ჟაკ გაიო
„ერთმა შემთხვევამ დამაფიქრა. მონრეალში ერთ-ერთმა სამრევლომ მიმიწვია. მეტროს სადგურიდან რომ ამოვედი, კოკისპირულად წვიმდა. მე კი ამ ვითარებისთვის სრულიად მოუმზადებელი, სამღვდელო შესამოსლის ამარა, ქოლგისა და საწვიმრის გარეშე გახლდით. უცებ ერთი კაცი მომიახლოვდა და მეუბნება: „შემიძლია საწვიმარი გათხოვოთ, მონსიონიორ!1“ ღიმილით მივუგე: „კი მაგრამ, თქვენც ხომ ისევე გჭირდებათ იგი, როგორც მე?“ აღმოჩნდა, რომ იქვე ახლოს ცხოვრობდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით შევთანხმდით, რომ მანძილს მის სახლამდე ერთი საწვიმრის ქვეშ გავივლიდით, შემდეგ კი რაღაცას მოვახერხებდი. გზაში ორიოდე სიტყვა გავცვალეთ. გამოირკვა, რომ ებრაელი იყო. როდესაც თანამგზავრის გარეშე განვაგრძე გზა, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ვიღაც ქალბატონის ხმა მომესმა: „მოიცადეთ, მამაო, ქოლგას გადაგაფარებთ!“. „დიახ, გმადლობთ. აი, ცოტაღა დამრჩა და მივალ“. „იცით, მამაო, ქალი, რომელსაც ახლა ქოლგა უჭირავს, მუსლიმია...“. ჩემთვის ვფიქრობდი: „ეს რა ეკუმენური დღე გამითენდა! ძალიანაც კარგი, რომ არც ქოლგა და არც საწვიმარი არ წამოვიღე, თორემ ხომ ამცდებოდა ამ კეთილ ადამიანებთან შეხვედრა“. ასეა, როცა შენ არაფრის საჭიროებას არ განიცდი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ, მაშინ არც სხვა ადამიანებს საჭიროებ, მაგრამ როცა გასაჭირში ხარ, მაშინ ჩნდებიან საჭირო ადამიანები. ასე ხდება ადამიანების ერთმანეთთან შეკავშირება და ამ დროს მათი განსხვავებული რელიგიური მრწამსი ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. და კიდევ ერთი: ჩვენ შეიძლება ყველაფრის ყიდვა მოვახერხოთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ამგვარი თანადგომა და სოლიდარობა სხვა გზით მოიპოვება“.2
ჟაკ გაიო (Jacques Gaillot) 1935 წლის 11 სექტემბერს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში - შამპანში - დაიბადა (ღვინოებით სახელგანთქმული სწორედ ამ რეგიონის სახელი ჰქვია შამპანურს).
მას ყმაწვილობიდანვე სურდა მღვდლობა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას. 1957-1959 წლებში ალჟირის ომში მონაწილეობს, სადაც საკუთარი თვალით იხილა ომის საშინელება. ამის შემდეგ მასში არაძალადობის ფილოსოფიის გაცნობის ძლიერი ინტერესი ჩნდება. 1960 წელს იგი რომში მიემგზავრება თეოლოგიური განათლების მისაღებად. 1961 წელს მღვდლად აკურთხეს. 1962-1964 წლებში პარიზის ლიტურგიკულ ინსტიტუტში მოღვაწეობს, პარალელურად ლექციებს კითხულობს შამპანის სასულიერო სემინარიაში.
1965 წლიდან მამა ჟაკ გაიო რეიმსის რეგიონალური სასულიერო სემინარიის პროფესორი ხდება. ხელმძღვანელობს სხდომებს, რომლებზეც ვატიკანის მეორე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკული განხორციელების გზები განიხილება. 1973 წელს თავის მშობლიურ ქალაქში, სენ დიზიერში, სამრევლოს ხელმძღვანელად ინიშნება, იმავდროულად პარიზის სამღვდელო კადრების წვრთნისა და გადამზადების ინსტიტუტის თანახელმძღვანელად იწყებს მუშაობას. 1982 წლიდან კი მამა ჟაკი ევრეს ეპარქიის კათედრის ეპისკოპოსია.
ეპისკოპოსობის პირველივე დღეებიდან ჟაკ გაიომ იმგვარი საზოგადოებრივი აქტივობა წამოიწყო, რომელიც მას საკუთარი კათედრის ფასად დაუჯდა. თავის პირველ სააღდგომო ეპისტოლეში იგი წერს: „ქრისტე კედლებს მიღმა მოკვდა. დაბადებითაც კედლებს გარეთ დაიბადა. ამიტომ, თუკი გვსურს აღდგომის ნათელი ვიხილოთ, ჩვენც კედლებს გარეთ უნდა გავიდეთ... მე არ ვარ ეკლესიაში იმისთვის, რომ ქრისტეს რწმენა ვუქადაგო უკვე მორწმუნეებს და კეთილდღეობაში მცხოვრებ ადამიანებზე ვიზრუნო. მე მოწოდებული ვარ ხელი გავუწოდო ყველა დაცემულს და სხვისი ტკივილი ჩემს ტკივილად ვაქციო. სად უნდა ტრიალებდეს ეპისკოპოსი, თავის საკათედრო ტაძარში თუ ქუჩაში?.. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი“3.
ამის შემდეგ ჟაკ გაიო მის მიერ გამოთქმული ამ შეხედულების მიხედვით იწყებს მოქმედებას. აქ ალბათ არ იქნება უადგილო, თუ კიდევ ერთ კათოლიკე ეპისკოპოსს, ბრაზილიის ერთ-ერთ უღარიბეს რეგიონში (სადაც მან მთელი სიცოცხლე იმსახურა) მივლინებულ მღვდელმთავარს, პედრო კასალდალიგასაც ვახსენებთ, რომელმაც იგივე მიზანი დაუსახა საკუთარ თავს: „ემსახურო ადამიანებს, ეს იყო იესოს მიზანი და ჩემი მიზანიც ეს უნდა იყოს. განა ღმერთის სურვილი არ არის ადამიანები ერთმანეთს ემსახურებოდნენ?“4 ქვემოთ, სათანადო ადგილებზე, კვლავ დავიმოწმებთ ამ მოღვაწის ცხოვრების ეპიზოდებს, რომლებიც ეპისკოპოს გაიოს მოღვაწეობასთან პარალელების გასავლებად გამოგვადგება.
1983 წელს ჟაკ გაიო სასამართლო პროცესზე გამოდის იმ კათოლიკეს დასაცავად, რომელმაც საკუთარი სინდისისა და რელიგიური შეხედულებების საფუძველზე უარი განაცხადა ჯარში სამსახურზე. ეპისკოპოსთა ყოველწლიურ კრებაზე ჟაკ გაიო იმ ორ ეპისკოპოსთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც გააპროტესტეს დანარჩენ ეპისკოპოსთა (108 ეპისკოპოსის) მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ეს დოკუმენტი მხარს უჭერდა ბირთვული იარაღის, როგორც ლეგიტიმური თავდაცვის საშუალების, გამოყენების შესაძლებლობას.
1985 წელს მან მხარი დაუჭირა პალესტინელთა აჯანყებას დაპყრობილ ტერიტორიებზე და იასირ არაფატს შეხვდა ტუნისში. 1987 წელს იგი გაერომ ნიუ-იორკში მიიწვია სპეციალურ სხდომაზე დასასწრებად, რომელიც ბირთვულ განიარაღებას ეძღვნებოდა.
ფრანგული მედიის ყურადღება ეპისკოპოსმა ჟაკ გაიომ პირველად 1985 წელს მიიპყრო, როდესაც მან კათოლიკური სკოლების არასაკმარისად ანაზღაურებადი მასწავლებლების სახელით შედგენილ მიმართვას მოაწერა ხელი. მას ხელი მოაწერა აგრეთვე საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმაც. ამ ფაქტის გამო მემარჯვენე საეკლესიო წრეებმა გაიოს წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. საკუთარ ეპარქიაში პრესა მას უწოდებდა „იარაღს ეკლესიის დაუძინებელი მტრების ხელში“.5
1987 წელს ჟაკ გაიო სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება იმ გოგონას სანახავად, რომელიც ევრეს ეპარქიიდან სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა და იქ მას ამისთვის ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იქვე ეპისკოპოსი გაიო თავადაც იღებს მონაწილეობას დემონსტრაციაში, რომელშიც კომუნისტი აქტივისტებიც მონაწილეობდენ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების გამო მან უარი განაცხადა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ქ. ლურდში მოსალოცად გამგზავრებაზე. მისმა ამ ქმედებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა საეკლესიო წრეებში.
ეპისკოპოსი ჟაკ გაიო ხმამაღლა აცხადებს, რომ ფრანგი ეპისკოპოსები „ზედმეტად არიან დაკავებულნი ეკლესიისა და მისი სტრუქტურების სწორად ფუნქციონირებაზე ზრუნვით“.6 ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამძაფრა მანამდე მის მიმართ არსებული ისედაც მწვავე კრიტიკული განწყობა. აქვე დავიმოწმებთ ეპისკოპოს გაიოს მიერ სხვა ვითარებაში და სხვა მიზეზით გამოთქმულ სიტყვებს. იგი ამბობს, საკმარისია გაჭირვებული ადამიანების ყოფას ახლოს გავეცნოთ და გავიზიაროთ მათი საწუხარი, რომ „ჩვენი ეკლესიის ბევრი პრობლემა მაშინვე ფარდობითად, ნაკლებმნიშვნელოვნად მოგვეჩვენება!“.7
1988 წელს ქ. ლურდში, ეპისკოპოსთა დახურულ სხდომაზე, მან დაოჯახებული მამაკაცების მღვდლად ხელდასხმას დაუჭირა მხარი.8 სხდომის დამთავრების შემდეგ გაიომ პრესას უამბო კრებაზე მიმდინარე დისკუსიის შესახებ და გაიმეორა მის მიერ ამ შეკრებაზე გამოთქმული შეხედულებები. სამღვდელოთა ცელიბატის (დაუქორწინებლოის), ქალთა მღვდლობისა და კონდომის გამოყენებასთან დაკავშირებული პოზიციების რევიზიისკენ მოწოდების გამო სერიოზული დაძაბულობა წარმოიშვა მასსა და საფრანგეთის ეპისკოპოსთა კოლეგიას შორის. მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ სხდომის შინაარსის მედიისთვის გაცნობით გაიომ დაარღვია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ამგვარ კრებებზე განხილული საკითხები არ უნდა გახმაურებულიყო. კრებაზე განხილული ერთ-ერთი საკითხის გამო იგი აღნიშნავს: „მე თავად არასოდეს დამირღვევია ცელიბატის აღთქმა... მე მხოლოდ ეჭვის ქვეშ დავაყენე მისი მართებულობა. ეს კი გაცილებით უარესია პირველზე“.9ანალოგიური ხედვა ჰქონდა ეპისკოპოს კასალდალიგას, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელი და ანგარიშგასაწევი არგუმენტებით არის გამყარებული: „ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც მიმაჩნია, რომ კათოლიკე მღვდლებისთვის სავალდებულო ცელიბატი აბსურდული და უსამართლოა. ჩემი სურვილია მომავალმა პაპმა ეს გააუქმოს, ვინაიდან მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ ის თავისუფალი არჩევანის შედეგია. (...) თუკი ცელიბატის არჩევა თავისუფალი იქნება, მაშინ დაოჯახებულ მამაკაცებს შეეძლებათ მღვდლად ეკურთხონ და აღარ გვექნება პედოფილიის საშინელი შემთხვევები“.10 ქალთა მღვდლობის საკითხზე კი შემდეგს ამბობს: „...ქალი ყოველდღიურად უფრო ძლიერდება, უფრო კარგად არის მომზადებული ეკლესიაში მსახურებისთვის. მიუხედავად ამისა, მისი ხელდასხმა აკრძალულია. როგორ შეუძლია ეკლესიას ისაუბროს ადამიანის უფლებებზე, როდესაც ის არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც აგრძელებს ქალების დისკრიმინაციას...“11
სწორედ კონტრაცეპტივებია ერთ-ერთი იმ საკითხთაგან, რომელთა გამოც ვატიკანს აკრიტიკებს სხვა სახელგანთქმული კათოლიკე თეოლოგი - ჰანს კიუნგი. კიდევ შეიძლებოდა მსგავსი პოზიციის მქონე ნაკლებად ცნობილ კათოლიკე თეოლოგთა თუ იერარქთა დასახელებაც, რომლებსაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ძალუძთ კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური პოზიციის შეცვლა. უფრო მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ თვით ვატიკანის მესვეურთა შორისაც კი არ არსებობს ერთგვაროვანი პოზიცია კანონიკური და ეთიკური საკითხების თაობაზე, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებების პერსპექტივა მაინც არ შეიმჩნევა.12
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რომის პაპისგან განსხვავებით, ამჟამინდელი მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის პოზიცია კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებით სრულად ემთხვევა ამ „დისიდენტი“ კათოლიკე მოღვაწეების პოზიციას. ოლივიე კლემანი მიუთითებს, რომ პატრიარქ ბართლომეოსს, მისი წინამორბედის, ათენაგორას მსგავსად, საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება აქვს აღნიშნულ პრობლემასთან: „...თუ ქალსა და ვაჟს ჭეშმარიტი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი, მაშინ მე არაფერი მესაქმება მათ საწოლ ოთახში! შობადობის კონტროლის მეთოდებთან დაკავშირებით კი მათ, დაე, საკუთარი სინდისითა და ექიმის რჩევით იხელმძღვანელონ. ეს ჩემი საქმე არ არის“.13
1989 წელს ჟაკ გაიომ მონაწილეობა მიიღო ეპისკოპოს ბ.ჰ. გრეგორის (1750-1831) ნეშტის საფრანგეთის ეროვნულ გმირთა პანთეონში გადმოსვენების ცერემონიალში. გრეგორის მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა შეტანილი მონობის ინსტიტუტის გაუქმებასა და შავკანიანთა და ებრაელთა დისკრიმინაციის შეჩერებაში ფრანგული რევოლუციის დროს. კათოლიკური ეკლესიის იერარქიამ დაგმო ეპისკოპოსი გრეგორი სამღვდელოების სამოქალაქო კონსტიტუციის (Civil Constitution of the Clergy) მიღებისთვის. გაიო ერთადერთი ფრანგი ეპისკოპოსი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ცერემონიალში. ამის შემდეგ იგი კიდევ უფრო შთამბეჭდავ რეპუტაციას იძენს, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი აზრით.
1989 წლის განმავლობაში იმდენად იზრდება საფრანგეთის ეპისკოპოსთა კოლეგიის უკმაყოფილება „სხვაგვარად მოაზროვნე“ ეპისკოპოსის მიმართ, რომ უკვე მთელი ეპისკოპატი, გამონაკლისის გარეშე, ოფიციალურად გმობს მას. ამგვარი რეაქცია, ძირითადად, გამოიწვია მისი ინტერვიუს გამოქვეყნებამ ჟურნალ Lui-ში (Playboy-ს ფრანგული ეკვივალენტში). ეპისკოპოსი გაიო წამყვან გეი-ჟურნალებსაც აძლევს ინტერვიუებს და საჯაროდ აკრიტიკებს კათოლიკურ იერარქიას ადამიანის სექსუალური ცხოვრების საკითხებში უმეცრების გამო.
1989 წლის დამლევს გაიო ცდილობს „მოჭკვიანდეს“, აწერს რა ხელს განცხადებას, სადაც იერარქიას რომის პაპისადმი „ლოიალობასა“ და მორჩილებას ჰპირდება. თუმცა „შერიგების აქტი“ დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ კვირაში გაიო ტელევიზიით გამოდის, სადაც კვლავ ემიჯნება ეპისკოპოსთა ძირითად ნაწილს. იგი აღნიშნავს, რომ „ეკლესიის შიგნით თითქმის არ არსებობს დებატები“ და მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ ვატიკანის მეორე კრების შემდეგ ეკლესიაში არავითარი პროგრესი არ შეიმჩნევა.14 ცვლილებებისა და განახლების საჭიროებაზე საუბრობს ეპისკოპოსი კასალდალიგაც: „ეკლესია ვალდებულია ხელს უწყობდეს ცვლილებებს, იმის მაგივრად, რომ გმობდეს მათ. ყველაფერი შეფარდებითია ღმერთისა და ადამიანის გარდა“.15
გაიოს ტელევიზიით ხშირი გამოსვლების გამოც აკრიტიკებენ. ამის გამო იგი აღნიშნავდა, რომ თუ ხალხი ჯერ კიდევ იჩენს ინტერესს სასულიერო პირის მიმართ, ესე იგი, მათ ჯერ კიდევ აინტერესებთ ეკლესიის პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე. გავრცელებული ხმების მიხედვით, იგი თითქოს ქალებს აბორტისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეპისკოპოსი გაიო მხოლოდ იმას ამბობს, რომ არ შეუძლია და არც სურვილი აქვს ის ქალი განიკითხოს, რომელიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა მისი ამგვარი შემწყნარებლური დამოკიდებულებაც კი ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო პოზიციად ჩაითვალა.
ამრიგად, ეპისკოპოს გაიოს პიროვნების განუწყვეტელი დისკრედიტაცია ისევ „შინაურების“, სასულიერო პირების მხრიდან ხდება: იქნება ეს ჰომოსექსუალიზმის, რასიზმის, ანტისემიტიზმის დაუსაბუთებელი ბრალდებები თუ მისი ფსიქოპათად და არანორმალურ ადამიანად მოხსენიება. არც გაიო რჩებოდა ვალში. მან აიათოლას16 შეადარა არქიეპისკოპოსი დიუვალი, რომელიც „იდეოლოგიური ერთგვაროვნების“ დამყარებას ცდილობს საფრანგეთის ეპისკოპოსთა კოლეგიუმში.
საუკეთესო დამადასტურებელი საბუთი ეპისკოპოს გაიოს სურვილისა, უფრო მეტიც, წყურვილისა, რაც შეიძლება ხშირად ყოფილიყო ხელმისაწვდომი გაჭირვებული და ტანჯული ადამიანებისთვის, არის შემდეგი ფაქტი: ევრეს ეპარქიაში მსახურების დასასრულს მას უფრო მეტი პატიმარი ჰყავდა მონახულებული ციხეებში, ვიდრე ნებისმიერ ეპისკოპოსს საფრანგეთის მთელი ისტორიის მანძილზე. ეს კი სრულიად ბუნებრივია ისეთი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანისთვის, როგორიც ეპისკოპოსი ჟაკ გაიოა. მოგვიანებით, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში, ის იტყვის: „ქრისტე თავის სახარებას არა მხოლოდ ჩაგრულ და დევნილ ადამიანებს აუწყებს, არამედ იგი თავად ხდება ასეთი“.17 ეპისკოპოს პედრო კასალდალიგასაც გაცნობიერებული აქვს სხვათა გაჭირვების საკუთარ თავზე განცდის აუცილებლობა: „მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ უსამართლობას და ჩემი ბრძოლა ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, ვიგრძენი, თვითონ უნდა ვყოფილიყავი ღარიბი“.18
1995 წლის 13 იანვარს ეპისკოპოსი გაიო ვატიკანში გამოიძახეს, ეპისკოპოსთა კონგრეგაციის პრეფექტთან, კარდინალ განტინთან შესახვედრად. გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული: მას ევრეს ეპარქიის კათედრა უნდა დაეტოვებინა და პართენიის ეპარქიის ტიტულარულ (ნომინალურ) ეპისკოპოსად უნდა გადასულიყო.
პართენიის ეპარქია, რომელიც ახლა ალჟირის უდაბნოშია, საერთოდ არ არსებობდა ვატიკანის რელიგიურ რუკაზე მე-5 საუკუნიდან მოყოლებული (მანამდე ეს ეპარქია მავრიტანიის ტერიტორიაზე იყო). ეს თანამდებობა არავითარ პასტორალური ფუნქციების აღსრულებას არ მოითხოვდა, თუმცა ეპისკოპოსმა გაიომ ინტერნეტით გააგრძელა თავისი მსახურება, როგორც „ვირტუალურმა ეპისკოპოსმა“.
ეპისკოპოსის რეზიდენციიდან განდევნის შემდეგ იგი პარიზის ცნობილ დრაგონის ქუჩაზე მიდის, სადაც არალეგალი ემიგრანტები ბინადრობენ, და ერთი წლის განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრობს. მას ვატიკანის წინააღმდეგ ბუნტის მოწყობას სთავაზობდნენ, თუმცა თავისი პასტორალური მოღვაწეობის გაგრძელება არჩია მის გარშემო შექმნილ ახალ ვითარებაში. ტაძრისა და ეპარქიის გარეშე დარჩენილ ეპისკოპოსს ზოგჯერ ესა თუ ის სამრევლო იწვევს მესის ჩასატარებლად ან ქადაგების წარმოსათქმელად. როგორც წესი, ეპისკოპოსები უარს ეუბნებიან მას ღვთისმსახურების ერთობლივად ჩატარებაზე, თუმცა მათ შორისაც არის ზოგიერთი გამონაკლისი.
ეპისკოპოსი გაიო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბებთან ცხოვრებამ მას ორი რამ ასწავლა: „...პირველი: მოცემული დღით ცხოვრება მომდევნო დღეებისთვის ყოველგვარი გეგმების დაწყობის გარეშე. როგორც სახარებაში წერია, „ხვალე თვითონ იზრუნებს თავისთვის, რადგან ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი (ზოგიერთი თარგმანით: ბოროტება)“ (მთ. 6:34), ხვალ სხვა დღე იქნება; და მეორე: სიხარულის განცდა. რაკიღა ღარიბთა ცხოვრება მძიმეა, ისინი განსაკუთრებულად ხარობენ ერთად ყოფნით და შესაშური ხელგაშლილობით უზიარებენ ერთმანეთს, რასაც დღიურად შოულობენ“.19 ეპისკოპოსი პედრო კასალდალიგა კი შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს თავის გამოცდილებას: „ვინც ღარიბებთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ მას შეუძლია დაინახოს მათი უდიდესი უნარი - უნარი იმისა, რომ გაგიყონ უკანასკნელი ლუკმა. მართლაც საოცარია, რომ, მიუხედავად დიდი უბედურებისა, მათ შეუძლიათ იყვნენ მხიარულნი. ასევე საოცარია მათი მიმტევებლობა. მახსოვს ერთი კაცი, რომელსაც ხუთი შვილი მოუკლეს, მაგრამ მან შეძლო დამნაშავეთა პატიება...“20
ევრეს ეპარქიიდან ეპისკოპოს გაიოს დათხოვნამ ძლიერი ემოციური რეაქციები გამოიწვია უამრავ ადამიანში, როგორც საფრანგეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საკათედრო ტაძარში მის უკანასკნელ მესას რამდენიმე ათასი კაცი დაესწრო, რომლებმაც ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყვეს ქუჩაში ვატიკანის გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით. დემონსტრაცია, რომელსაც გადაუღებელმა წვიმამაც ვერ შეუშალა ხელი, რეგიონის კომუნისტი გუბერნატორის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
ევრეს ეპარქიისთვის ეპისკოპოს გაიოს ჩამოშორება საზოგადოებამ და ზოგიერთმა სასულიერო პირმა შეცდომად აღიარა. ასე ფიქრობდნენ ის არარელიგიური ადამიანებიც, რომლებიც ეპისკოპოსისადმი აშკარა სიმპათიით იყვნენ გამსჭვალულნი. გაიოს გადაყენების გამო 40 ათასმა ადამიანმა გაუგზავნა საპროტესტო წერილი ვატიკანსა და სხვადასხვა ცნობილ პრელატს.
იმ დროისთვის ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ წარმოაჩინა, რომ ფრანგული საზოგადოების დიდი ნაწილი არ იწონებდა გაიოს წინააღმდეგ გატარებულ სანქციებს: 64% აპროტესტებდა ამ ზომას; 25% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებდა; მხოლოდ 11% იწონებდა ვატიკანის გადაწყვეტილებას. როგორც მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, გაიოს მხარდამჭერთა რიცხვი 75%-მდე გაიზარდა.
არც თავად ფრანგულ საეკლესიო წრეებში იყო ამის გამო ერთგვაროვანი რეაქცია. მონსინიორ ჟან მიშელ დი ფალკომ, საფრანგეთის ეპისკოპოსთა კოლეგიუმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ კარდინალი კოფი და არქიეპისკოპოსი დიუვალი „აშკარად შეშფოთებულნი“ არიან ვატიკანის მიერ გაიოს წინააღმდეგ გატარებული სანქციების გამო. დიუვალი მოგვიანებით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნავს, რომ იგი „რომს მეტი მოთმინების გამოჩენას სთხოვდა“. მისი თქმით, ამგვარი ქმედება „ავტორიტარული აქტია, რომელსაც ვერასოდეს შეურიგდება საზოგადოება“.21 არქიეპისკოპოსი ჟაკ დელაპორტეც ცდილობს გაიოს დაცვას: „ეს ქმედება ჭრილობაა ჩვენი ეკლესიისთვის... ეს გაუგებრობის სერიოზული წყაროა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს ეკლესიაში და რომელსაც ნდობა აქვს ეკლესიის მიმართ“.22
ევრეს ეპარქიიდან განდევნის შემდეგ ეპისკოპოსი გაიო წერდა: „ჩემი ოცნება იყო, რომ თითოეული შეჭირვებული, დევნილი, ჩაგრული და ყველასგან ზურგშექცეული ადამიანისთვის გამეწვდინა ხელი და ნუგეში მეცა; რომ ყოველთვის შემძლებოდა იქ წასვლა, საითკენაც ადამიანთა ტანჯვა მიხმობდა; რომ შემძლებოდა პროტესტი გამომეხატა გაუსაძლისი სიღატაკის, უსამართლობის, ძალადობის, იარაღით ვაჭრობისა და სხვა მსგავსი სიმახინჯეების გამო...“23
ეპისკოპოსი ჟაკ გაიო, საკუთარი ინიციატივით, კვლავ აღასრულებს თავის პასტორალურ მისიას მიუსაფარი და მარგინალიზებული ადამიანებისთვის (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი გათავისუფლებულ იქნა ამგვარი ფუნქციებისგან), კვლავ მოგზაურობს საფრანგეთის სხვადასხვა მხარეში და მის ფარგლებს გარეთაც, ქადაგებს ქრისტეს სახარებას, რომლის შინაარსიც მნიშვნელოვნად არის მინავლებული ზოგიერთი რეგიონის მკვიდრთა გაწარმართებულ ცნობიერებაში. ეპისკოპოსი ღრმად არის დარწმუნებული, რომ იესო არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. იგი ცდილობს არალეგალი ემიგრანტების უფლებებიც დაიცვას და როგორმე შეამსუბუქოს მათი გაუსაძლისი ყოფა.
1995 წელს ეპისკოპოსი გაიო მონაწილეობს ორგანიზაცია Call to Action-ის24 მიერ დეტროიტში მოწყობილ კონფერენციაში, როგორც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. იგი სამ სხდომას წარუძღვა. მის გარდა კონფერენციას სხვა „დისიდენტი“ კათოლიკე თეოლოგებიც ხელმძღვანელობდნენ, რომელთა შორის იყვნენ პროფ. ჰანს კიუნგი და ეპისკოპოსი თომას გუმბლეტონი.
საერთოდ, ეპისკოპოსი გაიო ძალიან ენერგიულად და აქტიურად ეწეოდა თავის საქმიანობას. ამის გამო ხშირად ვატიკანი უბრალოდ იძულებული იყო, ასე ვთქვათ, „პირდაპირი ჩარევით“ შეეჩერებინა იგი. მაგალითად, პაპმა იონე-პავლე II-მ უშუალოდ მას გაუგზავნა ბრძანებულება, რომ არ ჩაეტარებინა კონფერენცია სექსუალური უმცირესობების პრობლემებზე.
2004 წელს, კათოლიკე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ეპისკოპოსი გაიო სიტყვით უნდა გამოსულიყო ქ. ბონში გამართულ სემინარზე. თუმცა კიოლნის კარდინალმა იოახიმ მეისნერმა კათოლიკური ეკლესიის კანონიკური კოდექსის 736-ე კანონის დამოწმებით, რომელიც ეპისკოპოსს უკრძალავს ქადაგების წარმოთქმას სხვა ეპარქიაში, „თუკი იგი მცდარ სწავლებას ქადაგებს“, მას სხდომაზე სიტყვის წარმოთქმა აუკრძალა. ეპისკოპოსი მშვიდად და ღიმილით ამბობდა: „მე ამიკრძალეს ლაპარაკი, მაგრამ შეუძლებელია ჭეშმარიტების სიტყვა დიდხანს დააბრკოლო“.
აღნიშნული სემინარი დამოუკიდებელი კათოლიკური ჟურნალის “Public Forum”-ის მიერ იყო ორგანიზებული. რედაქციის თანამშრომლებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს და დაგმეს კარდინალ მეისნერის საქციელი. რედაქციამ ხალხს მოუწოდა დაეცვათ სემინარზე გამომსვლელები „კარდინალის აგრესიული და ბრიყვული გამოხდომისგან“. სემინარი მომდევნო წელს კიოლნში ჩატარდა. ყველა მონაწილეს (1300 ადამიანს) ხელში წითელი ბარათი ეჭირა, რომელსაც მსაჯები ფეხბურთელის მოედნიდან გაძევებისას იყენებენ. ამ ბარათების ადრესატი კარდინალი მეისნერი იყო.
ყველაზე ცნობილი ფაქტი ეპისკოპოს გაიოს უფლებადაცვითი მოღვაწეობისა საფრანგეთის ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის „Droits Devant“-ის (ფრანგ. „უფლებები უპირველეს ყოვლისა“) თანათავმჯდომარეობაა.
არარსებული ეპარქიის, პართენიის, ნომინალურ ეპისკოპოსად გადაყვანის შემდგომ მან ეს ეპარქია ინტერნეტსაიტის (www.partenia.org) სახით აღადგინა.
2007 წლიდან ეპისკოპოსი გაიო ცდილობს უფრო აქტიურად გამოიყენოს ინტერნეტი: Google Video-ზე აქვეყნებს საკუთარ ვიდეო ინტერვიუებს სხვადასხვა საკითხზე. მას 12-მდე წიგნი აქვს გამოქვეყნებული. საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო მისმა წიგნმა „A Cry on Exclusion“, რომელშიც საფრანგეთის საემიგრაციო კანონებია გაკრიტიკებული (ეს გარემოება ერთ-ერთ მიზეზად გამოადგა ვატიკანს მისი დათხოვნისას). გაიოს მეორე ცნობილი წიგნი კი („Voice from the Desert: A Bishop's Cry for a New Church“) მისი დასჯის შემდეგ არის დაწერილი და ძირითადად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.
ეპისკოპოს ჟაკ გაიოს ხშირად პირველ „ვირტუალურ ეპისკოპოსს“ უწოდებენ. იგი ამბობს, რომ არასოდეს შეწყვეტს პაპის კონსერვატიული პოზიციისაგან განსხვავებული სოციალური და მორალური პრინციპების ქადაგებას. „ეპარქიიდან ჩემს ჩამოშორებას, - ამბობს იგი, - ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ხმა ვეღარ მიმეწვდინა ადამიანებისთვის. მაგრამ ასეთმა სტრატეგიამ არ გაამართლა, რადგან ახლა უფრო მეტი ადამიანი მისმენს ელექტრონული საშუალებებით“.
ეპისკოპოს ჟაკ გაიოს ზოგიერთი გამონათქვამები:
„სწორედ სახარებამ მასწავლა, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე წესები და კანონები“.
„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პაპს და საერთოდ პაპობის ინსტიტუტს. ღრმად მწამს, რომ მომავალში რეფორმების იმპულსი ქვემოდან, ხალხისგან წამოვა და არა ზემოდან - იერარქიისგან“.
„თუკი ჩვენი ამოსავალი წერტილი და მთავარი ღირებულება თვით ადამიანი იქნება, მაშინ ყველაფერი თავისთავად განახლდება - ლიტურგიაც, თეოლოგიური აზროვნებაც და მთლიანად საეკლესიო ცხოვრებაც“.
„ზოგჯერ ეკლესია ინდიფერენტულია ადამიანის უფლებებისადმი, მაგრამ სახარება არასოდეს არის ნეიტრალური ამ საკითხის მიმართ“.
„რატომ უარყვეს იესო? ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შემდეგი იყო: მისმა უჩვეულო და თავისუფალმა მსჯელობებმა შიში გამოიწვია ადამიანებში. მათ დაინახეს რომ შესაძლებელი იყო სხვაგვარად, განსხვავებულად ცხოვრება, მაგრამ ამის შედეგად შეიძლება ბევრი რამ დაეკარგად (ავტორიტეტი, მატერიალური მდგომარეობა, მეგობრები და სხვ.) და მათ შეეშინდათ ამგვარი განსხვავებულობის.
შენიშვნები:
_____________
1. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის აღმნიშვნელი სიტყვა რომის კათოლიკურ ეკლესიაში. იგივეა, რაც ქართული „მეუფე“ (მიმართვა ეპისკოპოსისადმი).
2. The Virtual Diocese. Interview with Bishop Gaillot, p. 4//http://gvanv.com/compass/arch/v1404/gaillot.html
3. Commonweal.Provocateur or prophet? The French church & Bishop Gaillot p.2,//http://findarticles.com/p/articles/mi-m1252/is-n17-v122/ai-17564085/
4. ღარიბების ეპისკოპოსი. ინტერვიუ ეპ. პედრო კასალდალიგასთან//ჟურნ. „არჩევანი“, №7-8, 2006, გვ. 95.
5. იქვე, პ. 6
6. იქვე, პ. 4
7. Bishop Jacques Gaillot. My Option for the Poor. Call to Action Conference, Detroit, 1996, p. 5 // http://www.cta-usa.org/resgaillot.html
8. როგორც ცნობილია, კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოება აუცილებლად დაუქორწინებელი უნდა იყოს, განსხვავებით მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციისგან, რომლის თანახმადაც დაშვებულია როგორც უცოლო (ე.წ. შავი სამღვდელოება), ასევე ცოლოსანი (ე.წ. თეთრი სამღვდელოება) სასულიერო პირების მსახურება ეკლესიაში.
9. Commonwealth. Provokateur or Prophet?... p. 4.
10. ღარიბების ეპისკოპოსი//ჟურნ. „არჩევანი“, №7-8, 2006, გვ. 96.
11. იქვე, გვ. 99 (ქალთა ხელდასხმის საკითხზე მართლმადიდებლური პოზიციისთვის იხ. ცნობილი ინგლისელი მართლმადიდებელი თეოლოგის, ოქსფორდის უნივერსიტეტის გადამდგარი პროფესორის, ეპისკოპოს კალისტოს უერის ნარკვევი (კრებულში: Элизабет Бер-Сижель, Еп. Каллист (Уэр). Рукоположение женщин в Православной церквию М., ББИ, 2000), რომელშიც ძალზე საინტერესო, ასე ვთქვათ, „რკინის არგუმენტებია“ წარმოდგენილი ქალთა მღვდლობის სასარგებლოდ.
12. ამგვარი „იდეოლოგიური სიჭრელის“ თაობაზე ქართველი მკითხველისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ წყაროს წარმოადგენს ინტერვიუ კათოლიკე თეოლოგთან, მამა ერნს კრისტოფ ზუტნერთან, რომელიც აცხადებს, რომ ვატიკანში „ისევე სხვადასხვაგვარად არიან განწყობილნი, როგორი პლურალისტულიც არის თვით კათოლიკური ეკლესია. ყველა ტენდენცია და, წარმოიდგინეთ, ტენდენციების ნიუანსებიც კი, რომლებიც წარმოდგენილია თანამედროვე კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში, მხარდამჭერებს ოფიციალურ ვატიკანშიც პოულობს“ (იხ. ჟურნ. „არჩევანი“, №3-4, 2006, გვ. 86).
13. O. Clement. Conversations with Ecumenical Patriarch Bartholomew I. N-Y, SVS Press, 1997, p. 128.
14. საეკლესიო ისტორიის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ავღნიშნავთ, რომ კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ვატიკანის მეორე კრება (1963-65) მართლაც ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ, რადგან სწორედ ამ კრების წყალობით კარდინალურად შეიცვალა და გადაფასდა ეკლესიის სწავლება სხვა რელიგიების, ადამიანის უფლებებისა და ზოგადად თანამედროვე სამყაროსადმი დამოკიდებულების შესახებ. აგრეთვე გატარდა ლიტურგიკული რეფორმა. თუმცა დარჩა ისეთი საკითხებიც, რომელთაც არავითარი ცვლილება არ განუცდია, მაგ., პაპის პრიმატისა და უცდომელობის დოგმა, რომელიც დღეს უკვე აქტიურად განიხილება, ასევე ზოგიერთი სხვა კანონიკური და ეთიკური საკითხი.
15. ღარიბების ეპისკოპოსი//ჟურნ. „არჩევანი“, №7-8, 2006, გვ. 99.
16. აიათოლა - ირანში შიიტი მუსლიმების რელიგიური ლიდერი.
17. J. Gaillot. My Option for the Poor... p. 1
18. ღარიბების ეპისკოპოსი // ჟურნ. „არჩევანი“, №7-8, 2006, გვ. 96.
19. The Virtual Diocese. Interview with J. Gaillot... p. 3.
20. ღარიბების ეპისკოპოსი // ჟურნ. „არჩევანი“, №7-8, 2006, გვ. 99-100.
21.. His Holiness, Carl Bernstein & Marco Politi, p. 509//http://en.wikipedia.org/wiki/Jacques-Gaillot№cite-note-16
22. National Catholic Reporter. Protests follow French bishop's removal//http://findarticles.com/p/articles/mi-m1141/is-n13-v31/ai-16531819/
23. Jacques Gaillot, Voice From The Desert//http://en.wikipedia.org/wiki/Jacques-Gaillot№cite-ref-17
24. Call to Action - ეს არის სახელწოდება იმ ორგანიზაციისა, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიაში პროპაგანდას უწევს ქალთა მღვდლობას, სავალდებულო ცელიბატის გაუქმებას და სხვ. ეს ორგანიზიაცია ვატიკანმა გააკრიტიკა კათოლიკურ ეკლესიაში მემარცხენე შეხედულებების პოპულარიზაციისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий