ანჯეი შჩიპიორსკი (1924-2000) - გამოჩენილი პროზაიკოსი და პუბლიცისტი ავტორია მოთხრობებისა ,,მესა ქალაქარასისათვის” და ,,საწყისი”, რომლებიც ათეულობით უცხოენაზე ითარგმნა
ნინო მთვარელიშვილის თარგმანი
ნახევარი საუკუნის წინათ სრულებითაც არ მაკვირვებდა ის გარემოება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ გაუნათლებელი და აბსოლუტურად უზრდელი ადამიანები. არ მაკვირვებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი, პოლონეთში კი მაშინ ყველაფერი ნულიდან იწყებოდა. ადამიანები, რომელთაც ლურსმნის მიჭედება შეეძლოთ, დიდად ფასობდნენ და საერთო აღიარებითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. მაგრამ, როგორც მახსოვს, პროფესორებისა და ექიმების, ადვოკატებისა და ინჟინრების მიმართ უფრო მეტი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული, თუმცა არც ერთ მათგანს არ ეპყრა მართვის სადავეები.
იმდროინდეი პოლონეთში დიდი ემოციები დუღდა, პოლიტიკური ილუზიები გადახლართული იყო წყვილი ფეხსაცმლის, ერთ ჯამ საჭმელსა და თავშესაფრის შესახებ ოცნებებში. ფართო მასები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ადამიანები ნანგრევებში ცხოვრობდნენ და ღამეს ათევდნენ იმ მიტოვებულ სახლებში, რომელთა მკვიდრნი ან დაიხოცნენ, ან გააძევეს. ექიმები შეუსვენებლივ მუშაობდნენ, რადგან იმ დროს ადამიანები ტუბერკულოზით, სისხლის მოწამვლით, შიმშილით, წყურვილით, გამოფიტვისაგან ან უბრალოდ სასოწარკვეთისაგან იხოცებოდნენ. მასწავლებლები სანთლებსა და ნავთის ლამფის შუქზე ასწავლიდნენ წერა-კითხვას არა მარტო ბავშვებს, არამედ ასაკოვნებსაც. პოლონეთი იყო არა ჩამოყალიბებული სისტემის ქვეყანა, არამედ ნანგრევები, რომლებზედაც ხორციელდებოდა გრანდიოზული გარდაქმნები: ერთი მხრივ - საშინელი და სასტიკი, მეორე მხრივ - ღვთივკურთხეული, კეთილი ხსოვნის დამტოვებელი.
ამ ქვეყანას მაშინ მართავდნენ არა მარტო პარაშუტისტების დესანტი ან შეშლილი მარქსისტები, რომლებმაც საბჭოთა სამხედროების მხარდაჭერით საბოლოოდ შეძლეს ჩაეტარებინათ თითქოსდა ისტორიის დიალექტიკით ნაკარნახევი ექსპერიმენტები. უეჭველია, რომ გადამწყვეტი ხმა ამ კატეგორიის ადამიანებს ეკუთვნოდათ. მაგრამ მაინც, ისინი არ ქმნიდნენ ყოველდღიურობის სულიერ ქსოვილს. ახალი პოლონური სულიერება იქმნებოდა რევოლუციური შეშლილობის, მგლოვიარე პათოსისა და სასოწარკვეთილი სატირის პირობებში. უკვე წესად, ცხოვრების ნორმად, კატეგორიულ იმპერატივად იქცა, თავხედი და ბრიყვი, გონებაჩლუნგი და უსწავლელი, კარიერისტი და ოპორტუნისტი, დილეტანტი და თაღლითი პირველები რომ ესწრაფოდნენ აეღოთ სიტყვა, გადაეფარათ სხვების ხმა. ისინი წარმოაჩენდნენ უმაგალითო თვითდაჯერებულობას, მათ კი უსმენდნენ შიშითა და მორჩილებით, რადგანაც იმ სახელმწიფოში ძალა ასეთების მხარეს იყო. მართლაც, პირველად ისტორიაში, უვიცმა, რომელსაც ელემენტარული აღზრდა არ ჰქონდა, იგრძნო საკუთარი უპირატესობა, საკუთარი მნიშვნელობა და ძალაუფლება. იყო ამ პროცესებში რაღაც ამაღლებული, თითქმის წმინდა შურისძიების აქტი საუკუნოვან უსამართლობაზე, დამცირებასა და ჩაგვრაზე.
სწორედ ამაში მდგომარეობდა მაშინდელი რევოლუციის არსი. მნიშვნელოვანია არა ის, რომ რევოლუცია საბჭოთა ხიშტებით მოიტანეს, არამედ ის, თუ რა მოუვიდა ხალხს და ასე რატომ შეიცვალნენ პოლონელები. ის, ვინც დღეს ამბობს, რომ ხალხი სასოწარკვეთილი იყო მომხდარი კატასტროფის გამო და საბჭოთა ჯარების შემოსვლის მიუხედავად, ყოველნაირად თავს არიდებდა კომუნისტებთან თანამშრომლობას, აყალბებს ისტორიას წუთიერი პოლიტიკური ინტერესების გამო და ხელმძღვანელობს მიმდინარე პოლიტიკის სიბეცით.
სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ომის შემდგომ პირველ ათწლეულში ადამიანი გუთნიდან, ჯაჭვიდან, ფიწალიდან და ნაკელიდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოხვდა და უცერემონიოდ გაიშხლართა პოლონეთში ჯერ კიდევ სადღაც გადარჩენილ სალონებში. ზუსტად მაშინ, არც ადრე და არც გვიან, არამედ სწორედ იმ წლებში, შეიცვალა ჩვენი სულიერება. ვფიქრობ, სწორედ ის, რაც მაშინ შეგვემთხვა, არა მარტო აღმოსავლეთიდან მოსული, არამედ ჩვენი რიგებიდან გამომძვრალი ბარბაროსების შემოსევის დროს, გახდა მნიშვნელოვანი მოვლენა პოლონელი ხალხის XX საუკუნის ისტორიაში.
მაშინდელი პოლონეთი მხოლოდ იმიტომ არ იყო საშინელი, რომ ყველგან საბჭოთა ჯარისკაცები დაძრწოდნენ; დიახ, ისინი ადამიანებს საათებს ართმევდნენ და არყით იბრუჟებოდნენ, მაგრამ პოლონელები მათ შემწყნარებლურად ექცეოდნენ, რაც არ შეიძლება ითქვას გერმანელებზე. პოლონეთი იყო საშინელი კიდევ იმიტომ, რომ განათლებული, გონიერი, საყოველთაოდ პატივიცემული ხალხის ბედი დამოკიდებული იყო ახალი ხელისუფლების გაუთლელ, მყვირალა წარმომადგენლებზე, ძირითადად გლეხუჭების შვილებზე, რადგანაც მუშები მაშინდელ პოლონეთში ცოტანი იყვნენ. ყოველ დაწესებულებაში იჯდა ახალი ფუნქციონერი ველური სატრაპის მანერებით, რომელსაც კომუნიზმთან იმდენივე საერთო ჰქონდა, რამდენიც ბივშტექსს სამრეკლოსთან.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს აბუჩად აგდების ის ატმოსფერო, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გამეფდა პოლონეთის ინტელიგენციის გარშემო.
არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ XX საუკუნის ინტელექტუალებისთვის მარქსიზმი უდიდესი საცდური იყო. მაგრამ ის, ვინც დღეს ამტკიცებს, რომ ამ ფილოსოფოსებმა დიამეტრულად შეცვალეს პოლონეთი, ან იტყუება ან, როგორც ბებერი სკლეროტიკი, ყველაფერს ივიწყებს, რადგან მისთვის ასე უფრო ადვილია ცხოვრება. მაგრამ ყველას არ დავიწყებია. ახსოვთ, როგორ იყო ეს ყველაფერი სინამდვილეში.
სინამდვილეში კი, ხშირად ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ ომამდე მიიღეს დიპლომები, მუდმივად იმყოფებოდნენ ბრიყვი და გაუნათლებელი ადამიანების მკაცრი და ფხიზელი კონტროლის ქვეშ. ინტელიგენტებს პრაქტიკულად არასოდეს ჰქონიათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. მათ ზემოდან უყურებდნენ, ხეპრულად და უხეშად ექცეოდნენ. მათ დილიდან საღამომდე მუშაობა უწევდათ, რისთვისაც მცირე ანაზღაურებას იღებდნენ. მათ ექსპლუატაციას უწევდნენ და ამცირებდნენ, აიძულებდნენ გაუნათლებელთა და ბრიყვთა იდიოტური ბრძანებების შესრულებას. ინტელიგენტებს დიდი რისკის ფასად, ფარულად შეჰქონდათ ცვლილებები ამ ბრძანებებში, რადგან გაუნათლებლებმა და ბრიყვებმა არ იცოდნენ მანქანების ამუშავება, სახლების შენება, ბავშვთა აღზრდა, ავადმყოფთა მკურნალობა, დაწესებულებათა ხელმძღვანელობა, არ შეეძლოთ მრეწველობის ნაციონალიზაცია და აგრარული რეფორმის გატარება. ისინი იძულებულნი იყვნენ ესარგებლათ იმ განათლებული ადამიანების მომსახურებით, რომლებიც აღსავსე იყვნენ სამოქალაქო თავგანწირვისა და პოლონეთის ერთგულების სულისკვეთებით.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ინტელიგენტებმა გარდაქმნეს პოლონეთი ბოლშევიკურ ყაიდაზე, ისინი არიან პასუხისმგებელნი იმ ეპოქის ყველა ნაძირლობისათვის, მაშინ როცა უბრალო მუშურ-გლეხური ფენა ცრემლივით წმინდა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე იყო. ეს ერთ-ერთი ცბიერი კომუნისტური ხრიკი იყო, რომელმაც ჩვენი ცნობიერება დაიმორჩილა. ნახევარი საუკუნის წინათ კულტურულ პოლონელ-ევროპელს თავზე ჩამოაცვეს ჯამბაზის სამარცხვინო ჩაჩი. ის მას დღემდე ატარებს.
თავისთავად ცხადია, რომ მე საერთოდ განსხვავებულ ქვეყანაში დავიბადე და არა ისეთში, სადაც სიკვდილი მიწევს. ეს მორიგი დასტურია იმისა, რომ პოლონეთში ომის შემდეგ თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა ძველი ჩვეულებები, წესები და აზროვნების ტრადიციული ფორმა, პოპულარული ხდება ახალი მოდელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა ეროვნული, სინამდვილეში კი რევოლუციური, ბოლშევიკური ხასიათისაა.
ნახევარი საუკუნის წინათ განათლებულ ადამიანებს შორის საზოგადოებრივი ინტერესები უფრო მაღლა იდგა, ვიდრე პირადი. პილსუდსკი ამბობდა, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა დაკომპლექტდეს განათლებული და ამავე დროს შეძლებული ადამიანებისგან, რადგან სახელმწიფო ღარიბია და სუვერენული რეჩ პოსპოლიტას ღირსეულად წარმოსადგენად ელჩებმა საკუთარი ჯიბიდანაც უნდა დაამატონ თანხები. ასეც იყო, ვინაიდან განათლებულნი იყვნენ უანგარონი. გლეხობა სხვაგვარად ფიქრობდა, უფრო ეგოისტურად, მაგრამ არ ღირს ამისათვის მათი განსჯა, ვინაიდან იმ დროს გლეხები საშინელ სიღარიბესა და სიბნელეში ცხოვრობდნენ, თითოეული ქალაქელის წინაშე ქედს იხრიდნენ, ოცნებობდნენ საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არცთუ ყველას გააჩნდა. ის, ვინც დღეს ომამდელ აყვავებულ პოლონეთზე ლაქლაქებს, სისულელეს ამბობს, ვინაიდან ქვეყანა ღარიბი, ჩამორჩენილი, კლასობრივი დაპირისპირებებით გაჟღენთილი იყო. თუმცა იმ დროს ბრწყინვალედ განათლებული ადამიანების წრე გვყავდა, რომელიც საზოგადოების ინტერესების ერთგულნი იყვნენ. სწორედ ამ ადამიანების წყალობით გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი რამ I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში.
ნახევარი საუკუნის წინ უკლებლივ ყველა განათლებული პოლონელი სულიერად დასავლეთის სამყაროს ანუ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კულტურას ეკუთვნოდა. ეს არ შეიძლება ითქვას სახალხო მასებზე, რომელთათვისაც, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, დემოკრატიის კატეგორიები და ადამიანის უფლებები არანაირ როლს არ თამაშობდა. Dდა ვერასოდეს ითამაშებდა ამ მასების იმდროინდელი ჩამორჩენილობის გამო.
საჭიროა გავიხსენოთ ამგვარი ფაქტები, რადგან ისინი გვეხმარება ამოვხსნათ ყალბი ამოცანა - რატომ დაგვიტოვა ასეთი დიდი და ღრმა შედეგები 1945 წლის შემდეგ ჩვენი მენტალიტეტის ბოლშევიზაციამ. განათლებული ადამიანების დეკლასირება დაგეგმილი იყო და მაშინდელ რეფორმებს დაედო საფუძვლად. ომის შემდეგ განაცხადეს, პოლონეთში ყოველი ბოროტება გამოწვეული იყო იმით, რომ განათლებული წრეები იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ. ,,არა განათლება, არამედ გულწრფელი სურვილია საჭირო ოფიცრის სამხრეების მისაღებად”, - ასეთი იყო ოფიციალური დევიზი. განათლების კომპრომეტირებისას ხელისუფლებას სურდა იმ ყველაფრის კომპრომეტირება, რასაც განათლებული წრეები აცხადებდნენ, აკეთებდნენ და ავრცელებდნენ თავიანთ ქვეყანაში ასეული წლის განმავლობაში. კულტურული და განათლებული პოლონელის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავდა დემოკრატიისა და ტოლერანტობის იდეალების წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა ფართო მასების საყოველთაო მონაწილეობის გარეშე, რომელთაც წარსული წყენისთვის რევანშისა და სოციალურ კიბეზე სწრაფად ასვლა სურდათ, რათა ხარისხობრივად გაეუმჯობესებინათ თავიანთი მატერიალური მდგომარეობა, კომუნისტების ძალისხმევა მოსალოდნელ შედეგებს ვერ მოიტანდა.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი, თითქოსდა უცოდველი, ვოლტერისეული გულუბრყვილონი, სინამდვილეში სრულიად არ იყვნენ უცოდველნი.
ამდენად, ჩნდება კითხვა: იქნებ, უმჯობესი იყოს ვაპატიოთ, რადგან არ იცოდნენ რას სჩადიოდნენ?!
არადა, საშინელ საქმეებს სჩადიოდნენ. გაავსეს სასამართლოები და ფაბრიკები, დაწესებულებები და სკოლები, საწარმოები და სავაჭრო ორგანიზაციები. საოცარი მოხერხებულობითა და მიზანმიმართულებით მოიპოვეს რეალური ძალაუფლების სივრცე, მოახდინეს კომპეტენტური და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების მარგინალიზაცია.
ეროვნული სატრაპების ახალ ფენაში არსებობდა რაღაც ამოუწურავი დამანგრეველი ძალა. დღეს კი ვიცით, რომ რასაც ისინი შეეხებოდნენ, ჟანგდებოდა, ტყდებოდა, ინგრეოდა, ქრებოდა...
შეხედულება იმის შესახებ, რომ პოლონეთი კომუნიზმმა დაღუპა, სრულად სამართლიანია, მაგრამ მხოლოდ ცარიელ ფრაზად დარჩება, თუ არ გამოვარკვევთ, ვინ ახორციელებდა, ყოველდღიურად აღაშენებდა, დაუღალავად იღწვოდა მისი გაუმჯობესებისა და სრულყოფისთვის, ვისთვის მოჰქონდა კომუნიზმს მაქსიმალური სარგებელი.
დღემდე, ისევე როგორც ნახევარი საუკუნის წინათ, განათლება ხშირად უგულებელყოფილია, სამეცნიერო წოდება შეურაცხყოფად აღიქმება. განათლებულ გონებას ანტიპოლონურ ცოდვებში სდებენ ბრალს, უვიცობა კი სულის სიწმინდისა და ეროვნული იდეისადმი ერთგულების საბუთად მიიჩნევა. როგორც მაშინ, ასევე დღეს, პრიმიტიული ეგალიტარიზმი ყველაზე დიდ საფრთხედ განათლებულ ლიბერალურ დასავლეთს თვლის.
ასეთ საზოგადოებაში არავის უკვირს, რომ განათლებული ადამიანები, ექიმები, მასწავლებლები მენაგვეებზე, გამყიდველებზე, მუშებზე გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებენ. რადგან პირველნი მიეკუთვნებიან ანაქრონულ ფენას, რომელიც რაღაც სამოქალაქო ილუზიებს ავრცელებს მაშინ, როცა მეორენი პოლონური მიწის მარილს, უბრალო, წმინდა, ინტელექტის გამხრწნელი ზეგავლენისგან თავისუფალ ადამიანებს წარმოადგენენ. იმისთვის, რომ განათლება არ მიიღეს, მათ ეკუთვნით კომპენსაცია საზოგადოებრივი პატივისცემის სახით.
ასეთი პლებეური კრიტერიუმებისა და ღირებულებების სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მართლაც, თითქმის ყოველდღე ხდება. ის, რაც სიბრიყვედ, სირცხვილად და უნამუსობად ითვლებოდა, რასაც არ ჰქონდა განათლებული ადამიანების მიერ შექმნილ პოლონეთში არსებობის უფლება - დღევანდელ პოლონეთში ყველას ან თითქმის ყველას მიერ ნორმად არის მიჩნეული და ეჭვს არ ბადებს. ადამიანები აფურთხებენ იატაკზე, ერთმანეთსაც სახეში და ეს არავის აღელვებს - ყველაფერი თავის ადგილზე რჩება, უმთავრესია არ დაკარგონ ორიოდე გროში. პრიმიტიულმა აზროვნებამ არ იცის, რა არის დამცირება, აბუჩად აგდება, ცოდვა, სამაგიეროდ ძილშიც კარგად იცის ფულის თვლა და თუნდაც მცირეოდენი დანაკარგის აღმოჩენა ვირს უცბად გადააქცევს მგლად ან გააფთრებულ ბუღად.
თუმცა აღარ არის მუშათა პარტია, მაგრამ თითქოს ის მაინც აგრძელებს არსებობას. დღეს ზღაპრებს ჰყვებიან პოსტკომუნისტებზე, რომლებიც პოლონეთს თითქოს საფრთხეს უქმნიან, თუმცა ქვეყანას მართავენ პროფკავშირების ბობოლები, სამრეწველო კომპლექსების ძველი სტრუქტურების წარმომადგენლები, ძველი ჩვევებისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანები.
წარმოშობის მომენტიდან თითქმის 20 წლის განმავლობაში ,,სოლიდარობამ” გააღვიძა იდეური ღირებულებების აღდგენის იმედი. ასეც მოხდა და ამის გარეშე 80-იანი წლების გმირული ეპოქა წარმოუდგენელია, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ XX საუკუნის ბოლოს, დემოკრატიულ სახელმწიფოსა და მთავრობაში უნდა იყვნენ განათლებული, კულტურული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც საზოგადოებაში ზრდილობიანად მოქცევის უნარი შესწევთ, მიუღებელია ფართო მასების ცნობიერებისათვის. პოლონეთში ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ ძალაუფლებას ფლობს ის, ვისაც ძალაუფლება უყვარს, ვინც იმდენად მოხერხებულია, რომ სადაც საჭიროა, ყველგან გაძვრება. ცოდნა, განათლება, კულტურა არანაირ როლს არ თამაშობს.
დაინგრა წინა წყობილება, მაგრამ შენარჩუნდა ძველი ღირებულებებისა და კრიტერიუმების სამყარო, სადაც ყოველივე ვულგარული, პროვინციული, იაფფასიანი და დაფარული, შეზღუდული გონებით განსაზღვრული უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ის, რაც მსჯელობას, ცოდნას, აზროვნებას საჭიროებს. როგორც ნახევარი საუკუნის წინათ, სიბრიყვე კვლავ საუკეთესო გზაა ძალაუფლებისკენ.
განათლებულ ადამიანებს ხშირად უკვირთ, როცა ჩვენი, განსაკუთრებით მემარჯვენე, პოლიტიკოსები, ამდენ სისულელეს ლაქლაქებენ. ამაში არაფერია გასაკვირი. როდესაც უვიცობა დაბრკოლება ხდება სინამდვილის გასაგებად, დაბნელებული აზროვნება გამალებით ეძებს იდეოლოგიურ პარალელებსა და არგუმენტებს.
ბრწყინვალედ განათლებული, თავისი საქმის სპეციალისტი, ფართო თვალთახედვის მქონე, თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი, დამოუკიდებელი და მიზანმიმართული ადამიანი ჩვენს პოლიტიკურ არენაზე საეჭვო პიროვნება ხდება. ფაქტიურად, ასეთი ადამიანი არასასურველია, რადგან ის არის დამოკიდებული ხელმძღვანელ ცენტრზე.
სწორედ ესაა ის პრობლემა, რომელმაც მრავალი წლის წინათ კომუნისტებს მართვის საშუალება არ მისცა. დღეს დამოუკიდებელი პოლონეთის პოლიტიკური კლასი იმავე მარწუხებში იმყოფება.
ყველა ან თითქმის ყველა ეთანხმება პლებეური სუბკულტურის, უცოდინრობისა და დილეტანტიზმის მიერ ქვეყნის დამონებას. ყველა ან თითქმის ყველა აწარმოებს ,,წმინდა ომს” ინტელიგენტურ ეთოსთან. ყველა ან თითქმის ყველა, როგორც 50 წლის წინათ, თვლის, რომ ინტელიგენციის ადგილი სანაგვეზეა, რადგან ერთ დროს ის ხელს უშლიდა სოციალიზმის მშენებლობას, ახლა ხელს უშლის კაპიტალიზმის ნათელი შენობის აგებას, რომელშიც ჩვენმა საშუალო ფენამ უნდა მოიკალათოს .
მაგრამ არანაირი საშუალო კლასი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ახალი სამოსელი, ახალი მასხარის კოსტიუმები. ფსკვნილით მორთული რელიგიური ნაცისტი, ცრუმემარცხენე მყვირალა ანტიკლერიკალის მხარდამხარ მიაბიჯებს და ორივენი საერთო მტერს - პოლონელ ინტელიგენტს - ეძებენ. ხარბი, გაიძვერა ენაწყლიან მღვდელს ელოლიავება, ფაშისტი პროლეტარი თავს ეროვნულობით იწონებს. გუშინდელი ჩინოვნიკი და დღევანდელი ობივატელი ერთ მწკრივში დგანან, ერთობლივ გამოსვლებსაც აწყობენ და პოლონეთის რეპუტაციას აზიანებენ. ისინი იმეორებენ იმავე უმსგავსობას მამულისადმი სიყვარულისა და კათოლიკური რწმენისადმი ერთგულების შესახებ. ერთხმად გაიძახიან, რომ პოლონელი ინტელიგენტი დასავლეთის მარიონეტია, რომ ის მასონია, ეროვნული იდეალების მოღალატე, რელიგიის მტერი, ებრაელი, ან უკეთეს შემთხვევაში, ,,შაბესგოი,” ანუ ებრაელების ლაქია.
ასე რომ, პოლონური განათლებული წრეების ამაღლებული იმედების ნანგრევებზე დღეს, როგორც ნახევარი საუკუნის წინათ, ხეპრე და უვიცი ზეიმობს. 1999 წ
Комментариев нет:
Отправить комментарий