вторник, 27 августа 2013 г.

დოგმატიკა-პოლემიკა


სოსო მახარაშვილი

დოგმატიკა ქრისტიანული მოძღვრების ფუნდამენტი, მისი საფუძველთა-საფუძველია. ტერმინი „დოგმა“ (to dovgma) ბერძნულია და ნიშნავს: „თვალსაზრისს“, „შეხედულებას“, „დადგენილებას“, „მოძღვრებას“, „სწავლებას“,ქრისტიანული დოგმატები - ეს იგივე ფორმულებია, რომლებშიც ჩამოყალიბებულია მართლმადიდებლური სარწმუნოების უმთავრესი დებულებები. თითოეული ეს დოგმატი-ფორმულა ემყარება საღმრთო წერილს და გადმოსცემს გამოცხადებული სიბრძნის ამა თუ იმ მხარეს, დადგენილებათა და განაწესთა სახით.
დოგმატიკა ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზევე წარმოიშვა. წმინდა მამებმა და ეკლესიის მოძღვრებმა იმთავითვე ხელი მოჰკიდეს სარწმუნოების არსებით დებულებათა ფორმულირებას. თუმცა დოგმატიკური მწერლობა განსაკუთრებით განვითარდა IV საუკუნიდან, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ამ დროიდან მოყოლებული ეკლესიის წიაღში განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი მწვალებლობამ და სექტანტობამ, რაც ემყარებოდა რჯულის ამა თუ იმ საკითხის მცდარ ინტერპრეტაციას. ამიტომ IV-VIII საუკუნეებში შვიდმა მსოფლიო და რამდენიმე ადგილობრივმა კრებამ, რომლებიც სული წმინდის მადლით დაზღვეული იყო ცდომილებებისაგან მართლმადიდებლური მოძღვრების უმთავრესი დებულებების მკაცრი რეგლამენტაცია დააწესა. ქრისტიანული სწავლების უცთომელ ფორმულებში ჩამოსხმამ კი, ერთი მხრივ, ალაგმა სოკოებივით მომრავლებული ერესები და ცრუ მოძღვრებანი, ხოლო, მეორე მხრივ, სისტემაში მოიყვანა და სრულყოფილი სახე მისცა ორთოდოქსულ ღვთისმეტყველებას.
ქრისტიანული დოგმატიკის წყაროა ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა „მრწამსი“, ანუ „სარწმუნოების სიმბოლო“, რომელიც საღმრთო წერილსა და გადმოცემაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. „მრწამსი“- ესაა სარწმუნოების ერთგვარი კონსპექტი, ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამება. არსებობს მისი სხვადასხვა ვარიანტები: ე.წ მოციქულთა სიმბოლო, კესარიული, ანტიოქიური, კვიპროსული და ალექსანდრიული სიმბოლოები. ნიკეისა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებებზე (325 წ., 381 წ.) იქმნება „მრწამსის“ ერთი კანონიკური ტექსტი, რასაც ხელი უნდა შეეწყო ქრისტიანთა შორის ერთსულოვნების განმტკიცებისათვის. ამ კრებებზე კანონდება სწორედ თორმეტმუხლიანი, ანუ წევრიანი რეზიუმე-სიმბოლო, რომელიც ნახევარ გვერდზე იტევს ცითნაბოძი ფოლიანტის - ბიბლიის უმთავრეს სათქმელს. საეკლესიო ტრადიცია თითოეული წევრის პირველავტორად ასახელებს თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთს: პირველი მიეწერება პეტრეს, მეორე - იაკობ დიდს, მესამე - იოანეს, მეოთხე - ანდრიას, მეხუთე - ფილიპეს, მეექვსე - თომას, მეშვიდე - ბართლომეს, მერვე - მათეს, მეცხრე - იაკობ უმცროსს, მეათე - სვიმეონს, მეთერთმეტე - იუდას (ქრისტეს ხორციელ ძმას), მეთორმეტე - მატათეს (იუდა ისკარიოტელის მაგიერ რომ აირჩიეს).
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მრწამსის საფუძველზე განვითარდა და მის ერთგვარ განვრცობა-განმარტებას წარმოადგენს. მასში მთავარი ადგილი უკავია მოძღვრებას ერთი სამპიროვანი ღმერთის, ანუ ერთარსება სამების შესახებ. ესაა საკუთრივ თეოლოგია - ქრისტიანული სწავლება ღმერთზე, მის ბუნებასა და თვისებებზე, მისმიერ შესაქმეზე, წუთისოფელსა და უზენაესის მასთან მიმართებაზე და სხვ. თეოლოგია, ანუ ღვთისმეტყველება მოიცავს სხვა საკითხებსაც: მოძღვრებას ანგელოზებზე, ე.წ ანგელოლოგია; ბოროტების აღმოცენებაზე - დემონოლოგია; ადამიანზე - ანთროპოლოგია; ეკლესიაზე - ეკლესიოლოგია; ქვეყნიერების საბოლოო დღეზე - ესქატოლოგია.
ქართული დოგმატიკური მწერლობა არსებითად ნათარგმნი ხასიათისაა. ჯერ კიდევ ჩვენი მწერლობის ადრინდელ პერიოდში არის თარგმნილი ქართულად ისეთ ღვთისმეტყველთა თხზულებები, როგორებიც იყვნენ: იპოლიტე რომაელი (IIIს.), აფრაატი (IVს.), კირილე ალექსანდრიელი (Vს.), თეოდორე აბუკურა (VIII-IX ს.ს.). გარდა ამისა, ბევრი ძეგლი ამ პერიოდისა დაკარგულია და მათ შესახებ ნაწილობრივ მხოლოდ წერილობითი წყაროებითღა შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ქართული დოგმატიკური მწერლობა კლასიკურ პერიოდში. ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელებმა, თეოფილე ხუცესმონაზონმა, ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა და ნიკოლაოზ გულაბერისძემ ქართულ ენაზე გადმოიღეს თითქმის ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ნაწარმოები ქრისტიანული ლიტერატურისა. ჩვენი მწერლობა გამდიდრდა და გამრავალფეროვანდა ისეთ დიდ „მესჯულეთა“ თხზულებებით, როგორებიც იყვნენ: ათანასე ალექსანდრიელი (IVს.), ბასილი დიდი (IVს.), გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.), მაქსიმე აღმსარებელი (VIIს.), იოანე დამასკელი (VIIIს.) და სხვები. მარტო ის რად ღირს, რომ იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, რომელსაც „თეოლოგიის ჯამსაც“ უწოდებენ, სრულად არის თარგმნილი ქართულ ენაზე; ამასთან, მისი ყველაზე ფასეული, დოგმატიკური მესამე ნაწილის - „გარდამოცემაჲს“ თარგმანი სამჯერ არის შესრულებული - ჯერ ეფთვიმეს მიერ გამოკრებით, ხოლო შემდეგ ეფრემისა და არსენის მიერ სრულად (მისი თანამედროვე ქართული თარგმანი ეკუთვნის ე. ჭელიძეს.).
თუ პირველსა და მეორე პერიოდში ქართული დოგმატიკური ლიტერატურა ძირითადად ბერძნული ენიდან ითარგმნებოდა, მეოთხე პერიოდში, აღორძინების ხანაში, საეკლესიო მწერლობის ეს დარგი უმთავრესად რუსული თეოლოგიის გავლენით ვითარდებოდა ჩვენში და თარგმანებიც არსებითად ამ ენიდან იქმნებოდა. ამ მხრივ, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს უნიჭიერესი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის ანტონ კათოლიკოსის სამნაწილედი „ღვთისმეტყველება“, რომლის მთავარ წყაროს ფრანგული საღვთისმეტყველო ენციკლოპედია წარმოადგენს. ღირსშესანიშნავია აგრეთვე სულხან-საბას ნაშრომი „საქრისტიანო მოძღვრება“, ანუ „სამოთხის კარი“. იგი წარმოადგენს მოკლე კატეხიზმოს ყრმათათვის, რომელშიც დიალოგური ფორმით განმარტებულია ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი დოგმები.
დოგმატიკასთან განუყრელადაა დაკავშირებული სასულიერო ლიტერატურის ისეთი დარგი, როგორიცაა პოლემიკა. ეს უკანასკნელი გულისხმობს სიტყვისგებას, ლიტერატურულ პაექრობას სხვადასხვა რელიგიებთან თუ ქრისტიანულ მწვალებლობებთან. ერთი სიტყვით, თუ დოგმატიკა იყო ერთგვარი ფარი მართლმადიდებლობის გარეშე თუ შინაური მტრების მოსაგერიებლად, პოლემიკა იყო ის მახვილი, ის იდეური იარაღი, რომლითაც ქრისტიანობა შეტევას ახორციელებდა მტრული რელიგიებისა თუ მისსავე შიგნით აღმოცენებული ერესების წინააღმდეგ. ამიტომ საეკლესიო მწერლობის მრავალი ძეგლი ერთდროულად დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათისაა, ანუ პოლემიკურ ლიტერატურულ ნიმუშს ყოველთვის ახლავს დოგმატიკური ელემენტი და, პირიქით, დოგმატიკურ ნაწარმოებს არც თუ იშვიათად დაჰკრავს პოლემიკური ელფერი.
დოგმატიკასა და პოლემიკას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის საუცხოო ნიმუშს წარმოადგენს ძველ ქართულ მწერლობაში ცნობილი კრებული „დოღმატიკონი“, რომელიც 16 დოგმატიკურ და 31 პოლემიკურ ტრაქტატს აერთიანებს. მასში შესული თხზულებების უმეტესობა თარგმნილია, თუმცა გვხვდება ორიგინალური ნაშრომებიც. მისი მთარგმნელი და შემდგენელ-რედაქტორი არის არსენ ვაჩეს ძე იყალთოელი (XI-XII ს.ს.). კრებული, რომელიც იხსნება ანასტასი სინელის „წინამძღუარით“, უნიკალურია იმ მხრივ, რომ ასეთი სახის ძეგლი არ არსებობს არც ერთი ქრისტიანი ერის ლიტერატურაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო ქართველებისათვის „ქრისტიანობის დოგმატიკურ-ფილოსოფიური შინაარსის შესაგნებად და სხვადასხვა სარწმუნოებისა და მწვალებლობის პირის დასაყოფად“ (კ. კეკელიძე). მის შესამკობად იამბიკოც კი არის შეთხზული:
დოღმატიკონი ვარ მე წიგნი რწმენითთა,
სჯულთა საღმრთოთა გონების მქონთა მრთუმელი,
ქრისტიანეთა მზეებრ მანათობელი,
იუდეანთა და სარკინოზთა მარღ
და უთაოთა სომეხთ პირის დამჴშველი“ (K564, 300v).
პოლემიკური მწერლობა იდეოლოგიურ შეტევას ახორციელებდა წარმართობის, იუდაიზმისა და მაჰმადიანობის წინააღმდეგ, ხოლო ქრისტიანულ მწვალებლობათაგან - არიანობის, ნესტორიანობის, მონოფიზიტობის, ორიგენიზმის, ავგუსტინიზმის, მონოთელიტობის, ხატმბრძოლობის, კათოლიციზმის წინააღმდეგ.
წარმართობასთან ბრძოლა ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზევე მიმდინარეობდა და, ბუნებრივია, მან გარკვეული ასახვა ჰპოვა ჩვენი ძველი მწერლობის პირველი პერიოდის ძეგლებში. ეს ცხადლივ ჩანს როგორც „წმ. ნინოს ცხოვრებაში“, ისე „კოლაელ ყრმათა მარტვილობაში“. ანტიმაზდეანური პათოსითაა გამსჭვალული „შუშანიკის წამება“, ხოლო „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ მაზდეანობის საწინააღმდეგო პოლემიკას თეორიული დასაბუთებაც კი ახლავს, რისთვისაც აქ გამოყენებულია II საუკუნის ათენელი ფილოსოფოსის არისტიდეს „აპოლოგია“. ამავე „აპოლოგიას“ ემყარება აგრეთვე „აბიბოს ნეკრესელის წამების“ ავტორი, თუმცა არა უშუალოდ, არამედ გიორგი ამარტოლის „ხრონოღრაფის“ მეშვეობით.
იუდაიზმის საწინააღმდეგოდ ქართულ სინამდვილეში არაფერი შექმნილა, რადგან ებრაელობა თავისი რელიგიური მრწამსით საქართველოში იმდენად აქტიური არასოდეს ყოფილა, რომ იგი დაპირისპირებოდა ადგილობრივთა სარწმუნოებრივ მისწრაფებებს ან გავლენა მოეხდინა მათზე. ამიტომ ჩვენს ძველ მწერლობაში მთლიანად ნათარგმნი ხასიათისაა ანტიებრაული პოლემიკური თხზულებები, რომელთაგან ზოგიერთი შეტანილია არსენ იყალთოელის „დოღმატიკონში“.
გასაგები მიზეზების გამო ჩვენში განსაკუთრებით მწვავედ განიცდებოდა ისლამიზმი, რომელიც ისტორიულ მტრად მოევლინა საქართველოს და მუდმივად ცდილობდა წაეშალა ერის შეგნებაში ღრმად ფესვგამჯდარი ქრისტიანული მრწამსი. ამიტომ ანტიმაჰმადიანური ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებები მრავლად შეიქმნა ქართულ მწერლობაში. მარტო „აბო თბილელის მარტვილობა“ რად ღირს! ორიგინალურ სპეციალურ ნაშრომთაგან კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ “ჴსენებაჲ სიტყჳს-გებისაჲ და სასჯელისაჲ შჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“, რომელიც არსენ იყალთოელს უნდა ეკუთვნოდეს და „დოღმატიკონის“ ბოლო (დამამთავრებელ) თავს წარმოადგენს. გვიან საუკუნეებში ისლამის წინააღმდეგ საგანგებო ტრაქტატით გაულაშქრია ბაგრატ მუხრანბატონს, რომელსაც ეკუთვნის ე.წ „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთაჲ“. აღორძინების ხანის კიდევ ერთ მოღვაწეს - იოსებ ხუცესს დაუწერია „ამბავი მაჰმადისი, თარგმანთა შინა ფსალმუნთასა შემოხმული და წიგნთაგან მაჰმადიანთასა გამოღებული და ნათესაობა მათი“, რომელშიც ისლამიზმის განსაქიქებლად პირდაპირ პამფლეტური მასალაც კი შეუტანია.
ანტიმწვალებლური თხზულებები ძველ ქართულ ლიტერატურაში ძირითადად ნათარგმნი ხასიათისაა. ამათგან ყველაზე მეტი არის დაწერილი მონოფიზიტობის, კერძოდ კი გრიგორიანული მრწამსის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ კათალიკოსი კირიონი (VI-VII ს.ს.) აწარმოებდა პოლემიკას სომხეთის აღმსარებლობის წინააღმდეგ, თუმცაღა მის წერილებს ქართულად არ მოუღწევია. შემდეგ არსენ საფარელს (IX ს.) დაუწერია საგანგებო ნაშრომი „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც ყველა მიზეზია ახსნილი, თუ რამ გამოიწვია სომეხ-ქართველთა დაპირისპირება. სტეფანე მტბევარს ანტისომხური ტენდენციები გაუტარებია „მიქელ-გობრონის მარტვილობაში“. ცნობილია აგრეთვე ის სარწმუნოებრივი პაექრობანი, რომლებიც ბაგრატ მეოთხის, დავით აღმაშენებლისა თუ თამარ მეფის დროს გაუმართავთ ამ ორი მეზობელი ერის წარმომადგენლებს. მოგვიანებით კი, 1750 წელს, ანტონ კათალიკოსს შეუთხზავს დოგმატიკურ-პოლემიკური ნაწარმოები „მზამეტყველება“, რომელშიც მონოფიზიტობის, კერძოდ გრიგორიანული მრწამსის წინააღმდეგ საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი მსჯელობაა გაშლილი. როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავდა, ეს ნაშრომი „პირდაპირ გვირგვინად უნდა ჩაითვალოს ანტიმონოფიზიტური პოლემიკისა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საზომით“.
ასეთია ძალზე მოკლედ ხასიათი ქართული დოგმატიკურ-პოლემიკური მწერლობისა, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა თავგამოდებით იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები საკუთარი კალმით ერისა და ქვეყნის სულიერების გადარჩენისათვის.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. .კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1980 წ., გვ. 467-496. 2. .კეკელიძე, ანტიმაზდეანური პოლემიკის ფილოსოფიური დასაბუთება უძველეს ქართულ მწერლობაში, ეტიუდები, III, თბ., 1955 წ., გვ. 42-60. 3. .მიმინოშვილი, იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები, თბ., 1956 წ. 4. წმიოანე დამასკელი,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმი-წევნითი გადმოცემა, ძეგლი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ჭელიძემ. 5..ლოლაშვილი, არსენ იყალთოელი, თბ., 1978 წ., გვ. 86-157. 6. .პაპუაშვილირელიგიის ისტორია, კარიბჭე, თბ., 1996 წ., გვ. 204-208. 7..მახარაშვილითეოფილე ხუცესმონაზონი (შემოქმედებითი პორტრეტი), თბ., 2002 წ., გვ. 174-175.
Soso Makharashvili
Georgian Dogmatic - polemic Literature
The work deals with the essence and nature of dogmatic-polemics the most impitant part of georgian church literature, analyses the rich heritage (tramslating and originals) our ancestors created in the sphere.


The National Library of Georgia






წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий