вторник, 3 мая 2016 г.

ნეოლიბერალიზმი — იდეოლოგია, ყველა ჩვენი პრობლემის სათავეში




 ავტორი: ჯორჯ მონბიო.
 ჯორჯ მონბიო არის ბრიტანელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი,  The Guardian–ის მესვეტე და ავტორი არაერთი წიგნისა. აღნიშნული წერილი გამოქვეყნდა ბრიტანულ გამოცემა The Guardian–ზე, 2016 წლის 15 აპრილს. ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გრიგოლ გეგელიამ. 

 © European.ge

 წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირში ხალხს კომუნიზმის შესახებ არასდროს რომ არ გაეგო. იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე მბრძანებლობს, უმრავლესობისთვის სახელი არა აქვს. ახსენე იგი საუბრისას და დაინახავ, თუ როგორ აიჩეჩავენ მხრებს. გინდ შენს მსმენელს ცნება გაგებული ჰქონდეს, მისი განსაზღვრა გაუჭირდება. ნეოლიბერალიზმი — იცით რას ნიშნავს ეს? მისი ანონიმურობა მისივე ძალაუფლების სიმპტომიცაა და მიზეზიც. მას უთამაშია დიდი როლი კრიზისთა საუცხოო სახესხვაობაში, რომელთა შორისაა: 2007–8 წლების ფინანსური კრახი, ქონებისა და ძალაუფლების ოფშორულ პერიფერიაში გადასროლა (რომლის მხოლოდ წამიერ კადრსაც გვთავაზობს Panama Papers-ი), საჯარო ჯანდაცვისა და განათლების ნელი კოლაფსი, ხელახლა გამოცოცხლებული ბავშვთა სიღარიბე, მარტოობის ეპიდემია, ეკოსისტემების კრახი, დონალდ ტრამპის აღმასვლა. მაგრამ, ჩვენ ამ კრიზისებზე ისეთი რეაქცია გვაქვს, თითქოს ისინი განცალკევებულად აღმოცენებულიყო; ამ დროს, წარმოდგენაც კი არა გვაქვს, რომ ყველა მათგანი წარმოშვა ან გაამძაფრა ერთი და იმავე თანმიმდევრულმა ფილოსოფიამ.  მას აქვს – ან, ჰქონდა – სახელი. განა რა უნდა იყოს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე ანონიმურად მოქმედება?

ნეოლიბერალიზმი იმდენად ყოვისლიმომცველი გახდა, რომ ჩვენ მას იშვიათად ვაღიარებთ, როგორც იდეოლოგიას. თითქოს ვეთანხმებით მტკიცებას, რომ ეს უტოპიური, მილენარიანული მრწამსი ნეიტრალურ ძალას აღნიშნავს; ერთგვარ ბიოლოგიურ კანონს, როგორიცაა დარვინის ევოლუციური თეორია. მაგრამ, ეს ფილოსოფია წარმოიშვა, როგორც შეგნებული მცდელობა ადამიანური ცხოვრების გარდასაქმნელად და ძალაუფლების წერტილების შესაცვლელად.

ნეოლიბერალიზმი ადამიანურ ურთიერთობათა განმსაზღვრელ მახასიათებლად კონკურენციას აღიქვამს. ის ახლებურად განმარტავს მოქალაქეებს მომხმარებლებად, რომელთა დემოკრატიული არჩევანიც ყველაზე უკეთ ყიდვისა და გაყიდვის პროცესში ხორციელდება, რომელიც აჯილდოებს ღირსებასა და ხარისხს, არაეფექტურობას კი სჯის. ნეოლიბერალური აზრით, „ბაზარი“ იძლევა იმგვარ სარგებელს, როგორიც ვერასდროს ვერ მიიღწეოდა დაგეგმარების საშუალებით.  

კონკურენციის შეზღუდვის მცდელობები თავისუფლების მტრობად აღიქმევა. გადასახადები და რეგულაცია უნდა შემცირდეს, საჯარო სერვისები უნდა პრივატიზირდეს. შრომითი ორგანიზება და პროფესიულ კავშირთა მიერ კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება ბაზრის დამახინჯებად აღიქმევა, რაც ხელს უშლის გამარჯვებულთა და დამარცხებულთა ბუნებრივი იერარქიის ჩამოყალიბებას. უთანასწორობა იღებს სათნოების სახეს და წარმოჩინდება, როგორც ჯილდო სარგებლიანობისათვის და როგორც გენერატორი სიმდიდრისა, რომელიც ზევიდან ქვევით წვეთ–წვეთ მოედინება და ყველას ამდიდრებს. უფრო თანასწორი საზოგადოების შექმნის მცდელობა კი აღიქმევა, როგორც კონტრ–პროდუქტიული და მორალურად გამანადგურებელი. ბაზარი უზრუნველყოს იმას, რომ ყველამ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს.

ჩვენ ვითავისებთ და ვამრავლებთ ნეოლიბერალიზმის კრედოებს. მდიდრები თავიანთ თავს არწმუნებენ, რომ სიმდიდრე საკუთარი დამსახურებითა და სიქველით მოიპოვეს, მაგრამ ივიწყებენ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა განათლება, მემკვიდრეობა და კლასი, რომლებიც შესაძლოა მათ გამდიდრებაში დაეხმარა. ხოლო ღარიბები იწყებენ წარუმატებლობის საკუთარი თავისათვის დაბრალებას, მაშინაც კი, როდესაც მათ მხოლოდ მცირედით შეუძლიათ საკუთარი ვითარების შეცვლა.

  დაივიწყე სტრუქტურული უმუშევრობა: თუ სამუშაო არა გაქვს, ეს იმის გამოა, რომ უინიციატივო ხარ. დაივიწყე უძრავი ქონების მიუწვდომელი ფასები: თუ შენმა საკრედიტო ბარათმა ხარჯვის მაქსიმუმს მიაღწია, უპასუხისმგებლო და მფლანგველი ხარ. დაივიწყე, რომ შენს ბავშვებს აღარ აქვთ სკოლის სათამაშო მოედანი: თუ ისინი გასუქდებიან, შენი ბრალია. მსოფლიოში, რომელსაც კონკურენცია მართავს, ისინი ვინც წარმატებას ვერ მიაღწევენ, სხვების მიერ „ლუზერებად“ განისაზღვრებიან და საკუთარ თავსაც ასე განსაზღვრავენ.

როგორც პოლ ვერჰეგე გვაჩვენებს წიგნში „და მე?“, ამითაა გამოწვეული თვითდაზიანების ეპიდემიები, კვების დარღვევები, დეპრესია, მარტოობა, საქმის შესრულების შიში და სოციალური ფობია. იქნებ გასაკვირიც არაა, რომ ბრიტანეთი, სადაც ნეოლიბერალური იდეოლოგია ყველაზე მკაცრად განხორციელდა, ევროპის მარტოობის დედაქალაქია. ახლა ჩვენ ყველანი ნეოლიბერალები ვართ.

***

ტერმინი ნეოლიბერალიზმი შეიქმნა 1938 წელს, ერთ შეხვედრაზე პარიზში. დამსწრე დელეგატთა შორის იყო ორი კაცი, ვინც შემდგომში ამ იდეოლოგიას განსაზღვრავდა: ლუდვიგ ფონ მიზესი და ფრიდრიხ ჰაიეკი. ორივე იყო ლტოლვილი ავსტრიიდან და ორივე აღიქვამდა სოციალურ დემოკრატიას — რომელსაც მაშინ ფრანკლინ რუზველტის „ახალი კურსი“ და ბრიტანული კეთილდღეობის სახელმწიფოს ეტაპობრივი განვითარება განასახიერებდა — კოლექტივიზმის გამოხატულებად. მათი აზრით, სოციალური დემოკრატია იმავე სპექტრს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ნაციზმი და კომუნიზმი.

  წიგნში „გზა ბატონყმობისკენ“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა, ჰაიეკი წერდა, რომ სახელმწიფოს დაგეგმარება ახშობდა ინდივიდუალიზმს და უცილობლივ გამოიწვევდა ტოტალიტარულ კონტროლს. მსგავსად მიზესის წიგნისა „ბიუროკრატია“, ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ ბევრის მიერ იქნა წაკითხული. მისით დაინტერესდა ზოგიერთი ძალიან მდიდარი ადამიანიც, რომლებმაც ამ ფილოსოფიაში რეგულაციისა და გადასახადისაგან გათავისუფლების ხელსაყრელი შესაძლებლობა დაინახა. როდესაც 1947 წელს ჰაიეკმა დააფუძნა პირველი ორგანიზაცია ნეოლიბერალიზმის გასავრცელებლად — „მონ პელერინის საზოგადოება“ —  მას მილიონრები და მათი ფონდები უწევდა ფინანსურ მხარდაჭერას.

მათი წყალობით, ჰაიეკმა დაიწყო აკადემისტთა, ბიზნესმენთა, ჟურნალისტთა და აქტივისტთა ტრანს–ატლანტიკური ქსელის შექმნა, რომელსაც სტედმან ჯონსმა, თავის წიგნში „სამყაროს ბატონები“, უწოდა „ერთგვარი ნეოლიბერალური ინტერნაციონალი“. მოძრაობის მხარდამჭერმა მდიდარმა ბანკირებმა დააფუძნეს არაერთი კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც იდეოლოგიის შემდგომ დახვეწას და გავრცელებას შეუწყობდა ხელს. მათ შორის იყო ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტი (American Enterprise Institute),  მემკვიდრეობის ფონდი (the Heritage Foundation), კატოს ინსტიტუტი (the Cato Institute), ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტი (the Institute of Economic Affairs), პოლიტიკის კვლევის ცენტრი (the Centre for Policy Studies) და ადამ სმითის ინსტიტუტი (the Adam Smith Institute). მათ მიერვე ფინანსდებოდა აკადემიური თანამდებობები და ფაკულტეტები, განსაკუთრებულად ჩიკაგოსა და ვირჯინიის უნივერსიტეტებში.

განვითარებასთან ერთად, ნეოლიბერალიზმი უფრო მკაცრი და მკვეთრი გახდა. ჰაიეკის შეხედულება, რომლის მიხედვითაც მთავრობას უნდა დაერეგულირებინა კონკურენცია მონოპოლიების თავიდან ასაცილებლად, მის ამერიკელ მიმდევრებში, როგორიც იყო მილტონ ფრიდმანი, ჩანაცვლდა შეხედულებით, რომ მონოპოლია შეიძლება აღიქვა, როგორც ჯილდო ეფექტურობისთვის.

თუმცა, ამ გარდამავალ პერიოდში, სხვა რაღაცაც მოხდა: მოძრაობამ დაკარგა თავისი სახელი. 1951 წელს, ფრიდმანი სიხარულით მოიხსენიებდა თავის თავს ნეოლიბერალად. თუმცა, ტერმინმა მალედვე დაიწყო გაქრობა. რაც კიდევ უფრო უცნაურია, მაშინაც კი, როდესაც იდეოლოგია უფრო მომხიბვლელი, მოძრაობა კი უფრო მეტად თანმიმდევრული გახდა, დაკარგული სახელი არ ჩანაცვლებულა არცერთი ალტერნატივით.  

მიუხედავად გულუხვი დაფინანსებისა, თავდაპირველად ნეოლიბერალიზმი უმნიშვნელო ძალად რჩებოდა. ამ დროს, თითქმის ყველა აღიარებდა ომის შემდგომ კონსენსუსს, რაც გულისხმობდა ჯონ მეინარდ კეინსის ეკონომიკური რეცეპტების ფართოდ დანერგვას, სრულ დასაქმებასა და სიღარიბის შემსუბუქებას, როგორც აშშ–ს და ევროპის დიდი ნაწილის საერთო მიზანს, საგადასახადო განაკვეთის სიდიდეს და მთავრობის მიერ ისეთი სოციალური შედეგების ძიებას, რომელიც მათ არ შეარცხვენდა. ამისთვის, მთავრობები ავითარებდნენ ახალ საჯარო სერვისებს და უსაფრთხოების ბადეებს.

 მაგრამ, 1970–იანებში, როდესაც კეინსიანურმა პოლიტიკამ რღვევა იწყო, ხოლო ატლანტიკის ორივე მხარე ეკონომიკურმა კრიზისებმა მოიცვა, ნეოლიბერალურმა იდეებმა მეინსტრიმში გადაინაცვლა. როგორც ფრიდმანი აღნიშნავდა, „როდესაც მოვიდა დრო ცვლილებისა… მზად იყო ალტერნატივა“. იდეოლოგიის მიმართ სიმპატიით განწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მრჩევლების დახმარებით, ნეოლიბერალიზმის ელემენტები, განსკუთრებით კი მონეტარული პოლიტიკის მისეული რეცეპტები, დაინერგა ჯიმი კარტერის  ადმინისტრაციის მიერ აშშ–ში და ჯიმ კალაჰანის მთავრობის მიერ ბრიტანეთში.

მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნეოლიბერალური ამანათის დანარჩენმა ნაწილმაც აღარ დააყოვნა: მასიური საგადასახადო შემცირებები მდიდრებისთვის, პროფესიული კავშირების დამხობა, დერეგულაცია, პრივატიზაცია, აუთსორსინგი და კონკურენცია საჯარო სერვისების მიწოდებაში. ნეოლიბერალური პოლიტიკა მსოფლიოს დიდ ნაწილს მოახვიეს თავს – ხშირად, დემოკრატიული თანხმობის გარეშე – საერთაშორისო მონეტარული ფონდის, მსოფლიო ბანკის, მაასტრიხტის ხელშეკრულების და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წყალობით. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნეოლიბერალიზმი ისეთმა პარტიებმაც მიიღო, რომლებიც ერთ დროს მემარცხენე ფლანგს მიეკუთვნებოდნენ: მაგალითად, ლეიბორისტებმა და დემოკრატებმა. სტედმან ჯონსის თქმის არ იყოს, „რთულია გაიხსენო სხვა უტოპია, რომელიც ასე სრულად განხორციელდა“.  

 ***

შესაძლოა უცნაურადაც ჩანდეს, მაგრამ დოქტრინა რომელიც არჩევანსა და თავისუფლებას გვპირდება, შემდეგი სლოგანით გავრცელდა: „სხვა ალტერნატივა არ არის“. როგორც ჰაიეკი აღნიშნავდა პინოჩეტის ჩილეში ვიზიტისას  — ერთერთი პირველ ქვეყანაში, სადაც პროგრამა სრულად დაინერგა — „უპირატესობას ვანიჭებ უფრო მეტად ლიბერალურ დიქტატურას, ვიდრე დემოკრატიულ მთავრობას, რომელიც მოკლებულია ლიბერალიზმს“. თავისუფლება, რომელსაც ნეოლიბერალიზმი გთავაზობს და რომელიც ასე ზოგადად აღქმული მომხიბვლელადაც ჟღერს, სინამდვილეში მტაცებლის თავისუფლებაა.

თავისუფლება პროფესიული კავშირებისა და კოლექტიური მოლაპარაკებისაგან ნიშნავს თავისუფლებას ხელფასების შევიწროებისა. თავისუფლება რეგულაციისაგან ნიშნავს თავისუფლებას მდინარეების წამვლისა, მშრომელების განსაცდელში ჩაგდებისა, უსამართლო საპროცენტო განაკვეთის დაწესებისა და თავისუფლებას ეგზოტიკური ფინანსური ინსტრუმენტების შექმნისა. თავისუფლება გადასახადისაგან ნიშნავს თავისუფლებას სიმდიდრის განაწილებისაგან, რაც ხალხს ეხმარება გაჭირვებისგან თავის დაღწევაში.

როგორც ნაომი კლაინი ამბობს თავის „შოკის დოქტრინაში“, ნეოლიბერალი თეორეტიკოსები ემხრობიან კრიზისების გამოყენებას ხალხისათვის არაპოპულარული პოლიტიკური კურსის შესაჩეჩებლად, მანამ სანამ ისინი დაბნეულები არიან. მაგალითად, პინოჩეტის გადატრიალების, ერაყის ომის, ან თუნდაც ქარიშხალ კატრინას გამოყენებას, რომელიც ფრიდმანმა აღწერა, როგორ „ხელსაყრელი გარემოება განათლების სისტემის რადიკალური რეფორმისათვის“ ნიუ ორლეანში.  

როდესაც ნეოლიბერალური პოლიტიკა ვერ ტარდება შინ, ის ტარდება საერთაშორისოდ, ისეთი სავაჭრო ხელშეკრულებების გზით, რომელიც შეიცავენ ე. წ. „ინვესტორთა და სახელმწიფოს შორის არსებული დავების მოგვარების მექანიზმებს“. ეს არის ოფშორული ტრიბუნალები, რომელთა ფარგლებშიც კორპორაციებს შეუძლიათ მოითხოვონ სოციალური და გარემოსდაცვითი მექანიზმების გაქრობა. როდესაც პარლამენტებს ხმა მიუციათ თამბაქოს გაყიდვის შეზღუდვის სასარგებლოდ, ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიებისაგან წყალმომარაგების დასაცავად, ენერგეტიკული კანონპროექტების გასაყინად ან სახელმწიფოს მძარცველი ფარმაცევტული ფირმების ხელშესაშლელად, კორპორაციებს სასამართლოში უჩივლიათ და ხშირად წარმატებულად. დემოკრატია დაიყვანება თეატრზე.

ნეოლიბერალიზმის კიდევ ერთი პარადოქსი ისაა, რომ უნივერსალური კონკურენცია ეფუძნება უნივერსალურ დათვლას და შედარებას. ამის შედეგი კი ის არის, რომ მშრომელები, სამსახურის მაძიებლები და სხვადასხვა სახის საჯარო სერვისები თაღლითური მეწვრილმანეობის მსხვერპლად იქცევიან, შეფასების და მონიტორინგის მკაცრი რეჟიმის საგნად, რომელიც შექმნილია გამარჯვებულთა გამოსავლენად და წაგებულთა დასასჯელად. ფონ მიზესის დოქტრინა ბიუროკრატიული კოშმარისაგან ჩვენს განთავისუფლებას განიზრახავდა, სანაცვლოდ კი თვითონ შექმნა ერთი ასეთი.

 მართალია, ნეოლიბერალიზმი არ ყოფილა ჩაფიქრებული, როგორც საკუთარი თავის სამსახურში მდგომი რეკეტი, მაგრამ სწრაფად იქცა ამად. ნეოლიბერალურ ეპოქაში ეკონომიკური ზრდა შესამჩნევად უფრო ნელი იყო (ბრიტანეთში და აშშ–ში 1980–იანების შემდეგ), ვიდრე წინა ათწლეულებში. მაგრამ, არა ყველაზე მდიდრებისთვის. უთანასწორობა როგორც შემოსავლის, ისე სიმდიდრის განაწილებაში, სამოცწლიანი შემცირების პერიოდის შემდეგ, ამ ეპოქაში ხელახლა დაადგა აღმასვლის გზას, პროფესიული კავშირების ნგრევის, გადასახადების შემცირების, გაზრდილი ქირის, პრივატიზაციის და დერეგულაციის გამო.

 ისეთი საჯარო სერვისების პტივატიზაციამ და მარკეტიზაციამ, როგორიცაა ენერგია, წყალი, მატარებლები, ჯანდაცვა, განათლება, გზები და ციხეები, კორპორაციებს საშუალება მისცა აღემართათ ციხე-კოშკები ძირითადი რესურსების წინ, მოქალაქეებისა და მთავრობებისთვის კი მათი გამოყენებისათვის რენტა დაეწესებინა. რენტა სხვა სახელია დაუმსახურებელი შემოსავლისთვის. როდესაც მატარებლის ბილეთში გაბერილ ფასს იხდი, საფასურის მხოლოდ ნაწილი ხმარდება ოპერატორების ხარჯებს, რასაც ისინი ხარჯავენ საწვავზე, ხელფასებზე, მოძრავ შემადგენლობაზე და სხვა გასავალზე. დანარჩენი კი ასახავს ფაქტს, რომ არჩევნის გარეშე დატოვებული, მათ შენ გაგაბითურეს.

ისინი, ვინც ფლობენ და მართავენ გაერთიანებული სამეფოს პრივატიზირებულ და ნახევრად–პრივატიზირებულ სერვისებს, გასაოცარ ქონებას აგროვებენ მცირეოდენის ინვესტირებისა და დიდი ფასის დაწესების გზით. რუსეთსა და ინდოეთში, ოლიგარქებმა სახელმწიფოს აქტივები კაპიკებად მოიპოვეს. მექსიკაში, კარლოს სლიმმა მიიღო თითქმის ყველა სააბონენტო და მობილური სატელეფონო სერვისების კონტროლი, რის შემდეგაც ის მალედვე იქცა მსოფლიოს უმდიდრეს კაცად.

 როგორც ენდრიუ სეიერი აღნიშნავს თავის წიგნში „რატომ ვერ შევინახავთ მდიდრებს“, ფინანსიალიზაციასაც იგივე ეფექტი ჰქონდა. „რენტის მსგსავსად“, ამბობს სეიერი, “საპროცენტო განაკვეთიც არის… დაუმსახურებელი შემოსავალი, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გროვდება“. ღარიბების გაღარიბებასა და მდიდრების გამდიდრებასთან ერთად, მდიდრები მზარდ კონტროლს ამყარებენ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივზე: ფულზე. საპროცენტო გადასახადები წარმოადგენს ღარიბების მიერ მდიდრებისათვის ფულის გადაცემას. იმ ვითარებაში, როდესაც უძრავი ქონების ფასები და სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება ხალხს მეტი ვალით ტვირთავს (გაიხსენეთ სტუდენტური გრანტებიდან სტუდენტურ სესხებზე გადასვლა), ბანკები და მათი მმართველები განსაკუთრებულად დიდ მოგებას ნახულობენ.

სეიერი აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხ ათწლეულს ახასიათებს სიმდიდრის არამარტო ღარიბებიდან მდიდრებისათვის გადაცემა, არამედ თვითონ მდიდართა შორის გადანაწილებაც. ეს არის სიმდიდრის გადაცემა მათგან, ვინც ფულს შოულობს ახალი პროდუქტების და სერვისების შექმნით, მათთვის ვინც ფულს არსებული აქტივებისა და რენტის, საპროცენტო შემოსავლის და კაპიტალური მოგების გაკონტროლებით შოულობს. გამომუშავებული შემოსავალი ჩაანაცვლა გამოუმუშავებელმა შემოსავალმა.

ნეოლიბერალურ პოლიტიკას ყველგან თან ახლავს ბაზრის ჩავარდნები. განა მარტო ბანკები არიან ზედმეტად დიდი ჩავარდნისათვის,[2]ასეთივე არიან უკვე კორპორაციებიც, რომლებსაც ევალება დღეს საჯარო სერვისების მიწოდება. როგორც ტონი ჯადტი აღნიშნავდა თავი წიგნში „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“, ჰაიეკი ივიწყებდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ეროვნული სერვისების ჩავარდნა დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში კონკურენციას არ უნდა მიეცეს სრული გასაქანი. ბიზნესი იღებს სარგებელს, სახელმწიფო კი ინარჩუნებს რისკს.

 რაც უფრო დიდია კრახი, მით უფრო რადიკალური ხდება იდეოლოგიაც. მთავრობები ნეოლიბერალურ კრიზისებს იყენებენ როგორც საბაბს, ასევე ხელსაყრელ გარემოებას გადასახადების შესამცირებლად, დარჩენილი საჯარო სერვისების პრივატიზირებისათვის, სოციალური უსაფრთხოების ქსელში ხვრელების შესაქმნელად, კორპორაციების დერეგულაციისა და მოქალაქეების ხელახლა რეგულაციისათვის. საკუთარი თავის მოძულე სახელმწიფო ახლა უკვე საჯარო სექტორის ყველა ორგანოში ასობს კლანჭებს.

შესაძლოა ნეოლიბერალიზმის ყველაზე საშიში ეფექტი მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისები იმედენად არც იყოს, რამდენადაც პოლიტიკური კრიზისები. სახელმწიფოს სამოქმედო სივრცის შემცირებასთან ერთად იკუმშება ჩვენი შესაძლებლობაც შევცვალოთ ჩვენივე ცხოვრების კურსი არჩევნების გზით. ამის სანაცვლოდ, ნეოლიბერალური თეორია გვიმტკიცებს, რომ ხალხს შეუძლია საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ხარჯვის პროცესში. მაგრამ, ზოგს უფრო მეტი გააჩნია დასახარჯავად, ვიდრე სხვებს. ამგვარ სამომხმარებლო თუ მეწილეთა დემოკრატიაში, ხმები თანაბრად არ არის განაწილებული. ამის შედეგი კი ღარიბებისა და საშუალო ფენის ძალაუფლებისაგან განძარცვაა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ნეოლიბერალურ პოლიტიკას მემარჯვენე პარტიები ისევე იზიარებენ, როგორც წარსულში მემარცხენე პარტიები, ძალაუფლებისაგან განძარცვულობა საბოლოოდ სამოქალაქო და საამომრჩევლო უფლებების წართმევასაც გაუტოლდა. ხალხის დიდი ნაწილი ჩამოშორებულ იქნა პოლიტიკას.

კრის ჰეჯი აღნიშნავს, რომ „ფაშისტური მოძრაობები ფესვებს იდგამენ არა პოლიტიკურად აქტიურ, არამედ პოლიტიკურად პასიურ ხალხში, „ლუზერებში“ რომლებიც განიცდიან, ხშირად სამართლიანადაც, რომ მათ არა აქვთ ხმა ან როლი პოლიტიკურ წყობაში“. როდესაც პოლიტიკური დებატი ჩვენ აღარ გვესაუბრება, ხალხი ხდება მგძნობიარე სლოგანების, სიმბოლოებისა და სენსაციის მიმართ. მაგალითად, ტრამპის მხარდაჭერებისათვის, ფაქტები და არგუმენტები არაფრისმთქმელია.

ჯატი გვიხსნიდა, რომ როდესაც ხალხსა და სახელმწიფოს შორის ურეთიერთობათა მრავალფეროვანი ქსელი მხოლოდ ძალასა და მორჩილებაზე დაიყვანება, ერთადერთი ენერგია, რომელიც საზოგადოებას კრავს, სახელმწიფოს ძალაა. ტოტალიტარიზმი, რომლისაც ჰაიეკს ეშინოდა, უფრო დიდი ალბათობით სწორედ მაშინ დაიბადება, როდესაც სახელმწიფოები დაკარგავენ საჯარო სერვისების აღსრულებით მინიჭებულ მორალურ ავტორიტეტს, რა დროსაც მათგან მხოლოდ “მლიქვნელი, შემაშინებელი და საკუთარი ხალხის იძულებით დამმორჩილებელი” ძალაღა დარჩება.

***

კომუნიზმის მსგავსად, ნეოლიბერალიზმიც დამარცხებული ღმერთია. და მაინც, ეს „ზომბური“ დოქტრინა ბარბაცით აგრძელებს სვლას, რისი ერთი მიზეზიც მისი ანონიმურობაა. ან, უფრო სწორად, მთელი ქსელი ანონიმურობისა.

უხილავი ხელის უხილავი დოქტრინა ვრცელდება უხილავი მხარდამჭერების წყალობით. ნელა, ძალიან ნელა, ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მათგანის სახელის აღმოჩენა. ჩვენ ვნახულობთ, რომ ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტი (Institute of Economic Affairs), რომელსაც მედიაში თავდაუზოგავად უბრძოლია თამბაქოს ინდუსტრიის დამატებითი რეგულაციის წინააღმდეგ, საიდუმლოდ ფინანსდება „ბრიტანულ–ამერიკული თამბაქოს“ მიერ 1963 წლიდან მოყოლებული. ჩვენ ვიგებთ, რომ ჩარლზ და დევიდ კოხებმა, მსოფლიოს უმდიდრეს კაცთა შორის ორმა, დააფუძნა ინსტიტუტი, რომელმაც შექმნა „ჩაის მსმელთა მოძრაობა“. ჩვენ იმასაც ვისმენთ, თუ როგორ აღნიშნა ჩარლზ კოხმა ერთერთი ასეთი ორგანიზაციის დაფუძნებისას, რომ „არასასურველი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, ფართოდ არ უნდა გაშუქდეს ის თუ როგორ კონტროლირდება და იმართება ორგანიზაცია“.

ნეოლიბერალური ცნებები ხშირად უფრო მეტს მალავს, ვიდრე ნათელყოფს. „ბაზარი“ ჟღერს, როგორც ბუნებრივი სისტემა, რომელსაც თითქოს ყველაზე თანაბრი გავლენა აქვს, ისე როგორც მიზიდულობის ძალას ან ატმოსფერულ წნევას. მაგრამ, ის სავსეა ძალაუფლებრივი ურთიერთობებით. „ბაზარს რაც უნდა“ ტიპიურად ნიშნავს იმას, რაც კორპორაციებს და მათ ბოსებს უნდა. „ინვესტიცია“, როგორც საიერი ამბობს, ორ საკმაოდ განსხვავებულ რაღაცას ნიშნავს. ერთი არის პროდუქტიული და სოციალურად სასარგებლო საქმიანობა, ხოლო მეორე არის არსებული ქონების შეძენა მათ გამოსაწურად რენტის, საპროცენტო შემოსავლის, დივიდენდების და კაპიტალური მოგებისაგან. სხვადასხვა ქმედების აღსაწერად ერთი და იმავე სიტყვის გამოყენება „ნიღბავს სიმდიდრის წყაროებს“, რის გამოც ერთმანეთში გვეშლება სიმდიდრის ამოღება და სიმდიდრის შექმნა.  

ერთი საუკუნის წინ, nouveau-riche-ს[3] ამცირებდნენ ისინი, ვინც მათ ფულს მემკვიდრეობად იღებდა. მეწარმეები საკუთარი თავის რანტიეებად[4] წარმოჩენით ცდილობდნენ სოციალური მოწონებადობის მოპოვებას. დღეს კი ურთიერთობა შეტრიალებულია: რანტიეები და მემკვიდრეები საკუთარ თავს მეწარმეებად წარმოაჩენენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დაუმსახურებელი შემოსავალი თვითონ მოიპოვეს.

ეს ანონიმურობები და დაბნეულობები ეხამება თანამედროვე კაპიტალიზმის უსახელობას და უადგილობას, რასაც განაპირობებს ფრანშიზული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მშრომელებმა არ იცოდნენ, თუ ვისთვის შრომობენ ისინი; კომპანიები, რომლებიც ოფშორული საიდუმლო რეჟიმების ქსელის მეშვეობით არიან დარეგისტრირებული, ისე რომ პოლიციაც კი ვერ პოულობს მათ ნამდვილ მფლობელებს; გადასახადების სტრუქტურა, რომელიც თავგზას უბნევს მთავრობებს; ფინანსური პროდუქტები, რომელიც არავის არ ესმის.

 ნეოლიბერალიზმის ანონიმურობა მედგრად არის დაცული. ჰაიეკის, მიზესისა და ფრიდმანის გავლენის ქვეშ მყოფნი, ტიპიურად უარყოფენ ტერმინს და ამბობენ – გარკვეულწილად სამართლიანადაც – რომ ის დღეს მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობით იხმარება. მაგრამ, ისინი არ გვთავაზობენ ალტერნატივას არსებულის სანაცვლოდ. ზოგი საკუთარ თავს კლასიკურ ლიბერალად, ან ლიბერტარიანად ახასიათებს, მაგრამ ეს აღწერები ერთდროულად შეცდომაში შემყვანი და დამაეჭვებლად თავმდაბალია. მსგავსი დახასიათებები საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს არაფერია ახალი იმაში, რასაც „გზა ბატონყმობისაკენ“ და „ბიუროკრატია“, ან ფრიდმანის კლასიკურ ნაშრომი – „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ ქადაგებს.

***

 ამ ყველაფრის მიუხედავად, არის რაღაც მომხიბვლელი ნეოლიბერალურ პროექტში; სულ მცირე მის ადრეულ ფაზაში. ის იყო განსაკუთრებული და ინოვაციური ფილოსოფია, რომელსაც მხარს უჭერდა მოაზროვნეთა და აქტივისტთა თანმიმდევრული ქსელი. მათ ჰქონდათ მოქმედების ნათელი გეგმა. ის იყო მომთმენი და შეუპოვარი. გზა ბატონყმობისკენ იქცა გზად ძალაუფლებისაკენ.

ნეოლიბერალიზმის ტრიუმფი მემარცხენეობის წარუმატებლობასაც ასახავს. როდესაც თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა 1929 წლის კატასტროფის წინაპირობა გახდა, კეინზმა შეიმუშავა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თეორია მის ჩასანაცვლებლად. როდესაც 70–იანებში კეინზიანურმა მოთხოვნის მართვის თეორიამ საკუთარი თავი ამოწურა, ნეოლიბერალიზმის სახით მზად იყო ალტერნატივა. მაგრამ, როდესაც 2008 წელს ნეოლიბერალიზმმა კრახი განიცადა, ადგილზე… არ იყო არაფერი. სწორედ ამიტომ, ზომბი კვლავ ცოცხლობს. 80 წლის მანძილზე, მემარცხენეებმა და ცენტრისტებმა ვერ შექმნეს ეკონომიკური აზროვნების ახალი ზოგადი ჩარჩო.

ლორდ კეინსის თითოეული ხელახალი გამოხმობა წარუმატებლობის აღიარებაა. 21–ე საუკუნის კრიზისების საპასუხოდ პრობლემათა კეინსიანური გადაწყვეტაზე ფიქრი სამ აშკარა პრობლემას უგულვებელყოფს. პირველ რიგში, რთულია ხალხის ძველი იდეების გარშემო მობილიზება; მეორე რიგში, 70–იანებში გამოაშკარავებული დეფექტები კვლავ ადგილზეა; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კეინზიანურ იდეებს სათქმელი არაფერი აქვთ ჩვენი დროის ყველაზე მძიმე სირთულის შესახებ, რომელიც არის — გარემოსდაცვითი კრიზისი. კეინზიანიზმი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მომხმარებლის მოთხოვნის სტიმულირებას გულისხმობს. მომხმარებლის მოთხოვნა და ეკონომიკური ზრდა კი გარემოს განადგურების მამოძრავებელია.

 როგორც კეინსიანიზმის, ასევე ნეოლიბერალიზმის ისტორია გვიჩვენებს, რომ არ არის საკმარისი შეეწინააღმდეგო გაფუჭებულ სისტემას. საჭიროა შეიქმნას თანმიმდევრული ალტერნატივა. „ლეიბორისტებისთვის“, „დემოკრატებისთვის“ და ფართო გაგებით მემარცხენე დასისთვის, ცენტრალური ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკის „აპოლონის პროგრამის“ განვითარება, რომელიც იქნება 21–ე საუკუნის გამოწვევებსა და მოთხოვნებზე მორგებული ახალი სისტემის შექმნის გააზრებული მცდელობა.  

  შენიშვნები:

 [1] ამ ისტორიულ დროს აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც “შიშის რეფორმიზმის” პერიოდს, როდესაც მთავრობები ავითარებდნენ სხვადასხვა სახის სოციალურ პოლიტიკას ომითა და კრიზისებით გაწბილებული მასების დასაკმაყოფილებლად.

 [2] „ზედმეტად დიდი ჩავარდნისათვის“ – ეკონომიკური თეორია, რომლის მიხედვითა ზოგიერთი კორპორაცია, განსაკუთრებით კი ფინანსური ინსტიტუტები, ზედმეტად დიდი და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ მიეცეთ ჩავარდნის უფლება, რაც თავი მხრივ ეკონომიკას სერიოზულად დარტყმას მიაყენებდა. ამ ხედვის მიმდევართა აზრით, როდესაც ინსტიტუტებს ჩავარდნის პოტენციური საფრთხე ემუქრება, მთავრობები უნდა დაეხმაროს მათ.

[3] Nouveau-riche – სოციო–პოლიტიკური ტერმინი, რომელიც უმეტესად ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება და აღნიშნავს “ახლად გამდიდრებულ” ადამიანებს.

 [4] რანტიე – პირი, რომელიც ცხოვრობს კერძო საკუთრებიდან ან ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლით; რანტიე სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც წლიური შემოსავლის უდიდეს ნაწილს იღებს ადგილობრივი რესურსების გარე კლიენტზე გაყიდვით. რანტიე სახელმწიფოთა უმეტესობა გვხვდება ახლო აღმოსავლეთის ნავთობ–მწარმოებელ სახელმწიფოთა შორის.







http://european.ge

 
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий