воскресенье, 23 февраля 2014 г.

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია


„როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი განსხვავდება მეორისგან, ყველა თავისებურ მოვლას მოითხოვს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასევე განსხვავდება ერთიმეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც ყველაფერი ეადვილება, მაგრამ ისეთიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს. ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში, მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორსაც ვირი - არღნის დაკვრაში; ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან პოეზია ან ლოგიკა და სხვა" (დ. უზნაძე).
სწორედ ამ იდეას ავითარებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰ. გარდნერი თავის მრავალმხრივი ინტელექტის საკმაოდ პოპულარულ თეორიაში. მან შეიმუშავა მრავალმხრივი ინტელექტის კონცეფცია და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინტელექტი არ არის ერთიანი მონოლითი. გარდნერმა გამოყო ინტელექტის 10 სახეობა და მათი შესაბამისი სწავლის სტილი: 1) ლინგვისტური; 2) ლოგიკურ-მათემატიკური; 3) სივრცითი (ვიზუალური); 4) ფიზიკურ-სხეულებრივი; 5) მუსიკალური (სმენითი); 6) შიდაპიროვნული (ინტრაპერსონალური); 7) პიროვნებათაშორისი (ინტერპერსონალური); 8) ნატურალისტური; 9) სულიერ-გონითი; 10) პრაქტიკული.
ინტელექტის ასეთი მრავალგვარობის გათვალისწინებით უკეთ ხერხდება იმის ახსნა, რა არის ჭკუა, გონებამახვილობა, საზრიანობა, მოხერხებულობა, ნიჭი, ტალანტი და სხვა.
ინტელექტის ის ნაირსახეობები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ყველა ადამიანს აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომელი ნიჭი რა ზომით არის ჩვენში. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტელექტის ყველა ეს ნაირსახეობა ექვემდებარება ვარჯიშსა და განვითარებას. შეგვიძლია, განვავითაროთ ისინი ჩვენივე ძალისხმევით, ოღონდ თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რას ვფლობთ და რის სრულყოფას ვაპირებთ.
გთავაზობთ Mary Ann Christison-ის ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში (ეს ტესტი შემუშავებულია მანამდე, ვიდრე გარდნერი ორ უკანასკნელ პუნქტს დაამატებდა ინტელექტთა ჩამონათვალს).

ინსტრუქცია: შეაფასეთ თითოეული დებულება
0 - არ ვეთანხმები;
1 - ნაწილობრივ ვეთანხმები;
2 - სავსებით ვეთანხმები.

ლინგვისტური ნიჭიერება
• ვწერ და გამოვცემ სტატიებს;
• ყოველდღიურად ვკითხულობ ისეთ რამეს, რაც ჩემს სამუშაოს არ უკავშირდება;
• ყურადღებას ვაქცევ რეკლამებს და აბრებს;
• ვუსმენ რადიოს და ვუყურებ სატელევიზიო შემეცნებით პროგრამებს;
• მიყვარს კროსვორდების შევსება;
• გაკვეთილზე ვიყენებ დაფას, თვალსაჩინოებებს, პლაკატებს;
• კარგად ვწერ წერილებს;
• ჩემი ნაწერები მომწონს;
• ადვილად ვიმახსოვრებ სიმღერის ტექსტს;
• მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ კითხვით და წერით სამუშაოს.

მუსიკალური ნიჭიერება
• ვუკრავ მუსიკალურ ინსტრუმენტზე;
• მუსიკის რიტმის დაჭერა და აყოლა არ მიჭირს;
• სიმღერისას ხმას ადვილად ვუწყობ;
• მყისვე ვამჩნევ, როდესაც ვინმე არასწორად მღერის;
• კარგი ხმის ტემბრი მაქვს;
• გაკვეთილზე ვიყენებ სიმღერებს;
• მანქანაში, სახლში, სამსახურში - ყველგან მიყვარს მუსიკის მოსმენა;
• ბევრი სიმღერა ვიცი, განსაკუთრებით - მისამღერი;
• ხშირად ვღიღინებ მელოდიას;
• საყვარელი მუსიკა კარგ განწყობაზე მაყენებს.

ლოგიკურ-მათემატიკური ნიჭიერება
• მიყვარს ანგარიში, გაზომვა, გამოთვლა;
• ადვილად ვანგარიშობ გონებაში;
• მიყვარს ბანქოს თამაში;
• სკოლაში მათემატიკა მიყვარდა;
• მჯერა, რომ ყველაფერი რაციონალურია და ლოგიკური;
• მიყვარს თავსატეხები;
• მაინტერესებს ახალი სამეცნიერო მიღწევები;
• კერძის მომზადებისას ზუსტად ვიცავ ინგრედიენტების მითითებულ რაოდენობას;
• მიყვარს კლასში პრობლემების გადასაჭრელ ამოცანებზე მუშაობა;
• ჩემი მოსწავლეები ორგანიზებულნი არიან.

სივრცითი ნიჭიერება
• ყურადღებას ვაქცევ ჩემი სამოსის ფერთა შეხამებას;
• მიყვარს ფოტოსურათების გადაღება;
• მიყვარს ხატვა;
• მიყვარს დასურათებული წიგნების კითხვა;
• მიყვარს ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, გრაფიკები, ცხრილები;
• უცხო გარემოში ადვილად ვიგნებ გზას;
• გაკვეთილზე ვიყენებ სურათებსა და სლაიდებს;
• მიყვარს მოზაიკა და ლაბირინთები;
• გეომეტრიაში ძლიერი ვიყავი;
• საკლასო ოთახში ადვილად ვამჩნევ სწავლისთვის მისი დიზაინის ეფექტიანობას.

კინესთეტიკური ნიჭიერება
• მიყვარს სეირნობა;
• მიყვარს ცეკვა;
• მიყვარს სპორტი და მივდევ/მივდევდი კიდეც;
• მიყვარს ხელსაქმე;
• კითხვით სწავლას კეთებით სწავლა მირჩევნია;
• საუკეთესო აზრები მოძრაობის დროს მომდის თავში;
• მიყვარს კლასგარეშე აქტივობები;
• მიჭირს დიდხანს ჯდომა;
• კლასში ხშირად ვატარებ მოძრავ აქტივობებს;
• ჩემს გატაცებათა უმრავლესობა ფიზიკურ აქტივობებს მოიცავს.
ინტრაპერსონალური ნიჭიერება
• ხშირად ვუთმობ დროს მეტიდაციას, - ღრმად ჩავფიქრდები ხოლმე;
• დამოუკიდებელი პიროვნება ვარ;
• ვაწარმოებ დღიურს, ვიწერ ფიქრებს;
• გაკვეთილის საკუთარი ვარიანტი მირჩევნია წიგნის მიყოლას;
• კლასში ვიგონებ ახალ-ახალ აქტივობებს;
• იმედგაცრუების შემდეგ ადვილად ვუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას;
• მაქვს ღირებულებები და ვიქცევი მათ შესაბამისად;
• მაქვს ინტერესები და გატაცება, რომლებიც ძალიან მიყვარს;
• მიყვარს დამოუკიდებელი მუშაობა და მოსწავლეებსაც ვთავაზობ მას;
• კლასში ვიყენებ „წყნარ წუთებს" რეფლექსიისთვის.

ინტერპესონალური ნიჭიერება
• შინ მარტო ყოფნას წვეულებაზე წასვლა მირჩევნია;
• მიყვარს საკუთარი პრობლემების მეგობართა წრეში განხილვა;
• მეც ხშირად მომმართავენ მეგობრები თავიანთი პრობლემებით;
• სიამოვნებით ვერთვები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში;
• მიყვარს მეგობრების გართობა და წვეულებები;
• ხშირად ვიღებ ლიდერის როლს;
• მიყვარს სწავლება და სხვებისთვის იმის ჩვენება, რას როგორ ვაკეთებ;
• მყავს ერთზე მეტი უახლოესი მეგობარი;
• ბევრ და უცნობ ხალხში თავს კარგად ვგრძნობ;
• სწავლებისას მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვრთავ.

საბუნებისმეტყველო ნიჭიერება
• ადვილად ვცნობ სხვადასხვა ჯიშის ფრინველს;
• ადვილად ვცნობ სხვადასხვა ჯიშის მცენარეს;
• მიყვარს ბაღში მუშაობა;
• მიყვარს ცხოველების ყოლა;
• ადვილად ვცნობ მანქანის მარკას;
• ღრუბლების მიხედვით ადვილად ამოვიცნობ მოსალოდნელ ამინდს;
• ადვილად ამოვიცნობ სარეველას მცენარეებს შორის;
• მიყვარს სახლის გარეთ, ბუნებაში, დროის გატარება;
• მაინტერესებს ქვები და მინერალები;
• შინ და საკლასო ოთახში ქოთნის მცენარეები მაქვს.
შეკრიბეთ ქულები.
როგორია თქვენი შედეგი? დებულებათა რომელ ჯგუფში მიიღეთ უმაღლესი ქულა? რომელში მიიღეთ უმცირესი?

წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий