вторник, 27 августа 2013 г.

სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის ოთხი ხერხი



მინესოტის უნივერსიტეტისა და მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ოთხი მიმართულება, რომელიც გადაარჩენს ჩვენ ცივილიზაციას მოსალოდნელი სასურსათო კრიზისისაგან. ესაა პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ერთდროულად მოხერხდეს კვების პროდუქტების გლობალური წარმოების ზრდა და გარემოზე სოფლის მეურნეობის მავნე ზემოქმედების შემცირება.

მოსახლეობის მატებისა და ცხოვრების დონის ამაღლების კვალობაზე განვითარებად ქვეყნებში 2050 წლისათვის სურსათზე გლობალური მოთხოვნა გაორმაგდება. გავრცელებული აზრის თანახმად, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა სოფლის მეურნეობის დატვირთვის გაზრდა.
მაგრამ მსოფლიოს ბევრ ნაწილში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, უდაბნო საქარას სამხრეთ მდებარე აფრიკაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან შესაძლებელზე გაცილებით ნაკლები პროდუქტი მოჰყავთ. მეცნიერებმა ჩაატარეს მთელ მსოფლიოში შეგროვილი სასოფლო-სამეურნეო მონაცემების ანალიზი და დაადგინეს, რომ სოფლის მეურნეობის სტრატეგიული რეფორმის გზით მოხერხდება არა მარტო გლობალური მოსავლიანობის მკვეთრად ამაღლება, არამედ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაც. შორეული პერსპექტივისათვის ეს ნიშნავს ჰუმანიტარული კატასტროფისა და სასურსათო დეფიციტის მიზეზით გლობალური ცივილიზაციის დაღუპვის რისკის შემცირებას.
მეცნიერებმა 17 ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მონაცემები გამოიყენეს და სასოფლო-სამეურნეო რესურსების მართვის ზოგადი სურათი შექმნეს. სამწუხაროდ, ეს სურათი სავალალოა: პლანეტის უმეტეს ნაწილზე მცირე მოსავლის მოსაყვანად გამოიყენება წყლის, სასუქისა და საწვავის უზარმაზარი მოცულობა. საკვების გლობალური წარმოების სტრუქტურის საფუძველზე მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს მოსალოდნელი სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის ოთხი მიმართულება.
ჯერ ერთი, არსებობს კულტურათა უმრავლესობის წარმოების 45-70%-ით გაზრდის შესაძლებლობა. მოსავლიანობის მატების საუკეთესო შესაძლებლობა აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპაში, უდაბნო საქარას სამხრეთ მდებარე აფრიკაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში.
მეორეც, გარკვეულ რეგიონებში სხვადასხვა მიზეზის გამო გართულებულია ამა თუ იმ კულტურის მოყვანა. ასე, მაგალითად, საკვებ ნივთიერებათა ნაკლებობა ზღუდავს სიმინდის მოყვანას აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, ხორბლისა – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამასთანავე, საკვებ ნივთიერებათა და წყლის ნაკლებობა ზღუდავს ბრინჯის მოყვანას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
მესამეც, წარმოების ამჟამინდელი დონის პირობებში გლობალური მასშტაბით შესაძლებელია აზოტისა და ფოსფორის სასუქის გამოყენების შემცირება შესაბამისად 28 და 38 პროცენტით – სიმინდის, ხორბლისა და ბრინჯის მოსავლიანობის შემცირების გარეშე. სასუქის ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინეთში, მაგრამ ამ სასუქების შეტანის ოპტიმიზაციის საშუალება აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და ინდოეთშიც არსებობს.
მეოთხეც, სასუქის სტრატეგიული გადანაწილების ხარჯზე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის საწარმოო პოტენციალის 75%-ით გაზრდა. ამასთანავე, ამის შედეგად აზოტის მსოფლიო მოხმარება მხოლოდ 9%-ით გაიზრდება, კალიუმისა – 34%-ით, ხოლო ფოსფორის მოხმარება 2%-ით შემცირდება.
მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩატარებული ანალიზი არის „უხეში", ანუ გლობალური მასშტაბისა, ამიტომ გათვალისწინებული არ არის ადგილობრივი ფაქტორები – ისეთი, მაგალითად, როგორიცაა გეოპოლიტიკა, სოციალური წყობა, კლიმატის შეცვლის ზემოქმედება და სხვ. ამის მიუხედავად, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ „სასურსათო ჩიხიდან" გამოსავალი არსებობს – ესაა სოფლის მეურნეობის სტრატეგიული მართვა. სხვა საკითხია, რამდენად განხორციელდება ასეთი მართვა. უფრო მოსალოდნელია, რომ ცალკეულ სახელმწიფოთა მიერ არაეფექტური კულტურების არაეფექტური მოყვანა ისევ გაგრძელდება, რაც მომავალში გლობალური მასშტაბის პრობლემებს შექმნის.


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий