მამა თეოდორე ჩიხლაძე
1984 წლის 2 თებერვალს კარზე უთენია დააკაკუნეს... მამა თეოდორე სიცხიანი იწვა, მის პატარა გოგონასაც სიცხე ჰქონდა... ბავშვს მათი შემოსვლის ზუსტი დრო იმიტომ დაამახსოვრდა, რომ რადიოთი საბჭოთა კავშირის ჰიმნს გადმოსცემდნენ...მოსულებმა პირადობის მოწმობები და რაღაც ორდერი დიასახლისს კართანვე თვალწინ აუფრიალეს...ქალბატონ ქეთევანს, მღვდელმონაზონ თეოდორე ჩიხლაძის დედას, დაამახსოვრდა ერთ-ერთის გვარი _ კუდაშოვი და ისიც, რომ მოსულებს თავად შეუძღვა შვილის ოთახში...მამა თეოდორე მათი შემოსვლისთანავე წამოდგა, მაღალი სიცხის მიუხედავად, სწრაფად შეიმოსა და აუცილებელი ნივთების ჩალაგებას მშვიდად შეუდგა, თან თვალებით შვილს ეძებდა...მამის წასვლას მხოლოდ შვილი შეესწრო, რადგან ქალბატონ ქეთევანს უთხრეს, ბინის ჩხრეკას რამდენიმე მეზობელი უნდა დაესწროს და მოიყვანეთო. დაბრუნებულ დედას თემური (მამა თეოდორეს საერო სახელი, _ ავტ.) შინ აღარ დახვედრია.სანამ ბინას ჩხრეკდნენ, მამა-შვილი ტახტზე ხელიხელჩაკიდებული ისხდა... მერე ითხოვა, _ შვილთან პირისპირ გამომშვიდობება მაცალეთო, თავზე ხელები დაადო, ჯვარი გადასახა და უთხრა: _ `გაუმართლებელია, ან კეისარი იყო, ან _ არაფერი, უბრალოდ, იყავი ვინმე მათ შორისო...~ მცირე პაუზის შემდეგ თვალებში ჩახედა, თავზე ხელები მოუჭირა და დააყოლა: ეკა-უკა, გეხვეწები, ჩემს ნაცვლადაც გაუფრთხილდი თავსო, გულში ჩაიხუტა, თვალი ჩაუკრა და ისე ამაყად წავიდა, ბორკილების დადება ვეღარავინ გაუბედა.
მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე რამდენიმე ხნის შემდეგ უზიარებლად დახვრიტეს ციხეში, არ შეუსრულეს არც ბოლო თხოვნა _ შვილი უკანასკნელად მაჩვენეთო..
განაჩენი 1984 წლის 3 ოქტომბერს აღასრულეს. `თვითმფრინავის ბიჭებიდან~ გამთენიისას დასახვრეტად ჯერ კახა ივერიელი გაიყვანეს, ნახევარ საათში _ პაატა ივერიელი, მერე _ გეგა კობახიძე და ბოლოს _ ამ `ბანდის მეთაურად~ მონათლული ბერი თეოდორე... სანამ მოასწრო, ლოცვითა და პირჯვრის წერით მიდიოდა, მაგრამ როდესაც განაჩენის აღსრულების ადგილას, სასაკლაოზე, ერთმანეთზე მიყრილ-მიხვრეტილი დანარჩენები დაინახა, ამოიყვირა და მათთვის წესის აგება სცადა, თუმცა პირჯვრის გადასაწერად მხოლოდ ხელის აწევაღა მოასწრო...
გზა.
მამამისი, ვლადიმერ ჩიხლაძე, დარბაისელი თბილისელი კაცი იყო, თანამდებობის პირი, დედა _ ქეთევან გაბათაშვილი _ პედაგოგი, უფროს ძმას, ზურაბს თემურისგან განსხვავებით მორჩილი ხასიათი ჰქონდა...თემური მეექვსე კლასში იყო, რომ თქვა, _ სჯობს, სკოლიდან გამომიყვანოთ და შინ თავად ვიმეცადინებო... მერე მუ¬სიკალური სკოლაც მიატოვა და თავად იწყო მუსიკის შექმნა...უცნაური და გულჩათხრობილი იყო, ძალიან დახვეწილი იუმორი ჰქონდა...
16 წლისა მიხეილ კალატოზიშვილმა თავის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლში გადაიღო, მოგვიანებით სხვა რეჟისორებმაც მიიწვიეს, ერთ-ერთი გადაღებიდან კი დაჰკრა ფეხი და ჯიხეთის მონასტერს მიაშურა. მალე ბერად აღიკვეცა...
თემური იმ იშვიათთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთან სულ მცირე ხნის ურთიერთობის შემდეგაც ადამიანებს შინაგანი ცვლილების სურვილი უჩნდებათ. გულიკო ერისთავი,
მამა თეოდორე ჩიხლაძის ყოფილი მეუღლე:
_ ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით... მაშინ კინოსტუდიაში მხატვრის ასისტენტად ვმუშაობდი... ხშირად საუბ¬რობდნენ ხოლმე ერთ ძალიან უცნაურ, სიმპათიურ, მწვანეთვალება, წვეროსან და ჯინსიან ახალგაზრდა კაცზე, _ გიჟია, ამბობს, საბჭოთა კავშირი დაიშლებაო...ერთ დღეს, კინოსტუდიის ეზოში მარტო იჯდა, მივედი... დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი... საუბარი რომ დაიწყო, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მთელი სიცოცხლე ვიცნობდი. სულ მალე დავქორწინდით.განსაკუთრებულად უყვარდა უბრალო ადამიანები, გლეხებს ეფერებოდა, თანაუგ¬რძნობდა... ყველა სულიერს უფრთხილდებოდა... მას ყოველი ჩვენგანის გადარჩენა უნდოდა... მშობლები, სამწუხაროდ, ვერ უგებდნენ და ვერც მოსთხოვდი... მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენი პატრიარქი ილია მეორე იყო, უზომოდ უყვარდა და ეთაყვანებოდა.ბევრი დღემდე შეცდომით მღვდლად მოიხსენიებს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ერთმანეთს არ დავშორდებოდით. თეოდორე მღვდელმონაზონი გახლდათ.
სამწუხაროდ, ჩვენი ქალიშვილი ეკა სამუდამოდ წავიდა საქართველოდან, მე კი აქაურობას ვერ ვტოვებ, _ მისი ანაფორაც აქ არის, მისი ფოტოებიც, რომლებიც ეკამ თავად შეამკო და თავისი ხელით გააკრა კედლებზე... მისი სულიც თითქოს აქ ტრიალებს. როცა მიჭირდა, ხშირად მიგრძნია თემურის სიახლოვე და რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხვდები, რამხელა ადამიანი იყო ჩვენს გვერდით... საფლავიც არ არსებობს..._ თურმე სულ იმეორებდა, 33 წლისა გარდავიცვლებიო..._ დიახ, მართლაც ხშირად ამბობდა... იმდენად კეთილშობილი იყო, სასამართლო პროცესზე ყველაფერს იბრალებდა, ოღონდ სხვები გადაერჩინა. იხვეწებოდა, _ მე დამხვრიტეთ, ეგენი გამოადგებიან ქვეყანას, ნუ დასჯითო...მისი შექმნილი მუსიკა მოგვიანებით ეკამ აღიდგინა მეხსიერებაში, ნიკა მემანიშვილმა ავსტრიის ორკესტრთან ერთად შეასრულა. ამბობდა, _ იმდენად არაამქვეყნიური იყო, მთელი დარბაზი სუნთქვაშეკრული უსმენდაო...
ზურა ყიფშიძე:
_ თემური შინაგანად ლიდერი იყო. უხვად ჰქონდა ის, რაც ჩვენ გვაკლდა. ერთხელ დამირეკა, _ გრიბოედოვის ძეგლთან გამოდიო... მივედი. იჯდა. გაცრეცილი ჯინსები ეცვა, თმაწვერმოშვებული... იმ დღიდან მე, თემო და გია ეძგვერაძე ჰიპები გავხდით...ერთ მშვენიერ დღეს დაგვიჭირეს და სულის ამოხდამდე გვცემეს მილიციის განყოფილებაში, _ ვინა ხართ და რა პოლიტიკური ძალა გიდგათ ზურგს უკანო..._ მამა თეოდორესთან ურთიერთობამ შეგცვალათ?_ ძალიან. მონეტა რომ გადმოაბრუნო, ისე... სტანდარტულ და ჩვეულებრივ ქუჩის ბიჭს უცებ სულ სხვა რამ მომინდა... შინ ვეღარ მცნობდნენ...თემური გამოკვეთილად არაორდინარუ ლი კაცი იყო, ბავშვი და ბრძენკაცი ერთდროულად... რომ გავიგე, ბერად აღიკვეცა, არ გამკვირვებია. გამიხარდა. ვიფიქრე, მისმა ბობოქარმა და თავისუფალმა სულმა, ბოლოს და ბოლოს, პოვა სავანე-მეთქი... მასზე ძალიან ნაღვლიანი მოგონებები დამრჩა...
მამა თეოდორეს ქალიშვილის, ეკა ჩიხლაძის ჩანაწერიდან:
`მამას მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავდა, მათ შორის _ მსჯავრდადებულები, შავი სამყაროს წარმომადგენლები... მე, როგორც არასრულწლოვანს, პროცესზე არ მიშვებდნენ. განაჩენი რომ გა¬მოუტანეს, სიკვდილმისჯილებთან სიტყვის შეღწევაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მინდოდა, მისთვის უკანასკნელად რამე მეთქვა, მინდოდა, იქ ყოველწუთს სცოდნოდა, რომ მე ვიყავი და რადგან ვიყავი, ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული... სასწრაფოდ მოვძებნე მისი სულიერი შვილები, შავი სამყაროს წარმომადგენლები... ციხიდან მარცხნივ თურმე გზა ადის მახათას მთაზე, რომელიც ზემოდან დაჰყურებს სიკვდილმისჯილთა კორპუსს... მათ მისასვლელად შუაღამე შეარჩიეს, რადგან იცოდნენ, რომ ამ დროს ციხის ლუქები ახდილია...მთაზე ავედით. კორპუსის ბინადრებს სპეციალური `პაზივნოით~ რაღაც პაროლები გადასცეს, მერე მითხრეს, _ დაიძახეო...მამა-მეთქი, _ ვიღრიალე... არ ვიცი, გავიგე თუ მომეჩვენა რაღაც ხრინწიანი ხმა პასუხად...ქვემოთ ძაღლების ყეფა გაისმა, ხმაური ატყდა... იმავე გზით ქვემოთ დავეშვით... გზაზე მანქანა გველოდა...~
მამა თეოდორეს მშობლების მონათხრობიდან
დედა:
`ორივე ვაჟს, რაღა თქმა უნდა, ერთნაირად ვზრდიდით. ზურაბი მორჩილი იყო, თემური _ უცნაური და გულჩათხრობილი. ზურაბი სკოლაში ფრიადოსანი იყო, თემურმა კი მეექვსე კლასში განაცხადა, _ მაინც არ დავდივარ სკოლაში. გამომიყვანეთ იქიდან, შინ თავად ვიმეცადინებო...არაფერმა გაჭრა. თავისი გაიტანა. ზურაბმა მუსიკალური სკოლა დაამთავრა, თემური იქიდანაც გამოვიდა, _ ნოტები არ მინდა, სხვა კომპოზიტორების გავლენის ქვეშ მოვექეცი, ჩემით ვისწავლი მუსიკასო... მერე მართლაც თავად დაიწყო მუსიკალური ნაწარმოებების წერა...მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე გამოცდები ჩააბარა და გამოიქცა... ინსტიტუტის ერთ-ერთ თანამშრომელთან შეხლა-შემოხლა მოსვლია მოსკოვში ჩასული ქართველების თაობაზე...
`ჯერ შორეულ ნაოსნობაში წასვლა აიჩემა, მერე, როგორც იქნა, გადაიფიქრა და მითხრა, _ კინოსტუდიაში მინდა მუშაობის დაწყებაო... გია დანელიასთან მივიყვანე და ვთხოვე, _ იქნებ რამით დაასაქმოთ-მეთქი. ასისტენტად აიყვანა `მიმინოზე~ მუშაობისას...~
როგორც ბევრი ამოწმებს, ბერ თეოდორეს ღვთისგან ჰქონდა თითქმის ზებუნებრივი ინტუიცია და ბევრი რამ წინასწარ განჭვრიტა:
_ `წარმოუდგენელი და ალოგიკური იქნება, რომ სამყარო არ გაერთიანდეს და საბჭოთა კავშირი არ დაიშალოს. გაერთიანება კი გარდაუვალია, რადგან, როგორც წერია, უნდა შეიქმნას ერთიანი ტახტი ანტიქრისტესთვის...ეს იქნება პოლიტიკური პროცესი, რომელიც მოხდება სამყაროს კანონზომიერების ფარგლებში მოქცეული სრული ინტეგრაციით.
ლოზუნგი `ღმერთი ერთია~ შეიცვლება ლოზუნგით _ `რელიგია ერთია~, რითაც ყველა ანტიქრისტიანული ეკლესიის ლეგალიზება მოხდება, ადამიანთა ცხოვრებაში კეთილისა და ბოროტის ზღვარი ნელ-ნელა წაიშლება...~
თვითმფრინავის გატაცებამდე ერთი წლით ადრე ბიჭები გააფრთხილა, _ თუ ამას არ მოიშლით, შეიძლება, სისხლი დაიღვაროსო. თუმცა მათ აღარაფრის გაგონება აღარ უნდოდათ და ნელ-ნელა ჩამოსცილდნენ...ტრაგედიამდე მთელი ათი თვე ისე გავიდა, `თვითმფრინავის ბიჭები~ და მამა თეოდორე ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ამ გარემოებას მთავრობისთვის ხელი მაინც არ შეუშლია, მისთვის `ბანდის მეთაურის~ ტიტული ებოძებინა და სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა...
1984 წლის 10 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე წარმოთქმული საბოლოო სიტყვა მამა თეოდორემ ასე დაიწყო (დედამისმა მისი სიტყვის მხოლოდ ნაწილის ჩაწერა მოასწრო _ ამის გამო დარბაზიდან გამოაძევეს):
_ `უფალო, მოეცი ძალა, ვილაპარაკო სიმართლე... სიტყვითა შენითა და არა სიტყვითა ჩემითა და თუ ღირსი ვარ, დამიცავი...უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მსჯავრდადებული, აქ არ უნდა ვიყო, არც ერთ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანს არ სჯიან, მით უფრო _ არ ხვრეტენ. თქვენ იცით, რომ მე ღვთისმსახური ვარ და სწორედ ამის გამო მასამართლებთ... ვიცი, რომ აქ დამსწრე საზოგადოების 80%-ს ვეზიზღები, როგორც მღვდელი, და ჩემს ჩვენებას სიგიჟედ მიიჩნევს... მე არაფერს ვთხოულობ, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ... სასამართლო ბრალად ბანდის ხელმძღვანელობას მდებს... დიახ, მე ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც თეოლოგიას ვასწავლიდი, მაგრამ ბანდის ორგანიზატორი არასოდეს ვყოფილვარ... აქ მყოფ ბრალდადებულებთან მქონდა მხოლოდ სარწმუნოებრივი კავშირი, ისეთი, როგორიც ერთ მორწმუნეს მეორის მიმართ აქვს.მე კარგად ვიცნობ ამ ახალგაზრდებს, თითოეული მათგანი ნიჭიერი და ღრმად განათლებულია. თავადაც დამიდასტურებენ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებისა და პატიოსნებისკენ მოვუწოდებდი მათ...ხალხო! გულებში ჩაიხედეთ, თქვენსავე გულებში მაინც თქვით, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, დახვრეტის მუხლი დავიმსახურო. მე სახარებით ვცდილობდი მორწმუნეთა და ურწმუნოთა შემოერთებას... თავს დამნაშავედ არაფერში ვცნობ... თუ თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, სახლში მაქვს ერთი ძველი ქართული რუკა, სადაც აღნიშნულია საქართველოს ყველა ტაძარი და მონასტერი... სადაც ხელს დამიდებთ, მთლად გადაკარგულ მთებშიც რომ იყოს, წავალ და იქ განვლევ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას... და თუ მაინც მომკლავთ და ამ ხალხს ჩემი სიკვდილით რამე ეშველება, მზად ვარ, სიამოვნებით მივიღო თქვენი განაჩენი...ოთხ კაცს რატომ ხვრეტთ, მე დამხვრიტეთ, მე არაფერში გამოგადგებით, ამათ კი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ. ამათ მაინც გამოიყენებთ... ეს კია, რომ ჩვენი საქმე დიდად გახმაურდა და ასე ადვილად ჩემი მოკვლა კარგს არაფერს მოგიტანთ...
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი ნივთმტკიცება, რომელიც ჯგუფის შეიარაღებასა და ტერორისტული აქტის ორგანიზებაში მამა თეოდორეს მონაწილეობას რამენაირად დაადასტურებდა.
`თვითმფრინავის ბიჭების~ საქმე, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს მიმდინარე კატაკლიზმებისას უკვალოდ გაქრა უზენაესი საბჭოს არქივიდან, ერთ მრავლისმთქმელ ფაქტს შეიცავდა:
_ ფოტოზე, რომელზეც იარაღის ამოცნობის მომენტია დაფიქსირებული, მამა თეოდორე `საკუთარი~ რევსტერის ტიპის იარაღის ამოცნობისას ხელს მაკაროვის ტიპის პისტოლეტს ადებს... ეს ფაქტი სასამართლოს მიერ შეფასდა, როგორც იარაღის ამოცნობის დადასტურება და ბრალდების საფუძვლადაც კი იქცა...`თვითმფრინავის ბიჭების~ სასამართლო პროცესის სატელევიზიო ჩვენებისას ბრალდებულთა პორტრეტების წარმოსადგენად ისმოდა ასეთი ფრაზები: `ბანდის წევრებზე ზემოქმედების მიზნით, ღირსი მამა თეოდორე იყენებდა ეკლესიას...~; `ეს იყო კაცი, რომელიც ცდილობდა, ყოველთვის გამორჩეულად ეცხოვრა ჩვენს სოციალისტურ საზოგადოებაში. ჯერ ყმაწვილკაცობაში ჰიპების პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ ადამიანის სულთა ჭერის სხვა საშუალებას _ ღვთისმსახურებას მიმართა...~; `მათი წასვლა ჩვენი საბჭოთა სამშობლოდან სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო იმ სამოთხეში მოსახვედრად, რომლადაც ბანდიტებს კაპიტალისტური სამყარო და ამერიკა ეგულებოდათ...~ის გარემოება, თუ რატომ არ იყო `ბანდის~ ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ბერი თეოდორე `ბანდასთან~ ერთად, ხელისუფლებამ ყოვლად უსუსური და ალოგიკური ფრაზით ახსნა: `მათ არ სურდათ, საზღვარგარეთაც ჩიხლაძის გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენო~.სასამართლოს მამა თეოდორეს ტერაქტში მონაწილეობის თაობაზე სხვა ვერსიები აღარ განუხილავს...
მამა თეოდორეს მამის, ვლადიმერ ჩიხლაძის მონათხრობიდან:
`დარჩა ერთი დღემდე გაურკვეველი დეტალი ამ ამბავში: ადვოკატები და ყველა კვალიფიციური იურისტი დაბეჯითებით მიმტკიცებდნენ, რომ იმ კაცისთვის, რომელსაც თვითმფრინავის გატაცების მცდელობაში უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია, რომელსაც 10 თვის მანძილზე თვალით არ უნახავს ბიჭები, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა შეუძლებელი იყო. ადვოკატმა საპროტესტო განცხადება დაწერა. მე თავად წავედი მოსკოვში, შეწყალების კომიტეტში, სადაც გავიგე, რომ ჩერნენკომ შეწყალების თხოვნას ხელი მოაწერა... თითქმის გულდამშვიდებული დავბრუნდი თბილისში. აქაც გავიგე, რომ შეწყალების ფურცელი ჩამოსული იყო, მაგრამ სად გაქრა, მისი ასავალ-დასავალი ვეღარავინ დაადგინა...~
ეს იყო მცირედი მამა თეოდორე ჩიხლაძის ცხოვრების შესახებ... ბევრი მას უცნაურს, რთულს, გამოუცნობს, განსხვავებულობაზე პრეტენზიის მქონეს და ზოგჯერ შეურაცხადსაც კი უწოდებდა.მამა თეოდორე, რომლის სახელიც `ღმერთის ნიჭს~ ნიშნავს, საკუთარ თავს მარადიულ ბერად მიიჩნევდა და იცოდა, რომ 33 წლისა გავიდოდა წუთისოფლიდან...
მანანა ტუაევა
ჟურნალი "კარიბჭე"-2007წ.20.
Комментариев нет:
Отправить комментарий