четверг, 22 августа 2013 г.

მარტინ ბუბერი


მეოცე საუკუნის იუდაისტური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი მარტინ ბუბერი 1878 წლის 8 თებერვალს დაიბადა ვენაში. დედამისი და მამამისი (რომელიც აგრონომი იყო) ასიმილირებული ებრაელები იყვნენ და, შესაძლოა, ჭაბუკსაც იგივე ბედი ელოდა, რომ არა დედამისის შინიდან გაქცევა და სამი წლის მარტინის ლვოვში, მაშინდელ ლემბერგში, პაპისეულ სახლში გადასახლება. სხვათა შორის, გაუჩინარებული დედის ძიება შემდგომში ერთ-ერთ მძლავრ სტიმულად იქცა ბუბერისეული დიალოგის ფილოსოფიის ჩამოყალიბებისას.
პაპა კი, სოლომონ ბუბერი, არა მარტო მდიდარი კომერსანტი და ბანკირი იყო, - ავსტრია-უნგრეთის ბანკისა და გალიციის სადაზღვევო ბანკის მმართველი, ლემბერგის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ასე შემდეგ, - არამედ მიდრაშული ლიტერატურის (რაბინული სამართლის) ერთ-ერთი პირველი შემსწავლელი და გამომცემელი. პაპა, ამასთანავე, ბერძნული ენის შესწავლასაც უღრმავდებოდა ხოლმე, ბებია კი ევროპელ ებრაელთა შორის საგანმანათლებლო მოძრაობის სახელგანთქმული მოღვაწე იყო და ბევრს წერდა და დიდად ზრუნავდა ებრაული კულტურის მოდერნიზაციისათვის. ამ გარემოში გაზრდილი ჭაბუკი ებრაულ მემკვიდრეობასაც შესანიშნავად დაეუფლა და ბერძნულ-რომაულ კულტურასაც, თუმცა, როგორც ბიოგრაფები აღნიშნავენ, იმ ხანებში მისთვის შილერის ლექსები უფრო ახლობელი იყო, ვიდრე თალმუდის უსასრულო ფურცლები. მომწიფების ხანაში კი მან სრულიად შეწყვიტა ებრაული რელიგიური ადათ-წესების აღსრულება.
შემდგომში ბუბერი ევროპული განათლების უმნიშვნელოვანეს ცენტრებში - ვენის, ბერლინის, ლაიფციგისა და ციურიხის უნივერსიტეტებში - ეუფლება ფილოსოფიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. აზროვნების სიზუსტესა და სიღრმეს იგი ვილჰელმ დილთაისა და გეორგ ციმელის ფილოსოფიურ სემინარებში ითვისებს. სადოქტორო დისერტაციაში კი ქრისტიანული მისტიკის ორი დიდი წარმომადგენლის - ნიკოლოზ კუზელისა და იაკობ ბემეს - მოძღვრებას შეისწავლის. თუმცა შემდგომში ანტიქრისტიანთა შორის გამორჩეული ანტიქრისტიანის, ფრიდრიხ ნიცშეს, ჰეროიკული ნიჰილიზმი და თანადროული კულტურის ნიცშეანური კრიტიკა გაიტაცებს და სწორედ ეს მიაბრუნებს მას ებრაული ცხოვრების წესისაკენ, სიონიზმისაკენ, ებრაული ფასეულობების მიღებისა და გაზიარებისაკენ. გაივლის ათეულობით წლები და მარტინ ბუბერი მომდევნო თაობებისათვის არა მარტო ექსისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთ სახელგანთქმულ წარმომადგენლად, მეოცე საუკუნის მეტად მნიშვნელოვან რელიგიურ მოაზროვნედ და გერმანული ენის თვალსაჩინო ოსტატად დარჩება, არამედ, ამასთანავე, სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და მეთაურადაც.
სიონიზმის ფუძემდებელი, თეოდორ ჰერცლი, სიონისტთა მესამე კონგრესზე მას მოხსენების წაკითხვას სთხოვს და სიონისტური ყოველკვირეულის „Die Welt“-ის რედაქტორობას ანდობს. თუმცა ბუბერი იმთავითვე ოპოზიციაში აღმოჩნდება სიონისტურ უმრავლესობასთან, რადგან მოძრაობის მთავარ საშუალებად არა პროპაგანდას, ფართო პოლიტიკურ საქმიანობასა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მიიჩნევს, არამედ ერის განათლებას და სულიერ-ზნეობრივ აღორძინებას. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ბუბერი სიცოცხლის ბოლომდე სიონისტური იდეების ერთგული რჩებოდა, ერთ წელიწადში გადადგა „Die Welt“-is რედაქტორობიდან და ფუნდამენტურ საკითხებში განუწყვეტლივ ოპოზიციაში ედგა არა მარტო პარტიის წამყვან კურსს, არამედ შემდგომში ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკასაც.
1916 წელს ბუბერი აფუძნებს ყოველთვიურ ჟურნალს - „Der Jude“, რომელიც, პირველ ყოვლისა, გერმანულად მკითხველ ებრაელ ინტელექტუალთათვის იყო განკუთვნილი და სადაც რედაქტორი აშკარად უჭერდა მხარს სიონისტთა შორის მეტად არაპოპულარულ იდეას - პალესტინის მიწაზე ებრაულ-არაბული ორეროვანი სახელმწიფოს შექმნას.
მალე ბუბერი ქორწინდება პაულა ვინკლერზე, - არაებრაელ, მაგრამ პროსიონისტურად განწყობილ გერმანელ ქალზე, რომელიც მალე იუდაიზმს მიიღებს. ფილოსოფოსი კი ამ დროს ხასიდურ სიბრძნეს ჩაუღრმავდება. თავდაპირველად მის ყურადღებას წმინდა ესთეტიკური ინტერესები განაპიროებებს, - თარგმნოს რაბი ნახმანის თხრობანი, თუმცა შემდგომში ხასიდთა რელიგიურ-ზნეობრივ მოძღვრებას თანადროული მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს უწყებად მიიჩნევს და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების არაერთ წელს, თავისი მრავალმხრივი შემოქმედების არაერთ ნიმუშს - სტატიებს, წიგნებს, გამოკვლევებს - ხასიდური მემკვიდრეობის პროპაგანდას მიუძღვნის.
1923 წელს იბეჭდება მარტინ ბუბერის წიგნი „მე და შენ“. წიგნის (და მოაზროვნის მთელი შემდგომი განვითარების) გამჭოლი იდეაა დიალოგი, შეხვედრა ადამიანისა ადამიანთან, ადამიანისა გარემოსთან, ადამიანისა ღმერთთან, - იმგვარი შეხვედრა და იმგვარი კავშირი, როცა ორივე მხარე ამჟღავნებს საკუთარი არსის, საკუთარი შინაარსის სისრულეს, ისე, როგორც უდიდესი სიყვარულის უმაღლესი წუთების განცდისას, ისე, როგორც იდეალური მეგობრობისას, ისე, როგორც ღმერთისა და ადამიანის იდუმალი, გაცისკროვნებული საუბრისას.
1925 წელს იბეჭდება ბიბლიის ახალი გერმანული თარგმანის პირველი ტომი, რომლის თარგმნაც საკუთარ თავზე აიღეს მარტინ ბუბერმა და ფრანც როზენცვაიგმა, ჩვენი საუკუნის კიდევ ერთმა სახელგანთქმულმა ებრაელმა რელიგიურმა მოაზროვნემ. რამდენიმე წლის შემდეგ როზენცვაიგი გარდაიცვალა და ბუბერმა მარტომ მიიყვანა დაწყებული საქმე ბოლომდე - ბიბლიის მისეული გერმანული თარგმანის ბოლო ტომი 1961 წელს დაიბეჭდა, როცა მთარგმნელი უკვე 83 წლისა იყო.
ოციანი წლების შუახანებიდანვე ბუბერი ფრანკფურტის უნივერსიტეტის ებრაული რელიგიისა და ეთიკის პროფესორი ხდება, მაგრამ გერმანიაში ნაციონალ-სოციალიზმის გაბატონების შემდეგ იგი იძულებულია შეწყვიტოს საუნივერსიტეტო მოღვაწეობა და სათავეში ჩაუდგეს ებრაელთა განათლების ცენტრალურ დაწესებულებას. ეს ორგანიზაცია საკუთარ თავზე იღებდა ზრუნვას ებრაელთა შორის განათლების ქსელის გასავითარებლად მას შემდეგ, რაც ,,მესამე რაიხის” ოფიციალურ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ებრაელებს სწავლა აეკრძალათ. 1933 წელსვე ბუბერი სათავეში უდგება ებრაელთა სასწავლებელს ფრანკფურტში. ნაცისტების მმართველობის საწყის ხანაში ბუბერი მოგზაურობს მთელ გერმანიაში - კითხულობს ლექციებს, ასწავლის, მხნეობას შთააგონებს თანატომელებს, ცდილობს სულიერად დარაზმოს ისინი ჰიტლერიზმის წინააღმდეგ. 1935 წელს მას აეკრძალება საჯარო გამოსვლები ებრაელთა თავყრილობებზე, მაგრამ იგი ქვაკერთა შეკრებებზე გადაინაცვლებს, სადაც იგი სიტყვით გამოდის მანამ, სანამ გესპატო იქაც არ აუკრძალავს სალექციო მოღვაწეობას.
ჯერ კიდევ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე ჰიტლერი, თავისი ავსტრიელი თუ გერმანელი მასწავლებლების კვალობაზე, პირობას დებდა, რომ გერმანელებს გაათავისუფლებდა სლავებისა და რომის კათოლიკე ეკლესიისაგან, - მათი არაგერმანულობის გამო და ებრაელებისაგან, - მათი არაარიელობის გამო. ნაციონალ-სოციალისტური მმართველობის დამყარების შემდეგ კი რეჟიმი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მკაცრდება, - დევნიან ებრაელებს, კომუნისტებს, სოციალ-დემოკრატებს, ჰომოსექსუალებს, ბოშებს. 1938 წელს მარტინ ბუბერი გადაწყვეტს, მიატოვოს გერმანია და პალესტინაში გადასახლდეს. მას იერუსალემის ებრაულ უნივერსიტეტში სოციალური ფილოსოფიის პროფესორად იწვევენ, 1942 წელს კი გამოდის მისი პირველი წიგნი, დაწერილი ებრაულად, - „წინასწარმეტყველთა რწმენა“.
წინაპართა მიწაზე დაბრუნებული ფილოსოფოსი ისევ თავისი ძველი იდეის ერთგული რჩება - შეიქმნას პალესტინის ორეროვანი (ებრაულ-არაბული) სახელმწიფო. სიცოცხლის ბოლომდე იგი ნაციონალისტური იმპულსების დათრგუნვას და კომპრომისებისათვის სასურველი ნიადაგის მომზადებას ქადაგებს. ბუბერს ირჩევენ ისრაელის მეცნიერებისა და ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტად, მის ღვაწლს აღნიშნავენ არაერთი ჯილდოთი, გულისყურით უსმენენ მის ლექციებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მაგრამ მაინც, როგორც ყველა გამორჩეული და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი ადამიანისათვის, როგორც ადამიანისთვის, რომელმაც სიღრმისეულად იცის თავისი ერის ავიცა და კარგიც და ამიტომ უფლება აქვს დაინახოს და აღნიშნოს ეს ავი და კარგი, მარტინ ბუბერისთვისაც სიცოცხლის მიწურულს სულ უფრო ძნელდებოდა დიალოგი საკუთარ ერთან.
დიალოგის ფილოსოფიის ფუძემდებელი 1965 წლის 13 ივნისს იერუსალემში გარდაიცვალა.

რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий