воскресенье, 13 марта 2016 г.

ბრბოს ფსიქოლოგია



 ბრბო, შურისძიება და სინანული...

    ადამიანში ორი მხარეა–ბნელი და ნათელი. ბნელი, რომელიც გვაიძულებს ცოდვის ჩადენას და ნათელი რომელიც ჩვენში არსებული სიკეთის ნაღვერდალია და მთელი ძალით ანათებს.
    სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის სიკეთე უცხოა, მისი სული ცოდვილია, სძულს ყველა და ყველაფერი. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ბოროტება ჩაიდინოს, დათესოს სიძულვილი, წალეკოს და დაანგრიოს  მთელი ქვეყნიერება.
      ყოველ ადამიანშია ბნელი და ნათელი მხარე. მაგრამ საბოლოოდ რომელ გზას აირჩევს, დამოკიდებულია ხალხზე, რომელიც მის გარშემო ცხოვრობს.
      ადამიანის სულიერი სამყაროს შექმნასა და ჩამოყალიბებაში მთავარია საზოგადოება, რომლის ნაწილიც თვითონაა. სწორედ ის უბიძგებს ადამიანში სიკეთისა და ბოროტების გაღვივებას.
     საერთოდ, ხალხი სიკეთეს ემსახურება. მაგრამ თუ გაბრაზდა, გამძვინვარებულ ბრბოდ გადაიქცევა, რომელსაც გზად ყველაფრის წალეკვა შეუძლია. ამ დროს ბრბოს სურვილი უჩნდება, დაიკმაყოფილოს ყველანაირი დაუოკებელი მოთხოვნილება. მას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება, რადგან ფრთაშესხმულ ბოროტებასა  ჰგავს. მასში ერთიანდება ყველა ბნელი მხარე, რომელიც სიკეთეს ჰკლავს. ბრბო უმოწყალო, უგრძნობი, ბოროტებით აღსავსე ხდება, თუ ვინმე გაბედავს ამ სურვილების აღკვეთას, ისიც განწირულია. ყველაზე ნაზი, კეთილი და თავმდაბალი ადამიანიც კი ექცევა ბრბოს ზეგავლენის ქვეშ და მისი ნაწილი ხდება–გამძვინვარებული, ცოფმორეული, თვალდაბნელებული და ძალიან საშიში. ასე, რომ ბრბოს შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
    ბრბოს ფსიქოლოგიის შესწავლა მრავალმა მეცნიერმა და გამოჩენილმა ადამიანმა სცადა. მათ შორისაა ფრანგი სოციოლოგი–გუსტავ ლე ბონი.
     გუსტავ ლე ბონი ადამიანთა ფსიქოლოგიას სწავლობდა. სწორედ ამ თემას მიუძღვნა წიგნი–„ბრბო“, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. მეცნიერის აზრით, ბრბოს კოლექტიური ემოციის ზეგავლენით ადამიანს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაც მისი პიროვნებისთვის სრულიად უცხოა. „ბრბოში მოხვედრილი ადამიანი, რომელსაც საერთო აღგზნება გადაეცემა, კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს და ემორჩილება მასის მოქმედებას.“
     ამის მიზეზი კი ის არის, რომ ერთად შეკრებილი ადამიანთა უზარმაზარი მასის კონტროლი შეუძლებელია. ამ დროს პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ბრბომ ისეთი ემოცია ამოაფრქვიოს, რომელიც ადამიანებს უჩვეულო მოქმედებისაკენ უბიძგებს.
      თავის წიგნში გუსტავ ლე ბონი ასკვნის, რომ „აგზნებულ მასას თავის გზაზე ყველაფრის წალეკვა შეუძლია.”
      ამ სიტყვების ჭეშმარიტება ისტორიამ ბევრჯერ დაადასტურა. კაცობრიობის მეხსიერებამ მრავალი ფაქტი შემოინახა ბრბოს ისტერიული აღგზნებისა და მისი დამანგრეველი შედეგების შესახებ.
        ამ დროს ხალხი, მართლაც, შეშლილივით იქცევა, ავიწყდება ნათელი სიკეთის ძალა და მიისწრაფის ადამიანის გონის დაჩოქებისკენ.
         ადამიანზე ბრბოს ზეგავლენა ყველა დროის პრობლემაა. ამ თემაზე შექმნილია მრავალი ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა დიდი ძალა აქვს ბრბოს, რომ ეს ძალა წარმოსახვითია, მალე ქრება და რჩებიან სინანულით აღსავსე ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება სტანჯავთ სირცხვილი, მაგრამ ვეღარაფერს ცვლიან და პატიებას თხოულობენ უფლისაგან. თუმცა პატიების შემდეგაც ვერ ისვენებენ.
         გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, გიორგი ლეონიძემ ამ თემას მიუძღვნა უმშვენიერესი ნაწარმოები „მარიტა.“
         მოთხრობაში მწერალი თავისი ჩვეული ოსტატობით, „ლურჯი იების სინაზითა“ და „მუხლადი ბედაური“ სიტყვით გვიყვება ერთი გოგონას ტრაგედიას, რომელიც, ჩემი აზრით, მთელი სოფლის ტრაგედია უფრო იყო.
         გიორგი ლეონიძე დაკვირვებული ფსიქოლოგის თვალით უყურებს და გადმოსცემს განრისხებული ბრბოს ემოციებსა და განცდებს.
          ნაწარმოებში მოთხრობილია ერთი ლამაზი და კეთილი გოგონას –მარიტას ამბავი. ის არის ამ ნაწარმოების მთავარი გმირიც და შურისძიების მსხვერპლიც. მარიტა იმ კაცს არ გააყოლეს ცოლად, რომელიც მთელ ქვეყანას ერჩია. ამ დღიდან იქცა  საშინელებად მისი ცხოვრება: წართვეს ოცნება, დასწამეს ცილი, დააბრალეს ღალატი.
სოფლის თავკაცმა კი საშინელი და ამავდროულად დამამცირებელი განაჩენი გამოუტანა. სასჯელს წინ არავინ აღუდგა. იმიტომ, რომ ციციკორეს, სოფლის თავკაცის, სიტყვას ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა. ახლაც ასე მოხდა.
         –„განა სოფელი ბრმა არი, განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება?–რისხვით ამბობდა ციციკორე.
          –არა, ღობესაც თვალი აქვს, კლდესაც, ჯამ–ჭურჭელსაც!
          –ქალი ეშმაკის თვალია! – წარმოთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.“
           ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე გმინავდა, თრთოდა, ტვინი გაუფიცხდა.
            –„მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყანის გადაჯიშების ნიშანია სწორედ!“
            შუაღამისას, ციციკორეს საბძელში სოფლის თავკაცმა ფარული სჯა–კამათი გამართეს. „ციციკორე თავისი ბოღმა–ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა“ და გიტანა კიდეც.
            ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა, ნაწვიმარი და ნაცრისფერი. ბუნება თითქოს დიდი საშინელებისთვის ემზადებოდა და მართლაც, „სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით, გაონავრებული, გაძალიანებული...
             აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნაშნისმოგებით, უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად მაგრამ მუნჯად.“
             ბრბოს ვირზე უკუღმა შემჯდარი მარიტა მოჰყავდა და თან ტალახს ესროდა. ვინმემ იფიქრა მის განცდებზე? ქვეყნად არავინ. „ქალს სციოდა და სტკიოდა, სცხელოდა და იგმირებოდა, ალბათ ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი.
               იმწამს იგი ათჯერ მოკვდა და ათჯერვე ძალით აცოცხლებენ!...“
               ასე მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო და მთელი სოფელი მისი ამალა გამხდარიყო. მაგრამ აქედან არც ერთს არ ებრალებოდა მარიტა, ყველა სისასტიკით აღვსილიყო. იმ წამს არავის გასჩენია სიბრალულის გრძნობა.
                „არც ერთი ხმა...
               არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირველი...
               მაგრამ სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს.“
                იმ საშინელი დღის შემდეგ აღარავის სჩვენებია მაისის გამონაყოფი მარიტა.
                 დროთა გამავლობაში ყველა მიხვდა თავის შეცდომას და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი ნამხეცარი–აწყენინეს სოფლის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლოდ პატიოსან ადამიანს.
                 მარიტა ზეზეურად დაადნო დარდმა და სულ მალე „უთქმელი სევდით გადავიდა ეთერის ქვეყანაში!“ როცა ეს ამბავი ცოდვის მზიდველმა სოფელმა გაიგო, საშინლად იტკივლა და ზღვიერი ცრემლით დაიტირა მზეჯავარა მარიტა. გლოვლს კვამლით სოფელი გაშავდა...
                 სოფელი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა თავის დანაშაულს, მაგრამ ღმერთმა არ  აპატია: მთელი წელიწადი უწვიმარი იყო, ყანები ჩაიწვა, ვენახები გადახმა, ყანწის გასველება ვერავინ შეძლო...
                 აი, ასეთი შედეგი გამოიღო გულჯავრიანი, ჩაღრუბლული ციციკორეს მკაცრმა გადაწყვეტილებამ და ბრბოდ ქცეული სოფლის ღვარცოფულად აღელვებამ, რომლის „წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!“
               ადამიანები შეცდომებს გვიან ვხვდებით. თუმცა, სჯობს უფრო დაფიქრებულები ვიყოთ, რომ შევძლოთ წინ აღვუდგეთ ყოველგვარ ბოროტებას, რომ ჩვენი სინდისი სუფთა იყოს...
               ამ თემაზეა აგრეთვე შექმნილი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები–„ეშმაკის ქვა.“
               „იმ დროს–ჩემი მწერლობის პირველ ხანაში–ერთი მოტივიცგამოჩნდა: „ეშმაკის ქვა“ გუსტავ ლე ბონის „ბრბოს ფსიქოლოგიამ დამაწერინა...“
                ნებისმიერი ადამიანი ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მიხვდება, თუ როგორი დიდი ემოცია შეუძლია ამოაფრქვიოს გამძვინვარებულ ადამიანთა მასამ, ანუ ბრბომ.
              მასში გადმოცემულია ამბავი, რომელიც ერთი კეთილ და სათნო გოგონას შეეთხვა. იგი ირგვლივ ყველას ეხმარებოდა, ამიტომაც მას ხალხმა „ანგელოზი“ შეარქვა. მისი ნახვა სოფლელებს ყოველთვის უხაროდათ, რადგან ირგვლივ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა. მისი ნამდვილი სახელი კი სოფიო იყო.
              სოფელში მშვიდი ცხოვრება იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ქურდები არ გამოჩდებოდნენ. ყველამ იცოდა, ვინ ესხმოდათ ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ ქურდები ყოველთვის ახერხებდნენ მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას. ესენი იყვნენ „მგლის ლეკვი“, იგივე დათა და მისი ბიძაშვილი სოლო. ეს ორი პროვნება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდა.
               დათა ერთი თავზე ხელაღებული, აბეზარი, შარიანი, ქვეშქვეშა და ბოროტი ადამიანი იყო. „მგლის ლეკვიც“ ამიტომ შეარქვეს. მუდამ თავჩაღუნული დადიოდა და ბოროტად აცეცებდა თვალებს.
                სოლო კი გულკეთილი ყმაწვილი იყო,მაგრამ სუსტი ნებისყოფის გამო დათამ დაიმორჩილა და ერთგულ ხელქვეითად გაიხადა.
                ერთხელ ისინი ერთ მოხუც ქალს დაესხნენ თავს და გაქურდეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს, რადგან იცნო ისინი.
                 მაშინ ხალხმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ქურდობისათვის. ამ
ამიტომაც მკვლელები შეიპყრეს და გასამართლება დაუპირეს. „ხალხი შეინძრა. ყველანი მკვლელებისაკენ იწევდნენ, რიგ–რიგად აფურთხებდნენ პირსახეში.
                 სოლომ პატიება ითხოვა, დათამ კი არა. ამიტომ მისმა სიკერპემ და ურჩობამ მეზობლები უარესად გააცეცხლა. „უცებ ამ საერთო ყვირილსა და ხმაურში მკაფიოდ გაისმა ერთი სიტყვა, ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველას ენაზე უტრიალებდა, მაგრამ მის წარმოთქმას ჯერ ვერავინ ბედავდა:
                 –ჩავაქვაოთ!
                  ...ბრბოს სამართალი–უბრალო და მრისხანე შადრევანივით ამოვარდა. ბრაზი, რისხვას მოაჯდა, ორივემ შურისძიების აღვირი მიუშვა და დეზი დეზი წააჰკრა.
                 ჰაერში ჯერ ერთმა ქვამ გაიელვა, მერე მეორემ, მესამემ. ბოლოს ქვის სეტყვა წამოვიდა და... მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. დათა ჯერ წატორტმანდა დაჩაიკეცა. შემდეგ ისევ წამოიწია, წელი აითრია და ფოფხვა დაიწყო. მაგრამ ბრბო თავს წაადგა, ყვირილი შეწყდა და მხოლოდ ქვების რახირუხიღა ისმოდა, ლოდი, კეტი და ჯოხი ერთმანეთში აირია. შურისმაძიებელმა ბრბომ ჩაქოლა „მგლის ლეკვი.“
                ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა „ანგელოზი,“ რომელიც გაჭირვების ჟამს ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა, მის კეთილ სულში თითქოს ეშმაკმა გაიღვიძაო–აკეთებდა იმას, რაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო. სოფიო დათას დედას გამოჰოლოდა შვილის გადასარჩენად, მაგრამ ბრბოში მოხვედრილი, ბრბოს ნაწილად გადაქცეულიყო, რაღაც უხილავსა და იდუმალ ძალას დამორჩილებოდა. ხალხის ყვირილმა იმასაც გაუქვავა სული და „იმჟამად სასტიკი განაჩენი სოფიოსაც უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდა და მის აღსრულებას ის ხელს აღარ შეუშლიდა, თავის დაპირებას აღარ შეასრულებდა და მოხუც დედაკაცს შვილს აღარ გადაურჩენდა.“
               სოფიოს ხელში ერთი ქვა ეჭირა. შორიდანვე მაღლა ასწია ხელი, ხალხში შეიჭრა და ესროლა ქვა. ესაა დასტური, გუსტავ ლე ბონის სიტყვებისა, რომ ბრბოში მოხვედრილი ადამიანი ბრმად ემორჩილება მასის მოქმედებას.
                „ყველაფერი გათავდა. ხალხი ჯერ შედგა, მერე გაიფანტა ხმას აღარავინ არ იღებდა ყველა ქურდივით მიიპარებოდა. ზოგი ზევით მირბოდა, ზოგი–ქვევით, ზოგი მარცხნივ და ზოგიც მარჯვნივ. უმეტესობა ისე გარბოდა, თითქოს უკან ვინმე მისდევდაო. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, რადგან ერთმანეთისა რცხვენოდათ.“
                ყველას რცხვენოდა თავისი ნამოქმედარი, მათ შორის სოფიოსაც და სულ მალე დანაშაულის გრძნობამ შეიწირა კიდეც.
                 როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ საშინელება ჩაიდინეს, მხოლოდ მაშინ უჩნდებათ შიშისა და სინანულის გრძნობა. ამ შემთხვევაშიც სოფიოს ბოლო მოუღო იმის განცდებმა, რომ ადამიანის განსჯის თანამონაწილე გახდა. განსაკუთრებით ის აწუხებდა, რომ ვერ შეეწინაღმდეგა ბოროტებას.
                 აი, რა შეუძლია განრისხებულ საზოგადოებას. ამ დროს ისინი, ვითომ, ბოროტებას ამარცხებენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ბოროტებას ბოროტებითვე ვერ დათრგუნავ.
                 ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე წავართვად, უფალიც ამას ამბობს, როდესაც მასთან  ფარისევლები მრუშობისას შეპყრობილ ქალს მიიყვანენ და ეტყვიან: მოძღვარო, ეს ქალი „მრუშობისას შევიპყარით, მოსემ კი რჯულში გვაცნო ამნაირების ჩაქოლვა: შენ რაღას იტყვი?“
                  ამას საცდუნებლად ეკითხებოდნენ, რომ შემდეგ მისთვის ბრალი დაედოთ. იესო წამოიმართა და უთხრა: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა.“
                  მათ, როგორც კი ეს სიტყვები გაიგონეს, მაშინვე სათითაოდ გაიკრიფნენ.
                ამ ნაწყვეტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და ამიტომაც უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე ხელვყოთ.
                განრისხებული, აბობოქრებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსება, რომელიც მშიერია და უნდა, ვინმეს სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს, სწორედ ამიტომ არ უნდა მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ.


 http://peoplepsychology.blogspot.com/




Please Share it! :)

1 комментарий: