пятница, 26 июля 2013 г.

საპატრიარქოსა და იუსტიციის სამინისტროს საიდუმლო მიმოწერა საჯაროა



საპატრიარქოსა და იუსტიციის სამინისტროს საიდუმლო მიმოწერა საჯაროა - რა კითხვებით მიმართა წულუკიანის უწყებამ წმინდა სინოდს?


ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციისა სამინისტროსა საპატრიარქოს შორის მიმოწერა მიმდინარეობდა, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალ "ქვაკუთხედის" მთავარი რედაქტორი აქვეყნებს. ხათუნა საგინაშვილის თქმით იუსტიციის სამინისტრომ საპატრიარქოსა და წმინდა სინოდს ID ბართევთან დაკავშირებით 15 შეკითხვა გაუგზავნა. კითხვა პასუხოს "პირველი რადიო" უცვლელად გთავაზობთ:


1. ზოგადად, რა საფრთხეს ხედავს ეკლესია ID ბარათთან დაკავშირებით?

- ხალხი ID ბარათში ხედავს თავისი თავისუფლების შეზრუდვის საშიშროებას და ეკლესიაც ამ დამოკიდებულებას ითვალისწინებს.

მოგეხსენებათ, კანონით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, ვინ არის უფლებამოსილი, ფლობდეს ID ბარათზე დატანილ ინფორმაციას. არის საშიშროება იმისა, რომ დაირღვეს კონსტიტუციური უფლება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა. ამასთან, არ არის უწყებების ჩამონათვალი, ვისაც აქვს უფლება ამ ინფორმაციით სარგებლობისა, ხოლო კონფინდენციალობის დარღვევის შემთხვევაში, არ არის ცნობილი პასუხისმგებლობის ფორმები და ა.შ.

2. როდესაც ID ბარათის მახასიათებლები ზუსტად იგივეა, რაც საბანკო ბარათებისა და ამ უკანასკნელის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არსებობს, რა დამატებით საფრთხეებზეა ამ შემთხვევაში საუბარი?

- აქ საფრთხის განცდას, ალბათ, ქმნის ერთგვარი იძულების მომენტი, საბანკო ბარათის აღება - არ აღება კი პიროვნების თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული და ამიტომაც არ ხდება მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა, როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ.

3. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ სინოდმა იმსჯელა ID ბარათთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ მისი პოზიცია და დასკვნა?

- 2011 წლის 20 დეკემბერს წმ. სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ID ბარათთან დაკავშირებით ასეთია: „სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.“

ამ განცხადებით საქართველოს ეკლესიამ დღეისთვის წარმოდგენილ ID ბარათთან მიმართებაში რელიგიური მოტივი, ფაქტიურად, გამორიცხა. ამიტომ ამ ბარათის აღების გამო მოძღვრის მიერ მრევლის რაიმე ფორმით დასჯა მიუღებელია.

4. იზიარებს თუ არა სინოდის დასკვნას საქართველოს ყველა მართლმადიდებლური ეკლესია?

- სინოდის წევრთა შორისაც არიან განსხვავებული პოზიციის მქონენი; ბუნებრივია, ყველა მოძღვარსაც ერთნაირი დამოკიდებულება არ ექნება.

5. თქვენი აზრით, როდესაც არსებობს სინოდის დასკვნა, რამდენად გამართლებულია ის, რომ სასულიერო პირებმა ამ დასკვნისგან განსხვავებული რჩევები მისცენ მრევლს?

- წმ. სინოდმა სთხოვა ხელისუფალთ, თუ შესაძლებელია, ხალხს დაუტოვონ არჩევანის შესაძლებლობა; არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ სასულიერო პირებსაც და ამაში არაფერია მიუღებელი და განსაკუთრებული.

6. ძირითადი დემოტივატორი ID ბარათთან მიმართებაში არის რელიგია. თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ამგვარი განწყობა? აქვს თუ არა ამ განწყობას საფუძველი?

- რელიგიასთან მიმართებაში თქვენს ამ შეფასებას ვერ დავეთანხმებით. მაგალითად, ინგლისში დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას და პიროვნების თავისუფლებას რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, სწორედ ამიტომ თქვა დიდმა ბრიტანეთმა უარი ID ბარათზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტისთვის უკვე დიდი თანხა ჰქონდა დახარჯული.

7. ჩვენი ინფორმაციით, ID ბარათების მიმართ ნეგატიური განწყობა ძირითადად ათონის მთიდან გავრცელდა. თუ იცით მათი პოზიციის საფუძველი რა იყო?

_ ვიცით, რომ ათონის მთაც ეწინააღმდეგება ამ პროცესს და მათთვისაც მთავარი მოტივი პიროვნების თავისუფლებაა. თქმა იმისა, რომ უარყოფითი განწყობა ათონის მთიდან გავრცელდა, არასწორია, რადგან ათონი ვერ მოახდენს ზემოქმედებას ისეთ ევროპულ სახელმწიფოებზე, როგორიცაა, მაგალითად: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, მითუმეტეს აშშ-ს ათეულობით შტატი, სადაც ასევე ეწინაღმდეგებიან ელექტრონული ბარათის შემოღებას და მისთვის სავალდებულო სახის მიცემას.

პროტესტი პროტესტანტული ქვეყნებიდან დაიწყო.

8-9. ჰქონდა თუ არა ადგილი საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დამატებით შეხვედრებს, რომელზეც განხილულ იქნა ID ბარათების საკითხი? თუ მსგავსი შეხვედრები ჩატარდა, როდის შედგა ისინი? რა იყო შეხვედრების შედეგი?

აწარმოებდით თუ არა ID ბარათების შესახებ მოლაპარაკებებს წინა ხელისუფლებასთან? რა იყო ამ მოლაპარაკებების შედეგი?

- შეხვედრა შედგა ერთხელ, 2011 წლის პირველ ნახევარში. მაშინ ხელისუფლებას ეთხოვა, მიეწოდებინა საზოგადოებისა და ეკლესიისთვის ზუსტი ინფორმაცია, თუ რას მოიცავდა ბარათში ჩადებული კოდი. გარკვეული განმარტებები გაკეთდა, მაგრამ ხალხის პროტესტი ამან ვერ გაანეიტრალა. ეკლესიამ გამოსავლად მიიჩნია ალტერნატიული ვარიანტის დაშვება, რის შესახებაც უკვე აღვნიშნეთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ახლახანს გაცხადებული შეთავაზება ID ბარათში მხოლოდ საპასპორტო მონაცემების შეტანისა, კარგია და აუცილებელი, მაგრამ ეს ამ ეტაპზე ვერ გააქარწყლებს ზოგადად არსებულ შიშს და უარყოფით დამოკიდებულებას, რადგან ხალხს აქვს ეჭვი, რომ ელექტრონულ ინფორმაციაში შეიძლება მათ დაუკითხავად სხვა მათთვის არა სასურველი მონაცემები შევიდეს.

10. მეორე დემოტივატორად შეიძლება განვიხილოთ მოსახლეობის წარმოდგენა, რომ სახემწიფო ID ბარათების საშუალებით განახორციელებს მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს. რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი და რამდენად ხდება საპატრიარქოს მხრიდან ამ საკითხზე აქცენტირება?

- ტოტალური კონტროლის შიში ხალხში და ნაწილობრივ, სასულიერო პირთა შორისაც არსებობს და ეს უნდა განეიტრალდეს.

11. ID ბარათების მსგავსია საქართველოს მოქალაქეების პასპორტის მახასიათებლები. ამ შემთხვევაში რატომ არ ხდება პასპორტის ფორმის გაპროტესტება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ადამიანი საზღვარგარეთ მიდის, მას აღარ აინტერესებს საფრთხეები?

- საზღვარგარეთის პასპორტის აღება ნებაყოფლობითია, ID ბარათების კი - აუცილებელი.

12. რეალურად ID ბარათი არის ტექნოლოგიური ნოვაცია, რომლის დანერგვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს უფრო გაუადვილდებათ ოპერირება. ზოგადად როგორი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ტექნოლოგიური მიღწევების მიმართ?

- ყველა ტექნოლოგიური მიღწევა, რაც ადამიანის სწორად განვითარებას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, მისაღებია. კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეებშიც არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ ახალგაზრდებმა უნდა აითვისონ ეს სიკეთენი და თავისი პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს.

13. ID ბარათების მეშვეობით საბუთის გაყალბების, არჩევნების გაყალბების საშიშროება მნიშვნელოვნად მცირდება. არის თუ არა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?

- მარტო ამ მოტივით საზოგადოების განწყობის შეცვლა, ვფიქრობთ, ვერ მოხდება, რადგან არსებობს სხვა საშუალებებიც გაყალბებისგან საბუთების და არჩევნების დაცვისა და ეს მოტივი ID ბარათების შემოღების გასამართლებლად ვერ გამოდგება.

14. როგორც მოგეხსენებათ, ID ბარათების დანერგვა იყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია. თუკი ID ბარათებზე უარის თქმა ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, თქვენი აზრით, ღირს თუ არა ამ პროცესის (ID ბარათების დანერგვის) შეჩერება?

- მაშინ, როდესაც ამ სისტემაზე გადასვლის მცდელობამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში და ფაქტიურად, შეაჩერა ეს პროცესი, რატომ უნდა იყოს ასეთი მოთხოვნა აუცილებლად შესასრულებელი ჩვენთვის?

ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს საზოგადოებაში.

15. როგორც ცნობილია, მოსახლეობის ნაწილი (ამ შემთხვევაში, კვლევა გამოავლენს, რა წილია) კატეგორიული წინააღმდეგია ID ბარათების აღების და პირადი მოწმობის ვადის გასვლის შემდგომ უსაბუთოდ რჩება, ეს კი ქმნის დამატებით პრობლემებს, თუნდაც სოციალური კუთხით. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ კრიტიკული სიტუაციიდან ვნახოთ გამოსავალი?

- სასურველია, რომ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, რაც მოქალაქეთა უნდობლობას დააცხრობს. ვიმეორებთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ არაერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში უარი თქვეს ID ბარათზე, ან საერთოდაც არ განუხილავთ მისი შემოღების საკითხი. ვფიქრობთ, არც ჩვენ უნდა ვაქციოთ იგი აუცილებლად, რაც წმ. სინოდის გადაწყვეტილებაშიც იყო მითითებული.

ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ ციტირებისას "პირველი რადიოს" მითითება აუცილებელია !!!

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий