Technische Universitaet Muenchen მეცნიერებმა მიაგნეს პულსაციის სიგნალის წყაროს, რომელიც ახდენს ეგრეთ წოდებული „თავის ტვინის ნელი ტალღების" (დელტა-ტალღებს) გენერირებას. ამგვარი კვლევა პირველად ჩატარდა (ვირთაგვებზე) და მისი შედეგები თავის ტვინის ფუნქციებზე ზემოქმედების თვალსაზრისით საინტერესო შესაძლებლობებს გვპირდება.
ღრმა ძილის დროს თავის ტვინი ახდენს რითმული იმპულსების გენერირებას; მათი სიხშირეა დაახლოებით ერთი ციკლი წამში. მიჩნეულია, რომ ეს იმპულსები მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავის ტვინის ისეთ ძირითად პროცესებში, როგორიცაა მეხსიერების კონსოლიდაცია (ინფორმაციის ხანმოკლე მეხსიერებიდან გრძელვადიანში გადასვლის პროცესი). გერმანელმა მეცნიერებმა პირველად დაამტკიცეს, რომ ნელი ტალღები თავის ტვინის ქერქში იბადება, რომელიც პასუხს აგებს კოგნიტური ფუნქციებისათვის. უფრო მეტიც, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინის ტალღა შეიძლება წარმოქმნას ნეირონების უმცირესმა გროვამ, რომლის იძულებითი აქტივაცია საკმაოდ მარტივია.
ოპტიკური გენეტიკის ტექნოლოგია გულისხმობს უწვრილესი ოპტიკური ბოჭკოს შეყვანას სინათლის მიმართ მგრძობიარე გენ-მოდიფიცირებული ნეოირონების შემცველ თავის ტვინის უბნებში, რაც იძლევა ნეირონთა გარკვეული ჯგუფის ჩართვა-გამორთვის საშუალებას.
თავის ტვინი თავისი არსით „რითმ-მანქანაა", ანუ ის უწყვეტად უამრავ რითმს წარმოქმნის. ყველა ეს რითმი უკიდურესად მნიშვნელოვანია თავის ტვინის სწორი ფუნქციონირებისათვის, ამიტომ მათ შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მაგრამ აქამდე მეცნიერები, ძირითადად, თავის ტვინის ელექტრული აქტივობის გაზომვას ეყრდნობოდნენ, რომელიც მხოლოდ ორ- და არა სამგანზომილებიანია. სწორედ ამიტომ აქამდე ნელი ტალღების გავრცელების წყაროს აღმოჩენა და ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა. გერმანელმა მეცნიერებმა ოპტიკური გენეტიკის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თავის ტვინის ნებისმიერი ნეირონის სტიმულირება. ამის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანის კოგნიტური საქმიანობისათვის უმნიშვნელოვანეს ნელ ტალღებს წარმოქმნის სულ რაღაც 50-100 ნეირონისაგან შემდგარი ლოკალური კლასტერი (თავის ტვინში ხომ მილიარდობით ნეირონია!). ეს კლასტერი თავის ტვინის ქერქის გარკვეულ უბანში მდებარეობს – ესაა ეგრეთ წოდებული „layer 5", ანუ „შრე 5". სწორედ ეს ნეირონები წარმოქმნის იმ იმპულსებს, რომლებიც ნელ ტალღებად იქცევა. ამ ასეული ნეირონის წყალობით შეგვიძლია, სულ მცირე, ღრმად და მშვიდად ძილი.
ოპტიკური გენეტიკის მეშვეობით თავის ტვინის კვლევის ახალი ტექნოლოგია (გენ-მოდიფიცირებული ნეოირონების-ჩართვა გამორთვა სინათლის მეშვეობით) ფართო ასპარეზს ხსნის თავის ტვინის ძირითადი ფუნქციების შესასწავლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის კოგნიტური უნარების რეგულირებისა და ემოციური მდგომარეობის მართვის ახალი კლინიკური მეთოდიკების შექმნას.
Комментариев нет:
Отправить комментарий