მოკლე შუბლის, მოკლე მეხსიერების, ამბიციური, გათახსირებული ქართველის დედაც ვატირე. იმ ქართველის, რომელსაც ანწუხელიძე მხოლოდ 8 აგვისტოს „სჭირდება“ საკუთარი „პატრიოტიზმის“ დემონსტრირებისთვის, მერკანტელიზმის, მოღალატე სულის, უვიცობის, კრეტინობისა და თავსი უგვანობის დასამალად. თქვენ რომ მონები ხართ, ისეთი უნდა. თქვენ ოცდაათ კი არა - სამ ვერცხლად გაყიდდით მაცხოვარს, რომელიც ასევე თქვენი, ვითომ იდენტობის დემონსტრირებისთვის გჭირდებათ. დოსტოევსკისა და პუშკინის რუსეთი კი არ გიყვართ თქვენ, პუტინის რუსეთს ეტრფით, რომელმაც ათასჯერ გიტირათ ცოცხალ-მკვდარი, რომელმაც საფლავები გაგიდიდ-გაგიგანიერათ. თქვენ რუსეთს ეტრფით, ერთმორწმუნეს ეძახით და ისიც კი არ იცით (იმიტომ რომ უვიცები ხართ), ან იცით და საკუთარ თავსაც უმალავთ, რა დამართა „რუსმა“ ქართველ მღვდელმთავრებსა და საქართველოს ეკლესიას. მხოლოდ ის გახსოვთ, ილია პეტერბურგში რომ სწავლობდა, მაგრამ ერთხელ წაგეკითხათ მისი „კატკოვის პასუხად“. იცით როგორ იწყება ეს პუბლიცისტური წერილი? არ გეცოდინებათ და გეტყვით - რუსთაველის სიტყვებით: „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“. რაო? შეკრთით? ჰო, თქვენზეა საუბარი. თქვენზე, რომელთაც ვერც მტერი გაგირჩევიათ და ვერც მოყვარე. თქვენზე - მაბეზღარათა რაზმზე - „...რომელთაც რუსეთის სიყვარული კი არ ამოქმედებს, არამედ მათი საკუთარი დამშეული კუჭი. ეგ იმისთანა მოხელენი არიან, რომელთაც თავისის ბოროტმოქმედებით იმოდენად შეურცხვენიათ თავიანთი თავი, რომ თვით ყოვლადშემწყნარებელს ამგვარებში მთავრობას ვეღარ შეუწყნარებია იმათი სამსახურში ყოფნა და გამოუყრია. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც ჯერ კიდევ თავის ადგილას სხედან და საღერღელი-კი აშლიათ მაღლა აცოცვისათვის, ვერასგზით-კი ვერ აცოცვილან. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც თავისის უხეირობით და უნიჭობით ვერას გამხდარან და უნდათ თავი როგორმე გამოიჩინონ, თვალი ჩვენ უფრო გვიჭრისო და შორს ჩვენ უფრო ვხედავთო“. კი, აუცილებლად იპოვით ამ რაზმში თქვენს თავს. მაგრამ ამას ხომ არ აღიარებთ. ამ წერილში კიდევ ბევრი რამ წერია საგულისხმო, მაგრამ თქვენი ამბავი რომ ვიცი, იტყვით - კატკოვი ვინ მიგდიაო. იმპერატორსა და “იმპერატრიცას” ვუყვარდით ჩვენო. კი, თქვენ ყველაფერს იტყვით და იკადრებთ. იუნკერები ბოლშევიკებმა დახოცეს და რუსეთი რა შუაშიაო. ამბროსი ხელაიზეც მოიფიქრებთ რამეს, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე, არაფერს ვიტყვი მჯღაბნელი ჯავახიშვილის, ტინგიცა ახმეტელის, გადარეული მიქელაძის სვე-ბედსა და მათი დასჯის “გაპრავების” თქვენეულ არგუმენტებზე. ერთმორწმუნე? ჯვრებსაც ატარებათ არა? ვეჭვობ, ლოცულობთ კიდეც! „მაესტროს“ უსინდისო და პროვოკაციულ გამოკითხვაში მონაწილობისას, ემოციურად ისე იყავით აღტკინებული, რომ თურქებს სულ საკუთარი ხელით უჭყლეტდით თავებს, სამაგიეროდ, ძუძუებითა და გონებით ლოცულობდით პუტინის გამარჯვებაზე.
თქვენი პატრიოტიზმი ხორაგით სავსე მაგიდასთან იწყება და ამოვსებული სტომაქის უნიტაზში ამოცარიელებით მთავრდება. თქვენი ლექსი, სადღეგძელო - ყალბი პათეტიკაა და მას სამშობლოსთან არაფერი ესაქმება. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც მთელი ცხოვრება ცდილობთ გელათში ჩახვიდეთ და აღმაშენებელს ფეხი დაადგათ, „გულზე“ - დიდ მეფეს ანდერძი უნდა შეუსრულოთ, აბა რა - პატრიოტიზმის, ტრადიციის პატივისცემის დემონსტრირება გჭირდებათ. მაგრამ თქვენ კი არ ხართ საშიშნი, საშიში ისაა, რომ ძალიან ინდომებთ შვილებიც დაიმსგავსოთ. ინდომებთ, მაგრამ მჯერა და მწამს - არაფერი გამოგივათ. უბრალოდ, რაც უფრო მეტს იყვირებთ, რომ რუსეთი გინდათ, უფრო მეტად მოუწევთ თქვენს შვილებს თავდახრილი სიარული, თქვენი ჩათლახობისა და გარეწრობის გამო.
სიტყვა - სიტყვად, პოზიცია - პოზიციად. საქმით კი, თუ ოდესმე სადმე გადაგეყრებით, სადაც ქართველ გმირებზე დაიწყებთ საუბარს, ორ კითხვას დაგისვამთ: ანწუხელიძე გმირია? რუსეთი მეგობარია თუ მტერი? ჩემთვის და ქვეყნისთვის არასასურველი პასუხის შემთხვევაში, ანუ იმ პასუხის შემთხვევაში, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ანწუხელიძის გმირობას, მინიმუმ შეგაფურთხებთ, მაქსიმუმ გცემთ. დამიჭირონ გმირის შეურაცხმყოფელისა და მისი მწამებლების გამომსარჩლებლის ცემის გამო - მოსულა.
გოჩა მირცხულავა
Комментариев нет:
Отправить комментарий