вторник, 27 августа 2013 г.

„ჭკვიანი" სკალპელი კიბოს უჯრედებს აღმოაჩენს


მეცნიერებმა შეიმუშავეს „ჭკვიანი დანა" – სკალპელი, რომელიც რეალური დროის რეჟიმით აცნობებს ქირურგს კიბოს ქსოვილის არსებობის შესახებ. საოპერაციოში გამოცდისას „ჭკვიანმა დანამ" სახელწოდებით „iKnife" 100%-ის სიზუსტით განსაზღვრა ქსოვილში კიბოს უჯრედებს არსებობა. ამ დანის გარეშე ამისათვის გამოიყენება ლაბორატორიული პროცედურა, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს მოითხოვს; ამ დროის განმავლობაში პაციენტი ნარკოზის ქვეშ რჩება.
0001 iknife
სკალპელი iKnife რეალური დროის რეჟიმით ჩვეულებრივ ქსოვილს კიბოს ქსოვილისაგან განასხვავებს. შესაძლოა, რომ სულ მალე მას მსოფლიოს ყველა ქირურგი გამოიყენებს.

iKnife-ის გამოცდა ჯანდაცვის სფეროში კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (დიდი ბრიტანეთი), ევროპის კვლევითი საბჭოსა და კვლევისა და ტექნოლოგიის ეროვნული სამმართველოს (უნგრეთი) დაფინანსებით ჩატარდა.
როგორც წესი, კიბოს მკურნალობისას ექიმები განსაკუთრებულ იმედს სწორედ დაზიანებული ქსოვილის ამოკვეთაზე ამყარებენ. კიბოს რეციდივის თავიდან ასაცილებლად ქირურგი ამოკვეთს არა მარტო კიბოს ქსოვილს, არამედ ჯანსაღი ქსოვილის ნაწილსაც. მაგრამ თვალით იმის განსაზღვრა, ქსოვილი დაზიანებულია თუ ჯანსაღი, შეუძლებელია. ამ მიზეზის გამო ავადმყოფს საკმაოდ ხშირად ხელმეორე ოპერაცია სჭირდება – სიმსივნის სრულად ამოსაკვეთად. ეჭვის შემთხვევაში ქსოვილის ნიმუშს ოპერაციის მსვლელობისას აგზავნიან ექსპერტიზაზე, რომელიც სულ მცირე ნახევარ საათს მოითხოვს. პაციენტი ამ დროს საოპერაციო მაგიდაზეა ნარკოზის ქვეშ. iKnife სკალპელის მუშაობის პრინციპი ელექტროქირურგიას ეფუძნება, რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს იქნა გამოგონილი. ელექტროქირურგიულ დანაში ელექტრული დენი გამოყენებულია გაჭრისას ქსოვილის სწრაფი გახურებისათვის, რაც სისხლის დანაკარგს ამცირებს. ამასთანავე, ასეთი სკალპელით ქირურგის მუშაობისას წარმოიქმნება კვამლი, რომელსაც, როგორც წესი, შესასრუტი სისტემა შთანთქავს.
iKnife-ის შემქმნელი დოქტორ ზოლტან ტაკატსი (Zoltan Takats) ლონდონის სამეფო კოლეჯიდან კთავდაპირველი ვარაუდის თანახმად, ეს კვამლი შეიძლება გახდეს ბიოლოგიური ინფორმაციის წყარო. iKnife-ის შესაქმნელად მკვლევარმა გააერთიანა ელექტროქირურგიული დანა და მას-სპექტრომეტრი, რომელიც გამოიყენება ქსოვილში არსებული ქიმიური ნივთიერებების განსაზღვრისათვის. სხვადასხვა ტიპის უჯრედი სხვადასხვა სახის და სხვადასხვა კონცენტრაციის მეტაბოლურ ნივთიერებებს წარმოქმნის, ამიტომ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების ანალიზი იძლევა ინფორმაციას ქსოვილის მდგომარეობის შესახებ.
სკალპელის გამოცდის პროცესში მეცნიერებმა პირველად გამოიყენეს iKnife 302 ქირურგიული პაციენტისაგან შეგროვილი ქსოვილის ანალიზისათვის. მკვლევარებმა ჩაიწერეს ადამიანის ორგანოთა (თავის ტვინის, ფილტვების, სარძევე ჯირკვლის, კუჭის, სქელი ნაწლავისა და ღვიძლის) კეთილთვისებიანი და კიბოს ქსოვილების ათასობით მახასიათებელი. ახლა iKnife ამ „ბიბლიოთეკას" იყენებს კიბოს გამოსავლენად. პროცესი დაახლოებით სამ წამს იკავებს.
მონაცემთა ბაზის შექმნის შემდეგ iKnife-ის 91 ტესტი ჩატარდა – რეალური დროის რეჟიმით, საოპერაციოში (პაციენტთა ქსოვილის ნიმუშებზე). აღმოჩნდა, რომ მისი მონაცემები 100%-ით ემთხვევა ქსოვილის ოპერაციის შემდგომი დიაგნოსტიკის მონაცემებს.
ამრიგად, iKnife იძლევა ავთვისებიანი ქსოვილის მყისიერად და, რაც მთავარია, ზუსტად იდენტიფიცირების საშუალებას. პერსპექტივისათვის, როცა iKnife ჩვეული ქირურგიული ინსტრუმენტი გახდება, შესაძლებელი იქნება სიმსივნის რეციდივის ალბათობის შემცირება, რაც ნიშნავს, რომ პაციენტთა უმრავლესობას ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი ჯანსაღი ცხოვრების შანსი გაუჩნდება.
iKnife-ის გამომგონებლის, დოქტორ ზოლტან ტაკატსის თქმით, მისი სკალპელის გამოყენება სხვა მიზნებისათვისაც შეიძლება; მაგალითად, ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის განსაზღვრა, არასაკმარისი სისხლის მომარაგების მქონე ქსოვილის იდენტიფიფიცირება. უფრო მეტიც, მეცნიერმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც „ჭკვიანმა დანამ" ცხენის ხორცი ძროხის ხორცისაგან გაარჩია.
ჯერ-ჯერობით iKnife რეალური ოპერაციების დროს არ გამოიყენება, მაგრამ მის შემქმნელებს ამ სკალპელის დანერგვა უახლოესი დროისათვის აქვთ დაგეგმილი.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий