воскресенье, 19 июня 2016 г.

ვასილ კობახიძე -შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის XI-XIV საუკუნეებში



სტატია ეხება ტრანსნაციონალურ ქორწინებებს. სტატიაში განხილულია: შერეული ქორწინების დეფინიცია, მისი ისტორიული წარსული და პერსპექტივა, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.


ბოლო დროს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კიდევ უფრო ხშირად შეხვდებით წყვილებს, რომელთაგან ერთ-ერთი პარტნიორი არაქართველია. მათ სახეებზე აღბეჭდილი შთაბეჭდილებებიდან ამოიცნობთ, რომ ერთისათვის საქართველოში ყოფნა სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს, მეორისათვის კი უბრალოდ მასპინძელ ქვეყანაში სტუმრობას. თქვენს ყურადღებას ასევე აუცილებლად მიიპყრობს სხვადასხვა ენის აქცენტით ქართულად მოტიკტიკე ბავშვები; შეიძლება ასევე წააწყდეთ შემთხვევას, როდესაც არაქართველი ეროვნების დედას ან მამას ვერ ესმის თავისი შვილის ვერც დამახინჯებული ქართული და სასოწარკვეთილი ცდილობს გაიგოს, თუ რა უნდა მას;  ან პირიქით _ შეცბუნებულ ბებიებსა და ბაბუებს, რომლებიც შვილიშვილის მიერ მათთვის უცხო ენაზე გამოთქმულ სურვილებს ვერაფრით ვერ იგებენ და ჟესტების ენას იშველიებენ. მათ დანახვაზე გულთბილად გავიღიმოთ, დახმარებას შევეცადოთ და თან დავფიქრდეთ შერეული ქორწინების ბუნებასა მის მიზეზებზე, იმ ღირებულებით და ურთიერთდამოკიდებულებით კონფლიქტებზე, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს შერეული ქორწინებისას და მათი დარეგულირების გზებზე, ოპტიმალური შერეული ქორწინების ტიპსა და მის დადებით მხარეებზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში.


შერეულ, იგივე ტრანსნაციონალურ ქორწინებას უწოდებენ ოჯახის შექმნის ისეთ შემთხვევას, როდესაც პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნის, ეროვნების, კულტურის წარმომადგენლები არიან.   
ქორწინების ეს სახე უძველესი დროიდან გვხვდება მსოფლიო მასშტაბით. სიყვარულის ყოვლისშემძლე, ზოგადსაკაცობრიო და მარადიულ ბუნებას თუ არ ჩავთლით, შერეული ქორწინების მიზეზები ცივილიზაციის უწყვეტ პროცესთან ერთად იცვლება. ჯერ კიდევ სხვადასხვა ტომი ცდილობდა თავისი წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს ხელს უწყობდა ტომთაშორისი ალიანსების ჩამოყალიბებას სხვა ტომის წინააღმდეგ, მძარცველებისა და მონებით მოვაჭრეებისაგან თავის გათავისუფლებას და ა.შ.

ადრინდელ საუკუნეებში ახალი თაობის წარმომადგენლებს თავიანთი ცხოვრების ინდივიდუალურად, პირადი ინტერესების საფუძველზე წარმართვის საშუალება ნაკლებად ჰქონდათ. განუვითარებელ სოციალურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო პირობებში ისინი თავიანთ მიზნებს საოჯახო და სახელმწიფოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო ხშირად აყალიბებდნენ. ახალგაზრდებს ცხოვრების არჩევასთან დაკავშირებით ალტერნატივების ქონის შესაძლებლობა არ ჰქონდათ; მათი განვითარების მიღწეევების შესაბამისად პატარაობიდან ჩართულნი იყვნენ საოჯახო და სამოქალაქო საქმიანობაში, მომწიფებისას კი, დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ მცირე ასაკში ქმნიდნენ ოჯახს ისევ და ისევ ოჯახისა და უფრო ფართო სოციალური ერთეულების მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ადრეულ ეპოქაში შერეული ქორწინების მიზეზები იყო ძირითადად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამშვიდობო მისიის და   სხვ. ამ გზით სხვადასხვა ქვეყანა, განსხვავებული ეროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, იქმნებოდა გაძლიერებული ვაჭრობის, ექსპორტისა და იმპორტის შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში თავს იზღვევდნენ პოტენციური თავდამსხმელი ქვეყნისაგან და იძენდნენ მოკავშირეს ომისა თუ სხვა გასაჭირის ჟამს დახმარების გასაწევად. ეროვნებათაშორისი ქორწინებისას კულტურულად, განთლების თუ სოციო-ეკონომიკური, სამეურნეო, ვაჭრობის, ხელოსნობის მხრივ დაწინაურებული ქვეყნის მოქალაქეები ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების წარმომადგენლებს უზიარებდნენ გამოცდილებას, აცნობდნენ ბევრ სიახლეს, ეხმარებოდნენ ქვეყანაში მათს დანერგვაში და ა.შ. დასახელებული მიზნების გამო შერეული ქორწინებების მაგალითებს საკმაოდ ხშირად ვხვდებით საქართველოსა თუ მსოფლიო ისტორიის მასშტაბით. გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი, რომელსაც ყივჩაღთა მეთაურის ასულის ცოლად შერთვა სამხედრო ძალების ყივჩაღებით შევსებასა და გაძლიერებაში დაეხმარა. როგორც მატიანე გვაუწყებს, თამარ მეფემ რუსეთის ერთ-ერთი სამთავროს, ვლადიმირ-სუზდალის მთავარ ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟ იურიზე მხოლოდ და მხოლოდ დიდებულების დაჟინებული თხოვნის გამო იქორწინა. იურიზე არჩევანი ჩრდილო მეზობლებთან დაახლოების გამო გაკეთდა.

გამოუვალ სიტუაციებში მართლმადიდებელი ქრისტიანები   იძულებული იყვნენ, მუსულმანებთანაც კი შეექმნათ ოჯახები. თუმცა, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების შემთხვევები გაცილებით უფრო მეტი იყო როგორც უწინ, ისე ახლა. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ ისტორიაში ვპოულობთ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების უამრავ მაგალითს. მაგალითად, 1070 წელს ინგლისის მეფე ჰერალდ II-ის ქალიშვილი გიდა ცოლად გაჰყვა კიევის დიდ მთავარ ვლადიმირ მონომახს. ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დაგვრჩეს, თითქოს შერეული ქორწინებები მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ხდებოდა. ჯვაროსნულმა ომებმა აღმოსავლეთში ბევრი ევროპელი რაინდი თუ უბრალო მეომარი ჩამოიყვანა. შერეული ქორწინებების რაოდენობას ზრდიდა აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვაჭრების მომრავლება დიდ ქალაქებში. საინტერესოა, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათი შვილებისაგან გარკვეული ეროვნებაც კი შეიქმნა, ამ შთამომავლობას გაზმულებს უწოდებდნენ. რაც შეეხება რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამოკიდებულებას მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების მიმართ, ოჯახის შექმნის პრობლემა აღარ დგებოდა, თუ ჯვრისწერამდე სიძე ან პატარძალი თავისი მომავალი მეუღლის სარწმუნეობას მიიღებდა.


XXI საუკუნეში, გლობალიზაციის აღზევების ეპოქაში, არ არის გასაკვირი, რომ კიდევ უფრო ხშირია ტრანსნაციონალური ქორწინებების შემთხვევები. საზღვრების გახსნამ გამოიწივია ინტენსიური სოციალური მობილობა, გაზრდილი კომუნიკაცია და კონტაქტები. ადამიანები ტოვებენ თავიანთ საცხოვრებელ არეალს და ნაციონალურ საზღვრებს მიღმა მიდიან სასწავლებლად, სამუშაოდ, ემიგრაციაში ან თუნდაც უბრალოდ სამოგზაუროდ. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში სხვა ეროვნების პიროვნების მოხიბვლა და შეყვარება არღვევს ხოლმე გეოგრაფიულ-კულტურულ საზღვრებს. სხვები მასპინძელი ქვეყნის კულტურასთან ახდენენ იდენტიფიკაციას და უჩნდებათ მოთხოვნილება, რომ იმავე კულტურის წარმომადგენელთან დაამყარონ ინტიმური კავშირი. ეს განსაკუთრებით ხშირი შემთხვევაა საზღვარგარეთ წასული იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც იდენტობა-როლური დიფუზიის კრიზისის გადაწყვეტის პროცესში იმყოფებიან. ადამიანების გარკვეული კატეგორია ტრანსნაციონალურ ქორწინებაზე თანხმდება იმ მიზნით, რომ მოიპოვოს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება. საბჭოთა კავშირის პერიოდში, იყო რა ჩაკეტილი საზღვრები, შერეული ქორწინებები იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა. თუმცა, ასეთ ქორწინებებს უფრო ექნებოდა ადგილი `მოძმე” საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელთა შორის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ხალხმა სწარფი ტემპებით დაიწყო საქართველოდან გადინება და ევროპის სხვადასხვა ქვეყანას მიაშურა. ოჯახები თუ ცალკეული პიროვნებები ნაციონალურ საზღვრებს მიღმა ცდილობდნენ უკეთეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრებას და სიდუხჭირისაგან თავის დაღწევას. ტრანსნაციონალური ქორწინებების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანების ხშირი ვირტუალური მოგზაურობა ინტერნეტ-სივრცეში. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-კომუნიკაციის სხვა საშუალებების წყალობით ყოველწამიერად ახალ-ახალ ურთიერთობებს ეყრება საფუძველი მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორეში.


ტრანსნაციონალური ქორწინებების ასეთი მომრავლების გამო განსახილვეველია ის ურთიერთდამოკიდებულებითი და ღირებულებითი კონფლიქტები, რომლებმაც შეიძლება იჩინოს თავი წყვილებს შორის. ადამიანის პიროვნული განვითარება მჭიდრო კავშირშია მის სოციალურ გარემოსთან. სოციალიზაციის პროცესში ის ითავისებს გარემომცველი კულტურის, სოციუმის ნორმებს, ღირებულებებს, ტრადიციებს, ცდილობს ჩამოიყალიბოს ფასეულობებისა და მოქმედებების ის რეპერტუარი, რომელიც მის გარემოს შეესატყვისება. სხვადსხვა ქვეყნის ცხოვრების წესსა და კულტურულ თავისებურებებს შორის კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ერთი მხრივ, იხიბლებიან ერთმანეთის გარეგნობით, პიროვნული მახასიათებლებითა და სხვა მონაცემებით, მაგრამ უშუალიდ თანაცხოვრების პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს ღირებულებითი და ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტების სპეციფიკურმა გამოვლინებებმა. პარტნიორებს შორის დისკომფორტისა და დაძაბულობის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს განსხვავებული გენდერული როლები, რომლებიც სხვადასხვანაირად კონსტრუირდება მათ კულტურებში სოციალიზაციის პროცესში. აღმოსავლური სამყაროს წარმომადგენელი ქალები უფრო გამოირჩევიან მამაკაცებისადმი მორჩილებით; ყოველდღიური ოჯახური ცხოვრებისათავის მიღებულია, რომ ქალი საქმიანობდეს სახლში, დაკავებული იყოს ბავშვების აღზრდით, ქმრის მოვლითა და სხვა საშინაო საქმიანობებით. ასეთი კულტურის ფარგლებში საოჯახო საქმიანობებში მამაკაცის როლი მინიმალურია. ის მთლიანადაა დაკავებული პროფესიული მოღვაწეობით, სხვადასხვა საზოგადოებრივი საქმიანობით და მის ძირითად მოვალეობად ოჯახის სარჩენად საჭირო სახსრების მოძიება ითვლება. ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენელი ქალები კი ნაკლები პასიურობით გამოირჩევიან, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ ფაქტს, რომ საოჯახო პირობებშიც დაკავებულნი იყვნენ თავიანთი კარიერულ და პროფესიულ წინსვლაზე ფიქრით; გამოიმუშავონ საკუთარი ფული და ქმრისგან მატერიალურად დამოუკიდებელნი იყვნენ. ასეთ კულტურებში წყვილები ცდილობენ, რომ ბავშვების აღზრდასა და საშინაო საქმიანობაში როლები რაც შეიძლება თანაბრად გადაინაწილონ. გენდერულ როლებს შორის აღნიშნული განსხვავება სხვადასხვა ინტენსივობით არსებობს კონკრეტულ ქვეყნებსა და კულტურებში. ასე რომ, პარტნიორების სხვადასხვა გენდერულმა მოლოდინებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და უსიამოვნებები ოჯახურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ახლო ნათესაური და მეგობრული კავშირების არსებობას, მაშინ როცა დასავლეთის საზოგადოებაში ახლად შექმნილი ოჯახი აღარ თვლის საჭიროდ, რომ მჭიდრო ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეს მშობლებთან თუ სხვა ახლობლებთან. სერიოზული უთანხმოების მიზეზი შეიძლება გახდეს თითოეული ქვეყნის თვითმყოფადობის და თავისებურებების განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი ფენომენი, როგორიცაა ტრადიციები. სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნასთან, სტუმარმასპინძლობასთან თუ სხვა ყოფით საკითხებთან დაკავშირებით შეინიშნება ტრადიციებს შორის განსვლა. ერთ-ერთ პარტნიორს შვილის პირველი დაბადების დღის აღნიშვნა შეიძლება უნდოდეს დიდი წვეულების მოწყობით, სადაც თავის ნათესავებსა და მეგობრებს დაპატიჟებს, მეორეს კი თავისი კულტურის ტრადიციებიდან გამომდინარე ვიწრო ოჯახურ გარემოში სურდს აღნიშვნა. იგივე პრობლემა იწყება ხოლმე ჯერ კიდევ ქორწინების აღნიშვნასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობიდან. როგორც წესი, ქართველებს მრავალრიცხოვანი საქორწინო წვეულებების გამართვა უყვართ, რაც საკმაოდ დისკომფორტულია ევროპელის ან ამერიკელისათვის. უცხოური კულტურის წარმომადგენლებისათვის არანაკლებ უსიამოვნოა ქართული სუფრის ტრადიციები _ გრძელი სადღეგრძელოები, თამადის ინსტიტუტი და ა. შ.


შერეული ქორწინებისას შეიძლება ორივე პარტნიორი ცხოვრობდეს არა თავიანთ, არამედ მესამე, სხვა ქვეყანაში. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ერთ-ერთ მათგანს უწევს ხოლმე მეორის სამშობლოში სამუდმო დამკვიდრებასთან შეგუება, რაც საკმაოდ რთული ადაპტაციის პროცესის გავლას საჭიროებს. ფაქტობრივად, პიროვნებამ სოციალიზაციის პროცესი მთლიანად ახლიდან უნდა დაიწყოს, კულტურული ინტიმურობა უნდა დაამყაროს იმ ქვეყანასთან და გაითავისოს მისი მოთხოვნები და წესები. წინააღმდეგ შემთხევვაში, იქ ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება. ეს ეტაპი ფსიქოლოგიურად, ემოციურად, სოციალურად საკმოდ ძნელია და იწვევს პიროვნების გაღიზიანებას, თავისი სამშობლოსა და ახლობლების მიმართ განცდილ ნოსტალგიას, რომელსაც შეიძლება თანახლდეს ქორწინებასთან დაკავშირებული სინანულიც. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, წყვილის ურთერთდამოკიდებულებას ართულებს და ძნელი ხდება ინტერაქციაში ემოციების რეგულირება. ზოგიერთი ადამაინი აღნიშნულ გარდამავალ პერიოდს ვერც გადალახავს ხოლმე, რასაც ქორწინების შეწყვეტა და სამშობლოში დაბრუნება მოჰყვება. Gგაყრა და დანგრეული ოჯახების არსებობა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული, მიუღებელია და საზოგადოების ნორმალურად ფუნქციონირებას აფერხებს. კონფლიქტებისა და განქორწინებების მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია იმ წყვილებში, რომელთაგან ერთ-ერთი პარტნიორის ქორწინების მოტივაცია მხოლოდ ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლებას უკავშირდებოდა.


ღირებულებებს, ტრადიციებს შორის განსხვავებები კიდევ უფრო მძფრად იჩენს თავს წყვილის თანახოვრების ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როგორიცაა პირველი ბავშვის დაბადება. ეს არის როგორც ძალიან სასიხარულო და ბედნიერი, ასევე საკმაოდ სტერსული სიტუაცია, რადგან პარტნიორებს უწევთ ახალი როლების _ დედისა და მამის მორგება. მეუღლეობის როლებს შორის ეროვნებათაშორისი სხვაობის გადალახვასთან ერთად ახლა მათ უკვე თავიანთ კულტურებში მიღებული დედისა და მამის როლების გადასხვაფერება უნდა მოახდინონ ისე, რომ ერთად თანაცხოვრება შეძლონ და ბავშვსაც არ შეუქმნან დისკომფორტი. ეს პერიოდი საკმაო კონფლიქტებით შეიძლება ხასიათდებოდეს. შერეული ქორწინებების შედეგად დაბადებულ ბავშვებს სავსებით სამართლიანად უწოდებენ `მესამე კულტურის” ბავშვებს. ამ ტერმინიდან უკვე კარგად ჩანს ის სირთულე, რომელიც მშობლებმა უნდა გადალახონ შვილის აღზრდისას. მათ უწევთ ერთმანეთის კულტულური ღირებულებების გათვალისწინება, შეჯერება და ისეთი ოპტიმალური `მესამეს” შექმნა, რომელიც არც ბავშვს და არც მათ ოჯახურ ცხოვრებას არ დააზარალებს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გადასალახი ღირებულებითი და ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტია. ხშირ შემთხვევაში `მესამე კულტურის” ბავშვები ორენოვანნი არიან, რადგან მათ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ოჯახის წევრებთან უწევთ ურთიერთქმედება. ორი ენის ერთდროულად ათვისებამ გარკვეული პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის კოგნიტური განვითარების შეფერხება, რაც კიდევ ერთი სტრეს-ფაქტორია როგორც შვილისათვის, ისე მშობლებისათვის.


პარტნიორებს შორის უსიამოვნებას შეიძლება იწვევდეს, ერთი შეხედვით, ისეთი უმნიშვნელო საკითხები, როგორებიცაა კონკრეტული ქვეყნის სამზარეულოს თავისებურება, მუსიკა, შვილებისათვის სახელების შერჩევა და ა.შ. სხვა ყოველდღიური პრობლემების ფონზე ასეთმა პატარ-პატარა დაპირისპირებებმა შეიძლება წყვილების ჰარმონიულ თანაარსებობას საფრთხე შეუქმნას. თუ ცოლი მუდმივად თავის საყვარელ ნაციონალურ კერძებს ამზადებს და ის ქმარს არც ისე ძალიან მოსწონს, ამით მის გაღიზიანებას გამოიწვევს. ბავშვის სახელის არჩევისას შეიძლება ორივეს თავიანთ ქვეყანაში პოპულარული სახელის დარქმევა სურდს, რომელიც მეორე მხარისათვის სავსებით უცნაურად და კომიკურადაც კი შეიძლება ჟღერდეს.


ადამიანების უმრავლესობა გარკვეული რელიგიური აღმსარებლობის მატარებელია და რელიგიური ცხოვრება მათი არსებობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ისინი გარკვეულ დროს უთმობენ რელიგიური რიტუალების შესრულებას. თუ პარტნიორებისათვის რელიგიური ადათ-წესების დაცვა არც ისე მნიშვნელოვანია, ისინი შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით დაკმაყოფილდნენ. პირიქით შემთხვევაში კი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჯვრისწერამდე აუცილებელია ერთ-ერთი მათგანის მეორის სარწმუნოებაზე ნაბაყოფლობით მონათვლა. ხშირ შემთხვევაში მონათვლის მიუხედავად ახალ სარწმუნოებაზე მოქცეული მაინც არ ასრულებს სარწმუნეობის მოთხოვნებს, აღიზიანებს, ვერ ემის თავისი მეუღლის რელიგიური ცხოვრების არსი და მათ შორის უსიამოვნებას აქვს ადგილი. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა შერეული ქორწინებების დარეგულირებას და გარკვეული წესების შემუშავებას, რომლებიც წყვილებს ურთიერთობის აგებაში დაეხმარებოდათ. მაგალითად,: 1976 წელს მარსელში ჩამოყალიბდა შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამოძღვრო გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო ქორწინების საღვთისმეტყველო საკითხების შესწავლა და სამი წლის მუშაობის შემდეგ ჩამოაყალიბა კონკრეტული წინადადებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების შესახებ.


ვფიქრობ, შერეულ ქორწინებებში კონფლიქტების მოგვარება, უთანხმოებების დარეგულირება და ოჯახში მშვიდობის დამყარება სავსებით შესაძლებელია. პარტნიორებს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობის პირობებში ძალისხმევის სხვადასხვა საშუალებით დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების აღდგენა მიღწევადია. თავდაპირველად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა პრობლემის არსი სწორად გაიგონ და კონფლიქტის წარმომშობ მთავარ მიზეზებზე გაამახვილონ ყურადღება. ისინი უნდა შეეცადონ, რომ კონფლიქტის ძირითად წყაროსთან დაკავშირებული პოზიციები, თავიანთი პრინციპები თანაბრად დათმონ და კონცენტრაცია საჭიროებებსა და საერთო ინტერესებზე მოახდინონ. ცოლ-ქმარმა ერთობლივად უნდა ჩამოაყალიბოს პრობლემის გადაჭრის ალტერნატივები და საუკეთესო აირჩიოს.

მანამ, სანამ თანაცხოვრების პერიოდში კონფლიქტები იჩენს თავს, წყვილმა უნდა გაითავისოს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის ენის შესწავლას, კულტურული თავისებურებების, ტრადიციების, ღირებულებების, რელიგიური თუ მორალურ-ეთიკური მრწამსის გაცნობას და პატივისცემას. ინფორმაციის ფლობა მათ დაეხმარებათ, რომ გაიგონ ერთმანეთს შორის ეროვნულ-კულტურული სხვაობა, ერთმანეთის შეხედულებები მათს ნაციონალურ თავისებურებებზე და შემდგომ ინტერაქციაში თითოეულის თვალსაზრისს პატივი სცენ. კონფლიქტის გამომწვევი აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობები კი შეძლებისდაგვარად შეამცირონ და შეეცადონ, რომ მათზე დიდი ყურადღება არ გაამახვილონ. ურთიერთსიყვარულისას ამ ყველაფრის გათვალისწინება შესაძლებელია, მითუმეტეს, რომ გაწეულ დათმობებსა და საფასურს ერთმანეთთან ურთიერთობის შედეგად მიღებული ჯილდო აღემატება.


ქვეყნებს შორის აღნიშნული მნიშვნელოვანი განსხვავებების მიუხედევად მაინც არსებობს ის ზოგადი ეთიკური,ზნეობრივ-მორალური მარადიული პრინციპები, რომლებიც მსოფლიოს ყველა ხალხს ერთმანეთთან აახლოებს და სამყაროს არც ისე დაქსაქსულ იერს აძლევს. სიყვარული, სითბო, ურთიერთდახმარება, პატიოსნება და სხვა ცნებები უნივერსალური პრინციპებია, როლმლებიც სცილდება სოციალურ ნორმებს და ადამიანს თავს სამაყაროს ნაწილად აგრძნობინებს. ასეთ გლობალურ, მსოფლიო პრონციპებზე ორიენტაცია პარტნიორების ურთიერთობას ზემოთ დასახელებული სოძნელეებისაგან გაათავისუფელბს და უფრო მეტ ბედნიერებას მოუტანთ.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოები საკანონმდებლო დონეზე ცდილობენ ტრანსნაციონალური ქორწინებების ხელშეწყობას. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ   წყვილებისათვის არსებული ისეთი უნიკალური შესაძლებლობა, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობა. ეს მათ საშუალებას აძლევთ თავიანთ სამშობლოსთან ზიარი კავშირი არ გაწყვიტონ. სახელმწიფოები უნდა ცდილობდნენ შერეული ქორწინებებისათვოს მხარდაჭერას, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეების ჩართვის, პირადი მონაწილეობის დონეზე სამშვიდობო საქმიანობის წარმართვისათვის. ის ქვეყნებს ეხმარება ერთმანეთთან დაახლოებაში, დაძაბულობის შემცირებასა და პოტენციური ომების ალბათობის შემცირებაში.    

                                                                       
 გამოყენებული ლიტერატურა:
1.ბასილ კობახიძე, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის XI-XIV საუკუნეებში
2. Ester Gallo, Unorthodox Sisters: Gender Relations and Transnational Marriages among Malayali Migrants in Italy, Università di Siena, August 2003
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий