воскресенье, 14 июля 2013 г.

“საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების რამდენიმე ასპექტი



“საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების რამდენიმე ასპექტი”- ი. გოგიჩაძე, ს. ტოტოჩავა(კრებულიდან – “შემეცნება და ზნეობა”(ფილოსოფიური წერილები) თბილისი-2012, რომელიც მიეძღვნა ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, შესანიშნავი ლოგიკოსის ლ. მჭედლიშვილის 75-ი წლის იუბილეს)
1. არისტოტელე განსაზღვრების შესახებ
   არისტოტელეს თვალსაზრისი განსაზღვრების შესახებ ორგანულადაა დაკავშირებული ისეთ ლოგიკურ-ფილოსოფიურად მნიშვნელოვან ცნებებთან, როგორიცაა: დასაბუთება, სახე, გვარი, სპეციფიკური ნიშანი, შემთხვევითი ნიშანი და საერთოდ მეცნიერული ცოდნის განვითარება. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის სწორი მიმართულებით წარმართვის ერთ-ერთ მომენტს არისტოტელე ისეთი ცნებების ბუნების, მათ შორის ურთიერთმიმართების დადგენასა და მათი ერთმანეთში აღრევის თავიდან აცილებაში ხედავს, როგორებიცაა: პოსტულატი, ვარაუდი, განსაზღვრება და დასაბუთება (დამტკიცება).
  “ყველაფერი, რაც, თუმცა კი დასაბუთებადია, მაგრამ დასაბუთების გარეშე მიიღება, რადგან მკვლევარს ის მართებულად ეჩვენება და ამიტომ იღებს, არის ვარაუდი… ხოლო თუ დებულება მიიღება ისე, რომ მკვლევარს მის შესახებ არავითარი მოსაზრება არ გააჩნია, ან კიდევ მისი საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მაშინ იგი ახდენს მის პოსტულირებას. სწორედ ესაა განსხვავება ვარაუდსა და პოსტულატს შორის.”(1.გვ.275).
   რაც შეეხება განსაზღვრებას, იგი მსმენელის მიერ “მხოლოდ გაგებული უნდა იყოს” (იქვე). ნამდვილი განსზღვრება მსმენელმა ყოველთვის გააზრებულად და ერთმნიშვნელოვნად უნდა მიიღოს, რამეთუ “როგორც დასაბუთებისთვისაა აუცილებელი დასკვნა, ისე განსაზღვრებისათვის — სიცხადე”(1.გვ.339)
    ახლა ვნახოთ, რა როლს ასრულებს არისტოტელესთვის განსაზღვრება და დასაბუთება ცოდნის სისტემატიზაციის საქმეში და რა მიმართებაშია ისინი ერთმანეთთან. არისტოტელეს მიაჩნია, რომ ყველაფრის დასაბუთება შეუძლებელია, თუ მეცნიერული ცოდნის შენობის აგება გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ დაუსაბუთებლად ცოდნას მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია, დასაბუთება საიდანღაც უნდა დაიწყოს და, სწორედ ამიტომ, ეს საწყისი თავად დასაბუთებას აღარ უნდა საჭიროებდეს: “მართლაც, საწყისები ან დასაბუთებადია, და მაშინ სახეზე გვექნება საწყისთა საწყისები — და ასე უსასრულოდ, ანდა პირველსაწყისები უნდა იყოს დაუსაბუთებადი განსაზღვრებები. საწყისებისთვის არ არსებობს დასაბუთება”(1.გვ.318). ეს ნიშნავს, რომ დასაბუთება წარმოუდგენელია განსაზღვრების, როგორც ბაზისის გარეშე, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავადგინოთ სწორი განსაზღვრებანი შესამეცნებელი სფეროს ან საგნის ჭეშმარიტი არსების შესახებ, რათა შემდგომ აგებულ დასაბუთებას სწორი მიმართულება მიეცეს:”განსაზღვრება გამოხატავს საგნის არსებას, დასაბუთება კი — იმას, შეიძლება თუ არა, ეს ითქვას ამ საგანზე” (იქვე).
   არისტოტელესთან ხშირად ვხვდებით ფრაზას “სილოგიზმი, ანუ დასაბუთება”,  თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, რომ “დასაბუთება არის გარკვეული ტიპის სილოგიზმი, მაგრამ ყველა სილოგიზმი დასაბუთება როდია”(2.გვ.123).  აქ მას მხედველობაში აქვს ის, რომ “დამსაბუთებელი, მეცნიერული სილოგიზმი განსხვავდება დიალექტიკური და ევრისტიკული, ან სოფისტიკური სილოგიზმისგან”(3.გვ.9).  ეს განსხვავება მუდამ უნდა გვქონდეს მხედველობაში, ვინაიდან “სოფისტიკა მოჩვენებითი სიბრძნეა”(4.გვ.536).
   მაშასადამე, ცხადი განსაზღვრებებიდან ამოსული წანამძღვრები სწორი სილოგისტური დასაბუთებისას ჭეშმარიტდანასკვებს იძლევა. ამდენად, განსაზღვრება და დასაბუთება ერთმანეთისგან განსხვავდება იმითაც, რომ დასაბუთებას აქვს (1) წანამძღვრები და (2) დანასკვი, ხოლო განსაზღვრებას — არა.
  ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კიდევ ერთ მომენტზე, რომელიც არისტოტელეს განსაზღვრების თეორიას განსაზღვრების თანამედროვე თეორიებისგან განასხვავებს. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს შემდეგი მოსაზრება გ. ფრეგეს შესახებ: “ფრეგე არის პირველი ლოგიკოსი, რომლის განსაზღვრების თეორიის საფუძველია აღმნიშვნელისა და აღნიშნულის განსხვავება. განსაზღვრება განხილულია, როგორც ჩასმის წესი აღმნიშვნელისთვის… განსაზღვრებები, ისევე როგორც დასაბუთებები, წარმოადგენენ ოპერაციებს, რომელთაც აზრი აქვთ მხოლოდ ძირითად წინაპირობათა იმ სისტემის მიმართ, რაც ცნობილად ითვლება”(5.გვ15-17).  ეს შემდეგს ნიშნავს: დავუშვათ, გვაქვს რაიმე t სისტემა, რომელიც შედგება ერთმანეთთან გარკვეულ მიმართებებში მყოფი ისეთი p, q, r, s ელემენტებისაგან, რომელთა მნიშვნელობანიც (ანუ ის, რასაც ისინი აღნიშნავენ ამ სისტემის ფარგლებში) ჩვენთვის უკვე ცნობილია. შემდეგ დაუშვათ, რომ t სისტემის განვითარების კვალად გაჩნდა მისი გაფართოების ლოგიკური საჭიროება, რაც გამოიხატება t სისტემაში ისეთი c ელემენტის შემოტანით, რომლის სრული მნიშვნელობის დადგენაც უნდა მოხდეს p, q, r, s ელემენტებსა და მას შორის გარკვეული მიმართებების დამყარებით. აღმოჩნდა, რომ p და r ელემენტებთან მიმართებაში c ისევე ფუნქციონირებს, როგორც q ფუნქციონირებს მათთან მიმართებაში. ეს საშუალებას მოგვცემს: (1) c-ს t სისტემაში ის მნიშვნელობაც მივანიჭოთ, რაც ამ სისტემაში ენიჭება q-ს; (2) c ჩავსვათ გარკვეულ მიმართებებში q-ს ნაცვლად; (3) გარკვეულ რთულ კომბინაციებში, სადაც q-ს შესვლას მივყავართ ცნობილ შედეგებამდე (ან დასკვნებამდე), მოვახდინოთ ამ უკანასკნელის რედუცირება c-ზე.(სხვათა შორის, ამ უკანასკნელ მომენტზე რ.კარნაპიც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს: “თუ P განსაზღვრულია D განსაზღვრებით, რომელიც ეყრდნობა r-ს, მაშინ P დაიყვანება r-მდე”(6.გვ52).
  ამგვარად, t სისტემაში მოხდება c ელემენტის მნიშვნელობის სრული დადგენა. მაგრამ, ახლა დავსვათ კითხვა p, q, r, s ელემენტების იმ მნიშვნელობათა თაობაზე, რომელიც მათ ეძლევა t სისტემაში. ცხადია, რომ ისინი t სისტემის ელემენტებს ამოწურავენ და, მაშასადამე, შეუძლებელია მათი სრული მნიშვნელობის დადგენა იმავე გზით, როგორც ეს გაკეთდა c-ს შემთხვევაში. მაშ რაღა დაგვრჩენია? ფრეგეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: მათი მნიშვნელობები უნდა განისაზვროს ისეთი მარტივი ობიექტების (ალბათ სისტემის გარე ობიექტების) აღნიშვნით, რომელთა, როგორც რაიმეს აღმნიშვნელების, განსაზღვრებაც შეუძლებელია — “ფრეგეს მიხედვით, მარტივი არ განისაზღვრება, რაც განსაზღვრების ერთ-ერთ პრინციპადაა მიჩნეული. რაც მარტივია, მასზე მხოლოდ მითითებაა შესაძლებელი”(5.გვ.18).
   როგორც ვნახეთ, ფრეგეს მიხედვით, ის რაც ითქმის განსაზღვრებაზე, ითქმის დასაბუთებაზეც: “განსაზღვრებები, ისევე, როგორც დასაბუთებები, წარმოადგენს ოპერაციებს, კერძოდ, ჩასმის წესებს აღმნიშვნელისთვის”(5.გვ.16-17) და, ამდენად, მათ საფუძვლებს წარმოადგენს ის, რასაც ფრეგე უწოდებს “მარტივს”, რომლის მხოლოდ მითითებაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელს, როგორც ვიცით, ოსტენსიურ განსაზღვრებას უწოდებენ.
   ერთი სიტყვით, იმას, რასაც ფრეგე განსაზღვრების თავისი თეორიის საფუძვლად ადგენს, არისტოტელე საერთოდ არ ცნობს მეცნიერული ღირებულების მქონედ. იგი პირდაპირ აცხადებს: “არ შეიძლება, რომ დასაბუთება ემყარებოდეს გრძნობად აღქმასა და თითის მიშვერას”(1.გვ.323).  ამრიგად, ახლა ვიცით, რომ, არისტოტელეს მიხედვით, მეცნიერული დასაბუთება ემყარება “დაუსაბუთებელ, ცხად განსაზღვრებებს”, მაგრამ ოსტენსიური განსაზღვრებანი მისთვის მიუღებელია, როგორც მეცნიერულ ღირებულებას მოკლებული. მაშ რაღა გვრჩება? რა უნდა დავსახოთ მეცნიერული ცოდნის “მარტივ” ამოსავლად? არისტოტელეს პასუხი ამ კითხვაზე ალბათ ასე გაიჟღერებდა: მხოლოდ საწყისი დაუსაბუთებადი თეორიული დებულებანი (განსაზღვრება) და არა მის გარეშე არსებული ემპირიული განსაზღვრულობანი.
   ამ შემთხვევაში, არისტოტელემ უნდა შემოგვთავაზოს იმის კრიტერიუმი, რაც საფუძველს მოგვცემს იმის ცოდნისთვის, რომ ჩვენი დასაბუთება ემყარება ნამდვილ, მეცნიერულად ღირებულ განსაზღვრებას. განსაზღვრებაზე დაყრდნობა დასაბუთებისას, არისტოტელეს მიხედვით, მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ იგი გამოხატავს იმ საგნის არსებას, რომლის შესახებაც რაიმეს ვასაბუთებთ. რა შემთხვევაში გამოხატავს განსაზღვრება საგნის არსებას? ამ კითხვაზე პასუხში მოცემულია არისტოტელეს “განსაზღვრების განსაზღვრება”, რომლის აგების წესებსაც იგი აყალიბებს “მეორე ანალიტიკაში” და “ტოპიკაში”.
   ”განსაზღვრება არის დებულება, რომელიც გამოთქვამს საგნის ყოფიერების არსს”(7.გვ.352).  მაგრამ, როგორ მოვახერხოთ ეს? არისტოტელეს პასუხი ასეთია: “განსასაზღვრი უნდა განისაზღვროს უახლოესი გვარისა და სახეობრივი განსხვავების მიხედვით”(7.გვ.468).  რა არის გვარი და სახე? ამ ცნებათა შესახებ არსებული თვალსაზრისი, რომელიც ლოგიკის ყველა დაწყებით კურსში და სახელმძღვანელოში შედის, დასაბამს სწორედ არისტოტელესგან იღებს და გვეუბნება: “დიდი მოცულობის ცნებას, შედარებით მცირე მოცულობის ცნებასთან, რომელიც პირველის მოცულობაში შედის, გვარს უწოდებენ. ხოლო ამ მცირე მოცულობის ცნებას, დიდი მოცულობის ცნებასთან შედარებით, სახეს უწოდებენ… რომელიმე ცნება შეიძლება გვარი იყოს ერთი ცნების მიმართ, ხოლო სახე იყოს მეორის მიმართ… მაგალითად, ძაღლი სახეა ცხოველის მიმართ, ხოლო გვარია მეძებრის მიმართ(8.გვ.43-44)…გვარი უფრო ზოგადი ცნებაა, ვიდრე სახე. გვარი არის სახის განზოგადება, გენერალიზაცია, ხოლო სახე—გვარის შემოფარგვლა”(9.გვ.72).  როგორ ვაგნებთ განსასაზღვრი საგნის უახლოეს გვარს? ამ ლოგიკურ ოპერაციას ეწოდება “განზოგადება” და “შემოსაზღვრა”. მაგალითად, თუ ავიღებთ ადამიანის ცნებას და მოვახდენთ მისგან განზოგადებას, მივიღებთ შემდეგ სურათს:
                                   ადამიანი > ცხოველი > ორგანული ბუნება > ბუნება > მატერია
ხოლო შემოსაზღვრის შემთხვევაში მივიღებთ სურათს:
                                   ადამიანი > რუსი > რუსი მწერალი > ლევ ტოლსტოი
   “ადამიანის ცნებასთან უახლოესს, ე. ი. ცხოველის ცნებას, ადამიანის უახლოეს გვარს უწოდებენ”(8.გვ.47).  სხვაგვარად, “ცნების მოცულობის დაშლას მის შემადგენელ სახეებად ცნების გაყოფა ეწოდება”(8.გვ.56).  სწორედ ესაა გვარ-სახეობრივი დამოკიდებულებების გარკვევის გზა. რაც შეეხება “განმასხვავებელ ნიშნებს”, ისინი წარმოჩინდებიან ცნების არსებითი, საკუთრივი და შემთხვევითი ნიშნების ჩამოთვლა-გამიჯვნის პროცესში. საკუთრივ და შემთხვევით ნიშნებთან დაკავშირებით არისტოტელე ამბობს: საკუთრივი — ესაა ის, რაც, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოხატავს საგნის ყოფიერების არსს, დამახასიათებელია მხოლოდ ამ საგნისთვის და ურთიერთშენაცვლებადია მასთან. მაგალითად, საკუთრივი ადამიანისთვის არის ის, რომ მას აქვს წერა-კითხვის სწავლის უნარი, და პირიქით, ყველა, ვისაც ეს უნარი აქვს, არის ადამიანი. მაგრამ, არავინ იტყვის, რომ საკუთრივი ადამიანისთვის არის ძილის უნარი. ასეა, რადგან, მართალია, ადამიანს ეს უნარი შესწევს, მაგრამ ყველა, ვისაც ეს უნარი შესწევს, ადამიანი როდია. მაშასადამე, საგნის შემთხვევითი ნიშანი არ არის თავად საგანთან ურთიერთშენაცვლებადი(7.გვ.353).
   ამრიგად, გზა არსებითი ნიშნისკენ მეტ-ნაკლებად გაკვალულია. როგორ მოვძებნოთ იგი? არისტოტელეს პასუხი ასეთია: ძიებისას ყურადღება უნდა მივაპყროთ მსგავსებას, ანუ განუსხვავებელს სახის მიხედვით, და, უპირველეს ყოვლისა, იგივეობრივს ამ სახის ყველა წევრისთვის. შემდგომ, ეს იგივეობრივი უნდა შევადაროთ უახლოესი გვარის სხვა სახეობის წევრთათვის იგივეობრივს და თუ მათ შორის დამთხვევა აღმოჩნდება, გამოვრიცხოთ ეს ნიშანი და თავიდან დავიწყოთ ძიება, სანამ არ მივალთ ისეთ ნიშნამდე, რომელიც უახლოესი გვარის არცერთ სახეს არ ახასიათებს, გარდა იმ სახისა, რომელსაც მიეკუთვნება განსასაზღვრი საგანი. ეს იქნება კიდეც საგნის განსაზღვრება. მთავარი აქ ისაა, რომ ეს ნიშანი ერთი ცნებით უნდა იქნეს წარმოდგენილი; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არისტოტელე ამბობს, “გამოვა, რომ ჩვენი ინტერესის საგანს ერთი კი არა ერთზე მეტი არსება ჰქონია”(1.გვ. 338),  რაც არისტოტელესთვის, ცხადია, აბსურდულია. ერთზე მეტი შეიძლება იყოს საკუთრივი და შემთხვევითი, მაგრამ არა — არსებითი ნიშანი.
         2. საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების თავისებურებანი
    არისტოტელეს განსაზღვრების თეორიის შესახებ იმიტომ ვისაუბრეთ ამდენი, რომ მიგვაჩნია, რომ ე. წ. “საწყის-დისციპლინარული” განსაზღვრების ბუნებას, მის ფორმალურ სტრუქტურას და, საერთოდ, როლს მეცნიერული ცოდნის სისტემაში, სტაგირელის თეორია უფრო შეესაბამება, ვიდრე განსაზღვრების თანამედროვე თეორიებიდან რომელიმე. უფრო მეტიც, განსაზღვრების თანამედროვე თეორიებში ყურადღბა გამახვილებულია განსაზღვრების ისეთ ტიპებზე, რომლებიც საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებებს არ მოიცავს.
   საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებას ჩვენ ვუწოდებთ ისეთ განსაზღვრებას, როგორიცაა, მაგალითად, “ლოგიკა არის მეცნიერება სწორი აზროვნების კანონების შესახებ” — ანუ განსაზღვრება, რომელიც ნებისმიერი მეცნიერული დისციპლინის შესწავლისას კურსის ან სახელმძღვანელოს დასაწყისშივე გვხვდება.
    ამ ტიპის განსაზღვრებას ჯერ შევეხოთ შემდეგი კუთხით: საიდან ამოვდივართ მათი ჩამოყალიბებისას? ანუ, რა გვაქვს თავდაპირველად მოცემული — განსასაზღვრი (დეფინიენდუმი), ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, “ლოგიკა”, თუ განმსაზღვრელი (დეფინიენსი), “სწორი აზროვნების კანონები”?
    ამ ტიპის განსაზღვრებათა შემთხვევაში, რომლის ფორმალური სტრუქტურაც, სხვათა შორის, მეორდება ისეთ განსაზღვრებებშიც, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს ამა თუ იმ დისციპლინის შიდა შრეებშიც, თვალში საცემია, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ იგი ორ ნაწილად იყოფა და ამ ორ ნაწილს შორის თითქოს ტოლობის ნიშანი ზის (ასეთია ფრეგეს განსაზღვრების წესების მოთხოვნა
(5.გვ.20-21)).  ამ სქემის ლოგიკური ფორმაა “A (დეფინიენდუმი) არის B (დეფინიენსი)”. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი განსაზღვრებები:
   (1) ბიოსფერო (დეფინიენდუმი, A) არის დედამიწის გეოლოგიური გარსი, რომელიც დასახლებულია ცოცხალი ორგანიზმებით (დეფინიენსი, B);
   (2) ლექსიკა (A) არის იმ სიტყვათა მარაგი, რომელთაც ხმარობს რომელიმე ენაზე მოლაპარაკე ყველა ადამიანი (B).
   ახლა დავსვათ კითხვა: როდესაც ჩვენ “ბიოსფერო” განვსაზღვრეთ, როგორც “ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებული გეოლოგიური გარსი”, საიდან საით წავედით: A-დან B-სკენ თუ პირიქით? განსაზღვრების წაკითხვა გვიჩვენებს მიმართულებას: “A > > > B”, ე. ი., ამოსვლა ხდება A-დან და თითქოს ეს სიტუაცია სრულიად ბუნებრივია. მაგრამ თუ განსაზღვრებას ცოდნის სისტემური განვითარების პოზიციიდან შევხედავთ, ეს სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდული მოგვეჩვენება. ჩვენ გვინდა გავიგოთ და ვისწავლოთ, თუ რა არის “ბიოსფერო” და ამ ცოდნის შესაძენად პირველ რიგში მივადექით მის განსაზღვრებას. განსაზღვრებაში კი პირველად შეგვხვდა სწორედ ის, რაც ჯერ არ ვიცით, “ბიოსფერო”. ანუ განსაზღვრება ამოდის იქიდან, რაც ჩვენთვის უცნობია, A-დან. არადა, თუ საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ პირად ემპირიულ გამოცდილებაში თავიდან გვაქვს გარკვეული ცოდნა სწორედ B-ს შესახებ –”ცოცხალი ორგანიზმების” შესახებ, რომელნიც წყალში ან ჰაერში და ა.შ ბინადრობენ. და რეალურად გამოდის, რომ განსაზღვრებაში უცნობიდან, A-დან მივდივართ ნაცნობისკენ, B-სკენ. შეიძლება იმის თქმით შემოგვედავონ, რომ აქ უცნობი და ნაცნობი არ უპირისპირდება ერთმანეთს, რომ A-სა და B-ს შორის ტოლობის ნიშანი ზის და თუ ნაცნობია ერთი, მაშინ ნაცნობია მეორეც. მაგრამ, მაშინ რა აზრი აქვს განსაზღვრებას, მხოლოდ კონვენციურ-ტერმინოლოგიური? ანუ, ჩვენ ვიცით A-ც და ვიცით B-ც და განსაზღვრების ჩამოყალიბებისას უბრალოდ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან გავაიგივოთ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არ გვაქვს არავითარი ცოდნის განვითარება და განსაზღვრების როლი, ამ თვალსაზრისით, ანულირებულია, რასაც ჩვენ, არისტოტელეს კვალად, ვერ დავეთანხმებით. სხვაგვარად, ეს ნიშნავს, რომ ის, რომ “A არის B” ყოველთვის როდი ნიშნავს ამ ორი რამის ტოლობას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენის აზრით, ასეთია ვითარება საწყის-დისციპლინარული განსაზღვრებების შემთხვევაში, რის ჩვენებასაც შევეცდებით ქვემოთ.
  ამდენად, საწყის-დისციპლინარული განსაზღვრებისთვის არაა აუცილებელი დეფინიენდუმსა და დეფინიენსს შორის ტოლობის დადგენა, ანუ მისი როლის მნიშვნელობა სხვა რამეშია საძიებელი. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ განსაზღვრებაში შეცდომების გამორიცხვის ერთ-ერთი წესი — “წესი 3– განსასაზღვრი განმსაზღვრელის ტოლფასი უნდა იყოს… განსასაზღვრისა და განმსაზღვრელის მოცულობები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს”(9.გვ.102), — უმართებულოა საწყის-დისციპლინარული განსაზღვრებების ტიპის მიმართ.
   არ არსებობს მეცნიერება, რომელიც თავის სახელმძღვანელოს არ იწყებს საკვლევი სფეროს განსაზღვრებით, შემოსაზღვრით. ფიზიკა არის მეცნიერება ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენებისა და კანონების შესახებ, ქიმია — ქიმიური პროცესებისა და კანონების შესახებ და ა. შ.
  თავისთავად აღებული, ამ განსაზღვრებათა დეფინიენდუმი (“ფიზიკა”, “ქიმია”) გულისხმობს და მოიცავს ყოველი აწმყო მომენტისთვის არსებულ მთელ ცოდნას შესაბამის მეცნიერულ დისციპლინაში. რაც შეეხება დეფინიენსს (ფიზიკური მოვლენები, ქიმიური პროცესები), იგი არც ამჟამადაა ჩვენთვის ცნობილი ამომწურავად და, სავარაუდოდ, არც მომავლის რომელიმე მომენტისთვის გახდება ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ, ყველამ თუ არა, საქმეში ჩახედულმა პროფესიონალმა მაინც, სრულად იცის ქიმია (დეფინიენდუმი) აწმყო მომენტისთვის, მაშინ, როცა დეფინიენსი მხოლოდ ნაწილობრივ იცის და ეს ნაწილი შეიძლება უსაზღვროდ პატარა აღმოჩნდეს იმასთან შედარებით, რაც არ იცის. მაშასადამე, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აქ ხდება ნაცნობის განსაზღვრა უცნობით. ამას ვუწოდოთ  გნოსეოლოგიური პარადოქსი. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ, როგორც ითქვა, ყველა ჩვენგანი და მათ შორის პროფესიონალი ქიმიკოსიც, ქრონოლოგიურად, ცხოვრებაში ჯერ ხვდება “ქიმიურ პროცესებს” (დეფინიენსს), მაგალითად, ცეცხლს, ხოლო შემდგომ, გაივლის რა განათლების გარკვეულ საფეხურებს, აღმოაჩენს ამა თუ იმ დისციპლინას, მაგალითად, ქიმიას (დეფინიენდუმს). ამას ვუწოდოთ საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებაში  ქრონოლოგიური პარადოქსი.
   წარმოვიდგინოთ პირველი ადამიანი, რომელიც საფუძველს უყრის ქიმიის დისციპლინის შექმნას. მას ამ დისციპლინის სახელიც არ აქვს მოფიქრებული, მაგრამ ფლობს გარკვეულ ემპირიულ მასალას — მონაცემებს, რომლებიც ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შედეგად შეიძინა. მაგალითად, მან იცის, რომ წყალი ძლიერ გაცხელების შემთხვევაში სწრაფად ორთქლდება და ქრება, ხოლო ძლიერ გაცივების შემთხვევაში იყინება და ქვავდება. ახლა დავუშვათ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მან შექმნა თერმომეტრი და დაადგინა, რომ გაყინვა ხდება 0° ტემპერატურაზე, ხოლო ადუღება — 100°-ზე. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა წყლის შემადგენელი სტრუქტურა — H2O — და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ იცვლება წყლის მდგომარეობის ცვლილების კვალად, რომ ის ერთი და იგივეა მის თხევად, კრისტალურ და აიროვან მდგომარეობაში.
   აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ემპირიული დაკვირვების მონაცემები თანდათანობით იღებს სისტემურ სახეს და ბოლოს დგება მომენტი, როცა ეს სისტემური ცოდნა უნდა გაფორმდეს დისციპლინად, ამისთვის კი უნდა მოხდეს მისი სახელდება და განსაზღვრება. მაშასადამე, განსაკუთრებული დაინტერესება აქცევს ემპირიულ მონაცემებს სისტემური ცოდნის საგნად და საფუძვლად ედება მათ დემარკაციას სხვა ტიპის მონაცემებზე არსებული ცოდნისაგან. ცოდნის სისტემატიზაცია სხვაგვარად შეუძლებელია და განსაზღვრების ბუნებაზე ეს ყველაფერი, ცხადია, აისახება: მოგვიანებით შემუშავებული განსაზღვრება დისციპლინის დასაწყისში ჯდება, რათა მის შემსწავლელს თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდეს, თუ რა ტიპის მოვლენების შესწავლას ჰკიდებს ხელს. ეს რაღაცნაირი “უკნიდან წინსვლა” არა მხოლოდ გარეგნულად აისახება დისციპლინაზე, არამედ, შინაგანადაც თავად განსაზღვრებაზე: მასში პირველი ჯდება დეფინიენდუმი (ამ შემთხვევაში სახელი “ქიმია”, რომელიც გვიან ჩამოყალიბდა) და შემდეგ — დეფინიენსი (ამ შემთხვევაში, ბუნებრივი პროცესების ტიპი, რომელთა შესახებაც ემპირიულ-დაკვირვებადი მასალა იმთავითვე მოგვეპოვებოდა ჯერ სპონტანური, შემდეგ კი მოწესრიგების პროცესში მყოფი მასალის სახით). ამგვარად, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი და ამ “უკნიდან წინსვლას”, საპირისპიროდ წინსვლისა, ანუ “პროგრესისა”, ვუწოდოთ რეგრესი.
  როგორც ვნახეთ, არისტოტელესთან განსაზღვრებით ხდება განსასაზღვრი საგნისთვის გვარ-სახეობრივ იერარქიაში ფიქსირებული ადგილის მიჩენა. ეს კი, თავის მხრივ, საჭირო გახდა იმისთვის, რომ საგანი ერთმნიშვნელოვნად მოქცეულიყო არისტოტელესავე კატეგორიათა სისტემიდან შესაბამისი კატეგორიის დაფარვის არეში, რათა შემდგომ იგი გამხდარიყო ფილოსოფიურ დონეზე კატეგორიული მსჯელობის საგანი. გარდა ამისა, ყოველივე ეს გულისხმობდა გასააზრებელი საგნის როგორც შესაბამის კატეგორიასთან დამოკიდებულების, ისე ამ კატეგორიის დაფარვის არეში შემავალ სხვა საგნებთან (სახეებთან) მისი მიმართების ბუნების დადგენასაც.
   მაგალითად, ავიღოთ შემეცნების ობიექტად ისეთი რამ, როგორიცაა “ოჯახი”. რა მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს მისი კვლევა—სოციოლოგიურით, ისტორიულით, ანთროპოლოგიურით, ეთნოლოგიურით, იურიდიუ-სამართლებრივით, ბიო-სოციალურით, ან თუნდაც ფილოსოფიურით (გავიხსენოთ იგივე ვიდგენშტაინის “ოჯახური მსგავსებების” თეორია) და ა.შ. ყოველ მათგანში აშკარად თუ ანონიმურად ფიგურირებს ერთ-ერთი ისეთი საყრდენი დებულება, როგორიცაა, მაგალითად: ოჯახი არის ერთი სახეობის ინდივითთაგან შემდგარი მ ც ი რ ე  ს ო ც ი ა ლ უ რ ი  ჯ გ უ ფ ი, რომელიც აწესრიგებს ამ ინდივითთა შორის სქესობრივ ურთიერთობებს ს ი ს ხ ლ ი თ  მ ო ნ ა თ ე ს ა ვ ე  შ თ ა მ ო მ ა ვ ლ ო ბ ი ს რეპროდუცირებისთვის. და თუ მოგვიანებით წარმოებული კვლევის მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის შესამეცნებელი საგნის უახლოეს გვართან (მცირე სოციალური ჯგუფი) დაკავშირებულ სხვა მსგავს ერთეულებისადმი (მაგ, თანამშრომლური ჯგუფი, კლასელთა და კურსელთა ჯგუფი, ინსტრუმენტალური ჯგუფი და ა.შ.) მისი მიმართებების გარკვევის ტენდენციასაც ამჟღავნებს. სხვაგვარად, საყრდენი განსაზღვრება მოიყოლებს ახალ განსაზღვრებებს, რომლებიც კვლევის პროცესში დააზუსტებენ საყრდენი განსაზღვრებების სხვადასხვა ასპექტებს: გაირკვევა მაგალითად, თუ რა არის ამ მცირე სოციალურ ჯგუფთა იდენტური და განმასხვავებელი ნიშნები, რატომ არ ჰგავს რომელიმე მათგანის წევრთა ერთობა სხვა ჯგუფის წევრთა ერთობას, რა კონკრეტული შედეგები (ეკონომიური, სამართლებრივი და სხვ.) მოჰყვება მათ დაშლას ან ურთიერთობების გამყარებას და ა.შ. ანუ ერთი სიტყვით, გამოაშკარავდება “ოჯახის” გვარეობითი როლი და მნიშვნელობა რაც მასზე სრული განსაზღვრების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს. აღწერილ ვითარებას კარგად მიესადაგება იგივე რ.კარნაპის თვალსაზრისი, რომელიც მიიჩნევს, რომ “როცა გვინდა განსაზღვროთ ტერმინის მნიშვნელობა მოცემული მომენტისთვის, მაშინ განსაზღვრებები ივსება თანდათანობით, ემპირიული ცოდნის ბაზაზე”(6.გვ.59) , ან ზ.მიქელაძისა: “რომელიმე მეცნიერების საგნის გლობალური დადგენა იმთავითვე, რაც მოიცავდა მისი სამომავლო განვითარების მთელ მსვლელობას, პრობლემების ყველა კომპლექსს, რომელიც შეიძლება მოექცეს მისი კვლევის მხედველობის არეში, უიმედო წამოწყებაა… საწყისი ფენომენის ანალიზსს მივყავართ საკვლევი საგნის გაფართოებამდე… ამგვარად, ყოველ მომდევნო ეტაპზე ხდება დაზუსტება იმისა, რითიც დაკავებულია მოცემული მეცნიერება. და ეს, ვგონებ, ბუნებრივიცაა“(3.გვ.6-7).
  აქედან გამომდინარე, განსაზღვრება (მათ შორის, საწყის-დისციპლინარული ტიპისაც)  არათუ მონაწილეობს ცოდნის შენობის აგებაში, არამედ, ეს უკანასკნელი სწორედ განსაზღვრებაში შემავალი ცნებების შინაარსის გამოაშკარავების, ამ შინაარსის სხვადასხვა ასპექტებისთვის ახალ-ახალი განსაზღვრებების შემოტანა-დაზუსტების გზით მიმდინარეობს.
   ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი — დემარკაციულობა: საწყის-დისციპლინარული განსაზღვრება არის დემარკაცია კონკრეტული ობიექტისა, რომელიც შემეცნების ინტერესს წარმოადგენს, ყველა იმ ობიექტისგან, რომელიც კონკრეტული კვლევის ობიექტს არ წარმოადგენს მოცემული მომენტისთვის.
   ჩვენი აზრით, განსაზღვრება, როგორც ასეთი, შეიძლება ეხებოდეს სამი ტიპის ობიექტს: 1) თვისებას; 2) თვისებისმატარებელ არსებას; 3) გარკვეული თვისებების მატარებელ არსებათა მოქმედების არეს.
   საწყის-დისციპლინარული განსაზღვრება, მაგალითად, ფიზიკისა, მესამე ტიპის ობიექტზე მიმართული განსაზღვრებაა, ანუ განსაზღვრება ობიექტისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეული თვისებების მქონე არსებების მოქმედების არეს. ცხადია, რომ ამ ტიპის განსაზღვრებას განსხვავებული ხასიათი ექნება, რამეთუ, მას შემმეცნებელი სუბიექტი სხვა მიზნებს უსახავს ცოდნის სისტემაში. და უწინარესად, მას ევალება ცოდნის კონკრეტული სფეროს სხვა სფეროებისგან დემარკაცია სპეციფიკურ-დისციპლინარულ არსებათა მოქმედების არის შემოსაზღვრით.
   რაც შეეხება, მაგალითად, ისეთი ობიექტის განსაზღვრებას, როგორიცაა თვისება, მისი განსაზღვრება შინაარსობრივად შეიძლება უნიკალური იყოს ამა თუ იმ დისციპლინაში, მაგრამ სხვა დისციპლინაშიც გვხვდებოდეს არა მხოლოდ ნომინალურად, არამედ მეტნაკლებად მსგავსი შინაარსით. მაგალითად, თვისება, რომელიც ფიზიკის მეცნიერებაში აღინიშნება ცნებით მასა, გვხვდება სოციოლოგიურ თეორიებშიც, ძალის ცნებით აღნიშნული თვისება კი — პოლიტიკურ თეორიებშიც. მაშასადამე, თვისების განსაზღვრებებს მკაცრი დემარკაციულობის ნიშანი აუცილებლობით არ ახასიათებს. მათი როლი უწინარესად კონტექსტუალურად, ან, როგორც ბ. რასელი იტყოდა, „მოხმარებაში“ გამოიხატება.
             3. საწყის-დისციპლინარული განსაზღვრება და განსაზღვრების ზოგიერთი ტიპიგანსაზღვრების                                
   თანამედრვე თეორიებში                        
   ახლა, მას შემდეგ, რაც, როგორც ვიმედოვნებთ, საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების ბუნება რამდენადმე ნათელვყავით, ვეცდებით, დავასაბუთოთ ჩვენი ზემოთ ჩამოყალიბებული თეზისი: რომ განსაზღვრებისთანამედროვე თეორიები ეხება ისეთი ტიპის განსაზღვრებებსრომელთა შორისაც არ არისსაწყის-დისციპლინარული განსაზღვრებაამ მიზნით მათ საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებებსშევადარებთ.
                         იმპლიციტური განსაზღვრება
 იმპლიციტურია ან კონტექსტურია განსაზღვრება, რომელიც გულისხმობს ისეთი ახალი სიმბოლოს შემოტანას ჩასმის წესით, რომელსაც, ცალკე აღებულს, რაიმე მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ განისაზღვრება რა გარკვეულ კონტექსტში, შესაძლებლობას იძლევა, რომ ყოველი ფორმულიდან, რომელშიც ახალი სიმბოლო გვხვდება, გადავიდეთ მის ეკვივალენტურ, ნაცნობ ფორმულაზე(5.გვ.22 და 37).
    საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებასთან განსაზღვრების ამ სქემის მიმართებაზე უნდა ითქვას: (1) ფიზიკას, ცალკე აღებულს, გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა ბერძნულ ენაში; (2) როცა საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებას ეხება საქმე, რომელი კონტექსტის ცოდნაზე შეიძლება აქ ლაპარაკი? ეს ხომ დისციპლინის დასაწყისია, მთელი კონტექსტის შინაარსი მის მერე უნდა გაიშალოს ამ დისციპლინის შემსწავლელის წინაშე, შინაარსი, რომელსაც ტერმინი ფიზიკა გულისხმობს; (3) გარდა ამისა, აქ საუბარია ახალი ტერმინის შემოტანაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს რაღაც ძველი, მასზე წინმსწრები. საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებაში კი დეფინიენდუმი არის არა ახალი, არამედ, საერთოდ პირველად შემხვედრი ტერმინი ამა თუ იმ დისციპლინაში, რომლის საფუძველზეც უნდა გაიშალოს ყოველივე დანარჩენი.
   მაშასადამე, აქ დეფინიენდუმი კონკრეტული დისციპლინის კონტექსტში კი არ განისაზღვრება, არამედ, უმალ პირიქით.
           ბექსპლიციტური განსაზღვრება
 ექსპლიციტურს უწოდებენ განსაზღვრებას, რომელიც შედგება ორი ისეთი, ერთმანეთთან გატოლებული ნაწილისაგან, რომელთაგანაც პირველი ნაწილი შეიცავს მხოლოდ ძირითად აღნიშვნებს, ან უკვე განსაზღვრულ აღნიშვნებს… მეორე მხარე შედგება მხოლოდ ახლად შემოსაყვანი სრული აღნიშვნებისაგან… განსაზღვრების ტოლობის ის მხარე, რომელშიც ახლად შემოსაყვანი აღმნიშვნელია, აღნიშნავს განსაზღვრების დეფინიენდუმს და იგი ყოველთვის განსაზღვრების ტოლობის მარცხენა მხარეზეა, ხოლო ტოლობის მარჯვენა მხარეზე არის განსაზღვრების დეფინიენსი(5.გვ.22).
   აქ ყურადღება უნდა მიექცეს ორ ასპექტს ტოლობას და სრულს. სრულია აღმნიშვნელი, რომელიც რედუცირებადია ისეთ მარტივად ცოდნად ობიექტზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აღქმადი ან წარმოდგენადია(5.გვ.16).
   ახლა შევხედოთ საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებას და იგი ამ სქემის მიხედვით გავყოთ: ტოლობის მარჯვენა მხარეს აღმოჩნდება ფიზიკა (დეფინიენდუმი), როგორც მეცნიერება, ხოლო მარცხენა მხარეს — ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენები და კანონები (დეფინიენსი).
   გარდა იმისა, რომ სიტუაცია სიტყვიერ-სქემატურ დონეზეც კი აბსურდული ჩანს, ანუ, ეს სქემა არ მიესადაგება ამ ტიპის განსაზღვრებებს, ნათელია, რომ ფიზიკა, როგორც მეცნიერული დისციპლინა ყველა ფიზიკური მოვლენის შესახებ, ვერასოდეს იქნება ტოლი ფიზიკური მოვლენების შესახებ არსებული იმ ცოდნის მარაგისა, რომელიც თუნდაც თანამედროვე ეტაპზეა მოპოვებული ფიზიკის მეცნიერებაში. ნებისმიერ ისტორიულ ეტაპზე, საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების დეფინიენდუმსა და დეფინიენსს შორის არასოდეს გვექნება ტოლობა, რადგან პირველი განუზომლად მეტს გულისხმობს, ვიდრე მეორე.
                                 გოპერაციონალური


 
განსაზღვრება
 ახლა ავიღოთ ე. წ. ოპერაციონალური განსაზღვრება და დავსვათ იგივე კითხვა: მიესადაგება თუ არა მისი სქემა საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების ტიპს?
   ოპერაციონალიზმის თეორეტიკოსი პ. ბრიჯმენი ამტკიცებდა, რომ „ცნების განსაზღვრების მეცნიერული ხერხი ოპერაციონალური ხასიათისაა“(5.გვ.88).  თავიდან მას მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ ის ცნებები, რომლებიც დაკავშირებული იყო გარკვეულ სიდიდეებთან. ამ სიდიდეთა გაზომვით მიღებული ერთეული ან რიცხვითი გამოსახვა არის გასაზომი ხელსაწყოს ოპერირებით მიღებული განსასაზღვრის მნიშვნელობა, რომელიც რეალურად მოქმედმა პირმა დაადგინა. შემდგომ მან ეს სქემა უნივერსალურად განაზოგადა და ე. წ. „ქაღალდის და ფანქრის“ და „ვერბალური“ ოპერაციებიც მას დაუქვემდებარა. პირველის სფეროდ ლოგიკა და მათემატიკა გამოაცხადა, ხოლო მეორისა — სოციალური მეცნიერებანი. ბრიჯმენისთვის ამ აბსოლუტიზაციის საფუძველი ის იყო, რომ ის აქტივობასზოგადად ოპერირების საკმარის პირობად აცხადებდა, იქნებოდა ეს ფიზიკურ, აბსტრაქტულ თუ ვერბალურ ობიექტებზე ოპერირება. მაგრამ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აზროვნების ისტორიაში ამგვარი უნივერსალიზაციები ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული და, გარდა ამისა, ხომ აბსურდულია მტკიცება, რომ სამივე ტიპის ობიექტების მიმართ შემმეცნებელი სუბიექტი ერთნაირ აქტივობას ახორციელებს?
   ცხადია, რომ ნებისმიერი ტიპის განსაზღვრება, რათა იგი, როგორც ეს საერთოდ მეცნიერულ ცოდნას ახასიათებს, საყოველთაოდ გასაგები და მისაღები იყოს, ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს ვერბალურად გამართული ფორმით. ვერბალური ნიშნების მოხმარება, მიღება თუ დადგენა კი ყოველთვის როდი გულისხმობს, როგორც ბრიჯმენი მიიჩნევს, „ოპერაციათა ჩამოსათვლელ რიგს“. მაგალითად, იგივე ოსტენსიური და კონვენციური განსაზღვრებებიც გამოდგება. ოსტენსიური განსაზღვრება –„ეს არის მაგიდა“ — არ შეიცავს მკაცრი მეცნიერული სიზუსტით გაზომვად და აღწერად ოპერაციებს. ხელის მიშვერა, ცხადია აქტივობაა, მაგრამ, განა აბსურდული არაა „მაგიდის“ ცნების განსაზღვრა ხელებისა და თითების მოძრაობათა აღწერით?
   იგივე ითქმის კონვენციურ განსაზღვრებაზეც. მაგალითად, ისეთი ცნების განსაზღვრისას, როგორიცაა მასა, რათა მისი მეცნიერული შინაარსი საყოველთაოდ გასაგები იყოს, მეცნიერთა შორის კონსენსუსის ისტორიული ფაქტების ჩამოთვლა არაფერს მოგვცემს. ცხადია, იმის აღსანიშნავად, რისთვისაც შემოღებულ იქნა ტერმინი მასა, გარკვეული შეთანხმება (აქტივობა) განხორციელდა მეცნიერთა მიერ, მაგრამ იმის აღწერა, თუ რომელი მეცნიერი უჭერდა მის შემოღებას მხარს და რომელი არა, რომელ საუკუნეში მიიღეს საბოლოო დადგენილება, რომელ ქვეყანაში და რა სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებებში, მასის ცნებით მნიშვნელობას ნათელს ვერ მოჰფენს.
   ჩვენი აზრით, იგივე მდგომარეობა გვაქვს საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების შემთხვევაშიც. ის, რომ „ფიზიკა არის მეცნიერება (უახლოესი გვარი) ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენებისა და კანონების (სახეობითი განსხვავება) შესახებ“, არის ფიზიკის ცნების ისეთი განსაზღვრება, რომელშიც გამოყენებული ოპერაციები გაზომვის მკაცრ მეცნიერულ ოპერაციებთან საერთოდ არაა დაკავშირებული. აქ გამოყენებულია უმალ კონვენციური და ვერბალური აქტივობა, მაგრამ ამ აქტივობათა აღწერა იოტისოდენადაც ვერ გაგვარკვევს ფიზიკის მეცნიერულ შინაარსში.
               დოსტენსიური განსაზღვრება
   ოსტენსიური განსაზღვრების წესს ტ. სეჯერსტეტი ახასიათებს, როგორც მითითებას რეალობის კონკრეტულ ნაწილზე — „ეს არის მაგიდა“ და ა.შ. ახლა დავსვათ კითხვა: განა შესაძლებელია რეალობის იმ კონტინიუმზე ამომწურავი მითითება, რომელიც იმავე ფიზიკის საწყის-დისციპლინარულ განსაზღვრებაშია ნაგულისხმევი „ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების“ სახით? ცნება „ფიზიკური მოვლენა“ გულისხმობს ფაქტობრივად უსასრულო რიგს მოვლენებსა, რისი ერთმნიშვნელოვნად „მითითებაც“ შეუძლებელი ჩანს. ცხადია, ცალკე შეიძლება ავიღოთ რომელიმე მათგანი, მაგალითად, თუჯის აი ამ კონკრეტული ნაჭრის სითბური ზემოქმედებით გაფართოების მოვლენა, და ვთქვათ, რომ აი ესაა ფიზიკური მოვლენა. მაგრამ, ჯერ ერთი, ჩვენ „ფიზიკის“, როგორც მეცნიერების განსაზღვრისას, ვერ დავიწყებთ ამგვარი მიმთითებელი დებულებების უსასრულო რიგის ჩამოთვლას (რომც შევძლოთ, ეს „ფიზიკის“ ცნებით-მეცნიერულ შინაარსში ვერ გაგვარკვევს) და, მეორეც, ფიზიკის მეცნიერული ცოდნის შენობა ეხება არა თუჯის ამ კონკრეტულ ნაჭერზე სითბური ზემოქმედების შედეგებს, არამედ ზოგადად ლითონებზე და, კიდევ უფრო ზოგადად, ფიზიკურ სხეულებსა და პროცესებზე სითბოს ზემოქმედების შედეგებს.
   ამდენად, კითხვას — შეესაბამება თუ არა საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების ბუნება განსაზღვრების ოსტენსიურ წესს? — აგრეთვე უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს.
                                       ციტირებული ლიტერატურის ნუსხა:
 1.Аристотель.“ Вторая аналитика“. Соч.Т. -2. Москва-1978 (255-346)
2.Аристотель.“Первая аналитика“. Соч. Т.-2. Москва- 1978 (117-254)
3.З. Микеладзе.“Основоположения логики Апистотеля“. (Аристотель. Соч. Т.-2. Москва-1978 (5-50)
4.Аристотель.“О соофистических опровержениях“.Соч.Т.-2. Москва-1978 (533-593)
5.ბ. ურიდია.“განსაზღვრების თანამედროვე თეორიები“. თბილისი-1972
6.R.Carnap.”Testability and Meaning”. WWW.hist-analitytic.org
7.Аристотель.”Топика“.Соч.Т.-2. Москва-1978 (347-532)
8.კ. ბაქრაძე. ”ლოგიკა“.  თბილისი – 1946
9.ლ. მჭედლიშვილი.“ლოგიკა“. თბილისი – 2000

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий