ავტორი: ზაზა ოსმანოვი
რწმენის გარდუვალობა – ჰიუმის პრობლემა
ბოლო პერიოდში შეინიშნება მატერიალისტური იდეოლოგიის მომძლავრების ტენდენცია, რომელსაც მისი ადეფტები უპირისპირებენ თეისტურ ხედვას და როგორც წესი ამას აკეთებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე აპელირებით. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბარიკადების ერთ მხარეს არიან განათლებული და მეცნიერებაში წარმატებული ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოების მორწმუნე ნაწილი, რომელიც თითქოს საკუთარი უგუნრების შედეგად მეცნიერულ მიღწევებს იგნორირებას უკეთებს და კვლავ სიბნელეში რჩება. ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმის ჩვენება, რომ თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში არის რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელთა ახსნა გონიერი ჩარევის გარეშე, კიდევ უფრო გაუგაბარს ხდის ათეისტურ იდეოლოგიას. სტატიის მიზანი არ გახლავთ სხვადასხვა სპეკულაციებზე დაყრდნობით ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა ძიება – ჩვენი მიზანია იმ საინტერესო მინიშნებებს გავუსვათ ხაზი, რომელთა არგათვალისწინება სამყაროს შემეცნების პროცესში, არაობიექტური იქნებოდა.
თანამედროვეობის ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი, ( ათეისტი ) მის ერთერთ წიგნში ამბობს: „ვინაიდან არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის გრავიტაცია, სამყარო აუცილებლად შეძლებდა საკუთარი თავის შექმნას არაფრისგან…“ და შემდეგ ერთგვარი დასკვნის სახით ამატებს, რომ აუცილებელი არ არის ღმერთის ჩართვა სამყაროს წარმოშობის სცენარში – გრავიტაცია ისედაც აკეთებს იმას, რასაც ღმერთს მივაწერთ.
დელავერის უნივერსიტეტის ბარტოლის კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკის პროფესორს სტივენ ბარს ერთგვარი შემჯამებლული სახით მოყავს ის არგუმენტები, რასაც ათეიზმი იყენებს რწმენის საპირისპიროდ: „მეცნიერება წარმოადგენს რეალობის აღწერის რაციონალურ მიდგომას, ვინაიდან ის განიხილავს ისეთ კატეგორიებს, რომელთა დაკვირვება ფაქტობრივად შესაძლებელია. მისი (მეცნიერების) დებულება შეიძლება შემოწმდეს გაზომვის მეშვეობით. ამის საწინააღმდეგოდ რელიგია განიხილავს ცნებებს – ღმერთი, სული, ანგელოზნი, ეშმაკნი, სამოთხე და ჯოჯოხეთი – რომელნიც ითვლება, რომ არიან უხილავნი. რელიგიის დებულებები, ვინაიდან ისინი შეუმოწმებადნი არიან, უნდა ‘მივიღოთ რწმენის საფუძველზე’. ‘რწმენა’ არის სხვა არაფერი თუ არა სავსებით თავისუფალი მიღება იმ დებულებებისა, რომელთა შესახებ არ არსებობს დაკვირვებითი სიცხადე და ამიტომ ის წარმოადგენს მიზეზის ანტითეზას: არის რწმენა მიზეზის გარეშე…“ .
მსგავსი ტექსტების მოყვანა შეგვიძლია დაუსრულებლად და საკითხი არ ეხება მხოლოდ არაცოცხალ ბუნებას. ჩვენი დროის ერთერთი ცნობილი აპოლოგეტი ათეიზმისა რიჩარდ დოვკინსი მიიჩნევდა, ( თუმცა ის ამ საკითხში კატეგორიული ვეღარ არის ) რომ არ არის საჭირო „მესაათის“ არსებობა, რათა ავხსნათ დედამიწის ცოცხალ ორგანიზმთა მრავალფეროვნება. მისი აზრით თავად სამყარო არის „ბრმა მესაათე“, რომელიც დასაბამს აძლევს სიცოცხლეს და ყოველივეს ჩვენს გარშემო.
ჩვენი აზრით საჭიროა საკითხის დიფერენცირება და მისი ორ ქვეპუნქტად განხილვა. უდავოა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სამყაროს კველვისას იყენებენ ე.წ. მეცნიერულ მეთოდს, რომელიც ემყარება შემდეგ 4 პუნქტს: ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც საჭიროებს ახსნას ბ) ჰიპოთეზა, რომელიც გვთავაზობს ამ მოვლენის ახსნას, გ) შემოთავაზებული ჰიპოთეზის, ანუ თეორიის წინასწარმეტყველებას რაღაც სხვა მოვლენის შესახებ და დ) რამდენიმე ლაბორატორიაში აღნიშნული წინასწარმეტყველების დასაბუთებას. და მხოლოდ მას შემდეგ რაც ჰიპოთეზა დააკმაყოფილებს ბოლო სამ პუნქტს, ის უკვე დამკვიდრდება მეცნიერული თეორიის სახით, რაც არ გამორიცხავს ამ თეორიის გაფართოებას უფრო ზოგადი თეორიით.
ამ საკითხზე მსჯელობისას საკვანძო გახლავთ მეორე პუნქტი. უფრო გასაგები რომ გახდეს მსჯელობის საგანი განვიხილოთ ნიუტონის მიერ აღმოჩენილი ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ეს კანონი გვიჩვენებს თუ როგორაა დამოკიდებული ნებისმიერ ორ სხეულს შორის მიზიდულობის ძალა ამ სხეულების მასებზე და სხეულთა შორის მანძილზე. ამ კანონის სამართლიანობა ნიუტონმა დაასაბუთა მზის გარშემო პლანეტების მოძრაობის კანონზომიერებაზე დაკვირვებით, რომელიც მომდევნო პერიოდში ძალიან დიდი სიზუსტით შემოწმდა ჯერ კავენდიშის მიერ, ხოლო შემდეგ უამრავ ლაბორატორიაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ანუ, დღეს მკვლევარის მიდგომა ამ საკითხისადმი შემდეგია: ვინაიდან ეს კანონი დადასტურდა უამრავი ექსპერიმენტით, და არაპირდაპირ, სხვადასხვა კოსმოსურ სხეულზე დაკვირვებით, ჩვენ გვწამს, რომ ეს კანონი უნივერსალურია და ძალაშია სამყაროში არსებული ნებისმიერი ორი სხეულისთვის, სამყაროს რომელ უბანშიც არ უნდა იყვნენ ისინი განლაგებულნი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ მეცნიერება იყენებს ე.წ. ინდუქციის პრინციპს, რომლის თანახმად შეზღუდული რაოდენობის მონაცემებიდან გამოგვყავს უნივერსალური დასკვნა. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ეს მიდგომა უზოგადესია და ბუნებისმეტყველება მას ყოველ ნაბიჯზე იყენებს, დაწყებული ფიზიკით, დამთავრებული ქიმია–ბიოლოგიით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ თუ რაიმე კანონს ვამოწმებთ თუნდაც 1000 ექსპერიმენტზე, 1001–ეზეც იგივე შედეგი იქნება.
აღნიშნულ საკითხთანაა დაკავშირებული XVIII საუკუნის ცნობილი შოტლანდიელი ფილოსოფოსის დევიდ ჰიუმის სახელი. მან დაასაბუთა, რომ ინდუქციის გამოყენების რაციონალური დამტკიცება შეუძლებელია და ჩვენი ნდობა ამ პრინციპისადმი ფაქტობრივად ბრმა რწმენაზეა დაფუძნებული. თუ ჰიუმი მართალია, მაშინ ის ფუნდამენტი, რაზეც მეცნიერებაა დაფუძნებული, არ გამოიყურება ისე მყარად, როგორც გვეჩვენება. ეს საკითხი ფილოსოფიაში ცნობილია ჰიუმის პრობლემის სახელით და მიუხედავად მრავალი მცდელობისა ღიად რჩება.
აქედან გამომდინარე ზემოთ ნახსენები არგუმენტი ჩვენი ოპონენტებისა, რომ ‘რწმენა’ არის სხვა არაფერი თუ არა სავსებით თავისუფალი მიღება იმ დებულებებისა, რომელთა შესახებ არ არსებობს დაკვირვებითი სიცხადე – და მისი დაპირისპირება მეცნიერებასთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მეცნიერების ფილოსოფიურ კონტექსტში განხილვისას. ანუ, არა მარტო რელიგია, არამედ ბუნებისმეტყველების ერთერთი უმთავრესი მეთოდი – ინდუქციის მეთოდი, ჰიუმის აზრით ბრმა რწმენას ეფუძნება. ეს საკითხი ძალიან საინტერესოა, რადგან მის უფრო სიღრმისეულ განხილვას მივყავართ ფუნდამენტურ კითხვამდე: რატომ ვართ დარწმუნებული, რომ სამყარო პრინციპში შეცნობადია? და რაც მთავარია ეს კითხვა ეხება როგორც ბუნებისმეტყველს ისე მორწმუნეს. მოცემულ კითხვაზე შესაძლოა ასეთი პასუხი მოიძებნოს: თავად ბუნებისმეტყველება მოწმობს, რომ სამყარო შეცნობადია – უამრავი ფიზიკური კანონი და მათი ექსპერიმენტული შემოწმებაა ამისი დასტური. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ პასუხში გამოყენებულია ისევ ინდუქციის პრინციპი: ვინაიდან აქამდე მეცნიერების გამოცდილება აჩვენებდა რომ სამყაროს შეცნობა შესაძლებელია ჩვენ ვასკვნით, რომ მისი შეცნობა შესაძლებელია პრინციპში. სახეზეა ერთგვარი ჩაკეტილი წრე, საიდანაც მკაცრი მათემატიკური გამოსავალი წმინდა რაციონალურ დონეზე, ჰიუმის აზრით, არ არსებობს.
ბიბლიის მეორე თავში ვხვდებით ერთ ნიშანდობლივ ისტორიას: „გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა“ (შეს. 2.18). აღნიშნულ ადგილს ვლადიმერ ლოსკი შემდეგნაირად განმარტავს: „და ადამი სახელებს არქმევს ცხოველებს, რომლებიც ღმერთმა მიჰგვარა მას, რადგან სამყარო შექმნილია ღმერთის მიერ იმისათვის, რომ ადამიანმა ის სრულჰყოს. და ადამიანი შიგნიდან შეიმეცნებს ცოცხალ არსებებს, აღწევს მათ იდუმალებაში…“. ამიტომ ქრისტიანული ღვთისმეტყველების თანახმად ადამიანს შესწევს უნარი შეიმეცნოს სამყარო და შესაბამისად ის შეცნობადია, ხოლო ყოველივე ამის თავი და თავი გახლავთ ის, რომ ღმერთი სიყვარულია და ადამიანს ასახლებს არა ქაოტურ სამყაროში, არამედ ისეთში, რომლის შემეცნებაც შეუძლია მას.
ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მოსაზრებას ვხვდებით წმინდა პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „…მისი (ღმერთის – ზ.ო.) უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება…“ (რომ. 1.20). მოციქულის აზრით ხილული სამყარო არათუ შეცნობადია, ის ჩვენ ღვთაებრივ სრულყოფილებაზე მიგვანიშნებს. მსგავსად პავლე მოციქულისა, მეორე საუკუნის ქრისტიანი აპოლოგეტის წმ. ირინეოს ლიონელის თხზულებათა შორის ვხვდებით შემდეგ მოსაზრებას: „თავად ქმნილება მას უცხადებს იმას, ვინც შექმნა ის; და გაწეული შრომა აფიქრებინებს მასზე, რომელმაც შეასრულა ის; და ქვეყანა ცხადყოფს მას, ვინც შექმნა ის“.
ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ რამენაირად დაპირისპირება სამყაროს მეცნიერული ხედვისა რელიგიურთან მხოლოდ პრიმიტიული მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი და როგორც ვნახეთ რწმენის ფაქტორი არათუ არაა რელიგიური მსოფლმხედველობის დამაკნინებელი, ის ერთგვარი დიალექტიკური იმპერატივია, რომელზეც ბოლომდე უარის თქმა ბუნებისმეტყველების ფარგლებშიც კი შეუძლებელია.
სამყაროს შექმნის მეცნიერული თეორიები
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1916 წელს ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა ფუნდამენტური შრომა, რომელიც ეხებოდა მატერიის და სივრცე–დროის ერთმანეთთან მიმართებას – ანუ აღწერდა სამყაროში სივრცე–დროის გეომეტრიული თვისებების დამოკიდებულებას მასში არსებულ მატერიაზე. 1922 წელს რუსი მათემატიკოსი ალექსანდრე ფრიდმანი და მისგან დამოუკიდებლად 1927 წელს, ბელგიელი კათოლიკე სასულიერო პირი ჟორჟ ლემეტრი ხსნიან აინშტაინის მიერ მიღებულ განტოლებებს და შედეგად იღებენ სამყაროს ე.წ. დიდი აფეთქების მოდელს. ამ მოდელის თანახმად ყველა გალაქტიკა ერთმანეთს შორდება მით მეტი სიჩქარით, რაც მეტია მათ შორის მანძილი. მოგვიანებით, კერძოდ 1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა დაასაბუთა აღნიშნული კანონზომიერება (მას ჰაბლის კანონი ეწოდება), ხოლო 1964 წელს კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს არნო პენზიასმა და რობერტ ვილსონმა, რომელთაც დაადასტურეს, რომ დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეული ათასი წლის შემდეგ მატერიისგან განთავისუფლებული გამოსხივება ჩვენამდე უნდა აღწევდეს მიკროტალღოვანი რადიო გამოსხივების სახით. რაც ყველაზე მთავარია ეს გამოსხივება (რელიქტური გამოსხივება) ყველა მიმართულებიდან უნდა მოდიოდეს და მოსული ინტენსივობა დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, თუ რა მიმართულებით ვაკვირდებით მას. ყოველივე ამან სერიოზული სანდოობა შესძინა დიდი აფეთქების თეორიას.
ჰაბლის კანონის მიხედვით ადვილია ჩვენება, რომ რაღაც დროის წინ ყველა გალაქტიკა თავმოყრილი უნდა ყოფილიყო ერთ წერტილში – ანუ სამყარო უნდა დაწყებულიყო ნულოვანი ზომის მდგომარეობიდან.
როგორც სტივენ ჰოუკინგი ერთერთ თავის წიგნში აღნიშნავს, თავიდან ფრიდმანის კოსმოლოგიური თეორია საბჭოელთა მაშინდელ ფუნქციონერებში დიდ შინაგან პროტესტს იწვევდა, ვინაიდან ეს თეორია მიანიშნებდა სამყაროს შექმნის ბიბლიურ სცენარზე – შექმნაზე არაფრისგან (ex nihilo). თანამედროვეობის ცნობილი კოსმოლოგის, ანდრეი ლინდეს აზრით: „ფრიდმანის კოსმოლოგიურ მოდელებზე დაფუძნებული დიდი აფეთქების არასტაციონალური ხასიათი წინა საუკუნის ორმოცდაათან წლებში ბევრი მეცნიერის აზრით ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა“. როგორც სტივენ ბარი თავის წიგნში აღნიშნავს, ფრიდმანისა და ლემეტრის თეორიების გამოჩენის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში მეცნიერთა შორის იყო სერიოზული უთანხმეობა დიდი აფეთქების თეორიასთან დაკავშირებით და 1959 წლის გამოკითხვებით, (აინშტაინის მიერ განტოლებების გამოყვანიდან 43 წლის, ხოლო ედვინ ჰაბლის აღმოჩენიდან 30 წლის შემდეგ) დადგინდა, რომ ამერიკელ ასტრონომთა და ფიზიკოსთა შორის ორ მესამედს ჯერ კიდევ სჯეროდა რომ სამყაროს არ გააჩნდა დროში დასაწყისი. თუმცა პენზიასის და ვილსონის მიერ აღმოჩენილმა რელიქტურმა გამოსხივებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ კითხვებს. მას შემდეგ განხორციელდა კიდევ რამდენიმე ფუნდამენტური დაკვირვება და დღეს შეიძლება ითქვას, რომ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია და დიდი აფეთქების მოდელი ზედმიწევნით დიდი სიზუსტით აღწერენ ჩვენი სამყაროს ფიზიკურ სტრუქტურას.
კლასიკური კოსმოლოგიური მოდელის თანახმად სამყაროს დროში გააჩნია დასაწყისი და თანამედროვე შეფასებებით წლოვანება უნდა უდრიდეს 13,7 მილიარდ წელს. აქ ფუნდამენტური კითხვა მდგომარეობს იმის გარკვევაში, რა იყო დიდ აფეთებამდე? დავუბრუნდეთ ისევ ფრიდმანის კოსმოლოგიურ მოდელს. ამ მოდელის თანახმად სამყაროს ევოლუციას შეიძლება ჰქონდეს განვითარების სამი სტადია და თუ რომელი განხორციუელდება დამოკიდებულია სამყაროს საშუალო სიმკვრივეზე. თუ სიმკვრივე კრიტიკულზე მეტია ან ტოლი, მოხდება უსასრულო გაფართოება, ხოლო, თუ ნაკლებია, ფრიდმანის ამოხსნა იძლევა ე.წ. პულსირებადი სამყაროს მოდელს. პირველ ორ შემთხვევაში სამყაროს გააჩნია დასაწყისი, ხოლო მესამე შემთხვევა იძლევა შესაძლებლობას, რომ ის სამყარო რომელშიც ვიმყოფებით იყოს ერთერთი, უამრავი ასეთი პულსირებადი სტადიიდან.
ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ და გვეუბნებიან, რომ რა გარანტია გვაქვს რომ სამყარო არაა შექმნილი, ის ყოველთვის არსებობდა და ჩვენ ერთერთ ასეთ მდგომარეობაში ვართ. მართალია დღევანდელი გაზომვებით დიდი ალბათობით, ჩვენი სამყაროს საშუალო სიმკვრივე ზუსტად კრიტიკულის ტოლია, მაგრამ მაინც არაა გამორიცხული პულსირებადი სამყაროს შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი სამყაროს უსასრულო წლოვანების კონტექსტში ძალიან სერიოზულ პრობლემას აწყდება. ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.
ფიზიკის ერთერთი ფუნდამენტური კანონი გახლავთ ენტროპიის ზრდის კანონი. ენტროპია არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც აღწერს რაიმე სისტემის უწესრიგობის ხარისხს. ამ კანონის თანახმად სამყაროში თავისთავად მიმდინარე პროცესებისას სისტემის ენტროპია ყოველთვის იზრდება და არასოდეს მცირდება – ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერ სხეულთა ერთობლიობის უწესრიგობის ხარისხი ყოველთვის იზრდება. იმისათვის რომ გავიგოთ ამ კანონის შინაარსი, წარმოვიდგინოთ ჭიქა, რომელიც ძირს ეცემა და იმსხვრევა – ბუნებრივია, რომ ასეთ დროს მოწესრიგებული ფორმის სხეული მოუწესრიგებელ სხეულთა ერთობლიობაში გადავიდა და ასეთი სურათი ძალიან ბუნებრივია. საპირისპიროდ ამისა ჩვენ ვერასოდეს დავაკვირდებით ისეთ სიტუაციას, რომ ნამსხვრევები აღდგეს და ჭიქა გამთელდეს. ეს ჩვენი სამყაროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი კანონია, რომელიც განსაზღვრავს თავად სამყაროს სტრუქტურასაც.
ამ კანონის ერთერთ შედეგს წარმოადგენს ის, რომ თუ ბურთი ეცემა ძირს, ის იწყებს ხტუნვას, თუმცა ყოველი მომდევნო ახტომისას აღმოჩნდება უფრო ნაკლებ სიმაღლეზე. მიზეზი ის გახლავთ, რომ დაცემისას ბურთის ენერგიის ნაწილი თავად ზედაპირს და ბურთს ათბობს ნაწილობრივ და შესაბამისად, ენერგიის ნაწილი გადადის ე.წ. გამოუყენებელ ფორმაში – სითბურ ენერგიაში. ანალოგიურად გვაქვს საქმე პულსირებადი სამყაროს შემთხვევაში: ყოველი მომდევნო ციკლის დაწყებისას მორიგი დიდი აფეთქების ტემპი წინა ციკლის ტემპზე ნაკლებია და წარმოუდგენელია, რომ ეს პროცესი, მსგავსად მოხტუნავე ბურთისა უსასრულოდ გაგრძელდეს.
სწორედ ამიტომ სტანდარტული კოსმოლოგია სამყაროს განიხილავს როგორც გარკვეული დროის წინ წარმოქმნილს. აქ საყურადღბოა ის გარემოება, რომ აღნიშნული თეორიის მიხედვით წარმოიშვა არა მარტო მატერია, არამედ სივრცეც და მასთან ერთად დროც – ანუ დროსაც გააჩნია დასაბამი. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ქრისტიანულმა კოსმოგონიამ ეს იდეა კარგად ხნით ადრე შესთავაზა ფილოსოფიურ–საღვთისმეტყველო საზოგადოებას. IV-V საუკუნეებში მოღვაწე შესანიშნავი ქრისტიანი აპოლოგეტი ნეტარი ავგუსტინე, ცნობილ ნაშრომში აღსარებანი, გვთავაზობს მისეულ წარმოდგენას დროის შესახებ, სადაც ერთგვარი დასკვნის სახით ვკითხულობთ: „შექმნამდე არ არსებობდა არანაირი დრო“.
მართალია დიდი აფეთქების კლასიკური თეორია ძალიან ახლოს მივიდა სამყაროს წარმოშობის ბიბლიურ მოდელთან, თუმცა ეს არ არის შექმნა არაფრისგან, რადგან ფრიდმანის მოდელის მიხედვით სამყარო იწყებს გაფართოებას ნულოვანი ზომიდან და ეს ნულოვანი ზომის წერტილი სასრული ენერგიის მქონეა. საკმარისია გადავიდეთ მცირე ზომებზე, ცხადი ხდება, რომ დიდი აფეთქების მოვლენის ასახსნელად ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის ფიზიკური კანონები, რომლებიც მცირე მასშტაბებზე მოქმედებენ. ასეთი კი კვანტური ფიზიკაა, ამიტომ, კოსმოლოგიური თეორიები აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამ თეორიის კონტექსტში, რადგან სამყაროს პირველი ჩანასახის ზომა იყო ძალიან მცირე. კვანტური ფიზიკა სამყაროს განიხილავს ალბათობების ენაზე. მაგალითად, თუ ისეთ ელემენტარულ ნაწილაკს როგორიც ელექტრონია, გავუშვებთ ლაბორატორიაში, და დავაკვირდებით მის მოძრაობას, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს არანულოვანი ალბათობა იმისა, რომ ელექტრონი მოხვდეს სამყაროს ნებისმიერ ჩვენს მიერ წინასწარ არჩეულ წერტილში. აღმოჩნდა, რომ ალბათობრივი ბუნება მარტო ელექტრონის შემთხვევაში არ გვაქვს და ის მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესების აღმწერი უზოგადესი კანონია.
სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ კედელი, რომლისკენაც ვისვრით ბურთს, რათა ის გადავახტუნოთ მას. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ბურთი მხოლოდ მაშინ გადაატება კედელს (დავარქვათ მას ენერგეტიკული ბარიერი), თუ ბურთს განსაზღვრულზე მეტი ენერგია გააჩნია. თუ ანალოგიურ სიტუაციას წარმოვიდგენთ მიკროსამყაროში, სადაც ბურთის ნაცვლად გვაქვს ელექტრონი, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ვინაიდან მიკროსამყარო პრინციპულად კვანტური მექანიკის კანონებით აღიწერება, აუცილებლად იარსებებს არანულოვანი ალბათობა იმისა, რომ ელექტრონი „გადაახტეს“ ამ ენერგეტიკულ ბარიერს მაშინაც კი თუ მას კლასიკური ფიზიკის ენაზე საკმარისი ენერგია არ გააჩნია. ამას კვანტური ტუნელირების ეფექტი ეწოდება.
თუ კვანტური ფიზიკის კანონებს მივუყენებთ დიდი აფეთქების თეორიას, აღმოჩნდება რომ არსებობს არანულოვანი ალბათობა იმისა, რომ სამყარო გაჩნდეს არაფრისგან [11]. არაფერში არ იგულისხმება სივრცე, სადაც გვაქვს ვაკუუმი, არამედ ვგულისხმობთ პირდაპირი გაგებით არაფერს – არ გვაქვს არც სივრცე და არც მატერია. ანუ თუ კლასიკური კოსმოლოგიის შემთხვევაში ჩვენ ძალიან დავუახლოვდით, თუმცა არა ბოლომდე – ბიბლიურ თეორიას სამყაროს შექმნისა არაფრისგან, სამყაროს კვანტური შექმნა სწორედ ისაა, რაზეც წმინდა წერილი საუბრობს – ex nihilo.
როგორც უკვე აღვნიშნეთ დასაწყისში, ჩვენს მიზანს წარმოადგენს გავარკვიოთ, რჩება თუ არა ღმერთის ადგილი თანამედროვე ბუნებისმეტყველების ფილოსოფიურ გააზრებაში, და არამც და არამც ღმერთის არსებობის მტკიცება. სავარაუდოდ, ასეთი მტკიცებულება, წმინდა მათემატიუკური სახით არც იარსებებს, თუმცა, ღმერთის შესახებ საუბრისას, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „…მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება…“ (რომ. 1.20). კვანტური კოსმოლოგია უშვებს სამყაროს არაფრისგან შექმნას ე.წ. კვანტური ტუნელირების მოვლენის შედეგად. ეს არ არის ის, რაც კლასიკური კოსმოლოგიის შემთხვევაში გვაქვს, ვინაიდან ის უკანასკნელი არ იძლევა პასუხს, თუ საიდან გაჩნდა ის პირველი ჩანასახი სამყაროსი რომლის ზომა ნულოვანია, ხოლო სიმკვრივე უსასრულოდ დიდი – ასეთ მდგომარეობას ფიზიკაში სინგულარული მდგომარეობა ეწოდება. აღმოჩნდა, რომ საკმარისია კვანტური ეფექტები გავითვალისწინოთ, სინგულარობის პრობლემა ქრება, ვინაიდან სამყაროს ჩანასახი, რომელიც ამ შემთხვევაში მიიღება არაა ნულოვანი ზომის, თუმცა ძალიან პატარაა.
აქ ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა: რამ გააჩინა სამყარო? ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია: სამყარო გაჩნდა კვანტური ფიზიკის კანონების წყალობით და ეს კითხვა ბოლომდე მისაღები იქნებოდა, ის რომ ეხებოდეს უკვე არსებულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და იმ კანონებს, რომლებიც ამ სამყაროში მოქმედებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხი რადიკალურად განსხვავებულია: აქ არსებობს ფიზიკური კანონი (კვანტური ტუნელირების და გრავიტაციის), თუმცა არ არსებობს სამყარო. მატერიალიზმის იდეოლოგიის წარმომადგენლები ამ ადგილზე სვავენ წერტილს და ამბობენ, რომ არაა საჭირო შუამავალი, ვინაიდან სამყარო ამ კანონებით თავისთავად ჩნდება. მაგალითად ჩვენს მიერ ნახსენები ძალიან ავტორიტეტული მეცნიერი სტივენ ჰოუკინგი მის წიგნში შემდეგნაირად გადმოგვცემს მისეულ ხედვას: „იმის გამო, რომ არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის კანონი გრავიტაციისა, სამყაროს ძალუძს, და ეს გარდაუვალია, რომ ის შექმნის საკუთარ თავს არაფრისგან“. ამ საკითხს ეძღვნება თანამედროვეობის ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორის ჯონ ლენოქსის სტატია, სადაც ავტორი ასაბუთებს ჰოუკინგის ლოგიკის სიმცდარეს ფილოსოფიის თვალსაზრისით: „საწინაარმდეგოდ ჰოუკინგის მიერ გამოთქმული აზრისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ფიზიკურ კანონებს არასოდეს ძალუძთ სამყაროს სრული აღწერა. თავად კანონები არაფერს ქმნიან, ისინი მხოლოდ აღწერენ, თუ რა ხდება გარკვეულ პირობებში. რასაც ამბობს ჰოუკინგი, წარმოადგენს კანონების და ამ კანონთა საწყისის (დასაბამის მიმცემის) აღრევას ერთმანეთთან“.
დავუბრუნდეთ ისევ სამყაროს კვანტური შექმნის თეორიას და ზემოხსენებულის კონტექსტში გავაანალიზოთ ის. იმისათვის, რომ არარსებული სამყარო გაჩნდეს, საკმარისია გრავიტაციის და კვანტური ფიზიკის კანონები, თუმცა პირობებში, როდესაც ჯერ არ არსებობს არც მატერია და არც სივრცე. მაშ რა გამოდის? რა შინაარსი აქვს ამ კანონებს, სამყაროს არარსებობის პირობებში? აქ ჩვენი ოპონენტების ლოგიკა სრულად იმსხვრევა, ვინაიდან მატერიალისტური ხედვა ასეთია: არსებობს მხოლოდ მატერია და სხვა არაფერი, და რისი დაკვირვებაც არ შეიძლება წმინდა წყლის ფიქციაა. თუ ეს ასეა, მაშინ არ არსებობს არც ის კანონი მატერია–სივრცე–დროის გარეშე. არადა სწორედაც რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვაღიაროთ (წმინდა მეცნიერული პარადიგმის ფარგლებში), რომ არსებობდა კანონი, რომელმაც შექმნა სამყარო. არადა ამ კანონს რამ მისცა ბიძგი – სრულიად გაუგებარია. აღნიშნულ თვლასაზრისს მივყავართ იუდაიზმის ფილოსოფიის საწყისებამდე, რომლის თანახმად თავდაპირველად იყო თორა, ანუ კანონი. მატერიალიზმი ამ საკითხის შესახებ უბრალოდ დუმს, ვინაიდან თეზა: „სამყაროს შექმნამდე არსებობდა ქმედითი კანონი“ ეწინააღმდეგება თეზას: „არსებობს მხოლოდ მატერია“.
კოსმოლოგიურ თეორიებს შორის არის კიდევ რამდენიმე მოდელი, რომელნიც, მართალია ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ მეცნიერთა შორის, თუმცა ობიექტურობისთვის ღირს მათი მიმოხილვაც.
ეგრედ წოდებული შვილობილი სამყაროების მოდელის თანახმად სამყაროს შესაძლოა დროში დასაწყისი არც ჰქონდეს რადგან მის მიხედვით ასეთი სამყარო იქცევა, როგორც ჰაერის ბუშტი წყალში, რომელიც ზედაპირისკენ მოძრაობისას თან ფართოვდება და თან შესაძლოა ორ ნაწილად დაიყოს, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ გაფართოებასაც და ზედაპირისკენ მოძრაობას. მსგავსად ამ ანალოგიისა, შვილობილი სამყაროს მოდელის ფარგლებში სამყარო თან ფართოვდება, შემდეგ ორ დამოუკიდებელ სამყაროდ იყოფა, შემდეგ თითოეული ისევ ფართოვდება და იყოფა დ.ა.შ. ცხადია, რომ ამ მიდგომის ფარგლებში რაიმე საწყის დროის მომენტზე საუბარი ზედემტია.
მეორე მნიშვნელოვანი მოდელი გახლავთ ე.წ. უწყვეტი ინფლაციის თეორია. ინფლაციის თეორიის თანახმად სამყარო თავდაპირველად ძალიან სწრაფად ფართოვდებოდა, რამაც რეალური სამყაროს ზომები დიდი აფეთქებიდან მიზერული დროის განმავლობაში იმდენად გაზარდა, რომ ის სამყარო, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით მხოლოდ მცირე ნაწილია სრულის. ეს მოდელი აუცილებელი გახდა, რათა ახსნილიყო სამყაროში გალაქტიკების დიდი სიზუსტით თანაბრად განაწილება ძალიან დიდ მანძილებზე. უწყვეტი ინფლაციის თეორიის თანახმად, სამყაროს გარკვეული ადგილები უწყვეტად აგრძელებენ გაფართოებას, რაც ბუნებრივია ასევე გამორიცხავს რაიმე საწყისი მომენტის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტი ინფლაციის თეორია ბევრ კითხვას ბადებს მეცნიერთა შორის, ობიექტურობისთვის ბოლომდე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს თეორია სამყაროს რეალური აღმწერი მოდელი იყოს.
თუ დავუშვებთ, რომ საბოლოოდ რომელიმე ამ მოდელიდან დადასტურდება, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ჩვენს ოპონენტებს ეძლევათ დამატებითი არგუმენტი თეიზმის საწინააღმდეგოდ. კლასიკური გაგება შესაქმის ისტორიისა და კერძოდ ბიბლიის პირველი თავის დასაწყისისა (თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა) ეხება დროში დასაწყისს, თუმცა ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვას გაცილებით შორს მივყავართ.
პირველ რიგში ავღნიშნავთ, რომ თუ დავუშვებთ, რომ სამყარო წარმოიშვა და თუ შესაძლებელია დაშვება, რომ ის, მისი შექმნიდან უსასრულო დროის განმავლობაში იარსებებს, მაშინ უსასრულო დროის შემდეგი პერიოდიდან დანახული სამყაროს წარმოქმნის მომენტი უსასრულოდ შორს იმყოფება, თუმცა ეს რანაირად უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ სამყაროს წარმოშობას? – ჩვენ ხომ დავუშვით, რომ ის წარმოიშვა და არანაირ წინააღმდეგობას არ შევხვედრივართ.
ძალიან საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს სტივენ ბარი. ის ყურადღებას ამახვილებს იოანეს სახარების დასაწყისზე, „თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (იო. 1.1) და აღნიშნავს, რომ ორიგინალში არსებული „Logos” (რომელიც ითარგმნა როგორც “სიტყვა“) შეიძლება გაგებული იქნეს აგრეთვე როგორც „მიზეზი“. შესაბამისად ხსენებული ტექსტი შესაძლოა წავიკითხოთ ასეც: „თავდაპირველად იყო მიზეზი, მიზეზი იყო ღმერთთან და მიზეზი იყო ღმერთი“. ნეტარი ავგუსტინეც ეხება ამ საკითხს, ჩვენს მიერ უკვე ციტირებულ მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში აღსარებანი: „თავდაპირველად, ო ღმერთო, შენ შექმენი ცა და მიწა შენი სიტყვით,… შენი სიბრძნით, შენი ჭეშმარიტებით… „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია!“ (ფს. 103.24) ეს სიბრძნე დასაწყისია და ამ დასაწყისში შენ შექმენი ცა და მიწა“. ანუ ის რისი თქმაც სურს ნეტარ ავგუსტინეს არის, რომ როგორც შესაქმე, ისე იოანეს სახარება საუბრობენ არა უბრალოდ დროის შესახებ, არამედ ქმნილებათა დროის მიღმიერ საწყისზე, რომელიც მარადიულ სიბრძნესთან არის დაკავშირებული. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ღრმა ფილოსოფიურ კონტექსტში შესაქმეს ისტორიის განხილვისას, აუცილებელი არაა სამყაროს შექმნა დავუკავშიროთ უპირობოდ რაღაც დროის მომენტს, ხოლო, თუ რომელიმე კოსმოლოგიურ მოდელში ასეთი მომენტი არ არსებობს, განვაცხადოთ, რომ თეისტური თვალსაზრისი უარყოფილია.
ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი
ამ ნაწილში გვსურს შევეხოთ ერთერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – ე.წ. ანთროპულ პრინციპს. ეს არის ფილოსოფიური კონცეფცია, რომლის მიხედვით ფიზიკური სამყაროს დაკვირვების შედეგები თავსებადი უნდა იყოს გონიერ სიცოცხლესთან, რომელიც ამ სამყაროს აკვრიდება. აღმოჩნდა, რომ უამრავი ფიზიკური სიდიდე ზედმიწევნით კარგადაა შერჩეული, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდარიყო სიცოცხლის და განსაკუთრებით გონიერი სიცოცხლის წარმოშობა.
მაგალითისთვის განვიხილოთ ჩვენი სივრცის განზომილება. ვიცით, რომ ის უდრის სამს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხეულს სივრცეში გააჩნია განფენილობა სამი მიმართულებით, რომელთაც პირობითად ვუწოდებთ სიგრძეს, სიგანეს და სიმაღლეს. ძალიან მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა თუ რატომ არის განზომილება სამის ტოლი და არ არის ნაკლები ან მეტი. ეს საკითხი ისტორიულად ძალიან ძველია და ერთერთი შრომა (რომელიც სამწუხაროდ არაა შემორჩენილი) ჯერ კიდევ პტოლემეოსს ეკუთვნის „განზომილების შესახებ“. აღნიშნულ პრობლემატიკას ეძღვნება ჯონ ბაროუსა და ფრენკ ტიპლერის ძალიან ცნობილი წიგნი „The Anthropic Cosmological Principle“,სადაც უამრავი ფიზიკური პარამეტრია გამოკვლეული აღნიშნული პრობლემატიკის კონტექსტში. ავტორები ეხებიან განზომილების საკითხს და აღნიშნავენ, რომ ერთადერთ შემთხვევა, როდესაც მზის გარშემო პლანეტების ბრუნვის სტაბილური მოძრაობაა უზრუნველყოფილი არის სამგანზომილებიანი სივრცე და ყველა სხვა შემთხვევაში პლანეტები არ იქნებოდნენ გონიერი სიცოცხლისთვის ხელსაყრელნი. მაგრამ შესაძლოა გაჩნდეს სწაწინააღმდეგო არგუმენტი და ხშირად ამბობენ, რომ თუ სამყარო იქნებოდა სხვა სტრუქტურის, შესაბამისად სიცოხლეც მორგებული იქნებოდა იმ სამყაროს თვისებებზე. და ნაწილობრივ ეს არგუმენტი სიმართლეს შეეფერება, ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა ისეთი შემთხვევები, სადაც „არჩვანის“ თავისუფლება მაქსიმალურად შეზღუდულია. აღმოჩნდა, რომ თუ სივრცის განზომილება სამზე მეტია, მაშინ პრინციპულად ვერ შეიქმნება ატომური სტრუქტურები, რაც გამორიცხავს ასე ვთქვათ, ქიმიური მრავალფეროვნების არსებობას [13]. ეს მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ე.წ. fine tuning-თან, ანუ ფიზიკური პარამეტრების ზედმიწევნით ფაქიზად აწყობასთან, რაც ჩვენი აზრით მინიშნებაა გონიერი შემოქმედის არსებობაზე.
კიდევ უფრო საინტერესოა ე.წ. კოსმოლოგიური მუდმივას მნიშვნელობა. როგორც სტატიის მეორე ნაწილში აღვნიშნეთ, რომ იმისათვის, რომ ავხსნათ მრავალი დაკვირვება, საჭიროა დავუშვათ, რომ სამყარომ დიდი აფეთქების მომენტში ძალიან სწრაფი გაფართოების ანუ ე.წ. ინფლაციის ეტაპი განიცადა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ სამყარო დღესაც გაფართოების რეჟიმშია. ეს აღმოჩენა სულ რამდენიმე ხნის წინ დაგვირგვინდა ნობელის პრემიით. ყოველივე ამის ასახსნელად საჭიროა, რომ კოსმოლოგიური მუდმივას მნიშვნელობა იყოს ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრული. თავისთავად ამ მნიშვნელობის გამოთვლა ცალკე აუხსნელ პრობლემად რჩება, ვინაიდან მისი რეალური მნიშვნელობა თეორიულად შეფასებულ მნიშვნელობასთან შედარებით 120 რიგით ნაკლებია . იმისათვის, რომ საკითხი უფრო გასაგები გახდეს, ჩავთვალოთ, რომ ის მნიშვნელობა, რასაც იძლევა თეორიული შეფასებები უდრის 1–ს. მაშინ რეალური მნიშვნელობა იქნება 0,00…001 (რიცხვი, მძიმის შემდეგ 119 ნულით და ბოლოში ერთით) ამ რიცხვის წერენ ასე 10–120. ზოგადად ფიზიკაში თუ რაიმე სიდიდე შესაბამის ეტალონთან შედარებით გამოდის ძალიან პატარა, ითვლება, რომ ის უბრალოდ უმნიშვნელოა და შეგვიძლია ნულის ტოლად ჩავთვალოთ. ერთი შეხედვით ასეთი მდგომარეობაა აქაც: ისეთი შთაბეჭდილებას რჩება, თითქოს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, კოსმოლოგიური მუდმივა იქნება 10–120 თუ მაგალითად 10–48 (0,0…001 მძიმის შემდეგ 48 ციფრით). მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი სამყარო გაფართოვდებოდა იმდენად სწრაფი ტემპით, რომ მისი ზომა გაორმაგდებოდა იმ დროში, რასაც ანდომებს ელექტრონი ბირთვის გარშემო ერთ სრულ ბრუნს. ეს კი ნიშნავს, რომ თავად ატომური სტრუქტურა ვერ შეიქმნებოდა და რომც შექმნილიყო, სამყაროს სწრაფი გაფართოების შედეგად ძალიან სწრაფად დაიშლებოდა. მსგავსად, თუ დავუშვებთ, რომ კოსმოლოგიური მუდმივა არის მაგალითად 10–80 (0,0…001 მძიმის შემდეგ 80 ციფრით), მაშინ სამყაროს ზომა გაორმაგდებოდა წამის ყოველ მეათასედ ნაწილში, რის გამოც ატომები ვერ მოასწრებდნენ მოლეკულებად შეკვრას და არ შეიქმნებოდა ნივთიერება. შეიძლება ჩვენება, რომ აღნიშნული სიდიდის მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 10–120 – ს რათა უზრუნველყოფილი იყოს მატერიის ჩამოყალიბება, და შედეგად გონიერი სიცოცხლის წარმოქმნა. მსგავსი სიტუაციაა კიდევ რამდენიმე ფუნდამენტური სიდიდეთა მნიშვნელობების ანალიზისას .
მორწმუნე ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ სამყაროს ასეთი ფაქიზი აწყობა დავუკავშიროთ გონიერი შემოქმედის არსებობას. თუმცა მატერიალისტური მსოფლმხედველობის თანახმად არსებობს მხოლოდ ის რისი დაკვირვებაც შესაძლებელია და რასაც ვერასოდეს აღმოვაჩენთ ექსპერიმენტზე, ის არც არსებობს. ამიტომ ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ გონიერი შემოქმედი, ანუ ღმერთი არ არსებობს და ხსენებული ინტერპრეტაცია აზრს კარგავს. საკითხი შემდეგნაირად დგას: თუ შესაძლებელია ავხსნათ რაიმე მოვლენა წმინდა მეცნიერული თვალთახედვიდან გამომდინარე, საჭირო არაა ნაადრევად მისტიკაში გადავარდნა. სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ მატერიალისტები და ამბობენ, რომ სამყაროს ფაქიზი აწყობა შეიძლება აიხსნას სხვადასხვა მეცნიერული მოდელებით.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ მეცნიერები განიხილავენ ძირითადში ორი ტიპის ანთროპულ პრინციპს: ე.წ. ძლიერ ანთროპულ კოსმოლოგიურ პრინციპს და სუსტ ანთროპულ კოსმოლოგიურ პრინციპს. პირველის თანახმად სამყარო უნდა ხასიათდებოდეს ისეთი თვისებებით, რომ მისი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე მან უზრუნველყოს სიცოცხლის წარმოშობა [13]. ფაქტობრივად, აქამდე განხილული შემთხვევა ეხებოდა ძლიერ ანთროპულ პრიციპს. ბუნებრივია, რომ ის სერიოზულ მინიშნებას ატარებს გონიერი შემოქმედის არსებობაზე, რის გამოც მატერიალისტთა წრეში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ამ იდეოლოგიის მიმდევრები ხშირად იყენებენ ე.წ. სუსტ ანთროპულ პრინციპს, რომლის თანახმად: ყველა დაკვირვებად ფიზიკურ სიდიდეთა მნიშვნელობები არაა ერთნაირად ალბათური, არამედ, ისინი იღებენ მნიშვნელობებს, რომლებიც გამომდინარეობს დაშვებიდან, რომ სამყაროში არსებობს ადგილები, სადაც ნახშირბადული სიცოცხლე შესაძლოა განვითარდეს და სამყაროს საკმარისად წლოვანია, რომ მან ეს მოასწროს [13]. ზემოხსენებული პრობლემატიკის (პარამეტრების ფაქიზი შერჩევა) გადაჭრას მატერიალიზმი გვთავაზობს სუსტ ანთროპულ პრინციპზე აპელირებით, სადაც ძირითადში ორ მიდგომას იყენებენ.
ერთის თანახმად ითვლება, რომ დაკვირვებადი სამყარო გაცილებით პატარაა ვიდრე მისი ნამდვილი ზომებია და სინამდვილეში ის შედგება ბევრი, ერთმანეთისგან „კედლებით“ გამოყოფილი ე.წ. დომენებისგან, სადაც ფიზიკური პარამეტრები ერთი დომენიდან მეორეში გადასვლისას იცვლის მნიშვნელობებს და ჩვენ ვიმყოფებით იმ დომენში, სადაც ფიზიკური პარამეტრები თავსებადია ნახშირბადზე დამყარებული გონიერი სიცოხლის წარმოქმნასთან. მთელი იდეა ის გახლავთ, რომ ვინაიდან დომენების რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო დომენიდან დომენში გადასვლისას ფიზიკური პარამეტრები იცვლიან მნიშვნელობებს, რომელიმე დომენში ნამდვილად აღმოჩნდებიან ის სიდიდეები, რომლებიც საჭიროა ცოცხალი ორგანიზმების წარმოსაქმნელად. მიუხედავად იდეის ორიგინალობისა, აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი ძალიან სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ჯერ ერთი არ მოიძებნება ისეთი კოსმოლოგიური თეორია, სადაც ერთი დომენიდან მეორეში გადასვლისას კოსმოლოგიური მუდმივა უწყვეტად იცვლებოდეს და კიდევ უფრო ფანტასტიკურად ჟღერს ისეთი თეორია, სადაც ყველა პარამეტრი (რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა „შეირჩეს“) უწყვეტად იცვლება.
სუსტი ანთროპული პრინციპით სარგებლობისას, მეორე მიდგომის ფარგლებში განიხილავენ არა ერთ სამყაროს და მასში უსასრულო რაოდენობის დომენს, არამედ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, სამყაროთა უსასრულო რაოდენობას. იდეა შემდეგია: ვინაიდან სამყაროების რაოდენობა უსასრულოა, რომლებიც ფიზიკურ სიდიდეთა ყველა შესაძლო სიმრავლეებს შეიცავენ, ცხადია იარსებებს ისეთი სამყარო, სადაც ყველა პირობა ზედმიწევნით კარგადაა შერჩეული გონიერი სიცოცხლის არსებობისთვის. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ პარამეტრთა ფაქიზი შერჩევა მარტო ღმერთის არსებობის შემთხვევაში კი არაა შესაძლებელი, არამედ კიდევ არსებობს სხვა ვარიანტებიც. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი პარალელური სამყაროები ერთმანეთთან არანაირად არ ურთიერთქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერიმენტის წყალობით რომელიმე პარალელური სამყაროს აღმოჩენა – ეს სამყაროები პრინციპულად (და არა რაიმე ტექნოლოგიური პრობლემის გამო) დაუკვირვებადნი არიან. აქ კი უპრიანი იქნებოდა გავიხსენოთ თუ რა მოტივით ამბობენ უარს მატერიალისტები ღმერთის იდეაზე – მისი დაუკვირვებადობის გამო. მაშ ასე: იმისათვის, რომ უარი თქვან ერთ დაუკვირვებად კატეგორიაზე (ღმერთზე), მატერიალისტებს შემოჰყავთ უსასრულო რაოდენობის დაუკვირვებადი კატეგორია (სამყარო), რაც ნამდვილად გაუგებარს ხდის ჩვენდამი მათ პრეტენზიას.
უფრო მეტიც, აღნიშნული საკითხის ფილოსოფიურ ჭრილში გააზრებას კიდევ უფრო საინტერესო მდგომარეობამდე მივყავართ. ფილოსოფიაში დამკვიდრებულია პრინციპი (ოკამის პრინციპი), რომელიც უკავშირდება XIV საუკუნის ცნობილ ფილოსოფოსს უილიამ ოკამს. ეს პრინციპი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყლიბდეს: „ნუ ამრავლებ არსთა რაოდენობას აუცილებლობის გარეშე (ნუ დაუშვებ სიმრავლეს აუცილებლობის გარეშე)“. მარტივად რომ ვთქვათ, იდეა მდგომარეობს შემდეგში: თუ რაიმეს ახსნა შესაძლებელია ნაკლები დაშვებების ფარგლებში, უადგილოა მეტი დაშვებებით მისი ახსნა. თუ ამ პრინციპს მივუყენებთ მრავალსამყაროიან მოდელს, რათა ავხსნათ ზედმიწევნით ზუსტი დამთხვევები ფიზიკური პარამეტრებისა, აღმოჩნდება, რომ იგივეს ახსნას გვთავაზობს გაცილებით ნაკლები დაშვებების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც დაუკვირვებადი ერთი კატეგორიაა – ღმერთი. შესაბამისად, მრავალსამყაროიანი მოდელი ავტომატურად გადავარდება შესაძლო მოდელების სიიდან და ადგილს დაუთმობს გაცილებით „მარტივ“ კონცეფციას.
დასკვნა
სტატიაში წარმოვადგინეთ რამდენიმე არგუმენტი, რომელსაც დღევანდელი მატერიალიზმი უყენებს თეიზმს. ჩვენ განვიხილეთ ოპონენტთა სამი ძირითადი ხედვა: 1. რწმენის, როგორც დამაკნინებელი ფაქტორის გამოყენება; 2. სამყაროს წარმოშობის მეცნიერული მოდელების დაპირისპირება ბიბლიურთან და 3. ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპის ფარგლებში ფიზიკურ სიდიდეთა ზედმიწევნით ზუსტი შერჩევის ახსნის რამდენიმე მიდგომა. პირველთან დაკავშირებით, განვიხილეთ ჰიუმის პრობლემა, რომლის თანახმად სამყაროს შემეცნების ერთადერთ ინსტრუმენტს სწორედ ინდუქციისადმი რწმენა წარმოადგენს და მარტო რელიგია არაა გამონაკლისი, სადაც რწმენა შემეცნების აუცილებელი ინსტრუმენტია. სამყაროს წარმოშობის მეცნიერული თეორიების მიმოხილისას ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ დროში უსასრულო სამყაროს იდეა უამრავ ფიზიკურ პრობლემას აწყდება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სამყარო დროში უსასრულოა, ეს არანაირად არ ნიშნავს უცილობელ წინააღმდეგობას ბიბლიური კოსმოგონიის იდეასთან. აგრეთვე შევეხეთ სამყაროს ე.წ. კვანტური დაბადების მოდელებს, რომლის თანახმად შესაძლებელია, რომ სამყარო წარმოიშვას არაფრისგან და ამ საკითხის ფილოსოფიურ კონტექსტში განხილვისას, ხაზი გავუსვით მეტად უცნაურ მინიშნებებს. დაბოლოს, ვისაუბრეთ ანთროპულ კოსმოლოგიურ პრინციპზე, მიმოვიხილეთ სხვადასხვა მიდგომა და ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ათეიზმის მიერ შემოთავაზებული მიდგომა ხშირად ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება და ზოგჯერ თვითწინააღმდეგობრივიც ხდება.
სტატიის მიზანს არ წარმოადგენდა გონიერი შემოქმედის არსებობის მტკიცებულება, სადაც ჩვენი აზრით ხშირად ქრისტიანი აპოლოგეტებიც სცოდავენ, რომლებიც ბუნებისმეტყველებაზე აპელირებით ცდილობენ თითქმის მათემატიკური სიზუსტით დაამტკიცონ ღმერთის არსებობა. ჩვენი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტისას ბოლო წერტილი პიროვნების თავისუფალ არჩევანში უნდა ვეძიოთ და არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებში. ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო წარმოგვედგინა ერთგვარი შედარებითი ანალიზი ამ ორი დაპირისპირებული კონცეფციისა (თეიზმის და ათეიზმის) და ხაზი გაგვესვა იმ წინააღმდეგობებზე, რასაც თანამედროვე მატერიალიზმი აწყდება თეიზმის კრიტიკისას. მიგვაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში თეიზმი უფრო თანმიმდევრული და სრულყოფილი კონცეფციაა, ვიდრე ათეიზმი და მას (თეიზმს) არანაირად არ აკნინებს არც რწმენის ფაქტორის და არც ისეთი კატეგორიის შემოყვანა, რომელიც დაკვირვებას არ ემორჩილება.
ბიბლიოგრაფია და შენიშვნები
- Stephen Hawking and Leonard Mlodinow, The Grand Design. Bantam Books, New York, 2010
- Stephen M. Barr, Modern Physics and Ancient Faith. University of Notre Dame Press, Notre Dame, Indiana, 2006
- Richard Dawkins, The Blind Watchmaker: Why the Evidence of Evolution Reveals a Universe Without Design. New York: W. W. Norton, 1996
- მსოფლიო მიზიდულობის კანონის თანახმად ორ სხეულს შორის გრავიტაციული მიზიდულობის ძალა პროპორციულია სხეულთა მასების ნამრავლისა (მასათა ნამრავლის გაზრდით იმდენჯერვე გაიზრდება ძალაც) და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა (მანძილის ორჯერ გაზრდით ძალა შემცირდება 4–ჯერ, სამჯერ გაზრდით – შემცირდება 9–ჯერ დ.ა.შ.)
- Samir Okasha, Philosophy of Science, a very Short Introduction. Oxford University Press, 2002
- Владимир Лосский, Догматическое Богословие
- St. Irenaues of Lyons, Adversus Haeresis 2,9,1, English translation in William A. Jurgens, The Faith of the Early Fathers. Collegville, Minn.: Liturgical Press, 1970
- სტივენ ჰოუკინგი, „დროის მოკლე ისტორია – დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე“, გამომცემლობა ლიგამუსი, 2008
- A. Linde, D. Linde, and A. Mezhlumian, “From the Big Bang to the Theory of a Stationary Universe”, Physical Review D, 1789, 1994
- წმ. ავგუსტინე, „აღსარებანი“
- David Atkatz, “Quantum Cosmology for Pedestrians”, American Journal of Physics, 62, 7
- ჯონ ლენოქსი, „ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე“.
- John D. Barrow & Frank J. Tipler, The Anthropic Cosmological Principle. Oxford University Press, New York, 1986
- Scientific American, 2011 (October 4). Discovery of Accelerating Universe Wins 2011 Nobel Prize in Physics
- 120 რიგით ნაკლებობა ნიშნავს რომ მცირე რიცხვის დიდზე გაყოფით მივიღებთ რიცხვს, რომელიც დაიწერება ასე: 0,00…001 – სადაც მძიმის შემდეგ სულ 120 ციფრი წერია, რომელთაგან ბოლო ციფრია 1–ის ტოლი, ხოლო დანარჩენთა მნიშვნელობაა 0.
- William of Ockham, Summa Totius Logicae, i. 12.
წყარო
მსგავსი თემები : სამყაროს წარმოშობა
Комментариев нет:
Отправить комментарий