понедельник, 14 апреля 2014 г.

იმპერატორები, სახელად "გუგლი" და "ფეისბუქი"


ვირტუალურ იმპერიაში საქართველოც მოექცა. რუბრიკა „გალილეო“ ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ ახალ კვლევას გაგაცნობთ
ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, ვირტუალურ დედამიწაზე დღეს ორი უზარმაზარი იმპერიაა. იმპერატორთა სახელები კი „გუგლი“ და „ფეისბუქია“. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ინტერნეტ-გვერდების პოპულარობა შეისწავლეს. როგორც ირკვევა, მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირი ვიზიტორები ინტერნეტ-ძიების სისტემას და სოციალურ ქსელებს ჰყავთ. კვლევის თანახმად, „გუგლი“ ყველაზე „სტუმრიან“ ინტერნეტის გვერდად რჩება. ის განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილში და ინდოეთში დომინირებს. „ფეისბუქი“ კი ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ესპანურენოვან სამხრეთ ამერიკაში ლიდერობს. თუმცა ამ ორი გვერდის ჰეგემონიას გადაურჩა ჩინეთი, რუსეთი და რამდენიმე მათი მეზობელი ქვეყანა. საქართველო ვირტუალურ სამყაროში 3 ყველაზე პოპულარული გვერდის მიხედვით, დასავლეთის ნაწილია. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

აუდიო: რუბრიკა გალილეო
ფეისბუქმა“ საკმაოდ გაზარდა საკუთარი იმპერია და გლობალური ინტერნეტ-ბაზრის დიდ ნაწილს დაესაკუთრა. თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც „ფეისბუქი“ ყველაზე პოპულარულია, „გუგლი“ მას დიდად არ ჩამორჩება. კერძოდ, „50 ქვეყნიდან, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად „ფეისბუქის“ გვერდზე შედის, 36 ქვეყანაში „გუგლი“ მეორე ადგილზეა. დარჩენილ ქვეყნებში კი მეორე ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი „იუ-თუბია“, რომელიც დღეს ასევე „გუგლის“ მფლობელობაში იმყოფება“ - ნათქვამია ბრიტანელი მეცნიერების კვლევაში.
 
ცალკე საუბრის თემაა „ბაიდუ“ - ინტერნეტ-საძიებო სისტემა, რომელიც ჩინეთში „გუგლის“ ალტერნატივად შეიქმნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებელთა ნახევარმილიარდიანი არმიისთვის ყველაზე ხშირად სტუმრებადი გვერდია. „ბაიდუ“ ყველაზე პოპულარულია სამხრეთ კორეაშიც. ის მაქსიმალურად ცდილობს ჩინეთის საზღვრები გაარღვიოს და როგორც მკვლევარები ამბობენ, ამისთვის მონაცემთა გაყალბებასაც არ ერიდება. რაც შეეხება რუსეთს, იქ ყველაზე პოპულარული გვერდია „იანდექსი“. მის საძიებო სისტემას რუსი ინტერნეტის მომხმარებლის სამი-მეხუთედი ინტენსიურად იყენებს. რაც შეეხება სოციალურ ქსელს „ვე-კა“ („ვ კანტაკწე“, ქართულად ითარგმნება, როგორც „კონტაქტში“) რუსულენოვნობის გამო ის ბელორუსში ყველაზე პოპულარულია. ყაზახეთში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს გვერდს „მეილ.რუ“ (Mail.ru).
 
რაც შეეხება საქართველოს, კომპანია „ალექსას“ მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი „ფეისბუქია“. შემდეგ - საძიებო სისტემა „გუგლი“. მესამე ადგილზეა „იუ-თუბი“. დანარჩენი ინტერნეტ-გვერდები კი თანმიმდევრულად, ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, ასე გამოიყურება: „გუგლი.ჯი“, „ადნაკლასნიკი.რუ“, „იაჰუ“, „პორტალ მეილ.რუ“, ფორუმ.ჯი“, „ვიკიპედია“ და მეათეა „ამაზონი“.
 
საერთო-სტატისტიკური მონაცემებიდან ერთგვარი ამოვარდნაა აზიის ორი ქვეყანა: იაპონია და ტაივანი, სადაც ყველაზე პოპულარულ ვებ-გვერდს „იაჰუ“ წარმოადგენს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ მათი ნაშრომი მთელ მსოფლიოს ვერ ფარავს. ვერ მოხერხდა სუბ-საჰარის რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის შესწავლა. თუმცა, კვლევაში მოხვდა იმ ქვეყნების უმეტესობა, რომელსაც დიდი რაოდენობით ინტერნეტის მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის -კენია, მადაგაკსარი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა- „გუგლის“ იმპერიაში მოექცა. მაშინ, როცა სუდანი, განა და სენეგალი „ფეისბუქმა“ დაიპყრო.
 
მკვლევარების თქმით, „უნდა ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტ-იმპერიების ჩამოყალიბების მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვართ. ტერიტორიული გავლენა, რომელიც ამ ორი იმპერიის საზღვრებს აყალიბებს, პერიოდულად შეიცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ გააკონტროლებს დამდეგ წლებში ჩვენს შორის კომუნიკაციას და ინტერნეტში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“.  
 
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში გამოყენებულია მონაცემები, რომელსაც კომპანია „ალექსა“ აგროვებს. კომპანია ვებ-ანალიზის მონაცემთა ბაზას 1996 წლიდან მოყოლებული ქმნის.


წყარო: http://www.amerikiskhma.com
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий