воскресенье, 23 февраля 2014 г.

დანინგ-კრუგერის ეფექტი



უცოდინარი, რომელმაც არ იცის რომ უცოდინარია
ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა ახალგაზრდა მოწაფემ ჰკითხა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რაზეც წინა წელს დარწმუნებით საუბრობდა. ანაქსიმენემ ქვიშაზე ორი წრე დახაზა, ერთი დიდი და ერთი პატარა და თქვა: პატარა წრე-ეს არის ის რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი, დიდი წრე არის ის რაც ვიცი ახლა. წლების განმავლობაში ჩემი ცოდნის საზღვრები იზრდება. ყველაფერი რაც ცოდნის წრის გარშემოა არის უცოდინრობა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას არცოდნასთან, მით მეტ შეკითხვას და ეჭვს ბადებს. როგორც ანაქსიმენეს ახსნიდან ვიგებთ, ცოდნასა და უცოდინრობას შორის არსებობს შემდეგი სახის დამოკიდებულება – რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა კონკრეტული თემის გარშემო მით უკეთ აცნობიერებს იმას რა არ იცის. არსებული ცოდნა მას აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რა ინფორმაციას ფლობს და კიდევ რა სჭირდება, იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს. მაგრამ ამავდროულად, მისი თავდაჯერებულობა იკლებს, რადგან შეფასებაში უფრო კრიტიკული ხდება, ცდილობს საკითხის სრულყოფილ გააზრებას, რაც ხშირ შემთხვევაში, იმდენად რთული და მრავალმხრივია, რომ ძნელი ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. უცოდინარ ადამიანს ეს არ აწუხებს, მისი თვალსაზრისი და გადაწყვეტილება ყოველთვის მყარია, რადგან არ აქვს ინფორმაცია იმ უამრავი დეტალის შესახებ, რაც კონკრეტულ საკითხს შეიძლება ეხებოდეს და რაც შეიძლება რომ ეჭვისა და მერყეობის საფუძველი გახდეს.
ამდენად, უცოდინარის თავდაჯერებულობა და მცოდნის მოკრძალებულობა ერთი მოვლენის 2 მხარეა, რაც ქვიშაზე დახატული წრეებით ახსნა ანაქსიმენემსაუკუნეების შემდეგ კი მეცნიერულად დადასტურდა ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში.
1999 წელს დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა, თავიანთ ნაშრომში “Unskilled and Unaware of It: How Difficulties of Recognizing One’s Own Incompetence Lead to Inflated Self-assessments,“ მეცნიერულად აღწერეს და დაასაბუთეს ის, რასაც შემდგომში დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდა. 2000 წელს კი მკვლევარებს აღნიშნული ნაშრომისათვის მიენიჭათ Lg ნობელის პრემია1. ანაქსიმენე-დანინგ-კრუგერის ეფექტი გულისხმობს უცოდინარი ადამიანების მიდრეკილებას, გადაჭარბებულად შეაფასონ საკუთარი უნარები და მიანიჭონ მათ საშუალოზე ბევრად მაღალი დონე. თავიანთ ნაშრომში, რომელიც მეტად პოპულარული გახდა, ამ ეფექტის საილუსტრაციოდ მკვლევარებს მოჰყავთ შემდეგი ისტორია:
1995 წელს პიტსბურგში მცხოვრებმა მაკარტურ ვილერმა დღისით 2 ბანკი გაძარცვა და მიიმალა. მოგვიანებით, საღამოს 11 საათზე, მას შემდეგ რაც მედიასაშუალებებმა ბანკების სათვალთვალო კამერებით გადაღებული ძარცვის ამსახველი კადრები გაავრცელეს, ვილერი დააპატიმრეს. პოლიცის განყოფილებაში მას ვიდეოჩანაწერი ანახეს. ვილერი გაოგნებას ვერ მალავდა: „კი მაგრამ მე ხომ წვენი გამოვიყენე“ ჩურჩულებდა ის.
ბატონ ვილერს ძარცვის დროს სახეზე ლიმნის წვენი ჰქონდა წასმული და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეს მის გამოსახულებას კამერისთვის უხილავს გახდიდა.
1lg ნობელის პრემია (Ig Nobel Prize) – პრიზი, რომელიც გადაეცემათ ისეთი ორიგინალური და უჩვეულო მეცნიერული აღმოჩენის ავტორებს რომლებიც თავდაპირველად სკეპტიკურად და იუმორისტულად განაწყობს საზოგადოებას მოცემული საკითხისადმი, შემდეგ კი დააფიქრებს.
უსაფუძვლო თავდაჯერებულობის მსგავსი შემთხვევები მეტად გავრცელებული და საინტერესოა, მეცნიერები ასკვნიან, რომრაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა კონკრეტული თემის შესახებ, მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში და არ შეუძლია სხვისი კომპეტენტურობის შეფასება, იმისთვის, რომ რომელიმე დარგშისაკუთარი ცოდნის დონე განსაზღვრო, ამ დარგის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდე.
აღნიშნულ ფსიქოლოგიურ მოვლენას დანინგი აკავშირებს ისეთ ფიზიოლოგიურ დაავადებასთან, როგორიცაა ანოსოგნოსია. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი პარალიზებულია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში არსებული დაზიანების გამო, თუმცა ვერ აღიქვამს ამ ყველაფერს, რადგან ასევე დაზიანებულია ნერვი, რომელიც აღქმის სისწროეზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, როდესაც ასეთ ადამიანეს ეუბნებიან რომ აიღოს ფანქარი, რომელიც მისგან მარცხნივ დევს ის ხედავს, რომ ვერ ასრულებს დავალებას, მაგრამ მიზეზად მოჰყავს არა ის რომ არ შუეძლია, არამედ ამბობს, რომ დაღლილია ან ამბობს, რომ არ სჭირდება ფანქარი და ა.შ.
მსგავსად ამისა, არაკომპეტენტურმა ადამიანებმა არ იციან, რომ არ აქვთ კონკრეტული უნარები დავალების შესასრულებლად, ეს მეტაკოგნიტური უუნარობა არის ანოსოგნოსიის ანალოგია ფსიქოლოგიაში.
ჩვენ ყველას გვინახავს, ან ვიცნობთ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში დანინგ-კრუგერის ეფექტს განასახიერებს: არაერთხელ გავმხდარვართ მოწმენი, როგორ იძლევა მეცნიერებაში სრულიად გაურკვეველი ჰოლივუდელი კინომსახიობისამედიცინო რჩევებს დიეტისა თუ პლასტიკური ქირურგიის შესახებ ისე, რომ საკუთარი მოსაზრების სისწორეს ეჭვქვეშაც კი არ აყენებს.
ვიცნობთ სტუდენტს, რომელიც უკმაყოფილოა საგამოცდო ტესტში მიღებული დაბალი შეფასებით და მზადაა თავისი წარუმატებლობის მიზეზად ლექტორების
არაობიექტურობიდან დაწყებული მთელი განათლების სისტემის გაუმართაობაზე ისაუბროს ისე, რომ თავის ნიჭიერებასა და უნარებში ეჭვიც არ შეეპაროს.
გვინახავს კადრები სატელევიზიო შოუებიდან როცა კონკურსანტი, ღრმად დარწმუნებული თავის ვოკალურ, თუ სხვა სახის მონაცემებში, როგორ აგრესიულად იღებს კომპეტენტური ჟიურის უარყოფით შეფასებას, არ იზიარებს მის შენიშვნას და არ აინტერესებს სხვისი აზრი. ეს შემთხვევები არ არის მხოლოდ ეთიკისა და ზრდილობის ნორმების დარღვევა, მათ უბრალოდ არ იციან, როგორი უნდა იყოს კარგი შესრულება.
დანინგმა და კრუგერმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, სადაც სტუდენტებს სთხოვდნენ სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულებას და შემდგომში საკუთარი შედეგების პროგნოზირებას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა ტესტში დაბალი შედეგების მქონე სტუდენტებმა გამოავლინეს მაღალი თვითშეფასება. თუ მათი რეალური შედეგი იყო 12 ქულა, წინასწარმეტყველებდნენ, რომ ექნებოდათ 60 ქულა.
ამის საპირისპიროდ, სტუდენტები, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი შედეგები შედარებით დაბალ ქულებს პროგნოზირებდნენ, 90 ქულის მქონე ამბობდა, რომ მისი შედეგი იქნება სავარაუდოდ 80.
ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ უცოდინრები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, მაშინ როცა მცოდნეებს მეტი თავმდაბლობა ახასიათებთ.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, დანინგისა და კრუგერის მიხედვით, ცოდნასა და თავდაჯერებულობას შორის არსებობს შემდეგი დამოკიდებულება: ნულოვანი ცოდნა ნიშნავს ნულოვან თავდაჯერებულობას, მაგრამ როგორც კი ჩნდება მცირე ცოდნა, თავდაჯერებულობა მკვეთრად იზრდება და მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ, გარკვეულ ეტაპამდე, ცოდნის ზრდასთან ერთად საკუთარი შესაძლებლობებზე არსებული წარმოდგენა მცირდება მერე კი ისევ იმატებს, თუმცა მცოდნე ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი, როგორც უცოდინარის.
აღნიშნული იდეა დანინგსა და კრუგერამდე დიდი ხნით ადრე გამოხატა ბევრმა მეცნიერმა თუ მწერალმა. ბერტრან რასელითავის ნაშრომში ‘The Triumph of Stupidity’ ამბობს: „ჩვენი დროის ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ის არის, რომ ისინი ვინც თავდაჯერებულობას გრძნობენ უცოდინრები არიან, ხოლო ისინი ვისაც აქვთ წარმოსახვისა და გაგების უნარი ეჭვითა და გაუბედაობით არიან სავსე“. მანამდე კი ჩარლზ დარვინმა აღნიშნა, რომ „უმეცრება უფრო ხშირად წარმოშობს თავდაჯერებულობასვიდრე განათლებულობა“(The Descent of Man, 1871). ანაქსიმენე-დანინგ-კრუგერის ეფექტის გავლენა როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ღრმა და მასშტაბურია, დისკუსიები ინაცვლებს ისეთ
საკითხებში, როგორიცაა დანინგ-კრუგერის ეფექტის გავლენა დემოკრატიაზე, რეფორმებსა თუ კლიმატის ცვლილების შერბილების მცდელობებზე. არსებობს მოსაზრება, რომ დემოკრატიის ყველზე დიდი პრობლემა სწორედ დანინგ-კრუგერის ეფექტია,ვინაიდან არაკომპეტენტურმა ადამიანებმა არ იციან თავიანთი არაკომპეტენტურობის შესახებ და სხვისი კომპეტენტურობის გარჩევაც არ შეუძლიათ, როცა ასეთი ადამიანები ირჩევენ მთავრობას, როგორ შიეძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს? ნებისმიერი რეფორმის წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებულია საზოგადოების მხარდაჭერასა და არჩევანზე, საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული რეფორმის სპეციფიკისა და შინაარსის შესახებ, უფრო მეტიც, შესაძლებელია ექსპერტების მიერ შემუშავებული სპეციფიკური საკითხების სრულყოფილი გააზრება პოლიტიკოსისთვისაც ძნელი იყოს და მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოს. სად არის გარანტია იმისა, რომ მსგავს პირობებში მიღებული რეფორმა წარმატებული იქნება?
ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ დამატებით ტრენინგსა და სხვადასხვა საგანამანათლებლო ღონისძიებას შეუძლია დანინგ-კრუგერის ეფექტის შემცირება. როცა ადამიანი ამა თუ იმ საკითხის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იღებს და ზოგად წარმოდგენას იქმნის, ის უკვე აცნობიერებს, რომ თავისი სუბიექტური აზრის გარდა არსებობს განსხვავებული შეხედულებაც და ყველაფერი არც ისე ადვილადაა, როგორც თავიდან ეგონა.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ არსებობს რამდენიმე საშუალება იმისა, რომ გარკვეულწილად შემცირდეს აღნიშნული ეფექტის ზემოქმედება. ამისათვის კი, როგორც მეცნიერები ამბობენ, საჭიროა:
ადამიანმა უბრალოდ გაიგოს და იცოდეს ამ ეფექტის არსებობის შესახებ და ისწავლოს მისი აღმოჩენა საკუთარ თავსა და სხვებზე დაკვირვებით.
საკუთარი აზრის გამოთქმამდე და არჩევანის გაკეთებამდე კარგია დავფიქრდეთ და რეალურად გავიაზროთ, რა ვიცით ამ კონკრეტული საკითხის შესახებ რა გამოცდილება გვქონია, როგორ შეიძლება გავიგოთ მეტი რამ, რა არის ის რაციონალური არგუმენტები რაც ჩვენს მოსაზრებას ეწინააღმდეგება ?
ყველაზე ფასეული კი სპეციალისტების შეფასებებია, იმ ადამიანებისა, ვინც მუშობენ ამა თუ იმ საკითხზე და კარგად ერკვევიან მასში. თუ კლიმატოლოგი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება სერიოზული პრობლემაა მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს რეალურად ასეა. საჭიროა კონკრეტულ დარგში ამ დარგის სპეციალისტის მოსაზრების მოსმენა. ხომ არავინ მიაკითხავს გულის ოპერაციისთვის მანქანის ხელოსანს? ასევე ყველა დარგში პროფესიონალების აზრი გადამწყვეტია..
პრობლემის მოგვარების ძირითადი გზა კი ისევ და ისევ განათლება და მისი უდიდესი როლის აღიარებაა. განათლებულობა, რომელიც როგორც ანატოლ ფრანსი ამბობდა, არ არის ის რა ვიცით, განათლებულობა არის უნარი შეგვეძლოს განვაცალკევოთ ერთმანეთისგან ის რაც ვიცით და რაც არ ვიცით.


ჟურნალი "ოთხი მოტივი" 

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი



4motivi.com
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий