„თევზი მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს წყლის საჭიროებას, როცა ის მასში აღარ არის.
ჩვენი საკუთარი კულტურა არის როგორც წყალი თევზისთვის.
ის გვინარჩუნებს არსებობას. ჩვენ ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ მისი მეშვეობით.“
კულტურის გაცნობიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც სხვა კულტურებთან გვიწევს ურთიერთობა. ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად ხედავენ, განმარტავენ და აფასებენ. რაღაც, რაც ერთ კულტურაში შესაფერისად ითვლება, სხვაგან ხშირად, შესაძლოა, არასათანადოდ ჩაითვალოს. გაუგებრობა თავს მაშინ იჩენს, როდესაც საკუთარი ღირებულებების გამოყენებას ვიწყებ შენი რეალობის აღსაქმელად.
იტალიელები ხშირად ავტომატურად ამერიკელებს აღიქვამენ ადამიანებად, რომლებიც მუდამ მუშაობენ, ლანჩის დროს საქმეზე ლაპარაკობენ და ნაცვლად იმისა, რომ ბარში ისიამოვნონ, ყავას ქუჩაში სირბილით მიირთმევენ. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელები ზარმაცები არიან, ხოლო ამერიკელები - ჰიპერაქტიურები? არა, ეს ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელობები, რომლებსაც ადამიანები გარკვეულ აქტივობებს ანიჭებენ, როგორიცაა ლანჩი ან სადილი, შესაძლოა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს. იტალიაში, სადაც ურთიერთობები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, ლანჩს, სადილს ან ყავის მისართმევად მცირე ხნიან შესვენებას დამატებით სოციალური დატვირთვა აქვს: ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რომ ისაუბრონ, განიტვირთონ და უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, სადაც დრო ფულია, ლანჩი შესაძლოა საქმიანი გარიგების ნაწილი იყოს, სადაც ადამიანები შედეგებზე მსჯელობენ და ფინჯან ყავასთან ერთად ხელშეკრულებას აფორმებენ.
არასწორად აღვიქვამთ, უპირველეს ყოვლისა მაშინ, როდესაც ჩვენ ნაკლებად ვართ გათვიცნობიერებული ჩვენს საკუთარ ქცევის წესებში და ამ გაუგებრობას სხვებს მივაწერთ. ცოდნის ნაკლებობის გამო, ჩვენ წინასწარი განწყობების შექმნისაკენ მიდრეკილები უფრო ვართ, ვიდრე იმის გარკვევისკენ, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ქცევა სხვა ადამიანისთვის, მაგ: იაპონიაში პირდაპირი მზერა უპატივცემულობად მიიჩნევა.
საკუთარი კულტურული დინამიკის გაცნობიერება რთულ ამოცანად გვესახება, რადგან კულტურა იმთავითვე გაცნობიერებული არ გვაქვს. ხედვასა და მოქმედებას, დაბადებიდან მოყოლებული, არაცნობიერ დონეზე ვსწავლობთ. ჩვენი აღქმისა და ქცევის ტიპს ჩვენი გამოცდილება, ღირებულებები და კულტურული ფონი განაპირობებს. ხანდახან ჩვენი კულტურის ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ, რათა საკუთარ ქცევაზე კულტურის გავლენა გავაანალიზოთ – ძალიან სასარგებლოა უცხოელი კოლეგებისგან ჩვენს ქცევასთან დაკავშრებით უკუკავშირის მიღება, რაც საკუთარი კულტურული მახასიათებლების შესახებ ჩვენს წარმოდგენას მეტ სიცხადეს მატებს.
ასევე, მიწერილი მსგავსება შესაძლოა არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი გახდეს. როდესაც ვვარაუდობთ, რომ ესა თუ ის ხალხი არის ჩვენი მსგავსი, ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ რისკს, რომ შესაძლოა ისინი ასეთები არ აღმოჩნდნენ. თუკი მსგავსებებს უადგილოდ ვივარაუდებთ, შესაძლოა ამან ჩვენი არასათანადო ქცევა განაპირობოს. გაცილებით უსაფრთხოა, გავითვალისწინოთ განსხვავებები, ვიდრე მსგავსებები დამტკიცდება.1
კულტურის გაცნობიერების დონეები
კულტურის გაცნობიერების რამდენიმე დონე არსებობს, რომელიც ადამიანების მიერ კულტურის აღქმის განვითარებას ასახავს.
ჩემი გზა ერთადერთი გზაა – პირველ საფეხურზე, ადამიანები აღიქვამენ ქმედების მათეულ გზას, როგორც ერთადერთ გზას. ამ ფაზაში ისინი უგულებელყოფენ კულტურულ განსხვავებებს. (შეზღუდული ეტაპი)
მე ვიცი მათი გზის შესახებ, თუმცა ჩემი გზა უკეთესია – მეორე საფეხურზე, ადამიანები აცნობიერებენ მოქმედების განსხვავებულ შესაძლებლობებს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მათი გზა საუკეთესოა. ამ ეტაპზე კულტურული განსხვავებები პრობლემის წყაროდ აღიქმება და ადამიანები, როგორ წესი, უგულებელყოფენ ან აკნინებენ მათ მნიშვნელოვნებას. (ეთნოცენტრული ეტაპი)
ჩემი გზა და მათი გზა – ამ საფეხურზე ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ მოქმედების მათთვის ჩვეული და მათგან განსხვავებული გზები და საუკეთესოს სიტუაციის შესაბამისად ირჩევენ. ამ ეტაპზე, ადამიანები აანალიზებენ, რომ კულტურათა სხვადასხვაობა შესაძლოა როგორც პრობლემატური, ასევე სასარგებლო იყოს და მზად არიან კულტურათა მრავალფეროვნება ახალი გადაწყვეტილებებისა და ალტერნატივების შესაქმნელად გამოიყენონ. (სინერგიული ეტაპი)
ჩვენი გზა – ეს მეოთხე და ფინალური საფეხური სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს საყოველთაო ღირებულებების მქონე კულტურის შექმნისთვის აერთიანებს. ხალხი განუწყვეტლივ ურთიერთობს სხვებთან და ქმნის ახალ მნიშვნელობებს, ახალ წესებს ცალკეულ გარემოებათა მოთხოვნების შესაბამისად. (მონაწილეობითი მესამე კულტურის ეტაპი)
პროგრესი კულტურის გაცნობიერებაში კულტურული განსხვავებების, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტების აღქმას გულისხმობს. კულტურათა მრავალფეროვნება შესაძლოა პრობლემათა წყარო იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზაციას სჭირდება, რომ ადამიანებმა ერთნაირად იფიქრონ და იმოქმედონ. მრავალფეროვნება ზრდის სირთულისა და გაუგებრობის დონეს, რის გამოც შეთანხმების მიღწევა რთულდება. მეორეს მხრივ, კულტურათა მრავალფეროვნება უპირატესობად გვევლინება, როდესაც ორგანიზაცია გავლენებსა და იდენტობას აფართოვებს და პრობლემათა გადაჭრის გზებს ამრავალფეროვნებს. ამ შემთხვევაში, მრავალფეროვნება ღირებულ, ახალ უნარებსა და ქცევებს აყალიბებს.
კულტურის გაცნობიერებით ადამიანები აანალიზებენ: ჩვენ არ ვართ ერთნაირები; როგორც მსგავსებები, ასევე განსხვავებები ძალიან მნიშნელოვანია; ერთი და იგივე მიზნის მიღწევის მრავალი გზა არსებობს; საუკეთესო გზა კულტურულ ვითარებაზეა დამოკიდებული; თითოეული გარემოება არის უნიკალური და შესაძლოა გადაწყვეტის განსხვავებულ გზებს მოითხოვდეს.
როგორ ვმართოთ კულტურული მრავალფეროვნება?
ჩვეულებრივ ვიცით, რომ პირველი ნაბიჯი მრავალფეროვნების მართვაში მისი აღიარება და იმის სწავლაა, რომ მრავალფეროვნების არ უნდა გვეშინოდეს.
ვიდრე თითოეული ჩვენგანი საკუთარი კულტურის პროდუქტს წარმოადგენს, საკუთარი თავის გაცნობიერებასთან ერთად, კულტურათშორისი ცნობიერების გაზრდაა აუცილებელი. არ არსებობს ინსტრუქცია ან რეცეპტი თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ვიქონიოთ კულტურათა მრავალფეროვნებასთან, მაგრამ გარკვეული მიდგომები კულტურათა შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაში გვეხმარება.
აღიარება იმისა, რომ არ იცი. ცოდნა იმისა, რომ ყველაფერი არ ვიცით, რომ გარკვეულ შემთხვევებს არ აქვს აზრი, რომ ჩვენი ვარაუდები შესაძლოა მცდარი იყოს – კულტურის გაცნობიერების პროცესის ნაწილია.
ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავება. შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და სანამ შეფასებაზე გადახვალთ, ზუსტად აღწერეთ მდგომარეობა.
ემპათია. სხვა ადამიანს რომ გავუგოთ, მის ადგილას საკუთარი თავის დაყენება უნდა ვცადოთ. ემპათიის საშუალებით ვსწავლობთ თუ როგორ სურთ სხვა ადამიანებს, რომ მათ აღვიქვამდეთ.
სისტემატურად შეამოწმე შენი ვარაუდები. სთხოვეთ თქვენს კოლეგებს უზრუნველგყონ უკუკავშირით და შეადარეთ თქვენს ვარაუდებს, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მოვლენებს სწორად აღიქვამთ.
ნუ შეგაშფოთებს ორაზროვნება. რაც უფრო რთული და გაურკვეველია ცხოვრება, მით უფრო მეტად ვცდილობთ ვიპოვოთ კონტროლის მექანიზმი. დაუშვით, რომ სხვა ადამიანები ისეთივე საზრიანები არიან, როგორიც ჩვენ თავად და რომ მათი ცოდნა ჩვენსას შეავსებს. „თუ ყოველთვის იმას გავაკეთებთ, რასაც სულ ვაკეთებდით, მუდამ იმას მივიღებთ, რასაც ყოველთვის ვიღებდით“.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий