ჯიროლამო სავონაროლას პაპაცა და მამაც სახელგანთქმული მკურნალები იყვნენ და ნიჭიერ, ცნობისმოყვარე, ჩაფიქრებულ ყმაწვილსაც წინაპართა მიერ გაკვალულ გზაზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. იგი 1452 წლის 21 სექტემბერს შეძლებულ ფერარელ მოქალაქეთა ოჯახში დაიბადა. სასკოლო სწავლა-განათლების შეძენის შემდეგ ჭაბუკი ადგილობრივ უნივერსიტეტში მიაბარეს, სადაც იგი თავდაპირველად ხელოვნების, ხოლო შემდგომ კი საექიმო ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა, რაც დრო გადის, იგი სულ უფრო მეტ დროს უთმობს საღმრთო წერილისა და ღმრთისმეტყველების, განსაკუთრებით - წმიდა თომა აკვინელის ნაწერების შესწავლას. ოცი წლის სტუდენტს მეგობარი ცოტა ჰყავს და დროს ძირითადად წიგნებს, მუსიკასა და ბუნების ჭვრეტას უთმობს, დანტეს გავლენით ლექსებს წერს და ფლეიტაზე უკრავს.
სწორედ ამ დროს მედიცინის სტუდენტი გაიცნობს თავად რობერტო სტროცის უკანონო ქალიშვილს, პირმშვენიერ ლაოდამიას, და მასზე დაქორწინებას გადაწყვეტს, მაგრამ უშედეგოდ - ქალიშვილი სასტიკ უარზეა. ზოგიერთი ბიოგრაფის აზრით, სწორედ ამ უარმა განაპირობა სავონაროლას ცხოვრებისეული გარდატეხა და ბერად აღკვეცა, მაგრამ ლიბერალური სტერეოტიპების მოყვარულებს ამჯერად ყურს ნუ დავუგდებთ, ყური დავუგდოთ მის სიტყვებს მშობლებისადმი მიწერილი წერილიდან, რომელიც დომინიკელთა ორდენში მისი შებიჯების რამდენიმე დღის შემდეგ დაიწერა: „ღმერთმა მოგანიჭათ თქვენ შვილი და იგი თავის მეომრად აღიარა. განა არ ფიქრობთ, რა უდიდესი მოწყალება გერგოთ, რომ თქვენი შვილი იესო ქრისტეს რაინდია?“.
სახლ-კარის იდუმალი მიტოვებისა და ბოლონიაში, დომინიკელთა მონასტერში, ნოვიციატის გასრულების შემდეგ, 27 წლის სავონაროლა მღვდლად აკურთხეს. თუმცა მას ისევ თავის ქალაქში, ფერარაში, აგზავნიან, სადაც იგი კიდევ სამი წელი სწავლობს უნივერსიტეტში. 1489 წლიდან კი იგი ფლორენციის წმიდა მარკოზის მონასტერში დაიდებს ბინას. თავდაპირველი სამქადაგებლო წარუმატებლობის შემდეგ, რის გამოც მას პერიფერიულ ეკლესიებში ამწესებენ ხოლმე, მგზნებარე დომინიკელ ბერს ფლორენციის საკათედრო ტაძარში მიიწვევენ საქადაგებლად.
ნელ-ნელა მისი მსმენელების რიცხვი დაუჯერებლად მატულობს: ტანმორჩილი ბერის უჩვეულო ქადაგებათა ყურის დასაგდებად ათასობით ადამიანი მოედინება, - და არა მარტო ფლორენციელები. ამგვარი რამ საეკლესიო კათედრიდან მათ არასოდეს სმენიათ: სიტყვები, აღსავსე სულიერი მგზნებარებით, აზრის სინათლითა და მისტიკური სიღრმით. მქადაგებელი შეკრებილთ მოუწოდებს მონანიებისა, განწმენდისა და სულიერი აღორძინებისაკენ; გმობს უზნეობასა და უღმერთობას; იცავს მიუსაფართ, უპოვართ და უძლურთ; არასოდეს უშინდება ძლიერთ და არასოდეს იკავებს თავს მხილებისაგან.
მისი აღფრთოვანებული მსმენელებია მარსილიო ფიჩინო და პიკო დელა მირანდოლა, სანდრო ბოტიჩელი და მიქელანჯელო ბუონაროტი, ბართოლომეო დელა პორტა და ლორენცო დი კრედი. მისი ქადაგებების შემდეგ კი ფლორენციელები დაუჯერებელ გადაწყვეტილებებს იღებენ: ქალები უარს ამბობენ ძვირფას სამკაულებზე, მევახშეები უკან აბრუნებენ უკანონოდ (და ცოდვით) მოპოვებულ ფულს, ახალგაზრდები ანადგურებენ უზნეო სურათებსა და ბანქოს ქაღალდს, ფლორენციის ყველა სახლში - დიდებულები თუ ღატაკები - დაუღალავად ლოცულობენ და მარხულობენ. მთელ ქალაქში მანამდე უნახავი და უჩვეულო გარემო ჩამოდგა.
სავონაროლა კი წინასწარმეტყველებს - ამბობს, რომ სულ მალე საიქიოს გაემგზავრებიან ცოდვებით დამძიმებული ფლორენციის ფაქტობრივი მმართველი ლორენცო დე'მედიჩი, ნეაპოლის მეფე და თავად რომის უწმიდესი პაპი. მაგრამ ამ წინასწარმეტყველების სიმწვავე კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება, როცა ტაძარში ქადაგების მოსასმენად თვით დიდებული ლორენცო მოდის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველანაირად ცდილობს დომინიკელი ბერის გულის მოგებას, - არ აცდენს წმიდა მესას, გასცემს დიდძალ მოწყალებას, ნივთიერ მხარდაჭერას არ აკლებს ეკლესიებსა და მონასტრებს, მაინც ყველაფერი ამაო აღმოჩნდება, - ბერი შეუვალია.
მოახლოებული სიკვდილის წინ ცოდვებითა და ტკივილებით გატანჯული ლორენცო მედიჩი უხმობს სავონაროლას და სთხოვს მას მიტევებას. მაგრამ ბერი მისგან მოითხოვს სამი პირობის აღსრულებას: ჯერ ერთი - ღმრთის უსაზღვრო მადლისა და მოწყალების ნდობას, შემდეგ - შვილებისათვის ანდერძად დატოვებას, რათა მათ მამის მიერ ჩადენილი დანაშაულობანი გამოასწორონ და მესამე - ფლორენციისათვის თავისუფლების მინიჭებას. გავრცელებული ლეგენდით, ამ უკანასკნელ პირობაზე ლორენცო არ თანხმდება, სავონაროლა კი განრისხებულ დიდ ბატონს უარს ეუბნება განტევებაზე და ისე ტოვებს სასახლეს; ცოტა ხანში, შენდობის გარეშე, შემზარავი ტანჯვით, დიდებული ლორენცო ტოვებს ამ სოფელს. ამგვარია ლეგენდა, თუმცა სინამდვილე უფრო მოწყალეა - ქრისტიანმა მოძღვარმა, სავონაროლამ, ქრისტიანულად მიუტევა ცოდვები ფლორენციის დაუდგრომელ გამგებელს.
სახელგანთქმული მქადაგებელი ამ დროს უკვე დომინიკელთა მონასტრის წინამძღვარია, რომიდან მიღებული ნებართვის შემდეგ კი მას ახალი, მის მიერ დაარსებული კონგრეგაციის მეთაურადაც ირჩევენ. მაგრამ ფლორენციაში ისევ არეულობებია: ლორენცო დიდებულის ვაჟის, ლამაზი და დაუოკებელი, თამამი და ამპარტავანი პიერო მედიჩის უხერხემლო ხელისუფლება ემხობა და ქალაქის ფაქტობრივი გამგებელი ჯიროლამო სავონაროლა ხდება. ფლორენციაში ახალი წესრიგი მყარდება, - ისეთი, როგორიც დომინიკელ ბერს უმჯობესად მიაჩნია ქრისტიანული რესპუბლიკის მოსახლეობისათვის: კვირაობით დაუშვებლად იქნა მიჩნეული რამე საქმიანობა, დაიკეტა დუქნები და საროსკიპოები, ქალაქიდან გააძევეს მევახშეები და მეძავები.
სავონაროლას სწამს, რომ ფლორენციაში მეუფება ღმრთისა დამყარდება, ქალაქის გერბზე კი გაჩნდება სიტყვები: „იესო ქრისტე, ფლორენციის მეფე“. მაგრამ უკმაყოფილოთა და მტრების რიცხვი განუწყვეტლად, ყოველდღიურად მატულობს. ქალაქის წინამძღოლი და მქადაგებელი კი სავალალოდ ცნობილი პაპის, ალექსანდრე VI-ის, წინააღმდეგ განწყობილა. ეკლესიის მეთაური მას რომში დაიბარებს, მაგრამ იგი ავადმყოფობის გამო უარს იტყვის იქ ჩასვლაზე, ხოლო როცა პაპი მას კარდინალის ქუდს შესთავაზებს, სავონაროლა ასე შეუთვლის: „არავითარი მეწამული ქუდი, მე სისხლიანი ქუდისათვის განვმზადებულვარ!“. სულ მალე, რომიდან მიღებული დადგენილებით, სავონაროლას ქადაგება ეკრძალება. ქალაქში მდგომარეობა კიდევ უფრო იძაბება. ერთმანეთის პირისპირ მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები აღმოჩნდებიან.
ერთი მძაფრი დაპირისპირებისას მის ერთ უახლოეს თანამოაზრეს, ფრა დომინიკეს, ფრანცისკელი ბერი ცეცხლში ერთად შესვლას და უცოდველობის დადასტურებას მოსთხოვს, სავონაროლაც მხარს დაუჭერს ამგვარ გამოცდას, მაგრამ როცა დამფრთხალი მოწინააღმდეგეები მთავარ მოედანზე აღარ გამოცხადდებიან, თავად სავონაროლაც უარს იტყვის ცეცხლში შესვლაზე. სასწაულის მომლოდინე გააფთრებული ბრბო ტაძარში შეიჭრება და სავონაროლასა და მის მოწაფეებს ბორკილებს დაადებს.
თვენახევრის შემდეგ, პატიმრობის, დაკითხვებისა და წამების შემდეგ, 1498 წლის 23 მაისს 45 წლის სახელგანთქმულ მქადაგებელსა და მის ორ თანამოღვაწეს ფლორენციის მთავარ მოედანზე ჩამოახრჩობენ, შემდეგ დაწვავენ და ფერფლს მდინარე არნოში გადაყრიან.
ფრა ჯიროლამო სავონაროლას ვნებანი და გზნება, მედიჩების ფლორენცია და ბორჯების რომი დღეს, ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების ეპოქაში, მეტად შორეულად და მოშორებულად (ან, უფრო ზუსტად, თავიდან მოშორებულად) ჩანს. მაგრამ თუკი ჩვენი საუკუნის დასაწყისში თომას მანმა თავის ერთ ადრეულ და არცთუ საუკეთესო ნოველაში თავის თანამედროვედ წარმოიდგინა ფლორენციელი მქადაგებელი, როცა იგი მანქანებითა და სავაჭრო სახლებით აღსავსე, მოზუზუნე და მოფუსფუსე გერმანულ ქალაქში გადმოასახლა, არც ჩვენთვის იქნება ძნელი დასავლური ცივილიზაციის რომელიმე ცენტრში, რომელიმე მეტროპოლიაში მისი განუმეორებელი პროფილისა და ჟესტების დალანდვა, - და არც ისაა ძნელი წარმოსადგენი, თუ რას იტყოდა და რას მოიმოქმედებდა შეუვალი და უკომპრომისო ბერი მაკდონალდსების, პოპვარსკვლავების, ავსტრალიური სერიალებისა და ამ ერთი თვის წინ გამოშვებული ვიაგრას, მამაკაცური პოტენციის ასამაღლებელი წამლის, გარემოში, რომლის „წყალობით“, სხვათა შორის, როგორც ამბობენ, შეერთებულ შტატებში უკვე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий