აცტეკებს სჯეროდათ, რომ თეოტიუაკანი ის ადგილია, სადაც უხსოვარ დროში ღმერთებმა სამყარო შექმნეს. სწორედ ქალაქის პირამიდაზე შეიკრიბნენ ღმერთები, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ წყვდიადს მოეცვა, არ არსებობდა მზე და არც მთვარე. კოსმოგონიისათვის ერთ ღმერთს თავი უნდა შეეწირა, შესულიყო აალებულ კოცონში და მზე გამხდარიყო. მხოლოდ მოხუცებულმა ღმერთმა შეძლო თავის გაწირვა, გამბედაობა მოიკრიბა და ცეცხლში შევიდა. რადგან ღმერთმა თავი გასწირა ადამიანების შესაქმნელად, ადამიანებს ვალი უნდა დაებრუნებინათ და ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე მიერთმიათ მათთვის.
ტენოჩტიტლანი, ზემოთ თანამედროვე მექსკის გერბია. მას საფუძვლად ქალაქის დაფუძნების ლეგენდა უდევს.
ალბათ აუცილებელია ჯერ უშუალოდ აცტეკები ვთქვათ ვინ იყვნენ, შემდეგ კი მათ რელიგიასა და ტრადიციებზე ვისაუბროთ. ეს იყო ხალხი, რომლებმაც მომთაბარე ტომებიდან, უდიდესი ცივილიზაცია და იმპერია შექმნეს. ლეგენდის მიხედვით, აზტეკაჰ – ნაუატლის ენაზე აზტლანის ხალხს ნიშნავს. დაახლ. ახ.წ. 1323 წელს აცტეკების ხალხს ხედვა ჰქონდათ: არწივი კაქტუსის ტოტზე იჯდა, ნისკარტითა და კლანჭებით კი გველი დაეჭირა. სწორედ ეს იყო მათთვის მინიშნება თუ სად უნდა აეგოთ ქალაქი. აცტეკებმა, საბოლოოდ მათი ქალაქი ტბა ტესკოკოზე ააგეს. ახ.წ. 1430 წლისათვის ახალი ქალაქი ტენოჩტიტლანი უკვე ულამაზესი ქალაქია, რომელიც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქია. ვენეცია თუ დღემდე ქალაქი საოცრებად გგონია, მაშინ თქვენ ტენოჩტიტლანის შესახებ არაფერი გსმენიათ. კუნძულზე გაშენებული ქალაქი ხმელეთს 3 დამბით უკავშირდებოდა. ცენტრალური ნაწილი დიდებულთა სასახლეებით, პლაზებითა და პირამიდებით იყო დამშვენებული. ყველაზე დიდი პირამიდა, მზისა და ომის ღმერთ უიცილოპოტჩლისა და წვიმის ღმერთ ტლალაკს ეძღვნებოდა, ესპანელებმა ამ ტაძარს ტემპლ მაიორი უწოდეს. ამ მოედანზევე აეგოთ ფრთოსანი გველის – კეცალკოატლის პირამიდა.
ქალაქში დაახლ. 250 000 ადამიანს დაედო ბინა. მდიდარი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, საშუალო კლასის მოსახლეობა უბრალო სახლებში ცხოვრობდა და მოტივტივე კუნძლზე – ჩინამპაზე (მოტივტივე კუნძული) მოსავალი მოჰყავდა. როდესაც ესპანელები პირველად ქალაქში შევიდნენ, ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ სისუფთავით, მოწესრიგებულობით, მოსახლეობის ჰიგიენით. შეგახსენებთ, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია ევროპაში ყოველ რამდენიმე წელიწადში ეპიდიემიები სიბინძურის გამო რომ ჩნდებოდა. ესპანელებისათვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ იბანდა აცტეკების იმპერატორი მონტესუმა დღეში ორჯერ.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ქალაქის მთავარი ტაძრები წვიმის, მზისა და ომის ღმერთებს ეღძვნებოდათ. რა თქმა უნდა, აცტეკებს მათ გარდა კიდევ უამრავი სხვა ღმერთი ჰყავდათ, მაგრამ უიცილოპოტჩლი, კეცალკოატლი და ტლალაკი მათი პანთეონის წამყვანი ღმერთები იყვნენ. ტლალაკი – წვიმის ღმერთი, გარანტორი იყო კარგი მოსავლის, რაც თავისთავად მოსახლეობის კეთილდღეობას ნიშნავდა; მზის ღმერთის მეშვეობით სამყარო კვლავ განაგრძობდა არსებობას; ომის ღმერთი კი მეომრებს მუდმივ გამარჯვებებს პირდებოდა. ღმერთებს ადამიანებისაგან თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა სჭირდებოდათ.
ტენოჩტიტლანის მთავარი მოედანი და ტემპლ დე მაიორი
ადამიანის მსხვერპლშეწირვის პრაქტიკის ისტორიულ-სოციალურ მიზეზებზე რა თქმა უნდა საუბარი შეუძლებელია, თუმცა რელიგიური ასპექტები ბევრად უფრო ნათელია. მეზოამერიკულ ცივილიზაციებში ადამიანის მსხვერპლშეწირვა ფართოდ იყო გავრცელებული. მაიას რელიგია საკმაოდ ახლოსაა აცტეკებთან, თავისმხრივ აცტეკების რწმენა-წარმოდგენები ძალიან ჰგავს ზაპოტეკისას. ღმერთ ტლალტეოტლის დანაწევრების შედეგად, ადამიანებს ხილით დატკობობის საშუალება მიეცათ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ღმერთმა თავი გასწირა ადამიანებისა და სამყაროს შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, ადამიანების წარმოდგენით, მათაც უნდა გაეღოთ მსხვერპლი და ასე განედიდებინათ, ესიამოვნებინათ ღმერთები. რიტუალებისას დაღვრილი სისხლი ღმერთებს აძლიერებდა და საშუალებას აძლევდა სამყარო გადანგურებისაგან გადაერჩინათ. მათ გაიღეს საკუთარი სიცოცხლე ადამიანების კეთილდღეობისათვის, თავის მხრიც ადამიანებიც ყველაზე ძვირფასს – სისხლსა და სიცოცხლეს სწირავდნენ მათ.
მსხვერპლშეწირვის ყველაზე გავრცელებული ფორმა ადამიანის გულის შეწირვა იყო. ყოველი ღმერთისადმი მიძღვნილ რიტუალში მსხვერპლს სხვადასხვანაირად ამზადებდნენ, ბოლო კი ერთი იყო, გულის ამოღება და მისი ცეცხლში დაწვა. ზოგიერთ ღმერთს პატარა ბავშვებს სწირავდნენ, რომელთაც რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ, ან ახრჩობდნენ. ხშირად ხდებოდა ადამიანების ცოცხლად გატყავება, შემდეგ მათ კანს ქურუმები მოისხამდნენ და რამდენიმე დღე დადიოდნენ. ტაძრის კედლებს მსხვერპლის სისხლით პოხავდნენ, სჯეროდათ რომ ამით ღმერთებს ასიამოვნებდნენ. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე უცნაური მაინც საკუთარი სისხლის შეწირვა იყო. ანუ, ცივილიზაცია არ იდგა მხოლოდ სხვა ადამიანის გაწირვაზე, არ ეძებდა სუსტს რომ დაეჩაგრა და ღმერთებისათვის შეეწირა. მაიას ქალაქის მეფეები, აცტეკი იმპერატორები ხშირად საკუთარ სისხლს სთავაზობდნენ ღმერთებს როგორც საჩუქარს. ერთ-ერთ სტელაზე, რომელიც ქალაქ იაქსჩილანში აღმოაჩინეს, ვხედავთ დედოფალ კებალს, რომელიც ენას იჭრის ბასრი საგნით და ამით ღმერთებს ერთგულებას უმტკიცებს.
აცტეკების მიერ ადამიანის გულის მსხვერპლად შეწირვა.
ძირითადად მომავალი მსხვერპლები ომში აყვანილი ტყვეები იყვნენ. აცტეკი მეომრებისათვის პრესტიჟის საკითხი იყო, ვინ უფრო მეტ ტყვეს აიყვანდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ტყვეები ქალაქში მიჰყავდათ, ოჯახებში აცხოვრებდნენ, კარგად აცმევდნენ, აჭმევდნენ, ხშირად ხდებოდა მათთვის ქალების მიყვანაც, რათა მათ სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ. ხშირად, ტყვეს რამდენიმე თვე უწევდა ოჯახში ცხოვრება ვიდრე მსხვერპლად შეწირავდნენ და მთელი ეს პერიოდი მას პატივისცემით ეპყრობოდნენ. ის ხომ ღმერთების ძღვენი და მათი შუამავალი, ელჩი უნდა ყოფილიყო, რომელიც ხალხის შემდგომი კეთილდღეობის გარანტორი იქნებოდა.
ფართოდაა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტაძრების კურთხევისას, ან იმპერატორის ტახტზე ასვლისას მასობრივ სასაკლაოს აწყობდნენ; თითქოს დრეში 20 000-დან 50 000-მდე ტყვეს სწირავდნენ მსხვერპლად. დამეწრმუნეთ ეს სრულიად შეუძლებელია და ესპანელი კონკისტადორების მიერ შექმნილი ზღაპრებია. მათ ხომ საკუთარი სისასტიკის, სიხარბისა და უმეცრების გამართლება სჭირდებოდათ.
ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენა.
დღემდე მახსოვს, როდესაც პირველად წიგნი „ტენოჩტიტლანის დაცემა“ წავიკითხე, 3 დღე ვტიროდი. ესპანელების სისასტიკემ და სიხარბემ, აცტეკების სიმამაცემ და გამბედაობამ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით აცტეკების ეროვნული გმირით – კუაუტემოკით მოვიხიბლე, მისი სიმტკიცითა და თავდადებით, კორტესი კი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი საძულველი ისტორიული ფიგურაა. წიგნის წაკითხვიდან ცოტა ხანში, ახალი წიგნი ჩამივარდა ხელში, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მათი რიტუალები და მსხვერპლშეწირვის პროცესი. ცივად დავხურე წიგნი და რამდენიმე დღე დამჭირდა ყველაფრის გასააზრებლად. რასაკვირველია, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა საშინელებაა, მაგრამ მთავარია ცოტა ხნით მაინც ვცადოთ და გავიაზროთ მათი ტრადიციები, რატომ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა და როგორ განაპირობა ეს მათმა მსოფლმხეველობამ.
დღეს ულამაზესი ტენოჩტიტლანი სრულიად განადგურებულია, ტბა ტესკოკო დამშრალია და მის ადგილას მეგაპოლისი მეხიკოა გაშენებული. ტემპლ დე მაიორის მაგივად კათედრალია აღმართული. კონკისტადორებმა მილიონობით ადამიანი დახოცეს, დაანგრიეს მათი ქალაქები და დაწვეს ყველანაირი წერილობითი წყარო რაც მათ სამყაროს უფრო ხელშესახებს გახდიდა ჩვენთვის. თუმცა, არქეოლოგები მაინც ცდილობენ მეგაპოლისს გამოსტაცონ ოდესღაც დიდებული ქალაქი და უფრო მეტი გაიგონ ოდესღაც დიდებული იმპერიის შესახებ.
თანამედროვე მეხიკო და მასში ჯერ კიდევ შემორჩენილი ტენოჩტიტლანის მთავარი ტაძრის ნანგრევები.
გამოყენებული ლიტერატურა:
“Aztec Human Sacrifice as Expiation” by Michael Graulich.
“Understanding Aztec Human Sacrifice” by Patricia Anawalt.
“Myth, Belief, Narration, Image: Reflections on Mesoamerican Mythology” by Alfredo Lopez Austin.
“Time and Sacrifice in the Aztec Cosmos” by Kay Almere Read – ძალიან საინტერესო წიგნია!!
“A History of the World in 100 Objects” by Neil MacGregor.
Комментариев нет:
Отправить комментарий