ხატის ავტორი :
თორნიკე ჭიბოშვილი
სტატიის ავტორი:
ირაკლი სურგულაძე
მირქმის კომპოზიციის იკონოგრაფია- ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ქრისტიანულ ხელოვნებაში, რომელსაც გააჩნია ორი სრულიად განსხვავებული კომპოზიციური ვარიანტი: სიმეტრიული კომპოზიცია, სადაც ცენტრში გამოისახება ღვთისმშობელი ყრმით და სვიმეონ მიმრქმელი, და არასიმეტრიული ვარიანტი, სადაც წარმოდგენილია ღვთისმშობლის, იოსებ დამწინდველისა და წინასწარმეტყველ ანას მსვლელობა ტაძრისაკენ.
ჩვენამდე მოღწეული მირქმის უძველესი გამოსახულება შემონახულია რომის “სანტა მარია მაჯორეს” ბაზილიკაში და თარიღდება 432-440 წლებით. კომპოზიციის ორიგინალური თავისებურებები მოწმობენ იმაზე, რომ გამოსახულების ტრადიცია ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. პირველი ხსენება მირქმის საეკლესიო ზეიმის შესახებ, მეოთხე საუკუნის მიწურულს გვხვდება, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ჯერ კიდევ ძიება ხდება გამომსახველობითი გადაწყვეტისა მხატვრების მიერ, ჯერ კიდევ უნდა მივიდნენ ოპტიმალურ ვარიანტამდე.
“სანტა მარია მაჯორეს” ტაძრის მოზაიკური გამოსახულების კომპოზიცია აგებულია ჰორიზონტალურ ფორმატზე, რომელიც სივრცითი გამოსახულების თავისებურებით ხასიათდება. თაღის ზედაპირი დაყოფილია რამოდენიმე ჰორიზონტალურ რეგისტრად, რომელთაგან ერთ-ერთშიც არის სწორედ მირქმის გამოსახულება. მარცხენა ნაწილში გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელიც ყრმა იესოს უწოდებს სვიმეონ მიმრქმელს, მოხუცი კრძალვით ეგებება მას და ხელებზე გადაფარებული აქვს მოსასხამი სამოსის ნაწილი – რაც ასევე მის კრძალვას გამოხატავს.
ცოტათი უჩვეულოა, რომ ღვთისმშობელსა და სვიმეონს ჰყოფს „მეორეხარისხოვან“ პერსონაჟთა ჯგუფი: იოსებ დამწინდველი, ანგელოზი და წ/წ-ი ანა. მათი ჟესტები თანამედროვე მნახველისათვის შეიძლება არ იყოს გასაგები. სქმე ის არის, რომ ასე ანტიკურ ხელოვნებაში გამოსახავდნენ იმპერატორებს, რომლებიც თავის საიმპერატორო თანხმობას ან წყალობას გასცემდნენ, ან კიდევ საიმპერატორო გვარებს ანიჭებდნენ სხვადასხვა პირებს. წყალობის თემა ეხმაურება სწორედ მირქმის სცენას: ყრმა იესო, ღვთისმშობელი და იოსები გამოხატავენ რჯულის მორჩილებას. თანხმობის იდეა ახლავს ზეიმის შინაგან აზრსაც: ხდება შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა, მათი თანხმობა.
ყველა მოქმედება სრულდება იერუსალიმის ტაძრის ეზოში, რაც ხაზგასმულია თაღედის გამოსახულებით, რომელიც კოლონებითაა გამყარებული. ღვთისმსობლის მისაგებებლად გამოსული იუდეველების უკან, ეზოს სიღრმეში, ჩანს ტაძარი, რომელიც არქიტექტურის მიხედვით კლასიკური ანტიკური ტაძრის ტიპისაა, სამკუთხა ფრონტონითა და პორტიკით. ფრონტონზე გამოსახულია ქალის ფიგურა.
ხელოვნებათმცოდნე ანდრე გრაბარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს არის რომის ქალღმერთის გამოსახულება, რომელიც აღმართული იყო კაპიტოლიუმის ტაძარში. რომაულ მონეტებზე, სადაც ეს ტაძარი იყო გამოსახული, არსებობდა წარწერა “ ახალი საუკუნე“. შესაძლოა, რომ ეს ანტიკური ფიგურა, რომელიც „გადმოტანილ“ იქნა იერუსალიმის ტაძრის ფრონტონზე, მლოცველისათვის ქრისტეს ახალი საუკუნის შეხსენების მიზანს ისახავდა.
თანდათანობით, რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში, ბიზანტიურ ხელოვნებაში ხდება სიმეტრიული კომპოზიციური სქემის ჩამოყალიბება: ცენტრში გამოისახებიან ღვთისმშობელი და სვიმეონი, მათ უკან კი – იოსებ დამწინდველი და წ/წ ანა. ცენტრალურ ფიგურებს შორის გამოისახება ტაძრის საკურთხეველი, რომელთანაც აღმართულია ხოლმე კიბორიუმი, რომელიც არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ინტერიერის დეტალი. ღვთისმშობელი ყრმას გადასცემს სვიმეონ მიმრქმელს საკურთხევლიდან, რაც უჩვენებს და მიანიშნებს მაცხოვრის გამომხსნელობით მსხვერპლზე.
ყრმა იესო შეიძლება ღვთისმშობელს ეჭიროს ხელით, ან კიდევ სვიმეონს ჰქონდეს ჩახუტებული. ზოგჯერ მხატვარი ზუსტად ხელიდან-ხელში გადაცემის მომენტს გამოსახავს: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჯერ კიდევ არ გაუშვია ხელი ჩვილისათვის გადაცემის მომენტში, ხოლო მოხული სვიმეონი უკვე ეხება მაცხოვარს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუჭერია ხელით. ამგვარი კომპოზიციური გადაწყვეტა მთლიანად გამოსახულებას ხდის უფრო დრამატულს. ღვთისმსობელი ხილულად წარმოდგენილია „დამაკავშირებელ რგოლად“, რომელიც აერთიანებს ორ ეპოქას- ახალაღთქმისეულსა და ძველაღთქმისეულს. მთელი კაცობრიობა კი სვიმეონისა და ანას სახით, იღებს კეთილ უწყებას ღვთის ძის განკაცების შესახებ.
ხატმებრძოლეობის პერიოდის შემდეგ, ჩნდება ახალი, ასიმეტრიული იკონოგრაფიული სქემები მირქმისა: ღვთისმშობელი, იოსებ დამწინდველი და წ/წ ანა, მიემართებიან ტაძრის კარიბჭისაკენ, რომლის კიბეებზეც დგას სვიმეონი. საზეიმო სვლა გამოისახება მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით (რადგან სწორედ ასე იწერება ტექსტები ევროპულ ენაზდე და თვალი ასე უფრო მიჩვეულია, როცა ესა თუ ის ობიექტი ამ მიმართულებით მოძრაობს).
ამასთან ერთად, გამოისახება სწორედ ქრისტიანული ტაძრის საკურთხეველი, და არა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლო. ზოგჯერ შეიძლება საკურთხეველზე დაბრძანებული იყოს სახარება, ბარძიმი, ოდიკი. საკურთხევლის გადასაფარებელი, რომელიც როგორც წესი ხავერდის ფერისაა და რომელზეც გამოისახება ჯვარი, ასევე ეხება ქრისტეს მსხვერპლის თემას, რომელიც გაიღო მან კაცობრიობის გამოსახსნელად.
უფრო ძველი სიმეტრიული იკონოგრაფიული ვარიანტების შემთხვევაში, ყველა გამოსახული პერსონა დგას საკურთხევლის ირგვლივ, რომელიც ტაძრის სივრცის ცენტრშია აღმართული და არსაითკენ მოძრაობა უკვე აღარ არის საჭირო, ამიტომ კომპოზიციაც უფრო გაწონასწორებული და სტატიურია.
XVI-ს ის ბოლოს რუსეთში ჩნდება ვრცელი იკონოგრაფიული დასურათებები, რომელიც შეიქმნა საზეიმო საკითხავების „პროლოგისა“ და აკაფისტას ღვთისმშობლის საფუძველზე. ხატის პერიმეტრზე, მირქმის სცენის ირგვლივ გამოსახულია მისი წინ მხლები და შემდგომი მოვლენებიც.
ირგვლივ დამღებად წარმოდგენილია:
- წინასწარმეტყველი ესაია, რომელიც გამოცხადებას წერს წიგნში
- ანგელოზის გამოცხადება სვიმეონისადმი. გადმოცემის თანახმად, სიმეონი თარგმნიდა ესაიას წიგნს და დაეჭვდა წ/წ-ის სიტყვებში „აჰა ქალწული მიუდგეს…“, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა მთარგმნელი და უწინასწარმეტყველა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ „სანამ არ იხილავდა ქრისტე მაცხოვარს“ (ლკ. 2: 26)
- ანგელოზი ჯვრით ხელში (ანაც შვიდი იარაღით), რომელიც ღვთისმშობელს აუწყებს მისი შვილის მომავალ ვნებებს;
- კერპთა დამხობის სცენა- ასეა წარმოდგენილი აკაფისტას ღვთისმშობლის მეექვსე იკოსი, რომელიც გვაუწყებს ეგვიპტით ლტოლვას, სადაც დაცვივდნენ კერპები, როდესაც მათ უახლოვდებოდა ღვთისმშობელი.
- ჯოჯოხეთისაგან ამოსული მართალი ადამიანები და გეენაში მყოფი ცოდვილები და ეშმაკი. მხატვრის აზრით ეს ეპიზოდი ილუსტრირებას უნდა აკეთებდეს სვიმეონის წინასწარმეტყველებისა: „აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში“(ლკ. 2, 34)…
- მაღლა, ხატის ცენტრალურ ნაწილში შესაძლოა გამოსახული იყოს არაკანონიკური გამოსახულებები: „ახალაღთქმისეული სამება“, ან მამა ღმერთი.
ამგვარი ჭარბი წარდგენითობა, თანაც მორთული არქიტექტურული კულისებით, როგორც წესი მნახველის ყურადღებას ფანტავს მთავარი სიუჟეტისაგან. იმისთვის, რათა დააზუსტოს მთლიანი წარმოდგენილი თემატიკა, მხატვარი ზოგჯერ თან ურთავს გამოსახულებას ტექსტურ კომენტარებსაც. მრავალრიცხოვანი დეტალები აქცევენ გამოსახულებას “დეტალურ ბიბლიად, წერა-კითხვის უცოდინართათვის“, ან ერთგვარ რებუსად, მაგრამ ჩრდილავენ მთავარ საზეიმო სათქმელს, ასევე ღრმა აზრსა და ალუზიებს, რომლებიც ასე ფაქიზად იყო წარმოდგენილი წინა საუკუნეებში.
ხატები, ფრესკები და სურათები მირქმის თემაზე:
სანტა მარია კასტელეპრიოს ტაძრის უძველესი ფრესკა:
(VII-VIII-ს)
(VII-VIII-ს)
IX-ე საუკუნით დათარიღებული მინიატურა:
მოჩუქურთმებული ხატის ფრაგმენტი (სპილოს ძვლის მასალა უნდა იყოს), რომელიც თარიღდება X-ე საუკუნით:
X-ე საუკუნით დათარიღებული ბიზანტიური მინიატურა:
სინას მთის , წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტი:
(XII -ს)
(XII -ს)
XII – XIII- საუკუნეებით დათარიღებული ქართული მინიატურა, რომელიც ინახება ეროვნულ მუზეუმში.
1336-წლით დათარიღებული ნოვგოროგის წმინდა სოფიას ტაძრის ვასილევსური კარიბჭის მოხატულობის ფრაგმენტი:
ჯოტო. კაპელა დელ არენის ფრესკა(1304—1306, პადოვა, იტალია)
რემბრანდტი, 1669 წლით დათარიღებული ნახატი, ინახება სტოკჰოლმის მუზეუმში:
ავტორი:
ირაკლი სურგულაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий