вторник, 27 августа 2013 г.

ახალი მიგნება : უფრო ეფექტიანი, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი


მეცნიერებმა შეიმუშავეს პროდუქციის მოცულობის შემცირების გარეშე ეკოლოგიურად უფრო სუფთა და იაფი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის ახალი ტექნოლოგია და ჩაატარეს ამ ტექნოლოგიის გამოცდა პრაქტიკაზე.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებმა შეიმუშავეს მიწათმოქმედების ოდინდელი ხერხის თანამედროვე ქიმიური ნივთიერებებით შევსების ტექნოლოგია, რომელიც გამოსცადეს შტატ აიოვას Boone County ფერმაში. შედეგად მიღებულია სხვადასხვა სასარგებლო კულტურის მოყვანის ახალი ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მაღალი მოსავლიანობის შენარჩუნების, ხარჯების მკვეთრად შემცირებისა და პროდუქციის „ეკოლოგიური ხარისხის" ამაღლების საშუალებას.
ეს ექსპერიმენტი, რომელსაც პირობითად „Marsden Farm" უწოდეს, აღწერილია გამოცემის – „Public Library of Science One" სტატიაში. ექსპერიმენტის არსი შემდეგია: ბუნებრივი პროცესების გამოყენება იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც დღეს პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სინთეზური სასუქის მეშვეობით წყდება.
ეს იდეა ახალი არ არის; შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წინაპრები მას ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ. მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მსხვილმა მეურნეობამ მასზე უარი თქვა და ქიმიურ ნივთიერებათა ინტენსიური გამოყენების უფრო მარტივ მეთოდს მიმართა, რომელიც რაიმე სირთულის გარეშე მაღალი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. გარკვეული დროის განმავლობაში ეს მეთოდი წარმატებით მუშაობდა და ახარებდა ფერმერებს კარგი მოსავლითა და მინდვრის თუ ყანის იოლი მოვლით. მაგრამ უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის შეშფოთება „ქიმიური მიწათმოქმედების" ნეგატიური შედეგების გამო. ესაა, უპირველეს ყოვლისა, მონოკულტურების კატასტროფული დაავადების მუქარა, აზოტის სასუქზე მზარდი მოთხოვნა, პესტიციდების მიმართ მდგრადი მწერებისა და ჰერბიციდების მიმართ მდგრადი სარეველას გავრცელება. გარდა ამისა, მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა იძლევა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებულ პროდუქტებს.
Marsden Farm-ის თითქმის 9 ჰექტარის ფართობზე მეცნიერებმა სამ ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურა დათესეს. პირველზე, ჩვეულებისამებრ, ორი წლის განმავლობაში მონაცვლეობით ითესებოდა სიმინდი და სოია; ამასთანავე, გამოყენებული იყო დიდი რაოდენობის შხამ-ქიმიკატები.
2012 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტოსურათები. მარცხენაზე – ჩვეულებრივი მინდორი სიმინდისა და სოიას ნათესის ორწლიანი მონაცვლეობით. მარჯვენა ფოტოსურათზე – მინდორი ოთხწლიანი მონაცვლეობით. საფარი კულტურების (მაგალითად, იონჯა) გამოყენებისას მკვეთრად მცირდება ჰერბიციდების, პესტიციდებისა და სასუქის გამოყენება მოსავლიანობის მოცულობის შენარჩუნებით.
მეორე ნაკვეთზე სამი წლის განმავლობაში მონაცვლეობით ითესებოდა სიმინდი, სოია, შვრია და წითელი სამყურა – ზამთრის პერიოდში. სამყურა, რომელიც ატმოსფერულ აზოტს შთანთქავს, დათესეს მცენარეთა რიგებს შორის. მას სასუქის ეკოლოგიური „ამკრეფის" როლი დაეკისრა. მესამე ნაკვეთზე წითელი სამყურას ნაცვლად მეცნიერებმა იონჯა დათესეს, რომლითაც კვებავდნენ საქონელს, რომლის ნაკელს სასუქად იყენებდნენ.
ჰერბიციდები და პესტიციდები ამ ორ უკანასკნელ ნაკვეთზეც გამოიყენებოდა, მაგრამ სხვაგვარი წესით. დიდ ფართზე გაფრქვევის ნაცვლად მეცნიერები იყენებდნენ სასუქს მკაცრად განსაზღვრული დოზით, ანუ, ასე ვთქვათ, „ტაქტიკურად".
ექსპერიმენტმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. კერძოდ, სხვადასხვა სასიცოცხლო ციკლის მქონე სხვადასხვა კულტურის გამოყენებამ სარეველას სერიოზულად „გაურთულა სიცოცხლე". გარდა ამისა, პესტიციდების მცირე მოცულობის, აგრეთვე საფარი კულტურების ხელსაყრელი გარემოს წყალდობით ჩიტები და მტაცებელი მწერები „გაუსწორდნენ" მავნე მშერებს.
ექსპერიმენტის ჩატარების 8 წლის შემდეგ გაირკვა, რომ მოსავლიანობის შეცვლის გარეშე შესაძლებელი გახდა 8-ჯერ ნაკლები ჰერტიციდებისა და 86%-ით ნაკლები სინთეზური სასუქის გამოყენება. ამასთანავე, ტოქსინების რაოდენობა წყალში ამ ორი ნაკვეთის ირგვლივ ორი რიგით ნაკლები იყო, ვიდრე ტრადიციული „ქიმიური" ხერხით დამუშავებულ ნაკვეთთან.
ამრიგად, Marsden Farm ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სამრეწველო წარმოება შესაძლებელია „ქიმიის" მასობრივი გამოყენების გარეშეც –ეკოლოგიურად უფრო სუფთა და იაფი ხერხით.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий