понедельник, 1 июля 2013 г.

აგრესია და რიტუალი



რუსუდან ცანავა
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ძირითადი ნაშრომები: მითო-რიტუალური მოდელების გენეზისისა და ფორმირების საკითხისათვის, მითის რიტუალის და მაგიის ურთიერთმიმართებისათვის, Myth model of substitute sacrifice and the classical epos, მონოგრაფია: მითორიტუალური მოდელები, სიმბოლოები ანტიკური მწერლობაში და ქართული ლიტერატურულ-ეთნოლოგიური პარალელები. ინტერესთა სფერო: ანტიკური მითოლოგია და ლიტერატურა, კულტუროლოგია, ლიტერატურის ისტორია და თეორია, კომპარატივისტიკა.


აგრესიის ბუნებისა და წარმოშობის საკითხს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იკვლევენ: ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ლიტერატორები. ცხადია, რომ აგრესია კულტუროლოგიური ფენომენია და მისი ანალიზი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. აგრესია/რისხვა1 ბინარული ოპოზიციის (რისხვა-განურისხველობა) შემადგენელი ელემენტია; შესაბამისად, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ნიშან-სისტემათა კონტექსტშიც; აქედან გამომდინარე, ეს ფენომენი სემიოტიკური ასპექტითაც განიხილება. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, რამდენად აქტიურია აგრესიის ფუნქცია რიტუალში. საკვლევ მასალად გამოვიყენებთ მსხვერპლშეწირვის უნივერსალურ რიტუალს. A priori შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აგრესიის ჩართვამ გამოიწვია ამ საკრალური რიტუალის პროფანაცია და საერთოდ შეცვალა მსხვერპლ-შეწირვის რელიგიური აქტის კონცეფცია. სტატიაში შევეცდებით ამ პოზიციის დასასაბუთებას.
აგრესიის კვლევას მიეძღვნა ცნობილი ფრანგი მეცნიერის - ლიტერატორის, ფილოსოფოსისა და ანთროპოლოგის - რენე ჟირარის ნაშრომი „ძალადობა და წმინდა“ (ჟირარი:2000). მკვლევარის აზრით, მსხვერპლშეწირვა იყო და არის დიდი საიდუმლო, რომლის არსში წვდომისას ყოველთვის რაღაც გვისხლტება ხელიდან, სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებთ მის შეცნობას. მიზეზი კი ისაა, რომ არ გვაქვს თუნდაც რაიმე მყარი კრიტერიუმი, რომელიც უცვლელია კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე. ჟირარი ამ კრიტერიუმის ძიებამ ძალადობამდეაგრესიამდე მიიყვანა. იგი ასე სვამს კითხვას: რა დამოკიდებულებაა მსხვერპლშეწირვასა და ძალადობას შორის? და პასუხობს: კავშირი თვალსაჩინო და ნათელია. ფიზიოლოგებმა დაადასტურეს, რომ აგრესია ყველა ტიპისა და კულტურის სხვადასხვა დონის ადამიანებში მსგავსია. არაფერი ისე არ ჰგავს გაალმასებულ კატას ან ადამიანს, როგორც მეორე გაალმასებული კატა ან ადამიანი. რაკი აგრესიის ბუნება უცვლელია, ჩვენ შეიძლება მივიღოთ გარკვეული პასუხი მსხვერპლშეწირვის ბუნებაზე, თუ შევისწავლით მსხვერპლშეწირვის რიტუალის ერთ ელემენტს - აგრესიას.
თუ ადამიანში გაიღვიძა ძალადობის სურვილმა, იგი იწვევს გარკვეულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც პიროვნებას განაწყობს ორთაბრძოლისათვის. აგრესიული განწყობილება ადამიანში გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში; იგი არ არის უბრალო რეფლექსი, რომელიც წყდება სტიმულის ზემოქმედების შეწყვეტისთანავე. სპეციალისტთა განმარტებით, ძალადობის სურვილის დაოკება უფრო ძნელია, ვიდრე აღძვრა. ძალადობას ხშირად და სამართლიანადაც უწოდებენ ირაციონალურს. ჰერაკლიტეს აზრით, ძალადობა არის ყველაფრის მამა და მეფე. აგრესიის რეალიზება ორგვარად შეიძლება: რისხვის გამომწვევი მიზეზის (პიროვნების) უშუალო განადგურებით, რაც იწვევს შურისძიებათა დაუსრულებელ ჯაჭვს და მეორე - აგრესიის ჩანაცვლებით (შეცვლით). ამ დროს რისხვის გამომწვევი არსება ჩანაცვლდება სხვით, რომელიც არაფრით იწვევს მოძალადის დარტყმას გარდა იმისა, რომ სუსტია.2
ჟირარის აზრით, რიტუალური მსხვერპლშეწირვა ეფუძნება აგრესიის შენაცვლებას, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით: მაგალითად, ცხოველის მსხვერპლშეწირვა ძალადობას აარიდებს იმ არსებებს, რომელთა დაცვაა საჭირო და აგრესია გადააქვს სხვებზე, რომელთა სიკვდილს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ან სულაც არა აქვს მნიშვნელობა. ე.ი. ხდება „აგრესიის (ძალადობის) მოტყუება.“
ასე რომ, მსხვერპლშეწირვის საფუძველი სწორედ „აგრესიის მოტყუება,“ ანუ აგრესიის გადატანაა. კოლექტივს სურს, მისთვის უფრო იოლად გასამეტებელ მსხვერპლზე გადაიტანოს აგრესია და ამით დაიცვას უფრო ფასეული - კოლექტივი. ე.ი. „არაფრის“ გამოსყიდვა არ ხდება, ხდება დაცლა დაგროვილი აგრესიისაგან (ეს კარგად აისახა ჯადოსნურ ზღაპრებში, როდესაც მგელს, კაციჭამიას, დრაკონს ბავშვის ნაცვლად ქვას აყლაპებენ). ამ შენაცვლებით აგრესიას უკლავენ „შიმშილს.“ ჟირარის აზრით, ამგვარ მსხვერპლშეწირვას დადებითი სოციალური ფუნქცია აქვს. დიამეტრულად განსხვავებულია „სისხლის ძიება“, რომელმაც რიტუალი სხვა მიმართულებით „წაიყვანა“ (ამაზე ქვემოთ).
იმ მეცნიერთა თვალსაზრისების საპირისპიროდ, რომლებიც მსხვერპლშეწირვას რელიგიური ასპექტით ხსნიან (ტეილორი, ფრეიზერი, რობერტსონ-სმიტი, მოსი, იუბერი და სხვები), გამოითქვა მოსაზრება, რომ მსხვერპლშეწირვა რეალურად არაფერს (არავის) არ შეესაბამება. ეს თვალსაზრისი ეკუთვნის კ. ლევი-სტროსს (ამაზე ვრცლად იხ. ცანავა 2003). ჟირარის აზრით, სწორედ აგრესიის როლის გაუთვალისწინებლობა წარმოშობს მსხვერპლშეწირვის თეოლოგიურ კონცეფციას, ე.ი. მოსაზრებას, რომ მსხვერპლს ითხოვს ღმერთი.
რ. ჟირარი განიხილავს საკმაოდ ვრცელ მასალას. იგი არ იფარგლება რომელიმე ერთი კულტურით ან პერიოდით. მისი თვალთახედვა მოიცავს პრიმიტიული ხალხების რწმენა-წარმოდგენებს, ანტიკურობას, შუა საუკუნეებსა და თანამედროვეობას; ეთნოლოგიას, ფსიქოლოგიასა და ლიტერატურას. ასე რომ, ეს არის კომპლექსური და სერიოზული მონოგრაფია, რომელიც საფუძვლიანად უღრმავდება მსხვერპლშეწირვის არსის ანალიზს.
პრიმიტიული ხალხების ეთნოლოგიის შესწავლის საფუძველზე გოდფრი ლინჰარტი და ვიქტორ ტერნერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსხვერპლშეწირვა
ემსახურებოდა აგრესიის „კოლექტიურ გადატანას“ მსხვერპლზე. ე.ი. მსხვერპლშეწირვას აქვს რეალური ფუნქცია. ეს ფუნქცია სოციალურია და არა რელიგიური. მსხვერპლშეწირვა იცავს მთელ კოლექტივს შესაძლო ძალადობისაგან საკუთრივ კოლექტივში. გადადის რა აგრესია მსხვერპლზე, ნეიტრალდება კოლექტივში არსებული დაპირისპირებები, განხეთქილება, შური და აღდგება ჰარმონია, სოციალური ერთობა. ამ აზრით, მსხვერპლშეწირვა ადამიანთა კოლექტივის მატერიალურ კეთილდღეობას და კულტურულ აღმავლობასაც განაპირობებს. ჩინურ „რიტუალთა წიგნში“ წერია: მსხვერპლშეწირვას, მუსიკას, დასჯას და კანონიერებას ერთი და იგივე მიზანი აქვს - ადამიანთა გულისთქმის გაერთიანება და წესრიგის დამყარება (რედკლიფ-ბრაუნი 1965:158).
რ. ჟირარის აზრით, ადამიანთა და ცხოველთა მსხვერპლშეწირვებს შორის არ არის პრინციპული განსხვავება. ხშირად ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ ორივეს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს: მსხვერპლმა უნდა დააოკოს ძალადობა. რიტუალი კი მხოლოდ და მხოლოდ „კარგი“ აგრესიის რეგულარული ვარჯიშია. მკვლევარის დაკვირვებით, ძვ. წ-ის Vს-ის ათენში ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა, როგორც ჩანს, მთლიანად გაუქმდა. თუ სწირავდნენ ადამიანს, ძალიან იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევებში; თანაც სწირავდნენ ფარმაკოსს (ფარმაკოსი იყო ვინმე ბოგანო, უპატრონო, მონა, უცხოტომელი; მოკლედ, „სხვა,“ „გარეშე“), რომელსაც ქალაქი ინახავდა თავისი ხარჯით, რათა საჭირო მომენტში მსხვერპლად შეეწირა. ჟირარი განიხილავს ორ ბერძნულ ტრაგედიას, როგორც ადამიანთა და ცხოველთა მსხვერპლშეწირვის ნიმუშებს: „მედეას“ (ბავშვების შეწირვა) და „აიასს“ (ცხოველთა შეწირვა). მკვლევარის აზრით, დრამა, ისევე, როგორც მთელი კულტურა, დასაბამს იღებს ძალადობისგან.
საინტერესოა რ. ჟირარის მსჯელობა ე.წ. „ტყის მეფის“ (წმინდა მეფის), ბავშვების, შვილს შეწირვის მოდელებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, მსხვერპლშეწირვის რელიგიური ახსნის ქვაკუთხედია. ამ შემთხვევებშიც ჟირარი თავისი კონცეფციის ერთგული რჩება. იგი მსხვერპლის სხეულის რიტუალურ დანაწევრებას შამანურ ინიციაციასთან აკავშირებს. ინიციაციის რიტუალებში უმაღლეს ეტაპად ითვლებოდა, როდესაც ინიციანტი სიზმრად ნახავდა, რომ მას ნაწილებად გლეჯენ. ამ სიზმრის შემდეგ იგი სიზმრიდან „აღდგებოდაა,“ როგორც შამანი. რ. ჟირარის აზრით, ეს ძალიან ჰგავს დიონისურ „სპარაგმოსს“ (დაგლეჯა). დანაწევრება აღდგომისა და გამარჯვების ნიშნად ითვლებოდა.
მსხვერპლშეწირვა არის ძალადობა შურისძიების რისკის გარეშე. მსხვერპლშეწირვის ფუნქციაა, დააოკოს შინაგანი ძალადობა და არ მისცეს გასაქანი კონფლიქტის განვითარებას. როდესაც მსხვერპლშეწირვით დათრგუნული შინაგანი ძალადობა თავის ბუნებას ავლენს, ის სისხლის ძიებით (blood feud) გამოიხატება. ჟირარი განმარტავს, რა განსხვავებაა სისხლის ძიებასა და მსხვერპლშეწირვას შორის: მსხვერპლშეწირვის მიზანი ძალადობის „დამშვიდებაა“, შურისძიება კი ძალიან საშიში მოვლენაა, რომლის პრინციპია დასჯა. თანაც ყოველი სასჯელი ითხოვს ახალ სასჯელს და ის იქცევა დაუსრულებელ პროცესად. როდესაც საზოგადოების რომელიმე წერტილში იბადება სისხლის ძიება, იგი ისწრაფვის გავრცელდეს და მოიცვას მთელი სოციუმი; ვრცელდება ჯაჭვური რეაქციით და შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მთელი საზოგადოების (მოცემული სოციუმის) ფიზიკური არსებობა. ჟირარს მოჰყავს ბევრი მაგალითი ეთნოლოგიიდან, რომლებიც ამ სავალალო მოვლენას ადასტურებენ. სისხლის ძიების, ანუ დასჯის, ფუნქციას ცივილურ საზოგადოებებში სასამართლოები ახორციელებენ. მიუხედავად სერიოზული განსხვავებისა სისხლის აღებასა და მსხვერპლშეწირვას შორის, ეს ორი ფორმა ხშირად ირევა ერთმანეთში იმიტომაც, რომ, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
მსხვერპლშეწირვა, რომელიც ხელს უშლის ძალადობის განვითარებას საზოგადოებაში, კეთილშობილურ, წმინდა მიზანს ისახავს. გამოდის, რომ ძალადობა და წმინდა განუყოფელია. რ. ჟირარის აზრით, სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად რელიგიის წარმოშობას. რელიგია ცდილობს „დაამშვიდოს“ აგრესია, ხელი შეუშალოს მის აფეთქებას. პირველყოფილი რელიგია „იშინაურებს“ ძალადობას, რეგლამენტში სვამს, აწესრიგებს და საჭირო მიმართულებით წარმართავს. აქედან გამომდინარე, რიტუალური მსხვერპლშეწირვისას დაღვრილი სისხლი წმინდაა, არარიტუალურისას - უწმინდური.
მსხვერპლშეწირვის სწორი ფუნქციონირებისთვის საჭიროა 2 პირობა: 1. გამიჯვნა შესაწირ მსხვერპლსა და შემწირველ კოლექტივს შორის უნდა იყოს აბსოლუტური. 2. ამასთან, უნდა იყოს გარკვეული გარეგნული მსგავსება მსხვერპლსა და მის მიერ ჩანაცვლებულ ობიექტს შორის. თუ ეს პირობები არ შესრულდა, მსხვერპლი ვერ მიიზიდავს ძალადობას თავისკენ და ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. როდესაც მსხვერპლშეწირვისას იკარგება განსხვავება უწმინდურ და განმწმენდ ძალადობას შორის, იწყება ე.წ. „მსხვერპლშეწირვის იდეის კრიზისი“. ეს კი, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებათა მოშლის კრიზისია; ე.ი. კულტურული წესრიგის რღვევის დასაწყისი. ერთი სიტყვით, საკმარისია, დაირღვეს მსხვერპლშეწირვის ძირითადი პრინციპი, რომ საშიშროება დაემუქრება მთავარ ფასეულობებს, რომლებზეც დამოკიდებულია საზოგადოების წონასწორობა.
პირველყოფილ რელიგიგიასა და ანტიკურ ტრაგედიაში მოქმედებს ერთი და იგივე პრინციპი, რომელიც არასდროს არ ხმოვანდება, მაგრამ ყოველთვის მოვლენათა ცენტრშია: წესრიგი, მშვიდობა და კეთილდღეობა ეფუძნება მკაფიოდ გამიჯნულ ოპოზიციებს: სუფთა - არასუფთა; კეთილი - ბოროტი და ა.შ. ომებს, დაპირისპირებებსა და მტრობას იწვევს არა ამ ოპოზიციათა არსებობა (როდესაც ოპოზიციის ორივე მხარე არსებობს, ისინი აწონასწორებენ ერთმანეთს), არამედ ამ განსხვავებათა დაკარგვა.3
„სამსხვერპლო კრიზისები“ მითების სათავეა. მითები ამ კრიზისების რეტროსპექციული ტრანსფიგურაციებია. ტრაგედია ეფუძნება მითს, მითის საფუძველში ჩადებულ ძალადობას, ამიტომ „ტრაგედია სამსხვერპლო კრიზისის ქალიშვილია.“ ტრაგედია ეძიებს სამსხვერპლო კრიზისიდან გამოსავალს. ეს გამოსავალი განტევების ვაცია. ჟირარი ამ კონტექსტში განიხილავს რამდენიმე ძველბერძნულ ტრაგედიას და განტევების ვაცის მოდელად ოიდიპოსს მიიჩნევს. რა აზრია ჩადებული განტევების ვაცში? ძალადობას იმდენად ინტენსიური მიმეტიკურობა ახასიათებს, რომ თუ ის ერთხელ მოხვდა საზოგადოებაში, თავისით გაქრობა აღარ შეუძლია. ძალადობის შეკრული წრიდან გამოსასვლელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. საჭიროა, ყველამ დაიჯეროს, რომ მხოლოდ ერთს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ყველაფერზე. თუ იპოვიან ამ „წამბილწველს“, ანადგურებენ. განტევების ვაცის განადგურებით სოციუმი იჯერებს, რომ განთავისუფლდება წამბილწველი ბოროტებისაგან. გმირი თავისკენ იზიდავს ძალადობას, რომელიც ეუფლება ან ემუქრება საზოგადოებას. გმირის შებრძოლება ძალადობასთან და ამ ორთაბრძოლაში სიკვდილი ან გამარჯვება, გარდასახავს ძალადობას.
თავდაპირველი ძალადობა უნიკალური და სპონტანურია. რიტუალური მსხვერპლშეწირვები, პირიქით, მრავალი. მათ უსასრულოდ იმეორებენ. რიტუალის მიზანია თავდაპირველი ძალადობიდან გადმოიღოს კათარტიკული მოლმობიერების ტექნიკა. რიტუალურ მსხვერპლშეწირვას აქვს პროფილაქტიკური ფუნქცია და არა განმკურნველი, ამიტომ მისი „მუშაობა“ მწვავე კრიზისის დროს ნაკლებ ეფექტურია. რიტუალური მსხვერპლშეწირვა დაფუძნებულია ორმაგ შენაცვლებაზე: პირველი ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება. ეს პრინციპია საზოგადოების ყველა წევრის შეცვლა ერთით, ანუ „განტევების ვაცის“ მექანიზმის ამოქმედება. მეორეა საკუთრივ რიტუალური, რომელიც ზედ ეფინება პირველს: განტევების ვაცი ენაცვლება თავდაპირველ მსხვერპლს (in illo tempore Sewiruls). ამ ასპექტით მსხვერპლშეწირვას აქვს მიმეტიკური ხასიათი თავდაპირველ ძალადობასთან მიმართებით. თუ რიტუალურ იმიტაციას არა აქვს ნათლად შეცნობილი, კერძოდ რის იმიტაციას აკეთებს (ანუ თავდაპირველი საიდუმლო მისთვის მიუწვდომელია), ეს ნიშნავს, რომ რიტუალში ჩართულია შეუცნობლის გარკვეული ფორმა. ეს შეუცნობელი ვერც შემდგომი ეპოქების აზროვნებამ ამოხსნა, და ალბათ, ვერც მომავალში ამოიხსნება. ეს ვერგაგება (ვერჩაწვდომა) არის კიდევაც რელიგიის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. ამ ვერგაგების საფუძველში განტევების ვაცია, რომლის საიდუმლო არასოდეს გამოდის დღის სინათლეზე, არასოდეს ცხადდება.
ჟირარის აზრით, განტევების ვაცის მექანიზმი ხსნის არა მხოლოდ მითების გენეზისსა და სტრუქტურას, არამედ რიტუალსა და რელიგიას. მას ყველა სახის მსხვერპლშეწირვა განტევების ვაციდან გამოჰყავს. რ. ჟირარი გააკრიტიკა მ. დეტიენმა. დეტიენისთვის მიუღებელია ქრისტიანთა ღმერთის ჩართვა მსხვერპლშეწირვათა იმ კონტექსტში, რომელზეც საუბრობენ ჟირარი და რელიგიის სხვა ისტორიკოსები რობერტსონსმიტიდან დიურკჰეიმამდე და კასირერამდე. არ შეიძლება ქრისტეს ჯვარცმა ასე ხელაღებით დაუკავშირდეს მსხვერპლშეწირვის წარმართულ რიტუალს (დეტიენი 1979: 26-27).
რ. ჟირარის თეორიას გამოეხმაურა წარმართული რელიგიების ცნობილი მკვლევარი ვ. ბურკერტი. იგი იზიარებს ჟირარის პოზიციას, რომ მსხვერპლშეწირვას საფუძვლად უდევს ძალადობა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბურკერტი ძალადობას აღიარებს და არა აგრესიას. საქმე ისაა, რომ ჟირარის ნაშრომში ეს ორი ტერმინი ხშირად აღრეულია), მაგრამ საეჭვოდ მიაჩნია მისი ფორმულირება, რომ აგრესია „განტევების ვაცისა“ და დიონისური στταραγμοѕ“-ის ნაერთია. როგორც აღინიშნა, ბურკერტიც მსხვერპლშეწირვის რიტუალის აღმოცენებას ძალადობას უკავშირებს, ოღონდ ამოსავალს პირველყოფილი სამონადირეო საზოგადოებების ცხოვრების წესში ხედავს (ბურკერტი 1972).
ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე თვალსაზრისი აგრესიის ბუნებისა და წარმოშობის შესახებ, მაგრამ, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე ანტიკური ეპოქის მოაზროვნენი და როგორ აისახა აგრესიის ფენომენი ანტიკურ მითოსში. აგრესია/რისხვა არქაული მითორიტუალური უნივერსალიაა. როგორც ითქვა, იგი შედის ოპოზიციური წყვილების (დღე - ღამე; სიცოცხლე - სიკვდილი... რისხვა - განურისხველობა) პირველ ათეულში. ბუნების თავზარდამცემი მოვლენები (ქუხილი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა, ეპიდემიები) უძველესი დროიდან აღიქმებოდა, როგორც ზებუნებრივ ძალთა რისხვის გამოვლინება. რისხვა ახასიათებს მსოფლიოს ყველა ხალხების პერსონიფიცირებულ და არაპერსონიფიცირებულ
ღვთაებრივ ძალებს. ღვთაებრივ ძალებთან მისადაგებით რისხვა ადამიანთა ხასიათის ერთ-ერთ მთავარ შტრიხად წარმოგვიდგება. რაც უფრო ძლიერია გმირი, მით უფრო სასტიკია მისი რისხვა. ამისი დამადსტურებელი მაგალითების მოძიება ყველა ხალხისა და სხვადასხვა ეპოქების ზეპირ თუ მხატვრულ ლიტერატურაში შეგვიძლია.
ბერძენი და რომაელი მოაზროვნეები ჯერ კიდევ ანტიკურობაში დაინტერესდნენ რისხვის ესთეტიკური ასპექტით. მედიკოსები აკვირდებოდნენ რისხვის გავლენას ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ფილოსოფოსები სწავლობდნენ რისხვის ზნეობრივ მხარეს. შეხედულებები აღნიშულ საკითხზე ციცერონის ეკლექტიკურ ფილოსოფიურ სწავლებაში ასეა ფორმულირებული: ყველაფერი 4 ელემენტისგან შედგება: ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და მიწისგან. ისინი ერთმანეთს წარმოშობენ და ერთმანეთში გარდაისახებიან: ეთერი (ცეცხლი) -> ჰაერი -> წყალი -> მიწა. ამ ელემენტების სხვადასხვა დოზით შერევა წარმოშობს სამყაროს მრავალფეროვნებას. ეს არის ადამიანთა ხასიათების ნაირგვარობის მიზეზიც. რაც უფრო მეტი ცეცხლია ადამიანში, მით უფრო ფეთქებადია იგი და მიდრეკილია განრისხებისაკენ (ციცერონი 1985: 33, 84 ).
რისხვას საინტერესო ტრაქტატი მიუძღვნა ლუციუს ანეუს სენეკამ. მეცნირებს უჭირთ გაარკვიონ, რამდენად ორიგინალურია ტრაქტატში გამოთქმული მოსაზრებები, რადგან სენეკას წინამორბედთა ნაშრომები არ შემონახულა. არც სენეკა ასახელებს თანამოაზრეებს; იგი წერს: ყველა აზრი, რომელსაც ვეთანხმები, ჩემიც არისო. ამ და სხვა წყაროების მიხედვით ცხადია, რომ რისხვაზე თავიანთი მოსაზრებები გამოუთქვამთ სწავლულებს არისტოტელედან სოტიონამდე ( სენეკა 2000:8).
ტრაქტატში „რისხვის შესახებ“ სენეკა ეკამათება არისტოტელესა და პერიპათეტიკოსებს. ფაქტობრივად, ჩვენ საშუალება გვეძლევა, გავეცნოთ ორ მეცნიერულ თვალსაზრისს რისხვის თაობაზე. არისტოტელეს მიხედვით, ვნებები (პათოს) ადამიანის სულში ბუნებრივად აღმოცენდება. ისინი არ შეიძლება იყვნენ „კარგები“ ან „ცუდები“, რადგან არ არიან შექმნილნი. გაკიცხვას ან შექებას იმსახურებს ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. რაც შეეხება რისხვას, გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან იგი „ავსებს“ სულს. რისხვის გარეშე ადამიანი მოდუნებულია, მოშვებული. რისხვა განსაკუთრებით საჭიროა მეომრებისათვის, რადგან სულს აღაგზნებს. რისხვის გარეშე ყველაზე მამაციც ვერ ჩაიდენს გმირობას ომში. რისხვა შეიძლება გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციო, მაგრამ სულ არ უნდა აღმოფხვრა („ნიკომახეს ეთიკა“ 1108ა, 3). უფრო მეტიც, რისხვის გარეშე ვერც ერთ ომს ვერ მოიგებ. რისხვამ უნდა აავსოს და აანთოს სული. მაგრამ, რისხვა უნდა გამოვიყენოთ როგორც „ჯარისკაცი“ და არა - „მხედართმთავარი“ (სენეკა: 2000:110).
რისხვა აჩენს შურისძიების სურვილს. ტრაქტქტში „სულის შესახებ“ არისტოტელე წერს, რომ რისხვა არის სურვილი, მიაგოს ტკივილით ტკივილზე (არისტოტელე 1961, 403ა 30). „ნიკომახეს ეთიკაში“ ვკითხულობთ, რომ ბერძნები განარჩევენ რისხვის სხვადასხვა სახეს და ყველა „რისხვას“ თავის სახელს არქმევენ.
არისტოტელე და მისი მიმდევრები რისხვას ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებად თვლიდნენ. ისინი მსჯელობდნენ ამ თვისების დადებით და არყოფით მხარეებზე.
სენეკა (ისევე, როგორც სტოიკოსები) თვლის, რომ რისხვა არაა ადამიანის ბუნებრივი თვისება (ამავე აზრს ავითარებს ბუდისტური სწავლება); ეს არის სიმახინჯე, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და ჩასახვისთანავე ამოვძირკვოთ ჩვენი სულიდან. სენეკა არ ეთანხმება არისტოტელეს და მიაჩნია, რომ რისხვა უმართავია; იგი არ ექცევა ჩარჩოებში. არ არის საჭირო „რისხვით აივსო გული“ დიადი საქმეების საკეთებლად, თუნდაც ომში წასვლისას. განა მონადირე მრისხანებს ნადირზე, რომელსაც მოსაკლავად მისდევს? გამარჯვება გონებით მიიღწევა. რისხვა ხელს უშლის ადამიანს მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. რისხვის უარყოფა სულაც არ ნიშნავს დაუსჯელობას. სენეკა იმოწმებს პლატონის მოსაზრებას, რომ დასჯა მხოლოდ მაშინ აღწევს მიზანს, თუ ის შურისძიების გრძნობით არ არის ნაკარნახევი. დამნაშავის დასჯა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე. დასჯილის მაგალითზე სხვებმა უნდა ისწავლონ, რათა დანაშაული მომავალში არ განმეორდეს (პლატონი: 1971. XI 934A.). რისხვა კი მიმართულია წარსულისაკენ და მოითხოვს შურისძიებას. ე.ი. შურისძიება და დასჯა სხვადასხვა აზრობრივი დატვირთვის მქონე ცნებებია.
სენეკა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღმერთებს არ ახასიათებთ რისხვა. მათ არც ვნების მიყენება შეუძლიათ ადამიანებისათვის. ღმერთები ბუნებით მშვიდობისმოყვარენი და კეთილმოსურნენი არიან. ცდებიან ისინი, რომლებიც ღმერთებს სხვადასხვა სტიქიურ უბედურებათა მიზეზებად წარმოგვიდგენენ (სენეკა 2000: 139-140). ძნელია დაბეჯითებით ითქვას, ამ ტრაქტატში სენეკა „ფილოსოფოსი“ სჭარბობს, თუ სენეკა - მორალისტი, ნერონის პედაგოგი. ცხადია მხოლოდ ერთი - ანტიკურობაშივე რისხვას არაერთგვაროვან შეფასებას აძლევდნენ და მის სხვადასხვა ასპექტებს გამოყოფდნენ.
წარმართული რელიგიების საერთო კანონის მიხედვით, რაც უფრო არქაულია ღმერთი, მით უფრო  ამბივალენტურია - კეთილიცაა და მრისხანეც; აშენებს და ანგრევს, ქმნის და კლავს, წყალობს და ანადგურებს. ჰომეროსის ეპოსში აშკარად ჩნდება ტენდენცია, რომელსაც ღმერთები სხვა სიბრტყეზე აჰყავს. მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჰომეროსის ღმერთები თანდათან ემიჯნებიან რისხვას. ტიტანომაქია, გიგანტომაქია და სხვა სისხლიანი ეპიზოდები, რომელთაც ახლდა რისხვა და სისასტიკე, წარსულს ჩაბარდა; თუმცა არაერთი ეპიზოდის მოხმობა შეიძლება, რომლებშიც წარმოგვიდგგებიან განრისხებული ღმერთები. მაგალითად, „ილიადაში“ ვკითხულობთ: ჰერას ნება რომ იყოს, „სიამოვნებით შთანთქავდა პრიამოსსასც და მის ნაშიერებსაც“ (Iლ. IV,35). ათენას მრისხანებას ასახავს „ილიადის“ IV,23; VIII, 413. ტაეპები. მრისხანებს ზევსიც (Iლ.VIII, 358). აფროდიტეც სასტიკია მრისხანებისას (Iლ. III, 413). ის, რომ რისხვა „ილიადის“ ერთ-ერთი უმთავრესი თემაა, პოემის დასაწყისიდანვე ჩანს: „Mήνιν άєιδє, θєά...“ (რისხვას უმღერე, ქალღმერთო). ამ პოემაში მრისხანებენ ღმერთებიც და გმირებიც. თავად პოეტი გამოარჩევს აქილევსს, რომლის ერთ-ერთი მუდმივი ეპითეტია „ღვთაებრივი“. აქილევსი ქალღმერთის ძეა, მოუწყვლადი (თუ არ ჩავთვლით ქუსლს). ჩემი აზრით, აქილევსი გამორჩეული და ღვთაებრივი გმირია არა იმიტომ, რომ „საშინელი“ რისხვა აღეძრა გულში (რომელსაც შეეძლო მთელი ბერძნული არმია დაეღუპა), არამედ იმიტომ, რომ მან რისხვის დაოკება შეძლო. აქილევსს, ღმერთების დარად, ბინარული ოპოზიციის (რისხვა - განურისხველობა) ორივე ელემენტი აქვს. იგი ჭეშმარიტ გმირად მას შემდეგ გადაიქცა, რაც რისხვა დათრგუნა.
განსაკუთრებით გამოირჩევიან ხთონიზმით „დამძიმებული“ ღმერთები, უფრო კი ქალღმერთები. ამ მხრივ ბერძნულ ტრაგედიაში ფრიად საინტერესო სურათი იკვეთება. აქ ოლიმპიელი ღმერთები საბოლოოდ იძენენ „ოლიმპიურ“ თვისებებს - ისინი ადამიანთა შორის უზენაესი სამართლიანობისა და კანონიერების დამკვიდრებას ესწრაფვიან. საჭიროების შემთხვევაში სჯიან. რაც შეეხება რისხვას, იგი ადამიანებში „მძვინვარებს“ (რისხვა/აგრესია/ძალადობა ადამიანების/სოციალური საზოგადოების მახასიათებელი გახდა). ანტიკური ეპოსისა და ტრაგედიების გმირები წყენას კი არ ივიწყებენ, არამედ სულს „ივსებენ“ ბრაზით, „აძლიერებენ“ რისხვას, მუდმივად იხსენებენ შეურაცხყოფას და სულ უკან იყურებიან - შურისძიებაზე ფიქრობენ.
შეურაცხყოფის არდავიწყებასა და რისხვის განხორციელებაში ტრაგედიების გმირებს ეხმარებიან ხთონური ბუნების ღმერთები. როგორც აღვნიშნეთ, „ხთონური წარსული“ ზოგჯერ ოლომპიელ ღმერთებშიც „იღვიძებს“, თუმცა ისინი ახერხებენ თავიანთი ემოციების მართვას.
ცნობილმა შუმეროლოგმა ა. კიფიშინმა საფუძვლიანად გამოიკვლია რისხვის მითო-რიტუალური მოდელი. მისი აზრით, ღვთაებრივი რისხვის თავდაპირველი იდეა უკავშირდება მდედრ ღვთაებას - ქალღმერთ დედას. სხვა ყველა „რისხვა“ ამ მოდელის მოდიფიკაციებია. ქალღმერთის რისხვა თავს ატყდება მის პარტნიორს, რასაც მოსდევს დასჯა, დანაწევრება და აღდგომა (კიფიშინი 2000:160-162). მკვლევარის დასკვნით, ვერსიებისა და ვარიანტების სიჭრელის მიუხედავად, ეს მოდელი უნივერსალურია. ა. კიფიშინმა ახსნა ისიც, თუ რატომ მრისხანებენ ე.წ. ქალწული ღვთაებები. „ქალწულობა“ არის უდიდესი კოსმიური ქალღმერთის მყოფობის ერთერთი ფორმა. ქალწულობა ქალღმერთი დედის ანდროგინულ მდგომარეობას გულისხმობს. ქალწული ღმერთების რისხვის მიზეზი შეიძლება გახდეს მათი „მთლიანობის“ დარღვევის მცდელობა. საკრალურ დონეზე ეს უკავშირდება პირველი მთლიანობის - ქაოსის - გაყოფას ორ პოლარულ ოპოზიციად, რომელთაგან ერთი მამრია, მეორე - მდედრი. ანდროგინები კოსმიური ძალაუფლების მფლობელები, ყოვლისშემძლენი არიან; თავის თავში „ატარებენ“ ქმარსაც და შვილსაც. ამიტომ „გაყოფა“ მათთვის ამ უფლების ნაწილის დაკარგვას ნიშნავს. ანდროგინებს არ სურთ თავიანთი „ჰარმონიის“ დათმობა. ანდროგინული მთლიანობის დარღვევის შემდეგ გამოყოფილი მდედრი ღვთაებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება „დაკარგული“ მამრი ნაწილის დაპატრონება, მასზე ერთპიროვნული უფლების დაკანონება. ასე რომ, მდედრი ქალღმერთის რისხვის მთავარი მიზეზი მამრი პარტნიორის არასასურველი საქციელია.
მამრი ღვთაებების რისხვის მოტივი უთუოდ გვიანდელია. იგი ქალ-ღმერთი დედის რისხვის ანალოგიით უნდა იყოს დამკვიდრებული (კიფიშინი 2000:167). „რისხვათა“ „გადანაცვლება“ იმ ბუნებრივმა პროცესმა წარმოშვა, რომელიც წარმართულ რელიგიებში მამრის პრიორიტეტის დამკვიდრებას უკავშირდება (ანტიკურობაში ეს პროცესი ხთონური რელიგიის ოლიმპიურით შეცვლასთანაა ასოცირებული. აღმოსავლურში - ლუნარული და სოლარული კულტების დაპირისპირებით). ბოლოს და ბოლოს, წარმართულ რელიგიებში ჩამოყალიბდა სახე-სიმბოლოთა სისტემები. ამ სისტემების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ღვთაებათა გამიჯვნა მდედრებად და მამრებად (თუმცა ბევრი მათგანის სახეში შეიძლება ანდროგინული წარსულის ამოკითხვა). მაგალითად, დემეტრეს ერინიასაც უწოდებენ (Paus. VIII, 25, 5-7). იგი რისხვისას დაუნდობელია. დემეტრეს რისხვა ბუნების კვდომას (ზამთარს) იწვევს. რისხვის გავლის შემდგომ მას შეუძლია განიბანოს მდინარეში და ისევ გულმოწყალე ქალღმერთად იქცეს. საერთო სურათი ასეთია: რისხვის მიზეზია - წართმევა, შედეგი - კვდომა, რისხვის გავლის შემდგომ - განახლება (რეინკარნაცია).
ახლა მივუბრუნდეთ რისხვის ფენომენის მიმართებას მსხვერპლშეწირვის რიტუალთან. როგორც აღვნიშნე, ამ საკითხზე მეცნიერთა აზრი იყოფა. ზოგი მიიჩნევს, რომ მსხვერპლშეწირვის თავდაპირველ მოდელში (მაგ., „ვედების“ მიხედვით, პურუშას, ირანული ჰაიომარტის, „ედას“ იმირის, ძველეგვიპტური პტახის, ჩინელთა პან-გუს და სხვათა დანაწევრებებში) რისხვა საერთოდ არ ფიგურირებს. ზოგის აზრით, მსხვერპლშეწირვის იდეა რისხვას უკავშირდება (შუმერულ-ბაბილონური ანდროგინული ღვთაების დანაწევრებისა და დიდი დედის რისხვის მოდელი). ორივე მოსაზრება არგუმენტირებულია. ახლა შევეცდებით ამ ორი განსხვავებული მოდელის მთავარი დაპირისპირების ახსნას: პურუშა, იმირი, პან-გუ და სხვა ამ ტიპის პირველადამიანები სამყაროს დემიურგები არიან. სწორედ მათი დანაწევრების შედეგად შეიქმნა ყველაფერი: დედამიწა, მთები, მდინარეები, მნათობები და ა.შ. ეს იყო პირველი საკრალური მსხვერპლშეწირვა დანაწევრებითურთ - სამყაროს შესაქმეს დასაბამი. აქ არ არსებობს აგრესიის საფუძველი, რადგან არ არსებობს დაპირისპირება „რისხვა - განურისხველობა“. რაც შეეხება მეორე თვალსაზრისს: ჩვენი აზრით, წარმართული რწმენა-წარმოდგენების ამ ეტაპზე (ეს კი უდავოდ, შესაქმეს შემდგომი ეტაპია) არქაული ღმერთები თავიანთ თავში ატარებენ და „მართავენ“ ბინარულ ოპოზიციას (რისხვა - განურისხველობა). აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ ა.კიფიშინის მოსაზრებას, რომ ანდროგინული ღვთაებების მთავარი მამოძრავებელი არის მხოლოდ რისხვა. საქმე ისაა, რომ არქაული ღვთაებები იცავენ გარკვეულ ბალანსს, რითაც უზრუნველყოფენ სიცოცხლის გაგრძელებას დედამიწაზე. ამიტომ, მათი ღვთაებრივი რისხვა სასჯელია (ზოგჯერ ამოუხსნელიც მოკვდავთათვის), რომელსაც ენაცვლება სიმშვიდე (განურისხველობა). საბოლოო ჯამში, აღდგება ღვთაებრივი სამართლიანობა. ამ დიადი საიდუმლოს ამოხსნას ადამიანთა გონება ბოლომდე ვერ წვდება (სწორედ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად შეიქმნა უამრავი მისტიკური სწავლება ძველ აღმოსავლეთსა და ანტიკურ საბერძნეთში). ამიტომ, როდესაც ადამიანები ცდილობენ ღვთაების ფუნქცია შეასრულონ, მწარედ ცდებიან. რისხვით შეპყრობილი ადამიანები კარგავენ ბინარული ოპოზიციის II ელემენტს - რისხვის დაოკების უნარს (განურისხველობას), რის შედეგადაც ირღვევა წონასწორობა.
ყველაზე „მშვიდობიანი“ მსხვერპლშეწირვის რიტუალიც, ადამიანთა არასტანდარტულ, უჩვეულო განცდას იწვევს. ამ „რიტუალურ განწყობას“, რომელიც, თავის მხრივ, განსაკუთრებული მსჯელობის საგანია, არაფერი აქვს საერთო რისხვასთან.
ამრიგად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვასხვავებთ ერთმანეთისაგან ყოველგვარი რისხვის გარეშე ჩატარებულ ე.წ. „დაგეგმილ“ რიტუალურ მსხვერპლშეწირვებს და შურისძიებას რისხვის/აგრესიის საფუძველზე (ე.ი. როდესაც ხორციელდება პრინციპი - სისხლი სისხლის წილ), როდესაც მსხვერლპლის „შემწირველებს“ მიაჩნიათ, რომ მათი რისხვა კანონიერია და შურისძიება მოტივირებულია სამართლიანობის აღდგენით. სავსებით ნათელია, რომ რისხვის/აგრესიის ჩართვა მსხვერპლშეწირვაში იწვევს ამ რიტუალის თავდაპირველი არსის ტრანსფორმირებას. რისხვა, ფაქტობრივად, ახალი ტიპის პროფანირებული „ფსევდო“ მსხვერპლშეწირვის საფუძველი ხდება. შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი „მსხვერპლშეწირვა“ უკვე სხვა სოციოკულტურული ფენომენია.
ლიტერატურა
რედკლიფ-ბრაუნი 1965: Radcliffe-Brawn. Structure and Function in Primitive Society.
დეტიენი 1979: Detienne M. Pratiques culinaires et esprit de sacrifice. In La cuisine du sacrifice.
ბურკერტი 1972: Burkert W. Homo Necans. Berlin, New York .
ციცერონი 1985: Цицерон. О природе богов. В кн. Философские трактаты. Москва.
სენეკა 2000: Сенека. О гневе. Философские трактаты. Пер. с лат. СПБ.
არისტოტელე 1961: Aristoteles, De anima. Ed. W.D. Ross. Oxford .
პლატონი 1971: Платон. Законы. Сочинения в трех томах. Т. Ш. Москва.
კიფიშინი 2000: Кифишин А. Г. „Сташный гнев“ богов и „исход народа“. К реконструкции одного ритуального мифа. В сб. . Жертвоприношение. Москва.
ცანავა 2003: ცანავა რ. ტოტემიზმის შუქ-ჩრდილები, წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში, თბილისი.
Rusudan Tsanava
Aggression and Ritual
The nature and genesis of aggression is studied by researchers of many various fields: physiologists, psychologists, philosophers, sociologists, and literary critics. It is clear that aggression as a phenomenon belongs to the field of cultural studies and its analysis requires a manifold approach. Aggression/rage is a constituent element of a binary opposition (rage/none-rage), and correspondingly, it acquires a certain meaning in the context of sign-systems as well; consequently, the phenomenon can also be treated in semiotic terms. The aim of the article is to identify how active the function of aggression is in ritual. This question is considered on the example of the universal offering ritual
I draw a sharp line between the so-called `planned' ritual performed without any instance of fury and the vengeance motivated by rage/ aggression (following the principle `blood for blood'). In the second case the performers of sacrifice believe that their wrath is fair, and that a desire to restore justice underlies the vengeance. The inclusion of rage/ aggression in sacrifice entails transformation of the initial essence of the sacral ritual. In fact, rage becomes the foundation for a new type of profaned `pseudo' ritual. An act of sacrifice motivated by vengeance becomes a new socio-cultural phenomenon.
________________
1 ტერმინებს: აგრესია, რისხვა და ძალადობა სტატიაში ერთი ფენომენის აღსანიშნად ვიყენებთ.
2 როგორც ვხედავთ, რ.ჟირარი ერთმანეთისგან მიჯნავს მსხვერპლშეწივასა და სისხლის აღებას. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ვ.ბურკერტი.
3 სამსხვერპლო კრიზისის მაგალითად ჟირარს მოჰყავს ჯ. ჰენრის დაკვირვება ინდიელების ერთ-ერთ ტომზე. ამ ტომმა დაივიწყა თავისი მითები, კულტურა როგორც რელიგიური, ისე ტექნიკური. ისინი მთლიანად მოიცვა სისხლის აღების ჯაჭვურმა რეაქციამ. ერთადერთი, რაც მათ ახსოვდათ და ყვებოდნენ, იყო უზუსტესი ამბები შურისძიების ციკლებზე. ე.ი. საკუთარი ტომის განადგურების ისტორია. ამ ტომში მსხვერპლშეწირვის იდეა სისხლის აღებად გადაიქცა, რამაც მთელი ტომი სოციალური თვითმკვლელობის ზღურბლამდე მიიყვანა. (ჟირარი: 2000:68-69).

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий