вторник, 12 марта 2013 г.

სამყაროს წარმოშობა



რას გვიდასტურებს მეცნიერება


“მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას” – ჟორჟ ლამეტრი

ყველა დროის ადამიანებს აღელვებდათ სამყაროს წარმოშობის საკითხი: რა მართავს მას; დინამიურია ის თუ სტატიკური; როგორ მუშაობენ ის კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ მასში წესრიგს და წონასწორობას და ა.შ. საუკუნეების განმავლობაში მოაზროვნეები და მეცნიერები ატარებდნენ უამრავ კვლევებს და ამუშავებდნენ პრინციპულად განსხვავებულ თეორიებს კოსმოგონიაში.


დომინირებული მიმართულება XIX ს. მეცნიერულ აზროვნებაში განპირობებული იყო დებულებით, რომ სამყარო არის უსასრულო ზომის მატერიის გროვა, რომელიც არსებობდა დაუსაბამო დროიდან და იარსებეს მარადიულად. ამგვარი შეხედულება, ქმნიდა რა საფუძველს მატერიალისტური ფილოსოფიისთვის, უარყოფდა შემოქმედს და ამტკიცებდა მოსაზრებას, რომ სამყაროს არ ჰქონდა დასაწყისი, და შესაბამისად არ ექნება არც დასასრული. მატერიალიზმი – ეს არის ფილოსოფიური სისტემა, რომელიც თვლის, რომ მატერია წარმოადგენს ერთადერთ აბსოლუტურ არსს და უარყოფს მის გარდა ნებისმიერი სხვა რამის არსებობას. ამ ფილოსოფიურმა სისტემამ, რომლის ფესვებიც მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან და რომელიც მზარდ პოპულარობას იძენდა XIX ს. – კულმინაციას მიაღწია კარლ მარქსის დიალექტიკურ მატერიალზმში.

მატერიალისტები უსასრულო და მარადიული სამყაროს მოდელს თვლიდნენ თავიანთი ათეისტური ფილოსოფიის ყველაზე მთავარ საყრდენად. ასე მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი-მატერიალისტი გეორგ პოლიცერი წიგნში “ფილოსოფიის ფუნდამენტური საფუძვლები” ამტკიცებდა, რომ “სამყარო არ არის შექმნილი ობიექტი; და თუ ის შექმნილია, მაშინ ღმერთს მოუწევდა მისი შექმნა წამიერად და არაფრისგან!”. როდესაც პოლიცერი ამტკიცებდა, რომ სამყარო არ არის შექმნილი, და მითუმეტეს არ არის შექმნილი არაფრისგან, ის უმთავრესად ეყრდნობოდა სამყაროს სტატიკურ მოდელს, რომელიც მიღებული იყო XIX ს. -ში, და ფიქრობდა, რომ ამით მეცნიერული არგუმენტი მოჰყავდა. თუმც, მეცნიერების მძლავრმა განვითარებამ XX ს.-ში საფუძველი გამოაცალა სტატიკური სამყაროს მოდელის პრიმიტიულ წარმოდგენას, რომელიც მატერიალიზმის ფუნდამენტურ თეზისს წარმოადგენდა. აღმოჩნდა, რომ სამყარო არ არის სტატიკური, როგორც მატერიალისტები მიიჩნევდნენ; პირიქით ის დინამიურია! სამყარო მუდმივად ფართოვდება! ამას გარდა, უამრავმა ექსპერიმენტმა, დაკვირვებამ და თანამედროვე ფიზიკოსთა გამოთვლებმა დაამტკიცეს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, და რომ ის შეიქმნა წამიერად – უდიდესი აფეთქების შედეგად! დღეს, ეს ვერსია დამტკიცებულია და აღიარებულია მსოფლიო მეცნიერული საზოგადოების მიერ. ამ უმნიშვნელოვანესი მონაცემების მოპოვება მსოფლიო მეცნიერების მიერ მთელი რიგი დაკვირვებებით და რევოლუციური აღმოჩენებით იყო განპირობებული.



ლამეტრი და აინშტაინი
1927 წ. ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა  გამოთქვა სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო შეიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე. ლამეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რელიგია და მეცნიერება არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. როდესაც ლამეტრმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა აინშტაინს, მან ტაში დაუკრა ახალგაზრდა მეცნიერს და უთხრა ”ეს ყველაზე შესანიშნავი და დამაკმაყოფილებელი ახსნაა სამყაროს წარმოშობისა, რაც კი ოდესმე გამიგონია!”. თუმც, აინშტაინმა თავდაპირველად არ გაიზიარა ახალგაზრდა მეცნიერის მოსაზრებები (ლამეტრისგან დამოუკიდებლად, იგივე მოსაზრება გამოთქვა დიდმა საბჭოთა მეცნიერმა ალექსანდრ ფრიდმანმა). 1929 წ. კალიფორნიის “მაუნტ უილსონის” ობსერვატორიაში დიდმა ამერიკელმა ფიზიკოსმა ედვინ ჰაბბლმა გააკეთა ერთ ერთი უდიდესი აღმოჩენა ასტრონომიის ისტორიაში: აკვირდებოდა რა ვარსკვლავებს გიგანტური ტელესკოპით, მან აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები, მათი დედამიწისგან დაშორების შესაბამისად გამოსცემდნენ მოწითალო ფერს. ეს ნიშნავდა, რომ ვარსკვლავები დედამიწას შორდებიან! თანახმად ფიზიკის კანონებისა, სინათლის სხივი დაკვირვების წერტილისკენ მოძრაობისას სპექტრის ხილულ დიაპაზონში იხრება იისფერისკენ, დაშორებისას კი – წითლისკენ.
ედვინ ჰაბბლი
ჰაბბლის დაკვირვებებისას აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავთა სინათლე იხრება სწორედ წითელი ფერისკენ. ე.ი. ვარსკვლავები მუდმივ გვშორდებიან. ამ აღმოჩენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. მალე ჰაბბლმა გააკეთა კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა: ვარსკვლავები და გალაქტიკები არამარტო ჩვენ, არამედ ერთმანეთსაც შორდებიან! ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამ რევოლუციური დაკვირვებების შედეგად შეიძლება გაკეთებულიყო, არის ის, რომ სამყარო ფართოვდება! მაგალითისთვის გაფართოებადი სამყარო შეიძლება შევადაროთ გასაბერ ბუშტს; გალაქტიკები შორდებიან ერთმანეთს ისევე, როგორც ბუშტის ზედაპირზე დასმული წერტილები შორდებიან ერთმანეთს.

“სამყაროს გაფართოების კანონი” არსობრივად, უფრო ადრეც იყო აღმოჩენილი. თეორიული ფიზიკაში გაკეთებული გამოთვლების საფუძველზე მსოფლიოს ერთ-ერთი უგენიალურესი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყარო არ შეიძლება ყოფილიყო სტატიკური. მაგრამ, რომ არ დაპირისპირებოდა იმჟამინდელი მეცნიერული საზოგადოების მიერ აღიარებულ შეხედულებას სამყაროს სტატიკურ მოდელზე, მან თავისი მოსაზრებები დროებით გვერდზე გადადო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აინშტაინმა არ გაიზირა აგრეთვე ლამეტრის იდეები, რომელიც მეცნიერთაგან ერთ-ერთი პირველი მივიდა იმ აზრამდე, რომ სამყარო აფეთქების შედეგად უნდა წარმოშობილიყო. მოგვიანებით, აინშტაინმა აღიარა, რომ ამით მან დაუშვა “ყველაზე დიდი შეცდომა” თავის მეცნიერულ კარიერაში.

რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია” და რას უნდა ნიშნავდეს სამყაროს მუდმივად გაფართოება? დღეს უკვე დამტკიცებული ჰიპოტეზა სამყაროს გაფართოებაზე მდგომარეობს შემდგომში: დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცხადი გახდებოდა სამყაროს წარმოშობა ერთი წერტილისგან. გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ ეს “ერთადერთი წერტილი”, რომელიც შეიცავდა მთელ მატერიას, ე.წ. “ნულოვანი მოცულობის” და “უსასრულო სიმჭიდროვის“ უნდა ყოფილიყო. სამყაროც სწორედ ამ ერთადერთი წერტილის აფეთქების შედეგად შეიქმნა. ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა სამყაროს დასაწყისი ეწოდა “დიდი აფეთქება”. შესაბამისად თეორიასაც ეწოდა “დიდი აფეთქების თეორია”.

უნდა აღინიშნოს, რომ “ნულოვანი მოცულობა” თეორიული მცნებაა და მხოლოდ აღწერისთვის გამოიყენება. მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ განსაზღვროს მცნება “არაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორც “წერტილი ნულოვანი მოცულობით”. სინამდვილეში, კი “წერტილი მოცულობის გარეშე” არის “არაფერი”. ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებით – შეიქმნა. მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა დაადასტურეს მხოლოდ XXს.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ. არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამ” გვიჩვენა, რომ თავდაპირველად ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით. “იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქება – უტყუარი დამადასტურებელია სამყაროს “არაფრისგან” წარმოშობისა, ანუ ღმერთის შემოქმედებითი აქტისა! მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი მატერიალისტური მრწამსის მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფები ჯიუტად უარყოფდნენ აშკარა ფაქტს და იცავდნენ სამყაროს უსასრულობისა და მარადიულობის იდეას.

მიზეზი მატერიალისტთა ამ უსაფუძვლო ურჩობისა ნათელი ხდება თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიკოსის არტურ ედდინგტონის გამონათქვამიდან: “ბუნების წესრიგის უცაბედად დაწყება ჩემში იწვევს ფილოსოფიური თვალთახედვიდან გაუცხოების გრძნობას”. კიდევ ერთი მატერიალისტი, ცნობილი ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი სერ ფრედ ჰოილი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყველაზე მეტად ააღელვა “დიდი აფეთქების თეორიამ”. XX ს. 50-იან წლებში ჰოილმა წამოაყენა თეორია სახელწოდებით “უცვლელი მდგომარეობის თეორია”, რომელიც წააგავდა XIX ს.-ში გავრცელებულ შეხედულებას სამყაროზე, როგორც სტატიკურ სისტემაზე. ჰოილის თეორიის მიხედვით სამყარო იყო უსასრულო და მარადიული. ერთადერთი მიზანი ამ თეორიისა გახლდათ მატერიალისტური ფილოსოფიის მხარდაჭერა, და აქედან გამომდინარე დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა “დიდი აფეთქების თეორიას”, რომელიც ამტკიცებს ჰიპოთეზას, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი (დღეს უკვე აღიარებული და დამტკიცებული გამოთვლებით ეს არის დროის უმცირესი მონაკვეთი 10 -43 წმ.). “უცვლელი მდგომარეობის” დამცველნი რამოდენიმე ათეული წელი ეწინააღმდეგებოდნენ “დიდი აფეთქების თეორიას”. მეცნიერული პროგრესი კი მათ წინააღმდეგ იყო მიმართული.
გიორგი გამოვი
1948 წ. დიდმა მეცნიერმა გიორგი გამოვმა გამოთქვა კიდევ ერთი მოსაზრება “დიდი აფეთქების თეორიასთან” დაკავშირებით. ის ამტკიცებდა, რომ “თუ სამყარო შექმნილია ასეთი კოლოსალური აფეთქების შედეგად, მაშინ კოსმოსში უნდა იყოს შემორჩენილი რაიმე კვალი, ანუ რადიაციის გარკვეული რაოდენობა. უფრო მეტიც; ეს რადიაცია თანაბრად უნდა იყოს გაფანტული მთელს კოსმოსში”. ეს უტყუარი დამამტკიცებელი “დიდი აფეთქების თეორიის” აუთენტიურობისა, რომელიც “უნდა ყოფილიყო კოსმოსში” მალე იქნა აღმოჩენილი. 1965 წ. ორმა მეცნიერმა – არნო პენსიასმა და რობერტ უილსონმა ეს ტალღები შემთხვევით აღმოაჩინეს. რადიაცია, რომელსაც უწოდეს “ფონური კოსმოსური გამოსხივება” (რელიქტური რადიოგამოსხივება) რაიმე წყაროდან კი არ მოდიოდა, არამედ მთელს კოსმოსში იყო “გაფანტული”. ამ აღმოჩენამ ნათლად დაადასტურა, რომ ეს რადიაცია შემორჩენილი იყო “დიდი აფეთქებიდან”. პენსიასმა და უილსონმა ამ დიდი აღმოჩენისთვის ნობელის პრემია დაიმსახურეს. გამოკვლევები ინტენსიურად გრძელდებოდა. 1989 წ. ნასამ (NASA) “ფონური კოსმოსური გამოსხივების” გამოსაკვლევად კოსმოსში გაუშვა თანამგზავრი COBE. თანამგზავრს სულ 8 წუთი დასჭირდა პენსიასის და უილსონის გამოთვლების დასამტკიცებლად. კოსმოსში აღმოჩენილ იქნა ნაშთი იმ ზემძლავრი აფეთქებისა, რომელმაც საწყისი დაუდო სამყაროს არსებობას. ამ აღმოჩენას უწოდეს “ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში”, რომელმაც ნათლად დაამტკიცა “დიდი აფეთქების თეორიის” სინამდვილე.

ა. პენსიასი და რ. უილსონი


ორბიტალური ტელესკოპი “ჰაბბლი”
ნასას ტელესკოპ “ჰაბბლით” (“Hubble Space Telescope”, სახელი ეწოდა ედვინ ჰაბბლის საპატივცემულოდ) სხვა მრავალი სენსაციური აღმოჩენა გახდა შესაძლებელი: უნიკალური ორბიტალური ტელესკოპი მეცნიერებას დაეხმარა ურთულეს პრობლემათა ამოხსნაში. მისი მეშვეობით განისაზღვრა სამყაროს სავარაუდო ასაკი; განისაზღვრა ჰაბბლის კონსტანტა - სამყაროს გაფართოების სიჩქარე; მისი მეშვეობით აღმოჩენილ იქნა კოერენტული სტრუქტურის ობიექტები - პროტოგალაქტიკები, რომელთა ასაკიც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის ასაკთან და სხვ.

1998 წ. ბერკლის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კიდევ ერთი საოცარი მოვლენა... თუმც, ეს აღმოჩენა არ იქნებოდა სიურპრიზი ლამეტრისთვის, რომელმაც, მრავალი წლის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი აფეთქება არ იყო “უბრალო” აფეთქება; რომ ის გაფართოებას აუცილებლად გააგრძელებდა და გაიზრდებოდა სიჩქარეც! “დიდი აფეთქების თეორიის” აღიარებას ათწლეულები დასჭირდა. როდესაც მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს სამყაროს არაჩვეულებრივი წარმოშობა, ბევრი მათგანი შეეწინააღმდეგა ლამეტრის ამ კიდევ ერთ დაუჯერებელ მოსაზრებას. სტივენ ჰოუკინგი და სხვა წამყვანი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სიჩქარე გრავიტაციის ზემოქმედებით შემცირდებოდა. დაკვირვებებისას, კი საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. ეს “ახალი” აღმოჩენა დაამტკიცა ჰაბბლის ტელესკოპმაც. ამ აღმოჩენამ “მსოფლიო ასტრონომია შეაზანზარა” (ჟურნალი Astronomy, October 1999). ჟურნალმა “მეცნიერებამ” (Science) ეს აღმოჩენა დაასახელა 1998 წ. უმთავრეს მოვლენად. დიდი აფეთქების” თეორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დამადასტურებელია ჰელიუმის და წყალბადის რაოდენობა კოსმოსში. გამოკვლევების პროცესში ნათელი გახდა, რომ ამ ნივთიერებათა კონცენტრაციის დონე კოსმოსში, რაც შემორჩენილია დღეს “დიდი აფქთქებიდან” – ემთხვევა მეცნიერთა თეორიულ გამოთვლებს. სამყაროს რომ არ ჰქონოდა დასაწყისი, მაშინ მთელი მისი წყალბადის მარაგი დიდი ხნის წინ დაიწვებოდა და გარდაიქმნებოდა ჰელიუმად (თერმობირთვული პროცესი) !!!ამ უტყუარმა მტკიცებებმა განაპირობეს “დიდი აფეთქების თეორიის” აღიარება მთელი მსოფლიოს მეცნიერული საზოგადოების მიერ. სამყაროს წარმოშობის ეს მოდელი არის მეცნიერთა საბოლოო ვერსია, რომელიც დამაჯერებლად ადასტურებს შემოქმედებით აქტს – სამყაროს შექმნას – სივრცისა და დროის დასაწყისს (უნებურად გვახსენდება საკრამენტული სიტყვები ბიბლიიდან: “ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობდეს სამყაროი. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა”. ფსალ. 18:1-2). მეცნიერებამ სწორედ კოსმოსის შესწავლით შეიცნო ღმერთი და მისი ქმნილება. საგულისხმოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ სინათლე – ინფორმაციის ეს უმთავრესი წყარო – თანახმად ბიბლიისა, პირველ დღეს შეიქმნა. ეს მიუთითებს მის ფუნდამენტურ როლზე ქმნილების იერარქიაში. სინათლე არის ღმერთის სამოსელი (ფსალ. 103:2). ღვთის გამოცხადება ყოველთვის დაკავშირებულია სინათლის ეფექტებთან (მაგ. მოსეს მიერ ნათლის ხილვა მაყვლოვანზე, გამოს. 3:6; ფერიცვალებისას, მათ.17:2; ცეცხლის სასწაულებრივი გადმოსვლა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ყოველი წლის აღდგომის ღამეს და სხვ.).
11 მილიარდი წლის წინ
არსებული გალაქტიკები
“დიდი აფეთქების თეორიის” მეცნიერულმა გამარჯვებამ ადამიანთა ცნობიერებაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. საბოლოოდ დაიმსხვრა მითი სამყაროს მარადიულობისა, ვინაიდან, “რასაც აქვს დასაწყისი, მას აქვს დასასრულიც”. დასრულდა ხანგრძლივი ათეისტური ეპოქაც. ცნობილმა ათეისტმა მეცნიერმა დენის სკიამმა, რომელიც სერ ფრედ ჰოილთან ერთად იცავდა “უცვლელი მდგომარეობის თეორიას” ასე განმარტა ის სიტუაცია, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ მას შემდეგ, რაც “დიდი აფეთქების თეორიის” ყველა დამატკიცებელი საბუთი იქნა მოპოვებული: “მე ვიცავდი უცვლელი მდგომარეობის თეორიას არა იმიტომ, რომ მას სწორად ვთვლიდი, არამედ იმიტომ, რომ მსურდა ასეთი ყოფილიყო. უტყუარ მტკიცებულებათა დაგროვებისას მე მივხვდი, რომ თამაში დამთავრებულია, და რომ უცვლელი მდგომარეობის თეორია სამუდამომ უნდა იქნას უარყოფილი...”. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფროფესორი ჯორჯ ეიბლიც აღიარებს “დიდი აფეთქების თეორიის” გამარჯვებას და ამბობს: “დღეს დღეისობით არსებული მეცნიერული მტკიცებანი ნათლად გვიდასტურებენ სამყაროს წარმოქმნას დიდი აფეთქების შედეგად. ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი, გარდა იმისა, რომ მივიღოთ ეს თეორია”. “დიდი აფეთქების თეორიის” დამტკიცებით მატერიალისტური ფილოსოფიის საფუძველი – “მარადიული მატერიის” მითი – ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა. მაგრამ, ამ აღმოჩენის შემდეგ მეცნერიებაში ახალი კითხვები გაჩნდა: მაშ რა იყო დიდ აფეთქებამდე? რა ძალა იყო ის, რამაც სამყარო შექმნა აფეთქებით და თან არაფრისგან, და არაფერი აქცია არსად? მეცნიერულად დამტკიცებული პასუხი, უდავოდ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომელიც არტურ ედდინგტონის სიტყვებით მატერიალისტებში იწვევს “ფილოსოფიური თვალთახედვიდან გაუცხოების გრძნობას”; სახელდობრ, შემოქმედის არსებობა. ცნობილი ათეისტი ფილოსოფოსი ენტონი ფლუ ამ პრობლემას შემდეგნაირ კომენტარს უკეთებს: “როგორც ცნობილია, ცოდვების აღიარება სასარგებლოა სულისთვის. ამიტომ მე დავიწყებ იქიდან, რომ ათეისტი უნდა აღაშფოთოს თანამედროვე მეცნიერების თანხმობამ კოსმოლოგიაში; როგორც ჩანს, კოსმოსის მკვლევარები გვაძლევენ მტკიცებულებებს იმისა, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი!”. მეცნიერების უმეტესობამ, რომლებიც არ შემოიფარგლებოდნენ ათეიზმის ბრმა რწმენით, აღიარეს ყოვლისშემძლე ღმერთის როლი სამყაროს შექმნაში. მეცნიერთა აზრით, შემოქმედი არის ის ძალა, რომელმაც შექმნა მატერია და დრო, თუმც აბსოლუტურად არ არის მათგან დამოკიდებული. აი რა დასკვნას აკეთებს ცნობილი ასტროფიზიკოსი ჰიუ როსსი: “თუ დროის დასაწყისი ემთხვევა სამყაროს დასაწყისს, რასაც გვეუბნება კოსმოსის თეორემა, მაშინ სამყაროს მიზეზი უნდა იყოს არსი, რომელიც მოქმედებდა სრულიად განსხვავებულ განზომილებაში და აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ჩვენთვის ცნობილი დროის და სივრცის განზომილებათაგან; და რომელიც, ცხადია, არსებობდა მის შექმნამდე”. (ქრისტემ ამის შესახებ პირდაპირ თქვა: “ახლა კი, შენ განმადიდე მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან წუთისოფლის გაჩენამდე”. იოან. 17:5).

ზემოთქმული ნათლად გვიდასტურებს იმ გარემოებას, რომ ღმერთი არ არის თავათ სამყარო, და რომ ღმერთი არ არის მოთავსებული სამყაროში. მატერია და დრო შექმნილია შემოქმედის მიერ, რომელიც მათგან სრულიად დამოუკიდებელია (ამ მეცნიერული მტკიცებით ბათილდება აგრეთვე ანტიმართლმადიდებლური და არაქრისტიანული სწავლებებიც, მაგ. პანთეიზმი და სხვ.).

რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია”? “დიდი აფეთქების თეორიამ” მატერიალისტებს უფრო მეტი უსიამოვნებები მოუტანა, ვიდრე მატერიალისტ-ფილოსოფოსის ენტონი ფლუს და მსგავსთა აღიარებებმა, რადგან “დიდი აფეთქების თეორია” ამტკიცებს არა მხოლოდ იმას, რომ სამყარო შეიქმნა არაფრისგან, არამედ იმ გარემოებას, რომ შექმნის პროცესი მიმდინარეობდა უაღრესად ზომიერად, მოწესრიგებულად და უმკაცრესი კონტროლის ქვეშ!

აფეთქება დაიწყო ერთი წერტილიდან, რომელშიც მოთავსებული იყო მთელი მატერია და ენერგია; სივრცეში ნივთიერებათა გაფანტვა ხდებოდა ყველა მიმართულებით უაღრესად თანაბრად და შემზარავი სიჩქარით! პირველი სამი ეპოქა განვითარდა სულ რაღაც ერთ წამში! თავდაპირველი ნივთიერებისგან და ენერგიისგან წარმოიქმნა ჩვენთვის ცნობილი კოსმოსი, რომელიც შეიცავს გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, დედამიწას და სხვა უამრავ ციურ სხეულს.

“დიდი აფეთქებისას” შეიქმნა ფიზიკის კანონები, რომლებიც უცვლელია მთელს კოსმოსში! ფიზიკის კანონებმა არანაირი ცვლილებები არ განიცადეს მთელი ამ დროის განმავლობაში! უფრო მეტიც, მთელი ეს კანონები ემყარება ისეთ უზუსტეს გამოთვლებს, რომ მათ უმნიშვნელო ცვლილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მთელი სამყაროს დაღუპვა. ყოველივე ეს მიუთითებს იმ სრულყოფილ წესრიგზე, რომელიც გაჩნდა დიდ აფეთქებასთან ერთად (აღსანიშნავია, რომ კოსმოსი ძველბერძნულად ნიშნავს წესრიგს). დიდი აფეთქების შემდეგ, ანუ სამყაროს შექმნიდან კოსმოსში არაფერი მომატებულა და არც მოკლებულა (იხ. ბიბლია, ის. 40:26), რაც სრულ თანხმობაშია ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებთან.
“დიდი აფეთქების” გრაფა დროში

სამყაროს წარმოქმნის ქრონოლოგია:

  • 0 წმ. – დიდი აფეთქება. იწყება სამყაროს გაფართოება.
  • 10-43 წმ. – პლანკის დრო. სამყაროს რადიუსია 10-35 სმ. (პლანკის სიგრძე). ტემპერატურა დაახლ. 10 32 K. ამ მომენტამდე სამყაროს ქონდა სრული სიმეტრია: ოთხივე სტიქია გაერთიანებული იყო. რა იყო მანამდე, უცნობია - თანამედროვე ფიზიკისთვის შეუძლებელია ამის წარმოსახვა. “პლანკის დროს” შემდეგ სიმეტრია ირღვევა; გრავიტაცია ცალკავდება. 4 სტიქია ჯერ კიდევ გაერთიანებულია. სამყარო შედის “დიდი გაერთიანებული თეორიის” ერაში (GUT).
  • 10 -35 წმ. – ტემპერატურა ვარდება 10 28 K-მდე. სამყარო შედის “ცრუ ვაკუუმის” ერაში. ვაკუუმის ენერგია ზრდის ინფლაციას. 10 -32 წმ. სამყარო გრეუფრუტის ზომიდან მზის სისტემის მოცულობის ხდება.
  • 10 -35 წმ. -დან ინფლაცია ნელდება. იწყება “ნამდვილი ვაკუუმის” ერა.
  • 10 -10 წმ. ტემპერატურა ვარდება 10 15 K-მდე. რადიაცია მძლავრდება. იწყება რადიაციით-დომინირებული ერა. ფოტონებს საკმარისი ენერგია აქვთ იმისთვის, რომ გადაიქცნენ ნაწილაკი/ანტინაწილაკის წყვილად (მანამ, სანამ E>mc2, სადაც E არის ფოტონის ენერგია და m ნაწილაკი/ანტინაწილაკის მასსა).
  • 10 -4 წმ. ტემპერატურა ვარდება 10 13 K-მდე. კვარკების შესაქმნელად სამყაროში უკვე არასაკმარისი ენერგიაა.
  • 10 -3 წმ. ტემპერატურა ვარდება 10 12 K-მდე. პროტონების შესაქმნელად სამყაროში უკვე არასაკმარისი ენერგიაა. ამ დროისთვის უკვე შექმნილია ყველა პროტონი, რაც კი არსებობს და ოდესმე იარსებებს სამყაროში.
  • 10 -3 წმ.-დან 100 წმ.-მდე – ნუკლეოსინთეზის ერა. პროტონები ერთმანეთთან რეაქციაში შედიან. ამ ერის დასასრულისთვის ტემპერატურა ვარდება 10 9 K-მდე. თერმობირთვული რეაქციები ჩერდება. სამყაროს შემადგენლობაა: დაახ. 70% წყალბადი და 25% ჰელიუმი. ჩანს დეუტერიუმის, ლითიუმის, ბორონის და ბერილიუმის კვალი.
  • 100 წამიდან - 300 000 წლამდე - ბირთვული ერა. სამყარო მთლიანად იონიზირებულია და აგრძელებს გაფართოებას. სამყარო რადიაციისადმი გაუმჭვირვალე ხდება, რადგან თავისუფალი ელექტრონები კარგი შთამთქმელები არიან. სამყარო თერმულ წონასწორობაშია.
  • 300 000 წლიდან - ტემპერატურა ვარდება 3000 K-მდე. ელექტრონებს და პროტონებს უკვე შუძლიათ ატომის შედგენა. სამყარო ხდება გამჭვირვალე. რადიაცია და მატერია ცალკავდება – ისინი უკვე აღარ არიან თერმულ წონასწორობაში. სამყარო ხდება მატერიით-დომინირებული.
  • დაახლ. 10 8 წელი - კოსმოსური ღრუბლებიდან და გაზიდან იქმნება ვარსკვლავთა პირველი პოპულაცია. მასიური ვარსკვლავები ქმნიან მეტალებს (ყველაფერი, რაც მძიმეა წყალბადზე და ჰელიუმზე). ფორმირებას იწყებენ გალაქტიკები. უხვადაა მეტალის მტვერი.
  • 7 მილიარდი წელი (დაახ.) – ფორმირდება მზე და მზის სისტემა.
  • 12 მილიარდი წელი – თანამედროვე კოსმოსი.


ჩვეულებრივ აფეთქებას, როგორც წესი, არ შეუძლია გამოიწვიოს წესრიგი. პირიქით, ის არღვევს, ანგრევს და ანადგურებს წესრიგს. თუ შეგვეძლება ვიხილოთ რაიმე პროცესი, რომელიც ყველაფერში სრულ წესრიგს გამოიწვევს, მაშინ დავასკვნიდით, რომ მის მიღმა იმალება ინტელექტი, რომელიც აკონტროლებს და წარმართავს მთელ პროცესს. სერ ფრედ ჰოილი, მრავალი წლის დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა “დიდი აფეთქების თეორია”. მან საკმაოდ კარგად დაახასიათა ეს სიტუაცია: “დიდი აფეთქების თეორია ამტკიცებს, რომ სამყარო ერთი აფეთქებიდან იწყება. როგორც ვიცით, ჩვეულებრივი აფეთქება მხოლოდ ფანტავს მატერიას და ახდენს მის დესისტემიზაციას. დიდმა აფეთქებამ, კი იდუმალი ხერხებით გამოიწვია აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქცია – მატერიები შეერთდნენ და შემდეგ შეძლეს გალაქტიკათა ფორმირება. უდაოდ, თუ აფეთქების შემდეგ გაჩნდა დიადი წესრიგი, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ შემოქმედის ჩარევა ხდებოდა აფეთქების ყველა სტადიაზე და უმკაცრესად კონტროლდებოდა”. ამ საოცარი წესრიგის კიდევ ერთი ასპექტი არის სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტის წარმოქმნა. ასეთი პლანეტის წარმოსაქმნელად საჭირო პირობები ისეთი რთულია, რომ შეუძლებელია წარმოსახვაც კი. გამორიცხულია ამგვარი პლანეტის შემთხვევით წარმოქმნა. მიკროკოსმოსის - ადამიანის აგებულება კი არა ნაკლებ რთულია და აღტაცების მომგვრელი. ადამიანის ტვინის სისწრაფე მერყეობს 10 – 1000 გიგაფლოპამდე (1 გიგაფლოპი = 1 მილიარდი ოპერაცია) დღესდღეობით უმძლავრესი იაპონური კომპიუტერის სიჩქარეა 230 გიგაფლოპი. 10 გიგაფლოპი – ეს თვალის მიერ დამუშავებული ინფორმაციის ტვინისთვის გადაცემის სიჩქარეა მხოლოდ. ადამიანის შემთხვევით წარმოშობის ალბათობა კი უფრო წარმოუდგენელია. ადამიანის გენოტიპი ბიოქიმიურად ძირითადად შედგება ცილებით – ფერმენტებით. თავის მხრივ თითოეული ცილა კოდირებულია ცალკეული გენით. ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა დაახლ. 110 000 განსხვავებული ტიპია. საშუალო გენი შედგება 1800 ნუკლეოტიდისგან. წარმოქმნის ალბათობა, კი განისაზღვრება 4.3*10 -109 -დან 1.8*10 -217. ამგვარად, სამყაროს ასაკიც კი არ იქნებოდა საკმარისი, რომ ნუკლეოტიდური ფუძის ყველა შესაძლო კომბინაცია გადარჩეულიყო! ხოლო ადამიანის მთელი ქრომოსომის წარმოქმნის ალბათობა, კი მერყეობს 10 -12.000.000 დან 10 -24.000.000 შორის!!! დიდი რუსი მეცნიერის აკადემიკოს ვ.პ. დობროხვალოვის ცნობილი გამონათქვამია “ჭეშმარიტმა მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მატერია თავისთავად მკვდარია, პასიურია, და რომ სიცოცხლის წარმოქმნა მას არ შეუძლია”. დიდი ფრანგი მეცნიერი პასტერი კი ამტკიცებდა: “სიცოცხლე წარმოიშვა მხოლოდ სიცოცხლისგან, და არამც და არამც მკვდარი მატერიისგან!”. ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ი.ლ. კოენი კი ამბობს შემდეგს ”...მას შემდეგ, რაც მეცნიერებამ გაშიფრა დნმ-რნმ-ს კოდი, ევოლუციონისტებთან ყოველგვარი კამათი დასრულდა”. გენეტიკურ აპარატში ცვლილების ალბათობა მხოლოდ 5 ცილის სტრუქტურის გათვალისწინებით იმდენად მცირეა, რომ საკმარისია იმისთვის, რომ სამუდამოდ “დამარხოს” დარვინიც და მთელი მისი ევოლუციური თეორიაც (დარვინის ევოლუციური თეორია ამჟამად უკვე ამოღებულია სახელმძღვანელოებიდან თითქმის ყველა სახელმწიფოში).

დავუბრუნდეთ ისევ “დიდი აფეთქების თეორიას”. თეორიული ფიზიკის ცნობილმა პროფესორმა პოლ დევისმა სამყაროს გაფართოების სიჩქარის გამოთვლის შემდეგ განაცხადა: ”ეს სიჩქარე გათვლილია ადამიანისთვის წარმოუდგენელი სიზუსტის კრიტერიუმებით; გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ გაფართოების სიჩქარე ახლოსაა კრიტიკულ სიჩქარესთან. მცირედი გადამეტება, და სამყარო გრავიტაციისგან განთავისუფლდება და მუდმივად გაფართოვდება; უმნიშვნელო შემცირება, და გრავიტაციის ძალა შეკუმშავს და გაანადგურებს მას. უმცირეს ცვლილებასაც კი შეუძლია წონასწორობის დარღვევა... როგორც ჩანს, დიდი აფეთქება საგულდაგულოდ დაგეგმილია და სისტემატიზირებულია მასში მიმდინარე ყოველი მომენტი”. პოლ დევისმა განმარტა ასევე ის დასკვნა, რომელიც სამყაროს ამ წარმოუდგენლად ზუსტი ბალანსისა და გათვლების შესახებ გააკეთა თანამედროვე მეცნიერებამ: “ძნელია წინაღუდგე შთაბეჭდილებას, რომ თანამედროვე კოსმოსის სტრუქტურა, რომელიც აშკარად ზემგრძნობიარეა თვით უმნიშვნელო რიცხობრივ ცვილებებთან მიმართებაშიც კი - დეტალურად იყო დაგეგმილი უმაღლესი გონის მიერ. ადამიანური წარმოსახვისთვის გამაოგნებელი რიცხვითი მნიშვნელობების დამთხვევები, რომლებიც ბუნებამ მიაკუთვნა თავის ყველაზე ფუნდამენტალურ კონსტანტებს წარმოადგენს ყველაზე მეტად დამაჯერებელ საბუთს იმისა, რომ არსებობდა დიადი ჩანაფიქრი კოსმოსური სივრცისა...”.

სტივენ ჰოუკინგი


ჩარლზ ტაუნსი
ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი სტივენ ჰოუკინგი თავის წიგნში “დროის მოკლე ისტორია” აღნიშნავს, რომ მთელი სამყარო დაფუძნებულია ისეთ დეტალურ გათვლებზე, რომ მეცნიერებას ამის წარმოსახვაც კი უჭირს. ჰოუკინგი სამყაროს გაფართოების შესახებ წერს შემდეგს: “სამყაროს გაფართოების სიჩქარე აფეთქებიდან ერთი წამის შემდეგ წამის ერთი მეასიათასბილიონედითაც ნაკლები რომ ყოფილიყო, სამყარო უთუოდ დაინგრეოდა და ცხადია, ვერც მიაღწევდა დღევანდელ მდგომარეობას”;  იგივე მოვლენის შესახებ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი, ჯორჯ გრინშტაინი თავის წიგნში “სიმბოლური სამყარო” წერს შემდეგს: “მეცნიერული ფაქტების კვლევისას მუდმივად ვაწყდებით იმ გარემოებას, რომ სამყაროს ფორმირებაში მონაწილეობდა ზებუნებრივი გონი”. ამავე აზრის იყვნენ XX ს. დიდი მეცნიერები, რომლებიც ათეულობით წლის წინ მივიდნენ შემოქმედის აღიარებამდე. აინშტაინის აზრით “მეცნიერება რელიგიის გარეშე არადამაჯერებელია; რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმაა”. “ბუნებათმცოდნეობის ჭურჭლიდან შესმულ პირველ ყლუპს ათეიზმამდე მივყავართ, ფსკერზე კი ღმერთი გველოდება” ამბობდა ბირთვული ფიზიკის ფუძემდებელი ვ. ჰაიზენბერგი. ნობელის პრემიის ლაურეატი, სახელგანთქმული მეცნიერი ჩარლზ ტაუნსი (ლაზერის სხივის გამომგონებელი) აღიარებს, რომ “სამყაროს კანონებში შეიცნობა გონიერი საწყისი”. დღეს დღეობით, თანამედროვეობის უდიდეს მეცნიერთა უმრავლესობა კრეაციონისტულ შეხედულებებს იზიარებს. ვუღრმავდებით რა სამყაროს სრულყოფილ წყობას, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მისი არსებობა და მასში განვითარებული პროცესები, დამოკიდებულია უაღრესად “კარგად” გათვლილ წონასწორობაზე. ნათელია, რომ თვითნებურად წარმოქმნა ამ უნიკალური წესრიგისა და უზუსტესი წონასწორობისა “დიდი აფეთქების” შემდგომ კატეგორიულად გამორიცხულია, რაც აშკარად მოწმობს ღვთაებრივი შემოქმედების აქტზე. გონიერი საწყისის, დეტალური გეგმის გარეშე სამყარო ვერ წარმოიქმნებოდა. ღმერთის აღიარების გარეშე, კი შეუძლებელია გავიგოთ სამყარო. შემოქმედის “მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” გვეუბნება ბიბლია (რომ.1:20). ამგვარად, კაცობრიობა წმ. მოციქულ თომას კვალს მიჰყვება. მეცნიერება, კი არსობრივად თომასეული რწმენაა - “თუ არ ვიხილავ... არ ვიწამებ!” (იოან. 20:25).

“დიდი აფეთქება” – სამყაროს ეს უნიკალური გეგმა და წესრიგი – უდაოდ ადასტურებს შემოქმედის არსებობას, რომელიც ფლობს უსასრულო ცოდნას, ძალას და სიბრძნეს; რომელმაც კეთილი ნებით, აბსოლუტურად არაფრისგან შექმნა სამყარო, და არც არასდროს მიუტოვებია იგი; უმკაცრესად აკონტროლებს და წარმართავს მას განუწყვეტლივ, რასაც მოწმობს ბიბლიაც: ქრისტე ამბობს “თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია” (ლუკ. 12:7). “აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე” (მათ. 28:20). ამინ!

გამოყენებული ლიტერატურა:
  • The Future of the Universe, by F.C. Adams and G. Laughlin, Sky and Telescope, August 1996.
  • The Anthropic Cosmological Principle, by J.D. Barrow and F.J. Tipler
  • (Oxford University Press).
  • О. Петренко «Уверение Фомы», Московский Государственный Университет,1997 г.
  • А.А.Смольников, "Темная Материя во Вселенной" Институт ядерных исследований РАН, 2001.
  • Arno A. Penzias & Robert W. Wilson, Relict Radiation, 1965 (Nobel Prize award).
  • გ. გამოვი, ჟ. ლამეტრი, “დიდი აფეთქების თეორია”.
  • The Universal Timeline, University of NewYork, 2004, New York.
  • “დღე, გუშინს გარეშე: ჟორჟ ლამეტრი & დიდი აფეთქება”, მარკ მიდბონი, ვისკონსინის უნივერსიტეტი, 2000 © University of Wisconsin.
  • A Brief History of Time, Stephen Hawking. 2001
  • ჟურნალი SCIENCE, 1998
  • ჟურნალი ASTRONOMY, 1999
  • ჟურნალი TIME (Start & End of The Universe, 2002).











Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий