четверг, 17 апреля 2014 г.

მე სიყვარულის სანაგვე ყუთი ვარ


ავსტრიელი მწერალი ელფრიდე იელინეკი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. უკვე რვა წელია, ეს ჯილდო ქალს არ გადასცემია, ქალბატონი იელინეკი კი სულაც პირველი ავსტრიელი მწერალი ქალია, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად.
ავსტრიელთა დიდი ნაწილისთვის ელფრიდე იელინეკის "ნობელიანტობა"
მოულოდნელი ამბავი იყო. 57 წლის ქალი იმითაა ცნობილი, რომ გამუდმებით ჩხუბობს. შვედეთის აკადემიის სპიკერის, პერ ვესტბერგის თქმით, იგი "თავისი რისხვითა და ვნებებით სულის სიღრმემდე შეძრავს მკითხველს", სამშობლოში კი იელინეკი სკანდალურ ავტორადაა ცნობილი და უმრავლესობას ის დიდად არ უყვარს. "თავისი შემოქმედებით იელინეკი ავსტრიას სარკეს უჩვენ- ებს, რომელში ჩახედვაც მაინცდამაინც სასიამოვნო არაა", – ვენის მთავრობის ხელოვნების სახელმწიფო მდივანმა ფრანც მორაკმა ფედერალური კანცლერის ვოგფგანგ შიუსელის სახელით ამგვარად მიიღო მილოცვები. სამაგიეროდ, გერმანიის კულტურის სახელმწიფო მინისტრი კრისტინა ვაისი (უპარტიო) აღტაცებას ვერ ფარავდა: მისი თქმით, იელინეკის ტექსტები "გერმანული ენის მიღწევაა".
კრიტიკოსი მარსელ რაიხ-რანიცკი "განსაკუთრებით გახარებული" ყოფილა, რომ შვედეთის აკადემიამ "განსაკუთრებით ექსტრემალური და რადიკალური" ავტორის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

გამომცემლობა "როვოლტის" ხელმძღვანელი, ალექსანდერ ფესტი სიამაყეს განიცდის, რომ "მისი" მწერლის
"ერთადერთი და განუმეორებელი" სტილი და "დაუდუმებელი ხმა" აგრერიგად დაფასდა. თეატრის რეჟისორ კლაუს პეიმანს, თურმე, "გული ისე აუჩუყდა, რომ ცრემლი მოადგა". ყველაზე ადეკვატური და ადამიანური რეაქცია კი პეტერ ჰანდკეს ჰქონია: "მაგარია! დაუჯერებალია! აი, ეს მესმის!"
თავად ელფრიდე იელინეკმა ბრძანა, რომ ეს მისთვის "მოულოდნელი და დიდი პატივია", რომ "ნობელის პრემია არის ყვავილი ავსტრიის ლაცკანზე", მაგრამ 10 დეკემბერს ის სტოკჰოლმში გამგზავრებას არ აპირებს: "ფიზიკურად ავად არ ვარ, მაგრამ ფსიქიკურად არა მაქვს იმის უნარი, რომ ჯილდოს გადაცემას პირადად დავესწრო".

ელფრიდე იელინეკი 1946 წლის 20 ოქტომებრს ავსტრიის პროვინციაში დაიბადა. ოდესღაც სამონასტრო სკოლის აღსაზრდელის, შემდეგ კი ვენის კონსერვატორიის სკოლის აღსაზრდელის, ბოლოს კი ვენის კონსერვატორიის მოსწავლის შემოქმედება ფრიად პროვოკაციულია, და მის რომანებსა და პიესებში ნაჩვენები სურათები გულს ნამდვილად არ ახარებს. "დაუნდობელ მორალისტად" ცნობილი იელინეკი ქალის სექსუალური მოხმარების, "მამაკაცთა ბატონობისა და მამაკაცთა ძალადობის" წინაამღდეგ იბრძვის.
თავდაპირველად ავსტრიაში არავის მოსწონდა მწერალი, რომელიც თავის თანამემამულეებს ნაცისტური წარსულის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებდა. მას ჩინებული სიტყვაც კი მიუსადაგეს, რომელიც სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: "საკუთარი ბუდის დამბინძურებელი".
მიუხედვად ამისა, მისი რომანები ბესტსელერები გახდა. იელინეკის "პიანისტი ქალის" მიხედვით გადაღებულმა ფილმმა "ოქროს პალმის რტო" მიიღო. მისი პიესები გერმანულენოვან სივრცეში ყველაზე დიდ სცენებზე იდგმება. მომავალი წლის მარტს ვენაში წარმოდგენილი იქნება ელფრიდე იელინეკის ახალი პიესა "ბაბელი", რომელშიც რელიგიის, სექსისა და ძალადობის თემები ერაყის ომის მაგალითზეა გაშლილი.

* * *
– როგორც კი გაიგეთ, რომ ნობელის პრემია მიიღეთ, ბრძანეთ, რომ მას არ იმსახურებთ, მაგრამ, როცა ამას სხვა ვინმე ამბობს, გწყინთ.
– დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პეტერ ჰანდკეს ნათქვამი იყო, ცოცხალი კლასიკოსისა.
– მაშ, სხვას თქვენს წინააღმდეგ არაფრის თქმის უფლება არა ჰქონია.
– დიახ, არა აქვთ! ეს ისეთი რამაა, ხეიბარი რომ იყოთ და ინვალიდის სავარძელში იჯდეთ: ასეთ დროს არავისა აქვს იმის უფლება, რომ ხეიბარი გიწოდოთ, მაგრამ თქვენ თავად ამის თქმა თამამად შეგიძლიათ. სხვებს – არა!
– ვატიკანი ძალიან აღელდა, რომ ნობელის პრემია ნიჰილისტურად განწყობილმა ნევროტიკმა ქალმა მიიღო.
– ეს განსაკუთრებით ცუდად მენიშნა, რადგან ვატიკანი ხომ წესით სუსტებისა და ავადმყოფების დამცველი უნდა იყოს. მას უმალ ის უნდა ეთქვა, საწყალ ქალს თავი დაანებეთ, სხვა რა შეუძლია, ძალიან კარგია, რომ ჯილდო მიიღო, თუნდაც მისი ნაწერები ნიჰილისტურიც იყოსო. ვატიკანი ხომ სულით დაცემულებსა და განაწყენებულებს უნდა იცავდეს.
– მოწყალე ვატიკანი...
– დიახ, მე ვატიკანის ასეთი გამოსვლა ძალიან არაქრისტიანულად მიმაჩნია.
– მარსელ რაიხ-რანიცკიმ განაცხადა, რომ თქვენ ძალიან მაგარი ქალი ბრძანდებით, მაგრამ კარგი წიგნის დაწერა ვერ მოგიხერხებიათ.
– დიდი შეურაცხყოფაა, როცა ამბობენ, ძალიან შთამბეჭდავი ქალია, მაგრამ წერა არ შეუძლიაო. ეს შეურაცხყოფაა. ამის გადატანა ძალიან მიჭირს, თუმცა თავადაც საკმარისად შევურაცხყოფ საკუთარ თავს.
– გასაგებია. თქვენი დამცირების უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ.
– დიახ, სწორედ ასეა, არ მინდა, რომ ეს სხვებმა აკეთონ. სულ არ მინდა, რომ კრემიანი ნამცხვარი, რომელიც საკუთარ თავს ვესროლე, ვინმემ კვლავ აიღოს და უკვე ნაგვით სავსე მეორედ მესროლოს სახეში. ასე ხომ ყველას შეუძლია, ჩემს შესახებ ის თქვას და ის დაწეროს, რაც გაუხარდება.
– მწერალმა მარტინ მოზებახმა კი "დასავლეთის უსულელესი ადამიანი" გიწოდათ.
– ამაზე გავერთე, რადგან ერთი სიტყვა მაინც თქვა სწორად. მე მართლაც სულელი ვარ. უბრალოდ, მან ეს არ იცის, რადგან არ მიცნობს. ბავშვის პირით ჭეშმარიტება ღაღადებს.
– როცა ამბობენ, რომ ჭკვიანი ხართ...
– ... ეს არ მჯერა. ვიცი, რომ ჭკვიანი არა ვარ. მაგალითად, ჩემთან კამათი შეუძლებელია, რადგან აზრის ბოლომდე მისაყვანად ინტელექტი არ მყოფნის. ცოტა ხნის წინათ ტელევიზიაში ფილოსოფიურ დისკუსიაზე მიმიწვიეს. მე ვუპასუხე, რომ, სამწუხაროდ, ძალიან სულელი ვარ და ამას ვერ შევძლებ.
– და ამას სიცილით ამბობთ.
– კი, მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიცილი ვედრებაა. ცხოველები კბილებს იმიტომ კრეჭენ, რომ წყალობას გვთხოვენ.
– მაგრამ რაც მეტად იცამტვერებთ საკუთარ თავს, მით უფრო სასტიკად გესხმიან თავს.
– კი, ასეა. ხომ ვერ ამიხსნით, რატომ?
– შესაძლოა, ზოგიერთები ვერ იტანენ იმას, რომ ყველაფერს მიაღწიეთ, რისი მიღწევაც შესაძლებელია, და მაინც არ გიხარიათ.

– ეს ჩემთვის სხვებსაც უთქვამთ.
– "ბილდის" მესვეტე ფრანც იოზეფ ვაგნერი მოგმართავდათ:
"აიღეთ თქვენი ჯილდო, მიეცით თერაპევტებს და იყავით ბედნიერი!"
– ერთ მილიონ ევროს ექიმებს ნამდვილად არ მივცემ. ამას მირჩევნია, იაპონური კაბა ვიყიდო.
– გაზეთებში კანდიდატები ჩამოთვალეს, რომლებიც უფრო იმსახურებდნენ ნობელის პრემიას: დორის ლესინგი, ფილიპ როთი...
– კი, მაგრამ რა ვქნა, რომ მე მომცეს? მე ხომ საკუთარი თავისთვის არაფერი მიმიცია.
– როცა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თქვენთვის მილოცვას, პოეტმა ფრიდერიკე მაირიოკერმა თქვა: "ასეთი უთავმოყვარეოც არა ვარ".
– გამიკვირდა. მე გულით გამიხარდებოდა, მისთვის რომ მიეცათ, ვიფიქრებდი, დიდება ღმერთს, მე არ მომცეს-მეთქი. რამდენიმე წლის წინ უკვე ვიცოდი, რომ სიაში ვარ შეყვანილი, და ყოველდღე ჰანდკეს ჯანმრთელობისთვის ვლოცულობდი. ვლოცულობდი, არ მოკვდეს და ავად არ გახდეს და კიდევ დაწეროს-მეთქი რამე სისულელეები სერბების შესახებ.

– მართლა ასეთი ცუდია, რომ მსოფლიოს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო გერგოთ?
– ერთი მხრივ, ცხადია, პატივნაცემად ვგრძნობ თავს. მეწაღესაც კი უხარია, როცა ნახელავს უქებენ. მეორე მხრივ, ეს ჩემთვის წამებაა. მინდა მშვიდად ვიყო. ამჟამად სახლიდან გასვლასაც ვერ ვბედავ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, რადგან მანქანა არა მყავს. ახლა მეტროთი ვეღარ ვმგზავრობ, რადგან ვერ ვიტან, როცა ლაპარაკს მიწყებენ. ყოველ მიმართვას, თუნდაც პოზიტიურს, ჭრილობასავით განვიცდი. ვეღარც ყავახანაში დავდივარ.
– თუკი ასე გინდათ სიმშვიდე, მაშინ არც ინტერვიუებს უნდა იძლეოდეთ და არც ტელევიზორში ჩნდებოდეთ.
– სწორია. თავს სათანადოდ არ ვიცავ. ხშირად გაუცნობიერებელი მორჩილების რეფლექსის გამო ვიღებდი ხოლმე ამ თამაშში მონაწილეობას – ეს რეფლექსი ჩემმა ექსტრემალურად ავტორიტეტულმა დედამ გამომიმუშავა. აგერ თქვენც ხომ გელაპარაკებით.
– დედათქვენი ოთხი წლის წინათ გარდაიცვალა.
– ჰო, ყოველდღიურად ვხარობ, რომ მკვდარია. სამოცდაცხრამეტისა იყო და ბოლოს მთლად გაგიჟდა. მისმა ლათენტურმა პარანოიამ საბოლოოდ იჩინა თავი. მას ეგონა, რომ ჩემი ქმარი სამკაულებს ჰპარავდა. კაცს სახლში არ უშვებდა. სასტიკად ეჭვიანობდა. პატარა როცა ვიყავი, მაშინაც ყველას აგდებდა, ვინც კი მომწონდა.
– რომანში "პიანისტი ქალი" დედასთან ნევროტიული ურთიერთობა გაქვთ აღწერილი. თქვენ ერთ სახლში ცხოვრობდით, და წერა თქვენი თავშესაფარი იყო.
– წერა ჩემი ნავსაყუდელი იყო, მაგრამ გათავისუფლებით ვერ გამათავისუფლა. ადრეული ბავშვობიდანვე ცხოველივით ვიყავი ამ ქალზე მიჯაჭვული, მას აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ჯანმრთელი მაინც ვერ გავხდი. ჩემი შიში სულ უფრო იზრდება, ნაცვლად იმისა, რომ გამქრალიყო.
– რა შიში?
– ეს აგორაფობიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ბრბო შემომცქერის. პატარა გოგო როცა ვიყავი, ერთი წელი სახლიდან არ გავსულვარ. ბავშვობაშიც ავადმყოფი ვიყავი, გიჟივით ვცემდი ოთახში ბოლთას და თავს კედელს ვურტყამდი. ჩემმა იმჟამინდელმა ფსიქიატრმა თქვა, რომ ამ გზით ზეწოლისგან გათავისუფლებას ვლამობდი. ვერ იყო კარგი ამბავი.
– ახლა განიკურნეთ?
– ამას ზოგჯერ დღესაც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ისე სასტიკად აღარ. კედლებს თავს აღარ ვურტყამ. რაღაცა მაზანზარებს ხოლმე, ერთგვარი რისხვა, რომელსაც დღეს იმისთვის ვიყენებ, რომ ვწერო. ჩემთვის წერა ვნებიანი აქტია. თომას მანივით ერთ წინადადებაზე გადამყოლი არა ვარ, მე ვერ ვოკდები. ეს ორი, სამი საათი გრძელ- დება ხოლმე, მერე კი ვიშლები.
– დამაწყნარებლების მიუღებლად ძილი თუ შეგიძლიათ?
– არა, ღმერთო ჩემო, უვალიუმოდ არაფერი გამომდის. ვალიუმი და ანტიდეპრესივა ჩემი მთავარი საყრდენებია. პიესა "ბემბილანდი" ერთი "პრიხოდის" განმავლობაში დავწერე.
– მაგრამ გახარებით არც წერა გახარებთ.
– არა. გახარებით არ მახარებს. მართალია, ხანდახან წერის დროს ისეთ მდგომარეობაში ვვარდები, თითქოს მთლად ცნობიერი არ ვიყო. ერთგვარი ტრანსია, როგორიც ორგაზმის დროს მაქვს ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი შრომაა, სიყვარულიც კი.
– სიყვარული?
– ჰო, სიყვარულიც, ისეთი, როგორსაც აღვწერ. ეს სხვა რამაა, ეს არაა ის ღრმა, ძლიერი გრძნობები. ამას მექანიკასთან მეტი აქვს საერთო.
– თქვენი პირველი სასიყვარულო ამბავი თუ გახსოვთ?
– კი, როგორ არა. ისეც არ გავგიჟებულვარ, რომ აღარ მახსოვდეს. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– კარგ ამბებს არავის უზიარებთ.
– ეგრეა. ჩემი შემოქმედების საწყისი ნეგატიურია. პოზიტიურს ვერაფერს აღვწერ. მაგრამ, ცხადია, ცხოვრების განმავლობაში დიდი ვნებები მაქვს განცდილი.
– ბედნიერი წუთები?
– ცხადია! მე ხომ არაადამიანი არა ვარ. ძალიან გულთბილი და მოსიყვარულე ქალი გახლავარ, მაგრამ ამის შესახებ არ ვწერ. მე მხოლოდ დამანგრეველის შესახებ ვწერ, მაგრამ ეს სწორედ იმიტომ შემიძლია, რომ სხვა რამეც ვიცი. ხალხი სულ თავის რომანტიკულ განცდებს ელოლიავება, ო, როგორ ჩადის მზე მალიორკაზე! მაგრამ ჭუჭყიანი საქმეც ხომ უნდა აკეთოს ვინმემ, და ამ ჭუჭყიან საქმეს მე ვაკეთებ. მე გრძნობების ნაგავი გამაქვს. ეს ჩემი ამოცანაა. ლიტერატურაში დამლაგებელი ვარ, ქალი, რომელსაც ხელში ნაგვის ყუთი უჭირავს. მე სიყვარულის სანაგვე ყუთი ვარ.
 ერთ ადრინდელ ინტერვიუში თქვით, რომ წერის ერთ-ერთი მოტივი თქვენთვის შურისძიებაა. რომანში "მკვდრების შვილები" ყველა დაიხოცა, ვისაც სიცოცხლე უნდა გახარებოდა.
– ყველა მოკვდა, ვისაც სიცოცხლე შეეძლო. და როცა დაიხოცნენ, კიდევ ერთხელ დავხოცე: ორმაგი თოკი უკეთ იჭერს.
– მაშ, საწერ მაგიდასთან მჯდომი მკვლელი ბრძანდებით.
– მართალია, საწერ მაგიდასთან ვარ მკვლელი, რადგან ნამდვილ ცხოვრებაში ეს არ გამომდის. საწერ მაგიდასთან იმ ადამიანებს ვეომები, ვისიც მშურს იმის გამო, რომ ნორმალურ ყოფაში მყუდროდ მოეწყვნენ და ცხოვრებას გემოს ატანენ. მე კი ტოტალიტარული არსება ვარ. ვამბობ, რომ, რადგან აქ ნაცისტები ცხოვრობდნენ, სიმშვიდისა და ბედნიერების უფლება არავისა აქვს.
– მამათქვენი ებრაელი იყო.
– დიახ, მან დიდი გაჭირვებით გადაიტანა ნაციონალ-სოციალიზმის დრო, ის დედაჩემთან ქორწინებამ გადაარჩინა. არც ის იყო მთლად არიელი, ბაბუა ებრაელი ჰყავდა, მაგრამ რაღაცას მაინც ახერხებდა. როცა განქორწინება მოსთხოვეს, უარი თქვა. ამ შემთხვევაში დედაჩემი მართლაც გმირულად მოიქცა.
– მამათქვენი გადაარჩინა.
– კი, მაგრამ ნაცისტების დროს მამაჩემის მხრიდან ორმოცდაცხრა ნათესავი მაინც მომიკლეს – ეს ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა დაითვალა. ახლაც თვალწინ მიდგას გვამების მთები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იპოვნეს. ომის მერე მამაჩემს ამ დოკუმენტური ფილმების სანახავად დავყავდი ხოლმე. კინოში გადიოდა, მაგრამ, ცხადია, ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი. დაზაფრული ვიყავი, კინაღამ დამბლა დამეცა.
 და დაზაფრულობა სიძულვილში გადაიზარდა.
– დიახ.
– როცა გაგივლით...
– ... საკუთარი თავის სიძულვილი მომიწევს. ამას არაფერი ეშველება. სიძულვილი ჩემი ძრავაა. რომ არ მძულდეს, დავისვენებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს შვება არ მიწერია.
– ოდესმე კონკრეტულად თუ გიფიქრიათ თავის მოკვლა?
– არა, არადა სასაცილოა, რადგან სინამდვილეში ეს ჩემი თვითგაჩანაგების ლოგიკური დასკვნა იქნებოდა, მაგრამ სიცოცხლეს ვეჭიდავები, კიბოიანივით, რომელიც ბოლო სტადიაშიც ყოველ დღეს ეჭიდება და სიკვდილი არ უნდა.
 სიბერე როგორ წარმოგიდგენიათ?
– საშინლად! სიბერისა პანიკურად მეშინია, განსაკუთრებით მას მერე, რაც დედაჩემის ხრწნის პროცესს დავესწარი. ასე რომ, იმედი მაქვს: სანამ საქმე აქამდე მისულა, თავის მოკვლას მოვახერხებ. ამას მხოლოდ აბებით თუ შევძლებ, წყნარად. თავის ჩამოხრჩობას ვერ შევძლებ. იცი, აბებს ვაშლის მუსი უნდა დააყოლო და მაშინ გული აღარ აგერევა.
– ვაი!
– ჰო, და მანამდე ვალიუმიც უნდა ჩაყლაპო.
– საშინელი ქალი ხართ, თქვენთან ინტერვიუ არ გამომდის.
– ფარ-ხმალი დაგაყრევინეთ...
– დიახ.
– ... რადგან დარწმუნდით, რომ მართლაც უსუსური ვარ.
– ჰო, და ვერაფრით დაგეხმარებით.
– მე ვერავინ დამეხმარება, მაგრამ თქვენთან საუბარი მომწონს. უბრალოდ, ახლა ძალიან დაღლილი ვარ. თქვენ ახლა იმის მოწმე ხართ, როგორ იხრწნება ადამიანი, რომელსაც ადამიანური საზოგადოება აკლია.
– მეც დავიღალე.
– ძალიან კარგი. თქვენც თუ გაიხრწნებით, მთლად კარგი იქნება.
– რამეზე თუ ოცნებობთ?
– კი, მოგზაურობაზე. მაგალითად, დიდი სიამოვნებით გავფრინდებოდი ნიუ-იორკში. მინდა, სანამ მოვკვდები, ცათამბჯენი ვნახო. მაგრამ ავად ვარ და არ გამომივა. თვითმფრინავიდან რომ გამოვალ და იქ გამეფებულ სისწრაფეს, ხმაურსა და სულ სხვა რიტმს შევეჯახები, იქვე მოვკვდები.
– გული ამიჩუყეთ.
– ჰო, მეც ასე მგონია, რომ ჩემი მოკრძალების გამო ძალიან გულისამაჩუყებელი ვარ. ცხოვრებისაგან ბევრს არ ვითხოვ. ტელევიზორში ძველი ფილმის ყურებაც მყოფნის ბედნიერებისთვის. მე ხომ ტელევიზორზე ვარ დამოკიდებული, რადგან კინოში ვერ დავდივარ.
– ეგეც არ შეგიძლიათ?
– არა, რადგან იქ კარს კეტავენ, ბნელა და მგონია, რომ დამამწყვდიეს, თუმცა ვიცი, რომ გაქცევას ნებისმიერ დროს შევძლებ.
– სხვა მიზეზებთან ერთად შვედეთის აკადემიამ თქვენთვის ნობელის პრემიის მონიჭება იმითაც დაასაბუთა, რომ თქვენ, როგორც "საზოგადოების უშიშარ კრიტიკოსს", გესმით, "რომ ქალის სახე მსოფლიოში სტერეოტიპული სახეებით იფარება".
– დიახ, მამაკაცთა სახეებით.
– თქვენ ამბობთ, რომ ქალის სახეს მამაკაცები ქმნიან.
– დიახ, ჩვენ, ქალებს, მამაკაცთა განხილვის საგნად ყოფნა გვიწევს და, თუ რამის დამტკიცება გვსურს, ამას გარკვეული ძალისხმევის შედეგად კი არა, საკუთარი სხეულის ბაზარზე გატანით ვახერხებთ. ადრე ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ სულ ერთია, ნობელის პრემიის ლაურეატი ხარ თუ თექვსმეტი წლის მოსწავლე გოგო – მამაკაცები ან სტვენას დაგადევნებენ, ან მოგაძახებენ, შე ძროხაო. ახლა მე თავად ვარ ნობელის პრემიის ლაურეატი, მაგრამ ამის გამო მამაკაცთა თვალში არ ავმაღლებულვარ, პირიქით: ამის გამო მათ კიდევ უფრო საშინელ მონსტრად მივაჩნივარ.
– მე – არა.
– თქვენ გამონაკლისი ბრძანდებით. ჩვენი პირველი ინტერვიუს დროს თქვენ ისეთი რამ თქვით, რაზედაც შემდგომშიც ხშირად მიფიქრია, კერძოდ, ის, რომ ქალების უუნარობა მხოლოდ ქალების პრობლემა არაა. არასიცოცხლისუნარიანი შეიძლება მამაკაციც იყოს.
– კაფკა, რობერტ ვალზერი...
– ჰო, ამაში გეთანხმებით.
– სიცოცხლის უნარს მოკლებული მამაკაცი რომ ყოფილიყავით, უფრო გაგიჭირდებოდათ, რადგან, როგორც ფემინისტი, დაჩაგრულ ქალებთან იდენტიფიცირებას ვეღარ შეძლებდით.
– მართალია. კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დიდი ხნის წინათ მოვიკლავდი თავს. მეორე მხრივ, კაცი რომ ვყოფილიყავი, ნობელის პრემიას მეტად ჩავატანდი გემოს, რადგან წარმატება მამაკაცს მიმზიდველს ხდის. მე ხომ იმიტომ არ ვარ ფემინისტი, რომ იმ მამაკაცებს ვებრძვი, ვინც ქალებს სცემენ და აუპატიურებენ – ეს თავისთავად იგულისხმება. მე ფემინისტი იმიტომ ვარ, რომ ეს დამთრგუნველი ფალიური, ფალოკრატული ღირებულებების სისტემა, რომელიც ქალს ჩაგრავს, ყველაფერსაა მოდებული.
– დღეს არც ქალები აკლებენ ხელს მამაკაცებს.
– კარგი, შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცი ცვედანია, სასაცილო კაცუნა, როგორებიც ჩვენი ფედერალური კანცლერი შიუსელი ან იორგ ჰაიდერი არიან – პატარა და გაბერილი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ძალა, რომელიც განსაზღვრავს, რა არის კარგი და რა – ცუდი, ყოველთვის მამაკაცია.
– განა ეს არ შეიცვალა? რეკლამებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ახალგაზრდა, დაკუნთულ კაცებს, ბრტყელი მუცლებით, რომლებიც ქალებს აშკარად მოსწონთ.
– არა, ეს არიან მამაკაცები მამაკაცებისთვის. მამაკაცის სილამაზის იდეალს ისინი თავად ადგენენ. მოდის სამყაროში ხომ სულ მამათმავლები არიან.
– ამის თქმას ვერ ვბედავდი, მაგრამ, ჩემი აზრით, ლამაზი ქალი ბრძანდებით.
– გმადლობთ, ეს, ცხადია, მიხარია. მაგრამ ეს ასე არაა. ლამაზი არ ვარ. მეტისმეტად გრძელი ცხვირი მაქვს, ახლო-ახლოს ჩამჯდარი თვალები. უფრო დამახასიათებელი სახე მაქვს. ლამაზი ნიკოლ კიდმანია, მდედრის იდეალი, რომელსაც მრავალი კინოვარსკვლავი შეესაბამება: დიდი თვალები, პატარა ცხვირი, გაბერილი ტუჩები...
– ყველას ხომ ერთი და იგივე არ მოსწონს.
– ჰო, თქვენ უცნაური გემოვნება გაქვთ.
– თუმცა არ გინდათ, რომ გარეგნობის მიხედვით გაფასებდნენ, მაინც ყოველთვის თვალშისაცემად დახატული და გამოწყობილი ბრძანდებით.
– ეს სტილიზაციაა, ცნობისმოყვარეობას იწვევს. შესაძლოა, ამასაც უნდა მოვეშვა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რატომ?
– ჩვენი პირველი საუბრის დროს თქვით, რომ გამორიცხული არაა, ოდესმე სახის კანიც დაიჭიმოთ.
– ეს არც დღესაა გამორიცხული. ჯერჯერობით არ მჭირდება, მაგრამ ერთხელაც იქნება და ქუთუთოები... (თვალებს ჭუტავს და ჩინელს ემსგავსება), ასე სჯობს?
– ვეღარ გცნობთ.
– თუ გინდათ, აბრას დავიკიდებ, რომ მე ვარ.
– მეგონა, ვერ იტანთ, როცა გიყურებენ.
– ეგ მართალია. პირველად როცა შეგხვდით, უფრო ახალგაზრდა ვიყავი და სხეულთა ბაზარზე ყოფნა მინდოდა. ახლა აღარ მინდა.

– მაშინ მითხარით, რომ სიამოვნებით იქნებოდით ლესბიანელი.
– ჰო, ეგ სასიამოვნო იქნებოდა.
– სექსუალობაში ნაცნობს და საიმედოს ამჯობინებდით...
– კი, ეგ საქმეს გამიიოლებდა, რადგან ლესბიანელთა ურთიერთობაში ასაკი და გარეგნობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა. ქალთა წრეში თავს უკეთ ვგრძნობ. მამაკაცებთან სულ მუქარის განცდა მაქვს. მათი მეშინია.
– ისე, ასკეტურად ცხოვრებაც ხომ შეგიძლიათ.
– ცხადია, შემიძლია. შეჯვარების სურვილი ასაკთან ერთად მაინც ქვეითდება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ, სხვებისა არ ვიცი. ვისაც მაინც აქვთ დიდი მოთხოვნილებები, გულით მებრალებიან. არსებობენ ქალები, რომლებიც ასაკშიც ეტანებიან კაცებს. მათ ძალიან მძიმე ყოფა აქვთ, მაგრამ მე ეს არ მჭირს, დიდება ღმერთს. ყველაფერს მარტო ყოფნა მირჩევნია.
– მიუხედავად ამისა, ოცდაათი წელია, გათხოვილი ხართ.
– კი, მაგრამ ეს ხომ ნორმალური ოჯახი არაა.
– თქვენ ვენაში ცხოვრობთ, თქვენი ქმარი – მიუნხენში, მაგრამ ერთმანეთს ხომ ხვდებით ხოლმე.
– ჩემი ქმარი სასტიკად დამემუქრა, არაფერი თქვაო, და ამიტომ მასზე არ ვილაპარაკებ. მას საზოგადოების ყურადღება არ სჭირდება.
– თქვენი პირველი ინტერვიუდან მოვიყვან ციტატას: "ის
ჩემსავით ექსტრემალური მარტოსულია".
– კი, ერთმანეთს ჩინებულად ვეწყობით.
– ბავშვებთან დაკავშირებით თქვით, რომ შვილს არ გააჩენდით, რადგან არ გინდათ, რომ თქვენი ნევროზული გამოხდომები უდანაშაულო არსების გადასატანი იყოს.
– კი, ამას ძალიან ვერიდებოდი. საბედნიეროდ, დღეს ეს აქტუალური აღარაა. დედა ვეღარ გავხდები. ერთადერთი, რასაც ქალი მამაკაცის გარეშე ვერ ახერხებს, არ გამიკეთებია, თუმცა მოწესრიგებულ, ბიურგერულ ყოფაზე კი ვოცნებობ ხოლმე. მინდა, სხვებივით ვიყო, მაგრამ არ ვარ.
– ალბათ, ტკბებით, რომ განსაკუთრებული ვინმე ხართ.
– ამას ვერ ვახერხებ. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას რაღაცას უხერხებენ, დამთრგუნველ უმრავლესობას შეადგენენ, რომელსაც მე არ განვეკუთვნები და ამასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ სულაც არ მეამაყება, გეფიცებით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ!
– ეგ კარგია.
– მერწმუნეთ, ასეა.
– თქვენს უბედურებაში ნამდვილად არ შეგეცილებით. მოთ-მინება კი გმართებთ.
– ალბათ, ისევ ექიმს უნდა მივმართო. რამდენიმე კურსი უკვე გავლილი მაქვს. სადმე სიახლოვეში რომ მყავდეს ფსიქიატრი, გამიადვილდებოდა, შორს აღარ მომიწევდა წასვლა. მეგონებოდა, რომ თერაპია მშველის. ძაღლივით გამწვრთნიდნენ. ადამიანი ხომ ცხოველია. ჩემი ფსიქიატრი ყოველ საღამოს თეატრსა ან კინოში გამამწესებდა, ხოლო, როცა მომინდებოდა სადმე გასვლა, არ გამიშვებდა და მეტყოდა: "არა, აქ იჯდები!"
– კარგი, რა!
– არა, მართლა. მე აღზრდა მჭირდება, სასტიკი გაწვრთნა. მაშინ უკეთ შევძლებდი ფუნქციონირებას, შეკეთებულ მანქანასავით. გამიხარდებოდა, თუ უშიშრად გავიდოდი სახლიდან. ეს უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად ჩამეთვლებოდა.
– კარგი, სხვა ვთქვათ. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრი იყავით.
– კი, მაგრამ ეგ ამბავი მორჩა.
– პარტიიდან 1991 წელს გამოხვედით.
– მინდოდა, იმ ჯგუფის წევრი ვყოფილიყავი, რომელიც ე. წ. პატარა ადამიანებს წარმოადგენდა, მინდოდა, რამე გამეკეთებინა მზარდი კაპიტალის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს სანსლავს. მინდოდა, პოლიტიკური ქმედება ჩამედინა არა საწერ მაგიდასთან ელეგანტურად ჩამომჯდარს, არამედ კონკრეტულად.
– და იმედი გაგიცრუვდათ.
– სავსებით! კაპიტალიზმმა სრული გამარჯვება მოიპოვა. ჩემი ბრძოლა უაზრო იყო, ისევე როგორც ცხოვრებაში გაკეთებული მრავალი რამ.
– წერასაც არა აქვს აზრი?
– წერაც უაზრობაა. დღეს წერით უბრალოდ გადარჩენას ვცდილობ. როცა ვწერ, საკუთარ თავს ვახტები, რადგან, როგორც კი ჩემს იდენტურობას გავიგებ, მოვკვდები. მე სულაც არ მინდა საკუთარი თავის გაცნობა. მეორადი საქონელივით ვცხოვრობ, მაგრამ ამას სულაც არ ვჩივი. ის, რომ ცხოვრებას ავცდი, ჩემი ავადმყოფობის ბრალია, ანუ პირადად ჩემი. მე ყოველდღე მძულს საკუთარი თავი. ვიცი, რომ წერით ვერაფერს შევცვლი, მაგრამ, აბა, რა ვქნა? მეტი არაფერი შემიძლია. წერა ჩემთვის წყალობაა, თან ამისთვის ხომ სახლიდან გასვლაც არ მიწევს.



germanulidan Targmna ana korZaia-samadaSvilma

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий