თავდაპირველად მინდა განვმარტო სიტყვა „სულიერება“, რადგან როცა საუბრობენ სულიერებაზე, ჩვეულებრივ მხედველობაში აქვთ ხოლმე სურლიერი ცხოვრების გარკვეული რელიგიური გამოხატულებანი, როგორიცაა ლოცვა, ღვაწლი. ჩემის აზრით კი, სულიერებაზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერება იმაში მდგომარეობს, თუ რას ახდენს ჩვენში სული წმიდა, რადგან ის, რასაც ჩვენ სულიერებას ვუწოდებთ - არის სული წმიდის მოქმედების საიდუმლო გამოვლინება.
ეს მოძღვრებს თავისებურად ზღუდავს, რადგან აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ადამიანი აღიზარდოს ამა თუ იმ პრინციპის მიხედვით, რომ მან ისწავლოს ლოცვა ანდა ტრაფარეტული ასკეტიზმი. მოძღვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მოძღვარმა, სულიერების რა საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ფხიზლად ადევნოს თვალყური სული წმიდის მოქმედებას ადამიანზე და ადამიანშიც, მოამზადოს იგი სული წმიდის მადლის მისაღებად, ამავე დროს დაიცვას და დაიფაროს იგი საცდურის, დაცემისა და რწმენაში ორჭოფობისაგან. მოძღვრის ღვაწლი ერთის მხრივ, ამ დროს შეიძლება ნაკლებად აქტიური გვეჩვენოს, მეორეს მხრივ კი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია.
წინასწარ მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, რომ „მოძღვრობა“ - მრავალმხრივი ცნებაა.
ჩემის აზრით არსებობს სამი ტიპის მოძღვარი. უპირველეს ყოვლისა, ახლადნაკურთხი მღვდელი, რომელისაც მიცემული აქვს მადლი მღვდლობისა, რაც მასში აერთიანებს არა მარტო უფლებას, არამედ მადლისმიერ ძალასაც ევტარისტიის, ნათლობის, მირონცხებისა და აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად, ე.ი. შეარიგოს ადამიანი ღმერთთან.
ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელ მღვდელს, რომლიც აღსავსეა ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით, დიდი წარმოდგენა ექმნება თავის თავზე, რომ ხელდასხმისაგან მას მოეცა სიბრძნეც, გამოცდილებაც, მიეცა უნარი სულების განსხვავების გამოცნობისა. ასკეტურ ლიტერატურაში ამ მოვლენას „უმწიფარ მოძღვრობას“ უწოდებენ. მღვდელი, რომელიც ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელია, რომელსაც ჯერ კიდევ არ გააჩნია ის ცოდნაც კი, რასაც უბრალო გამოცდილება იძლევა, მაგრამ რომელიც ფიქრობს, რომ მას ასწავლეს ყოველივე ეს. იგი თვლის, რომ, რაკი უკვე ისწავლა, შეუძლია ხელი მოჰკიდოს მონანულს და აიყვანოს იგი მიწიდან ზეცაში. სამწუხაროდ, ეს ხდება ძალიან ხშირად და ყველგან. ასეთი ახალგაზრდა მღვდელი მხოლოდ თავისი მღვდლობის ძალით და არა თავისი სულიერი გამოცდილებით და არა იმის შეგრძნებით, რომ ღმერთმა მიიყვანა იგი აქამდე, თავისი სულიერი შვილების მართვას ბრძანებებით იწყებს:
- ეს არ გააკეთო!
- ეს გააკეთე!
- ეს წიგნი არ წაიკითხო!
- ეკლესიაში იარე!
- მეტანიები აკეთე!
რის შედეგადაც მისი მსხვერპლის ცხოვრება სულიერი ცხოვრების მხოლოდ კარიკატურად თუ გამოდგება, იმის გამო, რომ ცდილობს აკეთოს ის, რასაც აკეთებინებენ მხოლოდ მოღვაწე მამები, ამით კი იგი მიემსგავსება გაწვრთნილ ცხოველს.
ასეთი მოძღვარი კატასტროფაა, რადგანაც იგი იჭრება იმ სფეროში, რომლის უფლება და გამოდცილება არ გააჩნია.
ხუცესობა ადამიანს მხოლოდ ღვთის მადლით ეძლევა - ეს ქარიზმატული მოვლენაა, მადლია, და მისი სწავლა ისევე არ შეიძლება, როგორც არ შეიძლება შენი სურვილით გახდე გენიოსი. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიოცნებოთ საკუთარ გენიალურობაზე, მაგრამ როცა ვეხებით რაიმე სფეროს, შესანიშნავად ვგრძნობთ, რომ ბეთჰოვენს ან მოცარტს, ლეონარდო და ვინჩს ან რუბლიოვს ჰქონდათ ისეთი ტალანტი, რასაც ვერც სკოლა და ვერც ცხოვრება ვერ ასწავლის ადამიანს. აი, სწორედ ეს არის ღვთაებრივი მადლი. მე ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საჭირბოროტო თემა, რადგან ამ შემთხვევაში მღვდელი ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს. ხშირად ახალგაზრდა მღვდლები ასაკით, ან თავიანთი სულიერი გამოცდილებით, სულიერ შვილებს მართავენ, იმის ნაცვლად, რომ მცენარეებივით გამოზარდონ ისინი. გამოზრდა ნიშნავს მოეპყრან მათ და იმოქმედონ მათზე ისე, როგორც მებაღე ექცევა ყვავილებს, ან მცენარეებს. უნდა ვიცნობდეთ ნიადაგს, მცენარეთა ბუნებას, უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური და სხვა პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მათთვის დახმარების გაწევა - დახმარება იმაში, რომ იგი განვითარდეს ისე, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი, მისი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით; არ შეიძლება ადამიანი ვაიძულოთ ჩვენნაირი გახდეს.
ერთი მამა წერს:
- როგორ აკეთებდნენ ამას დიდი მამები იცით?! ისინი თუმცა თავისთავადნი რჩებოდნენ, მაგრამ ამავე დროს შეეძლოთ სხვებში განეჭვრიტათ მათი განსაკუთრებული და განუმეორებელი თვისებები და ხელი შეეწყოთ მათთვის შეენარჩუნებინათ ეს პიროვნული თვისებები, რათა ისინი არ ქცეულიყვნენ მოძღვრის ტრაფარეტულ ასლებად.
მაგალითისათვის გამოდგება ანტონი პეჩორელი და თეოდოსი. თეოდოსი ანტონის მოწაფე იყო. მაგრამ მათი ცხოვრება არაფრით არ ჰგავდა ერთმანეთს. ანტონი დაყუდებული ბერი იყო, თეოდოსი მონასტრების დამაარსებელი. ხომ არ შეიძლებოდა ანტონს თეოდოსი ეიძულებინა ეკეთებინა ის, რასაც თვითონ არაფრით არ გააკეთებდა, ეიძულებინა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც თვითონ არაფრით არ ინდომებდა და რისკენაც მას ღმერთი არასდროს მოუწოდებდა.
მე მგონი, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სურვილი იმისა, რომ ვაქციოთ ადამიანი ჩვენს მსგავსად და სურვილი, რომ ადამიანს დავეხმაროთ მიემსგავსოს ქრისტეს. ხუცესობა, როგორც უკვე გითხარით, ღვთის დიდი წყალობა, სულიერი ნიჭია. ამიტომ არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა იფიქროს, რომ შესძლებს მათ მსგავსად მოძღვრობას. თუმცა არსებობს რაღაც შუალედი, მაგალითად სულიერი მამობა. ძალიან ხშირად ახალგაზრდა და არცთუ ახალგაზრდა მღვდლები იმის გამო, რომ მათ მამაოთი მიმართავენ, წარმოიდგენენ, რომ ისინი არიან მოძღვრები იმ გაგებით, რაზეც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს: „გამზრდელები ბევრი გყავთ, მაგრამ მე გშობეთ თქვენ ქრისტეში“. იგივეს თავის დროზე ამბობდა სერაფიმე საროველი. სულიერი მამობა მდგომარეობს იმაში, რომ ამა თუ იმ ადამიანმა - და შესაძლოა იგი სულაც არ იყოს მღვდელი, - სხვა ადამიანი შვას სულიერი ცხოვრებისათვის და რადგან ამ ადამიანმა მის სახეზე და თვალებში დაინახა სულიერი ცხოვრების ნათება, ამიტომ მას შეუძლია მივიდეს მასთან და სთხოვოს იყოს მისი დამრიგებელი, რადგან მათ შორის სულიერი და მშვინვიერი თანხმობაა.
ალბათ გსმენიათ, ადრე როგორი გადაჭედილი იყო მოღვაწეებითა და ხუცესებით ეგვიპტის უდაბნოები. მაგრამ, ადამიანები მაშინ თავისთვის მოძღვრებს მათი დიდებისდა მიხედვით კი არ ირჩევდნენ და კი არ მიდიოდნენ მხოლოდ იმათკენ, რომლებზეც უმეტესად კარგი სმენოდათ, არამედ ეძებდნენ ისეთ მოძღვარს, რომელსაც მათი გაგება შეეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მორჩილება არ ნიშნავს, ბრმად აკეთო ის, რასაც მოძღვარი გეუბნება; მორჩილს, რომელმაც ამოირჩია მოძღვარი, უსიტყვოდ უნდა სჯეროდეს მისი, მასში ხედავდეს იმას, ვისაც ეძებდა, არა მხოლედ ესმოდეს მისი სიტყვები, არამედ შეეძლოს მისი ხმის ტონშიც კი სათქმელის ამოცნობა; მან უნდა შეისისხლხორცოს მოძღვრის სულიერი გამოცდილება და თავისი შესაძლებლობების მაქსმალურად გამოვლინება შესძლოს. მორჩილება - უპირველეს ყოვლისა არის ნიჭი არა მარტო გონებით, ყურით მოსმენისა, არამედ მთელი არსებით, გახსნილი გულით, სხვა ადამიანის სულიერი საიდუმლოებების კრძალული ჭვრეტით. სულიერი მამის მხრიდან კი, რომელმაც შესაძლოა გშობათ, ანდა მიგირქვათ უკვე შობილი, მამობა გამოიხატება იმაში, რომ მას უნდა ჰქონდეს ღრმა მოწიწება იმისადმი, რასაც ადამიანში ახდენს სული წმიდა.
სულიერ მამას და უბრალო, ჩვეულებრივ მღვდელსაც უნდა შეეძლოს ადამიანში დაინახოს ღვთის ხატების სილამაზე, თუნდაც ამისთვის დასჭირდეს საკუთარ თავზე ძალდატანება, იგი კრძალვით უნდა ეპყრობოდეს ყველა მასთან მისულს. ადამიანი თუნდაც ცოდვებში იყოს ჩაფლული, სულიერი მამა მასში მაინც უნდა ხედავდეს იმ ხატს, რომელიც დაზიანდა ცხოვრებისეული პირობებით, ადამიანთა უგულისყურობით, ან მკრეხელობით; უნდა დაინახოს მასში ხატება და კრძალვით უნდა მოექცეს იმას, რაც დარჩენილა ამ ხატებიდან და მხოლოდ ამ ღვთაებრივი სილამაზის გულისთვის, რომელიც მასში ჯერ კიდევ არის, იღვაწოს იმისათვის, რომ მოაცილოს მას ყველაფერი ის, რაც ამახინჯებს ამ ხატებას.
მამა ევგრაფი კოვალევსკიმ, ჯერ კიდევ ერში ყოფნისას, ასეთი რამ თქვა:
- ღმერთი, როცა ადამიანს უყურებს, ხედავს არა მის სათნოებებს, რომლებიც შესაძლოა მას სულაც არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხატების ბრწყინვალე სილამაზეს. თუ მოძღვარს არ შეუძლია დაინახოს ადამიანში ეს მშვენიერება, თუ არ შეუძლია მასში დაინახოს სწრაფვა იმისკენ, მიემსგავსოს განკაცებულ ქრისტეს, ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ამ ადამიანის ტვირთვა. ადამიანს არ აშენებენ, არ ქმნიან; მას უბრალოდ ეხმარებიან ზრდაში.
აქ აუცილებელია გავიაზროთ მორჩილების არსი. ჩვეულებისამებრ სულიერი მოძღვრის ხელქვეითობა მონურ მორჩილებასა და მის ძალაუფლების ქვეშ ყოფნას როდი ნიშნავს; ასეთი დამოკიდებულება საზიანოა, როგორც ჩვენთვის, ასევე მოძღვრისთვის. მორჩილება მდგომარეობს როგორც მორჩილის, ასევე მოძღვრის მხრიდან მთელი გულისხმიერებით ჩაწვდეს და მოუსმინოს (რადგან მოძღვარი მთელი თავისი გამოცდილებით, მთელი თავისი არსებით, მთელი თავისი ქმედებით, უნდა მორჩილებდეს სული წმიდას), სული წმიდის მოქმედებას იმ ადამიანში, რომელიც მას მიენდო. მოძღვარს უნდა შეეძლოს თვალი ადევნოს სული წმიდის გზას ადამიანში, იგი კრძალვას უნდა განიცდიდეს იმის მიმართ, რასაც ღმერთი აღასრულებს და არ უნდა ცდილობდეს აღზარდოს სულიერი შვილი თავისი დასკვნების მიხედვით, რადგან ადამიანი ამ შემთხვევაში მისი მსხვერპლი ხდება; და ეს ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ორივეს მხრიდან მორჩილება. ჩვენ მორჩილებას ველით მორჩილისაგან, ანდა სულიერი შვილისაგან, მაგრამ მორჩილება მართებს თვითონ მღვდელსაც, მოძღვარს იმისათვის, რომ არ შეიჭრას სული წმიდის სფეროში და მოექცეს ადამიანის სულს ისე, როგორც მოსეს ებრძანა მოქცეოდა იმ მიწას, სადაც იდგა შეუწველი მაყვლის ბუჩქი. ყოველი ადამიანი პოტენციურად ანდა რეალურად უკვე წარმოადგენს მაყვლის ასეთი შეუწველ ბუჩქს და ყველაფერი ის, რაც მას გარს აკრავს - ეს არის წმიდა მიწა, სადაც მოძღვარს მოსეს მსგავსად „მხოლოდ ფეხშიშველს“ თუ შეუძლია შესვლა, კრძალვით, იმ მეზვერეს მსგავსად, რომელიც იდგა ტაძრის შესასვლელში თვალებდახრილი, რადგან იცოდა, რომ ეს იყო ცოცხალი ღმერთის სახლი და რომ მას არა აქვს უფლება შევიდეს იქ მანამ, სანამ უფალი არ მოუხმობს. მოძღვრის ერთ-ერთი მოვალეობაა აღზარდოს ადამიანი სულიერ თავისუფლებაში, რომ ყოველი წვრილმანის გადასაწყვეტად მასთან გამორბოდეს. მოძღვარმა იგი უნდა აღზარდოს ისე, რომ თავადაც ისწავლოს იმის შეგრძნება, რასაც სული წმიდა დაადებს გულზე.
რომ გავიგოთ, რა არის მორჩილება, მოვიყვან ორ განსაზღვრებას: მორჩილება ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ემორჩილება ღვთის ნებას, ეძლევა მას მთლიანად, სიხარულით და ამბობს: „იყოს უფალო ნება შენი, როგორც შენ გსურს“. ამის შემდეგ იგი მშვიდად ხვდება ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. ყველაფერი ღვთისგანაა: კეთილიც და საშინელიც. ღმერთმა ჩვენ გვიხმო, რომ ვიყოთ მისი მოციქულები დედამიწაზე. იგი ჩვენ გვიხმობს იქ, სადაც წყვდიადია, რათა შევიტანოთ ნათელი, სადაც სასოწარკვეთაა - იმედი, სადაც სიხარული ჩამკვდარა - სიხარული. ჩვენი ადგილი იქ კი არაა, სადაც სიმშვიდეა, მაგალითად ტაძარში, სადაც ლიტურგიისას ჩვენ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით, არამედ იქ, სადაც მარტონი ვდგავართ, როგორც ქრისტეს მხედარნი, ამ გაუკუღმართებული სამყაროს წყვდიადში.
ლათინურად სიტყვა „მორჩილება“ ნაყოფიერ ნიადაგს ნიშნავს.
„დაუკვირდით რას წარმოადგენს მიწა, - წერს თეოფანე დაყუდებული, - წევს იგი მდუმარე, გახსნილი, მოწყლული და ნატანჯი ცის ქვეშ. იღებს მისგან თაკარა სიცხესაც და მზის სხივებსაც, წვიმასაც და ცვარსაც, ასევე იღებს ნეხვს და ყველაფერს, რასაც მასში ვყრით, სანაცვლოდ კი იძლევა ნაყოფს. და რაც უფრო მეტად იტანს იმას, რასაც ჩვენ ვეძახით დამცირებას, შეურაცხყოფას, მით მეტი ნაყოფი გამოაქვს“.
მორჩილებაც მდგომარეობს იმაში, რომ გავიხსნათ ღვთის წინაშე მთლიანად და არანაირად არ დავიფაროთ თავი მისგან, სული წმიდის მოქმედებისგან, ქრისტეს ხატებისაგან და მისი მოძღვრობისაგან, ვიყოთ მოწყვლადნი მადლისადმი ისევე, როგორც ჩვენი ცოდვისას ვართ დაუცველნი ადამიანთა ავსიტყვაობისაგან, სასტიკი ქმედებისაგან, დაცინვისაგან; მივეცეთ ღმერთს ისე, რომ ჩვენივე ნებით ღმერთმა იმოქმედოს ჩვენზე, იმოქმედოს, როგორც თავად ნებავს და რაც არ უნდა ისურვოს, ყველაფერი მივიღოთ, გავეხსნათ და ასე მივცეთ საშუალება სული წმიდას დაგვიმორჩილოს.
მე მგონი, მოძღვარი თუ შეეცდება ასეთი მორჩილების შესწავლას, თუ შეეცდება დაინახოს ადამიანში მშვენიერება, თუ ეცოდინება თავისი ადგილი, მშვენიერი და წმიდა, ადგილი სიძის მეგობრისა, რომლის დანიშნულებაა, გაუფრთხილდეს სიძე-პატარძლის შეხვედრას, მაშინ მოძღვარი, მართლაც, გახდება თავისი სულიერი შვილის თანამგზავრი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვება მას, დაიცავს, ხელს მოჰკიდებს და არასდროს შეიჭრება სული წმიდის სფეროში. მაშინ მოძღვრობა იქცევა სულიერების ნაწილად, რისთვისაც თითოეული ჩვენგანია მოწოდებული, და ადამიანი იწყებს სულიერად ზრდას, რაშიც ყოველი მოძღვარი უნდა ეხმარებოდეს თავის სულიერ შვილს.
წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ.
დატოვეთ კომენტარი
ОтветитьУдалить