понедельник, 1 июля 2013 г.

სად არის წარმატება?



ხშირად ხდება, მომსწრენი ვყოფილვართ, რომ როცა ადამიანი მადლობას იხდის მინიჭებული ჯილდოსათვის, თავისი წარმატების ლომის წილს კოლეგებსა და კოლექტივს მიაწერს ანუ თავის მიღწევებს, რისთვისაც პატივს მიაგებს მას საზოგადოება, საზოგადებაზე გადაანაწილებს. იგი მადლობას უხდის მათ, “თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდაო”. ასეთი ჟესტი ეტიკეტად არის ქცეული, რომლის გულწრფელობა შეიძლება არც ერთ მხარეს არ სჯეროდეს. მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით ვითარებას, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ მადლობელი იუბილარის სიტყვები, გულწრფელად არის ისინი წარმოთქმული თუ არა, ნამდვილად ჭეშმარიტებას ღაღადებენ, რამდენადაც წარმატება რეალობაში და არა ადამიანის ცნობიერებაში თუ წარმოსახვაში ხდება. შესაძლებელია წარმატების ფსიქოლოგიურ მხარეზე საუბარი, მაგრამ მისი საფუძველი ნამდვილად ონტოლოგიურია. 
გარეშენი, სურთ თუ არ სურთ მათ ეს, მონაწილეობენ ადამიანის წარმატებაში. ეს თითქოს საზოგადოებრივი კანონია. ამოვიდეთ ადამიანის იმ ცნობილი განსაზღვრებიდან, რომელიც პირველად არისტოტელემ გააცნობიერა, რომ ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთია არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ცხოველთა სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენელი და, თუ შორს წავალთ, “მკვდარი” სამყაროც კი. იმასაც ვიტყვით, რომ ყოველი ნივთი სხვა ნივთებთან ერთიერთობაში არსებობს და ავლენს თავის თავს. ყოველ ნივთს აქვს თავისი სხვა, რომლის (თუ რომელთა) გარეშე მისი განსაზღვრება, როგორც ნივთისა საგანთა სისტემაში, სრული არ იქნება. სემიონ ფრანკის შესანიშნავი სიტყვები “ამქვეყნად არ არის და არც მოიაზრება რაიმე ისეთი, რასაც შეეძლებოდა თავისთავადი არსებობა, რაიმე სხვასთან კავშირის გარეშე” (თავად ფრანკი ამ დებულებას სპინოზას მიაწერს, მაგრამ მის ნაწერებში მისი აღმოჩენა ვერ შევძელი). ამ აპოდიქტურად წარმოთქმული თეზის ლოგიკურად დასაბუთებას და გამართლებას უძღვნის ფილოსოფოსი თავის ფუნდამენტურ ნაშრომს «Непостижимое». ეს ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანის ინტუიციაშია მოცემული, თუმცა ეგოცენტრულობის ძალით, რომელიც ადამიანის “მეორე ბუნებაა”, ეს ჭეშმარიტება მიჩქმალულია. 
ნუ ვილაპარაკებთ საგნებზე და მოვლენებზე, რომლებიც, რაც მათ დასაბამი მიეცათ, ერთმანეთთან არიან გადაჯაჭვული, ან იწვევენ ერთმანეთს, ან ზემოქმედებენ ერთმანეთზე და ასხვაფერებენ ერთმანეთს, ან გაერთიანებულნი სხვა მოვლენას უდებენ დასაბამს, სახეს უცვლიან არსებულ სინამდვილეს და ა. შ. და ა. შ. ვილაპარაკოთ ადამიანზე, რომელიც თავის თავში მოიცავს საზოგადოებას “ემბრიონის” სახით. როგორც ადამიანია ადამში, ასევე ადამია ადამიანში. ადამიანურ ყოფაში ეს ორი, თითქოს პოლარულად დაპირისპირებული მომენტი ერთმანეთთან განუყოფელ ერთიანობაშია. ადამიანი ქმნის საზოგადოების არსებობის შესაძლებლობას. ადამიანთა ერთობლიობა მხოლოდ ასპარეზია, სადაც ეს პირველადი პრინციპი _ ადამიანი პოულობს განშლას და მანიფესტაციას. საზოგადოება ადამის შესაძლებლობათა გარეთ გამოტანის შედეგია. მეორე მხრივ, თუ სხვა, საპირისპირო კუთხით შევხედავთ საზოგადოებას, რომელიც ადამიანის ბუნების განფენის შედეგია, იგი ადამიანს ნიადაგად ხვდება და, როგორც მცენარის თესლი ვერ იხარებს ნიადაგის გარეშე, ასევე ადამიანს სხვა ნიადაგი, გარდა საზოგადოებისა, არ გააჩნია. მის წიაღში ავითარებს, ავლენს, ამოწმებს ადამიანი თავის უნარ-შესაძლებლობებს; აქ აღწევს ის პირველ წარმატებას, როცა პიროვნებად იბადება, აქ პოულობს ის თავის თავს. ხელშეწყობაზე და წაქეზებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველი დაბრკოლება, რომელიც კი წინ გადაღობებია (და ეს უფრო ხშირია) ადამიანს, ისევ და ისევ მისი მიღწევების მონაწილეა. წინააღმდეგობანიც, დაბრკოლებანიც, ხელის შეშლანიც ქმნიან წარმატების პირობებს. ადამიანის გმირული აქტი, მისი ცხოვრების რომელიღაც პერიოდში, გადამწყვეტ ზღურბლზე ჩადენილი, რომლითაც ის ავლენს თავის ეკსისტენციას, თავის ერთადერთს, უფრო ხშირად ისევ და ისევ საზოგადოებასთან შეურიგებელი დაპირისპირების შედეგია. სხვა შემთხვევაში - ე. წ. სათბურის პირობებში ეგზისტენციას სძინავს. ის შეიძლება მის სიკვდილთან ერთად ჩაკვდეს. არ გაიშალოს დაგვალული ყვავილის კვირტივით. დოქტორ სტოკმანს (იბსენის დრამიდან “ხალხის მტერი”) სამუდამოდ, სიკვდილამდე ეწერა ბურჟუაზიული უდრტვინველი კეთილდღეობა და სახელი - მისი მანამდელი წარმატებული მოღვაწეობის შედეგი, სანამ ის სამკვდრო-საციცოცხლოდ არ დაუპირისპირდებოდა საზოგადოებას, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა მის მოტეხვას, დამორჩილებას, მისი, როგორც პიროვნების, გაცამტვერებას, მაგრამ, საბოლოოდ, სწორედ ამ საზოგადობამ შექმნა მისგან გმირი. იგი, გარედან თუ შევხედავთ, თითქოს დამარცხდა საზოგადოებასთან შეურიგებელ ბრძოლაში, მაგრამ სწორედ ეს იყო მისი წარმატება. გავიხსენოთ, რას ამბობს იგი დრამის ბოლოს, როცა მისი ცხოვრების ერთი პერიოდი მთავრდება, მაგრამ გარკვეული ასპარეზი ჯერ კიდევ არ ჩანს. ის ყველას განსაცვიფრებლად ამბობს სიტყვებს, რომლებმაც, შესაძლოა, მთელი მიმდინარეობა შექმნა ევროპულ აზროვნებასა და ქმედებაში. ეს სიტყვები ჟღერს როგორც შეჯამება მისი ცხოვრებისა. დამარცხებული, განკიცხული, ხალხის მტრად გამოცხადებული, უარყოფილი და განდევნილი, როგორც უსარგებლო რამ ნივთი, ყველაზე ძლიერ ადამიანად გრძნობს თავს, რადგან მარტოა, მარტოსულია. ის ამბობს: “ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც ყველაზე მარტოა”. დრამა დამსწრეთაგან განცვიფრების ამოძახილით მთავრდება, არავითარი სხვა კომენტარი ამ სიტყვებს არ ახლავს. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ზემოთ ჩამოყალიბებულ თეზას, რომ ადამიანი საზოგადოების საწყისია და რომ მისი წარმატება საზოგადოების გარეშე წარმოუდგენელია? არამც და არამც. მაგრამ იქნებ სტოკმანის დრამა არ მთავრდება გმირის წარმატებით? თუ წარმატება მდგომარეობს რაიმეს აღმოჩენაში, სიახლის შექმნაში სააზროვნო თუ სამოქმედო ასპარეზზე, შტოკმანი, მიუხედავად გარეგანი მარცხისა, წარმატებულია. დამარცხდა არა პიროვნება, არამედ თავად საზოგადოება, რომელიც ფუჭად ზეიმობს გამარჯვებას. სტოკმანი, როგორც პროფეტი, გრძნობს თავის თავში ახალი საზოგადოების დაბადებას. საზოგადოებამ თავისი რეტროგრადობით, სიყალბით, მას აღმოაჩენინა ჭეშმარიტება, ხელი შეუწყო მასში ახალი ადამიანის გამოკვირტვას, რომელიც ოდესმე სხვაგან სადმე ახალ საზოგადოებას დააფუძნებს. თუმცა მომავალი ბუნდოვანია, მაგრამ კვირტი გაჩნდა და ის ოდესმე გაიხარებს. ასეთია საზოგადოების თვალში აბსურდული, მაგრამ პიროვნების თვითშეგნების შუქზე დამაჯერებელი ლოგიკა, რომელსაც ჯერ მცირედნი იზიარებენ: დამარცხებული მარტოსული იმარჯვებს, გამარჯვებული უმრავლესობა მარცხდება. სხვაგვარი, თუ არა ოპტიმისტური წაკითხვა ამ დრამას არა აქვს. არც სხვა დრამას, მის მონათესავეს მარტოობაში, რომელმაც სპონტანურად იჩინა თავი სრულიად განსხვავებულ სოციალურ გარემოში. ალუდა ქეთელაური - პოემა და პიროვნება არცთუ შორიდან (მათ შორის ექვსი წელია, ნორვეგიული დრამა 1888 წელს არის დაწერილი, ქართული პოემა - 1882 წელს) ხელს უწვდის “ხალხის მტერს” დოქტორ სტოკმანს. განა ალუდა, განკიცხული და განდევნილი, არ ატარებს თავის თავში ახალი საზოგადოების ემბრიონს, რომლის ჩასაკლავად აღდგა მთელი თემი? 
რა არის წარმატება? თუ წარმატებას დადებითი შინაარსი აქვს (ყოველ შემთხვევაში, თუ ის სასურველია, სამიზნეა ყოველ ასპარეზზე მოღვაწისთვის), როგორ დაერქმევა წარმატებული ციხეს, რომლის კედელში ბავშვია დატანებული? როგორ დაერქმევა წარმატებული მშენებლობას, რომლის საფუძველში სისხლია დაღვრილი? როგორ დაერქმევა წარმატებული ქალაქს, რომლის კეთილდღეობა სიცრუეზე და, მეტიც, მომწამვლელ ჭაობზეა (როგორც ფიზიკური, ისე სულიერი გაგებით) დაფუძნებული? სტოკმანი, რომლის ოჯახის უზრუნველი მომავალიც, დამოკიდებულია მისი მშობლიური ქალაქის მოჩვენებით წარმატებაზე, ილაშქრებს ამ წარმატებული ქალაქის წინააღმდეგ. ერთი მრავლის წინააღმდეგ, ერთი - “შემჭიდროებული უმრავლესობის” წინააღმდეგ. პიროვნება თმობს თავის “წარმატებას”, რომლის უკან სიყალბეა, და მზად არის მიიღოს შერისხვა საზოგადოებისგან, მაგრამ ეს იქნება წარმატება პიროვნების სულიერ ძალთა განშლის გზაზე, რომელიც არის მარტოობის გზა. ეს არის ზღურბლის გადალახვა, იმ ქედს იქით გადასვლა, რომელიც ძველსა და ახალს ერთმანეთისგან მიჯნავს. როგორც ნათქვამია პოემის “ალუდა ქეთელაურის“ ფინალში, რომ “გადვიდნენ, ქედი გადავლეს, თხრილი არა ჩანს კვალისა”. პიროვნება გრძნობს თავის წარმატებას და იმასაც, რომ ის შეუთავსებელია ყალბად წარმატებულ საზოგადოებასთან. 
მართალია, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იყო და არის არც თუ იშვიათი შემთხვევები, როცა შესაძლებელი ხდება სხვის მიერ მიღწეული წარმატების მიხვეჭა-უზურპაცია. ხალხური სიბრძნე, რომლის დასაბამი ბურუსით არის მოცული, ხორცს ასხამს ამ რეალურ ფაქტს, როგორც მოსალოდნელობას ზღაპრის ცრუგმირის სახით, რომელიც იტაცებს სხვის წარმატებას. ამ მიტაცების უკიდურესი გამოვლენა კი ის არის, რომ მიმტაცებელი იტაცებს არა მხოლოდ სხვის მონაპოვარს, არამედ მის პიროვნებასაც. ზღაპრის ცრუქორწილმა უნდა დააგვირგვინოს მიმტაცებლის “წარმატება”, მაგრამ ცრუქორწილი ჩაიფუშება და სიმართლე აღდგება. ხალხური ზღაპარი იმასაც გვეუბნება, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, რომ ნამდვილი გმირის წარმატება სხვათა ღვაწლითაც არის შეძერწილი: შემწენი და მწყალობელნი, რომლებიც მას გზაზე ხვდებიან, მისი წარმატებისთვის არიან მოწოდებულნი. ზღაპრის გმირი მათი მადლიერია. და არსად სხვა რომელიმე ტექსტში ისე მკაფიოდ და ცხადად არ არის გამოკვეთილი გზის მნიშვნელობა, როგორც ხალხურ ზღაპარში. აქ გზა სულიერი სრულყოფის ასპარეზია თავისი წმიდა სახით. გზაზე, რომელიც მრავალი ხიფათით არის აღსავსე, ხდება პიროვნების უნართა თანდათანობითი მანიფესტაცია, შინაგანის გარეთ გამოტანა. გზა განსაცდელია და სწორედ ამიტომაც მისი გავლა წარმატების საწინდარია. მხოლოდ განსაცდელიანი გზა შეიძლება იყო წარმატებული. დავუკვირდეთ იმ ორ წარწერას გზაჯვარედინზე, რომელთაც კითხულობს მგზავრი: აქეთ წახვალ, მშვიდობით დაბრუნები; იქით წახვალ, ვერ დაბრუნდები. მგზავრს ინტუიცია კარნახობს, რომ სწორედ იმ უკანმოუქცეველ გზაზე ელის მას წარმატება. სხვა გზებზე ფუჭი და ამაო სიარულია. “ვერ დაბრუნდები” - ეს სიტყვები მას ეუბნება, რომ სწორედ ამ გზაზე მარხია საძიებელი საიდუმლო. ეს გამაფრთხილებელი სიტყვები უკიდურესი გასაჭირის, უმძიმესი, როგორიც კი შეიძლება ადამიანმა იტვირთოს, განსაცდელის მეტაფორაა. მაგრამ წარმატების გზაზე შემდგარი ადამიანი აუქმებს საბედისწერო წარწერას. 
საკაცობრიო გამოცდილებამ ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო გზა გამოკვეთა მიზნის მისაღწევად. ერთია ის გზა, რომელსაც გადის ზღაპრის მთავარი პერსონაჟი. მეორეა ე. წ. კულტურული გმირის გზა, რომელიც თავის უკიდურეს გამოვლენაში ან ლოგიკურ დაგვირგვინებაში ტრიქსტერის, ოინბაზის გზაა. როგორ აღწევს მიზანს ზღაპრის გმირი, რომელიც ხშირად, არაშემთხვევით უფლისწულია, და როგორ - კულტურული გმირი, რომელიც ხშირად, ასევე არაშემთხვევით, ოინბაზია? 
ზღაპრის გმირი სრულიად უქონელი გადის სახლიდან, არც საგზალს, არც რაიმე თავის დასაცავ ან რაიმეს მოსაპოვებელ იარაღს მას არავინ ატანს. იგი თითქოს ახალდაბადებული ბავშვივით შიშველი გადის სახლიდან. ყველაფერს, რაც მას დასჭირდება გზაზე, ის გზაზევე მოიპოვებს. ყველაფერი, როგორც კვირტები, მასშია, ან მის გარეთ. რა თვისებები განაპირობებენ მის წარმატებას? ეს თვისებები იმ თვისებათა საწინააღმდეგოა, რომლებითაც ჩვეულებრივ ცდილობენ წარმატების მიღწევას ცხოვრების გზაზე. ისინი თითქოს მოქმედების ქრესტომათიულ მრწამსად არის ქცეული. ესენია: მიმნდობლობა, უანგარობა, ხელგაშლილობა, მორჩილება, დამყოლობა - და კიდევ სხვა თვისებები, რომლებიც ცხოვრების ჯუნგლებში მის თითქოს გარდაუვალ დაღუპვას უქადიან. მაგრამ ის ამ თვისებებით მოიპოვებს შემწეს და მწყალობელს, რომელთაც, თავის მხრივ, აძლევს შანსს, უქმნის კეთილის ქმნის პირობებს. მავნე, ანტაგონისტი, ცრუგმირი? ესენიც, რაც უნდა პარადოქსული იყოს, მონაწილეობენ მის წარმატებაში, როგორც ძმები იოსების წარმატებაში, რომელთა ბოროტება ღმერთმა სიკეთედ აქცია. ბოროტება, რაც გზაზე შეემთხვათ ამ გმირებს, აძლევს მათ შანსს, რომ მისი ძლევით სრულყოფის და სიკეთის მანიფესტაციის კიდევ ახალ საფეხურზე ავიდნენ (ეს არის ერთადერთი საზრისი ბოროტებისა, რომელსაც თავისი საკუთრივი არსება არა გააჩნია). 
არის სხვა გზაც, წარმატების მოპოვების ალტერნატივული გზა, რომელსაც მიმართავს მითოლოგიური ოინბაზი და რომელსაც არცთუ იშვიათად იყენებენ ჩვენს სინამდვილეში (ცნებათა “ჩვენის” და “სინამდვილის” ფართე გაგებით). ეს არის “მითოსური” სიცრუე და თაღლითობა, გაცურება, თვალთმაქცობა, მაქციერობა... თუ ზღაპრის გმირი გახსნილია მთელი სინამდვილის მიმართ, სადაც მას უხდება მოქმედება, და ამ გახსნილობით იპოვებს იგი ყველაფერს, რასაც კი იპოვებს, მითოლოგიის კანონიერი ოინბაზი სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევს თუ არა თავისი პერსონის დაფარვით, სხვად-მოჩვენებით, თვალთმაქცობით. ამ თვისებებზეა აგებული მისი წარმატება. მართალია, ეს არაეთიკურია დღეს ჩვენი წარმოდგენით _ ამგვარ გზას წარმატებისა დღეს არავინ გამოიტანს სააშკარაოზე, მაგრამ არც საბოლოოდ უკუაგდებს, შემოინახავს მას მარაგად უკიდურესი გასაჭირისთვის. და იქნებ მადლობაც კი დაიმსახუროს. 
რაკი წარმატების ეთიკურ განაზრებამდე მივედით, შეიძლება ეთიკური პრობლემა იქ დავინახოთ, სადაც დღევანდელი ეთიკური პრინციპების ფონზე ნაკლებად უნდა მოველოდეთ. რილკეს ერთ მოთხრობაში (Drachentöter “დრაკონის მკვლელი“) უცნობი ადამიანი კლავს სოფლის მაოხრებელ ურჩხულს და თვალს მიეფარება, ნაცვლად იმისა, რომ როგორც მხსნელმა სოფლისგან აღიარება და ჯილდო მიიღოს. სოფლის წესის საპირისპიროდ, მას სურს უცნობად დარჩეს. ჩანს, ჩადენილი აქტი, როგორც წარმატების შედეგი, მისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე საზღაური, რომელიც მას გამჟღავნების (ჟარგონით, “გაპიარების“) შემთხვევაში უცილობლად მოელოდა. მოთხრობის გმირი, რომელიც არის ნამდვილად გმირი, უარყოფს, არაეთიურად მიიჩნევს უმაღლეს საზღაურს - სიცოცხლეშივე გმირადყოფნას. არსებობს კი ცოცხალი გმირი (ამ ცნების ამოსავალი მნიშვნელობით, რაც ბერძნულ სიტყვაში ჰეროს დევს)? თუ გმირობა ანუ პიროვნული წარმატების უმაღლესი გამოხატულება, რაც სახელშია შენივთებული, სისხლის საზღაურად მოიპოვება და თავის კუთვნილ ჯილდოს, თუკი ის აუცილებელია, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიხვეჭს? რა არის გმირობა - მთელი სიცოცხლე გასტანს იგი თუ მხოლოდ ახლა, ამჟამად ჩადენილი აქტით არის შემოსაზღვრული? რილკეს ურჩხულის მკვლელი მაქსიმალისტია თავის განაჩენში, მაგრამ მას სწორედ ამგვარად (თავისი გაუჩინარებით) შეუძლია ამხილოს ისეთი საზოგადოება, სადაც ჩვეულებრივი ადამიანური საქციელიც კი იმდენად უჩვეულოდ გამოიყურება, რომ საზღაურს მოითხოვს. დღეს ჯილდოს და ტაშს ელიან იმ (ხშირად არარსებული) ღირსებისთვის, რაც ადამიანად ყოფნის მიუცილებელი პირობა უნდა იყოს. როგორ არის დღეს გაგებული მოწოდება - “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა”, რომელიც “სახელის მოხვეჭას” უანგარო, ამდენად, უმაღლეს ეთიურ ქმედებად მიიჩნევს? დღეს ადამიანი იღწვის სახელის მოსახვეჭად, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხვეჭილი სახელით საზოგადოებაში მყარი ადგილი და სამუდამო კეთლდღეობა პერმანენტული ტაშითურთ დაიმკვიდროს. სამუდამოდ დავიწყებულია სხვა მოწოდება “ჩემო კალამო, რად გვინდა ტაში”, იმ ადამიანის სიტყვები, რომლის პიროვნება დღეს სწორედ ტაშის მოყვარულთა თავის დასაცავ ფარად ქცეულა.



ზურაბ კიკნაძე
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий