понедельник, 11 марта 2013 г.

დანაშაულობა ახალი აღქმის მიხედვით „სამი ჯვრის მოძღვრება”



„სამი ჯვრის მოძღვრება”

გიორგი თოდრია
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კრიმინოლოგიაში გამოცემულია მრავალი მონოგრაფია, რომლებშიც უამრავი თეორიებია დამუშავებული. მაგრამ სათუოა აღმოჩნდეს თუნდაც ერთი სერიოზული გამოკვლევა, სადაც გაანალიზებული იქნებოდა თეოლოგიური წარმოდგენები დანაშაულობაზე რელიგიის ფილოსოფიის თვალსაზრისით, არა და საკითხის საფუძვლიანად შესწავლისათვის. ასეთი მიდგომა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
თეოლოგიური წარმოდგენების შესწავლის აქტუალობა იმისათვის არის მნიშვნელოვანი, რომ შევამოწმოთ არსებული თეორიები და ვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა თეოლოგიურ წარმოდგენებში უკვე მოცემულია. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნგრევასა და ქაოსს ისეთი გასაქანი მიეცა, რომ თითქმის ყოველი მოქალაქე თავის თავზე იღებს სამართლის შექმნას. დანაშაულობა ცხოვრების ნორმა ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ თვით არსებული ცხოვრება არანორმალურად ვითარდება.
წარმოდგენები დანაშაულობაზე, როგორც ცნობილია, ჩამოყალიბდა იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა დანაშაულობის ე.წ. მეცნიერული თეორიები, რომლებიც სახელმწიფო ორგანოების პრაქტიკის საფუძველზე იყო შემუშავებული. ამ წარმოდგენებიდან განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი აღთქმის წარმოდგენებს დანაშაულობაზე, რაც რამდენიმე მიზნით არის განპირობებული.
ჯერ ერთი, ახალი აღთქმის დებულებებში განვითარებულია აზრი ემპირიული მასალის რეფლექსის მეთოდის შესახებ, მოვლენის სუბსტანციიდან გამოყვანის, რაც (მეთოდი) თანამედროვე მკითხველისათვის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ცნობილია გერმანული კლასიკური ფილოსოფიის მეშვეობით. მეორეც, სხვა რელიგიების ღვთიური შუამავლებისაგან განსხვავებით, ქრისტე არც სახელმწიფოს მსახურია და არც რაიმე ურთიერთობაშია მასთან. ქრისტე იმ წრის სახელით გამოდის, რომელიც სახელმწიფოს გარეთ დგას. დანაშაულობაზე წარმოდგენების ჩამოყალიბება არ არის დამახინჯებული იმ ფორმებით, რაც ტიპიურია პოზიტიური სამართლისა და სახელმწიფოსათვის, სადაც დანაშაულობის ხედვა მახინჯ სახეს იღებს.1 დაბოლოს, მესამეც, ქრისტიანულ რელიგიაში მტკიცებულების სისტემის აგება დამყარებულია არა მხოლოდ ერთი ხალხის მასალაზე, მაგალითად, იუდეველებზე, არამედ მთელი კაცობრიობის მასალაზე. ამიტომ აქ უკვე ჩადებულია ზნეობრიობის კანონის (კანონზომიერების) წინარე ნიმუში, რომელსაც თანამედროვენი უწოდებენ საერთო საკაცობრიო ფასეულობებს, ბუნებითი სამართლის იდეებს და ა.შ.
დასახელებული მიზეზების ერთობლიობა განსაზღვრავს თემის სიახლეს. მისი განხილვა იმით რთულდება, რომ იურისტი ჯერ საპირისპირო ცოდნას იღებს სახელმწიფოსა და სამართლის თეორიიდან. შესაბამისად, არსებული იურიდიული ცოდნა-წარმოდგენები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ცოდნა-შეხედულებებს, რომლებიც ახალ აღთქმაშია ასახული.
ახალი აღთქმის წარმოდგენებში განვითარებულია ცოდნა, რომელსაც ყველაფერი მიჰყავს ღმერთთან, როგორც სუბსტანციასთან. არსებულ იურიდიულ ცოდნაში კი სამყარო აღიქმება მთელი მისი ცოდვიანობით, როგორც ემპირიული, სუბსტანციის - ღმერთის გარეშე. პარადოქსულია, მაგრამ ახალი აღთქმის წარმოდგენები არის ადამიანის უძველესი წარმოდგენები, რომელიც არსის კატეგორიებით საზრდოობს. ამიტომ თეოლოგიური ხედვა არის რეალური, ხოლო იურიდიული - ვიწრო, პრაქტიკული, არარეალური. თუმცა რიგითი ადამიანების შეგნებაში თეოლოგიური სამყარო საიქიოდ აისახება, ხოლო სახელმწიფოსა და სამართლისა - სააქაოდ. ასწლეულების განმავლობაში ამგვარი ,,ყირამალა” ხედვის ავტორი იყო და ჯერაც არის სახელმწიფო, რომლის მსახურთათვის საზოგადოება სახელმწიფოებრივი განწესებების გარეშე არის ჰადესის სამეფო. ადამიანები ჯერაც ამ იდეის ტყვეობაში არიან, რადგან ვერ ხედავენ, რომ სუბსტანციის სამეფო, ღმერთის ,,სამეფო არა ამქვეყნიურია” (იოანე, 18:36), ანუ არ არის იმ სამყაროდან, რომელსაც ვხედავთ სახელმწიფო პრაქტიკაში. სწორედ პრეტორ პილატეს (სახელმწიფოს მსახურის) კითხვით - ,,რა არის ჭეშმარიტება?” (იოანე, 18:38) იწყებს განვითარებას ,,სამი ჯვრის” მოძღვრება, რაზედაც გვექნება მსჯელობა.
ახალი აღთქმიდან მოვიყვანოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი: ,,იგი ჯვარს აცვეს იქ: და მასთან ერთად, აქეთ-იქით ორი სხვა, შუაში კი - იესო” (იოანე, 19:18). ,,ერთი ჩამოკიდებული, ბოროტმოქმედი გმობდა მას: განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავიც და ჩვენც.
მეორემ კი გაუწყრა და უპასუხა მას: ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე მსჯავრში ხარ?
ჩვენ ვისჯებით სამართლიანად, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი ცუდი არ გაუკეთებია.
და მან უთხრა: იესო, გამიხსენე, როდესაც შენს სასუფეველში მიხვალ.
იესომ კი უთხრა მას: ჭეშმარიტად, გეუბნები შენ: დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ლუკა, 23:39-43). ახალი აღთქმის ზემოთქმული ეპიზოდის განმარტებისას ჟურნალ ,,Christian Victory Magazine”-ის გამომცემელი, ფ. მელდაუ, წერს: ,,ჯვარცმის სურათი ერთგვარად წარმოსახავს, თითქოს მინიატურაში, მთელს ჩვენს ცოდვილ სამყაროს. მსგავსად იმ ორი ყაჩაღისა, მთელი სამყარო ცოდვილია ღმერთის წინაშე და ღირსია დასჯისა. ქრისტე, ჯვარცმული შუათანა ჯვარზე, განაცალკევებდა მასთან ერთად ჯვარცმულ ყაჩაღებს: ერთი მის ერთ მხარეს აღმოჩნდა, მეორე, მის მეორე მხარეს. ასევეა დღესაც, ქრისტე განაგრძობს ცოდვილი სამყაროს განცალკევებას. ისინი, ვინც რწმენით მიემართება ქრისტესაკენ - იხსნიან თავს; ხოლო ისინი, ვინც ქრისტეს უარყოფენ და უგულებელყოფენ მისგან ხსნას, იღუპებიან. რა დიდი გაკვეთილია ჩვენთვის ეს ,,სამი ჯვარი”.2 
დანაშაულობის ანალიზის თვალსაზრისით, ამ ტაქტის მნიშვნელობის გამოყოფისას საჭიროა ვუპასუხოთ, სულ მცირე, სამ კითხვას: რას ნიშნავს
1) დამნაშავის მიერ ღმერთის რწმენა;
2) მორწმუნე დამნაშავე და
3) ურწმუნო დამნაშავე?
რას წარმოადგენს დამნაშავის მიერ ქრისტეს რწმენის პროცესი?
დანაშაულობის არსის ძიების პროცესი ახალ აღთქმაში საკმაოდ რთულია. იგი იურიდიული აზროვნებისაგან განსხვავდება. იურისტისათვის ჭეშმარიტების ძიება ინდუქციურად მთავრდება ზოგადის გამოყოფით. ამიტომ დანაშაულობის საერთო არსის გამოსავლენად იურისტს უხდება ცოდვის სამყაროში (ემპირიული) ჩაშვება და იქიდან განმარტებითი მასალის ამოტანა. ასეთია მოჩვენებითი ღვთაებრიობა, რადგან ძალაუფლებრივ ურთიერთობებში იურისტები ჩართული არიან, ამიტომ ისინი ხდებიან ამ ურთიერთობათა მექანიკური სათამაშოები”,. ...არ ესმით მონათა ბორკილების ღრჭიალი, ვერ გრძნობენ დედამიწის მიზიდულობის ძალას და წარმოუდგენიათ ლამის ღმერთებად, სურთ იმოქმედონ და იბატონონ თვით სიცოცხლეზე”.3
ახალ აღთქმაში დანაშაულობისადმი მიდგომა სუბსტანციურია. იურისტისათვის კი დანაშაულობა განისაზღვრება კანონით. კოდექსი გამოდის ერთგვარ ,,უფროს ედათ”, სადაც ზოგადი ნიშნების დისპოზიციურ აღწერას ენიჭება ისეთივე მაგიური ძალა, როგორც რუნიულ დამწერლობას. მაგრამ ახალი აღთქმის შემეცნების ფარგლებში ,,სჯულის საქმეებით ვერავითარი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე” (რომაელთა მიმართ, 3:20). სუბსტანცია - ღვთიური სიმართლე ახალი აღთქმის ტერმინოლოგიით - დამოუკიდებელია კანონისაგან (რომაელთა მიმართ, 3:21).
ემპირიზმისაგან გადახვევით, ახალი აღთქმა საკითხს რამდენადმე სხვადასხვაგვარად აშუქებს. დამნაშავე, განხილული სუბსტანციის მიმართ რედუქციის გარეშე, რჩება ცოდვაში - ემპირიულ სამყაროში, რომელიც აუხსნელია და ახსნა-გაგებას არ ექვემდებარება. საპირისპიროდ, ჩადენილი ქმედების ნამდვილი არსი, რომელსაც ადამიანებმა ,,დანაშაული” დაარქვეს, განისაზღვრება მას შემდეგ, რაც ჯვარცმულმა ,,დამნაშავემ” მიმართა ქრისტეს და უფლის სამეფოში აღმოჩნდა (ლუკა, 23:40-43).
ახალი აღთქმის ტექსტის თანახმად, რწმენის პროცესი ნიშნავს რედუქციის პროცესის მიყვანას ღმერთთან, როგორც სუბსტანციასთან. მაგრამ დამნაშავის დამოკიდებულება ღმერთთან არ განიხილება როგორც მიახლოების ცალმხრივი პროცესი, რადგან აქ იმავდროულად იგულისხმება ღმერთისაგან, როგორც სუბსტანციისაგან, გამოყვანა: ,,ყოველივე შექმნილია მის მიერ; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე” (იოანე სახარება, 1:3-4).
ახალი აღთქმა არაორაზროვნად გვაგებინებს, რომ დანაშაულობის შემეცნების საფუძველი უნდა იყოს სუბსტანციური ახსნა-გაგება, დანაშაულობის არსის სუბსტანციიდან გამოყვანა. კატეგორიულად იკრძალება დანაშაულობაზე განსჯა ისევე, როგორც ნებისმიერ მოვლენაზე, გარეგნული ნიშნებით; უნდა განისაჯოს, ე.ი. გასამართლდეს სამართლიანი გასამართლებით (იოანე, 7:24), ანუ დანაშაულის ყველა ნიშანთვისება უნდა გამოიყვანებოდეს საერთო სუბსტანციიდან. სუბსტანცია თავში შეიცავს სიცოცხლეს (იოანე, 1:4), ამასთან განსაკუთრებულ სიცოცხლეს, რომლის მეშვეობით იწყება ცხოვრება (იოანე, 1:3).
ათასობით ადამიანი განწირულია საშიმშილოდ. ბევრი მათგანი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იძულებულია იქურდოს. ახალგაზრდობა უმუშევრობისა და გაუცხოების გამო, სულ უფრო ხშირად არღვევს კანონებს, ვიდრე იცავს. ქალები პროსტიტუციასა და ნარკოტიკების წვრილმან სპეკულაციას ეწევიან, რათა ოჯახი გამოკვებონ. მათხოვრობა ხდება თავის გატანის ერთადერთ საშუალებად. მოსახლეობა უფრო მეტად ეტანება იურიდიულ განათლებას, რათა კანონის ,,პროფესიული” დარღვევა გამოიყენოს წარმატებისათვის. კანონი მოუწოდებს ასეთების ჩაქოლვას (იოანე, 8:5), მაგრამ სად ვეძებოთ ჭეშმარიტების საზომი, თუკი მთელი მსოფლიო ბრალდებულია (რომაელთა მიმართ, 3:19)? საზოგადოებამ საყრდენი დაკარგა: არც შრომით, არც ჭკუა-გონებით დამკვიდრება აღარ შეიძლება, არავითარი გარანტია არ არსებობს. ყველგან შიშია. ერთადერთი ხსნა თანამდებობის დაკავებაა, რათა იყო გარანტირებული სახელმწიფოს მიერ. ასე რეალური სუბსტანციური ხედვის - თვალსაზრისის, ნაცვლად ადგილს იჭერს სახელმწიფო - ყალბი სუბსტანცია, რადგან იგი არსებობს მაშინ, როცა ადამიანები დაყოფილი, დაცალკევებული არიან, როცა თითოეული მართალია მეორესთან ძალაუფლებით - ძალით. ახალი აღთქმა ყურადღებას აქცევს ოიდიპოსის სულის სიკვდილს, რადგან კანონებში არ ჩანს, რომ ადამიანის ბუნებითი უფლებები სინამდვილეში ილახება. ადამიანები იქცევიან როგორც გაუცხოებული, რომელთა მიმართ უკვე ჩადენილია ძალადობა: მათ ართმევენ უფლებებს. ამიტომ საზოგადოებაში დანაშაული ხდება საკუთარი ბუნებრივი ადამიანური უფლებების აღდგენის საშუალება. ამ სამყაროს იურისტის თვალით დანახვა შეუძლებელია: კანონმა მოუწოდა მათი ჩაქოლვა (იოანე, 8:5). მაგრამ, როგორ უნდა დავინახოთ რეალური ცხოვრება ცოდვაში (მის ემპირიულ სამყაროში), თუკი სუბსტანციიდან (ღმერთიდან) არ ამოვალთ? მხოლოდ ცოდვის მიზეზის გაგებით, მისი ფესვების გამოვლენით შეიძლება ნამდვილად გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს, რა არის დანაშაული, როგორია სახელმწიფოს ადგილი - როლი გაუცხოების პროცესში. ასეთია ახალი აღთქმის კონსტრუქცია, რომელიც დასაწყისიდანვე აღმოცენდა როგორც აზროვნების ანტიიურიდიული ტრადიცია.
ახალი აღთქმის მიდგომა არა მარტო განსხვავდება იურიდიული აზროვნებისაგან სისტემის აგების პრინციპებით, არამედ საშუალებითაც, რომლითაც ეს სისტემა ვითარდება (მოძრაობს). ამრიგად, ვერ ჰპოვეს რა ბრალდების საყრდენი, ფარისევლებმა ვერ შეძლეს სამართლის აღსრულება (იოანე, 8:10). მაშასადამე, ცოდვილ (ემპირიულ) სამყაროში შეიძლება იმდენი კანონების პოვნა, რამდენისაც მათი უარყოფა. მაგრამ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს იმის ნამდვილი არსის გაგება, რასაც კანონები დანაშაულს უწოდებენ? ახალი აღთქმიდან ნათელია, რომ ამ კითხვაზე შეიძლება ვუპასუხოთ რედუქციის სუბსტანციისადმი (ღმერთისადმი) საშუალებით. მაგრამ როგორ?
მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიაში ადამიანთა ერთიანობა, როგორც ღვთაებრიობის მატარებლისა, პოულობს გამოსახვის ერთგვაროვან გარეგან ფორმას - ღმერთის შუამავალთან დამოკიდებულებას. მაგრამ არის დიდი განსხვავებაც. თუკი დგება ღვთიურის (სუბსტანციის) გამოსახვის პრობლემა, მაშინ შუამავალს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან, კანონთან. იგი არ უნდა იყოს იმპერატორი, მეფის ნაცვალი, პრეზიდენტი, ანდა სხვა მოხელე. წარმომადგენლობა უნდა იყოს ბუნებრივი, თორემ ადამიანები ვერ დაინახავენ თავის უფლებებს. უნდა იყოს ისეთი სარკე, რომელშიც ადამიანები თავის ბუნებრიობას აღმოაჩენენ. ასე რეფლექსიის პრობლემა გადაიჭრება ,,ქრისტეს” კატეგორიაში, რის მეშვეობითაც ახალი აღთქმის აზროვნებამ უნდა გამიჯნოს დანაშაული არადანაშაულისაგან. საკითხი დასმულია ამგვარად: ცხოვრების ზედაპირზე დანაშაული მოცემულია უარყოფითი განმარტების სახით. მაგრამ, როგორია მისი პოზიტიური (იმანენტური) განსაზღვრა, ე.ი. როგორია დანაშაული კანონის უარყოფის გარეშე? ახალი აღთქმა ცდილობს ახსნას ეს საიდუმლოება და ჩვენ უნდა თვალ-ყური ვადევნოთ რეფლექსიის ამ საშუალებას.
მსოფლიო რელიგიაში ქრისტე განსაკუთრებული მოვლენაა, რომელსაც ცენტრალური დატვირთვა აქვს კოსმოგენურ განზომილებაში. ერთი მხრივ, იგი ღვთის შვილია, ე.ი. სუბსტანციის მატარებელია, რომელიც, როგორც შპენგლერი აღნიშნავს, ,,იცვლის მხოლოდ, თავის გამომეტყველებას და არა თავის სახე-ტიპს”.4 ახალი აღთქმა ქრისტეს ორი თვისებით აღჭურვავს: ა) ქრისტე არის სუბსტანციური განვითარების პროდუქტი (,,ღმერთი არასოდეს არავის არ უნახავს. მხოლოდ შობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან ამცნო” - იოანე, 1:18); ბ) მისი ძირითადი ფუნქცია - გამოავლინოს ღვთაებრიობა - სუბსტანციონალობა (,,... საქმენი, რომელნიც მამამ მომცა განმეხორციელებინა ისინი, - თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ წარმომგზავნა” - იოანე, 5:36).
მეორე მხრივ, ქრისტე ადამიანია და ამ მნიშვნელობით ემპირიული მოვლენაა, როგორც უმრავლესობა (,,სამართლის წარმოებაშიც უფლებამოსილება მისცა მას, რადგან ძე კაცისაა იგი” - იოანე, 5:27).
ეტალონის კონსტრუქციის აგება ძირშივე განსხვავდება ინდუქციური განზოგადებისაგან. ამ თვალსაზრისით, დანაშაულთა უმრავლესობისათვის არსი - ესაა აბსტრაქციული ზოგადი, რომელიც რეალურად არ არსებობს; ესაა სამყაროს სახელმწიფოებრივი ხედვა. აიგივებს რა თავის თავს საზოგადოებასთან, სახელმწიფო არ უშვებს იმას, რომ დანაშაულობის მიზეზები იყოს რეალურად დადგენილი და ამ გზით ასევე იყოს დადგენილი გაუცხოებაში სახელმწიფოს როლის გამოვლენა. ახალი აღთქმის კონსტრუქცია კი საკითხს დედუქციურად სვამს: ადამიანები აფარდებენ თავიანთ ქმედებას ქრისტეს ქმედებასთან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენენ თავიანთ ცოდვას (უმართლობას) ანდა ღვთაებრიობას (სუბსტანციურობას). ჩაიდინა რა ,,დანაშაული”, ადამიანმა სათუოა შეაფასოს მისი არსი ისევე, როგორც სახელმწიფოს არ შეუძლია ამის გაკეთება. ურთიერთობების ეს მხარე ცოდვილია, უსაფუძვლოა, ემპირიულია. დანაშაულის არსის გამოვლენის სისტემა ამოქმედდება მაშინ, როცა დაიწყება პატიების პროცესი (ემპირიულიდან განწმენდა), და ქმედებაში, რომელიც დანაშაულად აღიარეს, იწყებენ იმანენტურობის (ღვთაებრიობის) ხედვას.
პატიების პროცესს არავითარი დამოკიდებულება არა აქვს დანაშაულის გამართლებასთან. აქ არ შეიძლება მექანიკურად პარალელის გავლება. ახალი აღთქმა რეალობას სხვაგვარად აყალიბებს, ვიდრე ეს მიღებულია იურისტებთან. პატიებით ხდება კონსტრუირება მოთხოვნილებისა - დაინახოს დანაშაულში მისი ჭეშმარიტი ფესვები. ცოდვილი ქალი, ფარისევლების მიერ ბრალდებული, ყაჩაღი, ჯვარცმული და სხვები სხვადასხვა ბედისანი არიან. ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ სათუოა მოხელემ რაღაც საერთო გამოავლინოს. როგორც პილატე, იგი ყოველთვის კითხვის წინაშე დადგება (,,რა არის ჭეშმარიტება” - იოანე, 18:38). სხვადასხვა ტრაგედიები გამოსახავენ ერთ ტრაგედიას, ერთ საერთო ბედს, რომელსაც კანონი ვერ ხედავს.5 პირიქით, მხოლოდ ეტალონური რედუქცია - ქრისტესადმი მიმართვა იძლევა შესაძლებლობას ამ თვალსაზრისის გასაგებად - მიგვითითებს ახალი აღთქმა. ყველა შემთხვევაში საერთო ადამიანური უფლებათა ბუნებრიობას ახალი აღთქმა აკუმულირებს ქრისტეს კატეგორიაში. ის ხდება იმ ,,მასალად”, რომელშიც ადამიანები გამოხატავენ თავიანთ საერთო ტრაგედიასა და ქმედებათა მართლზომიერებას. ამის წყალობით, ყველა ცოდვილი ადამიანი სუბსტანციის (ღმერთის) გამოვლენის ერთიან ფორმას იღებს და ,,დანაშაული” განისაზღვრება პოზიტიურად, ე.ი. არა როგორც კანონის უარყოფა, არამედ როგორც საშუალება - ხერხი, გაუცხოებული ადამიანის გამოსახვის, გაუცხოებაზე რეაქცია, ცდა გაუცხოების მოხსნისა.
ჯვარცმული ბოროტმოქმედის მიმართვა ქრისტესადმი (ლუკა, 23:42) ნიშნავს ქცევის ნორმების განსაზღვრის ცდას. ცოდვილისათვის ძნელია ცოდვის ზომის განსაზღვრა და ეს სავსებით გასაგებია, რადგან გაუცხოების პროცესები თითქოს კონკრეტული ადამიანების ზურგს უკან ვითარდება. დანაშაულის ჩადენისას ადამიანი თავისი კონკრეტული ცხოვრებიდან გამოდის, მაგრამ ის ვერ ხედავს დანაშაულის უფრო მნიშვნელოვან მხარეს, რომ მისი ქმედება გაუცხოების მოხსნის საშუალებად გამოდის. გაუცხოება კი სწორედ კანონის საშუალებით ხორციელდება, რასაც გრძნობს ყოველი ცოდვილი (იოანე, 7:19). როგორ აღმოვაჩინოთ ეს ფარული თვისება, თუკი ყველა ,,დამნაშავეს” უშვერს ქვას?
მრავალი საუკუნის შემდეგ კაცობრიობა მიხვდა იმას, რომ დანაშაულს ორი თვისება გააჩნია, - იგი გამოდის: ა) როგორც კანონის კონკრეტული დარღვევა (უარყოფითი განსაზღვრა) და ბ) როგორც გაუცხოების მოხსნის საშუალება (პოზიტიური განსაზღვრა). ტოტალური რეჟიმების განვითარება ისტორიაში ისეთი ძლიერი იქნება, რომ მეორე თვისება არც ისე იოლი აღმოსაჩენი გახდება. მაგრამ უკვე იმ შორეულ დროებაში სავსებით ნათელი იყო, რომ აღნიშნული ფარული თვისება შეიძლებოდა მხოლოდ განსაკუთრებული რეფლექსიით აღმოჩენილიყო. ჯვარცმული ბოროტმოქმედის ქრისტესადმი მიმართვა ნიშნავს თხოვნას მიიღოს პასუხი კითხვაზე: რა ჩაიდინა მან სინამდვილეში და რატომ ჩაიდინა? ახალი აღთქმის ტრადიცია არის პირველი ცდა ამ თვისების აღმოჩენაში.
ახალი აღთქმის ტექსტი იმთავითვე გვაფრთხილებს, რომ სწორედ ქრისტეს წყალობით მიიღწევა ერთობა ყველასი და ღმერთის (იოანე, 17:21). აქედან გამოდის ის ორიენტაცია, ის მიმართულება მოვლენათა სუბსტანციის ძებნაში, რომელიც მსოფლიო ფილოსოფიაში რატომღაც წარმოდგენილია როგორც მისი საკუთარი განვითარების ნაყოფი. თუმცა სუბსტანციის ძიების მეთოდის პირველობა სწორედ თეოლოგიურ აზროვნებას ეკუთვნის. რაშია საქმე?
როგორც ადამიანი, ქრისტე არაფრით განსხვავდება სხვებისაგან, თუმცა იგი ერთადერთია. მაგრამ მხოლოდ ქრისტესთან ურთიერთობაში ამჟღავნებენ ადამიანები ღმერთს. ე.ი. იწყებენ გაგებას, სინამდვილეში რა ქმედება ჩაიდინეს. მხოლოდ ასეთ ურთიერთობაში შეუძლია ყოველ ადამიანს გაიაზროს, რომ იგი ღმერთისაგანაა (იოანე, 17:7). მაშასადამე, ქრისტე არის ეტალონი, რომლის მეშვეობითაც ყველა ეთანაზომიერება ერთმანეთს, როგორც მართლზომიერების მატარებელი. სწორედ აქაა ჩაფლული საიდუმლოება რეფლექსის მეთოდისა, ანუ სწორედ იმ პუნქტისა, რომლის გაგებითაც შესაძლებელია გავარკვიოთ ჯვარცმული ,,დამნაშავის” ქრისტესთან დამოკიდებულება. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის თუ სახელმწიფო მოხელის როლშია. ამ როლების განსახიერებისას ადამიანი ვერ ხედავს დანაშაულს, რადგან იგი თვითონაც ასეთივე ცოდვილია, ე.ი. ემპირიული ფენომენია, როგორც ე.წ. დამნაშავე. მართლაც, ყველა უნდა ყოყმანობდეს, როცა დააპირებს დამნაშავის ჩაქოლვას! პირიქით, ახალი აღთქმის წარმოდგენებით, ქრისტე ყოველთვის ექვივალენტის როლში გამოდის, ყველაფერს მას უთანასწორებენ; ქრისტე ღვთაებრიობის საზომი ხდება, ე.ი. სუბსტანციურობის საზომი. მისი ბუნებრივი ქმედებები, რომლებიც მოხელეობის მატერიით არ არის დამახინჯებული, ხდება სარკე, სადაც აისახება ნამდვილი მართლზომიერება. ქრისტეს ქმედებებთან დამოკიდებულების წყალობით ადამიანის ყველა ქმედება იძენს ღვთაებრიობის გამოსახვის ერთიან ფორმას - სუბსტანციისადმი მიღწევას. მხოლოდ რეფლექსიის გზის გავლით შეუძლია ჭეშმარიტების შემმეცნებელს გაიგოს ცოდვილთა საერთო ბედ-იღბალი, საერთო ცოდვა, დაცემის მიზეზები.
რწმენის კატეგორიის განხილვის შემდეგ ჩვენ მჭიდროდ ვუახლოვდებით მეორე კატეგორიას - დამნაშავის მიერ ღმერთის რწმენას. თუ დანაშაულობის გაგებაში სუბსტანციის ახსნა ჩაიდება, მაშინ, შესაბამისად, დამნაშავის მიერ ღმერთის რწმენა ნიშნავს დანაშაულის განსაკუთრებული თვისებებით აღჭურვას, რომელთა ზედაპირზე აღმოჩენა შეუძლებელია (,,... არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს” - იოანე, 8:19), მაგრამ რომლებიც უნდა დავადგინოთ, გავარკვიოთ. ასეთი ვითარების კონსტატაციისას ახალი აღთქმა მხედველობაში არ იღებს იმ თვისებებს, რაც ახასიათებს ამა თუ იმ დამნაშავეს, ე.ი. ექცევა ყურადღება იმას, თუ რა ჩაიდინა მან, როგორი პიროვნებაა იგი და ა.შ. როგორც გოლგოთაზე მომხდარი ტრაგედიის აღწერიდან ჩანს, ქრისტე არც კი დაინტერესებულა ამ გარეგანი თვისებებით. ჭეშმარიტი რეალობა, კანონისაგან განდგომის ქმედების არსი განისაზღვრება მხოლოდ ღმერთისადმი რედუქციის შემდეგ. მანამდე არსებული დანაშაულებრივი სამყარო - არარაობაა, მისი დაჯერება და აგება არ შეიძლება (,,ნუ გაასამართლებთ შეხედულებით, არამედ სამართლიანი გასამართლებით გაასამართლეთ” - იოანე, 7:24; ,,მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ქვეყნიერება რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. და ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება”, - იოანე, 14:27). მაშასადამე, დამნაშავის რწმენა ღმერთისადმი ნიშნავს, რომ რეალურად დანაშაულობის არსის შესახებ მსჯელობა მხოლოდ სუბსტანციისადმი რედუქციის შემდეგ შეიძლება. მაგრამ აქ უკვე ლაპარაკია არა დამნაშავისათვის დამახასიათებელ თვისებებზე, არამედ იმ მართლზომიერებაზე, რომელიც აკუმულირებულია კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში.
ახალ აღთქმაში მრავალგზის მითითებულია საკითხი ბუნებრივი თვალსაზრისის არსებობის შესახებ, რომელიც გაიგივებულია ქრისტეს ქმედებასთან. ქურდობა, ყაჩაღობა, გაბოროტება, ვერაგობა, შურიანობა, მკრეხელობა, მკვლელობები და სხვა ადამიანის შიგნიდან, მისი გულიდან მოდის (მარკოზი, 7:21-23), მაგრამ ეს ცოდვილ (ემპირიულ) სამყაროს განეკუთვნება. მეორე მხრივ, ახალი აღთქმა კვლავ გვაფრთხილებს, რომ ყველა ეს მოვლენა ბოჭავს ადამიანს (მარკოზი, 7:21-23). ამრიგად, ადამიანის ბუნებრივი სახე ცხადდება ცენტრალურ კატეგორიად და ქრისტეს წინარე ხატად. საბოლოო ჯამში, ამ ბუნებითობაზე (ადამიანის ბუნება, ქრისტეს ქმედებანი) რეფლექსია ნიშნავს სუბსტანციისადმი რეფლექსიას, რომელსაც ახალ აღთქმაში უწოდებენ ხან ღმერთს, ხან სრულყოფილ კანონს, თავისუფლების კანონს (,,ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ სჯულს თავისუფლებისას ...” - იაკობი, 1:25).
დამნაშავის ღმერთის რწმენა აღნიშნავს ცოდვილობის აქტისა და სრულყოფილი სჯულის თავისუფლების დადგენას, ემპირიული ქმედების კორექტირებას, მასში სუბსტანციის ქმედების აღმოჩენას, ანუ ამ კანონის (სჯულის) დადგენას, - ახალი აღთქმის თანახმად, ვინც ეს პრინციპები დაივიწყა, იმას ეხება სიტყვები: ,,არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს სჯულს. რატომ მოძებნეთ მოსაკლავად?” (იოანე, 7:19). დამნაშავის მიერ ღმერთის რწმენა, ესაა მცდელობა, მან მიიღოს ნათელი, დაინახოს ნამდვილად ასახსნელი - გასაგები სამყარო, იხსნას თავი, ე.ი. იპოვნოს ნამდვილი საზომი თავისი ბრალეულობის და არა ის, რასაც სისხლის სამართლის კანონი განსაზღვრავს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს არ შეუძლია დანაშაულის ჩადენა, თუკი მის მიმართ არ იქნა ჩადენილი დანაშაული; ადამიანს არ შეუძლია სახელმწიფოს მიმართ გაუცხოება, თუკი სახელმწიფო თვითონ არ არის გაუცხოებული ადამიანისაგან.
დამნაშავის ცოდვიანობა არის მესამე და ბოლო კატეგორია ჩვენს ანალიზში. მას შემდეგ, რაც განვმარტეთ პირველი ორი კატეგორია, მესამეს გაგება უფრო ადვილი ხდება. ცოდვიანობა არის იმ დამნაშავის თვისება, რომელიც არ აღმოჩნდა ღმერთთან, ე.ი. არ იყო რედუცირებული სუბსტანციასთან. ერთი მხრივ, როგორც ჩვენ მივუთითეთ, დამნაშავის მიერ ღმერთის რწმენა ნიშნავს დამნაშავის არა ემპირიული თვისებების გააზრებას, რაც მას გააჩნია, არამედ იმის გააზრებას, რაც სუბსტანციური თვისებებისაა. მეორე მხრივ, ჩნდება ახალი კატეგორია - დამნაშავის ,,ცოდვიანობა”, რაც სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა დამნაშავის მოაზრებას ყველა იმ თვისებებით, რომლებითაც იგი აღჭურვილია ემპირიულად (მათ შორის კანონითაც).
ახალი აღთქმის თანახმად, ,,ცოდვილობა ის ჩოჩორია, რომელზეც ამხედრდა იესო” (იოანე, 12:14). ეფეელთა მიმართ წერილში და ახალი აღთქმის სხვა ადგილებში ამ ცხოველის სიმბოლო მოიაზრება როგორც ცოდვილობა (ჯიუტობა, თავდაუჭერლობა და ა.შ.), ე.ი. ის, რასაც ჩვენ ვეძახით დამნაშავის ემპირიულად დასანახავ თვისებებს. ,,ჩოჩორი”, ესაა ჩვენი ემპირიული ყოფის წინარე ხატი - სახე, მანამდე, სანამ ადამიანები, მათ შორის დამნაშავენი, არ არიან ღმერთთან მისული (,,ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ თუ ვინმე ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი” (იოანე, 9:31). ეს რედუქცია არაა გამონაგონი. იგი ღმერთის ნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ემპირიაზე მსჯელობისას ჩვენ უნდა გამოვიდეთ ღმერთიდან (თავისუფლების კანონიდან, სუბსტანციიდან და ა.შ.). ცოდვილი აქ ის მოვლენაა, რომელიც მოკლებულია სუბსტანციონალობას. მოვლენა უნდა დაიყვანებოდეს სუბსტანციამდე, მან უნდა მიიღოს სუბსტანციური ფორმა, ე.ი. ფორმა, რომელიც ღმერთის (სუბსტანციის, ანუ თავისუფლების სჯულის) მიერ აიხსნება და მაშინ შეიძლება ცოდვილის გაგება.
სახელმწიფო ორგანოები ამ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ისინი აგებენ თავის პოლიტიკას დანაშაულობის არა სუბსტანციურ აღქმაზე, არამედ იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მოჩანს ცოდვიან, ემპირიულ სამყაროში. მოკლედ, დამნაშავე აღიქმება ცალმხრივად მთელი თავისი ცოდვიანობით. ცოდვა (ემპირიული ხედვა) და არა ღმერთი (თავისუფლების სჯული, სუბსტანცია) ითვლება ამოსავალ წერტილად დანაშაულობის ანალიზის დროს.6 ახალი აღთქმის, ე.ი. დანაშაულის სუბსტანციურ ხედვას ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც სამართლებრივ მეცნიერებაში. ყველა იურიდიული მეცნიერება ადამიანის კონკრეტულ (ემპირიულ) მასალაზე ვითარდება. ამას მოითხოვს დანაშაულის შემადგენლობის დადგენა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაბუთება და სასჯელის დანიშვნა, ე.ი. ახალი აღთქმის ტერმინოლოგიით - ცოდვილობის მასალა. აქ არაა სუბსტანცია, არაა ჭეშმარიტება, რადგან ,,ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი” (იოანე, 9: 31). პირიქით, საზოგადოებაში დანაშაულობის წარმოშობის მთელი ბუნებრივი პროცესი, მისი განვითარება მიემართება სუბსტანციურად. გაუცხოების პროცესები ერთგვაროვნად ვლინდება სხვადასხვა დანაშაულობებში, მისგან აგებენ ერთსა და იგივე მასალას და ეს არ ქრება კონკრეტულ დანაშაულობებთან ერთად. აქ კი მოქმედებს პრინციპი - ,,ყოველივე შექმნილია მის მიერ” (იოანე, 1:3).
და ბოლოს, გვინდა შევეხოთ მეტათეორიულ საკითხს - დანაშაულობის პრობლემის ადგილი ახალი აღთქმის სტრუქტურაში.
ახალი აღთქმის მრავალ ადგილას ჩვენ ვხედავთ ქურდობის, მკვლელობისა და სხვა სახის დანაშაულის აკრძალვას (იოანე, 10:8; 10:10 და სხვა). ამასთან დაკავშირებით, მკითხველს შეიძლება დაებადოს კითხვა: ახალი აღთქმის მიხედვით დანაშაულზე შეიძლება ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც მოხდა სუბსტანციაზე (ღმერთზე) რეფლექსია და უკვე დადგინდა დანაშაულობის გაუცხოების მიზეზი, - მაშინ გამოვავლენთ დანაშაულობის სახეს. იქამდე ამ მოვლენაზე ძნელია საგნობრივი საუბარი. ახალი აღთქმის ანალიზმა გვიჩვენა ასეთი სუბსტანციური მიდგომის მართლზომიერება. მაგრამ, რატომ აფასებს დანაშაულს და კრძალავს მას ქრისტე, როგორც ადამიანი (იოანე, 3:14; 8:40 და სხვა), ღმერთთან (სუბსტანციასთან) რეფლექსიის წინ. ჯერ ხომ ქრისტემ არ განუცხადა დამნაშავეს ცნობილი სიტყვები: ,,ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ლუკა, 23:39-43), ე.ი. ჯერ არ მოხდა სამოთხეში აღმავლობა ანუ რეფლექსია?
თუ გავითვალისწინებთ ახალი აღთქმის სტრუქტურას, დავადგენთ მეტად საინტერესო ფაქტს. დანაშაულის შეფასება ძირითადად მოცემულია ახალი აღთქმის პირველ ნაწილში (იოანე, თავი 1-12), სადაც განიხილება არსის, სუბსტანციის საკითხი (,,იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს” - იოანე, 1:9), ამიტომ ამ ნაწილში დანაშაულის უარყოფითი შეფასება ნიშნავს, რომ სუბსტანციაში პოტენციურად მოცემულია ის საზომი, რომლის საფუძველზე დგინდება ცხოვრების ზედაპირზე არსებულ მოვლენათა ნამდვილი სახე. ამ მნიშვნელობით მოცემულია ქრისტეს მიერ დანაშაულის უარყოფითი შეფასება და ამიტომ ახალ აღთქმაში ალოგიზმს არა აქვს ადგილი. ახალი აღთქმის მესამე ნაწილში (იოანე, თავი 18-21) კი ხდება გლობალური პროცესის საიდუმლოების გადაწყვეტა, როგორც ჩანს, დანაშაულობის ისეთი გარდასახვითი ფორმების აღწერით, რომელიც კონკრეტული ადამიანისათვის ცნობილია: ქრისტეს წამება, ჯვარცმა, ბოროტმოქმედების განცდა და სხვა. ახალი აღთქმის ამ ნაწილის კვინტესენცია - სუბსტანციის გამოვლენის საბოლოო მომენტი (,,.... ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის... “ - კორინთელთა მიმართ, 15:3).
ახალი აღთქმის წარმოდგენები, ესაა თავისებური კაბალეტა, რომლითაც მთავრდება რელიგიური აზროვნება დანაშაულობის სუბსტანციური აღქმის შესახებ. ათასწლეულების განმავლობაში პარალელურად ვითარდებოდა მეორე გეზი - დანაშაულობის სახელმწიფოებრივი აღქმა. მოხელეობის სულით აღზრდილმა ადამიანებმა ვერა და ვერ შეძლეს რელიგიისაგან ღრმა აზრის შესწავლა. ჭეშმარიტების ძიების მეთოდი დაიკარგა; მხოლოდ მე-18 მე-19 საუკუნეებში გერმანელებმა სცადეს სუბსტანციური რეფლექსიის აღორძინება. მაგრამ ეს ცდა მხოლოდ ცდად დარჩა: ჰეგელის აბსოლუტური გონი ყოველთვის სახელმწიფოს უბრუნდებოდა. ქრისტეს ბუნებრიობა ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. კაცობრიობას ჯერ კიდევ მოუწევს დანაშაულობაზე დიდი წიგნის დაწერა. მაგრამ იგი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ყველა დროის უდიდესი რელიგიური ძეგლების ანალიზი თეორიულ აზროვნებაში არ იქნება დაკარგული.
_________________
1. პოზიტიურ-სამართლებრივი აზროვნება არ იცნობს გარდასახვითი ფორმების ანალიზს, რადგან სახელმწიფოსათვის მოვლენა და არსი გაიგივებულია (აღნიშნული საკითხის შესახებ იხ. გ. თოდრია, სამართლის ფილოსოფია - როგორც პრობლემა, პარლამენტის მრჩეველთა დამოუკიდებელი საბჭოს უწყებანი, თბ., 1997 წ., №2 გვ. 24-27).
2. ფ. მელდაუ, იოანეს სახარება განმარტებითურთ. (რუსულ ენაზე), 1990 წ. გვ. 85.
3. Гофман, Церковь езуитовв Г.
4. О. Шпенглер, Закат Европы - ,,Самоცознание европейской культуры XX века,” М., ,,Полит. Литература,” 1991 г., ст. 40.
5. გ. თოდრია, სახელმწიფო, როგორც გაუცხოების მომენტი და დანაშაულობა, სამართალი, №5., გვ. 21-26, 1990 წ
6. ბუნებითი სამართლის თვალსაზრისიდან გამომდინარე დანაშაულობა შეიძლება იყოს განხილული, როგორც გაუცხოებით ნაკარნახევი ადამიანის მიერ თავისი უფლების აღდგენის ფორმა

The National Library of Georgia

Cover Image

წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий