вторник, 27 августа 2013 г.

„ტელეპათიის" ტექნოლოგია: ადამიანის ტვინმა ვირთაგვის სხეული დაიმორჩილა


ახალი არაინვაზიური ტექნოლოგიის – „ტვინი-ტვინი" – მეშვეობით ადამიანმა მოახერხა აზრის ძალით ცოცხალი ვირთაგვის კუდის მოძრაობის მართვა

ჰარვარდის მკვლევარებმა შექმნეს უნიკალური არაინვაზიური ინტერფეისი „ტვინი-ტვინი" და დაადასტურეს მისი ქმედითობა ადამიანისა და ვირთაგვის მონაწილეობით ჩატარებულ ექსპერიმენტში. ექსპერიმენტის მსვლელობისას ადამიანი დისტანციურად აკონტროლებდა ცოცხალი ვირთაგვის კუდის მოძრაობას. ეს თავისებური „ტელეპათია" იყო, მაგრამ არა მისტიკური, არამედ რეალური, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული. პერსპექტივისათვის კომპიუტერის მეშვეობით ადამიანი შეძლებს არა მარტო რობოტის მართვას, არამედ პირდაპირ დაკავშირებას სხვა ადამიანთან და მისთვის თავისი ემოციების, აზრების, სურვილების გაზიარებას, ინფორმაციის მიწოდებას.
ახალი ტექნოლოგიის სიზუსტე საკმაოდ მაღალია – 94%, ანუ ამჟამინდელი პროტოტიპის შემთხვევაში ბრძანების არასწორი ინტერპრეტაციის რიცხვი 6%-ს არ აღემატება. ჯერ-ჯერობით ბრძანება ნელა სრულდება – ადამიანის აზრობრივ ბრძანებასა და ვირთაგვის კუდის შესაბამის მოძრაობას შორის დროის შუალედი 1.5 წამს შეადგენდა.

ახალი ტექნოლოგია ეფუძნება ტრანსკრანიალურ ფოკუსირებულ ულტრაბგერით სტიმულაციას (FUS), რომელიც იძლევა თავის ტვინის სპეციფიკურ არეთა ნეირონული აქტივობის მოდულირების, ანუ თავის ტვინის სიგნალების იმიტაციის, საშუალებას. ადამიანის თავის ტვინის ბრძანებას „კითხულობს" ტვინი-კომპიუტერის (CBI) არაინვაზიური ინტერფეისი და გადასცემს მას კომპიუტერს. FUS-სა და CBI-ს ერთიან სისტემად ინტეგრაციის წყალობით მოხერხდა ფუნქციური კავშირის დამყარება სხვადასხვა სახეობის, ანუ ადამიანისა და ვირთაგვას, თავის ტვინს შორის. ამრიგად, ფანტასტიკა რეალობად იქცა – პირველად ადამიანის თავის ტვინი სხვა ცოცხალ არსებას აკონტროლებს, თუნდაც ჯერ-ჯერობით ძალიან პრიმიტიულ დონეზე.
ექსპერიმენტის მსვლელობისას მოხალისე გადასცემდა კომპიუტერს საკუთარ განზრახვას კომპიუტერზე სინათლის ანთებისას. სასურველი მოქმედების შესახებ აზრი ელექტრულ იმპულსად გარდაიქმნება. ეს იმპულსები არაინვაზიური ზემოქმედების გზით ახდენს ვირთაგვის თავის ტვინის მამოძრავებელი არის სტიმულირებას. SSVEP სპეციფიკური სიგნალის ამპლიტუდის ზრდის შედეგად იგზავნება FUS-იმპულსი (350 კჰც სიხშირის ულტრაბგერისა) – 0,5 მწმ ხანგრძლივობისა და იმპულსის გამეორების სიხშირით 350 კჰც 300 მილიწამის განმავლობაში. ამას, თავის მხრივ, მოჰყვება ვირთაგვას კუდის მოძრაობა სანდოობით 94 ± 3,0%.
ახალი ტექნოლოგიის წყალობით იხსნება ორი ბიოლოგიური ობიექტის ნერვული სისტემის დაკავშირების პერსპექტივა, რაც ნიშნავს თავის ტვინის მუშაობის შესწავლის ახალ დონეზე გასვლას, ნევროლოგიურ დაავადებათა მიზეზების გარკვევასა და მკურნალობის შესაძლებლობას (პერსპექტივისათვის).
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий