среда, 28 августа 2013 г.

ახალმა კვანტურმა ექსპერიმენტმა დაადასტურა დროის ასიმეტრია


ჟამთასვლას ვერ შეაჩერებ – ის წინ მიიწევს. მაგრამ ერთი იზოლირებული ნაწილაკის კუთხით დროის მიმდინარეობა ერთნაირია ნებისმიერი მიმართულებით. ერთი შეხედვით, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. მაგალითად, ფილმი ორი ნაწილაკის მოძრაობის შესახებ უაზროდ არ მოგვეჩვენება მაშინაც კი, თუ ფირს უკუღმა დავატრიალებთ – ეს კონცეფცია „დროის გაშლის სიმეტრიის" სახელწოდებით არის ცნობილი. ახლა კი ავტორიტეტული სამეცნიერო კოლაბორაციის (BaBar) SLAC დამაჩქარებელზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით გამოვლინდა ამ წესიდან ახალი გამონაკლისი.

10 წლის განმავლობაში დაგროვილი მილიარდობით შეჯახების შესახებ მონაცემების შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ტიპის ნაწილაკები გარდაიქმნება სიმეტრიის დარღვევით. ასეთი ცვლილება ერთი მიმართულებით უფრო ხშირად ხდება, რაც ადასტურებს, რომ ზოგიერთი სუბატომური პროცესისათვის დროის მიმართულება არსებობს.
ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალში – „Physical Review Letters". ამჟამინდელი შედეგის სანდოობა ძალიან მაღალია – 1x10 43, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე საჭიროა აღმოჩენის დასადასტურებლად. „ეს იყო არაჩვეულებრივად საინტერესო ექსპერიმენტული ანალიზი, რომელმაც ცალსახად გამოავლინა დროის ასიმეტრიულობა", – განაცხადა BaBar-ის თანამშრომელმა, ფერნანდო მარტინეს-ვიდალმა.
BaBar, რომელიც აგროვებდა მონაცემებს SLAC დამაჩქარებლიდან 1999-2008 წლებში, შეიქმნა იმისათვის, რომ განისაზღვროს მატერიისა და ანტიმატერიის ქცევას შორის განსხვავება, რომლითაც აიხსნება ჩვენ სამყაროში ნივთიერების დომინირება. ეს პრობლემა ფიზიკოსებს დიდი ხანია აწუხებს – სამყაროში ნივთიერებისა და ანტინივთიერების თანაფარდობა ერთნაირი რომ ყოფილიყო, მისი დიდი ნაწილი ხომ ანიგილაციას განიცდიდა.
SLAC-ით აკვირდებოდნენ დაახლოებით 500 ათას წყვილ ნაწილაკს – B+-მეზონი და მისი ანტინაწილაკი – B--მეზონი. ჯერ კიდევ 2008 წელს გაირკვა, რომ ადგილი აქვს ასიმეტრიულობას – სივრცით და მუხტურ ლუწობას. ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 2008 წელს სწორედ ამ აღმოჩენას მიანიჭეს.
ახალი, თანამედროვე BaBar ანალიზიც ეფუძნება ნაწილაკების გარდაქმნის ჯაჭვის შესწავლას. უარყოფითი B-მეზონების კვანტური დახლართულობა იძლევა ინფორმაციას დაშლის მომენტში დაშლადი ნაწილაკის პარტნიორის შესახებ. ამის წყალობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდაქმნა ერთი მიმართულებით 6-ჯერ უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე მეორე მიმართულებით.
„ადრე მიჩნეული იყო, რომ დროის სიმეტრიის ამჟამინდელი გამოცდა არასტაბილური ნაწილაკების კვლევის გზით შეუძლებელია, – აღნიშნა ხოსე ბერნაბეუმ, ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ამ ანალიზის კონცეფციის ერთ-ერთმა ავტორმა. – განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამის გადაწყვეტა მოხერხდა კვანტური დახლართულობის წყალობით. ეს ხომ ის მოვლენაა, რომელსაც ეფუძნება კვანტური კომუნიკაციისა და გამოთვლილი ტექნიკის მომავალი".
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий