პლატონი იმ მოაზროვნეთა რიცხვს განეკუთვნება რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიო აზროვნების განვითარებაზე.
დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი (427-347 ძვ, წ.აღ.) მდიდარ და დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა. მამა, არისტონი ათენის უკანასკნელი მეფის, კოდროსის შთამომავალია, ხოლო დედა დიდი ბერძენი პოლიტიკური მოღვაწესა და კანონმდებელ სოლონს ენათესავებოდა.
პლატონისათვის მშობლებს სახელად არისტობულესი დაურქმევიათ, მაგრამ მოგვიანებით, ფართო შუბლის, განიერი მხარბეჭისა თუ აზროვნების დიაპაზონის სიფართოვის გამო პლატონი დაურქმევიათ (პლატოს ბერძნულად ფართოს ნიშნავს).
ოლიმპიოდორეს „პლატონის ცხოვრების“ მიხედვით პლატონის საფლავზე ასეთი ეპიგრამა ამოუტვიფრავთ: „ორი ძე ჰყავს აპოლონს – ასკლეპიოსი (მკურნალობის ღმერთი) და პლატონი. ერთი სხეულის მკურნალი, ხოლო მეორე -სულის“.
ხოლო, რაც შეეხება ძირითად სათქმელს წინამდებარე ესსეს მიზანია პლატონის „ფედონზე“ დაყრდნობით გავარკვიოთ ვინ არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, რა თვისებებით ხასიათდება ის და რა არის მისი ცხოვრების საზრისი.
ფედონში პლატონური ფილოსოფიის მრავალი კარდინალური საკითხია განხილული ( მოგონების თეორია, დაპირისპირებულთა თეორია, სულის უკვდავების საკითხი, იდეათა თეორია და სხვა).
ეხლა კი მივყვეთ პლატონისეულ თხრობას განვითარებულს მის უკვდავ დიალოგ ფედონში. სოკრატეს ათენის სასამართლომ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა (დეტალურად იხილეთ პლატონი, ადრეული დიალოგები. სოკრატე აპოლოგიის წინასიტყვაობა. ბ.ბრეგვაძე.). ასეთი მძიმე განაჩენის მიუხედავად სოკრატეს საერთოდ არ ეტყობა სიკვდილს თვალებში მაცქერალი ადამიანისათვის დამახასიათებელი სულიერი დაძაბულობა, სიძაბუნე და მოწყენილობა. პირიქით მხნედაა და სახიდან არ შორდება მისთვის დამახასიათებელი „ინტელექტუალური ღიმილი“. – „ბედნიერი ჩანდა იგი (სოკრატე). ყველაფერი მოწმობდა ამას – მისი ქცევა, მისი სიტყვები; ისე უშიშრად და ღირსეულად ხვდებოდა სიკვდილს“ (პლატონი, ფედონი). სოკრატეს ასეთი საქციელი კი სიმიასა და კებესისათვის (დიალოგის მონაწილენი) გაუგებარია, რადგან მათთვის სიკვდილი ტრაგედიასთან ასოცირდება. ისინი თხოვნით მიმართავენ სოკრატეს (დიალოგის მონაწილე) რათა ღრმად ჩაახედოს სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ პრობლემაში. – „ახლა მე მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ თქვენ, ჩემს მსაჯულებს (სიმია და კებეს). ამრიგად, მე მიმაჩნია, რომ კაცი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ემსახურებოდა ფილოსოფიას, არ უნდა უფრთხოდეს სიკვდილს, არ უნდა ჰკარგავდეს იმედს იმისას, რომ იმქვეყნად, სიკვდილის შემდეგ, უზარმაზარ სიკეთეს ეზიარება“ ( ფედონი, თ.8, გვ. 15).
თუ ვინ არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი პლატონის ფედონის მიხედვით უშუალოდაა დაკავშირებული შემეცნების საკითხთან. პლატონის მიხედვით ადამიანი მაშინ წვდება ჭეშმარიტებას როცა მის სულს არ ამღვრევს და არ აბნელებს ამქვეყნიური ამაოებანი, ვნებანი, განცხრომა და ა.შ. – „სული ყველაზე უკეთ აზროვნებს მაშინ, როცა არაფერი ამღვრევს მას, არც სმენა, არც მზერა, არც ტკივილი, არც სიხარული, როცა ინძარცვის და, შეძლებისამებრ, თავისუფლდება სხეულისაგან და თავის თავში ოდენ შთენილი მიიქცევა არსებულის ჭვრეტად“. (ფედონი თ. 10, გვ.18).
პლატონის აზრით ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არ უნდა ზრუნავდეს შვებისთვის, განცხრომისათვის და ა. შ. ანუ ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის გადამეტებულად. „ფილოსოფოსი კი უპირატესად სულისათვის იღვწვის და „სხვისაგან“ იმით განსხვავდება რომ ცდილობს განთავისუფლდეს სხეულის „ბორკილებისაგან“. რადგან პლატონის მიხედვით სხეული სულის საპყრობილეა. ხოლო ვიდრე სული არ გაყრია ბოროტებას (სხეულს) ვერასოდეს ეზიარება ჭეშმარიტებას სრულად.
პლატონის აზრით, ვინც უანგაროდ ემსახურება ფილოსოფიას, სხვა არა არის რა, თუ არა სამზადისი კვდომისა და სიკვდილისათვის. რადგან სიკვდილი ეს არის სულის განთავისუფლება ხორცის ბორკილებისაგან. ფილოსოფოსის განწმენდილ სულს ეძლევა შესაძლებლობა დამაბრკოლებელი გარემოებების გარეშე სრულად ეზიაროს ჭრშმარიტებას. „ამრიგად ასკვნის სოკრატე ამის შემდეგ განა სასაცილო არ იქნებოდა ასეთი რამე: მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმისათვის ემზადებოდეს კაცი, როგორმე მიუახლოვდე სიკვდილსო და მერე, როცა სიკვდილი მოვა დრტვინვით ხვდებოდე მას!?.“
პლატონი, ასევე გვთავაზობს კრიტერიუმს რომლითაც ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ჭეშმარიტი და ცრუ ფილოსოფოსი. აქ კი ისევ პლატონს ჯობია მოვუსმინოთ, რადგან იგი მისთვის დამახასიათებელი მართლმჭვრეტელობით ლაკონურად გადმოგვცემს აზრს: „როცა იხილავ კაცს, რომელიც დრტვინვით ეგებება კარს მომდგარ სიკვდილს ეს იქნება უტყუარი საბუთი იმისა, რომ შენ წინაშე სიბრძნის ტრფიალი კი არ დგას, არამედ სხეულის.
შენიშვნა: პლატონის გნოსეოლოგიისა და იდეათა თეორიის საკითხთა დეტალური განხილვა მოცემულია ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ძველი ბერძნულიდან თარგმნილი პარმენიდესა და ტიმეოსისათვის წამძღვანებულ გამოკვლევებში.
წყარო
ელ-წიგნიდასახელება: ფედონი
ავტორი: პლატონი
ენა: ქართული
კატეგორია: ფილოსოფია
გამომცემლობა: “ნაკადული”
წელი: 1966
ანოტაცია: „ფედონი“ რომელსაც გამომცემლობა „ნაკადული“ სთავაზობს მკითხველს,დიდი ბერძენი ფილოსოფოსის – პლატონის (427-347) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულებაა. პლატონური ფილოსოფიის კარდინალური მომენტების დასაბუთების გარდა (მოგონების თეორია,დაპირისპირებულთა თეორია,იდეათა თეორია და სხვ.) „ფედონი“ მიზნად ისახავს სულის უკვდავების მტკიცებას. მიუხედავად მტკიცების არასაკმარისობისა (ერთი თანამედროვე მკვლევარის თქმით, „ფედონი“ დღეს უფრო გვაღელვებს,ვიდრე გვარწმუნებს) ეს ნაწარმოები მაინც რჩება პლატონის დიალექტიკური აზროვნების და მხატვრული ოსტატობის უბრწყინვალეს ნიმუშად.
პლატონი -"ფედონი"
Комментариев нет:
Отправить комментарий