вторник, 5 января 2016 г.

ღია წერილი




ღია წერილი სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს და მის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II (შიოლაშვილი)


2015 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა სინოდის მორიგი სხდომა. 23 დეკემბერს კი რამოდენიმე ტელევიზიის საშუალებით სრულიად მსოფლიოს ქართულენოვან მოსახლეობას ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), კერძოდ კი, თითქოსდა მე ამეკრძალა მღვდელმსახურება. ამის შესახებ მეც შემთხვევით ტელევიზიით გავიგე. ვინაიდან მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მიერ გახმოვანებული განცხადება მტკნარი სიცრუეა, გადავწყვიტე მყისიერად ტელეფონით დავკავშირებოდი თვითონ მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) და სინოდის სხვა წევრებსაც. სამწუხაროდ, არავინ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ზოგს კი ტელეფონი საერთოდაც გათიშული ჰქონდა. მოვახერხე დავკავშირებოდი სინოდის ორ წევრს, კერძოდ მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) და მიტროპოლიტ ვახტანგს (ახვლედიანი), რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ სინოდის სხდომას და რომლებმაც გამიხმოვანეს სიმართლე, რომ სქემიღუმენ ილიაზე (ვაშაკიძე) ანუ ჩემზე სინოდის სხდომაზე არათუ კენჭისყრა, არამედ საუბარიც კი არ ყოფილა. წმინდა სინოდის აღნიშნულ წევრებთან სატელეფონო ზარები სრულიად კანონიერად დაფიქსირებული მაქვს და არსებობენ მოწმეები ამ საუბრებისა, რაც საჭიროების შემთხვევაში წმინდა სინოდის წინაშე შემიძლია წარვადგინო.
დავიწყებ იმით, რომ როგორც წმიდა მამები გვასწავლიან ,,ყოველი სიცრუე ეშმაკისგანაა", რასაც გვიდასტურებს ათი მცნებიდან ერთ-ერთი მცნებათაგანი, კერძოდ კი მეცხრე მცნება: ,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა". ასევე მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) წინააღმდეგობაში მოდის იოანეს პირველ ეპისტოლესთან, კერძოდ, თავი 2, მუხლი 21: ,,იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის". აქვე მინდა მოვიშველიო შოთა რუსთაველის აფორიზმიც: ,,რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა". ასე და ამგვარად, ზემოთ მოყვანილი წმინდანთა წმინდა არგუმენტებიდნ გამომდინარე მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მე დაბარებული ვიყავი სინოდის სხდომაზე და არ გამოვცხადდი. მან ან უნდა დაამტკიცოს, რომ მე ნამდვილად დაბარებული გახლდით სინოდის სხდომაზე, საეკლესიო სამართლებრივად დოკუმენტალურად ანუ მე ხელთ უნდა მქონდეს სინოდის სხდომაზე დაბარების შესახებ წერილი და ამ წერილის მიღება-ჩაბარების აქტი ჩემივე ხელმოწერით (ამ მიღება-ჩაბარების აქტის ერთი პირი უნდა იმყოფებოდეს ჩემთან, ერთი კი საპატრიარქოში), ან უნდა აღიაროს თავისი სიცრუე და ის პიროვნებებიც დაასახელოს, ვისი ზეწოლით მოახდინა მან ასეთი არაეპისკოპოსური სიცრუის ტირაჟირება. უკვე თავშივე სინოდის განჩინება ბათილია, რამეთუ სიცრუისაგან ჭეშმარიტება არ იშვება.
ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე: ჩემს მიმართ განხორციელდა ყოველგვარი სამართლებრივი, პროცესუალური ნორმების უხეში და ავაზაკური დარღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უჩემოდ გამოტანილი იქნა სიცრუეზე აგებული ცრუ განჩინება, ანუ მე არ მომეცა თავდაცვისა და მინიმუმ ორჯერ მაინც გასაჩივრების საშუალება, რამაც სინოდის განჩინება სტალინისა და ბერიას ,,ტროიკას" და ლინჩის სასამართლოს უფრო დაამსგავსა, ვირე სინოდის სხდომის განჩინებას. ღრმად დაფიქრდით ხალხო, აი ვინ უტეხავს ეკლესიას სახელს. ამ ფსევდო-გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მე ცილს ვწამებ მაღალ იერარქებს ანუ მაღალი იერარქების შესახებ ჩემი განცხადებები მცდარია და მე შეგნებულად ვავრცელებ ამ სიცრუეს. ეს იმის ფონზე, როდესაც სამების ამბიონიდან ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ერესს ქადაგებს და არც მის უწმინდესობას და არც წმინდა სინოდს ამის შესახებ კრინტი არ დაუძრავს, არც მეუფე სპირიდონი არ აპირებს ამ ერესის გმობას, მორწმუნე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და განაგრძობს არხეინ ცხოვრებას, რაც ისტორიულად ერესიარქებს ახასიათებდათ.
ჩემს მიმართ პროცესუალური დარღვევბის მიზეზი კი ისა, რომ არ გაგვაჩნია საეკლესიო სასამართლო, არ გვყავს საეკლესიო ობერ-პროკურორი, პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები და 1995 წლის სინოდისვე განჩინებით სინოდმა შეითავსა სასამართლოს ფუნქციები, რაც საეკლესიო-სამართლებრივად უხეში დარღვევაა. ამას იურიდიულ ენაზე კვაზი-სასამართლო ეწოდება. კვაზი სასამართლოს განჩინების აღსრულების ვალდებულება არ ეკისრება არავის.
მე მოვითხოვ პატრიარქისგან გაარკვიოს სიმართლე იმდენად, რამდენადაც მას კიდევ ჰქვია საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის სახელი.
მოვითხოვ მიტროპოლიტ ანდრიასაგან (გვაზავა) იმ ავაზაკთა საჯაროდ პერსონალურად დასახელებასა და გამოვლინებას, ვისი წნეხის ქვეშაც მან გააკეთა ეს სრულიად უტიფარი და ცრუ განცხადება საზოგადოების წინაშე.
ვაღიარებ, რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ამ მოცემულ საკითხში აბსოლუტურად მართალი ვარ და პასუხს მოვითხოვ იმათგან, ვისაც მოეთხოვება საეკლესიო-სამართლებრივად. ვარ და ვიქნები მოქმედი მღვდელმსახური სქემიღუმენის ხარისხში. მე მიცავს სჯულის კანონი და ძეხორციელს არ ძალუძს, დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ჩემს ხარისხსა და ბერობას თავისი ბინძური ხელებით შეეხოს.
კი არ ვითხოვ, მოვითხოვ პასუხს მათგან, ვისგანაც საეკლესიო-სამართლებრივად ეგების პასუხის მოთხოვნა. ეს ცრუ განჩინება ისედაც ბათილია და პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ჩემი სიმართლე უფრო მეტად და მეტად განმტკიცდება და გამყარდება. ღმერთია სიმართლისა და ჩემს გვერდით. ასევე ჩემს გვერდითაა საღად მოაზროვნე მთელი მსოფლიოს საზოგადოების სიმართლისათვის მებრძოლი არმია, რომელმაც ამ ბილწი და უტიფარი განჩინების შესახებ იცის.
ვიდრე ჩემს ამ ღია წერილს სათანადოდ არგუმენტირებული პასუხი არ გაეცემა და მხილებული არ იქნებიან ავაზაკები, რომლებმაც სინოდს მიღმა ბლოკი შეკრეს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ:
1. საპატრიარქოში არსებული კლანი თავზე გადაახტა წმინდა სინოდს, საპატრიარქო ტახტს, დიდი სჯულის კანონს და ფეხქვეშ გათელა წმიდა წერილი, გააყალბა რა სინოდის გადაწყვეტილება. ამის შესახებ, წმინდა სინოდის წევრებმაც გაიგეს ჩემი ინტერვიუდან, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა, მაგრამ საჯაროდ არავინ ხმა არ ამოიღო. პერსპექტივაში, ეს იმის საგანგაშო საფრთხეს ქმნის, რომ სინოდის გადაწყვეტილებად გამოცხადებული ნებისმიერი განჩინება შეიძლება, ეჭვის საგანი გახდეს. ანუ მომავალში ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, გაცხადებული გადაწყვეტილება, ნამდვილად სინოდის გადაწყვეტილებაა თუ ვინმეს გაყალბებულია.
2. მთელი ამ ამბების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საეკლესიო მმართველობის სათავეში მყოფი პირებისთვის სრულიად უმნიშვნელოა საეკლესიო საქმეები, რის გამოც, ეკლესიაში სრული განუკითხაობა სუფევს. მაგალითად ისიც საკმარისია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური საიტი რეალურად უკვე მინიმუმ სამი თვეა გათიშულია, რაშიც შეგიძლიათ თავადვე დარწმუნდეთ. თვითონვე განსაჯეთ: ვინ უნდა დაიცვას იმ ადამიანების ინტერესები, რომელთაც ჩემს მსგავსად ავაზაკურად თავს დაესხნენ? ამ შეკითხვაზე პასუხის არარსებობა იმის შედეგია, რომ საეკლესიო მმართველობის სათავეში, უმეტესად, შემთხვევითი (ანუ უპრინციპო და უღირსი) ადამიანები არიან.
ვინ აგებს პასუხს ამ მდგომარეობის შექმნისთვის?
მივმართავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ეს პრობლემა და სიცრუის ტალახის გუნდებით მოსვრა ვისაც არ შეგეხოთ, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან მალე შეგეხებათ სინოდის მხრიდან.
წმინდა იოანე დამასკელი: “ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ, ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაასაღონ უფრო მომგებიანად თავიანთი ხორბალი, ზეთი, როგორ დააყენონ უკეთ ღვინო, სარფიანად გაყიდონ მატყლი და აბრეშუმი, აზუსტებენ მხოლოდ ძვირფასეულობის ფასსა და მონეტების წონას; მონდომებით ზრუნავენ იმაზე, რომ მათი ყოველდღიური სუფრა იყოს გემრიელი და ნოყიერი, ფუფუნებით სავსე, სურნელოვანი ღვინითა და საკვირველი ზომის თევზებით. ხოლო რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავადაც არ ფიქრობენ თავიანთი სამწყსოს სულებზე. ისინი, სახარებისეული შედარებით, მართლაცდა მგლებად იქცნენ. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმემ მათი სამწყსოდან ჩაიდინა თუნდაც მცირედი შეცდომა მეყსეულად განურისხდებიან და ყველანაირ ეპიტემიებს დაატეხენ თავს”. ამოიღეთ ხმა სიცრუის ტირაჟირების და მომავალში უსამართლობის პრევენციისათვის. განა თავად სინოდის წევრები არ გიქადაგებენ ამბიონიდან სამართლიანობის აღდგენის შესახებ?!
ასე რომ ყოვლადპატივცემულო სინოდის წევრებო, მე და საღად მოაზროვნე მთელი მსოფლიოს საზოგადოების სიმართლისათვის მებრძოლი არმია, რომელმაც ამ ბილწი და უტიფარი ფსევდო-განჩინების შესახებ იცის, გაძლევთ ერთი კვირის ვადას გასცეთ პასუხი ჩემს ღია წერილს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ჭეშმარიტებაზე დუმილი გამყიდველობაა და დუმილითა და ამბორით გაიცემა და გაიყიდება ქრისტე.
სქემიღუმენი ილია (ვაშაკიძე)
P.S.: ჟურნალისტებს პატივისცემით მივმართავ, ინტერვიუებისათვის ჩემთან ზარებით თავს ნუ შეიწუხებენ. ნებისმიერ მედია საშუალებას უფლებას ვაძლევ და ვუდასტურებ ჩემს თანხმობას გამოაქვეყნოს ღია წერილის ტექსტი უცვლელი სახით. ასევე მზად ვარ ნებისმიერ ტელევიზიაში ამ საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუებისათვის.
გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში.


წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий