среда, 28 августа 2013 г.

სინათლის ბუნება:დადასტურდა, რომ ფოტონი არის ტალღაც და ნაწილაკიც


ფიზიკოსები უკვე დიდი ხანია განიხილავენ სინათლეს ან როგორც ტალღას, ან როგორც ნაწილაკს. თავის დროზე ეს საკითხი გაცხარებულ კამათს იწვევდა. ყველაზე ზუსტმა მეცნიერებამ – კვანტურმა მექანიკამ – ამ კამათს წერტილი დაუსვა – დამტკიცდა, რომ სინათლე არის ტალღაც და ნაწილაკიც. მაგრამ აქამდე ქცევის ამ ორი ტიპის ერთდროულად დაკვირვება ვერ ხერხდებოდა.
ქცევის ტიპი დამოკიდებული იყო თავად ექსპერიმენტსა და საზომ მოწყობილობაზე. ეს საოცარი ქცევა ექსპერიმენტულად შეისწავლებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც იძლეოდა გადართვის საშუალებას ტალღების გაზომვიდან ნაწილაკების გაზომვაზე და პირიქით. ბრისტოლის უნივერსიტეტის ფიზიკოსთა გუნდის მიერ ჟურნალ „Science" დაბეჭდილ სტატიაში ფოტონების კორპუსკულარულ-ტალღური დუალიზმის სრულიად ახალი სურათია წარმოდგენილი. ამ მეცნიერებმა შექმნეს საზომი აპარატურის ახალი ტიპი, რომლითაც შესაძლებელია ერთდროულად სინათლის ტალღისებური და ნაწილაკისებური ქცევის შესწავლა. ეს ახალი მოწყობილობა მუშაობს სხვა კვანტური ეფექტის – კვანტური არალოკალურობის – წყალობით. ეს ეფექტი, კორპუსკულარულ-ტალღური დუალიზმის მსგავსად, რიგითი ადამიანისათვის საკმაოდ გაუგებარია – ნაწილაკი შეიძლება ერთდროულად იმყოფებოდეს სივრცის რაგინდ დაშორებულ წერტილებში და, ამასთანავე, არსებობდეს მთლიანობის სახით. კვანტური ფოტონიკის ცენტრის თანამშრომლის, დოქტორ პერუცოს თქმით, „საზომმა აპარატურამ ძლიერი არალოკალურობა გამოავლინა, რამაც დაადასტურა, რომ ფოტონი იქცევა როგორც ტალღაც და ნაწილაკიც. ეს უარყოფს ადრე არსებულ მოდელს, რომელშიც ფოტონი არის ან ტალღა, ანდა ნაწილაკი, მაგრამ არა ერთდროულად ერთიც და მეორეც". კვლევის ჩასატარებლად მეცნიერებმა გამოიყენეს ფოტონური ჩიპი, რომელიც ბრისტოლში შეიქმნა უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით. შესაძლებელია ამ ჩიპის კონფიგურაციის შეცვლა და მისი მართვა სხვადასხვა სქემის განსახორციელებლად. დღესდღეობით ეს ტექნოლოგია მიჩნეულია ერთ-ერთ მოწინავე მიდგომად კვანტური კომპიუტერის შექმნის მიმართ. ამასთანავე, მისი მეშვეობით შესაძლებელია კვანტური მოვლენების მრავალი უცნობი ასპექტის შესწავლა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий