вторник, 27 августа 2013 г.

IBM: ახალი ჩიპი და პროგრამული უზრუნველყოფა თავის ტვინის იმიტაციისათვის


კომპანია IBM-ში მიმდინარეობს მუშაობა ახალი ტიპის მიკროჩიპისა და ახალი პროგრამირების ენის შესაქმნელად. ამის წყალობით მოხერხდება ხელოვნური თავის ტვინის შექმნა. ახალი ელექტრონული მოწყობილობა იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც ადამიანის თავის ტვინი, მაგრამ დამზადდება არაბიოლოგიური მასალისაგან.

ალმადენის (IBM) კვლევითი ცენტრის მეთაურმა, დჰარმენდრა მოდჰამ (Dharmendra Modha) განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შეიმუშავა პროგრამირების ახალი ენა, რომელიც განკუთვნილია თავის ტვინის მუშაობის იმიტაციის უნარის მქონე კომპიუტერული პროგრამის შესაქმნელად. პროგრამირების ახალი ენის წყალობით ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება ასწავლო გარემოს შესწავლა, ახლის შემეცნება, სხვადასხვა მოვლენაზე რეაგირება. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას IBM თავდაპირველად გეგმავს მარტივი პროგრამების შესაქმნელად – მაგალითად, ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც ბრმის გამყოლ ძაღლს შეცვლის ანდა ნაღმის მოძებნას შეძლებს და ა.შ. მომავალში ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები გაფართოვდება – სამეცნიერო ძიებამდე და ახალი ცოდნის შექმნამდე.
„ცხადია, რომ ადამიანის თავის ტვინის ორგანულ ასლს ვერ შევქმნით, ამისათვის არც ტექნოლოგია და არც ცოდნა გაგვაჩნია, – განაცხადა დჰარმენდრა მოდჰამ. – მაგრამ შევეცდებით შევქმნათ მისი ხელოვნური ანალოგი. ამისათვის შემუშავდა განსაკუთრებული ჩიპი – სინაფსის იმიტაცია. ის პროცესორსა და მეხსიერების მოწყობილობას აერთიანებს. ასეთი ჩიპებით შესაძლებელია ქსელის შექმნა, რომელიც ნეირონულის მსგავსი იქნება. პროგრამირების ახალი ენის წყალობით ასეთი ქსელი სხვადასხვა ინტელექტუალური ამოცანის გადაჭრას შეძლებს".
00000000000000spiral full 660x392
დჰარმენდრა მოდჰას მიერ წარმოდგენილია ნეიროსინაფსური ბირთვის ელექტრონული სქემა, რომელიც ადამიანის სინაფს არ ჰგავს, მაგრამ იგივე პრინციპით ფუნქციონირებს.

დჰარმენდრა მოდჰა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში IBM-ის ახალი პროექტი სამყაროს ვერ შეცვლის, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისათვის ელექტრონიკის ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს კაცობრიობის გადასვლას სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ახალ დონეზე.
თანამედროვე ელექტრონიკის მუშაობის პრინციპები ჩამოაყალიბა ჯონ ფონ ნეიმანმა 1940-იან წლებში. ციფრული კომპიუტერის არქიტექტურა დღემდე ეფუძნება ნეიმანის სქემას: ცენტრალური პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და მონაცემთა შესანახი მოწყობილობა. შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფა სწორედ ამ სქემის მიმართ არის ადაპტირებული. შესაბამისად, დჰარმენდრა მოდჰა თქმით, თავის ტვინის მუშაობის იმიტაცია არსებული პროგრამული უზრუნველყოფითა და კომპიუტერებით შეუძლებელია.
IBM-ის ახალ ჩიპს „ნეიროსინაფსური ბირთვი" დაარქვეს. ესაა ჩვენი ნერვული სისტემის ძირითადი „სამშენებლო მასალის" – ნეირონისა და სინაფსის – იმიტაცია. შესაძლებელია ბირთვების სხვადასხვა ზომის ქსელად გაერთიანება. ამისათვის ამ ქსელისათვის პროგრამირების ახალი ენის გამოყენებით იწერება ავტონომიური პროგრამული მოდელი სახელად „corelet" (applet – გამოყენებითი მინი-პროგრამის – ანალოგიით). ასეთი მოდული შეძლებს, მაგალითად, ბგერის ან ფერის „ამოცნობას". შესაძლებელი იქნება ასეთი მოდულების გაერთიანებაც და, შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის შექმნა – როგორც პრიმიტიულისა, ისე ურთულესისა.
IBM-ს ახალი ჩიპის დეტალური აღწერა ანდა ახალი პროგრამირების ენაზე დაწერილი პროგრამის მაგალითები არ გამოუქვეყნებია. დჰარმენდრა მოდჰას ნათქვამიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ღირებული პროგრამა ჯერ-ჯერობით მზად არ არის, მაგრამ უკვე შექმნილია 150 მარტივი corelet, რომელსაც შეუძლია მოძრაობის შემჩნევა და მარტივი თამაშების თამაში. მეცნიერებს განზრახული აქვთ ჯერ 250-მდე corelet შექმნა, შემდეგ კი პროგრამირების ენის დახვეწა, რომელიც, მათი განცხადებით, სამყაროს შეცვლის.
IBM-ს პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. უზარმაზარი გამოთვლითი სიმძლავრის მიუხედავად, თანამედროვე ელექტრონიკა ძალიან „უტვინოა". უმარტივესი ამოცანების გადასაწყვეტადაც კი (მაგალითად, რობოტის მიერ დაბრკოლების აღმოჩენა და იდენტიფიცირება) საჭირო ხდება ძვირად ღირებული აპარატურისა და ურთულესი სოფტის გამოყენება, მაშინ როცა ცხოველი ასეთ ამოცანას მყისიერად და რესურსების მინიმუმის გამოყენებით წყვეტს. გარდა ამისა, თანამედროვე მეცნიერება იმდენად გართულდა, რომ პროგრესის ტემპის შენარჩუნება სულ უფრო დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მეცნიერებს სჭირდებათ დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის დახმარება. მაგრამ, როგორც ჩანს, IBM-ს ახალი პროექტს ამგვარი შედეგის მიღწევამდე სულ მცირე ათწლეული აშორებს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий