суббота, 20 июля 2013 г.

როგორ გავხდეთ მღვდელი






 17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა კითხვა, ვის და რა კრიტერიუმებით გადასცემს სასულიერო ხარისხს ქვეყნის მთავარი რელიგიური ინსტიტუტი.
სასულიერო პირთა რაოდენობა და გავლენა საქართველოში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, სასულიერო დასი ჩვენი ყოფითი და საჯარო სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა და ეკლესია პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეცაა. კლერიკოსებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს უკანასკნელ არჩევნებზე, სადაც დაუფარავად ავლენდნენ სიმპათიას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ.

ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი აქტიურად მონაწილეობს ღვთისმსახურებაში და მოძღვრის ინსტიტუტის სიძლიერიდან გამომდინარე, კვირაში რამდენჯერმე აქვს კონტაქტი სასულიერო პირებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ხილვადობა იზრდება და მისი ხმა სულ უფრო ცხადად გვესმის, საზოგადოების დიდი ნაწილი ძირითადად არაინფორმირებულია, რა გზის გავლაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაზე ავტორიტეტულმა ინსტიტუტმა ადამიანთა სულები მოგანდოს.

მღვდლად ფორმირების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც საეკლესიო დასისგან სულიერ საკვებს მოელის. როგორც წესი, სამღვდელო კაბის შემოსვა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, მოცემული პირის სიტყვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზეც ავტორიტეტული იქნება.

საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირთა სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის მონაცემებით, მათი რაოდენობა 2 ათასიდან 3 ათასამდეა. ეს მაშინ, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების წლებში, სასულიეროთა რაოდენობა დაახლოებით 40 იყო. 25 წლის მანძილზე სამღვდელო დასი დაახლოებით 60-ჯერ გაიზარდა. დღეს ზოგიერთ ტაძარში ათზე მეტი მღვდელი მსახურებს, ხოლო ორი ათეული წლის წინ, მღვდლების სიმცირის გამო, თბილისის სხვადასხვა ტაძარში მსახურება ეპისკოპოსებს უხდებოდათ. საეკლესიო იერარქია ამ რიცხვებით ამაყობს და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდას აპრიორი დადებით მოვლენად აღიქვამს. თუმცა რიცხვებიც ცხადყოფს, რომ სამღვდელო ხარისხის მისაღებად ეკლესია განსაკუთრებულ ბარიერებს არ აწესებდა, შესაბამისად, ეს მათ მომზადებაზეც აისახებოდა.
სამღვდელო ხარისხის გაცემისას, ეკლესია წლების მანძილზე მიმართული იყო არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. ასე იყო საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ავტოკეფალიის აღდგენის დროსაც. ცნობილია, რომ 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენისას არ დამტკიცდა სასულიერო პირობისთვის აუცილებელი აკადემიური მომზადება. მიზეზად მაშინაც საკადრო კრიზისი სახელდებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორი საუკუნით ადრე, 1748 წლის 13 ნოემბერს, პატრიარქმა ანტონ პირველმა, საეკლესიო კრების მხარდაჭერით, მღვდლადკურთხევისთვის სასულიერო განათლება ვალდებულებად შემოიღო.





წმ. იოანე ოქროპირი: სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ,როდესაც სამღვდელო ხარისხს იღებდნენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა–იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი.



საბჭოთა პერიოდში მღვდლადკურთხევის მსურველ პირს, თუ იგი მისაღები იყო საბჭოთა სახელმწიფოსთვის, ადვილად შეეძლო ხარისხის მიღება, ბუნებრივია, ყოველგვარი მომზადების გარეშე. მეტიც, ხშირად სწორედ ყველაზე წარუმატებელი და საგანგებო განათლების არმქონე პირები ხდებოდნენ მღვდლები და ამას ხელისუფლება აქტიურად უჭერდა მხარს.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ეკონომიკური სიდუხჭირისა და მოშლილი სახელმწიფო სისტემის წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მრევლით გაივსო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინსტიტუციას დამოუკიდებლობის პირველ წლებში დიდი ავტორიტეტი არ ჰქონია, საჭირო გახდა სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა. გამარტივებულმა კურთხევის წესმა სასულიერო ხარისხი შემოსა მრავალ ისეთს, რომელსაც არა მხოლოდ მინიმალური აკადემიური განათლება არ ჰქონდა, არამედ ცუდად იცოდა, როგორ აღესრულებინა ღვთისმსახურება. ეკლესიაში მღვდელთა რაოდენობა კი თითქმის ყოველთვის ეპისკოპოსთა რაოდენობას აღემატება, სწორედ ამიტომ, თუ ეპისკოპოსები შიდასაეკლესიო წესრიგს უზრუნველყოფენ, მღვდლებს უშუალო შეხება აქვთ მრევლთან.

შეგახსენებთ, რომ ეკლესიაში არსებობს სამი საეკლესიო ხარისხი. ყველაზე დაბალი: დიაკვნობა, შემდეგ ხუცესობა, იგივე მღვდლობა და უმაღლესი – საეპისკოპოსო ხარისხი. ითვლება, რომ კურთხევისას დიაკონი იღებს მხოლოდ მსახურებისა და თანამწირველობის მადლს. მღვდლადკურთხეული პირი უფლებამოსილია შვიდიდან ექვსი საიდუმლო აღასრულოს (გარდა მღვდლადკურთხევისა), თუმცა მხოლოდ ეპისკოპოსის სახელით. ხოლო ეპისკოპოსად კურთხეული პირი იღებს ყველა საიდუმლოს აღსრულების მადლს.

ეპისკოპოსის კურთხევისთვის საჭიროა ორი ან სამი ეპისკოპოსი, ხოლო დიაკვნისა და მღვდლის კურთხევა ერთ ეპისკოპოსსაც შეუძლია. სასულიერო ხარისხებში დამსახურებათა და ადმინისტრაციულ ფუნქციათა მიხედვით არსებობს რანგირებები. მაგალითად, საეპისკოპოსო ხარისხს განეკუთვნებიან: მთავარეპისკოპოსები, მიტროპოლიტები და პატრიარქი. კათალიკოს-პატრიარქი ეკლესიის პირველიერარქია, სწორედ ამიტომ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მიღმაც, რომელსაც ის უშუალოდ მართავს, ეპისკოპოსმა მღვდლის კურთხევა სწორედ მას უნდა შეუთანხმოს. ეს ტრადიცია ფორმალურად კათოლიკურ ეკლესიაშიც არსებობს, სადაც ნებისმიერი სასულიერო პირის კურთხევას უზენაესი პონტიფექსი, რომის პაპი აძლევს ნებართვას.
მართლმადიდებელ ეკლესიაში დიაკვნები და მღვდლები ძირითადად ორ ნაწილად იყოფიან – დაქორწინებულები და მონაზვნები. საეკლესიო ტრადიციით, ეპისკოპოსი მხოლოდ მონაზონი შეიძლება გახდეს. დაუქორწინებელი, მაგრამ მონაზვნობის აღთქმაში არმყოფი მღვდლობის, იგივე ცელიბატის პრაქტიკა საქართველოში გავრცელებული არ არის. შესაბამისად, ვისაც სურს მღვდელი გახდეს, პირველადი ამოცანა აქვს – მოიყვანოს ცოლი.
გამომდინარე იქიდან, რომ სემინარიის კურსდამთავრებულს თავის რჩენის სხვა საშუალება ძირითადად არ აქვს, გარდა იმისა, რაც სასულიერო ხარისხში ექნება, ის ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაქორწინდეს. აქედან გამომდინარე, ახლადნაკურთხი მღვდლების ოჯახები ხშირად არამყარია და განქორწინებაც – ხშირი. ქორწინების შემდეგ არსებობს სხვა საფეხურები.





წმ. ეფრემ ასური: „ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უსაქმურობამ”.


ფორმალურად, მღვდლადკურთხევისთვის საჭიროა სასულიერო სემინარია-აკადემიის დასრულება. თუ პირს კურთხევა სურს, ის წერს წერილს მოქმედი ეპისკოპოსის მიმართ და თან ურთავს სულიერი მოძღვრისა და სემინარიის ხელმძღვანელობის რეკომენდაციებს. შემდეგ ის გადის სპეციალურ კომისიაზე, რომელიც მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებით, 2002 წლიდან არსებობს. კომისიას მეუფე თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობს და მისი წევრები არიან: საზოგადოებისთვის ცნობილი სამღვდელო პირი, მამა თეოდორე გიგნაძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა. მიუხედავად ამისა, ჩვენთან საუბარში სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ კომისია უმეტესად უფუნქციოა. ადგილობრივი ეპისკოპოსები პატრიარქთან პირადი რეკომენდაციით მაინც ახერხებენ სასურველი მღვდლების კომისიის გარეშე კურთხევას. უმნიშვნელოა, აქვს დამთავრებული პირს სემინარია-აკადემია, თუ არა.

რეალურად, თავად კომისიაც არა რაიმე მკაცრად დადგენილი კრიტერიუმებით, არამედ იდეოლოგიური ერთგულების პრინციპითა და პირის მინიმალური მომზადების დონით ხელმძღვანელობს. სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ხშირად კომისიაზე უშვებენ მას, ვისი კურთხევაც პრინციპულად არ უნდათ. შემდეგ კომისია წერს დასკვნას, რომ პირი, გარკვეული, არახელშესახები მიზეზების გამო, არ წარმოადგენს სათანადო კანდიდატურას სასულიერო პირობისთვის. თუმცა გადამწყვეტი ეპისკოპოსის სურვილია და არა პირის მზაობა.

საქართველოს ეკლესიის ყოფილმა მღვდელმა, რომელმაც თავად დატოვა ხარისხი პროტესტის ნიშნად, ბასილ კობახიძემ, ტაბულასთან საუბარში განაცხადა: „1995 წელს მე მივაღწიე კურთხევების შეწყვეტას მთელი საქართველოს მასშტაბით, ანუ ჩემი თხოვნით პატრიარქმა სინოდს მიაღებინა დადგენილება, რომ ყველა კანდიდატს უნდა გაევლო შემოწმება კომისიაზე, რომლის თავმჯდომარე იყო მიტროპოლიტი აბრაამი, ხოლო მდივანი – მე. არცერთ კანდიდატს არ მივეცი რეკომენდაცია კურთხევაზე. შემდეგ ეპისკოპოსები აჯანყდნენ, პატრიარქთან შევიდნენ მეუფე იობის და კალისტრატეს მეთაურობით და ეს კომისია გააუქმებინეს". აღსანიშნავია, რომ ბასილ კობახიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ავტორია, რაც ეკლესიის კონსტიტუციური დონის ადმინისტრაციული კანონია.

2002 წელს კომისია ინციდენტის შემდეგ აღდგა. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განგვიმარტა, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა საკურთხეველში აღმოაჩინა დიაკონი, რომელმაც მსახურება არ იცოდა. ამ ფაქტის შემდეგ გადაწყდა კომისიის კვლავ შემოღება, თუმცა კომისიისგან თავის არიდების შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც საეკლესიო იერარქიაში ნაცნობი ჰყავს. მეორე მხრივ, თავად ეპისკოპოსებიც დაინტერესებულნი არიან, მათთვის ერთგული პირები, მიუხედავად ყველაფრისა, სასულიერო ხარისხით შეიმოსონ.
დიაკვნად კურთხეული პირის ერთადერთი ამოცანა სამომავლოდ მღვდლადკურთხევაა. მათი შემოსავალი მცირეა, რადგან საეკლესიო რიტუალებს ვერ აღასრულებენ – ვერც ბავშვებს ნათლავენ, ვერც წესის აგებას აღასრულებენ და ვერც სახლებსა და მანქანებს აკურთხებენ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე დიაკონი იძულებულია, ეპისკოპოსის მიმართ ერთგულების დემონსტრირების ნიშნად, საკუთარი შეხედულებები დათმოს, რადგან ამის გარეშე ის ხარისხს ვერ მიიღებს. უკვე მღვდლადკურთხეული კი საეკლესიო სასჯელს უფრთხის.
ჩვენი საეკლესიო პრაქტიკა, 1997 წლის შემდეგ, როცა ეკლესიამ მსოფლიო საეკლესიო საბჭო დატოვა, იზოლაციონისტურია. საეკლესიო სივრცეში დომინირებს შავრაზმული განწყობები, რომელსაც ყოველგვარი უცხოს მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ახასიათებს. თითქმის ყველა მღვდელი აღნიშნული საეკლესიო ატმოსფეროს გავლენის ქვეშაა, თუმცა ვინც არ არის, მას არ შეუძლია ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი. ან თუ შეუძლია, მხოლოდ უზოგადეს სიტყვებში, ქრისტიანული ჭეშმარიტების აბსტრაქტული დეკლარირებით.


წმ. იოანე ოქროპირი: „მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვრის ზედამხედველად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა”.

მღვდელი, რომელიც, მაგალითად, არ ეთანხმება 17 მაისის დარბევას და არ სურს ძალადობის თანამონაწილეობა, შეძლებს ძალადობის დაგმობას, მაგრამ მოძალადე სასულიერო პირების დასჯას არ მოითხოვს. ვერც საეკლესიო იერარქიას გააკრიტიკებს. ეს არის მაქსიმუმი, რაც „პროგრესულ მღვდელს" შეუძლია ეკლესიაში. თუმცა ხშირად ისინიც კი საეკლესიო იდეოლოგიური აპარატის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ეკლესიამ წლების მანძილზე ამგვარი პირების აცილების და სამღვდელო ხარისხში არშემოსვლის მრავალი პრაქტიკა შეიმუშავა. ვერცერთი კანდიდატი ვერ გახდება სამღვდელო პირი და ვერ წაიწევს კლერიკალურ საფეხურზე, თუ ის თავისუფალი აზროვნების თუნდაც მინიმუმს ამჟღავნებს.
მღვდელთა პროგრესულობა და თანამედროვეობა ძირითადად მათ მიერ მრევლისთვის ნაკლები წესისა და შეზღუდვის დაწესებაში გამოიხატება, მაშინ როცა მეტად იზოლაციონისტური ჯგუფები საკუთარ მრევლს თითქმის იმასვე მოუწოდებენ ერისკაცობაში, რასაც მონაზვნებს მონასტერში.

მორჩილების შესახებ სწავლება ეკლესიაში თითქმის კულტივირებულია, ამიტომ ნებისმიერი, თუნდაც საეკლესიო სამართალზე დაფუძნებული პრეტენზია, აღქმულია ღალატად და დაუმორჩილებლობად, რასაც სათანადო შედეგები მოჰყვება.
შედეგად ვიღებთ პროცესს, როდესაც საეკლესიო ხარისხში უსწრაფესად აჰყავთ იდეოლოგიურად მორჩილი და განუსწავლელი პირები. ამგვარი პროცესი დამღუპველი აღმოჩნდა დასავლური ეკლესიებისთვის.

სამღვდელმთავრო კანდიდატურის გამორჩევა ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებაზე, თუმცა პატრიარქის ხმას არაფორმალურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საეპისკოპოსო ხარისხის განათლება, საშუალოდ, არ აღემატება სამღვდელოთა მომზადებას. მაგალითად, მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი შოკში ჩავარდა, როცა ახლადნაკურთხმა მღვდელმთავარმა იაკობ იაკობაშვილმა (ამჟამად ქორეპისკოპოსმა), სვეტიცხოველში, როცა ის პატრიარქმა მრევლს წარუდგინა, სამწყსოს ჯვარი ვერ გარდასახა. მეუფე იაკობი ახლადმიცემულ საეპისკოპოსო კვერთხს აქეთ-იქით, დაბნეულად იქნევდა და ამ მოქმედებით ცდილობდა ჯვრის გარდასახვას. კითხვაზე, თუ როგორ გახდა ეპისკოპოსი კაცი, რომელიც შემდგომშიც ძლივს აღასრულებდა სამღვდელმთავრო მსახურებას, პასუხი არ არსებობს.






ნეტარი იერონიმე: „ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე, ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამიანს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად”.

კათოლიკე ეკლესიაში ერთი მღვდლის კურთხევას მინიმუმ ექვსი წელი და აუცილებელი აკადემიური მზადყოფნა სჭირდება. საეპისკოპოსო კვოტა აქ გაცილებით დიდია. ხოლო ზოგიერთი ორდენი, მაგალითად, იეზუიტები, 20-წლიან კვოტასაც აწესებენ. კათოლიკე ეკლესიას ამ ბარიერების დაწესება ისტორიულმა გარემოებებმა აიძულა. რეფორმაციის პერიოდში ნათელი გახდა, რომ მოუმზადებელ და გაუნათლებელ კათოლიკე მღვდლებს მხოლოდ კეისრის დახმარებით შეეძლოთ მრევლის სამწყსოში დაკავება. როცა ეს პრივილეგია დაკარგეს, პროტესტანტებმა ადვილად მოახერხეს მათი განადგურება. ტრიდენტის კრებამ, რომელმაც კონტრრეფორმაციას დაუდო საფუძველი, აუცილებელ პირობად შემოიღო მღვდლადკურთხევისთვის აკადემიური მომზადება. მოგვიანებით, ეს პროცესი კათოლიკე ეკლესიის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალზე შერბილდა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ე.წ. სექსუალური რევოლუციის მიმდინარეობისას, ტაძრები მრევლისგან დაიცალა. მათ გაჰყვნენ მღვდლებიც. კათოლიკე ეკლესიაში დიდი საკადრო კრიზისი შეიქმნა, რამაც მღვდლადკურთხევის პროცესი შეარბილა და სემინარიის დიპლომის გაცემა გააადვილა. შედეგად, 30 წლის შემდეგ, ვატიკანმა მიიღო პედოფილიური სექსუალური სკანდალი, რამაც ეკლესიის ავტორიტეტი თითქმის გაანადგურა. როდესაც მღვდლადკურთხევის წესები მარტივდება, ამას თან მოსდევს სამღვდელოთა რიგებში იმგვარი პირების აღმოჩენა, რომელსაც ეკლესიაში წუთისოფლის ყველაზე უფრო ბინძური ნაგავი მოჰყვება. დღეს კათოლიკეები მღვდლადკურთხევის წესის კიდევ უფრო გართულებაზე ფიქრობენ, რადგან მრევლის მოთხოვნილებისა და კადრების სიმწირით ახსნილი შემსუბუქებები, რეალურად, ეკლესიას პრობლემებს უქმნის.

მღვდლადკურთხევის პრაქტიკის ამორფულობისა და არაინსტიტუციურობის ხარისხმა ჩვენთან კიდევ ერთხელ 17 მაისს ამოხეთქა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ყოფილა პიკი. საბჭოთა კავშირის პირობებში აღზრდილი იერარქიის მემკვიდრე სასულიეროებმა აჩვენეს, რომ მათი მაკურთხეველი არაფერზე ფიქრობდა, გარდა რაოდენობისა. დღეს უკვე თითქმის შეუძლებელია მყისიერი ეფექტის მქონე საკადრო რეფორმის განხორციელება, რადგან 3-4-მილიონიან ქვეყანაში უკვე გვყავს აბსოლუტურად განუსწავლელი ათასობით მღვდელი.



წყარო




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий