четверг, 15 августа 2013 г.

რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?


არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.
მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებულ მკვახე ხუმრობას.
ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.
საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები.
უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის.
ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვრების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა.
ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია.
წყარო:   ჟურნალი „სამრეკლო“, №9, 2006 წ.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий