пятница, 4 марта 2016 г.

"მე და საზოგადოება", ანუ როგორ გვართმევენ ქართველობას



თამარ კარელიძე

01 მარტი 2016

ამას წინათ ტაქსის მძღოლთან ჩემს პირველ დისკუსიას შევყევი. თემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკა იყო. თავიდანვე დაინტერესდა რუსეთის მომხრე ვიყავი თუ გარყვნილი ევროპის, თავად კი ნიშნის მოგებით მითხრა, რომ რუსეთი ურჩევნია, რადგან მის “პაკალენიაში” ასე იყო, ევროპა კი ყოველგვარი სიბინძურის შემომტანია და რომ გეი ქორწინებების დაკანონება იმ ხელშეკრულებაშიც გვიწერია, ამას წინათ რომ გავაფორმეთ. ვკითხე, ასოცირების ხელშეკრულების, კონკრეტულად, რომელ თავში ამოიკითხეთ და ზუსტად რა წერია-მეთქი. მიპასუხა, რომ თავად არ უნახავს, თუმცა უთხრეს.


არ წამიკითხავს მაგრამ ვგმობ -  ეს ქართული საზოგადოებისათვის ყველაზე კომფორტული მიდგომაა. ჩვენ არ ვიცოდით რა ეწერა, მაგრამ დავგმეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ახლა კი იმავე პრინციპით ვგმობთ საგან “მე და საზოგადოებას” და გვჯერა ადამიანების, რომლებიც ყალბ იმიჯს ამოფარებულები, არარსებულ “ქართველობას” იცავენ და გვეუბნებიან რომ ბავშვებს სკოლაში "ჰომოსექსუალიზმი" უნდა ასწავლონ. 
"ჰომოსექსულიზმი", “ელგებედეები” და გარყვნილების ტირაჟირება ის თემებია, რომლებითაც ზოგიერთი აქტიურად მანიპულირებს და, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქულების დაწერას ცდილობს, ზოგი მწყაზარი, სულიერებით გაჯერებული ხმით აცხადებს, რომ უცხოური არასამთავრობოების მიერ ხდება სკოლებში გარყვნილების შეტანა, რომ ბავშვის აღზრდა ოჯახის საქმეა და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, რომ საქართველო ფაშიზმისა და კომუნიზმის მსგავსად, ლიბერალიზმსაც დაამარცხებს და არ ჩამოიშლება... საგნის სწავლებას ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის მოტივით ისეთი ადამიანებიც ეწინააღმდეგებიან, საქართველოს სახალხო დამცველობის ამბიცია რომ ჰქონდათ, თანაც ორჯერ.  ასევე ავტორიტეტული ფსიქოლოგები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბისექსუალობა “ფსოქოგენური ანომალიაა.” 
მათ გენდერი "ჰომოსექსუალიზმის" სინონიმი ჰგონიათ, ტოლერანტობა - გეი ქორწინებების დანერგვა, შემწყნარებლობა - უცხოური დონორების შემოგდებული, დღედაღამ რომ იმას ფიქრობენ, როგორ წაგვართვან ტრადიციები. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ სკოლა ბავშვის აღზრდაში არ უნდა ერეოდეს და არც იციან, რომ ბავშვი პიროვნულად სწორედ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ვითარდება, აქ გადის სოციალიზაციას, სწავლობს კარგის და ცუდის გარჩევას, სკოლას დიდი როლი აქვს ადამიანების თვითგამორკვევასა და აღზრდის პროცესში, აქ ვიგებთ, რას ადევს ტაბუ და რაზე საუბარი არ არის სირცხვილი, თუმცა როგორ ვილაპარაკოთ საგანმანათლებლო დაწესებულების აღმზრდელობით ფუნქციებზე, როდესაც სკოლაში დღემდე ისეთი მასწავლებლები გვყავს, რომლებიც ბიოლოგიის წიგნებში ადამიანების გამრავლების თავებს არ ხსნიან და ტოვებენ.
ჩვენს ქვეყანაში ჰომოსექსუალობის შიში ზოგიერთს ისე აქვს გამჯდარი, რომ ბათუმის ბულვარში დამდგარ ერთ-ერთ ძეგლს „მამათმავლობის პროპაგანდად“ მიიჩნევს და მისი აღების მოთხოვნით, აქციებსაც მართავს. თუმცა, მანამ, სანამ ჩვენ 17 მაისს „გეიების“ დასახოცად თბილისის ცენტრალურ ქუჩაში ვიკრიბებით, ავტორიტეტებზე ხმის ამოღების გვეშინია, პირადობის მოწმობებში „მხეცის ნიშანს“ ვეძებთ და არარსებულ მტერთან ბრძოლაში ნამდვილი გვერდით გვრჩება, მსოფლიო ვითარდება: მეცნიერები 3D პრინტერში ადამიანების დონორ ორგანოებს ქმნიან, ფუნდამენტურ მეცნიერებებში მნიშვნელოვანი აღმოჩენები კეთდება, დასტურდება გრავიტაციული ველების არსებობა და სამყარო ახალი რეალობის წინაშე დგას. 
ასეთ დროს კი ჩვენ ვსხედვართ პარლამენტში და სრული სერიოზულობით ვიხილავთ, უნდა ვასწავლიდეთ თუ არა სკოლაში „მე და საზოგადოებას“ და ვცდილობთ, თავადიშვილებსა თუ ერის ზნეობრიობის გულშემატკივარ რაინდებს დავუმტკიცოთ, რომ სამოქალაქო განათლება ჰომოსექსუალობის პროპაგანდა არ არის.





"მე და საზოგადოება", ანუ როგორ გვართმევენ ქართველობას




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий