დავით გარსიაშვილის არქივი
შემდგენლისაგან
დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი დაიბადა 1870 წელს სოფელ საგარეჯოში. მამამისი დავით გარეჯის მედავითნე იყო. იგი ადრე გარდაიცვალა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დედამ _ ნინომ გაზარდა.
1879 წელს დ. გარსიაშვილი შევიდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1887 წელს სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1893 წელს დაამთავრა. იმავე წელს მღვდლად აკურთხეს და გაამწესეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. აქ მან 1922 წლის ივნისამდე იმსახურა. 1896 წელს ამავე ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო დაწყებითი სკოლა, სადაც იგი ოთხი წლის განმავლობაში ყველა საგანს ასწავლიდა.
1914-1918 წწ. დ. გარსიაშვილი გაწვეული იყო პირველ მსოფლიო ომში, მსახურებდა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე ჰოსპიტლის მღვდლად. 1922 წელს დ. გარსიაშვილი გადაიყვანეს ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, 1934 წელს _ სიონის საკათედრო ტაძარში, ხოლო 1945 წელს დაინიშნა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც სიკვდილამდე მსახურებდა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე, 1932-1952 წწ.) განკარგულებით დ. გარსიაშვილი დანიშნული იყო თბილისის სამღვდელოების მოძღვართა მოძღვრად. გარდაიცვალა 1957 წელს.
დ. გარსიაშვილის პირადი არქივი მისი ვაჟის, არჩილის ოჯახმა გადასცა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებას 2001 წლის ნოემბერში. მასალები ხუთი საქაღალ-დისაგან შედგებოდა, სადაც თავმოყრილი იყო აღურიცხავგვერდებიანი, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები. ისინი დაჯგუფებული იყო შინაარსის მიხედვით, რაც არქივის დამუშავებისას არ დაგვირღვევია. მასალები დავნომრეთ და შემდეგი სახით განვალაგეთ: ბიოგრაფიული ქადაგებანი პირადი მიმოწერა, მოგონებები, ფოტომასალა.
ორიოდე ოფიციალური დოკუმენტის გარდა, ბეჭდვითი მასალა არქივში არ მოიპოვება. ძირითადად არის ხელნაწერები, რომლებიც შესრულებულია მელნით,
მცირე ნაწილი _ ფანქრით, ხშირად ჩასწორებულია, ზოგიერთი ფურცელი _ დაკარგული.
ბიოგრაფიულ მასალებში მოცემულია გარსიაშვილების გენეალოგია. აქვეა თვით დ. გარსიაშვილის ხელით დაწერილი ბიოგრაფია ქართულ და რუსულ ენებზე. ვრცელი ბიოგრაფია კი, როგორც ტექსტიდან ჩანს, მის ვაჟს, არჩილს ეკუთვნის. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ არქივის მასალები მეტად საინტერესო ინფორმაციას იძლევა გასული საუკუნის 20-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
არქივში ცალკეა გამოყოფილი დ. გარსიაშვილის მიმოწერა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქებთან: კალისტრატესთან, ლეონიდესა (ოქროპირიძე, 1919-1921 წწ.) და მელქისედეკთან (ფხალაძე, 1952-1960წწ). “მე-19-ე საუკუნის განმავლობაში საქართველოს ჭეშმარიტ ძეთა და ასულთ მონობის უღელქვეშ უხდებოდათ მუშაობა სამშობლოს საკეთილდღეოდ... საქართველოს ასეთ შვილთ დაფარულ ზრახვას შეადგენდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”... დღეს ხორცს ისხამს, მართლდება” _ წერს 1919 წლის მარტში დ. გარსიაშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ლეონიდეს და არ მალავს აღფრთოვანებას ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის
გამო. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ეს მასალები მხოლოდ რეალური ვითარების მშრალი გადმოცემა როდია, არამედ, ქართული ეკლესიის გაძლიერების მიზნით, კონკრეტული წინადადებების შეთავაზებაცაა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთათვის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა დ. გარსიაშვილის წერილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატესადმი, რომელიც საქართველოში რუსეთის მიტროპოლიტის, ალექსის მოსალოდნელ ჩამოსვლას ეხება. ეპისტოლარული მასალებიდან მხოლოდ ერთი შეეხება პირად საკითხს, კერძოდ, კონფლიქტს დ. გარსიაშვილსა და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზ ლ. ტლაშაიძეს შორის, დანარჩენი მიმოწერა მხოლოდ ქართული ეკლესიის პრობლემებს განეკუთვნება.
1921 წელს საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: დამყარდა ათეისტური, ბოლშევიკური ხელისუფლება. გახშირდა სასულიერო პირთა დევნა, რაც საერთო ისტერიაში გადაიზარდა: ინგრეოდა ეკლესიები, ნადგურდებოდა საეკლესიო ქონება, დამცირებასა და უსაზღვრო შევიწროებას განიცდიდნენ სასულიერო პირები. ეკლესია ფორმალურად გამოყოფილი იყო სახელმწიფოსაგან, ფაქტობრივად კი, ხელისუფლება აშკარად ერეოდა ეკლესიის საქმეებში. 1924 წლის ცნობილი აჯანყების შემდეგ მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. დ. გარსიაშვილის არქივში დაცული დოკუმენტები, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. დ. გარსიაშვილის ვაჟები _ გიგლა და არჩილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. 19 წლის გიგლა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, 1924 წლის 1 სექტემბერს დახვრიტეს. მცირე ხნით დაპატიმრებული იყო თავად დ. გარსიაშვილიც.
ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გარკვეული ზედამხედველობა დააწესა მღვდელმსახურთა მიერ წარმოსათქმელ ქადაგებებზე. ქადაგებათა ტექსტები წინასწარ მასთან უნდა წარედგინათ. ეს იყო ზედამხედველობის იძულებითი ფორმა, რათა ხელისუფლებას სასულიერო პირთა დევნა უფრო არ გაემკაცრებინა. დ. გარსიაშვილი განეკუთვნებოდა იმ მღვდელმსახურებს, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ამგვარ შეზღუდვებს და თავის დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული ძალმომრეობისადმი იმ დროისათვის მეტად გაბედული ქადაგებებით
გამოხატავდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий