среда, 17 июля 2013 г.

ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან



არავის აქვს უფლება, მიისაკუთროს ანარქიზმი.  ეს ცნება საკმაოდ ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. არსებობს უამრავი თვითმარქვია ანარქისტი, რომელიც იჩემებს, რომ სწორედ მათი გზა არის ჭეშმარიტი, დანარჩენები კი ცდებიან. თუ გადავხედავთ თანამედროვე ანარქისტულ ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ მისი უმეტესი ნაწილი შეიცავს ბრალდებებს სხვების მიმართ, რითაც მისი ავტორები ემგვანებიან მარქსისტ-ლენინისტური „სექტანტური“ ლიტერატურის შემქმნელებს. სამწუხაროდ, ასეთი ლიტერატურის რაოდენობა ძალიან დიდია.
პირადად მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ხედვა უეჭველად სწორია, და საერთოდ არ მხიბლავს სხვების თვითდაჯერებული განცხადებები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არავის აქვს უფლება, ამტკიცოს თავისი ხედვის უდავო სისწორე. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომავლის ჩვენეული პერსპექტივა, მიზნები, იდეალები, და უნდა ვეცადოთ, ვიმუშაოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. როდესაც ორ იდეას შორის არსებობს ღრმა უფსკრული, ჩემი აზრით შეუძლებელი იქნება მათი დაკავშირება, თუ პრობლემას არ მოვაგვარებთ ზოგად დონეზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი იდეების დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოჩნდება იმ მოკლე პასუხებში, რომელსაც დასმულ კითხვებზე შემოგთავაზებთ.

1.    რას გვეტყვით ანარქისტული იდეების ჩამოყალიბების შესახებ? რომელი ანარქისტული მიმდინარეობები წარმოიშვა დროთა განმავლობაში?
 ანარქისტული აზროვნების საფუძვლები, ჩემი აზრით, უნდა ვეძებოთ განმანათლებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ხანაში. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ – მე17 საუკუნის მეცნიერული რევოლუციის პერიოდში, რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად ავიღოთ კარტესისეული რაციონალიზმი. ამ თემაზე არის საკმაოდ ბევრი ლიტერატურა (მაგ: ისტორიკოს ჰარი ბრაკენის შრომები, მეც მაქვს დაწერილი რამდენიმე წიგნი ამის შესახებ ). აქ, ცხადია, ვერ შევძლებთ ამ წიგნების შეჯამებას, მაგრამ ვიტყვი რომ ვეთანხმები ანარქო-სინდიკალისტ რუდოლფ როკერს, რომელიც ფიქრობდა, რომ კლასიკური ლიბერალური იდეები იმსხვერპლა ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა. შემდგომში იდეები თანდათანობით ისევ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც, ჩემი აზრით ისაა, რომ ისინი კარგად ერგება ადამიანის რეალურ მოთხოვნილებებს. ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
2.  კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ანარქია არის უტოპია. თქვენ კი ამბობთ, რომ  ისტორიის ყოველ ეტაპზე არსებობს ავტორიტარიზმის რაღაც ფორმა, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, თუმცა, ერთი კონკრეტული დოქტრინა ამისთვის არ არსებობს. თქვენი აზრით, ანარქიის რომელი სახეა მისაღები დღევანდელი ეპოქისთვის?
შემიძლია დავეთანხმო, რომ ანარქია ჩამოუყალიებებელი და უტოპიურია, თუმცა არა იმაზე მეტად, ვიდრე ნეოლიბერალიზმის, მარქსიზმ-ლენინიზმის და სხვა  ცარიელი დოქტრინები, რომლებსაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამუშავებდნენ. ჩამოუყალიბებლობის მთავარ მიზეზად შემიძლია ის დავასახელო, რომ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ისეთ კომპლექსურ სისტემებზე, როგორიცაა ადამიანთა საზოგადოება. ჩვენ მხოლოდ გვაქვს მოსაზრებები, თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, მათ, ვინც ეწინააღმდგება ანარქიის იდეას და თვლის, რომ ავტორიტარიზმი და მმართველობა აუცილებელია, თავიანთი მოსაზრება ურყევი არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ინსტიტუტები, რომლებსაც ისინი იცავენ, უსარგებლოდ და უკანონოდ უნდა მივიჩნიოთ, ხოლო მათთან ბრძოლის მეთოდები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე – ერთი განსაზღვრული მეთოდი ყველგან ვერ იმუშავებს.
3.  ადამიანის ბუნების რომელ კონცეფციაზეა აგებული ანარქიზმი? თქვენი აზრით, თანასწორობის პირობებში ადამიანებს ექნებათ მუშაობის მოტივაცია? ხელისუფლების არარსებობა ხომ არ გამოიწვევს ძლიერების მიერ სუსტების დაჩაგვრას? გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება კონფლიქტების წყარო არ გახდება?
ანარქიზმი ემყარება იმ მოსაზრებას, შეიძლება ვთქვათ იმ იმედს, რომ ადამიანის ბუნება შეიცავს სოლიდარობის, ურთიერთდახმარების და ურთიერთპატივისცემის ელემენტებს.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ადამიანები იზარმაცებენ თანასწორობის პირობებში: დღესდღეობით ისინი იძულებულნი არიან იმუშაონ იმისთვის, რომ გადარჩნენ, მიიღონ რაიმე ჯილდო.. ასეთი პათოლოგიური სისტემა, ჩემი ღრმა რწმენით, უბიძგებს ადამიანებს, მიიღონ სიამოვნება სხვების ტანჯვით. ის, ვინც ეთანხმება კლასიკურ ლიბერალურ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც კრეატიულობა ადამიანის ბუნების ერთ-ერთი ნაწილია და ვლინდება თითქმის ყველა ასაკში,  ის, რა თქმა უნდა, ეჭვის თვალით უყურებს იმ დოქტრინებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ერთეულებისთვის მოგების მოტანაზე და არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ.
გამოიწვევს თუ არა სახელმწიფოს არარსებობა სუსტების ჩაგვრას? არ ვიცით. თუ ასე იქნება, შეგვეძლება შევიმუშაოთ დამცავი მექანიზმები ამ დანაშაულის აღსაკვეთად.
რას მოიტანს გადაწყვეტილებების მიღებაში ყველას ჩართვა? არც ეს ვიცით, თუმცა გავიგებთ ექსპერიმენტის საშუალებით -  ვცადოთ და გვეცოდინება.
4. ანარქიზმს ხანდახან ლიბერტარულ სოციალიზმსაც უწოდებენ – რით განსხვავდება ის სხვა სოციალისტური მოძღვრებებისგან, მაგალითად ლენინიზმისგან?
ლენინისტური დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფოს მთელი ბერკეტები თავმოყრილი უნდა იყოს პარტიის ხელში, რომელიც წარმართავს საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებას, და რაღაც სასწაულების საშუალებით შეძლებს თავისუფლების და სამართლიანობის მოტანას. ეს იდეოლოგია რადიკალურ ინტელიგენციას საშუალებას აძლევს მოირგონ სახელმწიფოს მმართველების როლები. რამდენადაც ამას არ აქვს არანაირი გამართლება – არც ისტორიული და არც ლოგიკური – ჩემი აზრით სერიოზულად არც უნდა აღვიქვათ. ლიბერტარული სოციალიზმი მსგავსი სისულელეებისგან თავისუფალია.
5. ბევრი ანარქო-კაპიტალისტი ამბობს, რომ ანარქია – თავისუფლებაა, რომელიც საშუალებას გაძლევს შენი საკუთარი ქონების გამოყენებით თავისუფალი ურთიერთობა დაამყარო სხვებთან. თქვენი აზრით, კაპიტალიზმი და ანარქია შეძლებს თანაარსებობას?
ანარქო-კაპიტალიზმი, ჩემი აზრით, არის მოძღვრება, რომელიც განხორციელების შემთხვევაში საზოგადოებას მიიყვანს ჯერ კიდევ არნახულ ტირანიამდე და ჩაგვრამდე. ვფიქრობ, რომ ამ იდეის განხორციელება შეუძლებელიც კი არის, რადგან ეს შეცდომა საკმაოდ სწრაფად გაანადგურებს იმ საზოგადოებას, რომელიც მსგავს უაზრობას დაუშვებს. „თავისუფალი ურთიერთობა“ მაძღარ და მშიერ ადამიანს შორის უკბილო ხუმრობაა, რომლის განხილვაც მხოლოდ თეორიულად შეიძლება.
მინდა დავამატო, რომ პირადად მე გარკვეული ურთიერთობა მქონდა ანარქო-კაპიტალისტებთან – რაღაც პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მათ ჟურნალებში შემეძლო სტატიების წერა. მინდა აღვნიშნო მათი რაციონალურობა, როგორსაც იშვიათად თუ შეხვდებით, თუმცა, ჩემი აზრით, ისინი ვერ ითვალისწინებენ იმ შედეგებს, რომლებიც მათი იდეების განხორციელებას მოყვება.
6.  რას გვეტყვით განათლების სისტემაზე? როგორია თქვენი დამოკიდებულება შეფასებებთან, მოთხოვნებთან და გამოცდებთან? როგორი გარემო იქნება ყველაზე ხელსაყრელი ახალი თაობის ინტელექტუალური განვითარებისთვის?
ჩემი აზრით, რომელიც გარკვეულწილად გამოცდილებას ემყარება, წესიერმა განათლებამ ადამიანს უნდა მისცეს საშუალება, თავისუფლად გაიაროს თავისი გზა. კარგი სწავლება იგივეა, რაც მცენარისთვის წყლის დასხმა და ამით საშუალების მიცემა, გაიზარდოს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომელიც, ჩემი აზრით, სწორია. ის, თუ როგორ განხორციელდება რეალობაში – დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე.
7. თუ შეგიძლიათ, აღწეროთ, როგორი იქნება ანარქისტული საზოგადოება? რა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები იარსებებს და როგორ იმუშავებენ? გვექნება ფულის მიმოქცევის სისტემა? ვივლით მაღაზიებში საყიდლებზ? გვექნება საკუთარი სახლები? როგორ გავუმკლავდებით დანაშაულს?
არც კი ვიოცნებებ ამის წარმოდგენაზე. ეს საკითხები ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს, ამას კი ბრძოლის და ექსპერიმენტების საშუალებით შევძლებთ.
8.  თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ანარქიას ჩვენს საზოგადოებაში? რა გვაქვს გასაკეთებელი?
თავისუფლების და სამართლიანობის პერსპექტივა უკიდეგანოა. ჩვენი სამოქმედო გეგმა კი იმის მიხედვით უნდა შევიმუშავოთ, რისი მიღწევაც გვინდა – ამაზე ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან შეკითხვა არასწორადაა დასმული. ახლა გამახსენდა ბრაზილიის მუშათა მოძრაობის სლოგანი, რომელიც ამბობს, რომ მანამდე უნდა მიაწვნენ გალიის კედელს, სანამ მის განგრევას არ შეძლებენ. ზოგჯერ ეს მიზანი მოითხოვს გალიის დაცვას სხვა, უფრო საშიში მტრისგან, მაგალითად, არასამართლიანი სახელმწიფოს დაცვას კერძო მესაკუთრეების ტირანიისგან. უნდა არსებობდეს საერთო მიზანი, რომლისთვისაც ყველა იბრძოლებს – მაგალითად, ის, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საჭმელი – სამწუხაროდ, ეს ძნელი გასაგებია ზოგიერთი ადამიანისთვის, რომელიც თავს ლიბერტარელს და ანარქისტს უწოდებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ზოგიერთი თავს მიიჩნევს მემარცხენედ, თუმცა საერთოდ არ ანაღვლებს საზოგადოების პრობლემები და არაფერს აკეთებს მათ აღმოსაფხვრელად.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საკითხის განხილვა, და თუნდაც კონტრ-არგუმენტების მოსმენა, მაგრამ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავცდეთ მხოლოდ სლოგანების ყვირილს და რეალური ნაბიჯები გადავდგათ.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий