„თბილისელები“, 6 მაისი, 2013 წელი
2016-02-27 13:43:28
დიდ საბჭოეთში კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის დაწყების შემდეგ ლოგიკურ გაგრძელებად იქცა რეპრესიები, მოსახლეობის გაღატაკება. შედეგად, იფეთქა კრიმინალურმა ტალღამ, რასაც ხელისუფლება დაუნდობელი ღონისძიებებით დაუპირისპირდა. სტალინს კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ ეს ღონისძიებები არ იყო საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. ამ პერიოდში სტალინის რეჟიმის მიერ, ხელოვნურად შეიქმნა ტერმინი „კანონიერი ქურდი”.
ბელადმა „გპუ“-ს პირველი მოადგილე ჰენრიხ იაგოდა გამოიძახა და დაავალა, კრიმინალთან ბრძოლის ვერსია შეემუშავებინა. „გამოსავალი ერთია, ამხანაგო სტალინ – უნდა გავაკონტროლოთ კრიმინალური ელიტა!“ იყო პასუხი. ამ პრობლემაზე ოდესღაც ვილჰელმ შტიბერი მუშაობდა. ამ უკანასკნელმა შექმნა გერმანული დაზვერვა, კონტრდაზვერვა და კრიმინალური პოლიცია. სტალინმა მოითხოვა, შეესწავლათ შტიბერის გამოცდილება. „როგორც მახსოვს, შტიბერი რუსეთშიც მოღვაწეობდა,“ – თქვა მან.
სტალინისთვის ცნობილი იყო, რომ შტიბერი „მაძებრების მეფედ“ ითვლებოდა. იგი 1818-1882 წლებში მოღვაწეობდა. მან შექმნა პრუსიის კრიმინალური პოლიცია, დაზვერვა და კონტრდაზვერვა. იგი პროფესიით იურისტი იყო, ეწეოდა ადვოკატობას და მისდევდა ჟურნალისტიკას. ერთხელ, პოლიციის შეფმა, რომელიც მისი ტალანტით იყო მოხიბლული, ერთი თავსატეხი საქმის გამოძიება დაავალა. მისი გახსნა შტიბერმა შეძლო და ამის შემდეგ დაიწყო შტიბერის, როგორც მაძებრის კარიერა. წლების განმავლობაში ებრძოდა შტიბერი ქურდებს, ბანდიტებს, ჯაშუშებს. მან დამნაშავეობასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. „კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, – აღნიშნავდა შტიბერი, – დანაშაული იყო, არის და იქნება. აუცილებელია კრიმინალური სამყაროს კონტროლი. ამისთვის კი ერთადერთ გზა არსებობს – ჩვენი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს კრიმინალური ელიტა. შტიბერმა ამისთვის დიდი მუშაობა გასწია: დაწვრილებით შეისწავლა ინდოეთში არსებული ქურდული კასტების სტრუქტურა და ზნე-ჩვეულებები. ასე ჩამოყალიბდა კრიმინალური სამყაროს ელიტის პორტრეტი: „არა – ოჯახი! არა – პოლიტიკა! არა – გაზეთები! არა – მთავრობასთან თანამშრომლობა! ელიტა ჩვენს კონტროლქვეშ მოქცეული პირებისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც გაყოფს ნადავლს, დასჯის იმათ, ვინც თავის თავზე ბევრს აიღებს.“
შტიბერის მოდელი გერმანიაში წარმატებით განხორციელდა და, შედეგად, კრიმინალმა იკლო; მთავრობა აკონტროლებდა დამნაშავეობის ზრდას. შედეგად, შტიბერიც ყველამ მაძებრობის გენიოსად აღიარა. მომავალში შტიბერმა დაამტკიცა, რომ დაზვერვა-კონტრდაზვერვის გენიოსიცაა: მან შექმნა აგენტურული ქსელი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავდა და სწორედ ამან განაპირობა პრუსიელების გამარჯვება ფრანგებზე (1870-1871 წლებში). სამსახურიდან გადადგომის შემდეგ შტიბერი რუსეთში მიიწვიეს, სადაც ის კონსულტაციას უწევდა დამნაშავეობასთან ბრძოლას. მისი მეთოდი რუსებმაც გადაიღეს. „ქურდი“ – სწორედ ასე უწოდეს მათ კრიმინალური ელიტის წარმომადგენელს.
სტალინის ბრძანება იაგოდამ დანიშნულ ვადაში შეასრულა. ბელადი ყურადღებით უსმენდა მის მოხსენებას. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ჯუღაშვილმა ჰკითხა: „თქვენ გსურთ, კრიმინალური კანონები ჩარჩოებში მოაქციოთ?!“ იაგოდა დაეთანხმა: „შევქმნათ ქურდის ახალი ტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნება... ასე ვთქვათ, „კანონიერი ქურდი“.
სწორედ, სტალინისა და იაგოდას ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ტერმინი „კანონიერი ქურდი“. ერთ-ერთი ვერსიით, „კანონიერი ქურდობის“ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში დიდი წვილილი შეიტანეს ოდესელმა კრიმინალებმა: მოშე-იაკობ ვინიცკიმ (მიშკა იაპონჩიკმა) და ნაფტალი ფრენკელმა. ამავე ვერსიით, ეს უკანასკნელი „ენკავედეს” გენერალი და სტალინთან დაახლოებული პირი იყო.
ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ვორკუტისა და მაგადანის ზონებში გაჩნდნენ პირები, რომლებიც თავს „კანონიერ ქურდებს“ უწოდებდნენ. მათ მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია ჰქონდათ. ეს იერარქია მოქმედებდა როგორც სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შიგნით, ასევე, მის გარეთ. „კანონიერ ქურდად“ შეიძლებოდა, ეკურთხებინათ მხოლოდ ის პირი, რომელიც რამდენიმეჯერ იქნებოდა ნასამართლევი. საგანგებო, ეგრეთ წოდებულ „სხოდკაზე” წყდებოდა, თუ რამდენად იმსახურებდა ის ამ წოდებას. კანონიერი ქურდი ხელშეუხებელი პირი იყო. ისინი ციხეებსა და ზონებში მეფეებად გრძნობდნენ თავს: არ მუშაობდნენ, ჰყავდათ ამალა, გააჩნდათ ძალაუფლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე. კანონიერი ქურდები უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. ვინც უარს იტყოდა ამაზე, ან „აფუჭებდნენ”, ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ცუდად მთავრდებოდა იმ ქურდის საქმეც, რომელიც აღარ სჭირდებოდათ.
სტალინმა მოიწონა იაგოდას შემუშავებული სისტემა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგოდა მაინც ვერ გადაურჩა რეპრესიებს.
გავიდა წლები. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ეს ომი არც კრიმინალურ სამყაროს ასცდენია. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო სამშობლოს დაცვა. ნაწილმა – უარი თქვა. ასეთებს ზონებში უკრეს თავი. კრიმინალთა ნაწილი საჯარიმო ბატალიონში იბრძოდა. მათგან ზოგიერთი ბრძოლის ველიდან გაიქცა, ზოგი – გერმანელებს ჩაჰბარდა. ასეთებს გერმანელები პოლიცაებად ასაქმებდნენ და ათასგვარ ბინძურ საქმეს ავალებდნენ, ურჩებს კი არ აცოცხლებდნენ. ჩეკისტები იმ კრიმინალების გამოყენებასაც შეეცადნენ, რომლებიც მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ამგვარი თანამშრომლობის არაერთი მაგალითი არსებობს, გავიხსენოთ, თუნდაც, გაულაიტერ კუბეს ლიკვიდაციის ამბავი: კუბეს რეზიდენციაში დამლაგებლად მუშაობდა წარსულში საეჭვო რეპუტაციის ქალი ელენა მაზანიკი. ის შინსახკომის აგენტი იყო, რაც დაეხმარა, ოფიციანტად დაეწყო მუშაობა ბელორუსიის ცეკას სასადილოში. ომის დროს მაზანიკი გერმანელი ოფიცრის (რომელიც მისი საყვარელი იყო) დახმარებით კუბეს რეზიდენციაში დამლაგებლად მოეწყო. კუბეზე ნადირობდა როგორც შინსახკომი, ასევე – „გრუ“. ამიტომ, საკვირველი არაფერი იყო იმაში, რომ მაზანიკსაც დაუკავშირდნენ ყოფილი პარტნიორები და დაარწმუნეს, რომ სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვის შანსი ეძლეოდა. მაზანიკს საკონტროლო დავალებები მიეცა, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი. შემდეგი დავალება უფრო რთული იყო: მას კუბეს საძინებელში ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა შეეტანა და ლეიბქვეშ ამოედო. მაზანიკმა ესეც მოახერხა და, შედეგად, კუბე ნაფლეთებად იქცა. შემდეგში მაზანიკი პარტიზანულ რაზმში გააერთიანეს, იქიდან კი მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც დააჯილდოეს. კუბეს სიკვდილით გაღიზიანებულმა ნაცისტებმა მინსკში სისხლის ტბა დააყენეს.
ომის დამთავრებას მოჰყვა კრიმინალური აფეთქება და გამონაკლისი არც სტალინური საბჭოთა კავშირი გახლდათ. ამ პერიოდისთვის კრიმინალურ სამყაროში ისეთი კრიმინალებიც გაჩნდნენ, რომლებმაც აღარ ისურვეს დადგენილი წესებით თამაში. ასეთებს „ბეზპრედელშჩიკებს” ეძახდნენ, ვინაიდან, ისინი არც ხელისუფლებას ცნობდნენ და არც კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს.
ბერია-სტალინის თათბირის შემდეგ გადაწყდა: „ვინც ეგრეთ წოდებული ბეზპრედელშჩიკია, უნდა მოკვდეს!“
ამ პერიოდის კრიმინალური სიტუაციის საუკეთესო მაჩვენებელია ბანდა „შავი კატა”. ეს ბანდა ძმებმა ვაინერებმა აღწერეს თავიანთ ნაწარმოებში „გულმოწყალების ერა”, ხოლო რეჟისორმა გოლოვუხინმა გადაიღო შესანიშნავი ფილმი „შეხვედრის ადგილი უცვლელია”. ასე რომ, ფილმში აღწერილი ბანდა ნამდვილად არსებობდა და ყოფილი ფრონტელებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეებისგან იყო დაკომპლექტებული. ერთ-ერთი პერსონაჟის, ბანდიტი ფოქსის რეალური პროტოტიპი საბჭოთა არმიის ოფიცერი იყო, რომელიც ტყვედ ჩავარდა, თუმცა, გაქცევა მოახერხა და საბჭოთა პარტიზანებს შეუერთდა. ომის დამთავრების შემდეგ ის დააპატიმრეს და დაკითხვაზე ხშირად უმეორებდნენ: ხომ არ იყო თქვენი გაქცევა გესტაპოს მიერ ინსცენირებულიო. ბოლოს მას ბანაკში უკრეს თავი, საიდანაც რამდენიმე ბანდიტთან ერთად მოახერხა გაქცევა და შექმნა ბანდა. ისინი ძარცვავდნენ მდიდრებს, მაღაზიებს, ბინებს; ვინც წინ გადაეღობებოდათ, მკაცრად უსწორდებოდნენ, წამოსვლისას კი, დანაშაულის ადგილას, შავ კატას ხატავდნენ. მთავრობას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა ამ ბანდის გასანადგურებლად, თუმცა, საბოლოოდ მაინც მოახერხეს. ასეთივე ბედი გაიზიარეს სხვა ბანდებმაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий