ მოვლენად და კოლორიტად მოინათლა, ხოლო ეს მოვლენა და კოლორიტი - ქართველთა ეროვნული მთლიანობის საზიანო სიახლედ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ გაზეთმა მუშაობა ვეღარ გააგრძელა, იგი ფაქტობრივად აიკრძალა. კამათში სასულიერო აკადემიის პროფესორი ედიშერ ჭელიძე ჩაება. მან 1990 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ეკლესია - სძალი უფლისა“, რომელშიც, ერთი მხრივ, ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია ცილისწამებად და ძალადობადაა შეფასებული, მეორე მხრივ კი, წყაროთმცოდნეობის დონეზეა განხილული და გაანალიზებული ის პოზიციები და არგუმენტები, რითაც ეს ეკლესია მართლმადიდებელთა ეკლესიის მრწამსსა და პრაქტიკას უპირისპირდება.
1994 წელს გამოქვეყნდა ეპ. იონას 882 გვერდიანი ნაშრომი ასეთი ტიტულით: „იოანეიონა, რა უნდა ვაკეთოთ, იბერია“. აქ შეჯამებულია ძველმართლმადიდებელთა და, კერძოდ, ქართველ ძველმართლმადიდებელთა რწმენისა და მსახურების საკითხები, მათი პოზიციები არა მარტო საღვთისმეტყველო, არამედ სხვადასხვა კულტუროლოგიურ საკითხზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ესქატოლოგიური მოლოდინი, რომელიც უკანასკნელ დღეზე მინიშნებასაც შეიცავს. ავტორი ეყრდნობა ძველი ქართული მწერლობის ცნობილ ძეგლს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ და აყალიბებს რწმენას, რომლის თანახმად, ქართული ენის გაღვიძების, აღდგინებისა და გაბრწყინების პროცესი 1994 წლიდან დაიწყება; მეორედ მოსვლა კი 2000 წლის ახლო ხანსაა სავარაუდებელი.
პოლემიკამ და აგრესიულმა დაპირისპირებამ საქართველოს საპატრიარქოსა და ძველმართლმადიდებლებს შორის თავი არაერთგზის იჩინა, მაგრამ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არ გადაზრდილა.
ეპ. იონა 2003 წელს გარდაიცვალა.
დღეს საქართველოს ძველმართლმადიდებელთა ეპისკოპოსია პავლე (ავთანდილ ხორავა). იგი მღვდელმთავრად ხელდასხმულ იქნა 1997 წელს ეპ. იონას მიერ.
პერესტროიკის შემდეგ ბევრი სტაროვერი რუსეთში გადასახლდა. ამჟამად რუსი სტაროვერები მხოლოდ შეკვეთილსა და გრიგოლეთში ცხოვრობენ. მათი რიცხვი ორ ასეულს არ აღემატება.
საქართველოში ძველმართლმადიდებელთა საერთო რაოდენობა (ეროვნების განურჩევლად) ამჟამად 1000-მდე აღწევს.
ნუგზარ პაპუაშვილი
საქართველოში ძველმართლმადიდებელთა საერთო რაოდენობა (ეროვნების განურჩევლად) ამჟამად 1000-მდე აღწევს.
ნუგზარ პაპუაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий