ნ.ა. ბერდიაევი
ამონარიდი წიგნიდან “თავისუფლების ფილოსოფია”
…ქრისტესთვის უცხო იყო ძალადობა. მის მიერ გამოხსნა არ ყოფილა ძალადობრივი. მას სურდა სიყვარული, თავისუფლება და ადამიანის უმაღლეს ღირსებას ამტკიცებდა. ქრისტე მოევლინა სამყაროს ჯვარცმული სახით, იყო დამცირებული და ვნებული ამქვეყნიური ძალების მიერ. ებრაელმა ხალხმა უარყო ქრიტე, ვერ იცნო მასში მესია, რადგან მიწიერ მეფეს ელოდა – ძლევამოსილს და სახელოვანს, მიწიერი მეუფების დამამკვიდრებელს.
ქრისტე ჯვარს აცვა იმ ქვეყნიერებამ, რომელიც თავის მიწიერ მეუფეს ელოდა, ელოდა ამა ქვეყნის ბატონს და არ გააჩნდა სიყვარული, ის სიყვარული მამისადმი, რომელიც მისი ძის შეცნობაში დაეხმარებოდა. და დღემდე ეს სამყარო ვერ აცნობიერებს რატომ არ მოვიდა ქრისტე დიდებითა და ძლიერებით, რატომ არ გამოაჩინა მთელი ღვთაებრივი ძალა. მაგრამ მთელი არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამყარომ ასე, თავისუფლად შეიმეცნოს ქრისტე, შეიყვაროს მეფე ჯვარცმული სახით, იხილოს ღვთაებრივი ძალა უძლურებასა და სისუსტეში.
ქრისტეს ადამიანის თავისუფალი სიყვარული სურდა და ამიტომ არ შეეძლო დაეშინებინა იგი თავისი ძლევამოსილებით. რომ მოსულიყო ქრისტე მეფის სახით, მაშინ აღარ იქნებოდა ის გამომსყიდველი და გამომხსნელი მსხვერპლი აღარ განხორციელდებოდა. სწორედ ეს უძლურება ქრისტესი და ქრისტიანობისა მოქმედებს მის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. სამყაროს ისტორიის დასასრულს ქრისტე მოვა როგორც მეფე, გამოაჩენს თავის ძლევამოსილებას და დიდებას, იმეუფებს სამყაროზე, დაპირებისამებრ დაიწყება მისი ათასწლოვანი მეუფება (იგულისხმება მარადიული სასუფევლის დადგომა. მთარგმნ. შენ.). მაგრამ მის სასუფეველში შევლენ მხოლოდ ისინი, რომლებმაც შეიყვარეს იგი ჯვარცმული, უპირობოდ იცნეს მასში ღმერთი და მეუფე. ადამიანთა თავისუფლების უდიდესი საიდუმლო დაფარულია იმაში, რომ ძე ღვთისა მოკვდა ჯვარზე, იყო დამცირებული და ვნებული. ღვთის ამგვარი უძლურებითა და დამცირებით, სამყაროსთვის გაიხსნა თავისუფალი სიყვარულის საიდუმლო, არსი შემოქმედებისა.
არსი შემოქმედებისა, სადაც ადამიანს და მასთან ერთად მთელ სამყაროს შეეყვარებინა უფალი – ყვარებოდათ და არ ჰქონოდათ შიში მისი ძალისა. რომ მოსულიყო ქრისტე როგორც მეფე, მაშინ დასრულდებოდა ამ ქვეყნის ისტორია, აღარანაირი შემდგომი ისტორია აღარ იარსებებდა. ეს იგივე იქნებოდა, რომ ღმერთს შეექმნა ქმნილება რომლისთვისაც შეუძლებელი იქნებოდა ცოდვის ჩადენა, ცოდვას ძალით ჩაადენინებდა და ამით წაართმევდა თავისუფალ ნებას. თუკი ცოდვის საიდუმლო თავისუფლებაშია, გამოხსნისა და გამოსყიდვის საიდუმლო კვლავაც თავისუფლებაში იქნება, მაგრამ იმგვარ თავისუფლებაში, რომლის ერთობა სიყვარულშია, ღვთაებრივ სიყვარულში. ძე ღვთისა უნდა ჯვარს ეცვას და ევნოს ამ ქვეყანაში, რათა ძეობრივმა სამყარომ შეძლოს მამის შეყვარება და თავისუფლად შეძლოს გამოხსნა, დაუბრუნდეს მის წიაღს. ქრისტე არ ახდენდა ამგვარ სასწაულებს ისტორიაში, უარყო ეს ეშმაკეული ცდუნება, რადგან ადამიანის თავისუფლებაში ხედავდა ისტორიის არსს. რამეთუ სასწაულები იქნებოდა ძალადობა ადამიანზე და აღარ დარჩებოდა ადგილი ღირსებისთვის და ქრისტესადმი სიყვარულისათვის. ქრისტე თავად იყო სასწაული. მისი ცხოვრება იყო სასწაულებრივი. და ქრისტიანთა ყველა უბედობას შეუძლია მხოლოდ დაადასტუროს ჭეშმარიტება ქრისტეს შესახებ, შეუძლია მხოლოდ გააძლიეროს სიყვარული მისდამი.
საკმაოდ ხშირად აკისრებენ პასუხისმგებლობას ქრისტეს ქრისტიანთა სისუსტეების გამო. მათ არ სურთ სწამდეთ ქრისტესი, რადგან არ ენდობიან ქრისტიანებს. ქრისტიანისგან უდიდიდეს თავგანწირვას ელიან, რომელიც დაამტკიცებდა იმას, რომ ქრისტე ღმერთია, რომ შესაძლებელია იწამო იგი. მაგრამ ქრისტეს ძლევამოსილება არ არის დამოკიდებული ქრისტიანთა თავგანწირვაზე, ეს მკიცებულება არა მათთვის არამედ მისთვის არის. თავად ქრისტე მოწმობს საკუთარ თავზე და ამ დამოწმებას ვერ გადასძალავს სისუსტე ქრისტიანისა. ჭეშმარიტება ქრისტეს შესახებ არ მტკიცდება ადამიანის მიერ, არამედ, მისი სისუსტით, რადგან ჭეშმარიტება სწორედ იმაშია, რომ ადამიანს არ ძალუძს თავად გამოიხსნას თავი და ამას ქრისტეს მეშვეობით ახერხებს. თანამედროვე ადამიანისთვის ძნელია ირწმუნოს ქრისტე, ის ყველა მხრიდან გარშემოტყმულია წინააღმდეგობებით. და ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, შესაძლოა, სწორედ იმაშია, რომ ვერ ხედავენ ქრისტესმიერი რწმენის სასწაულს, რომ ქრისტეს რწმენის შემდეგაც ისინი სუსტ ადამიანებად რჩებიან. სწორედ ამ სასწაულის მოლოდინში არის დაფარული ეშმაკის უდიდესი ცდუნება. ხშირად სასწაული აღესრულება უხილავად, ხილული სასწაულის ღირსი კი არავინაა. ქრისტიანთა დამსახურება ჯერ ძალიან მცირეა, ხოლო ისინი, ვინც განზე დგანან და იქიდან აკვირდებიან ყველაფერს, რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინში, არაფერი დაუმსახურებიათ. თანამიმდევრობა ბუნებისა, რომლითაც ჩვენ ვართ ხელფეხშეკრულნი, შეუძლებელია გაუქმდეს თვითეული ჩვენთაგანისათვის. ის უქმდება მხოლოდ მსოფლიო ისტორიის გზით, მხოლოდ დასრულებული გამოსყიდვით. დიდ სასწაულს, რომელსაც ელის ადამიანი და მასთან ერთად მთელი სამყარო – როდესაც ყველა ჩვენი მიცვალებული აღდგება საფლავიდან და გაცოცხლდება, აღესრულება მხოლოდ ისტორიის დასასრულს, ჩვენ ყველანი უნდა ვემზადოთ ამისთვის. ჩვენი რწმენა და ჩვენი იმედი, ამ სასწაულის აღსრულებისა, ეფუძნება სასწაულს, რომელიც უკვე აღესრულა – ქრისტეს აღდგომის სასწაული სახით.
ქრისტეს აღდგომა მოხდა მხოლოდ ერთხელ მსოფლიო ისტორიის მანძილზე, რომელმაც სრულად შეცვალა ბუნებითი წესრიგი. მოგვეცა სამყაროს გარდასახვის რეალური მაგალითი. გვერდიდან ეს უდიდესი სასწაული არც არის შემჩნეული, ძნელია დაუმტკიცო ურწმუნოს, რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა, მაგრამ ის, ვინც მართლაც ნახა ეს სასწაული, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, მან იცის, რომ მკვდრები აღდგებიან მარადიული სიცოცხლისათვის. ვერც ქრისტიანთა უძლურება აუცილებლობის საზარელი აჩრდილის მიმართ, ვერც სისუსტე ბუნების კანონზომიერების წინაშე, ვერ შეასუსტებს ამ რწმენას. ქრისტე მოკვდა ჯვარზე – ამ სისუსტეს ხედავს მთელი მსოფლიო; ქრისტე აღდგა – ამ ძალას ხედავს მხოლოდ მისი მოყვარე და მორწმუნე ადამიანი. სწორედ ღვთის ძის ამ გარედან დანახულ სისუტეზე და უხილავ ძალაზეა აგებული რწმენის თავისუფლება და ადამიანის ღირსება გამოხსნის საქმეში. და ნუ ელიან ურწმუნონი სასწაულს, რომლებიც გვერდიდან აკვირდებიან ქრისტიანებს, რათა ირწმუნონ შემდგომ და აღმოჩნდნენ მისტიურ წრეში. ისინი ხომ ვერ ხედავენ სასწაულს, რომელიც რეალურად აღესრულა უკვე – აღდგომის სასწაულს. და ვერც იხილავენ ვერაფერს მანამდე, სანამ თავისუფალი სიყვარული არ მოიპოვებს გამარჯვებას, მათში გაბატონებულ იძულებით ძალაზე.
ქრისტე – ისტორიის ცენტრია, ისტორიის არსია; ისტორია მიდიოდა მისკენ და მოდის მისგან. მაგრამ ქრისტიანობას ჯერ არ დაუტევია სრულად ადამიანის ბედის ისტორია დედამიწაზე. ეს არის უცნაური საიდუმლო ყოფიერების რელიგიური დიალექტიკისა. გოგლგოთის გამომხსნელმა მსხვერპლმა შეავსო ქრისტიანთა გონება. ძველი აღთქმა უნდა მომკვდარიყო ქრისტეში, რათა აღმდგარიყო ქრისტესთან ერთად. ქრისტიანული ეპოქის არსი თვითგანდგომილების გმირობაში და ბუნებითი თვითდამკვიდრების წესზე ნებით გამოხატულ უარში მდგომარეობს. ქრისტიანი წმინდანები და მოღვაწენი ასრულებდნენ ამ კოსმიური მნიშვნელობის ამოცანას. კაცობრიობას თავისი რჩეული ნაწილის სიღმეში უნდა მიეღო ქრისტე და კაცობრივი ბუნება განეღმრთო ქრისტესთან ერთობის გზით. ეს განღმრთობა ბუნებითი წესის დაძლევაა, რომელიც ასკეტიზმის გზით ხორციელდება და მან ინდივიდუალური ფორმა უნდა მიიღოს, ქრისტეში პირად ხსნად უნდა იქცეს. ქრისტიანობა, რომელიც ასრულებდა თავის ისტორიულ მისიას, თავის გონებაში ვერ იტევდა შემოქმედებითი ისტორიის არსს, მსოფლიო კულტურის არსს. ქრისტიანობა ცოდვილ ქვეყნიერების უარმყოფელი ეპოქაა, მისი (ცოდვის) სიკვდილია გამომსყიდველ ქრისტესთან ერთად, ანტითესიზია და ამით განისაზღვრება ის მოჩვენებითი ცალხმრივობა და სისავსის ნაკლებობა ქრისტიანულ ჭეშმარიტებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий