среда, 28 августа 2013 г.

სხვადასხვა ტიპის შავმა მატერიამ მეცნიერები დააბნია


მეცნიერთა გუნდის ვარაუდით, შესაძლოა არსებობს შავი მატერიის ისეთი ტიპი, რომელიც თანამედროვე ფიზიკური მოდელებით გათვალისწინებული არ არის.

„Physical Review Letters"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსთა გუნდის მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ შავი მატერია მთლიანად ცივი და ნაკლებად მოძრავი არ არის.
ხილულ სამყაროს გალაქტიკებს დისკოს ფორმა აქვს და ამის კარგი მაგალითია ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი. გალაქტიკის ყველა ობიექტი გათანაბრებულია ერთ სიბრტყეზე გრავიტაციისა და ბრუნვის შედეგად. მაგრამ მიჩნეულია, რომ შავი მატერია დიდი შარავანდივით გალაქტიკის გარშემო ბოინობს და გარე ძალებს „უგულებელყოფს". მიმდინარე მოდელების თანახმად, შავი მატერიის ნაწილაკები ზეცივია და ნაკლებად მოძრავი – ისინი იშვიათად ეჯახება ერთმანეთს და დისკოს არ ქმნის.
მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ შეიძლება არსებობდეს შავი მატერიის სხვა სახეობა, რომელიც ხილული მატერიის მსგავსად იქცევა. შავი მატერიის განსაკუთრებული ტიპი ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ხილული მატერია, ანუ შეუძლია დისკოს ჩამოყალიბება. მათი ვარაუდით, შავი მატერიის ეს ტიპი დანარჩენი შავი მატერიის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.
ამასთანავე, დისკოს შექნის უნარის მქონე შავ მატერიას შესაბამისად იქნება ხილული მატერიის სხვა თვისებებიც. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არსებობს შავი ატომები, შავი ფოტონები და შავი ელექტრომაგნიტური ძალის ზოგიერთი ფორმაც. ეს ჰიპოთეზა, რა თქმა უნდა, მეტად თამამია; მაგრამ თუ ის გამართლდა, ეს თანამედროვე ფიზიკას გადატრიალებას უქადაგებს. აღსანიშნავია, რომ შავი მატერიისა და შავი ენერგიის სფეროში ძიებას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა არა აქვს – ამას შორეული პრაქტიკული პერსპექტივაც შეიძლება მოჰყვეს – მაგალითად, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი ძრავის შექმნა.
შავი მატერიის მრავალწლიანი კვლევის შედეგად შეიქმნა მოდელი, რომელიც აღწერს შავ მატერიას, როგორც სფერული გროვის ფორმით არსებულ ნივთიერებას, რომლის შიგნით განლაგებულია გალაქტიკა. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ტიპის შავი მატერიაც არსებობს. მაგალითად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სამყაროს მატერიის 5%-ს შეადგენს ეგრეთ წოდებული „ბარიონული" მატერია („ბარიონებად" წოდებული ძლიერმოქმედი ფერმიონები¬საგან შემდგარი მატერია). გამორიცხული არ არის, რომ შავ მატერიასაც შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ტიპი, თანაც მსგავსი პროპორციით.
თუ ეს ასეა, მაშინ შეიძლება არსებობდეს შავი გალაქტიკები შავივე „ვარსკვლავებით", „პლანეტებით" და ა.შ., რომელთა აღმოჩენა დღეს არ შეგვიძლია. მართალია, მათი რიცხვი სამყაროში საკმაოდ მცირეა (დანარჩენი შავი მატერიისა და ხილული ნივთიერების მასასთან შედარებით). „ხილული" შავი მატერიის ჰიპოთეზის დასადასტურებლად ან უარსაყოფად საჭიროა მრავალი ექსპერიმენტისა და დაკვირვების ჩატარება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий