четверг, 4 апреля 2013 г.

ეკლესია და სამართალი




ვლადიმერ ნარსია
კარდიფის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის მაგისტრი თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მაგისტრი
საეკლესიო სამართლის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა, დღეს თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის, უდავოდ საინტერესო და სასარგებლო საქმედ მიმაჩნია. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მრევლის მნიშვნელოვანმა ზრდამ და მისი როლის საგრძნობლად გაფართოვებამ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ არენაზედა საჭირო გახადა თავად ეკლესიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების უფრო საფუძვლიანი შესწავლის აუცილებლობა. ეს ნაშრომი პირველი მცდელობაა ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების სფეროში საფუძველი დაედოს საეკლესიო სამართლის საგნის, როგორც საუნივერსიტეტო სასწავლო დისიპლინის დამუშავებას და მის მეცნიერულ შესწავლას. აქ მოკლედ არის განმარტებული საეკლესიო და კანონიკური სამართლის ძირითადი ცნებები და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური განსხვავებები. ასევე საუბარია „იკონომიისა“ და „ეპიტიმიის“ ფუნდამენტალურ მნიშვნელობაზე. ნაშრომი მიზნად ისახავს მკითხველთა ფართო წრისათვის საეკლესიო სამართლის საკითხებში პირველწარმოდგენების შექმნას.
სიტყვა კანონი, <<canon>>, საეკლესიო ტრადიციაში არის რაღაც წესების ან დადგენილებების გამომხატველი ტერმინი. მას ებრაულ-ბერძნული ძირი აქვს და მიგვითითებს ხელჯოხზე ან ლერწამზე, როგორც სწორ და გაუმრუდებელ საგანზე, რომელსაც სახელმძღვანელო დანიშნულება გააჩნია. ამიტომაც დამკვიდრდა იგი საღვთისმეტყველო ტერმინად, მიიჩნევდნენ რა, რომ ნათლად გადმოცემდა წმ. წერილის წიგნების მიზანსა და დანიშნულებას. მე-4 საუკუნიდან ეს ტერმინი გამოიყენებოდა საეკლესიო კრებათა დადგენილებების აღმნიშვნელ ტერმინად, საპირისპიროდ ბერძნული სიტყვისა <<nomoi>> რაც მიუთითებდა ბრძანებულებებზე, რომლებიც გამოიცემოდა საერო ხელისუფლების მიერ. სწორედ აქედან წარმოიშვა ტერმინი <<Nomocanon>> რაც გულისხმობს საეკლესიო და საერო კანონების ერთად შეკრებილ კოდექსთა წიგნს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, საეკლესიო პრაკტიკაში ტერმინ კანონს განსხვავებული შინაარსობრივი დატვრთვაც გააჩნია. მაგალითად: წმინდანების კანონი-ზაცია, ან ლიტურგიკული მსახურების - კანონები ანუ, იგივე მუხლები. დასავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში მას კიდევ ერთი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება, როგორც ზედწოდება სამღვდელო პირთათვის და მიუთითებს მათ აღმატებულ იერარქიულ ხარისხზე.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, საეკლესიო ნორმებისა და დადგენილებების აღმნიშვნელ ტერმინად ასევე გამოიყენებოდა შემდეგი სიტყვები: canones; ordo canonicus; sanctio canonica და jus canonicum. ტერმინი <<jus canonicum>>, ანუ იგივე <<canon law>>, საეკლესიო სამართლის სივრცეში მხოლოდ მე12 საუკუნის დასაწყისში ჩნდება და იგი გამოიყენება სამოქალაქო კანონების <<juris civilis>> საპირისპირო ცნების აღმნიშვნელ ტერმინად. ზემოთქმულის კვალობაზე დღესაც საინტერესოა ტერმინების „Canon law” და „Ecclesiastical law“ შედარებითი განმარტება. ისინი თითქოს მსგავსი ცნებებია, ვინაიდან ორივე ეკლესიასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს არეგულირებენ, მაგრამ მათ შორის არსებობს საყურადღებო განსხვავება. კერძოდ, ძველ რომში „Ecclesiastical law” საეკლესიო სამართლის მხოლოდ იმ ნორმების ერთობლიობას წარმოადგენდა, რომლებიც რომაული სამართლიდან იყო შესული საეკლესიო სამართალში. ამიტომ, ამ ნორმათა ავტორები შესაძლოა იმპერატორები ან სხვა მაღალი რანგის საერო პირებიც ყოფილიყვნენ. შესაბამისად, დღემდე ამ ტერმინის მიღმა მოიაზრება ის კანონები რომლებიც იქმნება საერო ხელისუფლების (სახელმწიფოს) მიერ ეკლესიისათვის. მაშინ როცა, „Canon law“ გულისხმობს მხოლოდ იმ ნორმატიულ დადგენილებებს რომლებიც იქმნება საეკლესიო იერარქთა მიერ ეკლესიის შიდასაორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებისათვის და ეყრდნობა როგორც საუფლო (საღვთო) კანონებს ასევე წმ. მამათა (ბუნებით) კანონიკურ სწავლებებს. გარდა ამ განსხვავებისა საერო და საეკლესიო, ე.წ. წმ. კანონებს შორის არსებობს უფრო საყურადღებო განსხვავებაც და ეს მდგომარეობს შემდეგში
1. წყარო - საეკლესიო კანონების წყაროა ღვთის ნება.
2. მიზანი - საეკლესიო კანონების მიზანია ადამიანთა სულების ხსნა.
3. დრო - საეკლესო კანონის მოქმედება დროში უსაზღვროა, რადგან საეკლესიო კანონებს მარადიული დანიშნულება გააჩნიათ.
4. ადგილი - საეკლესიო კანონები არაამქვეყნიურია, ვინაიდან ეკლესია უნივერსალურია
კანონიკური სამართალი იმ სამრთლებრივი ნორმების ერთობლიობაა რომელიც მიიღება უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ორგანოების მიერ და ხელს უწყობს საეკლესიო ცხოვრების სწორ მართვასა და რეგულირებას. მისი მიზანია მორწმუნე საზოგადოების კეთილი მეგზურობა სულის ცხონების გზაზე და ეკლესიაში საღვთისმეტყველო და დოგმატური საკითხების ურყევი დაცვა. ამიტომაც, კანონიკური სამართლის სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის მორწმუნე მრევლი - ქრისტეს სამწყსო, ხოლო ობიექტად კი თავად ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიური სხეული. მაშასადამე, კანონიკური სამართალი საკმაოდ რთული მეცნიერებაა, გზაგასაყარია ადამიანურსა და ღვთაებრივს, შექმნილსა და შეუქმნელს შორის.
ვინაიდან ეკლესიის უპირველესი მიზანი ადამიანთა სულების ცხონებაა, ამიტომაც მის წიაღში მუდმივად ხდება ისეთი წესებისა და კანონების შემუშავება რომლებიც, როგორც დამხმარე საშვალება, უზრუნველყოფს ეკლესიისათვის ამ მისიის აღსრულების ხელშეწყობას. რადგან ეკლესია სიმბოლოა ადამინაურისა და ღვაებრივის თანაარსებობისა, მას როგორც ადამიანებისაგან შემდგარ ინსტიტუტეს აუცილებლად ესაჭიროება კანონები მის შიდა და გარე სამართლებრივი ურთიერთობების სწორი მართვისა და რეგულირებისათვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საშუალებების გამოყენებით ეკლესიაში რწმენის ან მისტიურობის ხარისხი მცირდება, არამედ ამ წესებითა და კანონებით უფრო შესაძლებელი ხდება ეკლესიის დანიშნულებისა და მისი უნივერსალური მისიის აღსრულება დედამიწაზე.
კანონიკური სამართლის წარმოშობის პირველსაფუძვლად ახალი აღთქმა უნდა მივიჩნიოთ, იმდენად რამდენადაც მაცხოვრის თუ სამოციქულო ეპისტოლარული ჟანრის სამოძღვრო ხასიათი მკაფიოდ მიუთითებს გარკვეული ნორმებისა და დადგენილილებების პირველწანამძღვრების შექმნაზე. მართალია ამ ნორმების დახვეწა, მათი მეცნიერების სტატუსამდე აყვანა და სისტემატიზაცია მოგვიანებით მოხდა, მაგრამ მისი სათავეები უდაოდ ახალაღთქმისეულ ეპოქას უკავშირდება. აქ საკმარისია გავიხსენოთ მოციქულთა ეპისტოლეებში ფორმულირებული სხვადასხვა სახის საეკლესიო სანქციები, ან თუნდაც მორალურ-სამართლებრივი ხასიათის დისიპლინარული ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა ახლადჩამოყალიბებულ ქრისტიანულ თემებში საეკლესიო წესრიგის შექმნას. კანონიკური სამართლის ახალაღთქმისეულ წარმოშობაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ მაცხოვნებელი სარწმუნოების ქადაგების უფლება იესო ქრისტემ საკუთარ მოციქულებს გადასცა, როგორც ამ მოძღვრებაში უშუალოდ განსწავლულებს და არა მათ ვისაც ამის სურვილი გაუჩნდებოდა. ეს ფაქტიც წესრიგისა და დისიპლინის გარკვეული დემონსტრირებაა. გარდა ამისა, ეკლესიის ისტორია მოწმობს, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში აღმოსავლეთ ქრისტიანული თემები ქმნიდნენ საეკლესიო კანონიკურ კრებულებს. პირველი ასეთი კრებული ცნობილია დიდაქეს სახელით. იგი მოციქულთა სწავლებებზე დაყრდნობით შესანიშნავი ილუსტრაციაა ეკლესიაში ლიტურგიკული წესების, მარხვისა და სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოებების პირველადი კანონიკური სახის განსაზღვრებისათვის.
მოგვიანებით, მე-2 მე-3 საუკენეებიდან, საეკლესიო პრაქტიკაში უფრო მკაფიოდ იკვეთება შიდა საეკლესიო ურთიერთობების სამართლებრივი მეთოდებით რეგულირების აუცილებლობა. ამაზე მოწმობს ამ ეპოქაში შექმნილი კანონიკური სამართლის კრებული, რომელიც იპოლიტე რომაელის სახელს უკავშირდება. მისი ადრესატი რომის ქრისტიანული თემია. აქ მითითებულია კანონიკური წესების დაცვის შესახებ ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკონის კურთხევის აღსრულების დროს. ასევე, წესები ნათლობის საიდუმლოს შესრულების შესახებ. ამ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურებაა 220-230 წლებში, კართაგენში მოწვეული საეკლესიო კრება. კიპრიანე კართაგენელის მოწმობით ამ კრებაზე განხილული იქნა ნათლობის საიდუმლოს წესებთან დაკავშირებული საკითხები. 251 წელს, ამავე წმინდანის მიერ მოწვეულ იქნა კიდევ ერთი საეკლესიო კრება რომელმაც განიხილა იმ ადამიანთა ეკლესიასთან შერიგების საკითხი ვინც დევნის გამო განუდგნენ საკუთარ სარწმუნოებას. ასევე, წმ. კვიპრიანეს სახელს უკავშირდება პაპ სტეფანესთან კამათი იმასთან დაკავშირებით, კანონიერია თუ არა ერეტიკოსების მიერ აღსრულებული ნათლობა და ა. შ. ოდნავ მოგვიანებით კი ვხვდებით უცნობი ავტორის მიერ შედგენილ კანონიკურ-სამოძღვრო კრებულს „დიდასკალია.“ მე-4 საუკუნიდან კი მათ სიას შეემატა ათეულობით ადგილობრივი და მსოფლიო საეკლესიო კრებების ნორმატიული დადგენილებები და კანონიკური ხასიათის ეპისტოლეები. აღსანიშნავია, რომ თვისობრივად ისინი ყველა აღბეჭდილია ერთი საერთო ნიშნით და შექმნილია წმ. წერილისა და წმ.მამათა სწავლებებზე დაყრდნობით. ამიტომაც, ეს დადგენილებები მართლმადიდებელ ეკლესიაში დღემდე ინარჩუნებენ კანონიკური და სამართლებრივი ნორმების ავტორიტეტსა და სტატუსს.
IV-V საუკუნეებიდან საეკლესიო სამართლის მეტად დახვეწისა და გაფართოების კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რომის სახელმწიფოს მიერ გამოცემული კანონები, რომლებიც, გარდა ეკლესიის სახელმწიფოსთან ურთიერთობისა ასევე, უშუალოდ ეკლესიის შიდასაორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას უწყობდა ხელს. ამაზე მოწმობს იუსტინიანეს კოდექსის 41 საიმპერატორო სტატუტები, რომლებიც აწესრიგებდნენ საეკლესიო სამართლის საკითხებს. ამ კუთხით საინტერესოა თეოდორე დიდის კოდექსი და კონსტანტინე დიდის საიმპერატორო კანონები. აქ არ ვაპირებ დაწვრილებით აღვწერო საეკლესიო სამართლის მეცნიერების დახვეწისა და განვითარე-ბისა ეს მეტად საინტერესო ისტორიული მსვლელობა, მაგრამ ორიოდე სიტყვით მსურს აღვნიშნო, რომ ლათინურ დასავლეთში, მე-5 საუკუნის შემდეგ, საეკლესიო კანონების გამოცემის ინიციატივა თავად ეკლესიამ აიღო ხელში და ამ პროცესებმა სახელმწიფოდან თანდათანობით ეკლესიაში გადაინაცვლა. აღმოსავლეთში კი რადიკალურად განსხვავებული სურათია კონსტანტინოპოლის დაცემამდე, 1453 წლამდე, სადაც სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვან გავლენებს ინარჩუნებს შიდასაეკლესიო საკითხების მართვა-გამგეობის სფეროში.
დასავლურ-კათოლიკური სამართლისაგან განსხვავებით, მართლმადიდებელ საეკლესიო სამართალში სამართლის ნორმების კოდიფიკაცია არასოდეს მომხდარა. მართალია, ბერძნული ნომოკანონი, იგივე „პედალიონი“, მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული კანონების კომპილაციის გზით შეიქმნა, მაგრამ იგი არ არის სისტემურად გადამუშავებული ნორმატიულ აქტთა კრებული, სადაც კანონები დალაგებულია შინაარსის, აღწერილობისა და დანიშნულების მიხედვით. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და ხაზგასასმელია, რომ მას ორი ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობა ახლავს:
1. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურულ ერთობას განაპირობებს დამოუკიდებელად მართვადი სხვადასხვა ავტოკეფალური და ავტონომიური ეკლესიები, ამიტომ შეუძლებელია შეიქმნას ისეთი უნივრსალური ნორმატიულ აქტთა სისტემა, რომელიც თანაბრად გაითვალისწინებს ამ ეკლესიების განსხვავებულ ტრადიციებსა და ეთნო-კულტურულ თავისებურებებს. ამ მოსაზრებას ამყარებს და საეკლესიო ტრადიციების დაცვის მიზანშეწონილობაზე მოწმობს მე-6 მსოფლიო კრების 39-ე კანონი: „...თითოეული ეკლესიის ტრადიციებისა და წესების უცვლელად დაცვა სათნოდ მიაჩნიათ წმ. მამებს...“ სწორედ ამ დებულების თანახმად მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე ერთგულებს მის წიაღში დამკვიდრებულ ტრადიციებს. თუმცაღა, მათი დაკანონება ყოველთვის განსაკუთრებული დაფიქრებისა და განსჯის საგანია ეკლესიისათვის. ტრადიცა მხოლოდ მაშინ არის აღიარებული ეკლესიის მიერ თუ ის შეესაბამება წმ. წერილსა და საეკლესიო დოგმატებს; არ ეწინააღმდეგება წმ. მამათა კანონიკურ სწავლებებს; და გააჩნა ეკლესიაში არსებობის ხანგრძლივი და მყარი პრაქტიკა. მაშასადამე, ზემორემსჯელობა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო კანონიების კოდიფიკაციას ხელს უშლის ავტოკეფალური ეკლესიების ტრადიციების მრავალფეროვნება და მათი განსხვავებული ეთნო-კულტურული თავისებურებები.
2. საპირისპიროდ ტრადიციული თეზისა, მართლმადიდებლური საეკლესიო კანონების კოდიფიკაციასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს. იგი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული კანონების წყარო და საფუძველი ერთია და ეს არის ღვთის ნება, ამიტომაც ავტოკეფალური ეკლესიების მრავალფეროვნება არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას საეკლესიო სამართლის ნორმების კოდიფიკაციისათვის. პატრიარქი ამბობს, რომ ”მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა ერთობა ფედერაციული გაერთიანება არ არის, არამედ იგი მოწმობს ამ ეკლესიების რწმენისა და დოგმატების მსგავსების აღიარებზე. მათი ერთობა განუყოფელია ქრისტეში და თითოეული მათგანი ამ ერთობისა და განუყოფლობის გამოხატულებაა დედამიწის სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში”. პატრიარქი არ ეწინააღმდეგება ავტოკეფალური ეკლესიების ტრადიციების მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის აუცილებლობას, მაგრამ იძლევა საფუძვლიან განმარტებას, რომ ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიის კანონათა წყარო ერთია - და ეს არის ღვითის ნება, ამიტომ შესაძლებელია მათ კოდიფიკაცია.
კანონიკური სამართალი, გარდა უცვლელი დოგმატური დადგენილებებისა, ასევე მოიცავს საეკლესიო დისიპლინარული ხასითის ნორმატიულ აქტებს. ეს უკანასკნელი შესაძლებელია შეიცვალოს დროისა და ცვალებადი ისტორიული გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ის არ გასცდება მაცხოვნებელი მოძღვრების ჭეშმარიტ პრინციპებს. პროფესორი ნიკოლოზ ათანასიევი განმარტავს, რომ: „წმინდა კანონები საეკლესიო დოგმების ინტერპრეტირებული სახეა ეკლესიის ისტორიული ყოფიერების გარკვეული მომენტისათვის... ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოსცემენ საეკლესიო მოძღვრებას, მაგრამ უმეტესად გადმოსცემენ ამ სიზუსტეს თუ ისინი შეესაბამებიან კონკრეტულ ისტორიულ რეალობას, მაცხოვნებელი მოძღვრების სრული დაცვითა და გათვალისწინებით.“ საეკლესიო კანონის ამგვარი ფორმულირება გვაძლევს საშვალებას ვთქვათ, რომ წმ. კაონების უმთავრესი სოტეოროლოგიური დანიშნულება მხოლოდ მაშინ აღსრულდება თუ ის გაითვალისწინებს კონკრეტული დროისა და ისტორიული რეალობისათვის დამახასიათებელ მოთხოვნებს ჭეშმარიტ დოგმატურ სწავლებებთან მიმართებაში. სწორედ ამ პრინციპების დაცვით კანონიკურ სამართალში კანონით დადგენილი წესებიდან განსაზღვრულ გადახვევას ”იკონომია” - ანუ განგებულება ეწოდება. ამ სამართლებრივი მოქმედების აღსრულების უფლებამოსილება ეკლესიაში მხოლოდ უმაღლეს იერარქიულ ხელისუფლებას გააჩნია. მისი გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ადამიანური სისუსტეებისადმი თანაგრძნობა. ამგვარი თანაგრძნობა გამართლებულია ეკლესიის მგზნებარე სურვილით რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი არასასურველი შედეგი რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კანონის მკაცრი და უკომპრომისო მიდგომებით. გამონაკლისად ჩაითვლება ისეთი შემთხვევები როცა კანონის მოთხოვნის ზედმიწევნითი აღსრულება უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის სულიერი კეთილდღეობისათვის ვიდრე ამ კანონისაგან განსაზღვრული გადახვევა. „იკონომია“ არ დაიშვება ისეთ დადგნილებებზე რომელთაც საკლესიო-დოგმატური მნიშვნელობა გააჩნიათ. იგი ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი მოქმედებაა და მისი პრეცენდენტად გამოყენება დაუშვებელია.
საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრებული წსების თანახმად „იკონომიის“ გამოყენება დაუშვებელია საკითხის წინასწარ განხილვისა და კრებითი მსჯელობის გარეშე. ამ მოქმედების პრეროგატივა ეკლესიაში საეკლესიო კრებას - წმ. სყნოდს გააჩნია. თუმცაღა, ეს უფლება გამონაკლის შემთხვევბში შესაძლოა გადაეცეს წმ. სინოდის ერთ რომელიმე ეპისკოპოსს, კრების საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე. „იკონომია“ დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა მიიღწევა ამ სამართლებრივი მოქმედებით გათვალისწინებული შედეგი.
საეკლესიო დისიპილნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია „ეპიტიმია“. მისი დადგენა ხდება მოძღვრის მიერ, მონანულის აღსარების შემდგომ. ”ეპიტიმია” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს აკრძალვას. იგი გულისხმობს სხვადასხვა სახის საეკლესიო დისიპლინარული ხასიათის სასჯელებს, მაგალითად: მარხვის დადგენა; მეტანიების შესრულება; დამატებითი ლოცვების შესრულება; განსაზღვრული დროით ზიარებისაგან თავის შეკავება და სხვა. საეკლესიო დისიპლინარული სასჯელები სამოძღვრო-პედაგოგიური ხასიათისაა და იგი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო სასჯელების დანიშნულებისა და მიზნებისაგან. „ეპიტიმია“ არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც სანაცვლო მისაგებელი ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავის დასჯის მიზნით, არამედ მისი მიზანია მონანულის სულიერი კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მას აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია.
აქ განხილული საკითხების მოკლე რეტროსპექტივა შეიძლება ჩაითვალოს დამხმარე წანამძღვრებად ამ თემატიკის მომავალში უფრო სიღრმისეული სამეცნიერო შესწავლისა და ანალიზისათვის. მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული საკითხების შემდგომი კვლევა-ძიებაც კეთილად დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს ამ მიმართულებით უფრო ნათელი სამეცნიერო ორიენტირების გამოკვეთაში.
         
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
1. Spiritual Dimensions of the Holy Canons. by Lewis J. Patsavos. Edt. Holy Cross Orthodox Press. 2003.
2. A Common Code for the Orthodox Churches. Kanon I [Vienna, 1973]
3. The Canons of the Church: Changeable or Unchangeable? edt: St. Vladimir's Theological Quarterly 11(1967).
4. The Rudder. (Pedalion) by D. Cummings. 1908
5. დიდი სჯულისკანონი. ე. გაბიძაშვილი. გამომცემლობა „მეცნიერება“. 1975
6. მცირე სჯულისკანონი. ე. ჭელიძე. თბილისი. 2003.
რეზიუმე
ეკლესია და სამართალი
ვლადიმერ ნარსია
ამ სტატიაში მოკლედ არის განხილული კანონიკური სამართლის ძირითადი პრინციპები. აქ საუბარია ეკლესიასა და სამართლის ურთიერთობის პირველსაფუძვლებზე და კანონიკური სამართლის წარმოშობაზე, განმარტებულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტერმინი და ხაზგასმულია „იკონომიისა“ და „ეპიტემიის“ ცნებების ფუნდამენტალური მნიშვლეობის შესახებ. ასევე, გამიჯნულია ტერმინები `საეკლესიო სამართალი“ და „კანონიკური სამართალი“ და მითითებულია მათ შიგთავსებზე და არსებით განსხვავებეზე.
აღნიშნული თემატიკის განხილვა და მისი სამეცნიერო შესწავლა თამამად შეიძლება ჩაითვალოს სრულიად ინოვაციურ წამოწყებად ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების სფეროში ახალი მიმართულების დანერგვის კუთხით. შესაბამისად, ამ ნაშრომის მიზანია კანონიკური და საეკლესიო სამართლის სფეროში მკითხველისათვის პირველწარმოდგენების შექმნა და დამხმარე წანამძღვრების დადგენა მომავალში ამ თემატიკის უფრო სიღრმისეული ანალიზისათვის და ქართული საეკლესიო სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის.
SUMMARY
CHURCH AND LAW
VLADIMER NARSIA
Here is briefly described the basic principles of Canon Law. This essay considers the fundamentals of the relationship of Church and Law, as well as the origin of Canon Law study from its historical perspective. Besides that, fundamental concept of „economy“ [“oikonomy”, i.e. “dispensation”] and „epitimia“ are highlighted alongside with the term - „Ecclesiastical Law“ and „Canon Law“, where differences of their inner concept and essentials are reviewed.
Discussing the subject on its scientific level can be freely considered to be an innovative enterprise that will introduce new direction in the Georgian humanitarian scholarly filed. Consequently, the purpose of this work is to give the interested reader initial perceptions about „Canon Law“ and „Ecclesiastical law“ and to create conditions for far-reaching analysis of this topic and to promoting studies in the field of Georgian Orthodox Canon Law.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий