კუალა-ლუმპურში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც შიდსის პრობლემას მიეძღვნა, სენსაციური განცხადება გაკეთდა: ღეროვანი უჯრედების გადანერგვამ შეიძლება ორგანიზმი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისაგან (აივ) გაწმინდოს. თუმცა, ამგვარი მკურნალობა აივ-ინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობისათვის ჯერ-ჯერობით დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
განცხადების ავტორია ბოსტონელი მკვლევარი დანიელ კურიცკეზი. მისი თქმით, შესაძლოა, რომ ორი აივ-ინფიცირებული ადამიანი განიკურნა მას შემდეგ, როცა მათ ლიმფომის – სისხლის კიბოს მკურნალობის მიზნით ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს.
ერთ-ერთ პაციენტს დაახლოებით სამი წლის წინ გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედოვანი ტრანსპლანტანტები, რომლებსაც უნდა შეეცვალა სისხლის მწარმოებელი ძვლის ტვინის უჯრედები. მეორე პაციენტს ანალოგიური თერაპია ხუთი წლის წინ ჩაუტარდა. ორივე პაციენტის მკურნალობის მეთოდიკა იყო ისეთივე, როგორც ბერლინელი თიმოტი რეი ბრაუნისა – ესაა ერთადერთი მოზრდილი პაციენტი, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისაგან ექვსი წლის წინ განიკურნა. დღესდღეობით აბსოლუტურად წარმატებული ანტივირუსული თერაპიის ორი დამტკიცებული შემთხვევა არსებობს; ამ ორი პაციენტიდან ერთი სწორედ თიმოტი რეი ბრაუნია. მეორე პაციენტია ბავშვი აშშ-დან, რომელსაც ანტივირუსული თერაპია დაბადებისთანავე ჩაუტარდა.
ბოსტონის პაციენტები, თიმოტი რეი ბრაუნის მსგავსად, მოზრდილი მამაკაცები არიან. გასული წლის ივლისში ისინი ანტივირუსულ პრეპარატებს ჯერ კიდევ იღებდნენ, თუმცა იმუნოდეფიციტის ვირუსი მათ სისხლში არ ფიქსირდებოდა. ამჟამად არტირეტროვირუსული თერაპია შეწყვეტილია და ამას რაიმე ნეგატიური შედეგი არ მოჰყოლია. ერთ-ერთმა პაციენტმა წამლების მიღება 15 კვირის წინ შეწყვიტა, მეორემ კი – 7 კვირის წინ. ჯერ-ჯერობით მათ სისხლში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის დნმ-ის ან რნმ-ის რაიმე კვალი არ ვლინდება. თუ ორივე პაციენტი ჯანმრთელი დარჩა, ეს იქნება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისაგან სრული განკურნების მესამე და მეოთხე შემთხვევა, მაგრამ განკურნების ფაქტის საბოლოო დადასტურება კიდევ ორწლიან დაკვირვებას მოითხოვს.
ამის მიუხედავად, მკვლევარებსა და ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს ორი შემთხვევა ძალიან დამაიმედებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონელებისა და ბრაუნის მკურნალობის მეთოდიკა მსგავსი იყო, მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც არის. ბრაუნს გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედები დონორისა, რომელსაც ჰქონდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ უნიკალური წინააღმდეგობის უნარი. ეს თავისებურება ეფუძნება საკვანძო პროტეინის – CCR5 – სახე შეცვლილ ვერსიას, რომელიც სჭირდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს იმისათვის, რომ შეძლოს ადამიანის ორგანიზმის უჯრედების ინფიცირება. ეს იშვიათი თავისებურება, აგრეთვე გენური თერაპიის ჯერ-ჯერობით საკმაოდ არაპროგნოზირებადი ტექნოლოგია ვერ გახდება მასობრივი თერაპიის საფუძველი, ამიტომ მეცნიერები სხვა მეთოდიკას ეძებდნენ.
შესაძლოა, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო წამალი როგორც იქნა შეიქმნა. ბოსტონის პაციენტებს გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედები დაცვითი მუტაციის გარეშე. გადანერგილმა დონორის უჯრედებმა განსაკუთრებული იმუნური პასუხი გამოიწვია, რამაც მოკლა რეციპიენტის ძვლის ტვინის უჯრედები და ამით გაანადგურა ის „რეზერვუარი", სადაც ვირუსი არტივირუსულ პრეპარატებს „ემალებოდა". ამასთანავე, წარმატებული აღმოჩნდა ანტივირუსული თერაპიაც და გაანადგურა პაციენტის ორგანიზმში დარჩენილი ვირუსები.
სამწუხაროდ, უახლოეს წლებში, როგორც ჩანს, ახალი მეთოდიკის ფართოდ გამოყენება ვერ მოხერხდება, ვინაიდან ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია საკმაოდ საშიში პროცედურაა, რომელსაც მოჰყვება სხვადასხვა გართულება, მათ შორის ონკოლოგიური დაავადების განვითარება. ამის მიუხედავად, მიღებულია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იმუნოდეფიციტის ვირუსის განადგურება ადამიანის ორგანიზმში.
Комментариев нет:
Отправить комментарий