среда, 28 августа 2013 г.

3D-ბეჭდვის იერიში: ტყვიებამდეც მივიდნენ


უკვე ბევრს სმენია 3D-პრინტერით დაბეჭდილი იარაღის შესახებ, ხოლო ჯეფ ჰეზელმა ტენესის შტატიდან 3D-პრინტერით პირველად დაბეჭდა ტყვია 12-კალიბრიანი გლუვლულიანი თოფისათვის.
ტყვიის დასაბეჭდად მან გამოიყენა 800 დოლარის ღირებულების 3D-პრინტერი Solidoodle 3. მტკიცე ABS პლასტიკისაგან დიდი ზომის ტყვიის დამზადება ერთ საათს იკავებს, ხოლო უფრო მცირე ზომის ტყვიისა – 30 წუთს. პლასტიკის ტყვიის წონის მომატების მიზნით ჯეფ ჰეზელმა პლასტიკს ლითონის ბურთულა დაამატა, მაგრამ ტყვია მაინც ძალიან მსუბუქია და დიდ მანძილზე სროლისათვის გამოუსადეგარი. ტყვიას შიგნით აქვს ღრუ გისოსისებრი სტრუქტურა, რომლის შევსება პრინციპში შესაძლებელია, მაგალითად, ლითონის საფანტით. სამგანზომილებიანი ბეჭდვის უპირატესობაა ტყვიის კონსტრუქციის მარტივად ვარირების, აგრეთვე გულანას სახით სხვადასხვა ტიპის სტრუქტურისა და მასალის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა სპეციფიკური ამოცანის შესასრულებლად, მაგალითად, ტრავმატული ტყვიის შესაქმნელად და სხვ.
გამოცდის დროს ჯეფ ჰეზელი ისვრიდა დაბეჭდილი ტყვიებით „მოსბერგ 590" მარკის გლუვლულიანი თოფით დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე. ტყვია ადვილად ხვრეტდა ფირფიცარს, პლასტიკის კანისტრას წყლით, ფიჭვის ფიცარსა და სხვა სახის სამიზნეს. აღსანიშნავია, რომ დაბეჭდილი ტყვია სამიზნეს, ძირითადად, გვერდიდან აღწევდა, ანუ ის ცუდად არის სტაბილიზებული. ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება წინა ნაწილის დამძიმების გზით.
ტყვიის დაპროექტებისა და პრინტერის აწყობისათვის ჯეფ ჰეზელს 30 საათი დასჭირდა, სამაგიეროდ ახლა მას შეუძლია საკუთარი თოფისათვის ტყვიის ბეჭდვა განუსაზღვრელი რაოდენობით.
სამგანზომილებიანი ბეჭდვის ენთუზიასტებმა უკვე არაერთხელ დაადასტურეს, რომ 3D-პრინტერმა იარაღის წარმოების საქმე შეიძლება შეცვალოს. ჯერ-ჯერობივ მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობის კანონმდებლობა ახალ ტექნოლოგიასთან მორგებული არ არის და აკრძალვითი ზომებისაკენ იხრება, თუმცა, ექსპერტთა აზრით, ამ სფეროში ტექნიკური შემოქმედების აკრძალვა უფრო ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს. ენთუზიასტთა მეცადინეობას შეიძლება მოჰყვეს სამხედრო ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი განვითარება, თანაც სახლიდან გაუსვლელად. რაც შეეხება სამგანზომილებიანი ბეჭდვის კრიმინალურ გამოყენებას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე 3D-პრინტერის აწყობა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий