მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის აზრით, კვანტური დახლართულობის შესწავლა შესაძლებელია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეშვეობით. ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტის, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიისა და გერმანიის ფიზიკის საზოგადოების მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური არის ის ერთადერთი თანამედროვე პლატფორმა, რომელიც იძლევა ბელის ექსპერიმენტის ჩატარებას.
კვანტური დახლართულობის მოვლენა ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა აღწერა, მაგრამ ის აქამდე ნაკლებად შესწავლილია. მოვლენის არსი მდგომარეობს ფონოტთა მჭიდრო კავშირში: უზარმაზარ მანძილზე მდებარე დახლართული ფოტონებიც კი გაზომვისას ერთნაირ მახასიათებლებს ავლენს, თითქოსდა მათ შორის უხილავი მყისიერი კავშირი არსებობს. კვანტური ფიზიკის დებულებათა თანახმად, კვანტური დახლართულობა მანძილზე დამოკიდებული არ არის. თეორიულად ფოტონის მდგომარეობა შეიძლება სინქრონულად შეიცვალოს, მაშინაც კი, როცა ეს ფოტონები გალაქტიკის სხვადასხვა მხარეზე მდებარეობს. ამ ფაქტის შემოწმება დედამიწაზე რთულია – მანძილის სიმცირის გამო მიმდინარე ექსპერიმენტებში ოპტიკური ბოჭკოს გამოყენებით. კვანტური დახლართულობის საფუძველზე დაშიფრული გასაღების გადაცემასთან დაკავშირებული ყველა ამჟამინდელი ექსპერიმენტი რამდენიმე ასეული კილომეტრით შემოიფარგლება.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის აზრით, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი უმთავრესი ჰიპოთეზის შესამოწმებლად საჭიროა ძირითადი ელემენტის სახით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამოყენება. ამ ექსპერიმენტმა უნდა დაადასტუროს კვანტური დახლართულობის არსებობა დიდ მანძილზე.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭიროა მხოლოდ შედარებით მცირე ზომის ფოტონების მიმღების გადატანა. მისი დამონტაჟება შეიძლება იქ არსებულ მოტორიზებულ ფოტოობიქტივზე „Nikon 400 მმ", რომელიც დაყენებულია კოსმოსური სადგურის დათვალიერების გუმბათში.
ბელის ექსპერიმენტის მსვლელობისას დახლართული ფოტონების წყვილები გენერირებულ იქნება დედამიწაზე, მაგრამ ერთი მიწისზედა სადგურიდან წარიმართება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდიფიცირებული ფოტოკამერისაკენ, მეორე კი დედამიწაზე დარჩება. სულ დაგეგმილია რამდენიმე მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება; თითოეულის ხანგრძლიობა 70 წამზე ნაკლები იქნება.
მკვლევართა აზრით, აგრეთვე საჭიროა კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება – საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კვანტური „გასაღების" გაგზავნა, რომლის გენერირება ხდება ფოტონთა ნაკადის გამოყენებით და რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციური არხის ფარული მოსმენისაგან პრაქტიკულად აბსოლუტურ დაცვას.
შეთავაზებული ექსპერიმენტი საინტერესოა იმით, რომ სერიოზულ ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს: საჭიროა მხოლოდ კოსმოსურ სადგურზე შედარებით მცირე ზომის მოწყობილობის გადატანა და უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა არსებული ფოტოკამერის კონსტრუქციაში. ექსპერიმენტი შედეგები მნიშვნელოვანია არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც, კერძოდ, თანამგზავრული კავშირის საიმედოდ დაცული კვანტური სისტემების შესაქმნელად.
Комментариев нет:
Отправить комментарий