ქრისტიანობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ძველმა ანტიკურმა სამყარომ განვლო განვითარების გრძელი გზა კულტურული ცხოვრების ყველა განხრით. ყველა ეს მიმართულება დაკავშირებული იყო რელიგიურ წარმოდგენებთან და განმსჭვალული იყო წარმართული ელემენტებით. კლასიკური ხელოვნებაც მხატვრულ ფორმებს, ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, მაშინდელი მსოფლაღქმის ფორმებში გამოხატავდა და ანტიკური მითოლოგიის წარმოდგენებში ასახავდა. ხელოვნება კი სავსე იყო მითოლოგიური წარმოდგენებით. კლასიკურ მხატვრულ ხელოვნებას არ შეეძლო უარი ეთქვა მათზე თავის ქმნილებაში. ასეთი ხასიათით გვევლინებოდნენ არა მარტო ღმერთებისა და გმირების ესა თუ ის გამოსახულებები, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრების ამსახველი ამბები და ბუნებრივი მოვლენები.
ანტიკურ სამყაროში არც ერთი ერი არ ფლობდა ისეთ მხატვრულ ინტუიციას და ხელოვნება არსად არ იკავებდა ისეთ გამოსაჩენ მდგომარეობას ადამიანთა ცხოვრებაში და რელიგიურ გარემოში, როგორც საბერძნეთში. თვით ბერძნების რელიგია საკუთარი ღმერთების სახეებით სხვა არაფერი იყო, თუ არა ესთეტიკური ანთროფომორფიზმის კულტი, ამიტომაც, ის მხატვრული ფორმა, რომელშიც იძერწებოდა ბერძენთა რელიგიური წარმოდგენები, მათ სარწმუნოებაში შეერწყა მის შინაარსს და ასაზრდოებდა რელიგიურ გრძნობას, უფრო სწორად დოგმატურ ფორმულებს და თეორიულ წესებს.
რომაელები ესესხნენ ეტრუსკებს კოსმოგონიას და მითოლოგიას, ხოლო შემდეგ, როცა უშუალოდ შევიდნენ ბერძნებთან კონტაქტში, გაითავისეს ბერძნული რელიგიის ესთეტიკური გარსი და მისი მხატვრული ფორმები. მხატვრების და განსაკუთრებით ფერმწერების უმეტესობა, რომლებიც რომში მუშაობდნენ, პირველად იყვნენ ბერძნები ან ის რომაელები, რომლებმაც განათლება მიიღეს ბერძნულ სკოლაში. შესაბამისად, მათი შემოქმედების სიუჟეტების უმრავლესობა ელინური მითოლოგიიდან იყო აღებული. მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მოგვიანებით ძველი რელიგიის დაკნინების და რომაული საზოგადოების ზნეობრივი დაცემის შედეგად დადგა პერიოდი, როდესაც რომის საზოგადოება მორალური დეფიციტის არსებობას განიცდიდა, რის შედეგადაც არ არის გასაკვირი, რომ ხელოვნებამ მიიღო მცდარი მიმართულება, შეიმუშავა ისეთი მოტივები, რომლებიც თანაეწყობოდა იმდროინდელ თავისუფალ ზნეობას. მაგალითად, არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ იმპერიის დროის ფერწერა გარკვეულ სიუჟეტებს ანიჭებდა უპირატესობას და საერთოდ არ ეხებოდა იმ მითებსა და ლეგენდებს, რომლებიც თავის თავში რაიმე სერიოზულს და მნიშვნელოვანს შეიცავდა, კერძოდ, რაიმე ფილოსოფიურ აზრს, რელიგიურ ან მორალურ ჭეშმარიტებას. რწმენისაგან გამდგარ და მორალურად გარყვნილ საზოგადოებას ანტიკურ მითოლოგიასა და ლეგენდებში მოსწონდათ პიკანტური სცენები. საზოგადოება ინტერესდებოდა მითებით, რომლებშიც მოთხორბილი იყო ოლიმპოს ღმერთების სიყვარულისა და სასიყვარულო ურთიერთობების, მათი თავგადასავლებისა და სხვა სისუსტეების შესახებ (8, 89-91, 95-98).
ზოგადად, ასეთ მდგომარეობაში დახვდა ქრისტიანობას ანტიკური სამყარო, თავისი, შეიძლება გარეგნულად მომხიბლავი, მაგრამ შინაგანად მსუბუქი და გამოფიტული ხელოვნებით, რომელიც წარმართულ რელიგიას ემსახურებოდა. ცხადია, რომ ქრისტიანობა ვერ შეეგუებოდა ბერძნულ-რომაული ხელოვნების ამგვარ მიმართულებას და საკუთარი (ქრისტიანობის) წარმომადგენლების სახით ჩაუდგა მას ოპოზიციაში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იუდაიზმიც, რომელიც ქრისტიანობასთან ახლო დოგმატურ და ლიტურგიკულ ურთიერთობაში იყო და საიდანაც გამოვიდნენ ქრისტიანობის პირველი მიმდევრები, ასეთივე აზრის იყვნენ ანტიკური ხელოვნებისადმი. კერპთაყვანისმცებლობისაგან თავის არიდებას, ღმერთის, როგორც აბსოლუტური არსების გამოსახვის აკრძალვას, ქადაგებდა ებრაელების ძველაღთქმისეული რელიგია თავისი მცნებით: „არ შექმნა კერპი და არც მისი მსგავსი“ (გამოსვლათა 20:4; II რჯული 5:8). ეს მცნება კრძალავდა ღმერთის წარმოდგენას რაიმე ხილული სახით.
ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში, როდესაც წარმართობისამდი შეუწყნარებლობა ვლინდებოდა უხეში პროტესტის ფორმით და როდესაც რელიგიური ანტაგონიზმი ხელს უშილდა ახალი რელიგიური საზოგადოების წრეებს გაევლოთ ზღვარი ხელოვნებასა და იმ წარმოდგენებს შორის რომელთანაც იგი იყო კავშირში წარმართ მსოფლიოში, ქრისტიანებში გაჩნდა პარტია, რომელსაც კლასიკური ხელოვნებისადმი ისეთი მტრული დამოკიდებულება გააჩნდა, რომ გაცხარებული პოლემიკისას მზად იყო უარეყო თვით იდეა ხელოვნების არსებობისა ქრისტიანობაში. ამ მკაცრი ანტიმხატვრული პარტიის წარმომადგენელი იყო ტერტულიანე. მისი გაგებით, ხელოვნება საიდუმლო კერპთაყვანისმცებლობაა და ისინი, ვინც უძღვებიან მას - ესენი იქნებიან მოქანდაკეები, მძერწავები, ფერმწერები თუ მეჩუქურთმეები - ემსახურებიან ეშმაკისეულ ძალებსა და ავრცელებენ წარმართობის ინტერესებს. ყოველგვარი ხელოვნება, რომელიც ქმნის კერპს, რა სახისაც უნდა იყოს იგი, ხდება კერპთაყვანისმცემლობის მოთავე, მნიშვნელობა არა აქვს, გამოსახულება გამოდის მძერწავის, მოქანდაკის თუ მკერავის ხელიდან და კერპი შექმნილია თაბაშირისგან, ქვისგან, სპილენძისგან, ვერცხლისგან თუ ძაფისგან. სულ ერთია, რისგანაა კერპი შექმნილი, რადგან არა მატერიაშია საქმე, არამედ მის ფორმაში, იმაში რასაც უწოდებენ სიტყვას eidoz Eidwlon კნინობითი ფორმიდან, რაც ბერძნულად ნიშნავს ფორმას (სახეს, გამოსახულებას, ხატებას) (Тертуллиан. Об идолопоклонстве. 1, 4-5).
ტერტულიანეს დროინდელი და მოგვიანო პერიოდის ქრისტიანობის აპოლოგეტები მართალია არ იზიარებდენ მის უკიდურეს შეხედულებებს და მძაფრ განსჯას ხელოვნებაზე, მაგრამ იმავდროულად შორს იყვნენ ქრისტიანების მიერ წმინდა გამოსახულებების გამოყენებისგან.
საერო ხელოვნებისადმი ქრისტიანი აპოლოგეტების არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების მიზეზი, უდავოდ წარმართულ სამყაროში ხელოვნების ადამიანურ ვნებებზე ორიენტირებული მიდრეკილებების საკულტო მსახურებაში რეალიზაციით და შერწყმით იყო განპირობებული. მხატვართაგან ვინც კი ამ საქმით იყო დაკავებული, აუცილებლად მიეკუთვნებოდა ანტიკურ სკოლას და ხელმძღვანელობდა მათი ნიმუშებით. შესაბამისად, მათ ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს სიუჟეტების გამოსახვის დამოუკიდებელი ფორმის გამომუშავება, რაც გაახმოვანეს არა ბოროტი მიზნით, არამედ იმ პერიოდისათვის შესაბამისი ხერხების არ ცოდნის გამო. რელიგიური მრწამსის შეცვლის შემდეგ, ისინი აღმოჩნდნენ უძლურნი, შეეცვალათ მხატვრული სტილი, დაშორებოდნენ საუკუნოვან მოძღვრებას და დამდგარიყვნენ ბიბლიური და სახარებისეული სიუჟეტების შინაარსის დონეზე. ასეთ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ ქრისტიანული გამოსახულება კეთილი მოძღვრისა, ჰგავდა ანტიკური მხატვრების ჟანრის ნახატებს, რომლებსაც სცენაზე გამოჰყავდათ მწყემსები ცხვრის ფარით გარშემორტყმული და კრავებით მხრებზე; მოციქულები და წინასწარმეტყველები გამოსახულნი იყვნენ რომის სამყაროს პატივდებულ მსახურთა ატრიბუტებით, ხოლო ახალი რელიგიური იდეები ხშირად გამოიხატებოდნენ წარმართული წარმომავლობის სიმბოლოებით.
შედარებით გვიანდელ პერიოდშიც კი მხატვრები ცდილობდნენ ქრისტე, ანტიკური ზევსის სახით გამოესახათ. თუ გამოხატვის მსგავსი ხერხი იყო დაშვებული კატაკომბების კედლებზე, ქრისტიანულ სამარხებზე, რომელნიც სავარაუდოდ კლირიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაღა უნდა ვთქვათ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ყოფაში მათ ხშირ გამოყენებაზე, სადაც ეს ზედამხედველობა ვერ აღწევდა. სადაც ხელოვნების საგნებს ძირითადად ჰქონდათ დეკორატიული დანიშნულება. ამიტომაც უშვებდნენ მეტ თავისუფლებას შესრულებაში და ისინი მისაღები იყო ნაკლები გარჩევითა და შეფასებით.
ქრისტიანობას არ შეიძლებოდა დიდხანს ჰქონოდა ნეგატიური დამოკიდებულება წარმართულ (ანტიკურ) ხელოვნებაზე, მათ, რელიგიურ მოტივებთან დაკავშირებითაც, თუ არ ჩავთვლით ტერტულიანეს მკვეთრ უარყოფით შეხედულებას წარმართული ხელოვნებისადმი, მაშინ დავინახავთ, რომ ხელოვნება ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილია არა არსობრივად, არამედ, იგი წარმართობამ თავის იარაღად გამოიყენა, საკუთარი რელიგიური იდეების გავრცელების საუკეთესო საშუალებად. ხელოვნების ამგვარი გააზრება უკვე მისაღები გახდა და IV-V საუკუნეების ეკლესიის მამები უკვე იცავდნენ ქრისტიანობის სასარგებლოდ ხელოვნების გამოყენების იდეას.
სამწუხაროდ, ტერტულიანემ და ქრისტიანობის სხვა აპოლოგეტებმა, არ განავრცეს თავიანთ ნაწარმოებებში ამგვარი დამოკიდებულება, რის მიზეზადაც გვევლინება ის ფაქტი, რომ წარმართებთან დაპირისპირებულნი იყვნენ და ამაში ხელოვნების პროპაგანდის ძლიერ იარაღს ხედავდნენ, შესაბამისად, როდესაც ხელოვნების ძეგლებს უყურებდნენ, ისტორიულ ღირებულებების თვალსაზრისით ბჭობდნენ სრულიად განსხვავებულად. აქ ისინი აღმოჩნდნენ ხელოვნების მცოდნეებად და შემფასებლებად. მათ გამორჩეული ინტერესით შეაქვთ თავიანთი ტრაქტატების ფურცლებზე ანტიკური პლასტიკის მრავალი ქმნილება, დეტალურად აღწერენ და უნებლიედ თაყვანს სცემენ ამ ულამაზეს მხატვრულ ნიმუშებს. მიუხედავად გარეგნულად წარმოჩენილი ანტაგონიზმისა, ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მწერლებმა, კლასიკური ხელოვნების ისტორიას მისცეს მნიშვნელოვანი სარგებლობა, რამეთუ შეისწავლეს მისი მრავალი ღირსშესანიშნავი ძეგლი და ახსნეს მათი შინაგანი აზრი.
კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელიც ასწავლიდა ღვთის მიმართ სულიერ თაყვანისცემას, როგორც კლასიკური კულტურის ღრმა მცოდნე, იცავდა ქრისტიანებს წარმართული კერპთაყვანისმცებლობისა და ანტიკური კულტურის ზნეობრივი ზემოქმედებისაგან, არ იყო რა ამ უკანასკნელის მოწინააღმდეგე „ხელოვნება იმსახურებს ქებას და პატივისცემას“ (Климент. Увещание к эллинам, 5,7) - მაგრამ იგი არ უნდა შეაფასო ჭეშმარიტების დონეზე, აღნიშნავდა კლიმენტი ალექსანდრიელი. მას შეეძლო გაეგო თანამედროვე მხატვრობა და თავის თანამედროვეებთან ერთად აძლევდა ღირსეულ შეფასებას გამოჩენილ ხელოვანთა (აპულეიუსის, სკოპასის პრაქსიტელის) ნამუშევრებს. ეს არის მიზეზი იმ წინააღმდეგობისა, რომელშიც აღმოჩნდნენ ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული მკაცრი შეხედულებები; ცოცხალ გარემოსა და ქრისტიანთა შორის მხატვრული შემოქმედების არსებულ ცდებთან შეჯახებისას. ამ წინააღმდეგობათა შესამსუბუქებლად, შუამავალ იარაღად შეიქმნა ის ნეიტრალური ნიადაგი, რომელზეც უფრო ადვილად შეიძლება ქრისტიანული წესის წარმართულ მიმდევრების თანაცხოვრება. ასეთ წრედ პირველად მოგვევლინა ქრისტიანთა ოჯახური ცხოვრება, სადაც ხელოვნების საგნები წარმოდგენილი იყვნენ ცხოვრებისეულ გარემოებების ხარისხში და როგორც თავისებური სახის უმნიშვნელო ჩვეულება ახალ რელიგიურ იდეებთან არ მოდიოდნენ წინააღმდეგობში. აქ კერპთაყვანისმცემლობის საფრთხე არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ძლიერი, როგორც საეკლესიო სფეროში და ბუნებრივი მიდრეკილება ოჯახური ცხოვრების სასიამოვნო და კომფორტული მოწყობისა ხელოვნებაში უფრო თავისუფალ გამოვლინებას ჰპოვებდა.
მეორე გარემო, სადაც ხელოვნებას შეეძლო უფრო თავისუფლად განვითარება და სადაც მას უფრო ლმობიერად უყურებდნენ, იყო პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული ერეტიკული წრეები. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს იმ როლის შესახებ, რომელსაც ისინი თამაშობდნენ მაშინდელი ხელოვნების მიმართ, კერძოდ, რომ ის ერთი და იმავე დროს იყო, როგორც დადებითი ისე უარყოფითი და როგორც სასარგებლო, ასევე მავნებელი. პირველ საუკუნეებში ერეტიკული სექტები, როგორც ცნობილია, საკმაოდ მრავალრიცხოვანნი იყვნენ და თუ ხელოვნება პოულობდა თავშესაფარს ამ გავრცელებულ წრეებში, ამას უკვე აღარ შეეძლო გაეწია პროპაგანდა თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ სხვა მხრივ, როგორც ეკლესიისგან არაღიარებული საზოგადოება, მათ არ შეეძლო ჰქონოდათ საკმარისი ავტორიტეტი, რათა კარგი რეპუტაცია ჰქონოდათ მართლმადიდებლურ წრეში. თუ ქრისტიანთა ყოფითი ცხოვრება უპირატესად წინ სწევდა ხელოვნების დეკორატიულ მხარეს, ერეტიკულ სექტებს ეკუთვნით ნაწარმოები წმინდა და რელიგიური გამოსახულებების ხასიათით. უგულებელყოფილი არ უნდა იქნას იმ აზრის სამართლიანობა, რომ ქრისტიანული ხელოვნების განვითარებაში, მის საწყის ეტაპზე პირველი საუკუნეების ერეტიკულ სექტებს, კერძოდ გნოსტიკოსებს მიუძღვით გარკვეული როლი.
გნოსტიციზმი თავის თავში აერთიანებდა პლატონიზმის საწყისებს და ალექსანდრიის ფილოსოფიას ქრისტიანული ცნობიერებით და ისწრაფვოდა, როგორც ერთი, ისე მეორე მოეყვანა წონასწორობაში. აღმოსავლურმა კულტებმა მათი სიმბოლიკით, მისტერიებით და საიდუმლო სწავლებით შეადგინეს გნოსტიკური დოქტრინის არსი და გამოიწვიეს ხელოვნების დარგებით დაინტერესება, რა თქმა უნდა, მასზე თავისებური მისტიკური ანაბეჭდის დადებით.
წმინდა ირინეოსი, ტერტულიანე და შემდგომში ეპიფანე კვიპრელი, რომლებმაც გვაზიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას და გნოსტიკური პარტიების სხვადასხვა სახის ჩვევებს, აღნიშნავდნენ რამდენიმე ფაქტს ერეტიკოსების პრაქტიკულ მონაწილეობაზე ქრისტიანული ხელოვნების საწყისს ეტაპში.
ქრისტიანული იკონოგრაფიის კვალი და მისი გამოყენება შეიძლება ვიპოვოთ ვასილიდას მიმდევრებში, ირინეოსის სიტყვებით, ისინი მისდევდნენ მისნობას, იყენებდნენ შეჩვენებას, სპირიტიზმს მისნობისას გამოსახულებებს (უტუნტუვ იმაგიიბუს) და სხვ. (Ириней Лионский. Против ересей. 2,7). აითვისეს რა წარმართთა კულტების სწავლების ზოგიერთი მხარე და ისარგებლეს რა ქრისტიანთა პირველი პროზელიტების ორგვარი დამოკიდებულებით რწმენასთან, ვასილიდიანები ამ უკანასკნელთ იბირებდნენ თავიანთ მხარეს მაგიით, შელოცვებით, სულების გამოძახებით და ადვილი მისახვედრია, განსაკუთრებული ცრურწმენის რიტუალებით იმ გამოსახულებების მიმართ, რომელნიც გამოდიოდნენ მათი სახელოსნოებიდან. ირინეოსი არ ხსნის სახელდობრ, როგორი იყო ეს გამოსახულებები. გამოცანის გასაღებად შეიძლება გამოდგეს ის, რომ ის შემდგომში ლაპარაკობს ჰარპოკრატიანებზე. ამ უკანასკნელთ მისი სიტყვებით, გამოყენებაში ჰქონდათ გამოსახულებანი შექმნილი ფუნჯით, ასევე სხვა მასალისაგან დამზადებული. სექტანტთა აზრით, ეს გამოსახულებები, ქრისტეს ნამდვილ სახეს წარმოადგენდნენ, რომლებიც, თითქოსდა პილატეს მითითებით დამზადებული იესო ქრისტეს სურათის მოღწეული ასლებია. „ისინი ამკობენ მათ გვირგვინებით (ყვავილებით) წარმოადგენენ განთქმული ფილოსოფოსების, სახელდობრ პითაგორას, პლატონის, არისტოტელეს და სხვათა გამოსახულებების გვერდით, და წარმართთა მსგავსად ადიდებენ მათ ღირსებებს“ (Ириней Лионский. Против ересей. 2,7).
ეპიფანე, რომელიც ავსებს ირინეოსს, აკეთებს კომენტარს მის შესახებ იმ აზრით, რომ დასახელებული ერეტიკოსები მათ წინაშე აღასრულებდნენ თავიანთ საიდუმლოებებს და მსხვერპლშეწირვას (Епифаний Кипрский. Ереси. 5,7).
ქრისტეს მხატვრული გამოსახულებების გარდა, გნოსტიკოსებს, ალბათ, ჰქონდათ ქრისტიანული იკონოგრაფიის წრიდან სხვა პიროვნებათა სახეებიც, როგორიც, მაგალითად პეტრე და პავლე მოციქულები იყვნენ, მაგრამ გნოსტიკოსების მხატვრული მოღვაწეობა ყველაზე მეტად წარიმართა სხვა მიმართულებით, რომელიც მეცნიერებაში ცნობილია „აბრაქსას“-ის სახელით, სადაც განსაკუთრებით რელიეფურად გამოიხატა ამ სექტების რელიგიური სინკრეტიზმი.
გნოსტიკური „აბრაქსასი“ მიეკუთვნება ქრისტიანული ხელოვნების ადრეულ ხანას და თავის მხრივ, წარმოადგენდა მედალიონებს, გემებს სიმბოლური გამოსახულებებითა და წარწერებით და თავის დროზე ამულეტებისა და თილისმის დანიშნულებას ასრულებდნენ. სახელწოდება, Abraxazზოგიერთების აზრით წარმოსდგება ვასილიდის მიმდევართა უმაღლესი ღმერთიდან, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ეს სიტყვა ენათესავება Abrakoura-ს ქალღმერთ ისიდას - დედის სახელს, მაგრამ უფრო დასაჯერებელია მათი განმარტება, რომლებიც ამ სიტყვაში ხედავენ უმაღლესი ღმერთის ან პლირომის ასოით გამოსახულებებს, რადგანაც ბერძნული ასოების რაოდენობა, რომელთაგანაც შედგება ეს სიტყვა, თუ გადაყვანილ იქნება ციფრებზე, შეადგენს 365, რომელიც ტოლია მზის წელიწადის შემადგენელი დღეებისა (4, 25-26).
ქრისტიანული ხელოვნების საწყის ეტაპზე, უკვე წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ პირველ ქრისტიანულ სამყაროში ხელოვნების მდგომარეობა არ იყო გამყარებული და მისი ნაწარმოებები ყველა ქრისტიანის ცნობიერებაში ვერ პოულობდა თანაგრძნობას. ხელოვნებას უნდა გაემარჯვა პირველ რიგში მისდამი იმ დროის საღვმთისმეტყველო აზრის მატარებელთა წარმომადგენლებზე, რათა მოეპოვებინა ქრისტიანთა შორის საერთო აღიარება და შემდგომ დაეკავებინა ღირსეული ადგილი მათი ღვთისმსახურების სფეროში. იკეთებდა რა ბუდეს ჯერ ქრისტიანულ ოჯახში, სახლში, ხელოვნება შემდგომ შეუმჩნევლად აღწევდა საყდარში, თანდათან გადადიოდა ეკლესიის ცხოვრებაში, რომელთაც უახლოესი ურთიერთობა ჰქონდათ ყოფით ცხოვრებასთან, როგორიცაა, მაგალითად შეუღლებისა და დაკრძალვის წესები, აღაპის აღსრულება და სხვა საზოგადოებრივ-რელიგიური ჩვეულებები. ხელოვნების ნაწარმოებებისადმი ცუდი განწყობილება ძველქრისტიანთა შორის არ იყო საყოველთაო და თავის უკიდურესი ფორმით წარმოდგენილი იყო მხოლოდ ზოგიერთი პიროვნებისგან. და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გულგრილი დამოკიდებულება ძირითადად გამოწვეული იყო თანამედროვე ანტიკური ხელოვნებისადმი წინააღმდეგობით და მხურვალე მონდომებით, რათა აეცილებინათ მისი უარყოფითი ზემოქმედება რწმენის სწავლებასა და პირველქრისტიანულ საზოგადოების ზნეჩვეულებებზე.
მაგრამ, ამგვარი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საკმარისი იყო, მხატვრულ ფორმებში ჩადებულიყო ქრისტიანული შინაარსი, გაცოცხლებულიყო ისინი ქრისტიანული სულით, რომ სამუდამოდ უზრუნველყოფილიყო ხელოვნების მდგომარეობა ქრისტიანულ სამყაროში და იგი ქცეულიყო ძლიერ აღმზრდელობით იარაღად ახალი აღთქმის ეკლესიის ხელში. თუ რამდენად ადრე დაიწყო ასეთი სწრაფვა, გვაჩვენებს კატაკომბების ინვენტარი. დასაკრძალვები მათი არქეოლოგიური სიმდიდრით მიეკუთვნებიან ქრისტიანობის ადრეულ ხანას და თუ წარწერებითა და მხატვრული სტილით განვსჯით, ზოგიერთი მათში გადარჩენილი გამოსახულებანი სათავეს იღებს I-II საუკუნეში. აღსანიშნავია, რომ იმ ადგილებშიც კი, სადაც ქრისტიანები მათი დევნის ეპოქაში ძლივს პოულობდნენ უსაფრთხო კუთხეებს და იმ დროსაც კი, როცა მათ არ შეეძლოთ და არ ჰქონდათ კარგი მატერიალური საშუალებები რათა ფართოდ აღევლინათ თავიანთი ღვთისმსახურება და ეზრუნათ რელიგიური მხარეებისათვის, - იქაც კი, სახელდობრ ამ დროში საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი ქრისტიანული ხელოვნების შემდგომ განვითარებას მის უმთავრეს სფეროებში: არქიტექტურას, მხატვრობასა და ქანდაკებაში. ამ მიწისქვეშა ნაგებობათა კედლები და თაღები დაფარული იყო მხატვრობით, სარკოფაგები შემკული იყო ბარელიეფებით; საეკლესიო არქიტექტურამაც კი იპოვა აქ თავისი წარმომადგენლები კრიპტეპში, რომელთაც საღვთისმსახურო დანიშნულება ჰქონდათ. ქრისტიანობის წინაშე დადგა ამოცანა, რათა მიეცა ახალი მიმართულება კლასიკური ხელოვნებისათვის, რომელიც ითვლიდა უკანასკნელ დღეებს, იგი უნდა გარდაექმნა და გაეწმინდა წარმართული ნაკლოვანებისაგან და ასეთი განწმენდილი სახით გამოეყენებინათ თავისი მოთხოვნილებებისათვის.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
1. ბიბლია. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2000.
2. Гиро П. Частная и обшественная жизнь римлян. Москва, 1995.
3. Гнедич П.П. Всемирная история Искуств, Москва, 1998.
4. Древности. Труды Московск. археологич. обшества, проток. №79. 1989.
5. Епифаний Кипрский. Ереси. παναριον (Dt haeresibus)//PG 41-42. Leiden: E.J. Brill, 1994.
6. Ириней Лионский. Против ересей /Ред. Harway//Т. 2. Cambridge. Русск. пер.1957.
7. Климент Александрийский. Увещание к эллинам. Москва: изд-во РХГИ. 1998.
8. Руководство к этрусской и римской археологии, в переводе Первова. Митава. 1890
9. Тертулиан. сочинения: Апология, К жене, О душе, О женском убранстве, О зрелищах, О молитве, О посте, О воскресении плоти, Об идолопоклонстве, Против Гермогена. Москва: Прогресс. 1994.
რეზიუმე
ანტიკური მხატვრობის ინტეგრაცია პირველ ქრისტიანულ გარემოში
მღვდელი ლევან მათეშვილი
ქრისტიანული ხელოვნების საწყის ეტაპზე, უკვე წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ პირველ ქრისტიანულ სამყაროში ხელოვნების მდგომარეობა არ იყო გამყარებული და მისი ნაწარმოებები ყველა ქრისტიანის ცნობიერებაში ვერ პოულობდა თანაგრძნობას.
მაგრამ, ამგვარი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საკმარისი იყო, მხატვრულ ფორმებში ჩადებულიყო ქრისტიანული შინაარსი, გაცოცხლებულიყო ისინი ქრისტიანული სულით, რომ სამუდამოდ უზრუნველყოფილიყო ხელოვნების მდგომარეობა ქრისტიანულ სამყაროში და იგი ქცეულიყო ძლიერ აღმზრდელობით იარაღად ახალი აღთქმის ეკლესიის ხელში. თუ რამდენად ადრე დაიწყო ასეთი სწრაფვა, გვაჩვენებს კატაკომბების ინვენტარი. დასაკრძალვები მათი არქეოლოგიური სიმდიდრით მიეკუთვნებიან ქრისტიანობის ადრეულ ხანას და თუ წარწერებითა და მხატვრული სტილით განვსჯით, ზოგიერთი მათში გადარჩენილი გამოსახულებანი სათავეს იღებს I-II საუკუნეში.
SUMMARY
ANTIQUE PAINTING AND THE EARLY CHRISTIANITY
PRIEST LEVAN MATESHVILI
On the basis of already presented data, we can come to a conclusion that in the early Christian world the position of an art was not strong and not all the first Christians sympathized it. But that could not last for a long. When the Christian spirit was inhaled into the art it was for ever strengthened in the Christian world and it became the powerful weapon of education for the New Testament Church. That process began quite early and we can see it from the cathacomb materials - Sepulchres which belong to the early Christian epoch and style and inscriptions remained there (I-II centuries).
Комментариев нет:
Отправить комментарий