воскресенье, 30 июня 2013 г.

დასავლეთის იბერთა კულტურული მემკვიდრეობა (იბერიული ცივილიზაციის სათავეებთან)



მანანა კვატაია
ევროპის უძველეს ისტორიაში იბერთა პრობლემა ხმელთაშუა ზღვის აუზის ხალხთა ურთიერთმიმართებისა და გავლენის, ცალკეულ კულტურათა აღმოცენებისა და დაღუპვის, ტომთა და ეთნიკური ჯგუფების მასობრივი მიგრაციის კონტექსტში განიხილება. ამ ხალხთა კულტურული ერთობა ადრებრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. „მას პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრი საერთო აქვს დედა-ქალღმერთის კულტის, ხარის კულტის, სიმბოლიკის, არქიტექტურული ფორმების თვალსაზრისით“ (1,7). ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მცხოვრებთა ენების რიგი თავისებურებებიც ამ ერთიანი წყაროდან მოდის.
ესპანელი მეცნიერი რაფაელ ალტამირა-ი-კრევეა ანტიკურ იბერთა ისტორიას რამდენიმე შტრიხით ახასიათებს: „თანამედროვე გამოკვლევათა შესაბამისად გამოთქმულია ვარაუდი, რომ იბერებმა, რომლებიც გავრცელებულნი იყვნენ ჩრდილო აფრიკაში, მთელ ესპანეთში (რასაც ამტკიცებს ესპანეთის ადგილთა ძველი სახელწოდებანი), სამხრეთ საფრანგეთში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, კორსიკასა და სიცილიაში, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც, ჩვენს ერამდე დაახლოებით V საუკუნეში იბერიულ-ლივიური იმპერია შექმნეს. ეს იმპერია ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობისათვის ეგვიპტელებსა და ფინიკიელებს ებრძოდა და, შესაძლოა, მცირე აზიის მონათესავე ხალხებთან (ხეთებთან) კავშირში, სანამ ჩვენს ერამდე II-I საუკუნეებში არ დამარცხდა და დაიშალა, როცა ესპანეთში პირველი ფინიკიური კოლონიები იქნა დაარსებული“ (2,10). თუმცა ქვეყნის შიგა ნაწილში იბერებს ბატონობა ძველებურად შეუნარჩუნებიათ.
შემდეგ ისინი პირენეის (ყოფილი იბერიის) ნახევარკუნძულის საუკეთესო - აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიწებზე მოსახლეობდნენ. პირენეელ იბერთა საკითხი მასალის სიმცირის გამო დღესაც შეუსწავლელია (4.3). არსებობს ჰიპოთეზები, რომლებიც მეექვსე ათასწლეულს მიაწერენ ამ ხალხის წარმოშობას (იქვე, 4). საყურადღებო გახლავთ ის მოსაზრებაც, რომ „ბრიტანეთის კუნძულების არქაულ მოსახლეობას უკავშირებენ ესპანელ იბერებს, განსაკუთრებით, ჩრდილოეთით მცხოვრებ წინარეშოტლანდიურ ფენას“ (5, 19).
იბერთა საკითხის კვლევა ქართველთა ეთნოგენეზისის თვალსაზრისითაცაა საყურადღებო. მით უმეტეს, რომ ჩვენი წინაპრების ოდინდელი ადგილსამყოფელის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. თვით დიდი ივანე ჯავახიშვილიც კი წერდა: „კავკასია ქართველების თავდაპირველი სამშობლო არ ყოფილა და მათ კულტურის პირვანდელი ნაშთები აქ არ არის საყებნელი“ (3,7. სხვა მოსაზრებებით, ქართველები ავტოქთონები არიან. ასეა თუ ისე, ჩვენი ერის უძველესი ფესვების ძიებას ევროპაშიც მივყავართ, ხოლო ანტიკური ტრადიცია აღმოსავლეთის (კავკასიის) და დასავლეთის (პირინეის) იბერებს განასხვავებს და მათ ურთიერთმიმართებაზეც საუკუნეთა მანძილზე ბევრი რამ დაწერილა.
დასავლეთის იბერთა პრობლემას ქართული ტრადიციაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ძველქართულ წყაროებში პირინეის იბერები ჯერჯერობით პირველად ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთაჲ“-ს არაბული ენიდან შესრულებულ უძველეს, VIII-IX საუკუნეების ქართულ თარგმანშია დაფიქსირებული (6,175). ამ თხზულების ძველბერძნული ტექსტის τουζ εσπεριουζ `Iβηρουζ, რომლის ლათინური ვარიანტი Hispanos ფორმას გვთავაზობს, ქართველ მთარგმნელს ასე გამოაქვს: „ქართველნი დასავლეთისანი“. საინტერესოა იპოლიტე რომაელის ერთ-ერთი თხზულების ექვთიმე ათონელისეული თარგმანი (X საუკუნის ბოლო), სადაც ექვთიმეს `Iβηροζ ასე გადმოაქვს: კელტ-ქართველნი დასავლისანი. საერთოდ, დასავლეთის იბერებთან მიმართების საკითხი IX - XI საუკუნეებში ათონის მთაზე ცხოველ ინტერესს იწვევდა (ჩანს, ძველ საქართველოში და ათონზეც ამ თვალსაზრისით გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ). „იოვანესა და ეფთჳმეს ცხორებაში“ გიორგი მთაწმიდელი წერს: „შემდგომად თორნიკის მიცვალებისა განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაჲთა აღიღოს ძე თვისი და რამდენნიმე მოწაფენი და ივლტოდეს სპანიად .. რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ“. XI საუკუნიდან, დასავლეთში კათოლიციზმის დამკვიდრების შემდგომ, ამ საკითხით დაინტერესება შენელებულა.
როგორც აღინიშნა, მასალის სიმცირის გამო დასავლეთის იბერთა პრობლემის კვლევა გაძნელებულია, თუმცა არსებული სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობაც ბევრ საინტერესო აღმოჩენას გვთავაზობს. ჩვენ ვეცდებით ხელმისაწვდომ ნაშრომთა გამოყენებით დასავლეთის იბერთა უძველესი ცივილიზაციის გარკვეული სურათი წარმოვაჩინოთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ლინგვისტური მასალის ანალიზთან ერთად არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის იბერთა ურთიერთმიმართებისათვის საყურადღებო დასკვნებს მოგვცემს. ძირითადად ვეყრდნობით ა. მიშულინის ნაშრომს (7), სადაც ამ თვალსაზრისით საინტერესო უცხოური ლიტერატურაა მოხმობილი. დასავლეთის იბერთა უძველესი კულტურული მონაპოვრების გაცნობა გარკვეულწილად საერთოიბერიული ცივილიზაციის საწყისებსაც მიგვაახლოებს.
ხმელთაშუა ზღვის აუზი ევროპის ანტიკური ცივილიზაციის სავანე გახლდათ, სადაც სამი ცენტრი გამოირჩეოდა: ბალკანური (ძველი საბერძნეთის), აპენინების (ძველი რომის), პირინეის ნახევარკუნძულის (იბერიული) კულტურული არეალები (შდრ. 7, 10). ძველბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან ერთად არსებობდა მათთან შედარებით ნაკლებადგანვითარებული, მაგრამ ორიგინალური და თვითმყოფადი დასავლეთიბერიული ცივილიზაცია თავისი ჯერ კიდევ ამოუხსნელი დამწერლობით, გამორჩეული ხელოვნებით, ყოფითა და კულტურით. საუკუნეების მანძილზე ყურადღებას იპყრობდა მისი შემქმნელი ხალხი - მედგარი, მებრძოლი ბუნების იბერები, ყოველთვის ფანატიზმითა და სიჯიუტით რომ იცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას. მათი გამოცანა კაცობრიობისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელია. იბერიული ცივილიზაცია ხმელთაშუა ზღვის საერთო-კულტურული არეალის ნაწილია, თუმცა მას ინდივიდუალობით უპირსპირდება კიდეც.
ბერძენთა უძველესი წარმოდგენები დასავლეთის იბერთა ქვეყანაზე, ანუ მწუხრის, საღამოს ქვეყანაზე (Hesperia) ზღაპრული, ბუნდოვანი და მითოლოგიზირებული იყო. ტერმინი ჰესპერია ფართო გაგებით საბერძნეთის დასავლეთით მდებარე ქვეყნებს გულისხმობდა, ხოლო Hesperia Ultima (უკიდურესი ჰესპერია) - პირინეის ნახევარკუნყულს. ძველ ბერძენთა კოსმოგონიური გაგებით, Hesperos მწუხრის ვარსკვლავს ერქვა, Phosphoros - ცისკრისას, ხოლო სამყარო მათ შორის იყო გადაჭიმული. აღმოსავლეთისაკენ მიმავალ არგონავტებს გზას ფოსფოროს უნათებდათ, ბერძენ მეზღვაურთა შემდგომი თაობა კი დასავლეთით მიცურავს და, შესაბამისად, ახალი წარმოდგენები ძველბერძნულ მითოლოგიაშიც აისახა. მითი ატლანტზე, ჰესპეროსის შვილზე, დასავლური ცივილიზაციის სიმბოლოცაა; ჰერაკლეს ერთ-ერთი გმირობის ამბავში ჩართული ჰესპერიდების მითიც დასავლეთში ლოკალიზდება, იქ, სადაც ძველ ბერძენთა მითოლოგიური წარმოდგენით, ატლანტს მხრებით ცა ეჭირა. საერთოდ, თვლიან, რომ ჰერაკლეს ციკლის სიუჟეტები ბერძნებმა ფინიკიელთაგან აიღეს (მათ ჰერაკლეს მელკარტე ერქვა). „ჰერაკლე, ძველ იბერთა მზიური ღვთაება - გმირი, ძველ იბერთა ბელადი, მჭიდროდ არის დაკავშირებული პირენეებთან. მითი ჰერაკლესა და მისი სატრფოს პირენეს შესახებ, რომელიც დაიღუპა პირენეებზე, ასახავს მის კავშირს ამ არეალთან“ (ზ. გამსახურდია) (12, 32). დაბოლოს, მითი ზღაპრულ ატლანტიდაზე, რომელიც პირველად პლატონმა აღწერა.
ანტიკური ავტორები იბერიის ნახევარკუნძულის კულტურულ მიღწევებს ნაკლებად იცნობდნენ. მათი მეცნიერული შესწავლა მხოლოდ XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ევროპის დასავლეთის უძველესი ისტორია ახლებურად გაშუქდა (ესპანოლოგია, როგორც დამოუკიდებელი ისტორიული მეცნიერება, მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისიდან არსებობს). „პირენეის ნახევარკუნძული გახლდათ არა მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც პირველყოფილი ადამიანის რეალისტური მხატვრობის შედევრები აღმოჩნდა, არამედ კლასიკურამდელი პერიოდის დასავლეთ ევროპის მოწინავე კულტურის არენაც, რომელიც ნახევარკუნძულზე რკინის ერაში (VI-III ს.ს.) ყვაოდა. ამ კულტურას მისი შემქმნელი ხალხის სახელის მიხედვით იბერიული ჰქვია“ (7,6). ანტიკური ესპანეთი ანუ იბერია რომმა კართაგენის დაპყრობის შემდეგ სიცილიასა და სარდინიასთან ერთად თავის პირველ პროვინციად აქცია (ძვ. წ.-აღ. 197 წ.). რომაელთა უნიფიკაციური პოლიტიკის შედეგად იბერიული კულტურული მონაპოვრები თანდათან დამპყრობელთა ცივილიზაციას შეერწყა. იბერიელთა ორსაუკუნოვანი მედგარი წინააღმდეგობით გაბეზრებულმა რომაელებმა გეოგრაფიული ტერმინი „იბერიაც“ კი მოსპეს, მათ იგი „ჰისპანიით“ შეცვალეს.
XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა არქეოლოგმა პ. პარიმ (8) პირველმა შენიშნა იბერიული კულტურის გამორჩეულობა და დამოუკიდებელი ხასიათი. ესპანელმა მეცნიერმა ბოშ-გიმპერამ (9) პირენეის ნახევარკუნძულის არქეოლოგია და ეთნოგრაფია შეისწავლა, ასევე ესპანელმა ხოზე მელიდამ (10) თავის შრომაში „Arquelogia Espanola“ იბერიული სიძველეების სრული ნუსხა შეიტანა. პ. პარის, ბოშ-გიმპერასა და ხოზე მელიდას ნაშრომებმა დასავლეთის იბერთა ცივილიზაციის მეცნიერულ კვლევას დაუდეს სათავე.
მაინც ვინ იყვნენ იბერები? ნახევარკუნძულის ავტოხთონური მცხოვრებნი თუ შემდეგ მასობრივად გადმოსახლებული მოსახლეობა? ამ საკითხს საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ და საბოლოო დასკვნა დღესაც არ ჩანს.
იბერიის ნახევარკუნძული ევროპაში ადამიანის განსახლების ერთ-ერთი უძველესი კერა ყოფილა. აქ აღმოჩენილი პირველყოფილ ადამიანთა სადგომები - გამოქვაბულები ორიგინალური და უცნაური მხატვრობით გაოცებას იწვევს: შორეულ ეპოქაში ქვაზე და კლდეზე ამოკვეთილ სპილოებს, ირმებსა და სხვა ცხოველებს ზოგი მეცნიერი ტოტემურ ნიშნებად, მელიდა კი ძველ იეროგლიფებად - მათი დამწერლობის პირველ ფორმად თვლის.
ამ გამოქვაბულთა ცნობილ გამოსახულებებს კანტაბრიულ და დასავლურ მხატვრობად ყოფენ. ალტამირის გამოქვაბულების ნახატები პირველ მათგანს ეკუთვნის. 14 მეტრის ფართობზე ძირითადად წითელი ბიზონები დაუხატავთ, იქვეა ტახი, ცხენი, ცხენ-ირემი. დასავლური სტილის კოხულის კლდის ნახატებიდან აღსანიშნავია გამოსახულება ორი ქალისა, რომლებიც ძროხას აკავებენ, მეორე ნახატზე ცხრა ქალი შიშველი მამაკაცის ირგვლივ ცეკვავს (თვლიან, რომ ეს რელიგიური ცეკვაა), სხვაგან ხარების, მებრძოლი მამაკაცებისა და სხვა ამგვარი გამოსახულებებია, ყველა მათგანი წითელი და შავი სილუეტისაა (7,74).
ნეოლითის ეპოქაში იბერიის ნახევარკუნძულზე გამოჩენილა დიდი ქვებისაგან აგებული თავშესაფრები - მეგალითები, ასევე სამარხი ნაგებობები - დოლმენები (ამ პერიოდში ნახევარკუნძულზე კელტები და სხვა ხალხებიც გადმოსახლებულან), რომლებიც ძირითადად ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა და მათ ქვის, სპილენძის, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები და სამკაულები შემოუნახავთ, მათ კედლებზე დაცული ადამიანთა ნახატები გარდაცვლილებს უნდა გამოსახავდნენ (შ. ძიძიგურის მითითებით, მსგავსი დოლმენები აფხაზეთშიც გვხვდება, ისინი ინვენტარის ხასიათითაც პირინეის სამარხებს ძალზე უახლოვდებიან (11,102). ამ პერიოდის კერამიკული ნაწარმი სხვადასხვა სახისა და ფორმის ყოფილა, შემორჩენილია მოწითალო, მონაცრისფრო, შავი ფერის ჭურჭლები. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იბერიელ ოსტატებს, ბერძნებისაგან განსხვავებით, ლაქის საიდუმლო არ სცოდნიათ.
ბრინჯაოს პერიოდში ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნაგებობები, ჩანს, თიხითა და ქვით შენდებოდა. ისინი ძირითადად ამაღლებულ ადგილებსა და კლდეებზე გვხვდება (აქ უნებლიედ საქართველოში მაღლობებზე აშენებული უამრავი უძველესი ციხე-სიმაგრე გვახსენდება. შესაძლოა, ეს მსგავსება ოდინდელი საერთო ტრადიციის გამოძახილია). იბერთა ძველ დასახლებას სიტანია ერქვა, მას ირგვლივ გრძელი კედელი უვლიდა, სახლების ნაშთები მრგვალი ან კვადრატულია, ზოგან ორმაგი და სამმაგი კედლებით. ამ ნასახლარებს ქვისა და ძვლის უძველესი იარაღები, მეტალის ნივთები, სპილენძისა და რკინის ზოდები, თიხის დისკები და სხვა საგნები დაუცავთ. იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში ბრინჯაოს ინდუსტრია ყოფილა განვითარებული. აქ აღმოუჩენიათ სხვადასხვა ფორმის ნაჯახები, ასევე სპილენძის ფირფიტები, მონეტის შემოღებამდე გაცვლის საშუალება რომ ყოფილა. დოლმენებს ასევე შემოუნახავთ ბრინჯაოს ხანჯლები, გრძელი და ვიწრო შუბები, ხმლები, ფარები, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიადემები, ბეჭდები, პლატინის ორი თხელი დიადემა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ნივთები იბერიელ ოსტატთა ნახელავი უნდა იყოს. ბრინჯაოს კულტურა მაღალგანვითარებული ჩანს ძირითადად ალბერიისა და ანდალუზიის მხარეში, იქ, სადაც სპილენძისა და სხვა მეტალების საბადოების ცენტრი იყო. საერთოდ, აღვნიშნავთ, რომ ანდალუზიის რეგიონი, სადაც ტურდეტანელები მოსახლეობდნენ, ძალზე დაწინაურებული იყო, რასაც არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. სტრაბონი ამ ხალხს იბერთა შორის ყველაზე განათლებულად და გამორჩეულად თვლიდა.
რკინის ხანაში იბერიის ნახევარკუნძულზე ჯერ ფინიკიელთა, შემდეგ კართაგენელთა კოლონიზაცია იწყება. მათი გავლენა ძირითადად სანაპიროზე იგრძნობა. ბუნებრივია, იბერიულ კულტურასა და ხელოვნებას ფინიკიური და კართაგენული კვალიც დაეტყო. ნახევარკუნძულის სამხრეთში აღმოჩენილი ფინიკიური გამაგრებული ადგილები - ოთხკუთხა კოშკები - ასევე თიხითა და ქვით აუშენებიათ, სახლები კირით ყოფილა შეთეთრებული. ფინიკიურ სიძველეებს მიაკუთვნებენ კადისის ტაძრის ნანგრევებს (მის აგებას ჰერაკლეს მიაწერდნენ). ამ ადგილებში ზღვის ფსკერზე იმდროინდელ მარმარილოსა და ბრინჯაოს ნაკეთობებს ჩვენს დროშიც ნახულობენ. სტრაბონის ცნობით, კადისის ტაძრის შესასვლელთან ბრინჯაოს ორი კოლონა მდგარა, სადაც აღნიშნული ყოფილა, თუ რა დაჯდა ამ წმიდა ტაძრის მშენებლობა. სწამდათ, რომ ეს „სვეტები“ კონცხზე სწორედ ჰერაკლეს დაუდგამს (7,82). სხვა ცნობით, აქ ჰერაკლეს საფლავიც იყო.
ფინიკიურ ნეკროპოლებში ბერძნული ჭურჭელი, ფინიკიური მინა, ყელსაბამები, ამულეტები, სირაქლემის კვერცხების ნაშთები აღმოჩენილა, რაც VI-III საუკუნეებში აქ მაღალგანვითარებულ ვაჭრობაზე მეტყველებს.
სკულპტურულ ძეგლთაგან გამოყოფენ კადისში ნაპოვნ ანთროპოიდურ ეგვიპტური ფორმის თეთრი მარმარილოს სარკოფაგს ადამიანის სხეულის გამოსახულებით, ფინიკიურად მიიჩნევენ აგრეთვე სფინქსის ორ ქანდაკებას. ფინიკიური სტილის სამკაულთაგან გამოირჩევა ოქროს მძივებიანი ფერადი ემალით დაფარული ყელსაბამი, ოქროს საყურეები, მედალიონები და სხვ. ალისედაში აღმოჩენილი დიადემა და სხვა სამკაულები იბერიული უნდა იყოს. შესაძლოა, ადგილობრივი ოსტატები კოლონიზატორთა დაკვეთებსაც ასრულებდნენ, იბერიის ნახევარკუნძული მეტალებით ხომ ძალზე მდიდარი იყო.
კართაგენული სკულპტურებიდან აღსანიშნავია საფლავის ძეგლები. ძალზე დამახასიათებელია ბრინჯაოს ფიგურები, ასევე სპილოს ძვლის მცირე ნაკეთობანი.
ამ პერიოდის კერამიკის ნიმუშებიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღმოჩენილია ცილინდრული, ყელიანი, სახელურიანი ამფორები, არქაული ბერძნული ტიპის კვიპროსული ჭურჭელი, იბისის სამარხებში ნაპოვნ კერამიკას მტრედების, ცხვრების და სხვა ფიგურათა ორნამენტები ამშვენებს. პუნიკურ სამარხებში აღმოჩენილ სირაქლემის კვერცხებს, ჩანს, ფიალებად იყენებდნენ. ხშირად ისინიც ნახატებითაა შემკული.
არქეოლოგიური მონაპოვრები იმაზე მეტყველებს, რომ იბერიის ნახევარკუნძული მეტალურგიის ცენტრი იყო, თანაც ეგეიდასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ამას კერამიკასა და სკულპტურაში არსებული კრეტული ტენდენციებიც მიუთითებს.
ბერძნული კულტურის გავლენა იბერიულზე ბერძენთა კოლონიზაციის შემდეგ გაძლიერდა. ამპურიასში აღმოჩენილია ადრეული ბერძნული პოლისის ნანგრევები უზარმაზარი ქვების კედლით, ასევე დიდი ლოდებით აგებული რამდენიმე კოშკით, დორიულ სვეტებიანი ტაძრით. ამ ნანგრევებმა მრავალგვარი კერამიკული ნაწარმი შემოგვინახა.
ამპურიასში ფეხზე მდგარი ასკლეპიოსის ადამიანის სიმაღლის ქანდაკება უპოვნიათ (ზოგი მას ფიდიასის შვილის - აგორაკრიტოსის ქანდაკებად თვლის), ასევე ქალის თავის მარმარილოს სკულპტურა, რომელსაც მეცნიერთა ნაწილი არტემიდად მიიჩნევს (რომლის კულტიც იყო ამპურიასში), ნაწილი კი - აფროდიტედ. საყურადღებოა ბრინჯაოსა და თიხის მცირე ფიგურები, რომლებიც ლომის თავს, კენტავრს, სატირს, ათენა პრომახოსსა და სხვ. გამოსახავენ. კერამიკის ნიმუშთაგან აღსანიშნავია ნელსაცხებელთა ბერძნული სტილის ჭურჭლები, ქალკედონური და კორინთული ლარნაკები, რომლებზეც პანტერის, ქიმერას და სხვა აღმოსავლური სტილის ორნამენტებია. უძველეს შავფიგურიან ვაზებზე შემონახულა გამოსახულება თეზევსისა, მინოტავრს რომ ამარცხებს, ასევე მეომართა შერკინების, ათლეტთა ორთაბრძოლის, თამაშობათა ამსახველი ნახატები. ამპურიასში აღმოჩენილ დიდ წითელფიგურებიან ვაზებზე კენტავრომახია და სხვა მითოლოგიური სიუჟეტებია. აქაური ამფორები და დოქები ტიპური ბერძნული სტილის ორნამენტებით ყოფილა გაფორმებული.
საკუთრივ იბერიული წარმოშობის ძეგლთაგან აღსანიშნავია წმინდა სალოცავ ადგილებში - ციცაბოზე არსებულ სამკურნალოწყაროებიან გამოქვაბულებში შემონახული მეტალისა და თიხის მრავალი შეწირული მცირე ქანდაკებანი. ამგვარი სალოცავები ნახევარკუნძულის ცენტრსა და დასავლეთში არაა.
საყურადღებოა ამაღლებულ ადგილებზე აგებული იბერიელთა ქალაქური ტიპის დასახლებანი - ციხე-ქალაქები, რომელთაც მოსახლეობის მტერთაგან დაცვის ფუნქცია ჰქონდათ (7,102). 1903 წელს ენგელსა და პარის ოსუნის (სევილია) იბერიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები აღმოუჩენიათ, სადაც იარაღი, ტყვიის ბირთვები და სხვა არსენალი დაცულა, თან დიდი ხანძრის კვალი იგრძნობა. ოსუნა პომპეუსს ემხრობოდა, კეისარს კი ეს ქალაქი აუღია. ალპერიის ახლოს შემორჩენილ იბერიული დასახლების ნანგრევებს დიდი რაოდენობის კერამიკული ნაწარმი შემოუნახავს. ქალაქ Cose-ს კედლებზე კი იბერიული ანბანის ასოები აღმოჩენილა.
იბერიულ ნეკროპოლებში უპოვიათ კართაგენული და იბერიული ჭურჭელი, ძვირფასეულობა, სამკაულები, იარაღები, საყოფაცხოვრებო საგნები, სკულპტურული გამოსახულებანი. გარდაცვლილებს ძირითადად წვავდნენ, ფერფლს კი ურნებში ინახავდნენ (ეს ურნები IV-III საუკუნეებით თარიღდება).
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ქვის, თიხის, ბრინჯაოს იბერიულ სკულპტურებს ხმელთაშუა ზღვის აუზში ანალოგი არა აქვთ (7,108). ერთ-ერთ უძველესად თვლიან Bicha de Belazone-ს ადამიანისსახიან ხარს, რომელიც წევს, ტანქვეშ ფეხები მოუკეცავს, კუდი ოდნავ დაგრეხია, რქები მომტვრეული აქვს, სახეს კი გრძელი წვერი და ულვაშები უმშვენებს. შესაძლოა, ამ ქანდაკებას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა და ტაძრის შესასვლელში უნდა მდგარიყო (7,110). ამ სკულპტურას „ქალდეურს“ ან „ასირიულს“ უწოდებენ, პარი კი მიკენის გავლენასაც ვარაუდობს. აგოსტაში მეორე იდენტური ეგზემპლარიც აღმოჩენილა, მაგრამ უთავოდ. აქვე რელიგიური დანიშნულების სფინქსის ორი ქანდაკებაც უპოვიათ (ამგვარი სკულპტურებიც ტაძრის შესასვლელთან იდგმებოდა).
აღმოსავლური სტილის ნიმუშებიდან ლომის ფიგურებს გამოყოფენ (ძუ ლომი; ფეხზე მდგარი ლომი, რომელსაც თათი ცხვრის თავზე აუწევია; მწოლიარე, თათებგამოწეული ლომი და სხვ.). მელიდა თვლის, რომ ქიმერათა და ეგზოტიკურ მტაცებელთა გამოსახვა იბერებმა ფინიკიელთა და კართაგენელთაგან გადაიღეს. თვით იბერები კი თავიანთი წმინდა ცხოველის - ხარის გამოსახულებას აძლევდნენ უპირატესობას (რად ღირს თუნდაც გერიონის ხარები, მითის მიხედვით, ტარტესში ჰერაკლეს რომ დაუხოცავს). ოსუნაში აღმოჩენილი ხარის თავის გამოსახულება კედლიდან გამოუყვიათ, კორპუსი კი კედლის ნაწილია. შინაურ ცხოველთაგან საყურადღებოა ცხვრების თავის გამოსახვის ტრადიცია. და მაინც, იბერიული სკულპტურებიდან ყველაზე ორიგინალურად ადამიანთა ქანდაკებები ითვლება, რომელთა შორის მამაკაცთა ტიპები ნაკლებადაა.
აღმოჩენილ ხელოვნების ნიმუშთა შორის იბერიული კულტურის უდიდეს ნაწარმოებად თვლიან ნატურალური სიმაღლის ქანდაკებას, რომელსაც „მანდილოსანი ელჩიდან“ ჰქვია. იგი 1897 წლის ზაფხულში Zoma de la Alcudia-ში უპოვნიათ. საყურადღებოა ქალის ჩაცმულობა და სამკაულები. შერჩენილი საღებავის მიხედვით ჩანს, რომ ტანსაცმელი და ტუჩები წითელი შეფერილობისა ყოფილა. ქანდაკება შესრულების დახვეწილი მანერის გარდა ხასიათის გადმოცემის სიზუსტითაც გამოირჩევა. მიუთითებენ, რომ მას ბევრი ისეთი დეტალი აქვს, რაც ხმელთაშუა ზღვის სხვა რეგიონებში არსად გვხვდება. ქალების ბევრი ქანდაკება დისკებით, მიტრით, დიადემებითა და ყელსაბამებითაა შემკული, მათ ხელოვნების ერთ - იბერიულ სტილს მიაკუთვნებენ.
მამაკაცთა ფიგურებიდან დამახასიათებელია მცირე სტატუა მსხვერპლშეწირველისა, რომელსაც ტუნიკა და მოსასხამი აცვია, ფეხები შიშველი აქვს, მარჯვენა ხელში კი თასი უპყრია (7,114).
ოსუნაში რელიეფური სკულპტურის ნიმუშებიც აღმოჩენილა. პარის აზრით, შესაძლოა, ესენი საფლავთა ფრიზებია. აქ ძირითადად ბრძოლების, შერკინებათა სურათები აღუბეჭდავთ. მეომრებს თავი ქსოვილით აქვთ დაფარული, ხელთ პატარა მრგვალი ფარები უპყრიათ, ნაოჭებიანი მოკლე ტუნიკა აცვიათ (ფოტოებზე აღბეჭდილი ფარები საოცრად ჰგავს ქართულს). ანდალუზიაში აღმოჩენილ რელიეფზე ორრიგად მიმავალი რვა მეშახტეა გამოსახული, რომელთაც უკან ზედამხედველი მიჰყვებათ.
ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის კელტიბერიული რელიეფური სკულპტურები ძირითადად ტახებსა და ცხენებს გამოსახავენ. სტრაბონის თქმით, დურისის მოსახლეობა მსხვერპლად ცხენს სწირავდა.
ნუმაციაში აღმოჩენილ მცირე ზომის სკულპტურულ ფიგურებს ტიპურ იბერიულ ხელოვნებად თვლიან. მათი უმეტესობა ადამიანების ქანდაკებებია, ნაწილი - ცხოველებისა. იბერიულ სალოცავებში ნაპოვნი ეს ფიგურები მლოცველ ან მსხვერპლის შესაწირად მოსულ ქალებსა და მამაკაცებს უნდა გამოსახავდნენ. აღმოჩენილია ღვთაებათა ქანდაკებებიც, მათ შორის, ტყავისმუზარადიანი მინერვას ფიგურა, ტუნიკითა და მოკლე მოსასხამით, მაგრამ უშუბოდ. მას მარცხენა ხელით მრგვალი იბერიული ფარი აუწევია. საყურადღებოა ნეტონის, ასტრატას და იბერიული ჰერკულესის გამოსახულებანი. მიუთითებენ, რომ იბერიულ რელიგიაში ბუნებისა და მისი სტიქიების კულტი იყო. იბერები და კელტები საერთო ღვთაებას - მთვარეს, ლუზიტანელები - მზესა და მთვარეს, ტურდეტანელები - მზეს, მთვარესა და ნეტონს (ომის ღმერთს), ასევე სიყვარულის ქალღმერთ ასტრატას ეთაყვანებოდნენ. ბერძნული ზევსის მსგავსი ცის ღვთაების რწმენას კელტ-იბერთა შორის წარმოუშვია ჩვეულება, გარდაცვლილები ძერებისათვის დასაგლეჯად დაედოთ, რათა მათი სულები ფრინველებს ღმერთთან წაეღოთ (რაც მსგავს უძველეს კოლხურ ჩვეულებას გვაგონებს).
მცირე ზომის სკულპტურულ ფიგურებს შორის საყურადღებოა მხედრები იბერიული ტიპის ცხენებზე (7,117), მამაკაცთა შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი ჯგუფები სამსხვერპლო ცხოველით ხელში - სიმბოლური ფიგურები. ბევრია დისკოიან ქალთა გამოსახულებები. ნუმაციაში ნაპოვნი შიშველფეხება მამაკაცის თიხის ქანდაკებები უხეშად, მაგრამ დიდი გრძნობითაა შესრულებული. ეს მრავალრიცხოვანი მცირე სკულპტურული ძეგლები დასავლეთის იბერთა ჩვეულებების, ჩაცმულობის, იარაღისა და მორთულობის შესახებაც კარგ მასალას იძლევა (იქვე).
იბერიის ნახევარკუნძულის ხელოვნებაში კერამიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ნუმაციაში, რომელიც იბერიული კერამიკის ერთ-ერთი ცენტრიც იყო, ორი ათასზე მეტი ვაზა აღმოუჩენიათ. მელიდას კლასიფიკაციის მიხედვით, მათი ორი ტიპი გამოიყოფა: შავი ვაზები ჭრილოვანი ორნამენტით და წითლები - თიხის ბუნებრივი ფერით. თავის მხრივ, შავი ვაზები ორი სახისა ყოფილა: 1. პრიმიტიული, უხეშად ნარევი თიხისაგან დამზადებული, არათანაბარი ზედაპირით (ზოგი მათგანი ძალზე ტევადია, ზოგი ზარისებრი ფორმისა); 2. მცირე და დიდი ზომის ნაცრისფერი ჭურჭლები, რომელთა თიხა კარგად დაუმუშავებიათ. წითელი და თეთრი ვაზები უფრო მეტი რაოდენობისა ყოფილა.
პარის მითითებით, იბერიული ვაზების როგორც მცენარეულ, ისე გეომეტრიულ მოხატულობაზე მიკენური გავლენა იგრძნობა, თუმცა ბევრ მეცნიერს ეს შეხედულება არ გაუზიარებია, რადგან დასავლეთის იბერები ლაქს ვერ იყენებდნენ. მათი საღებავი თითქმის ყოველთვის წითელია, მუქი, ან ყავისფერი, უფრო იშვიათად - შავი. ნუმაციური ვაზები შეღებილი ყოფილა ნარინჯისფრად, ყვითლად, თეთრად, ცისფრად და მწვანედაც კი. მათი მოხატულობა შტრიხული ხასიათისაა (7,124). ხშირია ადამიანთა და ცხოველთა თეთრად შეღებილთვალებიანი ფიგურები, რაც მიკენური მანერისაა.
ნატიფი შეფერილობის ანდალუზიური ვაზები, სადაც ნაკლებადაა გეომეტრიული ფორმები, უფრო კართაგენული და ბერძნული გავლენისაა; პუნიკური ვაზები ზარისებრყელიან ამფორებს წარმოადგენს; იბერიული - უფრო უხეშია, შემკული წრეებით, ან ვერტიკალური და ჰორიზონტალური სარტყლებით, დაყოფილი კვადრატებად, ეს უკანასკნელი კი - ჭადრაკულ უჯრებად, ჯვრებად, რომბებად (7,124). ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით უძველეს ქართულ კერამიკასთან პარალელების დაძებნა ძალზე საინტერესო იქნებოდა.
იბერიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩენილ ვაზებზე უფრო მეტად ყვავილოვანი ორნამენტებია, ზოგჯერ ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებით. მხატვრულად ძველაზე ფასეულად არჩენისა და ელჩეს იბერიულ ვაზებს თვლიან. ესენი ცილინდრული ან გადაჭრილი კონუსის ფორმის ყვავილოვანი ორნამენტით შემკული ჭერჭლებია. ერთ-ერთ გადაჭრილ კონუსის ფორმის ურნაზე ნადირობის სცენაა (მეომრები დიდი ფარებით ტახებზე ნადირობენ). საყურადღებოა ელჩეს კერამიკის მცენარეული ორნამენტი, კარგადაა გადმოცემული ცხოველთა, ფრინველთა, თევზების ფიგურები; ადამიანთა გამოსახულებები უფრო უხეში ყოფილა; დინამიკურია ირემზე ნადირობის სცენა: შუბებიანი მამაკაცები ირემს მისდევენ. ზეგნებზე აღმოჩენილ თეთრი და წითელი ფერის ვაზებზე მეომრების, მტაცებელი ფრინველების, ცხოველთა, განსაკუთრებით, ცხენებისა და სამკუთხა კუდიანი ფრინველების გამოსახულებებია. ზოგ ნუმაციურ ვაზაზე იბერიული შრიფტის ზოგიერთი ასო ან მთელი წარწერა შემონახულა. ქალაქის რომაულ შრეებში ნაპოვნი კერამიკის ნამსხვრევების რესტავრაციის შედეგად დახვეწილი ამფორები, ცილინდრები და ფიალები მიუღიათ. ერთ-ერთ ვაზაზე ვაზის რტოების ორნამენტი, ასევე გველებისა და მწყემსების გამოსახულებები აღმოჩენილა.
იბერიული ორნამენტის წარმოშობისა და განვითარების საკითხს საკამათოდ თვლიან. „მართალი იქნებოდა მაინც ჩაგვეთვალა, რომ იბერთა კულტურა ავტოხთონური ხასიათისა იყო და ძირითადად ადგილობრივი ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა, რაც არ გამორიცხავს ზოგიერთ გარეშე გავლენასაც“, - წერს ა. მიშულინი. დასავლეთიბერიული კულტურის ნიუანსების, კერძოდ, ორნამენტის საიდუმლოს გარკვევაში ეგებ უძველესი ქართული ორნამენტის გათვალისწინებაც უპრიანი იყოს.
იბერიის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა მადნის მდიდარი საბადოები იყო და, შესაბამისად, მრავალგვარ იარაღსაც ამზადებდნენ. ნაპოვნია ხმლები, ხანჯლები, დანები, ისრები, ფარები, მუზარადები, ცხენის მოსართავები და სხვ. იბერებს ორგვარი ფარი ჰქონიათ: ერთი - მოგრძო, სხეულის ორ მესამედს რომ ფარავდა და მეორე - მრგვალი ფორმისა (7,130).
აღმოჩენილ სამკაულთაგან საყურადღებოა იბერიული დიადემები, ყელსაბამები, ფიბულები, სამაჯურები, ბეჭდები, გულქანდები. განსაკუთრებით სხვადასხვაგამოსახულებიან დიადემებს გამოყოფენ. ვარაუდობენ, რომ თავიანთ სამკაულებს ქალები მსხვერპლად სწირავდნენ.
იბერიული მონეტებიც ინდივიდუალურობით გამორჩეულნი ყოფილან. ადრე, ისევე, როგორც სხვა ხალხები, თურმე დასავლეთის იბერებიც გაცვლის საშუალებად ვერცხლის ან ბრინჯაოს ზოდებს იყენებდნენ, შემდეგ მონეტებიც გაჩნდა. მათგან ყველაზე ძველი ფინიკიური წარმომავლობისაა. ამპურიასში იბერიულწარწერებიანი ვერცხლის მონეტები აღმოუჩენიათ. მრავალი ქალაქის მონეტაზე მამაკაცის თავი იყო გამოსახული, ზოგჯერ ფოთლებიანი გვირგვინით, ზოგჯერ - მუზარადიანი, ზოგჯერ - განსაკუთრებული ვარცხნილობით, რაც მათ ადგილობრივ, იბერიულ წარმოშობაზე მეტყველებს. ადგილობრივ მონეტებზე ხარებისა და მხედრების გამოსახულებებიც გვხვდება. კოლონიზაციის დასაწყისში რომაელები იბერებს საკუთარი ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტების გამოყენების ნებას რთავდნენ. იბერიული მონეტებიც მათი კულტურის თვითმყოფადობაზე მეტყველებს. მათ მონეტის იდეას სხვებისაგან აიღეს, თუმცა თავიანთი შემოქმედებითი ელემენტებიც შეიტანეს (7,136).
რომაელთა ბატონობის ხანაში, ინტენსიური რომანიზაციის მიუხედავად, იბერებს თვითმყოფადობა რელიგიასა და კულტურაში მაინც შეუნარჩუნებიათ. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ამ პერიოდის სამარხებში აღმოჩენილია მეომართა დამახასიათებელი ქანდაკებები, ცხოველთა (ხარების, ტახების, ღორების, ცხენების) სტატუები, ბარელიეფებით შემკული ე.წ. სიპო (კვარცხლბეკი), კლდეზე ამოკვეთილი წარწერები და ნახატები, ბრინჯაოს კერპები, ადამიანთა ფიგურები, რომლებიც რომაულთაგან ძალზე განსხვავებულია (2,52).
იბერებს საკუთარი უძველესი დამწერლობაც ჰქონიათ. წერის მთელი ეს სისტემა 30 ასოს შეიცავს, საიდანაც 25 თანხმოვანია და 5 ხმოვანი. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ იბერიული ანბანი ძვ.წ.-აღ. VIII-VII საუკუნეებში ფინიკიურიდან შეიქმნა, სხვები მის ბერZნულიდან წარმომავლობას უჭერენ მხარს, ევანსი კი მას ბევრი ნიშნით ძველ კრეტულ დამწერლობას უკავშირებს, ზოგი (მაგ., ტეილორი) იმასაც თვლის, რომ იბერიული წერა ადგილობრივი მოვლენაა, წინარეისტორიაში რომ გაუდგამს ფესვები და დაკავშირებულია გეომეტრიულ ნიშნებთან, რაც გამოყენებული იყო წინარეისტორიულ ესპანეთში (11,62). „სამწუხაროდ, იბერიული დამწერლობა იმავე მდგომარეობაშია, როგორც ეტრუსკული. იბერიული ენა, ისევე, როგორც ეტრუსკული, დღემდე გაშიფრული არაა“ (7,137). ჯერ კიდევ სტრაბონს აღუნიშნავს, რომ იბერიული ტომები ენითა და ანბანით განსხვავდებოდნენ. იბერიული დამწერლობა რომაელთა ბატონობის პერიოდში ჯერ კიდევ არსებობდა.
შ. ძიძიგურის ცნობით, ესპანეთში მოპოვებულია 150-მდე იბერიული წარწერა, რომლებიც ქვაზე, ტყავზე, ბრინჯაოს ან ვერცხლის საგნებზეა ამოტვიფრული, ან საღებავით თიხის ჭურჭლებზე ან კედლებზე აღუბეჭდავთ, ზოგიც იბერიულ მონეტებზეა. მათგან უძველესი ძვ.წ.-აღ.-ის V საუკუნით თარიღდება, გვიანდელი რომაელთა ბატონობის ხანას ეკუთვნის (11,61) (1893 წელს აღმოჩენილი იბერიული წარწერები ჰიუბნერს გამოუცია სათაურით „Monumenta linguae Ibericae“ (იბერიული ენის ძეგლები).
იბერიულ წარწერებს მეცნიერები კითხულობენ, თუმცა მათი შინაარსი ძირითადად მიუწვდომელია. მათი ერთენოვნებაც სიძნელეს ქმნის. მხოლოდ ცალკეული სიტყვების, გეოგრაფიული სახელების, ტერმინების გაშიფრვა მოუხერხებიათ. ვარაუდობენ, იბერიული ენის საიდუმლოებებში წვდომას ხელს ისიც უშლის, რომ საბოლოოდ დადგენილი არაა, თუ ეთნიკულად ვინ იყვნენ იბერები. მათი ენის პრობლემას ბასკებთან და ბასკურ ენასთან მიმართებაში განიხილავენ. ეს საკითხი კი უშუალოდ ძველი ესპანეთის ხალხთა ეთნოგენეზის, მათი განვითარების ისტორიულ გზებს უკავშირდება (7,138).
დასავლეთის იბერთა შთამომავლებად დღეს ბასკებს თვლიან. მსოფლიო მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ „ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე, როგორც ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსური და მცირეაზიური კულტურები, ასე რომ, ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირენეებსა და კავკასიაში (საქართველოს სახით)“ (12,28).
ბასკებს შორის თანაარსებობს ორი ანთროპოიდური ტიპი, კრომანიონული და კავკასოიდური, რომელთაგან ერთი უფრო ადრინდელია, მეორე - გვიანდელი. არცერთი მათგანი სრულიად არ არის დამახასიათებელი იმ ხალხისათვის, რომელთა გარემოცვაში ცხოვრობენ ბასკები“ (4,3). იან ბრაუნის მოსაზრებით, „კრომანიონული რასის არსებობა დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში დასტურდება, მაგრამ შემდეგ ის ევროპაში გვიან მოსულ სხვა რასებს წაულეკავთ და დღეისათვის მხოლოდ ნაშთის სახითაა შემორჩენილი“. თანამედროვე ბასკთა სისხლის ანალიზის შედეგად აღმოჩენილა, რომ მათ შორის „ხშირა ნულოვანი (პირველი) ჯგუფი სისხლი და ე.წ. რეზუს-უარყოფითი ფაქტორი, რაც დაახლოებით ასეთივე სიხშირითაა დამახასიათებელი ასევე კოლხეთის მცხოვრებთათვის“ (4,13). მეცნიერის დასკვნით, ლინგვისტური, ანთროპოლოგიური და სეროლოგიის თვალთახედვით, „ბასკებს რაღაც ბუნდოვანი და დღემდე აუხსნელი ანალოგები მოეპოვებათ ევროპის მეორე კიდეში - კავკასიის რეგიონში“, ხოლო ბასკური ენა ერთ-ერთი ყოფილა იმ 14 ენათაგან, რომლებიც ლათინურმა ენამ ვერ წაშალა. ვფიქრობთ, სხვადასხვა დარგის უახლესი სამეცნიერო მიღწევების გამოყენება ამ ურთიერთმიმართებას თანდათან მეტ ნათელს მოჰფენს.
ბოლოს გვინდა შევეხოთ ტარტესის - იბერიული ცივილიზაციის უძველესი ცენტრის საკითხს, რომელიც ლეგენდებისა და თქმულებების ბურუსშია ჩაძირული, მის არსებობას აღიარებენ, მაგრამ ეს ზღაპრული და უმდიდრესი ქალაქი დროისა და სივრცის გარეშე რჩება (7,18). ეს ქალაქი თითქოს ჰომეროსსაც სცოდნია. მისთვის ტარტესი უკიდურეს დასავლეთშია, სადაც, პოეტის სიტყვით, მზის კაშკაშა ნათელი ოკეანეში ეშვება, ნაყოფიერი დაბლობი კი შავ ღამეში იძირება. ტარტესს ეტრუსკების წარმომავლობის საკითხსაც უკავშირებენ, ზოგი - ლეგენდარულ ატლანტიდას (ამ თეორიის მომხრენი იბერთა ფესვებს ზღაპრულ ატლანტიდაშიც ეძებენ). მისი ადგილმდებარეობა უცნობი და მრავალი თაობისათვის საკმათო იყო. ყოველ შემთხვევაში, თუკი მეცნიერები ოდესმე მის აღმოჩენას შეძლებენ, მრავალი საიდუმლო გაიხსნება.
დასასრულ, გვინდა შევნიშნოთ, რომ დასავლეთში არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მოპოვება და მადრიდის, ლუვრის, ბარსელონას, სევილიისა და სხვა მუზეუმებში დაცული არქეოლოგიური და ისტორიული მასალების ადგილზე გაცნობა და ანალიზი აღმოსავლური და დასავლური იბერიული ცივილიზაციების ტიპოლოგიურ კვლევას დიდად შეუწყობს ხელს.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. Р. Гордезиани, Кавказ и пробл. Др. Средиземн.языков и вз.-ний., 1975 г.
2. Р. Алтамира-и-Кревеа. Ист. Испании, I, М., 1951 г. (თარგმანი ესპანურიდან).
3. ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ნაწ. I, 1960 წ.
4. ი. ბრაუნი, ბასკ. შესავალი (ლექც. კურსი), ა. ჩიქობავას წინასიტყვ. და რედაქც., 1984 წ.
5. ვ. გვახარია, ი. ტაბაღუა, ბასკური ხალხური სიმღერები, თბ., 1983 წ.
6. რ. სირაძე, ესპ. ქართველთა უძვ. მოხს. ქართ. მწ. და მისი მნიშვნ., ჟ. მნათობი, 1971, ქ 3.
7. А.В. Мишулин. Античная Испания, М., 1952 г.
8. P. Paris. Essai sur l art et industrie de l Espagne primitive, vv 1-2. p.,1903-1904.
9. Bos - Gimpera. Etnologia de la peninsula Iberica. 1932.
10. J. Melida. Arquelogia Espanola.1929.
11. შ. ძიძიგური. ბასკები და ქართველები, 1982 წ.
12. ზ. გამსახურდია, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. - წიგნში: ზ. გასმსახურდია. წერილები, ესსეები, 1991, გვ. 3-45.
Manana Kvataia
West Iberians Cultural Legacy
(Sources of the Iberian Civilization)
Iberian's problem is usually discussed in the context of the Mediterranean civilization, and the migration of different ethnic groups. Ancient tradition distinguishes the East (Caucasian) and the West (Pyrenean) Iberians. The Georgian translator of VII-IX centuries calls the Pyrenean Iberians „the Georgians of West“. According to Epthime Athoneli they are „the Celt-Georgians of West“. Close study and analyses of linguistic materials and archeological legacy gives some possibility to make important conclusions about the interrelation of the West and East Iberians.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий